კაცი რომელმაც მთელი სამყარო გაყიდა

ამ ბოლო დროს ხშირად ვწუწუნებ კარგ მუსიკაზე, კარგ სიტყვებზე, გულიდან და გონებიდან წამოსულ სიმღერის სიტყვებზე, გუშინ ირაკლი ჩარკვიანის დაბადების დღე იყო, წუწუნმა თავი კიდევ ერთხელ შემახსენა, ბოლო რამდენი წელია ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო დროს შექმნილ მუსიკას “ისე ვეღარ მოაქვს” როგორც ადრე, ისე ვეღარ გაშფოთებს, ისე ვეღარ გაღელვებს და ისე ვეღარ გტკენს, როგორც ადრე.

რა გვაქვს, ვინ გვყავს? შეიძლება კი არადა, დარწმუნებულიც იყავით რომ ბევრი შემსრულებლის სახელსაც ვერ გავიხსენებ, არათუ რამე სიტყვას ან მელოდიას მათი “შემოქმედებიდან”.

მხოლოდ ხმის იმედად დარჩენილი ახალგაზრდა თავცარიელი და თავქარიანი მომღერლები მიდიან და მოდიან, მიდიან და მოდიან, რომლებიც განუწყვეტლად ისევ გამოფიტულებულ და გამოცარიელებულ სიყვარულზე და წვიმის წვეთებზე მღერიან, ან უბრალოდ მისალმებას სჯერდებიან.

რახანია დევიდ ბოუი იმუქრება იანვარში ახალი ალბომი გექნებათო, წუხელ, 10 წუთიანი კლიპი გვესროლა, სწორედ იმ ახალი ალბომიდან და ისე დამარეტიანა ამ დრომდე ბარბაც-ბარბაცით დავდივარ და ისევ ვუსმენ და ვუსმენ.

აღარ ვწუწუნებ.

მეიჯორ თომმა ყველაფერი ერთბაშად მომიტანა, მუსიკა, სიტყვები და ისიც, რაც სიტყვებს შორის უნდა წავიკითხოთ, ვერასოდეს რომ ვერ ვხედავთ და ისე რომ უნდა ვიგრძნოთ დაუსრულებელი სიღრმე.

ადამიანი, რომელიც მუდმივად სუნთქავს, ვითარდება და გრძნობს, ის ყოველთვის შექმნის, ნებისმიერ ეპოქაში და ნებისმიერ ასაკში. სხვა შემთხვევაში, ერთი ორი კარგი ჰიტი უბრალოდ ყარაულის თოფივით გივარდება და უნდა შეეგუოთ ან უნდა წახვიდეთ.

“ეს არის ადამიანი, რომელსაც ბავშვობიდან ვუსმენ, მისი პოსტერები ოთახში მქონდა გაკრული, ვიდრე კლიპის გადაღება დავიწყე, ისევ თავიდან მოვუსმინე ყველაფერს, ისევ ისეთი სიმართლე მოდიოდა მისი სიმღერებიდან, ყოველთვის ნამდვილი იყო, არასოდეს ეპოტინებოდა დიდებას . . .” იხსნებს კლიპის რეჟისორი იოჰან რენქი. “იქ ვიყავი როდესაც კლიპის მთავარი გმირი დაიბადა, ღილთვალა დავარქვით. ოღონდ ისე კი არა, უი, მოდი რა კაი ტიპია, რაღაც განსხვავებული იქნება. არა, დევიდმა ნახატები გამომიგზავნა და მითხრა რომ უნდა თვალები ღილებით დაიფაროს…”

8 იანვარს 69 წლის გახდება. წუხელ გადმოგდებული საკენკით ვხვდები, რომ ეს ყველაზე მაგარი დაბადების დღე იქნება მის ცხოვრებაში, დღე, როდესაც მრავალი წლის მანძილზე შენახულ და დაძველებულ ღვინით სავსე ქვევრს უნდა მოხსნა თავი, სადაც ამ წლების განმავლობაში ბევრმა რამ მოიყარა თავი, 70-იანი წლების ბგერებმა, ვნებებმა, გრძნობებმა, ფილოსოფიამ, გამოცდილებამ, სიბრძნემ, გაზრდილმა და დაღვინებულმა მსმენელებმა, არსებობის და არარსებობის სიღრმემ, იმ ყველაფერმა, რამაც შექმნა შავი ვარსკვლავი, სრულიად არამიწიერი სიტყვებით და მუსიკით.

კაფსულიდან დაუფიქრებლად გადმოვდივარ, ღია კოსმოსში ფრენის შიში სრულიად გამიქრა. მეიჯორ თომი ჩონჩხია. ვგიჟდები ჩონჩხებზე.

პიანინოზე დადიოდით?

მე დავდიოდი პიანინოზე, რასაკვირველია არა ბუკვალურად, უბრალოდ მაშინ ასე ამბობდნენ.

რატომ დავდიოდი არ ვიცი, უბრალოდ მთელი რიგი მშობლების ატაცება/გატაცება იყო ასეთი, რომლებსაც შვილები პიანინოზე დაყავდათ.

ადრეული 90–იანი წლები იყო და მეც დავიწყე პიანინოზე სიარული. ყველას ჰყავდა მეზობლად მუსიკის მასწავლებელი, ლეილა, ნუნუ, მადონა, ლამზირა, ჩვენს მეზობლად მუსიკის მასწავლებელი ნელი ცხოვრობდა და მიუხედავად გაჭირვების წლებისა, მთელი უბანი ნელისთან დადიოდა. ყველას უჭირდა, მაგრამ ნელის არ უჭირდა. უბანში სამი შეძლებული ადამიანი იყო, ნელი – ის ვინც მუსიკას ასწავლიდა, მანანა ის ვინც დიდ ტორტებს აცხობდა და კიდევ ერთი (სახელი არ მახსოვს) ვინც ოთახებს აქირავებდა.

პიანინო ვერ ვისწავლე, 4 წელი ვიჩანჩალე, ყოველ წასვლაზე ცრემლ–ხავილნარევი ვოკალის თანხლებით, შეწუხდნენ მშობლები, შეწუხდა ბაბო “ბალღს ნუ აწვალებთო”. აქვე მუსიკის მასწავლებელმა ნელიმ ოტორინოლარინგოლოგობაც იტვირთა და დასვა დიაგნოზი: “სმენა არ აქვს”. – და მოხდა დიდი ტრაგედია – შვიდწლედი ვერ დავამთავრე!

გაუსაძლისი იყო პიანინოზე სიარული, ან რა გასაძლები იქნებოდა ყოველ გაკვეთილზე “დგაფაააან” – სახაზავი ხელებში. ვერ ვიტანდი ბახს, შორიდანვე ვცნობდი, სხვებთან შედარებით მისი ნოტები უფრო მუქი იყო, უფრო მუქი კი ნიშნავს უფრო რთულს და მძიმეს. როგორც კი ნელი მასწავლებელი გვერდით ოთახში გავიდოდა, გავლაღდებოდი და მივუშვებდი ხოლმე თითებს თავის ნებაზე, თუმცა მყისიერად მესმოდა ნელის გამკივანი ხმა “თავიდაააან”. ანუ შემეშალა და თავიდან უნდა დამეწყო.  მაშინ ვერა და წლების მერე მივხვდი, როგორ ხვდებოდა მეორე ოთახში გასული მუსიკის მასწავლებელი ჩემს შეცდომას. პასუხი შემაშფოთებლად მარტივი აღმოჩნდა: მას სმენა ჰქონდა და მე არა.

კლასიკა არ მაინტერესებდა, სახლში მისული მეზობელს ვთხოვდი ჭრელო პეპელა გაფრინდინელას დაკვრა ესწავლებინა; არ მქონდა ისეთი ასაკი რომ კლასიკაზე გამეფრინა ან მეგრძნო მთელი თავისი არსით, როგორც ვიგრძენი მოგვიანებით და მომინდა კიდეც სწავლა, მაგრამ უკვე QWERTY–ზე მორგებული თითების დამორჩილება გვიანი აღმოჩნდა.

შვიდწლედი რომ ვერ დავამთავრე ეს დიდი სირცხვილი იყო მაშინ, თუმცა, მართალია სმენა ყურებში არ აღმომაჩნდა, ის წარმატებით განვითარებულიყო ფეხებში, რამაც 7 წელზე მეტი წარმატებით მაცეკვა ქართული ცეკვები.

ამოცანა თუ გამოცანა, რომელიც 90–იან წლებში პიანინოზე სიარულს უკავშირდება მაინც ვერ ამოვხსენი, რა იყო ეს? საშუალება რომ როგორმე ცარიელი სივრცე შეევსოთ? ბავშვისთვის არაფერი მოეკლოთ? როგორმე უფერული ცხოვრება გაეფერადებინათ? თუ, თუ რა? არადა რა სირცხვილი ვჭამე შვიდწლედი ვერ დავამთავრე.

და როგორ ფიქრობთ, ვინც დაამთავრა შვიდწლედი, დიპლომიც აქვს და ერთი ნოტის აღებაც არ შეუძლიათ, სახე მოიხიეს კლასიკით? არა, მათ უბრალოდ მეტი ნებისყოფა აღმოაჩნდათ ალბათ და მეტი წნეხი მშობლებისგან. ეს არის და ეს.

უკაცრავად და, თქვენ დადიოდით პიანინოზე?   🙂