Posted in საზოგადოება, History

ხელუხლებელი ლეგენდები

ლეგენდებს, მითებს ამა თუ იმ მოვლენის, ადგილის თუ ადამიანის შესახებ ძალიან დიდი, უმნიშვნელოვანეს როლი აკისრია სხვადასხვა ქვეყნის განვითარების მიმართულებაში, იდენტობაში, ადამიანების წარმოდგენების ფორმირებაში საკუთარი იდენტობის და სამშობლოსადმი დამოკიდებულების მხრივ.

დღეს,  HISTORY VIASAT-ზე BBC-ის დოკუმენტური ფილმი ვნახე, თუ როგორ იკვლევდნენ ჟანა დ’არკის სავარაუდო ნაწილებს, რომელიც ასევე სავარაუდოდ მისი ცოცხლად დაწვის შემდეგ შემორჩა.

ჟანა დ’არკის ნაწილები, 1867 წელს აღმოაჩინეს აფთიაქარის სახლის სხვენში, ვარაუდი გაჩნდა ქილაზე წარწერიდან, შემდეგ ეს ნაწილები მთელი 150 წლის მანზილზე შინიონში, მუზეუმში ინახებოდა.

როგორც იქნა, დაიწყო მასალების შესწავლა და კვლევის მიზნით ანთროპოლოგ დოქტორ ფილიპ შარლიეს გადაეცა.  დიდად არ შეგაწყენთ, მასალის ოთხივე ნაწილის გრძელვადიანი შესწავლის, მრავალი სპეციალისტის ხელში გავლის და ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ დაადგინეს, რომ ნეკნის ძვალი თარიღდებოდა VII – III საუკუნეებით , ქრისტეშობამდე და ეკუთვნოდა მუმიას, ხოლო მეორე ძვალი ეკუთვნოდა კატას და იგივე პერიოდით თარიღდებოდა, ორივე მუმიფიცირებული იყო ეგვიპტური მეთოდებით. დნმ-ის აღება, რითაც კვლევა დაიწყეს ზოგადად, ვერ მოხერხდა სიძველის გამო.

ანუ მთელი 150 წლის მანძილზე, მუზეუმში დაცული ჟანა დ’არკის ე.წ. წმინდა ნაწილები სინამდვილეში ეკუთვნოდა ეგვიპტურ მუმიას და კატას.

მაშ რა რჯიდა აფთიაქარს? სავარაუდოდ, ნაწილების ასეთი ოსტატური გაყალბებით, მან ხელი შეუწყო 1909 წელს ჟანა დ’არკის წმინდანად შერაცხვის პროცესს, ამ პროცესის მნიშვნელობის ხაზგასმის მიზნით.

რასაკვირველია, ამ კვლევით არაფერი დაკლებია ჟანა დ’არკს, ის ნამდვილად არსებობდა და არც მის მიმართ დამოკიდებულება შეცვლილა და კვლევის მიზანიც ცხადია დამოკიდებულების და არსებობის დადასტურება ან უარყოფა არ იყო, მხოლოდ და მხოლოდ ნაწილების ნამდვილობის შემოწმებას ისახავდა მიზნად.

რა ხდება ჩვენთან? რას ვინახავთ? რას ვათვალიერებთ მუზეუმებში, ეკლესიებში? რას ვიკვლევთ ან ვიკვლევთ კი რამეს საერთოდ? გვაქვს ფინანსები იმისთვის, რომ მოვიწვიოთ ანთროპოლოგები, პათოლოგ-ანატომები, ბიოქიმიკოსები, რადიოლოგები, ზოოლოგები, არქეოლოგები, პარფიუმერები? ან გავაგზავნოთ საკვლევი მასალები სხვადასხვა ქვეყნის წამყვან ლაბორატორიებში,  რადიონახშირბადის ანალიზის, სხვადასხვა მიკროსკოპიული გამოკვლევის, ქიმიური ანალიზის ჩასატარებლად?

სიმართლე გითხრათ, ასეთი არაფერი მსმენია, ხელუხლებლად გვაქვს მითებიც, ლეგენდებიც და ნარჩენებიც. ამით ვკმაყოფილდებით და ამისთვის არც არასოდეს გვცალია, ისტორიას კი შესწავლა და კვლევა უნდა, მინიმუმ საკუთარი თავი მაინც ხომ უნდა გავიცნოთ უკეთ?

ფოტოზე: დოქტორი ფილიპ შარლიე საკვლევი მასალებით.
ფოტოზე: დოქტორი ფილიპ შარლიე საკვლევი მასალებით.

ბონუსად კი, კარლ თეოდორ დრეიერის უშესანიშნავესი ფილმი “ჟანა დ’არკის ვნებანი”

Posted in ლიტერატურა

სამოთხეში დაკარგული რევოლუციური სული

სწორედ ესაა ჭეშმარიტი თავისუფლება, როცა ადამიანს, თავისუფალ პიროვნებად შობილს, აქვს უფლება სხვისი კარნახის გარეშე ილაპარაკოს: ვისაც ეს ძალუძს და სჩადის კიდეც, პატივისცემის ღირსია; ვისაც არც ძალუძს და არც სურვილი აქვს, დაე, ჩუმად იყოს.

XVII საუკუნე ინგლისის ისტორიაში კლასობრივი წინააღმდეგობების გამწვავების პერიოდია, მეფე ჩარლზ I-მა, რომელიც ტახტზე 1625 წელს ავიდა, გადაწყვიტა ბოლო მოეღო ბურჟუაზიული ოპოზიციისთვის და პარლამენტი დაითხოვა. 1642 წელს დაიწყო სამოქალაქო ომი, რომელიც სამეფო ჯარის სრული განადგურებით დასრულდა, ჩარლზ I ტყვედ აიყვანეს და თავი მოჰკვეთეს, ამავე, 1949 წელს ინგლისი რესპუბლიკად იქნა გამოცვხადებული, რომელსაც სათავეში ჩაუდგა სამხედრო და პოლიტიკური ფიგურა ოლივერ კრომველი, როგორც ინგლისის, შოტლანდიის და ირლანდიის ლორდ პროტექტორი.

ინგლისის ბურჟუაზიულ რევოლუციაში ჩართული იყო ხალხი, ბურჟუაზიის ავანგარდს წარმოადგენდა პურიტანული პარტია, რომელიც მეფისა და არისტოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლაში რელიგიური დროშა ეპყრა ხელთ და რელიგიური სამოსელი ეცვათ. პატრიოტული ბრძოლები XVII საუკუნის ინგლისში რელიგიური ლოზუნგებით იმართებოდა. ინგლისური ბურჟუაზიის იდეოლოგიაც პურიტანული იყო, რელიგია კალვინიზმი.

პურიტანიზმმა ძლიერი პოლიტიკური გავლენა შეიძინა; ეყრდნობოდნენ რა ჟან კალვინის მოძღვრებას, პურიტანები “ახალი ეკლესიის” შექმნის იდეით გამოდიოდნენ; რელიგიური საფუძველი იმთავითვე იქცა ინგლისის ბურჟუაზიის ანტიფეოდალური ბრძოლის ფორმად.

არც კულტურა და ლიტერატურა დარჩა პურიტანიზმის გავლენის გარეშე, რაც გამოვლინდა ენის განსაკუთრებლობასა და მწერლების მიერ შექმნილი სიუჟეტების და სახეების თავისებურებაში. ყველაფერს ბიბლიური წყალი გადაესხა, სამწერლობო ენაც ძველი აღთქმიდან იყო აღებული, ამიტომაც ამ დროის ლიტერატურა დღევანდელი გადასახედიდან საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით კი სიფრთხილე და დიდი ყურადღება უნდა გამოიჩინონ მთარგმნელებმა, რომელთაც ამა თუ იმ ნაწარმოების თარგმნის დროს, ფაქტობრივად ეპოქის შესწავლა მოუწევთ. ამ დროს მკვიდრდება ასევე სინამდვილის ალეგორიული ასახვა ლიტერატურაში, ბიბლიური პერსონაჟები . . . . ბიბლიურ სამოსელში გახვეული ლიტერატურა უტევდა მონარქიისა და ფეოდალიზმის პოლიტიკურ და მორალურ საფუძვლებს, იცავდა და ამტკიცებდა საკუთარ პოლიტიკურ, რელიგიურ იდეალებს.

ოლივერ კრომველის გარდაცვალების შემდეგ, 1660 წელს რესპუბლიკა გაუქმდა და მოხდა სტიუარტების დინასტიის რესტავრაცია.

საერთოდ, XVII საუკუნის დასავლეთ ევროპა ხასიათდება ეროვნულ სახელმწიფოთა განმტკიცებით და ბურჟუაზიული საზოგადოების წარმოშობით. ამ პერიოდის უმნიშვნელოვანესი მოვლენებია, ინგლისის ბურჟუაზიული რებოლუცია და საფრანგეთში აბსოლუტიზმის განმტკიცებმა, ორივემ უდიდესი გავლენა იქონია პერიოდის კულტურულ, ლიტერატურულ ცხოვრებაზე.

XVII საუკუნეში ლიტერატურულ მიმდინარეობად კლასიციზმი გვევლინება.  კლასიციზმის ესთეტიკა, რენე დეკარტის რაციონალიზმის საფუძველზე, მეფის ყოვლისშემძლეობის და ყოვლისმცოდნეობის იდეის თეორიულ გამართლებას ცდილობდა. შესაბამისად, კლასიციზმის მთავარი პრინციპის მიხედვით, მწერლობას ძირითადად სასახლის კარის და მაღალი არისტოკრატიის ცხოვრება უნდა აესახა.

კლასიციზმში მხატვრული შემოქმედება მკაცრად რეგლამენტირებულია. ამ მხრივ უპირველეს ყოვლისა საყურადღებოა მოთხოვნა იმის შესახებ, რომ მწერალს მხოლოდ გონების კარნახით ეწერა, რაც თავისთავად გამორიცხავდა გრძნობად შემეცნებას.  გმირების წარმოდგენისას, საკმაო სისრულით არ წარმოაჩენს მის ურთიერთობას გარემომცველ სინამდვილესთან და პერსონაჟს მხოლოდ ხასიათის ერთი ძირითადი ნიშნის მიხედვით წარმოადგენს;

ინგლისურ ლიტერატურაში, კლასიციზმის წარმომადგენლად ჯონ მილტონი გვევლინება. მილტონი კრომველის თანამებრძოლი გახლდათ და აქტიურად იბრძოდა რესპუბლიკური წყობის ჩამოყალიბებისთვის; მონარქში განსახიერებული ტირანის დამხობისა და ადამიანის რელიგიური, მოქალაქეობრივი და პიროვნული თავისუფლებისათვის, პურიტანი მილტონი პოლიტიკურად გამოკვეთილი პოეტი გახლდათ, რომელმაც კალვინიზმში ჰპოვა თავისი მებრძოლი თეორია.

თუმცა საქმე სხვაგვარად შეტრიალდა, კრომველის დესპოტიზმმა და დიქტატურამ მილტონს იმედები გაუცრუა; ამის შემდეგ კრომველზე კრინტიც არ დაუძრავს, არც მისი სიკვდილის შემდეგ დაუწერია; მილტონს კრომველის წინააღმდეგ აშკარად გამოსვლა არ შეეძლო მონარქიის რესტავრაციის საშიშროების გამო, და სწორედ ამით ინარჩუნებდა რესპუბლიკური თავისუფლების აღდგენის იმედსაც.

მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, 1660 წელს მოხდა სტიუარტების რესტავრაცია, რამაც შემოქმედს დამცირება და სიღატაკე მოუტანა; მართალია გავლენიანმა მეგობრებმა, უმთავრესად კი უსინათლობამ იხსნეს იგი როიალისტური დევნისგან, მაგრამ მაინც, რესტავრაცია მისთვის მორალური უბედურება იყო.

სწორედ ამ პერიოდში შექმნა მილტონმა თავისი უდიდესი პოეტური ქმნილება “დაკარგული სამოთხე”.

პოემის საფუძველია ბიბლიური მითი, სამყაროს გრანდიოზულ მასშტაბებში ღმერთისა და სატანის ბრძოლაზე.

ნაწარმოები ორ ძირითად პლანშია გაჭრილი, ისტორიულ–პოლიტიკური და ფილოსოფიურ–მორალური; აქ მჟღავნდება მილტონის პურიტანიზმი – ღმერთი მკაცრი, მრისხანე, უზენაესი გონებაა, რომლისგანაც დაშორება და ცოდვის ჩადენა იწვევს სასჯელს; სწორედ ასეთი დაშორებაა სატანის სიამაყე და პატივმოყვარეობა, ადამის და ევას ცნობისმოყვარეობა და ნებისყოფის სისუსტე; ამიტომაც სატანას სასჯელად ჯოჯოხეთი ერგო, ხოლო ადამმა და ევამ სამოთხე დაკარგეს.

მაგრამ, ამავე ჭრილში მჟღავნდება მილტონის ჰუმანიზმიც – აღორძინების ეპოქის მემკვიდრეობა და მისი პურიტანიზმის წინააღმდეგობა:

სატანა გაცილებით ჰუმანურია, ვიდრე ღმერთი;

იგი გაჟღენთილია თავისუფლების სულით;

მას ურჩევნია იტანჯოს, ოღონდ თავისუფალი იყოს და არავის დაემორჩილოს.

მისთვის სიბრალულის გრძნობაც გასაგებია.

ასეთივე ჰუმანისტური გაგება ეძლევა ადამისა და ევას ცნობისმოყვარეობას: მათ მისწრაფებაში – იგემონ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის აკრძალული ნაყოფი  (ვაშლი თუ ყურძენი) ძნელი არ არის დავინახოთ აღორძინების ეპოქის მისწრაფება ცოდნისადმი, ჭეშმარიტების ”ფაუსტური ძიების” იდეისადმი ლტოლვა და ამისთვის შეგნებულად გაღებული მსხვერპლი – მარადიული ნეტარების დაკარგვა, შეცოდება და ამის შესაბამისი სასჯელი, როგორც აუცილებელი პირობა, რომლის გარეშეც არ არსებობს ადამიანის წინსწრაფვა, არ არსებობს კაცობრიობის პროგრესი.

პურიტანი მილტონის მკაცრი ფილოსოფიური ღმერთი, ისტორიულ-პოლიტიკურ ჭრილში ინგლისის მეფის სახეა, ხოლო თავისუფლებისმოყვარე, ამაყი და მომხიბლავი სატანა – ოლივერ კრომველი, მისი აჯანყებული ანგელოზები კრომველის ჯარისკაცებს მოგვაგონებენ, ხოლო კოსმიური ბატალური სცენები – ინგლისის სამოქალაქო ომის სურათებს. ერთი სიტყვით ბიბლიური ამბავით წარმოდგენილია XVII საუკუნის ინგლისის სინამდვილე.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ სწორედ ბიბლიური სამოსელის გამო ვერ გაუგეს მილტონს თავის დროზე, ვიდრე მასავით დიდი, რევოლუციურად განწყობილი პოეტები შელი და ბაირონი არ გაშიფრავდნენ, ”დაკარგული სამოთხე” მკვეთრად რელიგიურ ნაწარმოებად მიაჩნდათ, მაგრამ ბიბლიური სიუჟეტი აქ მართლაც მხოლოდ სამოსელია, სხვა ტანზე გამოჭრილი, რომელიც ნამდვილ პატრონს არ აცვია.

მილტონის სატანა გმირი მეომარია, თავისუფლებისათვის მებრძოლი სული, მეამბოხე, დროებით დამარცხებული, მაგრამ გაუტეხელი, შეუდრეკელი, მემომრებისთვის თავდადებული წარბშეუხრელი ვაჟკაცი; ისეთივე როგორიც ოლივერ კრომველი, როგორიც თავად მილტონი ან სხვა მეამბოხე სულები, რომელთაც დამარცხების მიუხედავად ქედი არ მოუხრიათ, ”ცაში მონობას, ჯოჯოხეთში თავისუფლება ურჩევნიათ”.

მილტონის ღმერთის მსჯელობა ხშირად უსამართლოა, ალოგიკურიც, დაუსაბუთებელი. მის აზროვნებას სიღრმე აკლია. აქ ღმერთი ინგლისის მეფეა, ანგელოზები კი მისი როალისტები.

პოემის თითოეული ბწკარი რევოლუციურად სუნთქავს; ბორგავს მეამბოხე სული, რომელიც დამარცხებას და თავისუფლების ფეხქვეშ გათელვას ვერ ეპუება; ეს არ არის არც ღმერთჳ, არც სატანა, არც ანგელოზები, არც წინაპრები, ეს პოემის უჩინარი პერსონაჟია, ეს თვით ავტორია, მილტონი, უსინათლო თავისუფლების მომღერალი და თავისუფლების დამკვიდრებისათვის მარად მებრძოლი, რევოლუციის გმირი, პოლიტიკურად განადგურებული, ფიზიკურად მოტეხილი, უთვისტომო, გამარჯვებული რეაქციის მიერ დევნილი, მაგრამ სულიერად კვლავ მხნე და გაუტეხელი მილტონი, რომელიც ჩვეული მზგნებარებით უცხადებს მტერს, რომ ორი ათეული წლის წინად დაწყებული ბრძოლა ჯერ კიდევ არ დამთავრებულა, რევოლუციის მარცხი დროებითია, ეს ბრძოლა კიდევ დიდ ხანს გაგრძელდება, რადგან ის სინამდვილეში არა ორი ათეული წლის წინად, არამედ უფრო ადრე დაიწყო . . . . ეს თავისუფლებისთვის ბრძოლაა, რაც ადამიანმა დასაბამიდანვე დაიწყო . . .

პოემის ფინალი ნათელ პერსპექტივას შლის, სამოთხის დაკარგვამ ადამიანს მოუტანა ტანჯვა და უბედურებით აღსავსე ცხოვრება, მაგრამ ჰუმანისტ მილტონს მიაჩნია რომ ადამიანს, შრომით, სწავლით, თავდადებით და კეთილგონიერებით, შეუძლია მოიპოვოს შინაგანი, მორალური სამოთხე, ნაცვლად დაკარგული მარადიული ნეტარებისა . . .

გუსტავ დორეს ილუსტრაცია

Posted in ლიტერატურა

ტბის სკოლის პოეტები

”ახლოს ბუნებასთან და ბუნებიდან ღმერთთან” – ”ტბის სკოლის” პოეტების დევიზი. ეს იყო ინგლისელ პასიურ რომანტიკოს პოეტთა დაჯგუფება XVIII საუკუნის დასასრულს და XIX დასაწყისში. პოეტები ეტრფოდნენ რაინდულ შუა საუკუნეებს, პატრიარქალურ ყოფას, აღმერთებდნენ ბუნებას, რომელსაც ჯერ არ შეხებოდა ინდუსტრიის მსახვრალი ხელი. უორდსუორთი, ქოლრიჯი და საუთი – ტბის სკოლის სამეული.

როგორ დაიწყო ყველაფერი:

გვიანი საღამო იყო, 1802 წლის აპრილი, ხუთშაბათი, როდესაც უილიამ უორდსუორთმა და მისმა დამ დოროთიმ  პირველად ნახეს ეს ადგილი. ალზუოთერსის გავლით, სახლისკენ მიმავალნი უმშვენიერსმა ლანდშაფტმა შეაყოვნა. როგორც დოროთი მოგვიანებით წერდა: ”ასეთი ლამაზი  ნარცისები არასოდეს მინახავს . . . [ისინი] ერთმანეთში ირეოდნენ, ლივლივებდნენ, ცეკვავდნენ და ისე ჩანდა თითქოს ტბაზე მოლამუნე სიოს ეკისკისებოდნენ”.

დის ეს სიტყვები მოგვიანებით ძმამ, უილიამმა უკვადვყო მის, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთ ცნობილ ლექსში:

”როგორც ღრუბელი ცის ნაზ ტატნობზე

ვხეტიალობდი კენტად, ეულად,

მაშინ შევნიშნე მე ტბის არშია,

ხეების პირზედ, სიოს არშიყად

მიუყვებოდა

მოცეკვავე ნარცისების მთელი არმია.”

(c) თარგმანი

გაზაფხულზე, ოქროსფერი ფურცლებს, ნარცისებს და მათ ზეგავლენას პოეტის შემოქმედებაზე, კრიტიკოსები ადრეული ინგლისური რომანტიზმის განმსაზღვრელ ატრიბუტად თვლიდნენ. უორდსუორთისთვის კი ეს მომენტი კიდევ უფრო აძლიერებდა რწმენას ბუნების შესაძლებლობებში და მათ გავლენაზე  ადამიანის სულზე.  მრავალი პოეტი, მხატვარი და მწერალი სტუმრობდა ტბის რაიონს შთაგონების წყაროს ძიებაში. თავად უორდსუორთი იქ თითქმის 50 წელი ცხოვრობდა, გარდაცვალებამდე. მან და მისმა თანამედროვე პოეტებმა, ასევე ტბის სკოლის წარმოამდგენლებმა სემუელ თეილორ ქოლრიჯმა და რობერტ საუთიმ სახელი გაუთქვეს პატარა გრასმირს, ტურისტებისთვის ძალიან მიმზიდველ ადგილად აქციეს, დღეს უკვე ადგილობრივები გრასმირს გრას ვეგასსაც კი ეძახიან.

უორდსუორთის კოტეჯს – მტრედის კოტეჯს კი წელიწადში 65,000-ზე მეტი მნახველი ჰყავს. კოტეჯიდან ქვის სასროლ მანძილზე გაიხსნა ჯერვუდის ცენტრი, სადაც ინახება ინგლისელ რომანტიკოსთა ხელნაწერები, მათ შორის 90% ეკუთვნის უორდსუორთს.    უორდსუორთს ძალიან უყვარდა ტბის მიდამოებში სეირნობა,  დასთან ერთად ის რეგულარულად 16 მილს გადიოდა გრეტა ჰოლამდე, სადაც ქოლრიჯს სტუმრობდნენ. ქოლრიჯის სახლი ახლა კერძო საკუთრებაშია, თუმცა მისი საფლავის მონახულება შეგიძლიათ წმინდა კენტიგერნის ეკლესიასთან ახლოს.

სანამ ტბის რაიონიდან წამოხვიდოდეთ, ალზოუთერსის ჩრდილოეთით, გაუბაროუს პარკს ესტუმრეთ. იქ შეგიძლიათ სწორედ ის ერთ-ერთი ხედი იხილოთ, საიდანაც დაიწყო ყველაფერი: ტბის არშიად, ხეების პირზე, იქნებ გაგიმართლოთ და კვლავაც იხილოთ მოარშიყე ნარცისების ცნობილი არმია.

ჯერემი აირონსი კითხულობს უორდსუორთის ლექსს ”ნარცისები”

ტბა ალზოუთერსი

მტრედის კოტეჯი

უფრო მეტი იხილეთ ამ ლინკზე და სასურველი სასტუმრო თანამედროვე რომანტიკოსებისთვის აი აქ 😉