Posted in კინემატოგრაფია, კულტურა

სიცოცხლის ბოლომდე

“ვამბობ რომ აღარ მოვიქცევი ასე და მაინც ასე ვიქცევი” – მესმის ეს ფრაზა ფილმიდან, რომელიც რეალობაშიც მრავალჯერ მომისმენია, და მეტიც, მეც ბევრჯერ მითქვამს.

როდის უნდა შევცვალოთ, ის რაც დიდი ხანია გაუფერულდა ან უნდა გავითვალისწინოთ თუ არა გარშემომყოფების აზრი, შეიძლება თუ არა 20-30 წლიანი ურთიერთობა ისევე მარტივად ჩავანაცვლოთ, როგორც სამზარეულოს ფარდის ფერი ან შეიძლება კი იმ პიროვნების შეცვლა ან ჩანაცვლება ასე მარტივად, ზოგადად? ან ღირს კი საკუთარი ჯანმრთელობის ფასად ოჯახის გადარჩენა და მსხვერპლად შეწირვა?

თურქული ფილმი “სიცოცხლის ბოლომდე” BIAFF-ის ფარგლებში ვნახეთ, რომელიც მოგვითხრობს სტამბოლის, მდიდრულ უბანში მცხოვრები საკმაოდ წარმატებული კარიერის მქონე მეუღლეების შესახებ; მართალია გარეგნულად მეტ-ნაკლებად არაფერი ეტყობათ ხოლმე, როგორც ეს ხდება, თუმცა წყვილი სერიოზული ოჯახური კრიზისის და სტრესის წინაშე დგას, მათი ურთიერთობები გამოიფიტა და გამოშრა როგორც ორმოცდაათს გადაცილებული კანი სხეულზე, ისევე როგორც ზოგადად, მთლიანად ფილმის სცენარი და რიტმი.

ერთმა ადამიანმა სამჯერ მიიღო ტვინის შერყევა, ოჯახური ძალადობის ნიადაგზე, ტვინის ყოველ შერყევაზე ამბობდა რომ მასთან აღარ დარჩებოდა, მაგრამ მაინც რჩებოდა.  მას დიდი დრო და ჯანმრთელობა დასჭირდა იმისთვის, რომ ცხოვრების რადიკალურად შეცვლის გადაწყვეტილებამდე მისულიყო.

ნუ იქნებით იმის იმედად, რომ აი დღეს შეიცვლება, აი ხვალ, აი შემდეგ კვირას, თქვენ თვითონ შეცვალეთ, მართვის პულტი თქვენს ხელშია, გამოიყენეთ!

biaff

Posted in კინემატოგრაფია

ქალაქი კინოფესტივალის მოლოდინში

ქალაქი, სადაც მე ვიმყოფები ახლა, დიდი უმრავლესობისთვის მხოლოდ ხმელთაშუა ზღვასთან, ხუთ ვარსკვლავიან “All Inclusive” სასტუმროებთან და დიდ სავაჭრო ცენტრებთან ასოცირდება. ეს ყველაფერი და ბონუსად თურქული რუჯიც ძალიან კარგია, თუმცა არის კიდევ ბევრი რამ, რაც ამ ყველაფრის ფონზე შეიძლება მავანს გამორჩეს, ასე მაგალითად შეიძლება ვერ შენიშნო სიგრძე–სიგანე გაურკვეველი სავაჭრო ცენტრის წინ მდებარე ვარსკვლავების ხეივანი და თურკერ ინანოღლუს  სახელობის კინო პარკი, სადაც ყოველწლიურად იმართება ანტალიის საერთაშორისო კინო ფესტივალი – ოქროს ფორთოხალი, როგორც აქვე უწოდებენ მას, თურქული ოსკარი.  ფესტივალისთვის ფორთოხალი შერჩეულია როგორც რეგიონის სიმბოლო, ხოლო ქანდაკება ქალღმერთ ვენერას განასახიერებს.

ხეივანის შესასვლელში, თქვენს თვალწინ კინოგადაღების პროცესი იშლება, ერთი შეხედვით თითქოს სრულიად უსულო და უტყვი რკინის ფიგურებით, თუმცა რაღა რკინა, ჯართის გროვიდან ფიცხლად წამომხტარ გადამღებ ჯგუფს უფრო მოგაგონებთ ალბათ.

ხეივანმაც შემიტყუა, მარჯვნივ და მარცხნივ, შავ–თეთრი კინოლენტების სახით აღდგენილია ყოველი წლის ფესტივალის გამარჯვებული ფილმი, მსახიობი ქალი, მსახიობი მამაკაცი . . . დაწყებული 1964 წლიდან დამთავრებული 2009 წლით.

1979 წლის კინოლენტა მხოლოდ შავ ფონზე თეთრი წარწერით მატყობინებს რომ რამდენიმე ფილმს სახელმწიფო ცენზურა შეეხო და შესაბამისად ფესტივალის ორგანიზატორებმა სოლიდარობის ნიშნად ფესტივალი აღარ ჩაატარეს.

 1980 წლის კინოლენტაზე კითხვის ნიშანს დაინახავთ, როგორც მოგვიანებით გავიგე არც არაფერი ჰქონიათ დასაწერი, ეს ხომ ყველაზე სამარცხვინო წელი იყო თურქეთში, 1980 წლის 12 სექტემბერს სახელმწიფო გადატრიალება მოხდა; რა დამთხვევაა, გზად,  თურქეთისკენ მიმავალმა გავიგე საინფორმაციო გადაცემიდან, რომ სწორედ ახლა გაიხსნა ანკარაში “სირცხვილის მუზეუმი”,  ამ თარიღთან დაკავშირებით.

და აი ზუსტად 30 წლის შემდეგ, 1979 და 1980 წლის ფილმები წლევანდელი ფესტივალის პროგრამაში ჩართეს, ჟიურის წევრებიც სწორედ ის ვარსკვლავები იქნებიან, რომლებსაც მაშინ, იმ წლებში უნდა გამოევლინათ გამარჯვებულები.

დაჯილდოების ცერემონია ამავე ხეივანში მდებარე ისტორიულ, ასპენდოსის ამფითეატრში გაიმართება, საიდანაც უკვე შეგიძლიათ იხილოთ ფესტივალის მუსიკალური ნაწილში მონაწილე ჯგუფების რეპეტიციები, ერთ–ერთი ასეთი რეპეტიციის შემსწრე თავად გახლდით.

ხეივანიდან გამოსვლისას ვენერას, დაახლოებით ათი უზარმაზარი ქანდაკება ვიხილე, მათ ალბათ უკვე ფესტივალისთვის ამზადებდნენ.

საინტერესო ამბავი მაქვს ფემინისტებისთვის, წლევანდელი ჟიური იქნება სრულიად ქალური თუ შეიძლება ასე ითქვას, როგორც ქ. ანტალიის მერმა განაცხადა, ფესტივალის მთავარი თემა, რომელიც 8–14 ოქტომბერს გაიმართება, იქნება “Ve Kadın Dünyaya Dokundu” თარგმანში “. . . და ქალი ეხება სამყაროს” – სახელწოდება, რომელიც პირდაპირ ეხმაურება ქალთა წვლილს მსოფლიო კინემატოგრაფში და  შთაგონებულია 1956 წლის ფილმით “და ღმერთმა შექმნა ქალი”.

ქალაქი ემზადება კინოვარსკვლავების და კინომანების დასახვედრად, ჯერ კიდევ შარშანდელ ფესტივალზე, ანტალიამ 500 000 კინომოყვარულს უმასპინძლა. ფესტივალი იწყება გრანდიოზული მსვლელობით, ვარსკვლავებთან შეხვედრით, კონცერტებით, სამწუხაროა რომ ჩემი აქ ყოფნა ამ დღეებს არ ემთხვევა.

1979 წელი (photos by me)