Posted in ლიტერატურა, ჩემი ჩანახატები

ტურისტული ნაღმები

მეგობარმა ავღანეთში წასვლა შემომთავაზა. თარჯიმნად. თვითონ არ ეცალა. ბერლინში მიდიოდა. დავთანხმდი მორიდებული სიხარულით. შინაგანად კი ვდუღდი, ისე და იმდენი ხანი მინდოდა ავღანეთში წასვლა.

ისეთ ეიფორიაში ვიყავი, აფრენა, ფრენა და დაფრენა საერთოდ არ მახსოვს. ამბავის გაგების მომენტიდან, უკვე ავღანეთის მიწაზე მედგა ფეხი. მყარად. ისე მყარად, როგორც არასოდეს. ხშირად კი მეუბნებიან დაფრინავ, მიწაზე ჩამოდიო. ხოდა ვიდექი. ოღონდ ავღანეთის მიწაზე.

მიწაში კი ნაღმი იყო. უფრო მყარად დავდექი. თორემ კი იცით, ნაღმზე მსუბუქად დგომა, ისევ ჰაერში ამაფრენდა. არადა, მე ხომ ხშირად მეუბნებიან, დაფრინავ, მიწაზე ჩამოდიო. ხოდა ვიდექი. მყარად. ავღანეთის მიწის ნაღმზე.

გარშემო არავინ ჩანს. როგორც ჩანს, ნაღმზე მარტო მე ვდგავარ. იღბლიანი დღე მაქვს.

გამახსენდა ყველა ფილმი, სატელევიზიო სიუჟეტი, სადაც ნაღმზე იდგნენ ტიპები და ჰაერში დაფრინავდნენ. ცალკე ფეხი, ცალკე ნაწლავები, ცალკე თავი, ცალკე სისხლი.

გაფრენილი ფეხი ვერც მიწაზე დგება მყარად და ვერც პატრონს უბრუნდება.

უფეხოდ ბრუნდები შინ. შენს მიწაზე. უფეხო გმირი ხარ.

კაი ტიპი. მონდომებული ტიპი. ბევრი შეგიძლია უფრო. მთაზე ადიხარ, დარბიხარ, რეკორდებს ხსნი. აქვე ისიც გამახსენდა, როგორ ჟიმაობს უფეხებო მარიონ კოტიარის გმირი ფილმში, სულ მაინტერესებდა ეს საკითხი. ძალიან ვნებიანად სხვათაშორის. ამიდგა. უფეხებო ჟიმაობა უფრო უკეთესად გამოუვიდა, ვიდრე ფეხებიან მარიონს. ოღონდ ეგ ავღანეთში არ იდგა მყარად. დელფინების მწვრთნელი იყო. საფრანგეთში.  #ჟესუიმაღიონ

– გაები ჩიტო მახეში? – მესმის ვიღაც ტიპის ხმა. პოლა აბდულს ჰგავდა. არა, მართლა ასე კი არ მითხრა, მე მომეჩვენა.

წამში მომხსნა ნაღმიდან. გამოვშტერდი. ფეხებიც მაქვს, ხელებიც, თავიც და ნაწლავებიც კი ადგილზეა.

– ფული უნდა გადამიხადოთ – მეუბნება.

– რამდენი? – ავხედე, ფილმებში ბოლო წამს გადარჩენილის სახით.

– 7 დოლარი ერთი ნაღმი, მიპასუხა ისე თითქოს ზამშის საწმენდი შემომაჩეჩა.

ჰეჰეჰე, რამ გამახსენა, ზამშის საწმენდი, რა მაგარია, ისევ მჭირდება. მე ხომ ფეხები მაქვს.

ავდექი, დავიფერთხე ტანსაცმელი და 50 დოლარიანი გავუწოდე.

– 4 ნაღმი, ესე იგი 28 დოლარი უნდა ავიღო, და ჩანთა მოიქექა.

ხურდა და სავიზიტო ბარათი გამომიწოდა.

დავხედე ბარათს, ნაღმოსანი და ტელეფონის ნომერი ეწერა. მართლა პოლა აბდული ყოფილა. ოღონდ ტიპი რა. როჟა. ჩალმიანი.

– თუ სადმე ნაღმს გადაეყარეთ, არ მოგერიდოთ, დამირეკეთ – მითხრა ჰოლივუდის ღიმილით.

შემდეგ, ჩემი არეული ნაღმები გაასწორა და მორიგი მახე გაამზადა, ჩემსავით დაბდურა ტურისტებისთვის.

კარგი ბიზნესია ავღანეთისთვის. აბა აქ სხვა რა უნდა აკეთო.

ჩემი მასპინძელი ესფანდიარი იყო, ჩუმად ეცინებოდა განაღმვის დროს, მაგრამ მე შეჩვევას მივაწერე და ყურადღება აღარ მიმიქცევია.  როგორც იქნა, სახლსაც მივადექით, თუმცა ეს იყო ავღანური და არა არქიტექტურული გაგებით სახლი. სახლი, სადაც ჩემთვის, ფარდებით გატიხრული კუთხე უკვე მოემზადებინათ. ცალკე ოთახის საშუალება არ ჰქონდათ.

წამოვწექი იატაკზე და ხვალინდელ ნაღმებზე დავიწყე ფიქრი.

მე და პოლაც შევთანხმდით.

ის იქნება ჩემი გიდი ავღანეთში.

ჩემი ფეხით მინდა დავბრუნდე შინ.

Posted in კინემატოგრაფია, კულტურა

თავისუფალი მონა

ვინ ხარ შენ?

გგონია რომ თავისუფალი არსება ხარ, რომელიც თავისუფლად გადაადგილდება, რასაც უნდა აკეთებს, როცა უნდა აკეთებს, არ გადაიხდის გადასახადებს, ან გადაიხდის, არ იყიდის სახლს თუ ღია ცისქვეშ იცხოვრებს. ავტოსტოპით იმოგზაურებს თუ მანქანას იყიდის, სადაც ყოველდღე ბენზინს ჩაასხამს და სამსახურში ივლის.

სამსახურში ივლის და იმუშავებს ვირივით, იმისთვის რათა ნაყიდ მანქანაში ჩაასხას ბენზინი, დარეკოს ტელეფონზე, იყიდოს ძონძები, ააშენოს სახლი, მოიშენოს კიდევ ერთი სახლი, ააშენოს ტერასა, რომელიც არაფერში სჭირდება, იყიდოს უამრავი ნაგავი, რომელიც ყოველწელს იცვლება და ახალი გამოდის. შენც ყიდულობ, აახლებ, მერე რა რომ სულ არ გჭირდება.  ეს ერთი მხარეა.

მეორე მხარეა, როდესაც კვლავ მუშაობ ვირივით ან უფრო მეტადაც, შენი შემოსავალი არაფერს ჰყოფნის, გიწევს დამატებითი სამუშაოს შოვნა ან არსებული სამუშაოს შენარჩუნება ხან ცეცხლით და ხანაც შუბლის ძარღვის გაწყვეტამდე. არ გაქვს მუდმივი კონტრაქტი, ზიხარ ეკლებზე, გყავს შვილები უამრავი გადაუდებელი საჭიროებით, იხდი სახლის ქირას და მუდმივად გეშინია არ დაკარგო სამსახური.

ორივე შემთხვევაში შენს გარშემო გამეფებული არასწორი მენეჯმენტის, კანონების, დამოკიდებულების, სახელმწიფო პოლიტიკის მონა ხარ და ასევე იმ ნაგავის, რომელიც ყოველწელს იცვლება და ახალი გამოდის.

იწყება დეპრესია. ძნელია დეპრესიასთან ბრძოლა, ისევე როგორც იმ მენეჯმენტთან ბრძოლა, რომელსაც 17 თანამშრომელი ჰყავს და შენი ავადმყოფობის შემდეგ მიხვდა, რომ 16 თანამშრომელიც მშვენივრად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას. შენ არავის სჭირდები. შენ უკვე ეჭვი გეპარება საკუთარ არსებობაში.

ბიაფის ფარგლებში ნაჩვენები ძმები დარდენების ახალ ფილმში, მარიონ კოტიარის გმირს, ორი ღამე და ერთი დღე აქვს, რათა დაარწმუნოს თავისი თანამშრომლები, უარი თქვან მისი გაგდების სანაცვლოდ გაცემულ ერთჯერად, 1000 ევროიან პრემიაზე. ზოგს ახალი ტერასა აქვს დასამთავრებელი, ზოგს მშიერი ბავშვი უჭყავის შინ, 1000 ევროზე უარის თქმა ძალიან ძნელია, ასეთ ძაღლივით ენაგადმოგდებულ ცხოვრების ორომტრიალში.

თუ თავისუფლებას ასე გავიგებთ, თანამედროვე მონები ასეთი თავისუფლები ვართ.

კადრი ფილმიდან “ორი ღამე, ერთი დღე”
Posted in კინემატოგრაფია

”მე შენს გონებას სიზმრებით ჩავწვდები”

მე და დიკაპრიო ერთად გავიზარდეთ 🙂 ახლაც შეიძლება ნახოთ ჩემს სახლში წიგნები, რვეულები დიკაპრიოს ფოტოებით, სტიკერებით, შემორჩენილი ძველი 90-იანი წლებიდან, მახსოვს კედლებზე მისი პოსტერები მქონდა გაკრული .. .

ლეოს ანგარიშზე უამრავი ფილმია, ”ტიტანიკი” მათ შორის ყველაზე გამორჩეულია თუმცა მე ამ ფილმს მის, როგორც მსახიობის წარუმატებლობად განვიხილავ.

მისი ადრეული ფილმებიდან ავღნიშნავ 1993 წელს გადაღებულ ფილმს ”რას მიირთმევს გილბერტ გრეიფი”, რამაც 19 წლის ასაკში პირველი ოქროს გლობუსის და ოსკარის ნომინაცია მოუტანა მსახიობს, 1995 წელს გადაღებული ფილმი ”სრული დაბნელება”, სადაც ლეონარდო არტურ რემბოს რულს ასრულებს (ფილმი ასახავს რემბოს და ვერლენის ურთიერთობებს) და 1996 წელს გადაღებული ”მარვინის ოთახი” რობერტ დენიროს, მერილ სტრიპის და დაიან კითონის კომპანიაში.

ხოლო უახლესი ფილმებიდან რა თქმა უნდა გენიალური მარტინ სკორსეზეს ”ნიუ იორკის ბანდები”!!!!  LOVE THAT GORGEOUS FILM!!!!!

ბოლო ფილმი ”დასაწყისიINCEPTION ჯერ არ მაქვს ნანახი, იმედია ბილეთები შემხვდება და მალე ვნახავ.

ფილმი სამეცნიერო-ფანტასტიკის ჟანრს განეკუთვნება 160 000 000$ ბიუჯეტით, მთავარ როლებშო ლეონარდო დიკაპრიო, მარიონ კოტიარი როგორც femme fatale, ელენ პეიჯი, მუსიკა ჰანს ციმერი, რეჟისორი ქრისტოფერ ნოლანი.

ფილმის პრემიერა 16 ივლისს შედგა, მისი ბიუჯეტი 160 000 000$, გამოსვლიდან პირველ კვირას ფილმმა უკვე  $62,785,337 შემოსავალი მოიტანა, ჯამში 21 ივლისის ჩათვლით მიღებულია $108,091,000.

ლეონარდო დიკაპრიო

რას ამბობენ? ამბობენ მატრიცას შემდეგ საუკეთესო ფილმია სამეცნიერო ფანტასტიკურ ჟანრშიო. ვნახოთ ვნახოთ . . . .

მარიონ კოტიარი – ჩემი საყვარელი მომენტი

დიკაპრიო ფილმში ასრულებს Dom Cobb-ის როლს, რომელიც შედის ადამიანის ქვეცნობიერში და იპარავს იდეებს, სიზმრებს.

ციტატები ფილმიდან:

Cobb: ”რომელი პარაზიტი ცხოვრობს ყველაზე დიდ ხანს? მხოლოდ იდეა. ადამიანის იდეა, რომელსაც შეუძლია ააგოს ქალაქები. იდეა, რომელსაც შეუძლია გარდაქმნას მსოფლიო და ხელახლა დაწეროს კანონები. ამიტომაც მე ვალდებული ვარ მოვიპარო ისინი”.

Cobb: ”ერთი რამ უნდა იცოდე ჩემს შესახებ. ჩემი სპეციალობა უსაფრთხოების განსაკუთრებული სახეობაა, რომელსაც ქვეცნობიერი უსაფრთხოება ჰქვია”.

Fischer: ”სიზმრებს გულისხმობ?”

Cobb: ”მე შენს გონებას სიზმრებით ჩავწვდები”

მიყვარს ეს ბიჭი!!!

 

ბატონო სკორსეზე  მოიფიქრეთ რამე, მინდა, რომ ეს ბიჭი მალე ვიხილო ოსკარით ხელდამშვენებული!