Posted in კინემატოგრაფია, ლიტერატურა

ამაოების ბაზარი

XIX საუკუნის შუა პერიოდის ინგლისის ილტერატურული ცხოვრება მდიდარია ჟანრებით და პრობლემატიკით, მაგრამ თუ რომანტიზმის ხანაში წამყვანი პოეზია იყო, 30–იანი წლებიდან უპირატესობა პროზას მიენიჭა, ლიტერატურული ნაწარმოების ყველაზე გავრცელებული ფორმა გახდა რომანი.

რომანის ფართო გამომხატველობითი შესაძლებლობები საშუალებას აძლევდა მწერალს ნათლად გადმოეცა კერძო პირებისა თუ ფართო მასების ყოფა.

რეალისტურმა ლიტერატურამ უარი თქვა რომანტიკული გმირის შექმნაზე. მწერალი რეალისტების ფოკუსში ბურჟუაზიული საზოგადოების რიგითი ადამიანი მოექცა, რომელიც, როგორც თეკერეის მიაჩნდა სულაც არ არის გმირი, სიტყვის პირდაპირი გაგებით.

ინგლისელი რეალისტებს ახასიათებთ სატირული განზოგადების ოსტატობა. სატირა მთელი თავისი სიმდიდრითა და მრავალფეროვნებით დიკენსისა და თეკერეის ყველაზე ბასრი იარაღია.

დიკენსის მსგავსად, უილიამ თეკერეის მთავარი თემა თანამედროვეობაა, თუმცა ასევე დიკენსისგან განსხვავებით, თეკერეი შორს იყო მშრომელი ხალხის ცხოვრებისგან, მისი მოქმედებისა და განხილვის სფერო ინგლისური საზოგადოების უმდიდრესი ფენებია.

 „ამაოების ბაზარი“ თეკერეის ყველაზე სახელგანთქმული ნაწარმოებია, მიუხედავად იმისა, რომ ისტორიული რომანია, მისი ისტორიულობა ძალიან თავისებურია. თვით ვატერლოოს ბრძოლა, რომელმაც ისტორიის მნიშვნელოვანი თავფურცელი დახურა და რომელშიც ნაწარმოების საკმაოდ ბევრი მოქმედი პირი მონაწილეობდა, მხოლოდ შორიდან, გმირების განცდათა ფონზე არის აღწერილი.  წიგნში, უშუალოდ თითქმის არც ერთი ისტორიული პირი არ არის გამოყვანილი. ნაპოლეონი და უელინგტონიც კი, მაშინდელი ისტორიის ორი მთავარი მოქმედი გმირი, მხლოდ მუნჯ პერსონაჟებს წარმოადგენენ და იქნებ სულაც არ ეხსენებინა ავტორს წიგნში, ნაპოლეონის ომებსა და მის დამხობასთან რომ არ იყოს დაკავშირებული სედლის გაკონტრება, ჯორჯ ოსბორნის დაღუპვა და საბრალო ემილიას ოჯახის გაუბედურება.

ქვესათაურად, რომ „უგმირო რომანი“ შერჩა ამ წიგნს, სულაც არ არის უბრალო დამთხვევა ან სიტყვათა თამაში, მთავარი გმირი მართლაც არ მოიპოვებოდა იმ მანკიერ საზოგადოებაში, რომლის მთავარი გმირი და კერპი მხოლოდ ფული, სიმდიდრე და პატივმოყვარეობა იყო.

ბურჟუაზიული საზოგადოების მომხვეჭელური კანონების ტიპიური წარმომადგენელია ჯონ ოსბორნი. იგი წარჩინებულობას ეპოტინება და დაუნდობლად ექცევა, უკვე გაკოტრებულ, ერთ დროს მის საუკეთესო მეგობარს სედლის, რომელმაც ფეხზე დააყენა იგი და არა ერთი სამსახური გაუწევია მისთვის.  ჯონ ოსბორნი უამრავ ფულს აძლევს ქარაფშუტა ვაჟიშვილს ჯორჯს, ოღონდ იცოდეს, რომ ინგლისის ცნობილი წარჩინებული დარდიმანდებში ტრიალებს, რომელიც როგორც მწერალი გვიჩვენებს, მხოლოდ უბადრუკ თაღლითების, გარყვნილების და მფლანგველების ბრბოს წარმოადგენს.  შვილს უკრძალავს გაღატაკებული ჯონ სედლის ქალიშვილის ემილიას შერთვას.

ოსბორნებისა და სედლების გარემოცვაში, ასე თუ ისე დადებითი პერსონა ერთის მხრივ ემილიაა, მეორეს მხრივ – უილიამ დობინი, თუმცა მწერალს არცერთი გამოჰყავს გმირად, არც ერთს არ ინდობს და არც აიდეალებს.

„ამაოების ბაზრის“ გმირები თითქმის მთლიანად უარყოფითი ტიპების სახით არიან წარმოდგენილნი, მაგრამ მწერლის დიდი დამსახურებაა, რომ მისი გმირები ამა თუ იმ ნაკლის უბრალო სქემატური განსახიერებანი კი არ არიან, არამედ კარგი და ცუდი მხარეების შეზავებულ ერთიანობას წარმოადგენს – ადამიანებს ადამიანური სიკეთეებით და სისუსტეებით.

უილიამ თეკერეის ნაწარმოების მიხედვით მრავალი ფილმი თუ სერიალი გადაიღეს, მათ შორის პირველი უხმო ფილმი გადაიღო ჩარლზ კენტმა 1911 წელს, ამის შემდეგ კიდევ სამი უხმო ფილმი გადაიღეს, 1915, 1922 და 1923 წელს.

ნაწყვეტები ფილმიდან „ამაოების ბაზარი“ – 1911წ.   

ხმოვან ვერსია სულ სამი ეკრანიზაცია არსებობს, 1932, 1935 და უახლესი, 2004 წლის ეკრანიზაცია, დიდებული კოსტიუმებით, ფილმმა მიიღო Golden Satellite Award, ხოლო ფილმი ნომინირებული იყო ოქროს ლომზე, ვენეციის კინო ფესტივალზე.  აქ ბექი შარფის როლს რიზ უიზერსპუნის ასრულებს – ამ მსახიობისთვის ზედგამოჭრილი როლს, ჩემი აზრით.

რაც შეეხება სერიალებს, BBC-იმ, ამაოების ბაზარი, პირველად 1967 წელს წარმოგვიდგინა, ამ სერიალს ერთი ემი ხვდა წილად, კერძოდ სიუზან ჰემფშირს, ბექი შარფის როლისთვის.

შემდეგ, არც ისე წარმატებული სატელევიზო ვერსია შემოგვთავაზა 1987 წელს და ბოლოს, მეტ–ნაკლებად საინტერესო 1998 წლის 6 ეპიზოდიანი ტელესერიალი.

 ნაწყვეტი  BBC-ის ტელესერიალიდან „ამაოების ბაზარი“ – 1998წ.  

Posted in ლიტერატურა

ოსკარ უაილდი – დორიან გრეის პორტრეტი

ვიდრე ოსკარ უაილდს და მის შემოქმებას შევეხებოდეთ, ორიოდე სიტყვით მაშინდელი ლიტერატურული მიმდინარეობა ესთეტიზმი უნდა მოვიხსენიოთ, რომელმაც თავისი სრულყოფილი სახე ინგლისურ ლიტერატურაში, სწორედ ოსკარ უაილდის შემოქმედებაში მიიღო.
XIX საუკუნის 50-იანი წლებისათვის უკვე აღარავის სჯეროდა განმათლებლობაში აღიარებული აზრისა რომ ლიტერატურულმა ნაწარმოებმა ან ხელოვნების ნიმუშმა შეიძლება გაანათლოს ან შეცვალოს ადამიანი. ასევე ეჭვქვეშ დადგა არისტოტელესეული კათარზისის თეორია, რომლის თანახმადაც ლიტერატურულ ნაწარმოებს ევალება ადამიანის სულიერი განწმენდა.
ნელ-ნელა ესთეტიკური პრინციპების ფონზე გამოიკვეთა ლოზუნგი ”ხელოვნება ხელოვნებისთვის” (Art for Art’s Sake).
ესთეტიზმი ამტკიცებს, რომ ხელოვნება სიკეთეს არ უნდა ასწავლიდეს, მორალის მიმართ გულგრილი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს. შესაბამისად, მათ შემოქმედებაში მთავარი გმირის ადგილი ძირითად ამორალურ, ძლიერ პიროვნებას უკავია, რომლისთვისაც ”ყველაფერი დასაშვებია”. 
ინგლისური ესთეტიზმის პარალელურად, ევროპის სხვა ქვეყნების ლიტერატურაში, ნატურალიზმის გულისამრევ მოზღვავებას თავისი მშვენიერი და შესაძლოა მცდარი თეორია დაუპირისპირა, ცხოვრების ხელოვნების ნედლეულად გადაქცევისა, მოითხოვა რა, მხოლოდ და მხოლოდ მხატვრის სპექტრში გატარებული სინამდვილე.
უაილდს თავისი შემოქმედებით მცირედი საერთო აქვს ფრანგ სიმბოლისტებთანაც, კერძოდ, ტრადიციული ფორმისადმი ახლებური ფორმის დაპირისპირება, წარმართული იდეები, მშვენიერების კულტი და ზოგადად ბევრისმთქმელი სიმბოლიკა.პოლ ვერლენის დევიზი ”De la musique avant tout chause” (მუსიკა უპირველესყოვლისა!) უაილდმა თეორიულად დაამუშავა თავის ნაშრომში ”კრიტიკა როგორც ხელოვნება”, სადაც მოითხოვა ყურადღების გამახვილება პოეტური ქმნილების რიტმულ-ინტონაციურ აგებულებაზე. მისი შემოქმედების მხატვრული სახეები გამოირჩევიან დიდი პლასტიკური სიმრთელით და სრულყოფით, ხოლო კომპოზიციები – კლასიკური სიმკაცრით და თანმიმდევრობით.
რასკინისგან და სხვა მწერლებისგან განსხვავებით, უაილდი ხელოვნებას მორალისგან განყენებულად წარმოადგენდა ”არ არსებობს უზნეო და ზნეობრივი წიგნი, არსებობს უბრალოდ კარგად ან ცუდად დაწერილი წიგნი”. უაილდის შემოქმედებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს რომანს ”დორიან გრეის პორტრეტი”.
ნაწარმოების სამი მთავარი პერსონაჟი და ამავდროულად სამი განსხვავებული დამოკიდებულებაა ცხოვრებისადმი.
ცინიკოსი ლორდ ჰენრი ქადაგებს სიამოვნების კულტს, მას არ სწამს სულიერი ფასეულობების; ის გამოუსწორებელი ესთეტია, სილამაზის თაყვანისმცემელი და თვით სილამაზის მოტრფიალე უბრალოდ მის მომხმარებლად გვევლინება.  მისგან განსხვავებით, მხატვარი ბეზილ ჰოლუორდი ქმნის სილამაზეს, იგი მთლიანად იხარჯება შემოქმდების პროცესში, იმდენად იხარჯება, რომ ლორდ ჰენრის შემოთავაზებას – ნახატის გამოფენაზე გაგზავნის შესახებ უარყოფს – მან ზედმეტად ბევრი ჩადო ნახატში და  არ სურს თავისი სულის საჯაროდ გამოფენა.
ამ ორ პერსონაჟს შორის დგას რომანის გმირი, რომლისთვისაც იბრძვიან ჰოლოურდი და ლორდ ჰენრი. ამ უკანასკნელის გავლენით, დორიანი მიეცემა უკიდეგანო სიამოვნებას და რწმუნდება, რომ ადამიანის ბედნიერება არ არის დამოკიდებული მორალურ პრინციპებზე. თუმცა არა მარტო ნაკლოვანებები, არამედ დანაშაული წაბილწავს ცხოვრებას. დორიანი ხედავს, რომ  დრო მიდის და მისი ასეთი ცხოვრება მის გარეგნობას კვალს არ ამჩნევს. დორიანსა და ბეზილის დახატულ პორტრეტს შორის კი დღითიდღე მკვეთრი ცვლილებები შეიმჩნევა, სურათზე უჩნდება ნაოჭები, ბერდება, ჭაღარავდება . . .
დორიანს, რომელმაც ჯერ არ იცის ბეზილის დახატული სურათის ეს თვისება, შურს ყოველივე იმის რისი სილამაზეც არ კვდება. მას შურს და ეჭვიანობს თავისივე პორტრეტზე და ამბობს: ”რატომ უნდა შეინარჩუნოს სურათმა ის, რაც მე უნდა დავკარგო, დრო და დრო ის წაიღებს ჩემგან რაღაც ნაწილს და მისცემს სურათს, რა მოხდება ეს ყველაფერი პირიქით იყოს . . . მოვა დრო და ეს სურათი საშინლად დამცინებს”. 
საინტერესოა ლორდ ჰენრის შეხედულება დორიანზე მის გაცნობამდე, იგი თვლის, რომ დორიანი არის უტვინო, მშვენიერი ქმნილება, რომელიც ზამთარში ყოველთვის აქ უნდა იყოს, რათა ყვავილის მაგივრობა გასწიოს, ხოლო ზაფხულში გაახალისოს ჩვენი გონება”.
დორიანს შეუყვარდება მსახიობი სიბილ უეინი, თუმცა უყვარს მხოლოდ მაშინ, როდესაც სიბილი თამაშობს, როლშია და სცენაზეა. ”მე მინდა ავიყვანო იგი ოქროს კვარცხლბეკზე და დავინახო, როგორ აღმერთებს მთელი მსოფლიო ქალს, რომელიც ჩემია”
როდესაც ერთ საღამოს, სიბილმა ჯულიეტა ვერ განასახიერა ჩვეული ვნებით, იგი თავის მშვენიერ პრინცს (Prince Charming) სიყვარულში გამოუტყდება. დორიანი გაცოფებულია, უყვირის რომ მან იმედები გაუცრუა და ტოვებს საყვარელ ქალს. სწორედ იმ დღეს, სახლში დაბრუნებულმა დორიანმა შეატყო სურათს პირველი ნაოჭი.   
შეცვლილი სურათის ყურება თავიდან სიამოვნებდა დორიანს, თუმცა შემდეგ მოსვენებას არ აძლევდა, განსაკუთრებით ღამით, როდესაც სახლიდან გადიოდა ეშინოდა ვინმეს არ ენახა პორტრეტი, რომელსაც მელანქოლია შეჰქონდა მის შინაგან სამყაროში და რომელიც ნამდვილად მისი სინდისი იყო . . .
საბოლოოდ, დორიანმა პორტრეტის განადგურება გადაწყვიტა, უმოწყალოდ ჩასცემს დანას, რასაც სულისგამყინავი ყვირილი მოჰყვება, ყვირილზე შემოცვენილ მოსამსახურეებს კი საშინელი სურათი ხვდებათ – ოთახის შუაგულში ხედავენ იატაკზე გაწოლილ, დაღმეჭილ მოხუცს, თავიანთ ბატონს მხოლოდ თითებზე წამოცმული ბეჭდებითღა იცნობენ.
კედლიდან კი მშვენიერი სურათი იმზირება, საიდანაც მომაჯადოებლად იფრქვევა ახალგაზრდობა და სილამაზე .
და აი, სწორედ აქ საუკეთესოდ ვლინდება უაილდის უსაყვარლესი იდეაც, რომ ხელოვნება ცხოვრებაზე მაღლა დგას, რომ იგი სინამდვილეზე მეტად გამოხატავს სულიერებას და ხასიათის ამოუცნობ შტრიხებს.—————————————-

დორიან გრეის პორტრეტი (1945)

დორიან გრეის პორტრეტი ინგლისურ ენაზე