Posted in კინემატოგრაფია, კულტურა

რაც მამას უნდა

თეძოების რხევა, ირლანდიისთვის უცხო ამერიკული ჯაზის რიტმებზე – ეს გარყვნილებაა, დარბაზის გახსნა ცეკვებისთვის, ხატვის, მუსიკის წრეებისთვის, საუბრებისთვის და აზრთა გაცვლა-გამოცვლისვის კი უბრალოდ ძალიან საშიშია.

ყველაფერი უცხო საშიშია. უცხოს უნდა მოვერიდოთ, არ გავეცნოთ, საფრთხის მომტანია. ხშირად მეჩვენება რომ ქართულ ენაშიც რაღაცნაირად ზედმეტად ხშირად და თან უადგილოდ ვიყენებთ ხოლმე ამ სიტყვას. ალტერნატივაც ვერ მოვიფიქრე. ცნობა ეძლევა “უცხო ქვეყნის” მოქალაქეს – რა უხეშად ხვდება ყურს, პირდაპირ ქვეყანა რომ მიეთითოს არ შეიძლება? ან “საუკეთესო უცხოენოვანი თარგმანისთვის ჯილდო გადაეცემა . . .”  აქაც არ შეიძლება პირდაპირ ენა დაასახელონ?

ნაცნობი სიტყვის ჩანაცვლება “უცხო”-თი, რაღაცნაირად გვაშორებს ამ სიტყვასთან, გვაუცხოებს და გვაშინებს.

მამას ეშინია. მამას არ სურს დარბაზის არსებობა. ის თვლის რომ ეკლესიიდან წამოსული განათლება საკმარისია და სხვა ყველაფერი ზედმეტი და საფრთხის შემცველია.

ერთხელ უკვე გაძევებული და ამერიკიდან ახალდაბრუნებული ჯეიმს გარლტონი, სერიოზული პრობლემაა სულიერი მამისთვის და მდიდარი მემამულეებისთვის. სოფელში გამეფებულ სიღარიბეს, ახალმოხნული მიწის სურნელს აზროვნების ნოტები შეპარვია.

დარბაზის გახსნიდან პირველივე ქადაგებაზე, სულიერი მამა ასახელებს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ესტუმრნენ დარბაზს, არცხვენენ საზოგადოებას, საკუთარ ოჯახებს და გარყვნილებაში ეფლობიან. დარბაზი ეშმაკეულია.

ეს ამბები ირლანდიაში ხდებოდა 30-იან წლებში. სწორედ ამას გვიყვება კენ ლოუჩის ფილმი “ჯიმის დარბაზი”, რომელიც კინოფესტივალზე  ვნახე, ბათუმში.

ფილმის ნახვის შემდეგ ბევრი ასოციაცია გამიჩნდა და ბევრი შტრიხი გავაიგივე ჩვენს დღევანდელ რეალობასთან. სამწუხაროდ.

რა უნდა მამას? როგორ უნდა მამას? და რატომ არის მამა? . . . . კითხვები არ უნდა გებადებოდესო, თუმცა ვერ ისვენებენ და ეს და სხვა მრავალი კითხვა მიტრიალებს ხოლმე თავში.

ამ რამდენიმე ხნის წინ, კაზანტიპზე თეძოს გაქნევა და მუსიკის მოსმენა იყო დიდი გარყვნილება, ანაკლია-განმუხურის დაკარგვით იმუქრებოდნენ. მამას არ უნდოდა კაზანტიპი.

ხან სუნამოა ეშმაკეული, ხან კრიმინალზე არ უნდა ვისაუბროთ, ხან საზღვარგარეთ არ უნდა წავიდეთ სასწავლებლად, ხან ეს და ხან ის არ უნდა მამას.

ფილმის დასასრულს ყველაფერი ისე ხდება როგორც მამას უნდა, თუმცა რასაკვირველია რჩება და ჩნდება იმედი, სულ პაწაწინა სინათლე, უშრეტი და მზარდი ენერგიის წყაროთი, ენერგიული ახალგაზრდებით, შემტევი თაობით.

უცხო სუნელსაც აქვს თავისი სახელი – ულუმბო ჰქვია.

Posted in კინემატოგრაფია, კულტურა

როდის ვესტუმროთ ბათუმს

როდის ვესტუმროთ ბათუმს

უკვე მესამე წელია შვებულებას ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალს  ვამთხვევ, რომელიც აგერ უკვე მეცხრე წელია პაუზის გარეშე ტარდება.

გადატვირთულ-გადარბენითი გრაფიკის გამო, სტაბილურად ვერ ვახერხებ ახალი ფილმების ნახვას, მითუმეტეს საავტორო კინოს მიმართულებით. შესაბამისად შვებულების დამთხვევა ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალზე ჩემთვის იდეალური ვარიანტია.

მზე, კამკამა ზღვა, მშვიდი ქალაქი, ხანდახან წვიმა, დიდი დოზით კინო (5-6 სეანსი დღეში), მასტერკლასები, ვორქშოფები და ბევრი საინტერესო სტუმარი სხვადასხვა ქვეყნიდან – ეს არის სექტემბერი ბათუმში, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ, თუ კი კინო გიყვართ.

რა არის საავტორო კინო

 საავტორო კინო  ეს არის დამოუკიდებელი კინოს  უფრო მეტად ღრმა და ინტელექტუალური მიმართულება, რომელიც განკუთვნილია არა ფართო მაყურებლისთვის, არამედ შედარებით ვიწრო წრისთვის. როგორც წესი ასეთი კინო არ არის გათვლილი მოგებაზე, ახასიათებს ხელოვნების ისეთი -თვისებები, რაც შორს დგას ჰოლივუდური თუ სხვა კომერციული კინოსგან. საავტორო კინო ეხმაურება სხვადასხვა სოციალურ თემატიკას, ეთნიკურ, რელიგიურ, გენდერულ და სხვა სახის პრობლემებს.

წლევანდელ ბიაფზე ისეთი რეჟისორების უახლეს საავტორო ნამუშევრებს ვნახავთ, როგორიცაა: კენ ლოუჩი, ლარს ფონ ტრიერი, ივან ტვერდოვსკი, ფარიდ ესლამი, ნური ბილგე ჯეილანი, ჟან-ლუკ გოდარი, ასევე ქართველი რეჟისორების ნანა ჯორჯაძის, ლევან კოღუაშვილის, თინათინ ყაჯრიშვილის, გიორგი ოვაშვილის, გიორგი ვარსიმაშვილის, დეა კულუმბეგაშვილის და სხვათა ახალ ნამუშევრებს.

თუ ეს სახელები ამოიცანით, გილოცავთ! ამ სახის კინოფესტივალები ზედგამოჭრილია თქვენთვის, თუ ვერ ამოიცანით, მაშინ ჯერ კიდევ გაქვთ შანსი გაიგოთ რა არის კარგი კინო, ამისთვის შორს წასვლა კი ნამდვილად არ მოგიწევთ. 🙂

კენ ლოუჩის “ჯიმის დარბაზი’  

ჟან-ლუკ გოდარის “მშვიდობით ენავ” 

გიორგი ოვაშვილის “სიმინდის კუნძული” 

ივან ი. ტვერდოვსკის “გამოსასწორებელი კლასი” 

ფარიდ ესლამის “ერთიანი სტამბოლი”