Posted in ჩემი ჩანახატები

შათოქაანელი ბოცვერები

ერთი ჩვეულებრივი დღე იყო, შინდანელი მეგობრები შეიკრიბნენ და შათოქაანში წავიდნენ, ბოცვერების ახალი ხორცის საყიდლად. თამბირას დაბადების დღე იყო და ტყეში საპიკნიკოდ წასვლას აპირებდნენ, რა შეედრებოდა ახლად დაკლული ბოცვერის მწვადებს.

ჰე-ჰე-ჰეი! ბოცვერებო! მალე თქვენი ფუნჩულა ხორცით ჩავიტკბარუნებ პირს, რამე საწინააღმდეგო ხომ არ გაქვთ? არა ხომ?  ასეც ვიცოდი, – მტკიცედ ჩაილაპარაკა ლაილამ, როდესაც მეგობრები შათოქაანის საყასბოში შემოვიდნენ.

სასაკლაოს სიჩუმეს მხოლოდ ბოცვრების სიჩუმე და რიგში მდგომი ხალხის ჩოჩქოლი თუ არღვევდა. ბოცვერები დაკვლის დროსაც კი არ გამოსცემდნენ ხმას.

მეგობრები დიდხანს იდგნენ სასაკლაოს რიგში. სასაკლაოს შორს გაეთქვა სახელი. გარშემო ქალაქებიდან თუ ქვეყნებიდან, ყველა შათოქაანის სასაკლაოზე მოდიოდა ბოცვერის ხორცის საყიდლად.

თუკი აქამდე, ბოცვერები ჩუმად იდგნენ სასაკლაოს რიგში, ლაილას შეძახილმა თითქოს სიმხნევე გააჩინა, ჯერ აქა-იქ, შემდეგ ნელ-ნელა იმატა გამხნევებულთა რიცხვმა.

ლაილას არ ეგონა თუ მისი ხუმრობით წამოძახილი ბოცვერებსაც ესმოდათ, საერთოდ ვერ წარმოიდგენდა რომ ადამიანის ხმა და თან შინდანური ენა ესმოდათ მეზობელ შათოქაანელ ბოცვრებს.  ზოგიერთმა ბოცვერმა, რომელიც უფრო ახლოს იდგა სასაკლაოსთან და ერთმანეთზე თოკით გადაებათ, სირბილი და ღრენა დაიწყეს და რიგში მდგომი ადამიანებისკენ აგრესიულად იწევდნენ.

ლაილას, ვახლესას  და კარლინგს სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ ეს ნირშეცვლილი სანახაობა. ერთობოდნენ. ხუმრობდნენ. ბოცვერებს ბაძავდნენ და თან ბოცვერებისკენ იშვერდნენ ხელს, უდარდელი სიცილ-კისკისით.

იქვე, შორიახლოს, თამბირამაც შეამჩნია ეს ცვლილება და გამალებით ფოტოებს უღებდა გამოცოცხლებულ ბოცვერებს. ისიც იცინოდა.

სასაკლაოს მეორე მხარეს აშვებული ბოცვერები იყვნენ, შემოღობილ ადგილას იმდენი და ისე მჭიდროდ იდგნენ, ერთი დიდი, თეთრად გადაპენტილი მდელო გეგონებოდათ.  იქ უარესი ჩოჩქოლი შეიქნა, ხან ერთი მიახტებოდა ეკლიან მავთულხლართს, ხან მეორე.  თამბირას, რომელიც მავთულხლართნ უფრო ახლოს იდგა, უცებ საშინელი ღრიალი შემოესმა. გაიხედა.  ბოცვერებს თურმე პირის გაღება და ხმის ამოღებაც შესძლებიათ.

თვალებს არ უჯერებდა, ნუთუ ეს ის ბოცვერები არიან, რომლებიც აქამდე მშვიდად, წყნარად, ბედსშეგუებული ელოდნენ თავის რიგს, შათოქაანის განთქმული საყასბოს სასაკლაოს  ველზე… იქნებ ეს ლაილას შეძახილის ბრალია,   გამხნევდნენ და თავიანთ უმწეო და სასაცილო მდგომარეობაზე გახელდნენ, ფიქრობდა თამბირა.

კარლინგი უფრო გაუთამამდა ბოცვერებს, ღობის იქით ხან კეტით, ხან ბალახ-ბულახით ახელებდა. ბოცვერები ისე აჩოჩქოლდნენ, რომ თამბირას ხმა აღარ ესმოდა კარლინგს, რომ შეეწყვიტა ბოცვერების გამოწვევა.

უცებ ერთი მოზრდილი ბოცვერი ამოხტა და სახეში ეცა კარლინგს, ყური მოაჭამა. ეს ისეთი მოულოდნელი იყო, რომ ყველა ადგილზე გაქვავდა, რიგში მდგომი ადამიანებიც, მხოლოდ კარლინგის განწირული ყვირილიღა ისმოდა. გონზე მოსვლაც ვერ მოასწრეს, რომ გაყოყოჩებული ბოცვერი უფრო აზვირთდა, მოიმატა და რაღაცნაირად გამორჩეული გახდა სხვა ბოცვერებს შორის. ნაღველი სდიოდა ეშვებიდან.

თამბირა როგორც იქნა გონს მოეგო და მეგობრებისკენ გამოიქცა თავქუდმოგლეჯილი. ვერ  მიუსწრო. კარლინგს ოთხი ბოცვერი დაეტაკა და ღობის იქით გადაათრიეს საჯიჯგნად.

გამოფხიზლებული და გაღიზიანებული ბოცვერების პირველი მსხვერპლი, ყველაზე თამამი და ენამოსხლეტილი კარლინგი გახდა.

ღმერთმა აცხონოს, მას ძალიან უყვარდა ბოცვერის მწვადები.

რაც შემდეგ მოხდა, არ გაგაოცებთ. ლოგიკური დასასრული იყო დაგროვილი ვნებების, ბრაზის, სტრესის, დეპრესიის, სიჩუმე გაიბერა და დაინგრა, საიდანაც გაცხოველებული ბოცვერები გამოცვივდნენ, მზად იყვნენ ყველა და ყველაფერი შუაზე გაეგლიჯათ. ამოენთხიათ ყველაფერი, რასაც ამ წლების განმავლობაში ითმენდნენ ადამიანებისგან. სასტიკი ადამიანებისგან, რომლებიც მათზე ათასგვარ ექსპერიმენტებს ატარებდნენ. კლავდნენ, კუწავდნენ, ტყნავდნენ, ანაწევრებდნენ, სელფებს იღებდნენ მოტყნულ ნაკუწებთან. ისინი ვერ შეაკავა ფარატინა მავთულხლართმა. ვერც კონცერტებმა და ვერც სხვა სანახაობამ.

ბოცვერებმა ყველა შეჭამეს ვინც იქ იყო, მათ შორის თამბირაც, ლაილაც და კარლინგიც. ვინც ვერ შეჭამეს მავთულხლართის მიღმა მოაქციეს.

რაც შემდეგ მოხდა, არც ის გაგაოცებთ. ლოგიკური გაგრძელება იყო დაგროვილი ვნებების, ბრაზის, სტრესის, დეპრესიის…

ახლა ბოცვერები კლავდნენ, კუწავდნენ, ტყნავდნენ, ანაწევრებდნენ და სელფებს იღებდნენ მოტყნულ ნაკუწებთან. არც კონცერტები და არც სანახაობა.

ისევ იგივე.

Posted in ლიტერატურა, ჩემი ჩანახატები

ტურისტული ნაღმები

მეგობარმა ავღანეთში წასვლა შემომთავაზა. თარჯიმნად. თვითონ არ ეცალა. ბერლინში მიდიოდა. დავთანხმდი მორიდებული სიხარულით. შინაგანად კი ვდუღდი, ისე და იმდენი ხანი მინდოდა ავღანეთში წასვლა.

ისეთ ეიფორიაში ვიყავი, აფრენა, ფრენა და დაფრენა საერთოდ არ მახსოვს. ამბავის გაგების მომენტიდან, უკვე ავღანეთის მიწაზე მედგა ფეხი. მყარად. ისე მყარად, როგორც არასოდეს. ხშირად კი მეუბნებიან დაფრინავ, მიწაზე ჩამოდიო. ხოდა ვიდექი. ოღონდ ავღანეთის მიწაზე.

მიწაში კი ნაღმი იყო. უფრო მყარად დავდექი. თორემ კი იცით, ნაღმზე მსუბუქად დგომა, ისევ ჰაერში ამაფრენდა. არადა, მე ხომ ხშირად მეუბნებიან, დაფრინავ, მიწაზე ჩამოდიო. ხოდა ვიდექი. მყარად. ავღანეთის მიწის ნაღმზე.

გარშემო არავინ ჩანს. როგორც ჩანს, ნაღმზე მარტო მე ვდგავარ. იღბლიანი დღე მაქვს.

გამახსენდა ყველა ფილმი, სატელევიზიო სიუჟეტი, სადაც ნაღმზე იდგნენ ტიპები და ჰაერში დაფრინავდნენ. ცალკე ფეხი, ცალკე ნაწლავები, ცალკე თავი, ცალკე სისხლი.

გაფრენილი ფეხი ვერც მიწაზე დგება მყარად და ვერც პატრონს უბრუნდება.

უფეხოდ ბრუნდები შინ. შენს მიწაზე. უფეხო გმირი ხარ.

კაი ტიპი. მონდომებული ტიპი. ბევრი შეგიძლია უფრო. მთაზე ადიხარ, დარბიხარ, რეკორდებს ხსნი. აქვე ისიც გამახსენდა, როგორ ჟიმაობს უფეხებო მარიონ კოტიარის გმირი ფილმში, სულ მაინტერესებდა ეს საკითხი. ძალიან ვნებიანად სხვათაშორის. ამიდგა. უფეხებო ჟიმაობა უფრო უკეთესად გამოუვიდა, ვიდრე ფეხებიან მარიონს. ოღონდ ეგ ავღანეთში არ იდგა მყარად. დელფინების მწვრთნელი იყო. საფრანგეთში.  #ჟესუიმაღიონ

– გაები ჩიტო მახეში? – მესმის ვიღაც ტიპის ხმა. პოლა აბდულს ჰგავდა. არა, მართლა ასე კი არ მითხრა, მე მომეჩვენა.

წამში მომხსნა ნაღმიდან. გამოვშტერდი. ფეხებიც მაქვს, ხელებიც, თავიც და ნაწლავებიც კი ადგილზეა.

– ფული უნდა გადამიხადოთ – მეუბნება.

– რამდენი? – ავხედე, ფილმებში ბოლო წამს გადარჩენილის სახით.

– 7 დოლარი ერთი ნაღმი, მიპასუხა ისე თითქოს ზამშის საწმენდი შემომაჩეჩა.

ჰეჰეჰე, რამ გამახსენა, ზამშის საწმენდი, რა მაგარია, ისევ მჭირდება. მე ხომ ფეხები მაქვს.

ავდექი, დავიფერთხე ტანსაცმელი და 50 დოლარიანი გავუწოდე.

– 4 ნაღმი, ესე იგი 28 დოლარი უნდა ავიღო, და ჩანთა მოიქექა.

ხურდა და სავიზიტო ბარათი გამომიწოდა.

დავხედე ბარათს, ნაღმოსანი და ტელეფონის ნომერი ეწერა. მართლა პოლა აბდული ყოფილა. ოღონდ ტიპი რა. როჟა. ჩალმიანი.

– თუ სადმე ნაღმს გადაეყარეთ, არ მოგერიდოთ, დამირეკეთ – მითხრა ჰოლივუდის ღიმილით.

შემდეგ, ჩემი არეული ნაღმები გაასწორა და მორიგი მახე გაამზადა, ჩემსავით დაბდურა ტურისტებისთვის.

კარგი ბიზნესია ავღანეთისთვის. აბა აქ სხვა რა უნდა აკეთო.

ჩემი მასპინძელი ესფანდიარი იყო, ჩუმად ეცინებოდა განაღმვის დროს, მაგრამ მე შეჩვევას მივაწერე და ყურადღება აღარ მიმიქცევია.  როგორც იქნა, სახლსაც მივადექით, თუმცა ეს იყო ავღანური და არა არქიტექტურული გაგებით სახლი. სახლი, სადაც ჩემთვის, ფარდებით გატიხრული კუთხე უკვე მოემზადებინათ. ცალკე ოთახის საშუალება არ ჰქონდათ.

წამოვწექი იატაკზე და ხვალინდელ ნაღმებზე დავიწყე ფიქრი.

მე და პოლაც შევთანხმდით.

ის იქნება ჩემი გიდი ავღანეთში.

ჩემი ფეხით მინდა დავბრუნდე შინ.

Posted in ლიტერატურა

ნაწყვეტები არსაიდან (by Hugo Boss)

ავტორი: HUGO BOSS 

—–

ახლად გამოღვიძებული, ზანგ ტიპს ვეკითხები:

– ჰეი ბროუ..

– ჰაი

– ხომ ვერ მეტყვი როგორ უნდა მოვხვდე ეუროპის ცენტრალურ ბანკთან?

– ანუ ფრანკფურტში? – მპასუხობს გერმანულად.

– და აბა ახლა სად ვარ? – მე ისევ ინგლისურად ვეკითხები.

ის რაღაც უცნაურ გერმანული ქალაქის სახელს მეუბნება და თან მარტინ ლოურენსის მიმიკით აღფრთოვანებას გამოხატავს იმის აღსანიშნავად რომ ფრანკფურტი აქედან ძალიან შორს არის.

– და აქ როგორ მოხვედი? – მეკითხება ახლა უკვე დამტვრეული ინგლისურით

– მგონი ავტობუსით, მაგრამ ზუსტად არ მახსოვს.

-შit! (ვამბობ მე)

-შit! (მხარს მიბამს ზანგი), შემდეგ მიხსნის როგორ წავიდე სახლში (სავარაუდო გზას მასწავლის) და მეც მივდივარ.

მივდივარ ნელა, ბარბაცით და ვცდილობ გავიხსენო რა მოხდა.

ჯერ ერთი გოგო მახსენდება, რომლის სახესაც ვერ ვიხსენებ.

ერთმანეთში ვიზილებით დიდ ჩაბნელებულ გარაჟში, სადაც რამდენიმე წითელი, გაცვეთილი სავარძელი დგას.

ეს გოგო აქ როგორ მოხვდა წარმოდგენა არ მაქვს.

მერე სხვა გოგოებიც მახსენდებიან, ვკოცნი და მკოცნიან.

გზადაგზა ვცდილობ უფრო ადრეულ დროში დავაბრუნო ჩემი ნაბახუსევი გონება.

ვითვლი სასმელს: ექვსი ლუდი, ოთხი არაყი, კიდევ სამი ლუდი, და აი გოგოც.

კლუბის ტუალეტთან კიბეებზე ვსხედვართ და ჩემს მოსაწევს ვეწევით მე და კიდევ რამდენიმე გოგო. ცოტა  უფრო ადრე კლუბში ბართან ვზივარ და ლუდს ვსვამ. ამ დროს მოდის ვახო რომელიც ერთადერთი ქართველია კლუბში და მოსაწევს მაწვდის. ჩავდივარ დაბლა, გარაჟს ბარბაცით ვკვეთ და ტუალეტთან მსხდარ გოგოებს მოსაწევს ვთავაზობ.

მერე ისევ ის გოგო ჩანს, რომლის სახეს ისევ ვერ ვიხსენებ.

სავარძელში ვსხედვართ და ერთმანეთს დისტანციურად ვანაღვლიანებთ. ინტიმურ გარემოს ჩემი გულისრევა არღვევს და ის გოგოც სადღაც ქრება (მიუხედავად იმისა რომ შემპირდა მარტო არ მიგატოვებ და სულ ერთად ვიქნებითო).

შემდეგ ტუალეტში ვარ და ისევ გულს ვირევ, ტუალეტიდან ვიღაც ტიპს გამოვყავარ, რომლის სახესაც ვერ ვიხსენებ და სავარძლამდე მაცილებს.

შემდეგ ისევ ტუალეტში ვარ და ისევ გულს ვირევ.

უნდა გითხრათ რომ კლუბში რაც კი საინტერესო ხდება ყველაფერი ტუალეტში ხდება, ჩემს გულის რევას თუ არ ჩავთვლით.

შემდეგ ვიძინებ. პერიოდულად ვიღაც ტიპები და გოგოები მოდიან და მეკითხებიან როგორ ვარ. მე ვპასუხობ “რა თქმა უნდა მაღლა”, წყალიც კი მომიტანეს. თავიდან მეგონა რომ ჩემზე ზრუნავდნენ და უბრალოდ კეთილი ხალხის გარემოცვაში მოვხვდი, მაგრამ გამოღვიძებულმა ნაწილ-ნაწილ რომ ვიკრეფდი გონების ნათებებს გავაანალიზე რომ ამ ხალხს უბრალოდ არ უნდოდა კლუბში, სადაც ყოველ უიქენდეს ატარებენ, ვიღაც რიგითი უცხოელი “ნარკომანი” ჩაძაღლებულიყო.

ვის ჰქონდა პოლიციაში ახსნა-განმარტების მიცემის სურვილი?!

ჩემი გამოთვლით 2-3 საათი მეძინა.

სიცივემ გამაღვიძა, კიდევ ერთხელ ვესტუმრე ტუალეტს და რაც დარჩენილი იყო ჩემს გამომშრალ სხეულში ისიც ამოვიღე და კლუბში ავედი.

სიცივისგან ვკანკალებ, “პახმელიაც” თავისას შვება.

ვზივარ სავარძელში და ვუყურებ როგორ უმარილოდ კოცნის ვახო ვიღაც გოგოს კისერში და მარჯვენა ხელი ამ გოგოს მუტელზე ისე უდევს, როგორც მექანიკიდან ავტომატიკაზე გადასულ მძღოლს.

გვერდით ერთი წითელთმიანი გოგო მიახლოვდება და ქაღალდს მაწვდის, მეორე მხრიდან მეორე გოგო მოდის და ჟელიბონს მაწვდის,

– ჭამე ტკბილია,

ჩემდა საუბედუროდ ჟელიბონი არ გამოდგა.

მარჯვნივ ვტრიალდები და წითელთმიანი გოგო ისევ ქაღალდს მაწვდის.

გამოვართვი.

პირველად ვნახე კოკაინი.

შევისუნთქე და წითელ გოგოს კოცნა დავუწყე.

შემდეგ ისევ გარაჟში წითელ, გახუნებულ სავარძელზე ვწევარ და ვეძებ რაღაც წითელს რომელიც აქ იყო.

წამოწოლილი დაბლა ვიხედები და სიბნელეში გოგოს გაბრწყინებულ თვალებს ვხედავ რომელიც მაღლა-დაბლა მოძრაობს. ჩემდა გასაკვირად, მოულოდნელი ორგაზმიც მეწვია საიდანღაც. შარვალს მიკრავს გოგო და მიდის. ისევ კლუბში ვარ და ლუდს ვსვამ, აღარც წითელი გოგო ჩანს, აღარც ვახო და აღარც ჩემთვის ნაცნობი მაგრამ ვერგახსენებული სახეები.

ცოტახანში ქურთუკს ვიცმევ და გამოვდივარ კლუბიდან.

ისევ ბნელა.

თვალს რომ ვახელ ცა უკვე განათებულია და ვგრძნობ რომ რაღაც მაგარზე ვწევარ (აშკარად არ არის ჩემი ლოგინი). მითუმეტეს ჩემი ოთახი. ვდგები ამ მაგარი რაღაციდან, თურმე ავტობუსის გაჩერების სკამია, ოთახი კი გაჩერების კაბინა. თავბრუ მეხვევა და გულის არევა მინდა.

და ის ზანგი ტიპიც გამოჩნდა. ავტობუსში გოგოები და ბიჭები ამოვიდნენ. ყველა მეცნობოდა, მაგრამ ვერ მიხვდი საიდან. ყველა იღიმის, ერთი წითელთმიანი გოგო განსაკუთრებულად მიყურებს და განსაკუთრებულად იღიმის. მე კაპიშონს ვიფარებ თავზე და ჩავდივარ ავტობუსიდან.

შემდეგ, აქა-იქ მატარებლის გაჩერებები ტრიალებს გონებაში. და აი ჩემი ლოგინიც.

p.s: ეს ის მომენტია როცა არაფერზე არ ფიქრობ და არც უნდა იფიქრო. პირიქით ყველაფერი უნდა დაივიწყო რაც კი მანამდე იცოდი, შენს თავსაც ივიწყებ, ყველა შეზღუდვას და იმ წითელთმიანი გოგოს თავის ტვინის სიგრძე სიგანესაც, რომლის სახე არც კი გახსოვს.

ვერასოდეს ვიტანდი კლუბებს. ყოველთვის ჯაზ-როკ ბარები მერჩივნა ცოცხალი მუსიკით. მაგრამ ასეთ ბარებში კოკაინი, წითელთმიანი გოგოები (რომლებიც არ მიგატოვებენ მთელი სიცოცხლის განმავლობაში) და წითელი, გახუნებული სავარძლები არ იშოვება.