Posted in ჩემი ლექსები

მკითხველი

პაპას ❤

ფეისბუქის პროფილში ჩახედვა ისე შემიძლია,

როგორც ადრე ყავაში ვიხედებოდი,

უშუქობის დროს,

ოთხმოცდაათიანებში,

დიდი წითელი კერასინკის გარშემო.

მეზობლები, მეგობრები, უსაქმურები,

მუხლებამდე მზესუმზირის ჩენჩოში ჩამსხდრები,

დღისით,

საღამოს კი სანთლის ნაღვენთში,

და სიბნელეში კერასინკაში ჩაქცეული ყავის სუნში,

ნავთიანი ყავის სუნში.

წიგნში ჩახედვა ახლა ისე აღარ შემიძლია,

როგორც ადრე, სანთლის შუქზე,

ოთხმოცდაათიანებში,

დიდი წითელი კერასინკის გარშემო,

მუხლამდე ნაღვენთში,

და მბჟუტავ შუქზე აღმოჩენილ სამყაროში,

სადაც იკარგებოდი თითქმის მილეული სანთლის იმედად.

ადექი, დაწექი, თვალები გეტკინება

დაუსრულებლად,

ბებია, ბაბო, დედა, მამიდა, მზრუნველების მთელი არმია.

თვალები კი ერთადერთია, რაც არასოდეს მტკივა

არც მტკენია

არც უტკენია ვინმეს

არც მე და არც პაპას,

ისიც ლამფის შუქზე კითხულობდა. სულ. სანამ მოკვდა.

უსათვალოდ თან.