Posted in საზოგადოება

ვადღეგრძელებთ ქალებს

დიდი ხნის წინ, როცა დედამიწაზე ყველაფერი სხვანაირად იყო, ეშმაკი მსოფლიოს ყველა კუთხეში აგროვებდა ლამაზ ქალებს და მშვენიერ მარგალიტებად აქცევდა მათ, ბოლოს იმდენი დაუგროვდა რომ მძივი გააკეთა;

ერთხელაც კაცმა არ იცის რატომ (ალბათ უფლის ბრძანებით) გადაწყვიტა ეს მარგალიტები ისევ გაეფანტა მთელს დედამიწაზე და ისევ მშვენიერ ქალებად ექცია, გაატანა ეს მძივი არწივს და უთხრა ყველა ქვეყანაში თი მარგალიტი ჩააგდეო, ასეც იქცეოდა არწივი, ყველა ქვეყანაში რომელსაც გადაუფრენდა ერთ მარგალიტს აგდებდა.

სულ მალე მოუახლოვდა საქართველოს და ეს მძივი კლდის წვერს გამოედო და გაწყდა, მარგალიტების უმეტესობა, ჩვენს ქვეყანაში ჩამოვარდა და ისინი ულამაზეს ქალებად იქცნენ

ხოდა მოდით ამ სასმისით ჩვენ ქალებს, ლამაზ მანდილოსნებს გაუმარჯოს.  

 

ყოველი მომდევნო მეგობრის დაოჯახებისას, ბავშვობა ისე ილეოდა როგორც სათაგურში გამომწყვდეული ყველი, თუმცა თავს იმით ვიმშვიდებდი რომ ამ წასვლას, მათი გაბედნიერება და ცხოვრების ახალ, სასიამოვნო ეტაპზე გადასვლა ერქვა.

ვერ მოგვიწია კარგი პერიოდი, 90-იანი წლები, უსახსრობა, გაჭირვება, ბევრი მათგანი თავის მდგომარეობას უარესიდან ცუდისკენ  თუ შეცვლიდა და ამით ყველა კმაყოფილდებოდა.

ზოგი გაიპარა, ზოგი უფრო უარესი საბედოს დევნისგან შეწუხებული, მშობლების შერჩეულ მისთვის სასიკეთო ვარიანტს დათანხმდა, ზოგიც მოიტაცეს.

თუ აღმოჩნდებოდა რომ უფრო უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდებოდი როგორც სიდუხჭირის დონით, ისე ოჯახის ახლად შეძენილი წევრების მხრიდან დამოკიდებულებით, წასასვლელი მაინც აღარსად გქონდა. უკან ხომ არ დაბრუნდებოდი ამ უბედურ დროს და ისევ შენს მშობლებს ხომ არ დააწვებოდი ჭირად, რომელთაც სხვა შვილებიც ჰყავდათ და თავი ისედაც ძლივს გაჰქონდათ.

ვალებით გადახდილი ქორწილის, თაფლობის თვის და მხიარულების მარაგის ამოწურვის შემდეგ იწყებდი შეგუებას.

ეგუებოდი უფულობას, მუდმივ უარს შენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საჭიროებებზე

ეგუებოდი დედამთილის თუ მამამთილის უხეშობას (არ გაუხარდათ მათ ახალი ტვირთი)

ეგუებოდი გაღიზიანებულ ქმარს რომელიც ადრე ასეთი არ ჩანდა (მერე შეიცვალა)  

ეგუებოდი შენსკენ ბზრიალ-ბზრიალით წამოსულ ხან ღომის მოსაზელ ჩოგანს, ხან მწვანილის საჭრელ დაფას, ხან რას და ხან რას, რაც ხელში მოხვდებოდა ან შენს ქმარს ან დედამთილს

ეგუებოდი მუდმივად აწითლებულ ზურგს

ეგუებოდი შენს საკუთარ თავს რომელიც ძალიან გტკიოდა, გამუდმებით თმების მოქაჩვისგან ან მანქანის მინაზე მირტყმისგან

გენატრებოდა მშობლების სახლი და ბავშვობა

გინდოდა სწავლის გაგრძელება, მაგრამ ვერ გააგრძელე, დედამთილმა ახლა მაგაში გვახდევინე ფული, ისედაც ქორწილის გამო ასეთი ვალები დავიდეთ ან რაში გჭირდება სწავლა, მაინც სახლში უნდა იყო, ბავშვები გაზარდოო.  ქმარს სხვა მიზეზი ჰქონდა, საშინლად ეჭვიანობდა, ადრე ასეთი არ ჩანდა, სანამ გაყვებოდი კოშკებს გიგებდა, კიდევაც აქ იყო ყველაზე წარმატებული, მითიური კოშკების მშენებლობაში.

თუმცა ისეც არ იყო რომ მხოლოდ გაჭირვებამ და უსახსრობამ შექმნა ნიადაგი ნაჩქარევად შეგექმნა ოჯახი. ამას სხვა ბევრი წინაპირობა ჰქონდა.

შენ ხარ ის ვისაც ბავშვობიდან პატარძლად ამზადებენ, იპრანჭები, სოფელში ჭიშკართან მეგობრების შეკრებაზე არ გახვალ ისე რომ გვარიანად არ გამოიპრანჭო, ქელეხში კერძებით დახუნძლული სინების ტარებასაც ვერავინ გასწრებს, აქაც კოხტად გამოწკეპილ-დავარცხნილი ხარ, და იღიმი, კეკლუცობ ისე თითქოს არავინ მომკვდარა, ისე თითქოს არავის გლოვობენ. ეს აქაური ტრადიციაა.  გასათხოვარი ქალის ტრიალი ქელეხში. ბევრი ფლირტი, ბევრი რომანი და ბევრი ურთიერთობა იწყება ქელეხიდან. ბევრი ოჯახიც იქმნება.

ქორწილშიც იგივენაირად იქცევი როგორც ქელეხში, ოღონდ აქ უკვე სუფრის გაწყობაში უნდა მოიწონო თავი, ფერადი ხელსახოცები ორიგინალურად ჩამოაცვა ჩანგალს, ჩადო ჭიქაში თუ ამოდო თეფშებს ან გააკეთო ქაღალდის ნავები.

და აი დგება მომენტი, ვიღაც თვალს გკრავს, შემდეგ პაემანია, შემდეგ ქორწილი, ბევრი სადღეგრძელო, ბედნიერებას გისურვებენ, ხან ქალურს, ხან ისე, კარგად შეზარხოშებულები და განსხვავებული სასმისით მალე გამრავლებას და ასევე ბედნიერ დედობას გისურვებენ.

ასეთ სადღეგრძელოებს შემდეგშიც მრავალგზის მოისმენ, ძალით, თავის არშერცხვების მიზნით გადახდილ დაბადების დღეებზე, ახალი წლის სუფრაზე და სხვა გამონაკლის შემთხვევებში.

დალოცავენ შენს კარგ დიასახლისობას, დედობას, შვილობას და კიდევ და კიდევ გამრავლებას და ბედნიერებას მოგისურვებენ, ხანდახან ქალურსაც.

და მერე ნელ-ნელა აღმოჩნდება რომ ოჯახი სადაც შედიოდი და რომელსაც ასე აქებდნენ მეზობლები და ახლობლები, ისეთი კარგი ვერ აღმოჩნდა. პირველი მსუბუქი კონფლიქტის შემდეგ, მამამთილმა პირველი მფრინავი ობიექტი გააცნო სახლში საქმის გასარჩევად შეკრებილ მოყვრებს – ხილის მძიმე ვაზა, ბროლის. ადრესატმა მოხერხებულად აიცილა მფრინავი ობიექტი. საბედნიეროდ.

შემდეგ მეორე მფრინავი ობიექტი გაიცანი, რომელსაც ერთი ფეხით გაასწარი ჭიშკარში – დედამთილმა იქვე, ჭიშკართან მიწაში ჩარჭობილ ლომს ასწავლა შენსკენ ფრენა.

შემდეგ იყო ტვინის სამჯერ შერყევა, განქორწინება და თავისუფლება. მართლაც თავისუფლება.

ყველაფერი დასრულდა. ამჯერად კარგად და არა ისე როგორც იმ ქალის შემთხვევაში, ოთხი შვილი რომ ჰყავდა და ქმარმა ნაწლავები გამოაყრევინა. მოკლა.

ამ პოსტში ასევე უნდა ყოფილიყო სტატისტიკა, გამოკითხვები, სხვადასხვა ექსპერტის კომენტარი თუ ინტერვიუ, რესპოდენტი და რესპოდენტის ფოტოები სახის იდენტიფიკაციის გარეშე და უამრავი სხვა რამ რაც UN Women-ის ვორქშოფზე შევიძინე და მასწავლეს და რასაც ალბათ ბევრი თქვენგანი უბრალოდ გვერდს აუვლიდა, არ წაიკითხავდა, არ დააინტერესებდა და ალბათ მართალიც იქნებოდით.

ეს ბლოგია და მე შევეცადე ამ ყველაფრისთვის გვერდი ამევლო და მაქსიმალურად პირადი ისტორიები მომეთხრო, ის რაც გაზეთში არ წამიკითხავს შემთხვევით, ის რაც სოფლის წყაროზე არ გამიგია ჭორის სახით, ის რაც ფეისბუქზე არ წამიკითხავს ვიღაც ფრენდის სტატუსის სახით, არამედ დამეწერა ის რაც ზუსტად მოხდა ჩემს გარშემო, ჩემთან ახლოს და ის რაშიც მე ჩავერიე, რაშიც ვმონაწილეობდი და რაც პირადად ვიხილე.

ამ პოსტში არეულია რამდენიმე ადამიანის სხვადასხვა ისტორია, ცხადია სახელები არ გამოვიყენე, შეიძლება ბევრი რამ გეცნოთ, ხშირ შემთხვევაში ხომ ასეთი ისტორიები ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება.

ფოტოც შემთხვევით შევარჩიე, ჩემი არქივიდან და რასაკვირველია არ ასახავს პოსტში მოყვანილ ადამიანებს და ამბებს.

შიში ეს არის ის რის გამოც ძალადობის მსხვერპლი ადამიანები ხმამაღლა ვერ/არ ყვებიან თავის ისტორიებს, მითუმეტეს იდენტიფიკაციაზე საუბარიც კი არ შეიძლება. მიუხედავად იმისა რომ მსხვერპლი უკვე დიდი ხანია მოძალადეს ჩამოშორდა, ცხოვრობს დამოუკიდებლად, გადარჩა და ფეხზე მყარად დადგა, მაინც თავს იკავებენ მოყვნენ საკუთარი თავის შესახებ და მათი გადარჩენა, საკუთარ თავში ძალის პოვნა და წინსვლა მაგალითი გახდეს სხვა ბევრი ადამიანისთვის.

gisosebi

Posted in საზოგადოება

არა ძალადობას

“ალექს, რა გინდა გამოხვიდე, როცა გაიზრდები?” – ეკითხება ბაღის მასწავლებელი ალექსს

“მოძალადე” – პასუხობს ალექსი

ბავშვი ამ სიტყვას მშობლების ჩხუბის დროს იგებს, თუმცა არ იცის რა არის, მასწავლებელი რჩება ბოლომდე, რათა ბავშვს აუხსნას, თუ რა ცუდ მომავალ “პროფესიაზე” ფიქრობს და ამას აკეთებს თავისი ღრმა ჭრილობების გახსნის და დიდი ხნის წინ მიძინებული,  ტკივილნარევი გრძნობების გამხელის ფასად – ის ხომ ძალადობის მსხვერპლი იყო.

ბიაფზე ნაჩვენები შვედური ფილმი “Little Children, Big Words” 12 წუთიანია, თუმცა თითქმის სრულად გადმოაქვს ის ემოციები, ის ტკივილი, რასაც მასწავლებელი ქალი განიცდის, პირველი მაშინ როდესაც გაიგებს ბავშვის ოცნების შესახებ და მეორე მაშინ, როდესაც ცდილობს გადააფიქრებინოს ძალადობაზე ოცნება.

როდის იწყება ძალადობა, ან უფრო სწორი იქნება როდის იღვიძებს ჩვენში ძალადობა? რადგან კატეგორიულად დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ვფლობთ ჩვენ–ჩვენ ძალადობის წილს.

იქნებ ძალადობა ჯერ კიდევ მაშინ იღებს სათავეს, როდესაც გარეთ გამოსვლის მოტივით, გამალებით დედის მუცელს ვურტყამთ ფეხებს, და არც კი ვფიქრობთ ამით ვაწუხებთ მას თუ არა.

იმისთვის რომ იყო ან არ იყო ან გახდე მოძალადე, რასაკვირველია ყველაფერი გადამწყვეტია, ბავშვობა, ოჯახი, მეგობრები, წრე, უბანი, ბაღი, სკოლა, უნივერსიტეტი (if any) – ჯაჭვური რეაქციით მხოლოდ და გამოკვეთილად არცერთი.  (ვრცლად საბუნიასთან)

ამის შემდეგ მგონია რომ, ნებისმიერი ძალადობა, ნებსით თუ უნებლიეთ ასეთი სახისაა, საკუთარი ინტერესების/სიმართლის გატანის მოტივით სხვაზე გადავლა, იმის მიუხედავად აწუხებს მას ეს თუ არა, უფრო მეტიც, არ ფიქრობთ ამაზე, ან თუ ფიქრობთ, მიიჩნევთ რომ ასე უნდა იყოს, უნდა შეწუხდეს – უნდა იცემოს, უნდა მოიკლას, უნდა მოიტყნას, თქვენი გაგებით, დაიმსახურა და იმიტომ.

რამდენიმე დღის წინ მწერალ ზაზა ბურჭულაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რაც უკავშირდება გაზეთ ასავალ–დასავალში #8 ციხის თანამშრომლების პერსონალური მონაცემების გამოქვეყნებას.

ძალადობას რომ ძალადობით პასუხობენ და ამის მძაფრი მოთხოვნილებაც რომ არსებობს წინა აქციიდანაც დავრწმუნდით, აქ ახალი არაფერია.

ასევე დავრწმუნდით ძალადობის და ადამიანის უფლებების დაცვის შერჩევითობაშიც,  პატიმრების წამების კადრებმა კი კიდევ უფრო მეტი მოძალადის ლუსტრაცია მოახდინა ქვეყანაში, პატიმრებზე მოძალადეებზე საშიში მოძალადეების.

რით განსხვავდება ე.წ. გულშემატკივარი ადამიანი ციხის ჯალათისგან, რომელსაც სურვილი უჩნდება იგივენაირად დასაჯოს ჯალათი, როგორც იგი ექცეოდა პატიმრებს?

ჩემი აზრით არაფრით, და თან უარესია.

მწერლის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, დღეს პოლიციის შენობის წინ აქცია გაიმართა.

ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა, თუმცა ხინჯად გამომყვა ორი ნიუანსი:

1) პოლიციის შენობის ზედა სართულიდან მოხითხითე პოლიციელები, რომლებიც თითით აჩვენებდნენ ერთმანეთს ვიღაცეებს ზემოდან და ხარხარებდნენ, მიმოვიხედე ვერ მივხვდი რომელი ადამიანი იყო მათთვის სასაცილო, კიდევ ავიხედე და ახლა ჩემს წინ მჯდომ ბიჭზე მანიშნეს, გაიცინეს და ხელით მანიშნეს გადაუღეო, დავხედე ბიჭს, სხვებისგან გრძელი და შეკრული თმა განასხვავებდა.

2) პოეტმა პაატა შამუგიამ და დრამატურგმა დათო გაბუნიამ,  ნაწყვეტი წაიკითხეს ზაზა ბურჭულაძის ნაწარმოებიდან, დასრულების შემდგომ, მესმის მეცხრე არხის ოპერატორის რეპლიკა: “ღმერთმა დამიფაროს ეს წავიკითხო” და ხვნეშა–ხვნეშით გაეშურა პოლიციის კიბეებისკენ, და იქვე კიდევ ერთი “ღმერთო შენ გვიშველე” დააყოლა.

ფოტო დღევანდელი აქციიდან