ტრაკიდან ნინომდე

მე აღარ მახსოვს ის გოგო, მოქალაქეს შუა თითი რომ უჩვენა, არასწორი პარკირების გამო. თქვენ გახსოვთ? თუმცა კარგად მახსოვს, მაგარი ამბავი ატყდა, გამოჩნდნენ მორალისტები, დამცველები, ყველაფერი გამოიფინა მის შესახებ თმის ღერიდან თითის ფრჩხილამდე, ფოტოები, სტატუსები, სამუშაო ადგილი, მანქანა, არანაირი ბიზნესი, ყველაფერი პირადული. წიხლქვეშ გავიგდეთ.

პრიორიტეტების დალაგება ყოველთვის გვიჭირდა, გრძელვადიან გეგმებზე ფიქრიც ასევე, არა მარტო ქვეყნის, არამედ სახელმწიფოს შემადგენელი ერთი უჯრედის – ოჯახის დონეზე პირველ რიგში. ბოლო წლებია ამ ნაწილში ყველაზე მეტად გვიჭირს, გვიჭირს, ზოგი ვხვდებით რომ გვიჭირს, ზოგი ვერ ვხვდებით, მაგრამ არცერთი და არც მეორე თითს არ ვატოკებთ რაიმეს შესაცვლელად.

ვეღარ ვხვდები უკვე რა შემთხვევაში გამოვა უფრო მეტი ხალხი ქუჩაში, დენის ტარიფის გაზრდის შემთხვევაში თუ სტალინის ძეგლის წამოსაჭიმად, ძეგლი რომელიც ხავსია იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც ის კაცი, მილიონობით ადამიანის სულიერად თუ ფიზიკურად გამანადგურებელი, კვლავ ტკბილ დროსთან ასოცირდება, ტკბილ და დალხენილ ქვეყანასთან, რომელიც პირდაპირი გაგებით სისხლზე იყო აგებული. სანატორიუმები, ათიდან ხუთამდე სამსახური, მივლინებები, უფასოდ მიღებული ბინა, მანქანა, ძნელია ვერ გაამტყუნებ, ათეული წლების განმავლობაში, რამდენიმე თაობა სრულიად სასათბურე პირობებში დაიბადა, გაიზარდა და ცხოვრობდა. მგონი გენეტიკურად ზარმაცებად ჩამოვყალიბდით, ადამიანებად, რომლებიც დენის ტარიფის, ტრანსპორტის ტარიფის გაზრდის შემთხვევაში ქუჩაში არ გამოვლენ და რომელიმე სახელმწიფო უწყების ფანჯრებს არ დალეწავენ, არ გააკეთებენ მოლოტოვის კოქტეილებს, არც მონათმფლობელურ სამსახურს გააპროტესტებენ, არც კვაზი საგანმანათლებლო სისტემას, მოუწესრიგებელ სამედიცინო სფეროს, არასოდეს და არაფერს.

არც ლარის კურსმა შეგვაწუხა დიდად, თუმცა დიდი ამბავი მოყვა ალის და ნინოს ძეგლის გადაადგილებას, ალბათ იმაზე დიდი ამბავი, ვიდრე ამ ძეგლის დადგმას მოჰყვა, საოცრად აპროტესტებდნენ მახსოვს. სამომავლოდ, ალბათ ჯობია, ყველა ის ძეგლი, რომელსაც დავდგამთ, ბორბლები წინასწარ გავითვალისწინოთ, ყველა ხელისფულებას თავისებური შეხედულებები აქვს ძეგლების ლოკაციასთან დაკავშირებით.

დადუნებულები და ზარმაცები ვართ. აუცილებლად ლიდერი უნდა გვყავდეს, თმებგაწეწილი და ქოშებიდან ამომხტარი, რომელიც წინ გაგვიძღვება და ყველა ტელევიზიის საინფორმაციო საშუალების ტრენდი ეს ამბავი იქნება. ისე გარეთ არ გამოვდივართ.

მანქანაში ჩაცხრილული ადამიანი და შვილის საფლავზე აფეთქებული მამა, ვერ გახდა საზოგადოების ამძრავი თემა, შეიძლება იმიტომ, რომ თემა მთავარ მედია ბადეში ვერ მოხვდა და ეს არ იყო იმ მომენტის მედია ტრენდი.

რას გვიჩვენებენ და რისი დანახვა გვინდა ჩვენ და რა უნდათ მათ რომ დავინახოთ ჩვენ და როგორ უნდა დავინახოთ ის, რასაც ისინი გვიჩვენებენ? ზუსტად ისე, როგორც მოგვაწოდებენ. ჩვენ ხომ ტვინის განძრევაც გვეზარება, ჩაანალიზება არ გვიყვარს.

გვიჩვენებენ ტრაკს და დუბინკას და ჩვენ გვინდა რომ ეს დუბინკა ტრაკში იყოს და არა ტრაკთან, არამედ პირდაპირ ტრაკში. ასეც ვხედავთ. ასე დავინახეთ მაშინაც, თუმცა ვინმეს მაშინ რომ ეთქვა, ეჰეი, ხალხო, დუბიკა ტრაკში კი არა, ტრაკთან არისო, ეს დუბინკა უმალ არამკითხე მოამბის ტრაკში აღმოჩნდებოდა, ანუ იმ ადამიანის ტრაკში, რომელმაც საერთო ეროვნულ დუღილში, ცივი წყლის ჩასხმა გაბედა.

ეს იყო არტი. არტი, რომელიც #დავინახეთ, არ დავცინეთ, გვერდი არ ავუარეთ და მაშინვე ვაღიარეთ.

ეს არტი, ამ დრომდე ვერ ჩავაანალიზეთ, ასეთია მთის წვერზე წამოჭიმული მაღალი ხელოვნება, #ყველავერგაიგებს.

XXVII წერილი ქუცნას – ჩვენი პეპლები

დილაა. მინდა გითხრა რომ ფანჯარაში მზემ შემოიჭყიტა, მაგრამ მოგატყუებ. მზე ისე ჩახჩახებს, მგონი ღამეც არსად მიდის, მთელი ღამე გვერდით მიწევს მხურვალე და ვნებიანი საყვარელივით.

დილით დაღლილი ვიღვიძებ, მზისგან, ფიქრისგან და ოცნებებისგან. მუცელში გაჩენილ პეპლებს ტრანკვილიზატორით ვაძინებ. ვხვდები რომ მინდა მოგწერო, ბევრი მაქვს მოსაყოლი, ვდგები, პირზე ცივ წყალს ვისხამ  და გწერ. მომენატრე. პეპლებზე მინდა გესაუბრო. მუცელში მკვდარი პეპლების სასაფლაო მაქვს, ყოველ ჯერზე, როცა კი ჩნდებიან ან ვკლავ ან ვაძინებ. პეპლების მეშინია, უფრო სწორად იმის მეშინია, ვინმემ არ დამასწროს და ჩემამდე არ მოკლას, ასე უფრო გული დამწყდება, მეტკინება, ხოდა ამ ტკივილის მეშინია. ვინ თუ არა, შენზე კარგად ვინ იცის რამდენჯერ მოკლეს ჩემი პეპლები, მოულოდნელად, დაუგეგმავად, გაუფრთხილებლად, სპონტანურად . . .  პეპლების დატირებაც გეხსომება.

მონადირეები შებოჭილი, ჩამოუყალიბებელი და თავდაუჯერებელი ადამიანები არიან, თავისუფალი, მონავარდე და საკუთარ ძალებში დარწმუნებული სული, ისეთი იშვიათი მოვლენაა, მისი არსებობა უკვე მითი მგონია. სადღაც გულის სიღრმეში დარწმუნებული ვარ რომ მე და შენ ვართ ასეთები, მე ზედმეტად რეალური ვარ, შენ ზედმეტად არარეალური, იმდენად, რომ მგონია წერილებიც არ მოდის შენამდე და ჩემს მონავარდე რეალობაში რჩება.

როცა მგონია რომ დაბრუნდი, როცა მგონია რომ რეალური ხდები და როცა მგონია როგორც იქნა ჩემს გვერდით ხარ, კიდევ უფრო მეშინია. ისევ რომ გაქრე? საკმარისია ჩვენი რეალური და უარყოფითი ენერგიით დამუხტული სივრცე შენი თავისუფალი სულისთვის? ხომ ხედავ რა უარყოფითია, დილაობით პეპლებს ვკლავ მუცელში.

თუმცა, სადაც მზე ეტევა ჩემს ოთახში, ერთად ვიძინებთ, ერთმანეთს ვესიზმრებით და ერთად ვიღვიძებთ, იქნებ შენც მოარჯულო ეს რეალური სამყარო, სადაც მე ვცხოვრობ, მე ხომ ამდენი ხანია შენს ირეალობას ვეგუები. არ გაყვედრი. მენატრები. უკვდავი პეპლები გამომიგზავნე ქუც. :*

ოცნებები გვიან ხდება

დღეს, ერთი მოხუცი ბაბუ ვნახე რუსთაველზე, რომელსაც მიწისქვეშა ამოსასვლელთან, უკვე კარგა ხნის ფერდაკარგული ჟურნალ-გაზეთები, პოსტერები, კედლის ანბანები და რუქები გასაყიდად გამოეტანა. აქა-იქ თვალში მომხვდა რამდენიმე ისეთი ჟურნალი, რომელსაც 90-იან წლებში მეც ვაგროვებდი, ვჭრიდი პლაკატებს და ჩემს ოთახში კედლებზე ვაკრავდი. ბაბუს, მადონას შავ-თეთრი პოსტერიც კი შემოენახა. თუ ორიოდე ტელე ან რადიო გადაცემას არ ჩავთვლით, ჩემთვის, ეს ჟურნალები ერთადერთი წყარო იყო მაშინ, რომ რაღაც დამატებითი გამეგო კინომსახიობების, რეჟისორების და ზოგადად კინოს შესახებ. ჰო, ინტერნეტი მაშინ არ გვქონდა, ხოლო შუქი ზუსტად მაშინ მოდიოდა, როცა მეორე არხზე ტომიჯერი (და არა Tom & Jerry) იწყებოდა.
ჟურნალებიდან ამოჭრილ დიდ პოსტერებს კედელს ვუთმობდი, პატარებს რვეულში ვაკრავდი და აღწერილობას ვურთავდი; ეს რვეულები ახლაც შენახული მაქვს.

90
90-იანი წლები საკმაოდ რთული პერიოდი იყო, მთელი თინეიჯერობა სწორედ ამ გაყინულ, ბნელ პერიოდს დაემთხვა, არა თეატრი, არა კინო, არაფერი მსგავსი არ ხდებოდა, საღამოს ქუჩაში გასვლა საშიში იყო, მხოლოდ ტელევიზორში თუ ვნახავდით რამეს, მაგალითად გადაცემა “ილუზიონში”. ასე მეხუთე კლასში ვიქნებოდი, მამამ პირველად კინოთეატრში რომ წამიყვანა, პირველად ანუ რაც ჩემს მეხსიერებას დაამახსოვრდა როგორც კინოში წასვლა, ეს იყო კინოთეატრი “საქართველო”, დაახლოებით 1990 წელი, და ვნახეთ სერჯო ლეონეს ფილმი “ერთხელ ამერიკაში”, მესამე ნაწილი.

ზუსტად ვერ ვიხსენებ, პირველად როდის გამიჩნდა ფილმის გადაღების სურვილი, მაგრამ მახსოვს რატომ გამიჩნდა, 90-იანებში გარესამყაროსგან სრულიად მოწყვეტას ერთი ბრწყინვალე თვისება ჰქონდა, ადამიანები ერთმანეთს უკეთესად ვხედავდით, ვუსმენდით და ვესაუბრებოდით ერთმანეთს, გარშემო ხდებოდა ბევრი, ხშირად სამწუხარო, მაგრამ საინტერესო ამბავი; თითოეული ასეთი ამბავი, თავისი შემადგენელი სცენებით, დიალოგებით თუ მონოლოგებით უკვე იყო კინო, კინო, რომელსაც მხოლოდ გონებაში თუ ჩაიწერდი და დაიმახსოვრებდი. ასე გროვდებოდა გამოცდილება, ილექებოდა ამბები და იზრდებოდა წარმოსახვა.

ოცნებები გვიან ხდება, თუმცა ესეც კარგია რომ პროფესია რეჟისორი არ გახდა ჩემი პირველი პროფესია, და არის რიგით მესამე, თუმცა ახლაც მგონია, ჯერ ისევ ადრე ხომ არ არის, იმდენად რთული და მნიშვნელოვანი პროფესიაა, პროფესია რომელსაც ფეხდაფეხ გამოცდილების მიღების გარდა, ჯერ კიდევ არჩევამდე მოითხოვს ძალიან დიდ გამოცდილებას.

წესით, ჩემი პირველი ფილმი “დაიცავი გუდიაშვილი” უნდა ყოფილიყო, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო გადაიდო ფილმის პოსტპროდაქშენი. ამგვარად, ჩემი პირველი, დასრულებული ფილმია “The Bridge”, რომელიც ბათუმში გადავიღე, BIAFF-ის და Postcode Fillms-ის  მხარდაჭერით. ამ თემაზე ფილმის გადაღებას ჩემგან ვერავინ წარმოიდგენდა ალბათ, მაგრამ ეს არის ფილმი, ახალგაზრდა გოგონაზე, რომელიც დელფინების მწვრთნელად მუშაობს ბათუმის დელფინარიუმში. 90-იანებისგან განსხვავებით, ახლა ადამიანებს უფრო მეტი სივრცე და საშუალება აქვთ აირჩიონ ზუსტად ის პროფესია, რომელიც ძალიან უყვართ, რომელზეც ბავშვობიდან ოცნებობდნენ და არა მხოლოდ სიტუაციის და გარემოების შესაბამისად, პრაგმატულ მოტივებზე დაყრდნობით, ამ ფილმის გადაღების მთავარი იდეაც სწორედ ეს იყო, აკეთო ის რაც გიყვარს, რითაც არ იღლები, რაც არ გბეზრდება, მიუხედავად იმისა იღებ ანაზღაურებას თუ არა.