ჩვენ ეს არ დაგვემართება

გასაოცარი თავდაჯერების ხალხი ვართ, ქუჩაზე შეიძლება ისე გადავიდეთ, არც კი გავიხედოთ იმ მიმართულებით, საიდანაც მანქანა მოდის. გავიკეთოთ ყურსასმენები, თავი ჩავრგოთ ტელეფონში და უცაბედად გამოგვრჩეს თავახდილი ჭა ფეხქვეშ ან მანქანა, რომელიც სიგნალით ჩვენსკენ მოემართება, რომელსაც ვინ იცის, ვინ მართავს, იქნებ რამდენიმე ღამის უძინარი სასწრაფოს მძღოლია, იქნებ ისაა, ვისაც ეს-ესაა გააგებინეს, რომ მის კორპუსში გაზი აფეთქდა?

სასწაულად გვჯერა ჩვენი ოთხი კედლის, როგორც კი ამ ოთხ კედელში შევდივართ, გვგონია არაფერი შეგვეხება, თუნდაც სამყარო ჩამოიქცეს გარშემო. გაზის სუნია, რა მოხდა, იცის ხოლმე. წყლის მილი გასკდა? მე რატომ დავრეკო, ვისაც გაუსკდა იმან დარეკოს. ლიფტი გაფუჭდა? სულ არ მეხება ლიფტი, პირველზე ვცხოვრობ. სხვენიდან წყალი ჩამოდის? არც ეგ მეხება, პირველზე ვცხოვრობ. არც სადარბაზოს სისუფთავე მეხება, ჩემს კიბის უჯრედს ვასუფთავებ, ეს არის და ეს. კორპუსის ასაშენებლად კლდე მოანგრიეს? მდინარის კალაპოტი ჩააბეტონეს? ტყე გაკაფეს? ეგ თუ ჩემს ოთხ კედელში არ ხდება, მე არ მეხება, ჩემთან ყველაფერი კარგად არის. იდეალურად.

ყოველგვარ ზოგად პასუხისმგებლობას გადაჩვეულები ვართ. შენ რაც გემართება, ის მე არ დამემართება, მე სხვანაირად ვარ დაცული ჩემს ოთხ კედელში.  დიახ!

ისეთი თავდაჯერების ხალხი ვართ, ხანდახან მგონია ისლანდიაში ხომ არ ვცხოვრობთ ან სადმე მსგავს ნორმალურ, უსაფრთხო ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო ზრუნავს, სადაც სამშენებლო და სხვა შესაბამისი კომპანიები იცავენ წესებს და სტანდარტებს და სადაც ადამიანები სიკვდილის რიგში უფრო ვდგავართ და არა პასუხისმგებლობების.