Posted in Uncategorized

კინოფესტივალის გახსნა [ფოტო]

კულტურული ღონისძიებები, საკუთრივ კი ისეთი ღონისძიებები, სადაც უფასოდ შეიძლება დაესწრო ჩვენებებს, წარმოდგენებს, საღამოებს და ა.შ. ხშირად არ გვანებივრებენ საქართველოში. შესაბამისად, ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის დაწყებას დიდი სიამოვნებით ველოდები ხოლმე და შვებულების ერთ კვირას ყოველთვის ვინახავ სექტემბრისთვის.

ნებისმიერ მსურველს საშუალება ეძლევა დაესწროს კინორეჟისორების, პროდიუსერების თუ სხვა პროფესიონალების მასტერკლასებს, სხვადასხვა ქვეყნის მიერ წარმოდგენილი ფილმების ჩვენებებს და თემატურ ვორქშოფებს მთელი ერთი კვირის მანძილზე, რასაკვირველია ეს ყველაფერი უფასოდ.

ვფიქრობ ეს არის შანსი, რომელიც ყველა კინომოყვარულმა უნდა გამოიყენოს და მითუმეტეს იმ ადამიანებმა, რომლებიც ახლა სწავლობენ ამ სფეროში და მომავალში აპირებენ თავის წარდგენას საკუთარი შემოქმედებით. აქვე თუ იმასაც გავითვალისწინებთ რომ სწავლება ამ მხრივ არ დგას მოწოდების სიმაღლეზე, მაქსიმალურად უნდა დაესწრონ მოწვეული სპეციალისტების მასტერკლასებს.

ფოტოები ბიაფის გახსნიდან 

biaff1

biaffcake

Posted in Photography, Tbilisi

Efes რეტრო & არტი

ლუდი რომ ძალიან მიყვარს ამ პოსტიდან გეცოდინებათ , თუმცა ჩემი ოთხბორბლიანი მეგობრის გადამკიდე ხშირად ვერ გეახლებით.

ასევე ჯიუტად ვესწრები ხოლმე ლუდის ფესტივალებსაც საქართველოში, თუმცა უშედეგოდ ყოველ წელს ნატახტარის ფესტივალი ტარდება, სამწუხაროდ.  ისიც მახსოვს რომ ბოლო  ფესტივალზე მცირე კუთხის სახით იყო Efes Pilsen წარმოდგენილი, მაგრამ ვეღარ მივუსწარით, მალე გათავდა.

ყველაზე ხშირად ლუდს მივირთმევ როდესაც დასასვენებლად მივდივარ, მათ შორის თურქეთში, რა დროსაც სასმელებიც შედის სასტუმროს ტურისტულ პაკეტში, მათ შორის ალკოჰოლური სასმელები და მათ შორის ლუდი Efes, რომლის რეკლამებიც მთელ თურქეთში ისეა მიმოფენილი როგორც ტრიალ მინდორზე ყაყაჩოები.

სანაპირო ზოლი პრაქტიკულად ეფესის ფერებშია გადაწყვეტილი ეფესის ქოლგების მეშვეობით.

თურქეთი, 2009წ.

ერთი სიტყვით, ზაფხული ჩემთვის ის დროა როცა ლუდი მდინარედ მოედინება . . .  🙂

ლუდის სიყვარულში მოვხვდი  Efes კარაოკე ფართიზე ბლოგერებთან ერთად, გვარიანად ვიჩხავლე (ვერ გამაგდებინეს ხელიდან მიკროფონი), და თურქეთში გატარებული დღეებიც გავიხსენე, მიუხედავად მანქანისა, მაინც დავლიე, თან ერთ ბოთლს ზუსტად  ჩემი სახელი ეწერა და როგორ შეიძლებოდა არ დამელია 😦

Continue reading “Efes რეტრო & არტი”

Posted in აქეთური იქეთური

ღია პოსტი ბიძინას

თქვენი არ ვიცი და მე ცოტა არ იყოს გული დამწყდა, ჩემს ერთ მეგობარს თუ ვენდობი, თითქმის 18 გვერდიანი (!!!) წერილი წავიკითხე და არცერთი სიტყვა ქართველ ბლოგერებზე და ბლოგოსფეროზე!

არც ლანძღვა, არც ჭკუის დარიგება, ბლოგის ყიდვას და საუკეთესო (?) ბლოგერების შემოკრებას ვინ ჩივის!

მაგრამ წყენას გულში ხომ არ ჩავიდებ, ეს რა ბლოგერის საკადრისია (!)

ყველაფერს ბიძინა ხომ არ შემოგვთავაზებს?

ერთხელ ჩვენც ხომ უნდა შევთავაზოთ რამე?

ან ხომ არ შეიძლება ყველაფერი გავყიდოთ? იყიდე-გაყიდე, რა ქარვასლაა?

ჰოდა ასე, ბატონ ბიძინას სრულიად უსასყიდლოდ (a.k.a უსასყიდლოდ!!!) ვთავაზობთ ღია წერილების პორტალი – letters.ge , სადაც განთავსდება მისი ღია თუ დახურული წერილები, ასევე მისი წერილების ადრესატების, დუელანტების თუ ტრუბადურების საპასუხო პასკვილები . . .

წერილები მოხშირდა, მოცულობაც ნელ–ნელა იზრდება, პუბლიკა “нехватка”-შია და თვალებდაჭყეტილი ელოდება მორიგ წერილს, ან იქნებ რომანს . . .

ჯერჯერობით ერთი დადებითი თვისება აქვს ამ წერილებს, კითხვა დაიწყო ხალხმა!! ზოგმა ფიქრიც! დააკვირდით როგორ შემოგვაპარა, ჯერ პატარა წერილი, მერე ცოტა გაზარდა მოცულობა, მერე ცოტა კიდევ, ნელ–ნელა წიგნებზეც გადავა ხალხი ალბათ.

თქვენი არ ვიცი და მე ბევრი ვიფიქრე სად წაგვეღო ამდენი წერილები, წაკითხვისთანავე დაწვი ან გაუგზავნე 15 მეგობარს აქ არ გამოგვადგება.

ამიტომ ასეთი რამე მოვიფიქრე, ვისაც სურვილი გაქვთ შემოგვიერთდით, ერთად განვახორციელოთ ქართული ოცნება.

ტრადიციას არ დავარღვევ და მეც ამ სურათს დავურთავ 🙂

Posted in QuickPress

სოციალური მედიის დღე – 2011 (თბილისი)

წელს უკვე მეორედ, 30 ივნისს მსოფლიოში აღინიშნება სოციალური მედიის დღე, ამ დღეს დაგეგმილ შეხვედრებს და აღნიშვნას არც შარშან დაკლებია საქართველო და წელსაც მიუხედავად ბევრი კრიტიკული აზრისა თუ წინააღმდეგობისა სოციალური მედიის დღის აღსანიშნავი წვეულება შედგება დღეს – 30 ივნისს, ლისის ტბაზე, LISI LAKE LOUNGE, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით.

ამ დროისთვის დაფიქსირებულია 93 მონაწილე ქვეყანა, 600+ შეხვედრის ადგილით და ათასობით მონაწილით.

დასწრების მიხედვით ტოპ ათეული ასე გამოიყურება:

1. ნიუ იორკი, აშშ

2. სან პაულო, ბრაზილია

3. ბარსელონა, ესპანეთი

4. სანტა ანა, აშშ

5. ანტვერპენი, ბელგია

6. ბუენოს აირესი, არგენტინა

7.ატლანტა, აშშ

8.ბოსტონი, აშშ

9.ფილადელფია, აშშ

9. ჩიკაგო, აშშ

10. სან ფრანცისკო, აშშ

როგორ მივიღოთ მონაწილეობა? ნებისმიერი სახით, იქნება ეს Offline თუ online რეჟიმი, იყავით მაქსიმალურად სოციალურები ❤

1) დააფიქსირეთ შეხვედრის სურვილი აქ – ლინკი

2) უყურეთ პირდაპირ ჩართვებს სხვადასხვა ქალაქიდან – ლაივსტრიმი ბარსელონა, დუბაი, ედინბურგი, ნიუ იორკი და ა.შ.

3) ტვიტერზე აქტიურობისას გამოიყენეთ ჰაშტაგი #smday 

4) ეწვიეთ smday.com დატოვეთ კომენტარი, რას აკეთებთ, რას აპირებთ ამ დღის აღსანიშნავად

5) ატვირთეთ ვიდეოები იუთუბზე, ფოტოები flickr-ზე და ა.შ.

უფრო წარმატებით აქტიურობისთვის გთავაზობთ (ვინც არ იცით) hootsuite.com სადაც ერთი ფანჯრის პრინციპით, შეგიძლიათ გახსნათ სოციალური მედიის რამდენიმე არხი და წარმატებით და აქტიურად გამოიყენოთ ისინი.

ასევე გაგაცნობთ ჩემ ყოველდღიურ გაზეთს  SOCIAL MEDIA  თემატური გაზეთის გაკეთება თავადაც შეგიძლიათ, ეწვიეთ paper.li , აირჩიეთ სასურველი თემა, სფერო და შექმენით თქვენი გაზეთი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში სოციალური მედიის სხვადასხვა არხიდან თქვენთვის შეკრებს სიახლეებს, თქვენს მიერ შერჩეული თემის ირგვლივ.

მცირე სტატისტიკა სოციალურ მედიაში 

გაიგეთ უფრო მეტი – mashable.com

Posted in QuickPress

ოჰ, ეს შეშლილი, შეშლილი, შეშლილი მსოფლიო

ტელევიზიით გასულმა სიუჟეტმა ვირტუალურ ბრბოში დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, აუ ეს ბრბო, აუ ეს ხროვა, აუ ეს ხამები, აი რამდენს უნდა ფული, უი რა დღეში არიან ფულის გულისთვის, შეხედე, შეხედე ერთმანეთს ახტებიან და სხვა მსგავსი შეძახილი ისმოდა ვიდეოს გარშემო შეკრებილი ხალხისგან.

მოდუნდით ადამიანებო! იყავით კეთილები, კარგები და ნუ იქნებით კეთილმოტყნულები და კარგმოტყნულები!!

ხანდახან თუ გამოხვალთ ზომბური სამოსელიდან და გახვალთ გარეთ ირბენთ, იცინებთ, იხალისებთ, მეგობრებს შეხვდებით ამას რა სჯობს?!

რა დასანანია რომ დღეს ვერ წავედი ლაშარელასთან და დვორსკისთან ერთად, თორემ კატიეს ფლიპქემში ხომ მეც მოვხვდებოდი, ისე როგორც ლაშარელა, დვორსკი, დოინჯი, კნუტი, მწვანე ვაშლი და მრავალი სხვა . . . .

მაშ ასე მეგობრებო დაიწყო მაძიებელთა რბოლა, ადრენალინი, მხიარულება, აზარტი, თავგადასავალი და სხვა ათასი ოხრობა, შემოგვიერთდით ჯერ კიდევ არ არის გვიან 🙂

ხოლო სანამ ჩვენი დიდი კრიპტოგრაფი, რუქას ჩაჰკირკიტებს და აწყობს მოცეკვავე კაცუნებს, მოდი მე ასე ვიცეკვებ ამასობაში

 

Posted in საზოგადოება, QuickPress

ლენინი და ბლოგერები

ხალხური სიბრძნე: გრძელი პოსტი მოკლედ არ იწერებისო

გუშინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით ბლოგერები ეკონომიკის მინისტრს ვერა ქობალიას შევხვდით. შეხვედრაზე მოიხაზა სხვადასხვა საინტერესო პროექტების კონტურები (Healthy tourism ამ შემთხვევაში ჩემი ფავორიტია) და ერთმანეთს შემდგომი შეხვედრის და პროექტების კვლავ განხილვის იმედით დავემშვიდობეთ.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია სტატისტიკა ბლოგერების და მინისტრის შეხვედრებს და არც მათ პროექტებს არ სწყალობს, მითუმეტეს არ სწყალობს ღრუბლებში მოფარფატე უკვდავების წყლის მაძიებელ პროექტებს.

მსოფლიო ინტერნეტ სტატისტიკის ვებგვერდის მიხედვით, 2010 წლის მონაცემებით საქართველოს 4,600,825 მოსახლიდან 1,300,000 ინტერნეტ მომხმარებელი ჰყავს, ანუ დაახლოებით 28.3%.

ერთ-ერთი ქართული ვებგვერდის მიხედვით თბილისის, ქუთაისის და ბათუმის მოსახლეობის 50%-ზე მეტი ინტერნეტ-მომხარებელია.

მომხმარებელი ანუ ადამიანი, რომელსაც ერთდროულად აქვს კომპიუტერიც და ინტერნეტიც (რა საოცრებაა).

მაგრამ რაში მოიხმარს?

შეხვედრის მომხსენებელთა და ჩემი ბლოგის მკითხველთა უმრავლესობას არ და ვერც წარმოუდგენია ის რომ დღეს ვინმემ არ იცის კომპიუტერის ელემენტარულ დონეზე მომხარება, ინტერნეტზე აღარ არის საუბარი; რომ არიან სტუდენტები თბილისში (არ ვამბობ რეგიონებს) რომელთაც თავიანთი 5 გვერდიანი საკურსო ნაშრომი ვერ შეუყვანიათ კომპიუტერში, რომ არიან სტუდენტები/არასტუდენტები რომელთაც სივი ქსივა ჰგონიათ; რომ არც თბილისში და მითუმეტეს არც რეგიონებში ბევრს წარმოდგენა არ აქვთ რომ ინტერნეტის საშუალებით შეიძლება მიიღო უფასო განათლება, შეგიძლია უფასოდ ისწავლო ენები, ეძებო სამსახური, იყიდო ან გაყიდო უსულო თუ სულიერი საგანი, მოიძიო შენი პროფესიისთვის საჭირო მასალები, გაიცნო თანამოაზრეები, კოლეგები და მრავალი სხვა, რა დალევს ვებ სივრცის შესაძლებლობებს . ..

შეხვედრაზე ამ მნიშვნელოვან პრობლემასთან დაკავშირებით დავით გელაშვილმა და პიკოლინამ გააკეთეს ხმამაღალი კომენტარი, თუ ჩემ ამირანგულშიმღეროდა ფიქრებს არ ჩავთვლით. დავითმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდების ერთი პატარა ჯგუფი სოფელ-სოფელ ცდილობს უსადენო ინტერნეტის გაყვანას და ელემენტარულ უნარ-ჩვევებსაც უხსნიან მომხმარებელს, თუმცა მონტაჟისას მათ ექმნებათ სხვადასხვა ადმინისტრაციული ხასიათის პრობლემები. პიკომ ხაზი გაუსვა რაიონებში ტრენინგების, სემინარების ჩატარების აუცილებლობას.

აქედან გამომდინარე ორ ძირითად და ხაზგასმით მნიშვნელოვან საკითხს ვაყენებ:

  1. მასშტაბური ინტერნეტიზაცია
  2. ტრენინგები, სემინარები უნივერსიტეტებში, სკოლებში, საჯარო დაწესებულებებში . . .

ამის შემდეგ უკვე სხვა პროექტებზეც თამამად და აზრდატანებულად შეიძლება საუბარი და არა ღრუბლებში ფრენა, თორემ რა მიზანი აქვს ვაკეთოთ დღეში ასი რეკლამა ტელევიზიით თუ ვიცით, რომ ტელევიზორი 20-დან 2 კაცს აქვს და ამ 2 კაციდან 1 ფიქრობს რომ ტელევიზორის ნახევარ საათზე მეტ ხანს ყურება თვალებს აფუჭებს?

იგივე შემიძლია ვთქვა ბლოგინგის განვითარებაზეც, პირველ რიგში ბლოგის მიგნება და ბლოგის კითხვა უნდა ისწავლოს ხალხმა და შემდეგ თავად გადაწყვეტენ ჰქონდეთ საკუთარი ბლოგი თუ არა.

კარგია თუ რომელიმე ბლოგერი სვანეთს ესტუმრება ორიოდე დღით, დაწერს თავის შთაბეჭდილებებს და განათავსებს სადმე საიტზე, მაგრამ უფრო კარგი იქნება თუ ადგილობრივი მცხოვრები (1) შეძლებს ამის ნახვას და წაკითხვას და (2) თვითონ შეძლებს თავის სოფელზე, ქალაქზე რაიმეს დაწერას, რაც ჩემი მოკრძალებული აზრით უფრო კომპეტენტურად გამოუვა მას.

განა რამდენი ადამიანი მოიხმარს ამ 1.300 000-დან ინტერნეტს შესაბამისად (ინფორმაციის მიღება, გაცვლა, ძიება, ბლოგები და ა.შ.)? მათი უმეტესობა კომპიუტერს და ინტერნეტს თამაშებისთვის, უცხოეთში წასულ ნათესავთან კომუნიკაციისთვის და ოდნოკლასნიკების გამოყენებით შემოიფარგლება.

შარშან, ზაფხულში ორჯერ დამჭირდა ინტერნეტ-კაფე თბილისში, ერთხელ როდესაც ვესტუმრე 18 კომპიუტერიდან 15 სკოლის ასაკის ბავშვებს ჰქონდათ დაპყრობილი და ქაუნთერ სტრაიკს თამაშობდნენ, დანარჩენი, ჩემი ჩათვლით ელ-ფოსტით სარგებლობისთვის ვისხედით; ხოლო მეორედ  ხუთი კომპიუტერიდან 4 ოდნოკლასნიკში იყო და 1 ფორუმზე.

არც ისე დიდი ხნის წინ დაიწყო გადაცემა ”FaceControl” იმედზე, ბევრმა გააკრიტიკა, ბევრმა დასცინა, გუშინ დავინტერესდი და შევხედე, გახსნილი აქვთ გოგოებს ლეპტოპები, ფეისბუქის გვერდები, ათვალიერებენ და ხმამაღლა კომენტარსაც აკეთებენ  ყოველი მოქმედების შესახებ (სურათების ნახვა, გადასვლა სხვა გვერდზე და ა,შ), შემდეგ გახსნეს ერთ-ერთი კაფეს ფან-გვერდი, შემდეგ გახსნეს იუთუბი, მოძებნეს და ჩართეს ვიდეოები ანუ ერთი შეხედვით პრიმიტიული და უმნიშვნელო გადაცემა (ჩვენ ხომ ყველაფერი ვიცით ფეისბუქში :D) უამრავი ადამიანისთვის მნიშვნელოვანი სატელევიზიო ტუტორიალი აღმოჩნდა და როგორც ზოგიერთმა თქვა მაესტროს სმს შოუს ძერსკი ვარიანტი კი არ არის, არამედ კომპიუტერთან და ინტერნეტთან ურთიერთობის ერთგვარი პრომოუშენია.

რა გასაოცარიც არ უნდა იყოს, ხსენებულ შეხვედრაზე დოდკა მოვისაკლისე (და არა მხოლოდ!), სწორედ მისგან ვიცი რომ სკოლებში ტარდება ტრენინგები Project Harmony International -ის ფარგლებში, მაგრამ მხოლოდ რამოდენიმე სკოლაში და მხოლოდ რამოდენიმე ქალაქში – თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მაგრამ ეს საწყისი ნაბიჯია და ითხოვს გააქტიურებას და მეტ მასშტაბურობას. დოდკა ერთ-ერთი ტრენერია, რომელიც ასევე გაუ-თბილისის PR სკოლაში კითხულობს ლექციებს და რამოდენიმე მსხვილი კომპანიის სოცმედია კონსულტანტია, სწორედ ამ და მთელი რიგი სხვა მნიშვნელოვანი მიზეზების გამო გამიკვირდა სოციალური მედიის განვითარების და მისი გამოყენების პროექტების შემუშავების შეხვედრაზე მისი არ ყოფნა. აქედან გამომდინარე, ნურავინ მიწყენს, მ აგრამ ცოტა არ იყოს არასერიოზულადაც კი მიმაჩნია მნიშვნელოვნად კომპეტენტური პირების არ ყოფნა / ვერ ჩართულობა მსგავს პროცესებში.

ე.წ. ინტერნეტიზაციის მხრივ კი 2005 წელს დაიწყო ”ირმის ნახტომი” –  საქართველოს სკოლების კომპიუტერიზაციის და ინტერნეტიზაციის 4 წლიანი  პროგრამა, თუმცა აგერ უკვე 2011 წელია, მაგრამ პროგრამა ჯერ არ არის დასრულებული, პროგრამის ოფიციალური ვებ-გვერდზე კი ბოლო განახლებული ამბავი 2008 წლით თარიღდება.

დადებული გეგმა ვერ სრულდება, პლუს წინ ციფრული მაუწყებლობის სავალდებულო გეგმაა შესასრულებელი, რომელიც ჯერ შემუშავებულიც არ არის.

”. . . . . ინდუსტრიის მართვა თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიებით, ის რაც ერთმანეთთან მჭიდროდ დააკავშირებს ქალაქსა და სოფელს, ბოლოს და ბოლოს მოშლის მათ შორის არსებულ ღობეს, აამაღლებს კულტურას, ხელს შეუწყობს განვითარებას, განთლებას თვით ყველაზე მიუწვდომელ კუნჭულებშიც კი . . . .  ”    – რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ეს სიტყვები ეკუთვნის ლენინს, რომელიც მან 1920 წელს წარმოთქვა და რაშიც არც მეტი არც ნაკლები სრულიად რუსეთის მასშტაბურ ელექტროფიკაციას გულისხმობდა.

200 მეცნიერისა და ინჟინერის მუშაობის შედეგად, 1920 წელს მთელი რუსეთის ელექტროფიკაციის გეგმა – გოელროს გეგმა (план ГОЭЛРО) დაიდო.

დავიჯერო ლენინი და 1920 წლის რუსეთი გვჯობია?

თუ გვინდა რომ საქართველოში განვითარდეს სოციალური მედია და ის მნიშვნელოვანი იარაღი გახდეს სხვადასხვა სახელმწიფო თუ არასახელმწიფო სფეროების ხელშესაწყობად, ჯერ უნდა მოხდეს ამ ორი ძირითადი საკითხის შესრულება და როგორც დავით გელაშვილმა თქვა, ამას მხოლოდ ერთი პატარა ჯგუფი კი არ უნდა ცდილობდეს სოფელ-სოფელ ინტერნეტის გაყვანით, არამედ მასშტაბურად უნდა მოჰკიდონ ხელი ამ საქმეს,  ხელი შეუწყონ მსგავსი პატარ-პატარა ჯგუფებს მუშაობაში და ასევე სახელმწიფოს რელევანტური უწყებებიც ჩაერთონ კონკრეტული პროგრამებით და პროექტებით.

დეტალებისთვის იხილეთ თუ ვის ”მიჰყიდეს” სული ბლოგერებმა

Posted in აქეთური იქეთური

წლის ბლოგერი plus დახასიათება ბონუსად . . .

წლის ბლოგერის შესახებ ამ დრომდე დაწერილი თითქმის ყველა პოსტი იწყება ასე:

ანინამ წამოიწყო ტეგ თამაში . . . და მეც ვაგრძელებ . . .

ბლოგერების აღებულ ტემპს არ დავაგდებ და მეც გავაგრძელებ აღნიშნულ თამაშს, თუმცა გამოგიტყდებით, რაც ანინამ თამაში დაიწყო, მას შემდეგ ვფიქრობ სამეულზე, არა იმ სამეულზე რომელიც ანინამ დაასახელა, არამედ იმაზე, რომელიც მე უნდა შემეკრიბა ჩემს ბლოგზე. ბევრი ფიქრის შემდეგ მივხვდი, რომ თამაშისთვის სამი ადამიანი არ მეყოფოდა და გადავწყვიტე ოქროს სამეულის და დიდი შვიდეულის გაკეთება (რა დიპლომატი ვარ 😀 )
Continue reading “წლის ბლოგერი plus დახასიათება ბონუსად . . .”

Posted in აქეთური იქეთური

საძველწლო ვარიაციები

ყვავას პოსტმა შთამაგონა და გადავწყვიტე მეც გადამეხედა 2010 წლისთვის, სანამ 2011 არ შემოსულა და სულ კინწისკვრით არ გაუგდია . . .

პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ არა 2010 წელი, ეს პოსტი ვერ დაიწერებოდა, ანუ ეს ბლოგი გაჩნდა 2010 წლის 19 იანვარს, ჯერ ერთი წლისაც არ ვართ, და ეს ოდენ თოთო ბლოგი 114 პოსტს იტევს, მათ შორის არცერთი გესთი, რადგან მეტად ცუდი მასპინძელი ვარ.

ბლოგამდე ჯერ იყო დღიური, შემდეგ ბლოკნოტების უთვალავი რაოდენობა, შემდეგ კომპიუტერი ფაილებით და ფოლდერებით, ბლოგის მერე რა იქნება არ ვიცი 🙂

მადლობა მინდა გადავუხადო ყველას ვინც ამ ბლოგზე ერთხელ მაინც შემოსულა, განსაკუთრებული მადლობა პირველი კომენტარის ავტორს – INTERES-ინტერესი ?…! და ყველა ჩემს ერთგულ მკითხველს:  ქევანას, ლორდ ვადერს, თეოს, მწირს, როდრიგოს, ჯორჯ პაიკს, ნატატოს, ვეკოს, სიყვარულოვნას, კატიეს და კიდევ სხვებს და სხვებს . . .

სხვა ზოგადსაკაცობრიო პოსტების გვერდით, აქ ნახავთ ჩემს ჩანახატებს, ლექსებს, თარგმანებს.

შემოქმედებითი თვალსაზრისით არცთუ ისე ნაყოფიერი წელი იყო, დავწერე 12 ლექსი, ვთარგმნე ერთი ლექსი (არლინგტონის) და ორი მოთხრობა (მოემის) ინგლისურიდან.

უბრალოდ წლის განმავლობაში ბევრ თარგმანებს ვაკეთებ სამსახურში და მხატვრული თარგმანისთვის ძალიან ცოტა დრო მრჩება სამწუხაროდ.

სამსახურიც ისევ ისე, სტაბილურად ქმედუნარიანია, მოშლა, დაშლა არ ემუქრება, ბოლო-ბოლო კრიზისის ლაბირინთებში ვიარეთ ამაყად;

წელს ვიყიდე ანუ შევცვალე მანქანა, რომლის გარეშეც ნაბიჯს ვეღარ ვდგამ, რა ვქნა მიჩვევა იცის კომფორტმა.

განსხვავებით სხვა წლებისგან არსად არ ჩამიბარებია სასწავლო მიზნებით, მხოლოდ სერთიფიკატი მივიღე დოკუმენტური კინო რეჟისურის კურსის დახურვისთვის,

ენებს რაც შეეხება, ცოტა ხნით დავუბრუნდი ფრანგულის და ესპანურის სწავლას, თუმცა მალევე შევწყვიტე – მიზეზი დატვირთული სამუშაო გრაფიკი.

ასევე ვერ დავასრულე დოკუმენტური ფილმი ქართველ ავტომრბოლელებზე – მიზეზი დატვირთული სამუშაო გრაფიკი.

მყავდნენ აბიტურიენტები ინგლისურ ენაში, რომლებსაც შევალიე ჩემი დღის ბოლოსთვის გამოზოგილი ნერვები 😀

პირად ცხოვრებაში სრული ჩავარდნა მქონდა, არც ერთი და არც მეორე არ ყოფილა ამ წელს – მიზეზი აქაც შეიძლება იყოს დატვირთული სამუშაო გრაფიკი.

როგორც იქნა დრო გამოვნახე და ოქტომბერში სამოგზაუროდ წავედი ეგვიპტეში – საუკეთესო რაც მოხდა 2010 წელს!

ამ დღეებში ასევე გავიგე, რომ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა გამოსცემს ბლოგერების კრებულს, სადაც დაიბეჭდება ჩემი ერთ-ერთი ჩანახატი, რომელი აარჩიეს არ ვიცი, ორი გავაგზავნე.

ჩემი თარგმანები და ლექსები შეგიძლიათ იხილოთ აქ -www. lib.ge, რისთვისაც მადლობა გიორგი კეკელიძეს.

და რაც უმნიშვნელოვანესია გავიცანი უამრავი კარგი ადამიანი, თუნდაც ვირტუალურად და თუნდაც რეალურად! თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ როგორ მიყვარხართ ყველა, უკლებლივ! მე მაპატიეთ, რომ ვერ გამოვხატავ, ძალიან უხეში და უჟმური ვარ საამისოდ.

მადლობა რომ წაიკითხეთ ეს პოსტიც!

გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!