“ჩემს ენჯეოს ვხსნი”

მოდი არასამთავრობო გავაკეთოთ და შეზნექილმუცლიანი, თეთრი რძის მოყვარული მაჩვზღარბების უფლებები დავიცვათ, გრანტები წამოვა. დღე? მოდი იყოს 32 სექტემბერი.
და ადამიანებმა შექმნეს შეზნექილმუცლიანი, თეთრი რძის მოყვარული მაჩვზღარბების უფლებების დაცვის ორგანიზაცია, რომელსაც ყოველი წლის 32 სექტემბერს აღნიშნავდნენ.
გრანტები წამოვიდა.
რასაკვირველია, წლის სხვა დღეებში, შეზნექილმუცლიანი, თეთრი რძის მოყვარული მაჩვზღარბები არავის ახსოვდა და ყოველი წლის 32 სექტემბერს, იმ კონკრეტულ სახსენებელ დღეს, ყოველთვის, უცვლელად ერთი და იგივე რაოდენობის ადამიანები და საერთოდაც ერთი და იგივე ადამიანები დადიოდნენ, ძირითადად შთრმმ-ს უფლებების დაცმველი ორგანიზაციიდან.

ასე და ამგვარად, ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც ღვედის გაკეთებას, ღვედის გაკეთების დღეს აღნიშნავენ, ნაგვის გადაყრას, ნაგვის გადაყრის დღეს, ფობიების წინააღმდეგ ბრძოლას, მხოლოდ ფობიების წინააღმდეგ ბრძოლის დღეს და ა.შ. ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. სხვა დღეებში არ გვახსოვს არავინ და არაფერი, არ გვახსოვს რომ მინიმალური წესები ყოველდღე უნდა დავიცვათ, არც ის გვახსოვს რომ ადამიანის უფლებები 24/7-ზე არსებობს და მხოლოდ მაშინ არ უნდა გაგვახსენდეს, როდესაც ცეცხლი გვეკიდება ან როდესაც გრანტები გვჭირდება ან ორივე ერთად.
ჩემთვის დღემდე საშინლად გამაღიზიანებელია, როდესაც ადამიანებს რაღაც ნიშნით გამოარჩევენ და ამ კონკრეტული ნიშნის გამო იცავენ, ვერ ვიტან იარლიყების მიწებებას, ჩარჩოებში მოქცევას, საზღვრების დაწესებას, ადამიანი თავისუფალი არსებაა, რომლის უფლებებიც უნდა გვახსოვდეს, მიუხედავად მისი ნებისმიერი გამოსარჩევი თუ გამორჩეული ნიშნისა.

შარშან, ზუსტად 10 ნოემბერს, ჩვენს ქალაქში ადამიანი მოკლეს, ის არ იყო ჩემთვის არც კაცი, არც ქალი, არც კაბიანი, არც შარვლიანი, არც გრძელთმიანი, არც საყურიანი, არც უსაყურო, არც უფეხო. როცა ეს ამბავი გავიგე ამაზე არ მიფიქრია, ის, იმ მომენტშიც და ახლაც იყო ადამიანი, უბრალოდ ადამიანი, რომელიც მოკლეს და შემდეგ სახლში ამოწვეს, და მეორე ადამიანი, რომელსაც ამაში ბრალი ედებოდა, მხოლოდ სახლისთვის ცეცხლის წაკიდებისთვის გაასამართლეს.

გრანტები ისევ წამოვიდა.

 

———————

ფოტოები ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის დღიდან, 20 ნოემბერი, 2014 წელი. 

This slideshow requires JavaScript.

ფოტო მთავარზე (c) Lasha Tsertsvadze

2015 წლის 10 ნოემბერს, საბი ბერიანისადმი მიძღვნილი დღიდან – იხ. სრული ფოტორეპორტაჟი 

Advertisements