ტირიან ჩვენი სხეულები

თითქმის ერთი თვეა სავარჯიშო დარბაზში დავდივარ, ხანმოკლე დიეტის და შენარჩუნების ეტაპების შემდეგ, არჩევანი სავარჯიშო დარბაზზე შევაჩერე, მეზარებოდა მაგრამ მარტო არ ვიყავი და ვიფიქრე რომ არ ვიზარმაცებდი. დავრჩი მარტო. ცოტა შემეშინდა იმის, ყველა სხვა რუტინის მსგავსად ესეც მალე მომბეზრდებოდა და შევწყვეტდი. ღრმად ამოვისუნთქე და ჩავფიქრდი, ჩავფიქრდი იმ მიზეზებზე რატომ უნდა მევლო სპორტდარბაზში, არც მეტი არც ნაკლები ჩემ თავს გულახდილობა მოვთხოვე, ვინმესთვის უნდა გამეკეთებინა ეს? არა, ხაზგასმით არა. მინდოდა ისევ პასიურ რიტმს დავბრუნებოდი? რასაკვირველია არა. ხოდა, ავაფრიალე ტრენერის დაწერილი შაბლონური პროგრამა და დავიწყე ვარჯიში. თავიდან, დღეგამოშვებით დავდიოდი, ვაცდენდი კიდეც, ახლა ყოველდღე დავდივარ. ვარჯიშს დღითიდღე უფრო ვუმატებ, უნებლიედ ჩემი თავი დავიჭირე, რომ უკვე წელში გამართულიც კი დავდივარ და საერთოდ შემძლებია თურმე.

ძალიან მნიშვნელოვანია გარემო და ის ადამიანები, რომლებიც ჩემთან ერთად ვარჯიშობენ ამ სივრცეში, განსაკუთრებით გოგოები რასაკვირველია.

დღესაც, შუადღის მორიგი ვარჯიშის დროს, სარბენ ბილიკზე სირბილისას და მუსიკის ფონზე ვათვალიერებდი მოვარჯიშეების სახეებს და ვფიქრობდი, როგორ მიიღეს აქ მოსვლის გადაწყვეტილება,  სვანეთის მთების და კოშკების ფონზე შიშველი, მოვლილი, ფორმაში მყოფი სხეულის დანახვა ვითომ? მეგობარი გოგოს ან მეგობარი ბიჭის ჩიჩინი? მშობლების ან და-ძმის ჩიჩინი? თუ ჩემსავით დასხდნენ ესენიც და შეკითხვები წააყარეს საკუთარ თავს?

აი, ჩემ წინ დაახლოებით 40 წლამდე მამაკაცი ვარჯიშობს, საშინლად უკმაყოფილო სახით,  ისე თითქოს 10 ან 20 წლით უმცროსმა გერლფრენდმა კინწისკვრით გამოაგდო, წადი ივარჯიშე, ღიპი დაიგდეო, ესეც საწყალი ხან ერთ რკინას მიაწყდება, ხან მეორეს, ყოველ ამოქაჩვაზე ისეთი სახე აქვს, გეგონება ტრენაჟორს ეხვეწებოდეს ცოტათი მაინც დამსუბუქდიო. მის ყოველ მოძრაობაზე ვგრძნობდი რომ გარშემო ყველა დამნაშავე ვიყავით, ყოველშემთხვევაში ასე ჩანდა. ან შეიძლება არ მეჩვენებოდა და მართლაც ასე იყო, ზედმეტად ბევრს ხომ არ ვითხოვთ ხოლმე ერთმანეთისგან? ყველას ხომ არ სიამოვნებს ჯანსაღი წესით ცხოვრება? იქნებ არ უნდა ფორმაში ყოფნა და მხნეობა? იქნებ ფიქრობს რომ ღიპი მისი ბუნებრივი მდგომარეობაა და ეს ასაკი სწორედ ღიპის, მოდუნებული კუნთების და მუდმივი დაღლილობის ასაკია? რატომ უნდა შევუშალოთ ხელი?

ან იქნებ ის 25-27 წლის ბიჭი, რომელიც ასწევს ერთ გირს და ორი საათი მისჩერებია სარკეს ან ტელეფონს და დარწმუნებულია რომ ეს ფორმა და შემართება მთელი ცხოვრება გაყვება, ეს მისი გენეტიკაა და არაფერი შეიცვლება, ამ ეტაპზე კი, დარბაზში ერთ ხელში გირით და მეორე ხელში აიფონით, უბრალოდ მილფებს დაათვალიერებს.

ხოდა რა არის მთავარი? მთავარია თქვენ სად ხართ კომფორტში, პირველ რიგში საკუთარ თავთან თუ ხართ კომფორტულად? თუ წვალობთ, იტანჯებით და ეს ის არ არის, რასაც რეგულარულად და სისტემატურად გააკეთებდით მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, ნუ აატირებთ თქვენს სხეულებს, ჯობია სხვა რამე სცადოთ, აერობიკა, ცეკვა, სირბილი, ცურვა, იოგა, ჭოკით ხტომა და არ იფიქროთ იმაზე ხალხი რას იტყვის, რაღა დროს შენი ფორმაში ჩადგომაა, აწი შენ ვერ დაიბრუნებ ძველ ფორმებს, თუ გათხოვდი უნდა გასუქდე კიდეც აბა როგორ, 35 წლის კაცი ხარ და აბა ღიპი არ გექნება? და ა.შ. პირველ რიგში, რაც უნდა გააკეთოთ არის ის, რომ ეს ხალხი სანაგვეზე გადაყაროთ, დამიჯერეთ ამ დროს ერთ 25 კილოს მყისიერად ჩამოიკლებთ და მშვიდად გადახვალთ შენარჩუნების და სტაბილურობის ეტაპზე.

Advertisements

ქუნქური რა ხილია?

სოფელში დიდი სახლი გვაქვს, სოფლის სახლები ერთმანეთთან ახლო-ახლოს დგას. მახსოვს, ჩემს ბავშვობაში გვერდითა სახლის მეზობელმა, ჩვენი სახლის ეზოსკენ კედელზე ფანჯარა გამოჭრა, რომელიც პირდაპირ ჩვენ სახლს და ფანჯარას უყურებდა. არ დამავიწყდება ბაბოჩემის, თამარას აღშფოთება ამ ამბავზე, ახლა ფანჯრებიდან უნდა ვუჭვრიტინოთ ერთმანეთსო? ბაბო 86 წლისაა, ყველა ეპოქას მოსწრებული, თავისუფლებასაც და შებოჭილ, სირაქლემის პოზის მოყვარულ საბჭოთა კავშირსაც. პირად სივრცეზე და თავისუფლებაზე უფრო მეტი ესმის, ვიდრე ჩემი მშობლების თაობის დიდ ნაწილს ან თუნდაც ჩემივე თაობას.

არც ის დამავიწყდება, მეზობლის სახლსა და ჩვენს შორის ეზოში ლეღვის ხე რომ დადგა, რათ უნდა ხედავდნენ, მე ჩემს ეზოში რას ვაკეთებო, გაიფურჩქნა და გადაიშალა ლეღვის ხე, მეზობლის სახლსაც ვეღარ ვხედავთ, არათუ რამე დეტალს. რა სიმბოლურია, ლეღვის ფოთლები ოდითგან ხომ ყველაფერს ფარავს.

ასე ცდილობდა ბაბო თავისი პირადი სივრცის შექმნას და ამ დაუფასებელი და ძნელად მოსაპოვებელი სულიერი კომფორტის ყოველთვის დიდი მხარდამჭერი იყო და არის.

რა არის პირადი სივრცე? ზოგისთვის, გაგიკვირდებათ და მხოლოდ ჟიმაობასთან ასოცირდება, რასაკვირველია ყველა თავისი გარყვნილებიდან გამომდინარე ზომავს და წონის, არადა, პირადი სივრცე, ძალიან მარტივად და უბრალოდ, ჩაკეტილ ოთახში ჯდომას და ყავის სმას შეიძლება ნიშნავდეს, ან საერთოდ იატაკზე გდებას, ფანჯარაში უმისამართოდ ყურებას, როცა სრულიად დარწმუნებული ხარ რომ კარს არავინ შემოგიჯლაგუნებს და არ შეგაწყვეტინებს შენს ფიქრებში, ოცნებებში და გეგმებში უმისამართოდ ბოდიალს.

ამის მერე ვფიქრობ, რა რჯის ქუჩაში მოსეირნე ადამიანს, რომელიც ცდილობს დაინახოს, რა ხდება მეთხუთმეტე სართულზე. ჭვრიტინის და სხვის ცხოვრებაში ხელების ფათურის გამუდმებული სურვილი რატომ აქვთ? გამოძიების, გამორკვევის, გამოკითხვის სურვილი, რა აწუხებთ? თავისი ცხოვრება არ აქვთ? ხომ ჰყავთ ოჯახი, შვილები, სამსახური, შეხედავ და ვერაფერს იტყვი, თითქოს დაკავებული უნდა იყოს ადამიანი ამ ყველაფრით და სხვის ცხოვრებაში გარკვევისთვის დრო აღარ უნდა რჩებოდეს, თავის მოსაფხანადაც არ უნდა რჩებოდეს დრო.

ადამიანებო!

ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი მეთხუთმეტე სართულები, სადაც კრებსითი ნინო ლაბარტყავები ცდილობენ შემოჭვრეტას და დეტალების გარჩევას.

ჩვენ ყველას გვყავს ბოიფრენდი, გერლფრენდი, ზოგს კი ორივე ერთად. ხომ არ ვთქვათ, რომ ყველა ვქუნქურებთ? ზოგი მეთხუთმეტეზე, ზოგი პირველზე, ზოგი ტრიალ მინდორში, ზოგი მანქანის კაპოტზე, ზოგიც სად და ზოგიც სად.

ჩვენ ვიცით, რომ ბავშვები წეროებს არ მოყავთ, არც კომბოსტოში სხედან.

ამასთან, ჩვენც და გარშემომყოფებსაც ძალიან გვიყვარს სირაქლემას პოზა, რასაკვირველია არა ლოგინში, არამედ ყველგან ლოგინის გარდა.

რაზე გაანჩხლდა ნინო ლაბარტყავა? რედისონის მინები ამრეკლია, იქნებ ნინომ საკუთარი თავი დაინახა სარკეში და შეეშინდა ვინმეს არ დაენახა და გადაწყვიტა სასწრაფოდ აღეკვეთა საკუთარი ქცევა სასტუმროს მეთხუთმეტე სართულზე. შევარდა ფოიეში და დედისტრაკი დაახურა პერსონალს იმ ბავშვის თანდასწრებით, რომელსაც მანამდე იმიზეზებდა, გაირყვნებაო, რას აკეთებენ თქვენს სასტუმროში, აქ ბავშვები არიან და უყურებენო.

აბა რა ჰგონია ნინოს და სხვა ნინოებს, მეთხუმეტე სართულზე შეიძლება ნარდის სათამაშოდ აიგორგლო?

საახალწლო საღამოზე წასული ბავშვი მეთხუმეტე სართულისკენ როდის იყურება?

ნინო ლაბარტყავების შიშით ქუნქური ვის გაუწყვეტია, თუმცა თავისუფლად შეიძლება სირაქლემას პოზის საკრალიზაციას შეუწყოს ხელი და თავები ამოყოთ და თქვათ, ქუნქური არ ტეხავს მეგობრებო, არც ლეღვია და არც ვაშლი და საერთოდ ხილიც არ არის!

 

ახალ წელს გილოცავთ!