Posted in Photography, Travelling

პრაღის ციხე-სიმაგრე

თუ კი ფეხზე მყარად დგახართ და ფეხსაცმელიც ხელს გიწყობთ, პრაღის თოვლიან ქუჩებში ხეტიალს არაფერი ჯობია, თუმცა პრაღის ციხე კომპლექსი ზუსტად ის ადგილია, რომელიც ზაფხულის მიწურულს ან შემოდგომის დასაწყისში კიდევ ერთხელ უნდა მოინახულოთ. პირველ რიგში იმიტომ რომ კომპლექსს უფრო უკეთესად დაინახავთ, სიამოვნებას მიიღებთ ულამაზესი პარკებში და სკვერებში სეირნობით და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ამ მთაზე, ციცაბო ადგილას დაგხვდებათ ყურძნით დახუნძლული ვენახი, ღია კაფე, სადაც დააჭაშნიკებთ ღვინოს, გლინტვეინს და სხვა სასმელებს.

თავად კომპლექსი ძველად იმპერატორების, დღეს კი ჩეხეთის პრეზიდენტის რეზიდენციას წარმოადგენს, რომელიც მასშტაბით მსოფლიოში უდიდესი საპრეზიდენტო რეზიდენციაა.გინესის მიხედვით კი მსოფლიოში არსებული უძველესი ციხესიმაგრეებიდან უდიდესია, მოიცავს 70 000 კვ.მ. ფართობს.

კომპლექსის ისტორია IX საუკუნიდან იღებს სათავეს და ნელ-ნელა სხვადასხვა მეფის მმართველობის ჟამს მდიდრდებოდა და ვითარდებოდა სტრუქტურულად და მრავალფეროვანია არქიტექტურული,ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით. კომპლექსი მოიცავს წმ. ვიტუსის ტაძარს, წმ. გიორგის ბაზილიკას,მონასტერს, რამდენიმე სასახლეს, მუზეუმებს და ა.შ. კომპლექსის უდიდესი ნაწილი რასაკვირველია ღიაა ტურისტებისთვის.

კათედრალის ნაწილი
Continue reading “პრაღის ციხე-სიმაგრე”

Posted in Photography, Travelling

Staroměstské náměstí პრაღაში

პრაღაში რომ მოხვდეთ, ამისთვის ჯერ თბილისში ჩეხეთის საელჩოს უნდა მიაკითხოთ შენგენის ვიზის მისაღებად; მოკლევადიანი ტურისტული ვიზიტისთვის დაგჭირდებათ

1) პასპორტი

2) ცნობა სამსახურიდან

3) ბანკის ცნობა შესაბამისი სახსრების არსებობის შესახებ

4)  ბოლო სამი თვის საბანკო ამონაწერი

5) დაზღვევა

6) თვითმფრინავის ბილეთი (ჩეხეთის ავიახაზები), რომელიც ყველაზე ძვირი მთელი მოგზაურობისას – 400 ევრო, ორი გზა.

7) ასევე  დასტურის წერილი (confirmation letter) იმ სასტუმროდან, სადაც აპირებთ გაჩერებას პრაღაში იმის შესახებ რომ XX რიცხვიდან XX რიცხვამდე დაჯავშნულია სასტუმროს ნომერი.  

სასტუმროსთან დაკავშირებით მცირე გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. ვინაიდან მეგობარს უკვე ჰქონდა პრაღაში მოგზაურობის გამოცდილება, ბევრი ფიქრით თავი არ ავიტკიეთ და პირდაპირ ნაცად გზას მივყევით. რაც იმაში გამოიხატებოდა რომ თითქოს ჩეხეთის საელჩო ითხოვს გადახდის დამადასტურებელ ქვითარს და ეს აუცილებლად ტურისტულმა სააგენტომ უნდა მოგცეს. მოვიქეცით ასე. ტურისტულმა სააგენტომ გაგვატანა ადგილობრივი გადახდის ქვითარი, რაც ჩეხეთის საელჩომ უკან არწყია და შესაბამისად მეორედ მოგვიწია რიგში ჩადგომა საელჩოში შესასვლელად ანუ + 1 კვირით გადაიწია პროცედურები.  

სინამდვილეში  კი უფრო მარტივად ყოფილა საქმე და არა ჩეხეთის საელჩოს პრეტენზიულობაში. Continue reading “Staroměstské náměstí პრაღაში”

Posted in კულტურა, Photography, Travelling

ლენონის კედელი პრაღაში

ერთ დროს, ეს კედელიც, როგორც ბევრი სხვა კედელი ერთფეროვანი და სხვებისგან არაფრით გამორჩეული იყო. მსოფლიოში ბევრი მნიშვნელოვანი და უფრო ღრმა ისტორიის მქონე კედელი არსებობს, თუმცა ისტორიის და მნიშვნელობის ნაკლებობას არც პრაღაში, ველკოპრევორსკე ნამესტიზე მდებარე კედელი უჩივის, რომელიც ლენონის კედლის სახელით არის ცნობილი.

თავდაპირველად კედელზე ჯონ ლენონის სახე გაჩნდა, შემდეგ ნაწყვეტები ბითლზის სიმღერებიდან. ამას ის ახალგაზრდები აკეთებდნენ პროტესტის ნიშნად, რომელთაც საბჭოთა კავშირის პერიოდში მსგავსი სიმღერების მოსმენას უკრძალავდნენ. თავისუფალი ახალგაზრდები და რეჟიმის დამცველები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ერთნი ხატავდნენ, მეორენი კედელს ერთ ფერში ღებავდნენ. ახალგაზრდებს ალკოჰოლიკებს, შეშლილებს და დასავლური კაპიტალიზმის აგენტებს უწოდებდნენ. ამ ახალგაზრდულ მოძრაობას ირონიულად “ლენონიზმიც” კი შეარქვეს.

სიტუაცია გამძაფრდა ლენონის მკვლელობის შემდეგ, საყვარელი მომღერალი ახლა უკვე გმირად იქცა მათ თვალში, მიუხედავად იმისა რომ კედლის მოხატვის გამო ციხე ემუქრებოდათ, კედელი უფრო აქტიურად ივსებოდა ფერად-ფერადი გრაფიტით. ღამღამობით მიდიოდნენ და ისევ წერდნენ სტრიქონებს საყვარელი სიმღერებიდან და არც თავისი ოცნებები ავიწყდებოდათ, ოცნებები გრაფიტის მსგავს ფერად თავისუფლებაზე, რომელიც სადღაც სხვა, უხილავი კედლის მიღმა იმალებოდა.

რასაკვირველია, რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ახალგაზრდები გამაღიზიანებელი იყო ბევრისთვის. ჩეხ ახალგაზრდებს არც ერიდებოდათ კედელზე მესიჯების დატოვება რეჟიმის დამცველებისთვის, რამაც მოგვიანებით, 1988 წელს კარლის ხიდის სიახლოვეს შეტაკება გამოიწვია პოლიციასა და ჩეხ ახალგაზრდებს შორის. Continue reading “ლენონის კედელი პრაღაში”

Posted in წერილები ქუცნას, Travelling

20 წერილი ქუცნას – სიჩუმის ფილოსოფია

თვითმფრინავმა თეთრი ღრუბლებიდან მცირე ბიძგებით ჩამოაჭრა და ვაცლავ ჰაველის სახელობის დათოვლილ აეროპორტში მსუბუქად შესრიალდა. დილის შვიდი საათია. ყველაზე ჩუმი სიჩუმეც კი ჩუმად არის. ყველაზე ხმაურიანი არსებები – ადამიანები თვალგახელილ ძილისპირულში ტოვებენ თვითმფრინავს და მოჩვენებებივით ქრებიან სხვადასხვა მიმართულებით.

ხმაურობს ჩემი ჩემოდანი, მაგრამ მაინც არ ცვლის ეს მდუმარების საერთო დინამიკას. ვსხდებით თითქმის ცარიელ, ვაგზლისკენ მიმავალ ავტობუსში და რაც უფრო ვიჭრებით პრაღის სიღრმეში, მით უფრო ვცილდებით ტყეებს, უკაცრიელ სივრცეებს და შევდივართ სიჩუმის ფილოსოფიაში, რომელიც ისეთი ორგანულია რომ ვერ აღვიქვამ.

მდუმარედ დგას გიდი, რომელიც დაუსრულებლად ელის გზააბნეულ ტურისტებს, რომლებიც ისე აცეცებენ თვალებს, როგორც ის სმენადაქვეითებული ბავშვი, რომელსაც პირველად სასმენი აპარატის მეშვეობით მოასმენინეს გარესამყაროს ხმაური.

ჩუმია ხალხიც სავსე მეტროც.

ისევ სინათლეზე გამოვდივართ და ვეძებთ სასტუმროს რუკაზე, უხმოდ გვჭირდება დახმარება, რასაც იქვე გამვლელი ჩეხი კარგად ხვდება, რომელმაც მიგვრეკა სასტუმრომდე, რომელსაც კარგა გვარიანად დავშორდით.

სასტუმროს სიჩუმემ ყველა მოლოდინს გადააჭარბა, კიბეზე ფეხიც არ მინდოდა დამებიჯებინა, რომ რამე სიწყნარე არ დაერღვია. ძველი, პატარა ხავერდის სასტუმრო იყო.

ჰაერზე გასვლა გადავწყვიტეთ, ის-ის იყო კარის სახელურს ხელი ჩავჭიდე, რომ ეს გამეფებული სიჩუმე ისე ჩამომემსხვრა თავზე, თითქოს მდუღარე ქვა ესროლეს გაპრიალებულ შუშას.

„შე ნაძირალააა, მითხარი რა დაგაკელიი რაა . . .“ – მომესმა ქალის კივილი. მივიხედე და პატარა სცენა გათამაშდა თვალწინ, თეატრალიზებული, იქვე პატარა რესტორანში.

მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ გავაცნობიერე რომ მე ჩეხური არ მესმის და ეს მდუღარე ქვა ჩემი მშობლიური ენა იყო.

მე პრაღაში ვარ ქუც, გუშინ ჩამოვედი.