Posted in კულტურა, საზოგადოება, History, Photography

ფოტოები საოჯახო ალბომიდან

დღეს თითქმის ყველას აქვს ფოტოკამერა ან ფოტოკამერით აღჭურვილი მობილური ტელეფონი, შესაბამისად შანსი იმისა, რომ რაიმე მნიშვნელოვანი ან უმნიშვნელო მოვლენა გამოგვეპაროს, ძალიან მცირეა.  თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამა თუ იმ მოვლენას ან საერთოდ არავინ იღებს ან ძალიან ცოტა ფოტოგრაფია წარმოდგენილი.

მოდით, ცოტა ხნით დავბრუნდეთ წარსულში, პირველი, რაც მახსენდება, ჩემი სოფლის სოფლის სახლში აღმოჩენილი ფოტოალბომებია (რეალურად პირველი შეხვედრა ზოგადად ფოტოგრაფიასთან), შემდეგ სოფლის ფოტო ატელიე მახსენდება, სადაც ორი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფოტო გადავიღეთ, ერთხელ ჩემს პატარა და – ძმასთან და ბიძასთან ერთად და ერთიც, ნათესავ გოგოებთან ერთად, დაბადების დღის და მთელი ღამე ქეიფის შემდეგ, დილას ნაბახუსევზე დავადექით ე.წ. მესურათეს. თბილისში მაცილებდნენ, მორიგი არდადეგების შემდეგ.

სამ თვიანი არდადეგების ერა მალე დასრულდა, მასთან ერთად ბავშვობაც, ფოტოებმა კი განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ჩემს ცხოვრებაში.

ძველებურ ატელიებს დღეს იშვიათად გადააწყდებით, თუმცა ამ ატელიეებში და ოჯახებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ფასდაუდებელი არქივები დარჩა.  ცხადია, ეს განსაკუთრებით იმ პერიოდს ეხება, როდესაც ფოტოკამერა ფუფუნება იყო, თუ იღებდნენ ისევ და ისევ ატელიეებში ან ფოტორეპორტიორები ადგილობრივი ჟურნალ-გაზეთებისთვის.

ჩვენთვის ცნობილი და საჯაროდ გამოტანილი ფოტოები ძალიან მცირეა, წინა პერიოდებიდან თითზე ჩამოსათვლელი ფოტოგრაფები ვიცით, ფოტოებიც ცხადია მათი პირადი არქივებიდანაა შემორჩენილი ან კერძო კოლექციებიდან.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ გადაღებული ფოტოების უმეტესი ნაწილი მოგზაურების წყალობით არსებობს, რომლებიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოს კუთხეებს სტუმრობდნენ. ზოგი ფოტოგრაფი იყო, ზოგიც უბრალოდ მოგზაური კამერით; გადაღებული ფოტოები ნაწილი საქართველოშია დაცული, ნაწილი საზღვარგარეთ, სხვადასხვა უნივერსიტეტების, ბიბლიოთეკების თუ მუზეუმების კუთვნილებაა.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, მნიშვნელოვანი არქივია კერძო კოლექციები, საოჯახო ფოტოალბომები, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და წლიდან წლამდე მდიდრდება.

ასე ვთქვათ, “გასაჯაროებულ” საოჯახო ფოტოებს, პირველად სტამბოლის ძველ ქუჩებბში გადავეყარე. ფოტოები ქორწილებიდან, საოჯახო წვეულებებიდან, დაბადების დღეებიდან, ბავშვობიდან, სტუდენტობიდან, პირველი პაემნიდან და სხვა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მომენტებიდან, ქუჩაში იყიდებოდა, დაბეჭდილი თუ ფირების სახით.

არ ვიცი, ამ ადამიანებმა იციან თუ არა იმის შესახებ, რომ მათი ცხოვრებისეული მომენტები ხან ქურუშად და ხან ერთ ლირად იყიდება სტამბოლის ქუჩებში. შეიძლება იციან ან არ. თუმცა გამვლელისთვის მეტად საინტერესოა, წამებში შენს თვალწინ იშლება ამა თუ იმ პერიოდის ვიზუალური ისტორია. შესაბამისად, საოჯახო ალბომების ისტორიული და ფოტოგრაფიული მნიშვნელობის გამო, დანაშაული უფრო ასეთი ფოტოების არ გამოჩენა მგონია.

მაგალითად, როდესაც ჯეოსელის და ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტის “ციფრული ფოტომატიანე”-ს ფარგლებში სურამში, ერთ-ერთ ძველ ფოტოგრაფს ესტუმრნენ, აღმოჩნდა, რომ ფოტოგრაფი ორი თვის წინ გარდაცვლილიყო, ხოლო მის შვილს კი, ფოტოებით სავსე მთელი ექვსი ტომარა თონეში დაუწვავს, იმის გამო რომ ვერაფერში გამოიყენებდა და ბევრ ადგილს იკავებდა.

ასეთი ისტორიები ბევრია. თუმცა არსებობს საიმედო ისტორიებიც, ადამიანები, რომლებიც სხვებსაც უზიარებენ თავის ფოტოალბომებს გაცნობის, შესწავლის და დაცვის მიზნით.

მესტიასაც ამ მიზნით ვესტუმრეთ. ციფრული ფოტოარქივი დღითიდღე იზრდება, ქალაქიდან ქალაქში და სოფლიდან სოფელში სიარულით. მართალია, ფოტოების ავტორი ხშირად უცნობია, ხშირად მასზე გამოსახულ ადამიანებსაც ვერ იხსენებენ, მაგრამ ვუყურებთ ფოტოებს და ვხედავთ ადამიანებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ადგილის შექმნაში, რომლებიც ქმნიან სვანეთს, ადგილის ისტორიას, იპყრობენ მწვერვალებს,  გაყავთ გზები, აგებენ სახლებს, ქმნიან კულტურის ცენტრებს, ბიბლიოთეკებს, სკოლებს, ადგილობრივ გაზეთს, ადამიანებს, რომლებიც დღეს უკვე აღარ არიან, რჩებიან ფოტოზე და ისტორიის განუყოფელ ნაწილად.

მესტია, 26.09.14

——-

"ნახტომი' - გურამ თიკანაძე
“ნახტომი’ – გურამ თიკანაძე
Posted in კულტურა, History

ბლოგერი პირველი მსოფლიო ომიდან

დღეს, ნებისმიერი ცხელი წერტილიდან მყისიერად ვრცელდება ფოტო, ტექსტუალური თუ ვიდეო მასალა.

პირველი მსოფლიო ომის დროს ამის საშუალება ყოფილიყო, ზღვა საინტერესო მასალა გაიშლებოდა ინტერნეტ სივრცეში, სწორედ პირველწყაროდან.

წერილები, ლექსები, მოთხრობები, ფოტოები, რასაც მებრძოლები ბრძოლის ველიდან აგზავნიდნენ ახლობლებთან, ნათესავებთან, საყვარელ ადამიანებთან.

ჰარი ლამინი, რიგითი ბრიტანელი ჯარისკაცი იყო, რომელიც პირველ მსოფლიო ომში დასავლეთის ფრონტზე იბრძოდა, 1916-1920 წლებში.

ფოტო გადაღებულია რაგლის ბანაკში
ფოტო გადაღებულია რაგლის ბანაკში

ჰარის შესახებ ვერაფერს გავიგებდით, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი შემთხვევა.

2007 წელს,  ინტერნეტსამყაროში გამოჩნდა ბლოგი, სადაც ჰარის შვილიშვილმა, ბილ ლავინმა პაპის წერილების გამოქვეყნება დაიწყო.

შვილიშვილი წერილებს სწორედ იმ თარიღით აქვეყნებდა, რა დღესაც პაპა აგზავნიდა შინ.

პირველი წერილი პაპამ 1917 წლის 7 თებერვალს გამოაგზავნა, ხოლო შვილიშვილმა, პირველი პოსტი 2007 წლის 7 თებერვალს დადო ბლოგზე.

1917 წლის 3 ოქტომბრის წერილში, ჰარი ლამინი წერს:

 “”ფრიცები” დილის ხუთი საათისთვის გამოჩნდნენ. საათნახევარი საშინლად დაძაბულ ბრძოლაში გავატარეთ, მაგრამ მტერი დავამარცხეთ და სანგრებთან არ მოვუშვით. ეს იყო ორასამდე რჩეული ჯარისკაცისგან შემდგარი ჯგუფი . . . იარაღი და ხელყუმბარები ჰქონდათ, კარგად იყვნენ შეიარაღებულნი. ოცჯერ მაინც მოვიგერიეთ შეტევა, მერე კაპიტანი მოგვიკლეს, რომელიც ძალზე კარგი ადამიანი იყო”.

 

როგორც შვილიშვილი აღნიშნავს აღწერაში, ბლოგის მიზანი 90 წლის წინანდელი ამბების ზედმიწევნით ზუსტად გადმოცემაა, რასაც ჰარი ლამინი თავის წერილებში მოგვითხრობს; ამგვარად, ეს მასალები საინტერესო იქნება დოკუმენტალისტებისთვის, ისტორიკოსებისთვის, სცენარისტებისთვის და ნებისმიერი სხვა დაინტერესებული ადამიანისთვის.

 

P.S. ამ და სხვა საინტერესო ამბებს, მდიდარი ფოტომასალით ნახავთ TIME-ის ქართულენოვანი სერიის პირველ ტომში. თუმცა კარგი იქნება შემდგომ სერიებში თარგმანს და კორექტურას მეტი ყურადღება მიაქციონ.

ჰარი ლამინი და არა ჰენრი ლამინი

ბლოგზე გამოქვეყნდა და არა ბლოგში გამოქვეყნდა/განათავსა

😉

TIME-ის ქართული სერიების პრეზენტაცია
TIME-ის ქართული სერიების პრეზენტაცია
Posted in Photography

რას მოგვითხრობს ფოტო

აბსოლუტურად ვეთანხმები იმ აზრს, რომ ფოტო უნდა ყვებოდეს ამბავს, ასევე გასათვალისწინებელია რომ ფოტო შეიძლება ყვებოდეს ამბავსაც, არ იყოს ამბავი, მაგრამ მოჰქონდეს ემოცია, იქნება ეს ცრემლიანი თუ ღიმილიანი, იყოს უბრალოდ კომპოზიციურად კარგად გამართული ან იყოს ლამაზი ფოტო, just as it is ან ყველაფერი ერთად 😀

ფოტოჟურნალისტიკაში საქმე ცოტა სხვანაირად არის, სამწუხაროდ, ფოტო ყოველთვის ვერ გვიყვება იმ ამბავს, რაც ფოტოგრაფმა მთელი სულით და გულით აღბეჭდა, და რაც უფრო გადის წლები ფოტოზე ასახული მოვლენიდან, მით უფრო გაუგებარი ხდება ესა თუ ის მოვლენა, ამბავი , შემთხვევა ანუ ფოტო უფრო და უფრო მუნჯდება.

აქედან გამომდინარე,კატეგორიულად ვეწინააღმდეგები იმ აზრს, რომ ფოტო თავად უნდა გვიყვებოდეს ამბავს და მას აღწერა არ უნდა სჭირდებოდეს.

 კარგი ცხენი მათრახს არ დაირტყამს კი არა და, კაი ფოტოს აღწერა არ უნდა სჭირდებოდესო . . .

რამდენჯერ გადმომიღია ძველი საოჯახო ფოტოალბომი, ძალიან საინტერესოა ძველი ფოტოები, მაგრამ გაუგებარი, ვინ არის ფოტოზე, რა ხდება, სად არის გადაღებული, როგორც კი ფოტოს უკანა მხარეს რამე ინფორმაციას დავინახავდი, უმალ ასმაგად საინტერესო ხდებოდა ფოტო.
Continue reading “რას მოგვითხრობს ფოტო”