გატეხილი ზურგები

არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ზურგზე სიარული უყვართ, გატეხავენ ერთ ზურგს, გადავლენ უფრო მაღალ ზურგზე, ამასაც გატეხავენ და ასე შემდეგ, ზურგების კიბის უფრო მაღალ და მაღალ მწვერვალებს იპყრობენ. გატეხვამდე ზურგი ბევრს უძლებს, ბევრს ცდილობს, ცდილობს რომ გაუძლოს და დიდხანს ატაროს, კარგად ატაროს. ერთი შეხედვით რაღაც ჰარმონიაც უნდა იყოს, თავისებურად მაგრამ მაინც, ერთიც ხომ მსხვერპლია და მეორეც. ზურგზე მოსიარულე უიმედოა, არაფერი ეშველება, რადგან უკვე ძალიან დაგვიანებულია ადამიანმა საკუთარი ფეხით სიარული ისწავლოს.

აი ასეთი ხარ და მორჩა, დამოკიდებული და ჩამოკიდებული, ხელით სატარებელი და საჯიკავებელი, ყველგან ზურგით დადიხარ, ამ სიმაღლიდან უფრო კარგად ხედავ, უფრო მეტი საყრდენი გაქვს, უფრო მეტად იმკვიდრებ თავს, რაღაც დროის შემდეგ ისე ზულუქდები, რომ ზურგი ამას ვეღარ უძლებს და ტყდება. და შენ, უკვე მოფრთიანებული, ფეხმოკიდებული და უფრო მეტად თავდაჯერებული გადადიხარ სხვა ზურგზე, აგრძელებ დიდ და იოლ გზას.

ჩემ გარშემო ბევრი გატეხილი ზურგია. მეც გატეხილი ზურგი ვარ. ხშირად, ზურგი ძნელად მთელდება. უფრო ხშირად კი საერთოდ არ მთელდება.

 

გილოცავთ ვალენტინობას. ატარეთ მხოლოდ საკუთარი თავი. ❤