რა უყვარს გასპარ ნოეს

ერთი ამოსუნთქვით სანახავ ფილმებში, ძალიან მნიშვნელოვან ადგილს მივუჩენდი გასპარ ნოეს ახალ ფილმს „კულმინაცია“.  ისეთი შეგრძნებაა, თითქოს, პირველივე კადრის გახსნისთანავე ფეხქვეშ მიწა გეცლებათ, მთელი ფილმის მანძილზე ელვის სისწრაფით ბნელ და სახიფათო გვირაბში ვარდებით და ბოლოს, ერთბაშად მზის სინათლეზე გამოდიხართ. როგორ და რა მდგომარეობაში  გამოდიხართ, ეს უკვე მთელი ფილმია.

ერთ ფურცელზე დაწერილი და ორ კვირაში გადაღებული ფილმი სრულიად თავბრუდამხვევია, მთვრალი და ძაან გასულია. რეჟისორიც მთვრალი და გასულია, ისევე როგორც მისი კამერა, რომელსაც ხელიდან არ უშვებს და ცდილობს მაქსიმალურად გაახანრძლივოს ეფექტი გრძელი კადრებით, წითელ სანგრიაში, სისხლში და ნარწყევში ამოვლებული გრძელი კადრებით.

„მე არ მიყვარს ადამიანებზე ლაბორატორიის ვირთხებივით დაკვირვება. შენ უნდა იყო ვირთხა  ვირთხებს შორის.“ ასეც არის, სხვანაირად კარგი ფილმი არ გამოვა.

ცხოვრების კულმინაციურ მომენტებში ვიღაც ბევრს ჭამს, ვიღაც სასმელში ღვივდება, ვიღაც ბოლთას სცემს და ბევრს ეწევა. ყველას ჩვენ ჩვენი საშუალება გვაქვს მდგომარეობიდან გამოსვლის, ბედნიერების გაასმაგების მისაღწევად. ამ ფილმში ცეკვა პირველია, ცეკვავენ თავისუფალი მოცეკვავეები, პრივატული „ტუსოვკების“, იუთუბის ვარსკვლავები.

გასპარ ნოეს უყვარს ცეკვა. „მიყვარს სექსი, ცურვა და ცეკვა. ჩემი ცხოვრების ყველაზე კულმინაციურ მომენტებში საცეკვაოდ მივდივარ. ყოველთვის როდესაც პარიზში ვბრუნდები, მივდივარ კლუბებში. თავი მავიწყდება, როდესაც ვცეკვავ.“

მეც ასე დამემართა. თავი დამავიწყდა, როდესაც კულმინაციას ვუყურებდი.

 

——-

“კულმინაცია” იგივე “ექსტაზი” ვნახეთ ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალის, დიდოსტატთა კოლექციაში. ამჟამად გადის კინოთეატრებში

 

ოცნებები გვიან ხდება

დღეს, ერთი მოხუცი ბაბუ ვნახე რუსთაველზე, რომელსაც მიწისქვეშა ამოსასვლელთან, უკვე კარგა ხნის ფერდაკარგული ჟურნალ-გაზეთები, პოსტერები, კედლის ანბანები და რუქები გასაყიდად გამოეტანა. აქა-იქ თვალში მომხვდა რამდენიმე ისეთი ჟურნალი, რომელსაც 90-იან წლებში მეც ვაგროვებდი, ვჭრიდი პლაკატებს და ჩემს ოთახში კედლებზე ვაკრავდი. ბაბუს, მადონას შავ-თეთრი პოსტერიც კი შემოენახა. თუ ორიოდე ტელე ან რადიო გადაცემას არ ჩავთვლით, ჩემთვის, ეს ჟურნალები ერთადერთი წყარო იყო მაშინ, რომ რაღაც დამატებითი გამეგო კინომსახიობების, რეჟისორების და ზოგადად კინოს შესახებ. ჰო, ინტერნეტი მაშინ არ გვქონდა, ხოლო შუქი ზუსტად მაშინ მოდიოდა, როცა მეორე არხზე ტომიჯერი (და არა Tom & Jerry) იწყებოდა.
ჟურნალებიდან ამოჭრილ დიდ პოსტერებს კედელს ვუთმობდი, პატარებს რვეულში ვაკრავდი და აღწერილობას ვურთავდი; ეს რვეულები ახლაც შენახული მაქვს.

90
90-იანი წლები საკმაოდ რთული პერიოდი იყო, მთელი თინეიჯერობა სწორედ ამ გაყინულ, ბნელ პერიოდს დაემთხვა, არა თეატრი, არა კინო, არაფერი მსგავსი არ ხდებოდა, საღამოს ქუჩაში გასვლა საშიში იყო, მხოლოდ ტელევიზორში თუ ვნახავდით რამეს, მაგალითად გადაცემა “ილუზიონში”. ასე მეხუთე კლასში ვიქნებოდი, მამამ პირველად კინოთეატრში რომ წამიყვანა, პირველად ანუ რაც ჩემს მეხსიერებას დაამახსოვრდა როგორც კინოში წასვლა, ეს იყო კინოთეატრი “საქართველო”, დაახლოებით 1990 წელი, და ვნახეთ სერჯო ლეონეს ფილმი “ერთხელ ამერიკაში”, მესამე ნაწილი.

ზუსტად ვერ ვიხსენებ, პირველად როდის გამიჩნდა ფილმის გადაღების სურვილი, მაგრამ მახსოვს რატომ გამიჩნდა, 90-იანებში გარესამყაროსგან სრულიად მოწყვეტას ერთი ბრწყინვალე თვისება ჰქონდა, ადამიანები ერთმანეთს უკეთესად ვხედავდით, ვუსმენდით და ვესაუბრებოდით ერთმანეთს, გარშემო ხდებოდა ბევრი, ხშირად სამწუხარო, მაგრამ საინტერესო ამბავი; თითოეული ასეთი ამბავი, თავისი შემადგენელი სცენებით, დიალოგებით თუ მონოლოგებით უკვე იყო კინო, კინო, რომელსაც მხოლოდ გონებაში თუ ჩაიწერდი და დაიმახსოვრებდი. ასე გროვდებოდა გამოცდილება, ილექებოდა ამბები და იზრდებოდა წარმოსახვა.

ოცნებები გვიან ხდება, თუმცა ესეც კარგია რომ პროფესია რეჟისორი არ გახდა ჩემი პირველი პროფესია, და არის რიგით მესამე, თუმცა ახლაც მგონია, ჯერ ისევ ადრე ხომ არ არის, იმდენად რთული და მნიშვნელოვანი პროფესიაა, პროფესია რომელსაც ფეხდაფეხ გამოცდილების მიღების გარდა, ჯერ კიდევ არჩევამდე მოითხოვს ძალიან დიდ გამოცდილებას.

წესით, ჩემი პირველი ფილმი “დაიცავი გუდიაშვილი” უნდა ყოფილიყო, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო გადაიდო ფილმის პოსტპროდაქშენი. ამგვარად, ჩემი პირველი, დასრულებული ფილმია “The Bridge”, რომელიც ბათუმში გადავიღე, BIAFF-ის და Postcode Fillms-ის  მხარდაჭერით. ამ თემაზე ფილმის გადაღებას ჩემგან ვერავინ წარმოიდგენდა ალბათ, მაგრამ ეს არის ფილმი, ახალგაზრდა გოგონაზე, რომელიც დელფინების მწვრთნელად მუშაობს ბათუმის დელფინარიუმში. 90-იანებისგან განსხვავებით, ახლა ადამიანებს უფრო მეტი სივრცე და საშუალება აქვთ აირჩიონ ზუსტად ის პროფესია, რომელიც ძალიან უყვართ, რომელზეც ბავშვობიდან ოცნებობდნენ და არა მხოლოდ სიტუაციის და გარემოების შესაბამისად, პრაგმატულ მოტივებზე დაყრდნობით, ამ ფილმის გადაღების მთავარი იდეაც სწორედ ეს იყო, აკეთო ის რაც გიყვარს, რითაც არ იღლები, რაც არ გბეზრდება, მიუხედავად იმისა იღებ ანაზღაურებას თუ არა.