Posted in აქეთური იქეთური

პიანინოზე დადიოდით?

მე დავდიოდი პიანინოზე, რასაკვირველია არა ბუკვალურად, უბრალოდ მაშინ ასე ამბობდნენ.

რატომ დავდიოდი არ ვიცი, უბრალოდ მთელი რიგი მშობლების ატაცება/გატაცება იყო ასეთი, რომლებსაც შვილები პიანინოზე დაყავდათ.

ადრეული 90–იანი წლები იყო და მეც დავიწყე პიანინოზე სიარული. ყველას ჰყავდა მეზობლად მუსიკის მასწავლებელი, ლეილა, ნუნუ, მადონა, ლამზირა, ჩვენს მეზობლად მუსიკის მასწავლებელი ნელი ცხოვრობდა და მიუხედავად გაჭირვების წლებისა, მთელი უბანი ნელისთან დადიოდა. ყველას უჭირდა, მაგრამ ნელის არ უჭირდა. უბანში სამი შეძლებული ადამიანი იყო, ნელი – ის ვინც მუსიკას ასწავლიდა, მანანა ის ვინც დიდ ტორტებს აცხობდა და კიდევ ერთი (სახელი არ მახსოვს) ვინც ოთახებს აქირავებდა.

პიანინო ვერ ვისწავლე, 4 წელი ვიჩანჩალე, ყოველ წასვლაზე ცრემლ–ხავილნარევი ვოკალის თანხლებით, შეწუხდნენ მშობლები, შეწუხდა ბაბო “ბალღს ნუ აწვალებთო”. აქვე მუსიკის მასწავლებელმა ნელიმ ოტორინოლარინგოლოგობაც იტვირთა და დასვა დიაგნოზი: “სმენა არ აქვს”. – და მოხდა დიდი ტრაგედია – შვიდწლედი ვერ დავამთავრე!

გაუსაძლისი იყო პიანინოზე სიარული, ან რა გასაძლები იქნებოდა ყოველ გაკვეთილზე “დგაფაააან” – სახაზავი ხელებში. ვერ ვიტანდი ბახს, შორიდანვე ვცნობდი, სხვებთან შედარებით მისი ნოტები უფრო მუქი იყო, უფრო მუქი კი ნიშნავს უფრო რთულს და მძიმეს. როგორც კი ნელი მასწავლებელი გვერდით ოთახში გავიდოდა, გავლაღდებოდი და მივუშვებდი ხოლმე თითებს თავის ნებაზე, თუმცა მყისიერად მესმოდა ნელის გამკივანი ხმა “თავიდაააან”. ანუ შემეშალა და თავიდან უნდა დამეწყო.  მაშინ ვერა და წლების მერე მივხვდი, როგორ ხვდებოდა მეორე ოთახში გასული მუსიკის მასწავლებელი ჩემს შეცდომას. პასუხი შემაშფოთებლად მარტივი აღმოჩნდა: მას სმენა ჰქონდა და მე არა.

კლასიკა არ მაინტერესებდა, სახლში მისული მეზობელს ვთხოვდი ჭრელო პეპელა გაფრინდინელას დაკვრა ესწავლებინა; არ მქონდა ისეთი ასაკი რომ კლასიკაზე გამეფრინა ან მეგრძნო მთელი თავისი არსით, როგორც ვიგრძენი მოგვიანებით და მომინდა კიდეც სწავლა, მაგრამ უკვე QWERTY–ზე მორგებული თითების დამორჩილება გვიანი აღმოჩნდა.

შვიდწლედი რომ ვერ დავამთავრე ეს დიდი სირცხვილი იყო მაშინ, თუმცა, მართალია სმენა ყურებში არ აღმომაჩნდა, ის წარმატებით განვითარებულიყო ფეხებში, რამაც 7 წელზე მეტი წარმატებით მაცეკვა ქართული ცეკვები.

ამოცანა თუ გამოცანა, რომელიც 90–იან წლებში პიანინოზე სიარულს უკავშირდება მაინც ვერ ამოვხსენი, რა იყო ეს? საშუალება რომ როგორმე ცარიელი სივრცე შეევსოთ? ბავშვისთვის არაფერი მოეკლოთ? როგორმე უფერული ცხოვრება გაეფერადებინათ? თუ, თუ რა? არადა რა სირცხვილი ვჭამე შვიდწლედი ვერ დავამთავრე.

და როგორ ფიქრობთ, ვინც დაამთავრა შვიდწლედი, დიპლომიც აქვს და ერთი ნოტის აღებაც არ შეუძლიათ, სახე მოიხიეს კლასიკით? არა, მათ უბრალოდ მეტი ნებისყოფა აღმოაჩნდათ ალბათ და მეტი წნეხი მშობლებისგან. ეს არის და ეს.

უკაცრავად და, თქვენ დადიოდით პიანინოზე?   🙂