Posted in საზოგადოება

თოვლიანი ბათუმის ფოტო

”აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობისთვის უკანასკნელი მოდელის 6 ავტომანქანის შესაძენად საახალწლოდ 325 000 ლარზე მეტი დაიხარჯება”

* * *

ამ პოსტში საილუსტრაციო ფოტოს ვერ ნახავთ, იმიტომ რომ მე არ მაქვს თოვლიანი ბათუმის ფოტო, იმიტომ რომ არასოდეს ვყოფილვარ თოვლიან ბათუმში და  წარმოდგენა არ მაქვს როგორია ყელამდე თოვლში ჩაფლული ქალაქი; ალბათ ლამაზი და რომანტიკული, ეჭვი არ მეპარება ასეც იქნებოდა ზედმეტ რომანტიკულობას და სილამაზეს მაღალი ძაბვის ხაზები რომ არ ჩაეწყვიტა თავისი სიმძიმით; ჩაწყვეტამ სილამაზის აღქმას ბოლო მოუღო და მძიმე ნაკვალევად თითქმის ორ დღიანი უშუქობა, სიცივე, მაღაზიების დაკეტვა და ზოგადად ქალაქის პარალიზება დაგვიტოვა.

არავის, არც სამთავრობო თუ პერიოდულად, სოციალურად დაუცველებზე თუ მინარეთის დემონტაჟზე მჭმუნვარე არასამთავრობო ორგანიზაციას თავში აზრადაც არ მოსვლია ასეთ მდგომარეობაში  მყოფი ბათუმელებისთვის პირველადი საჭიროების ნივთები მაინც ჩაეტანა და მცირე წვლილი შეეტანა პრობლემის გადაჭრის საქმეში; უფრო პირიქით მოხდა, ქალაქი მომზადებული ვერ შეხვდა თოვლის მოსვლას, როგორც ხდება ხოლმე, სათადარიგო ენერგიის მიღება მხოლოდ თურქეთიდან შეძლეს, ისიც გარკვეული პერიოდულობით, ვერავინ მოიფიქრა რა შეიძლებოდა ყოფილიყო მკვდარი სალარო აპარატების ალტერნატივა, რათა ადამიანებს საჭირო პროდუქტები თუ ნივთები შეეძინათ, პრობლემების აღმოფხვრა ვერ მოხერხდა და დღესაც ელექტროენერგია ისევ გაურკვეველი გრაფიკით მიეწოდება მოსახლეობას. 

ამინდის გაუარესების კვალდაკვალ შეფერხდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, გაძვირდა ტაქსი, სანთელი, რაც მალე თავის მხრივ დეფიციტში წავიდა სათანადო მარაგების არ ქონის გამო.  

ვერც ტაქსის მძღოლს, ვერც მაღაზიის მეპატრონეს, ვერც გენერატორის მქონეს დავავალდებულებ არ გააძვიროს ტაქსი, უფასოდ მოემსახუროს, სანთელი თავის ფასში მაინც გაყიდოს ან ტელეფონი დაატენინოს თანამოქალაქეს, უბრალოდ ასე ჩემთვის, ჯერ თურქეთის შემშურდა როდესაც მაღაზიების, კაფე-ბარების და რესტორნების მფლობელები თავიანთ ამბოხებულ თანამოქალაქეებს ეხმარებოდნენ და ახლა უკვე უკრაინის, როდესაც ქუჩაში, კარვებში მცხოვრებ მეამბოხეებს უმასპინძლდებიან ცხელი სასმელ-საჭმელით და უფასო ინტერნეტით.

ერთს სოლიდარობა და გვერდში დგომა ჰქვია, რასაც სადღეგრძელოებში მედგრად და რიხით ვიხსენიებთ ხოლმე, მეორეს ღალატი და უგულებელყოფა, რასაც რეალურად ვაკეთებთ ხოლმე, სუფრის მიღმა.

შეიძლება მეც რაღაც უნდა გამეკეთებინა, ვერ გავაკეთე და მეც მოღალატე ვარ, რომელსაც ბათუმი მხოლოდ სითბოში და მზეში ახსოვს.