Posted in Travelling

ბერგჰაინიდან გესტაპომდე

პირველივე დღიდან ქალაქი ისე მომეწონა, მგონია რომ იქ ვიყავი შინ და აქ ვარ სტუმრად. არც თუ ისე ბევრ ქალაქში ვყოფილვარ, მაგრამ ასეთი შეგრძნება, აქამდე არცერთ ქალაქს დაუტოვებია.

დღე I

1) ბერგჰაინი –  ალექსანდერპლაცის და ესკადოსის გემრიელი კერძების და ლუდის შემდეგ, ისე გამოვიდა, რომ ეს ნამგზავრი ხალხი პირველი ბერგჰაინს ვეცით, თუმცა, დაღლილობა იქით იყოს და ბერლინში პარასკევი საღამოს ჩაგდება, ჟანრის ყველა კანონის ღალატი იქნებოდა. წავედით კიდეც. სანამ ბერგჰაინამდე მიხვალთ, რას არ გაიგებთ, რა რჩევას აღარ მოისმენთ, როგორ შეხვიდეთ, როგორ იდგეთ, როგორ ისუნთქოთ, რა ჩაიცვათ, წინა ღამეს რა სიზმარი ნახოთ, რათა როგორმე მსოფლიოს ყველაზე ძნელად შეღწევად კლუბში მოხვდეთ, შიგ ტექნო სცენის ჭიპში.

წვიმდა, ადრე მივედით, დაახლოებით ღამის თერთმეტისთვის, სიბნელეში ჩაფსკვნილი და ჯმუხი ძველი ქარხნის შენობა, სულ მთლად მარტო იდგა, კაციშვილი არ იყო რიგში, გარდა იმ ხალხისა, რომელიც შესასვლელში დრაგებს გვთავაზობდა.  იქვე ახლოს, ჯიხურში ჩაის დასალევად და დროის გასაყვანად გადავინაცვლეთ. ამასობაში, თითო-ოროლა, შავებში ჩაცმული ადამიანი მოსულიყო, რომლებიც ჩვენსავით, შემოდგომის წვიმიან ფოთლებს კარგა ხანს ტკეპნიდნენ. სვენიც გამოჩნდა, ნარინჯისფერ ქურთუკში, არც ისე მაღალი და ოდიოზური, როგორიც წარმომედგინა, იქ მდგომ რამდენიმე ადამიანს აგვხედა – ჩაგხვედა რაღაცნაირი სათვალეებიდან და სტენსილიან რკინის კარში გაუჩინარდა.
– ჩაიცვი შავები
– ჩაიცვი ბოტასები
ჩვენ წინ რამდენიმე ადამიანის უარით გასტუმრების შემდეგ ვხვდები, რომ საქმე არც შავებშია და არც ბოტასებში. საქმე იმაშია, რომ რაც გაცვია, იმაში იდგე მყარად და თუ გინდა თუთიყუშივით აფერადებული მიდი, არ უნდა ნერვიულობდე და ცქმუტავდე იმაზე ფიქრით, შეგიშვებს თუ არ შეგიშვებს. არ შეგიშვებს? არ არის პრობლემა, ელექტრონული მუსიკის სამყაროს ყველაზე დედამოტყნულ უბანში დგახარ, წასასვლელი ნამდვილად გაქვს.

რიგი სწრაფად არ მიდის, როდესაც თქვენი რიგი მოვა, სვენი, სვენებ-სვენებით გათვალიერებთ ერთი-ორი წუთი და მაშინაც, როდესაც ჯერ კიდევ რიგში ხართ; ხან გიყურებთ, ხან არ, აკვირდება რამდენად დამაჯერებელი ხართ, რამდენად თქვენ ხართ ამ ტანსაცმელში და ბერგჰაინის კართან მომლოდინე. გეკითხებათ, რამდენი ხართ, თან რამდენჯერმე გეკითხებათ, ისე თითქოს ვერ გაიგო 1 მეტრის დისტანციაზე.

მეცვა ის, რაც მაცვია ბასიანზე, მტკვარზე, ხიდზე და სხვა კლუბებში და ვიდექი ისე, როგორც ვდგავარ ხოლმე ამ კლუბების რიგებში. არც მეტი, არც ნაკლები.

ბეტონის კედლების მიღმა ფოტოების გადაღება არ შეიძლება, ჩხრეკის დასრულების შემდეგ, ტელეფონის კამერებზე, მაშუქზე სტიკერებს აკრავენ. შესვლის თანხას ნაღდით იხდით და შედიხართ ღამის ბერლინში, იქ სადაც ყველა კედელი დანგრეულია. მცირე ლირიული, მაგრამ სულიერად მძიმე შესავლის შემდეგ კი, კისრის და კინჩხის მოსატეხი ტექნო იდება.

დღე II

2) ბერთოლდ ბრეხტის სახლ-მუზეუმი და დოროთეენშტადის სასაფლაო –  მძიმე ღამის შემდეგ გვიან გამეღვიძა, ნახევრად მოჭუტული თვალებით რუკაზე ძველი სასაფლაო და ბერთოლდ ბრეხტის სახლ-მუზეუმი შევნიშნე. ჩვენი სახლიდან ფეხით სავალ მანძილზე იყო. ისეთ ხასიათზე ვიყავი, ერთი კაი სასაფლაო ნამდვილად მისწრება იქნებოდა. სასაფლაო კი არა ბაღნარი იყო, ფერად-ფერად ფოთლებში და მწვანე ნარგავებში ჩარგული ძველი სასაფლაოები. შესასვლელიდან ხელმარცხნივ, დაახლოებით მესამე თუ მეოთხე საფლავია ბერთოლდ ბრეხტის და მისი მეუღლის – ჰელენ ვეიგელის. თაყვანისმცემლებს კალმები ჩაერჭოთ საფლავის ქვასთან, მეც დავუტოვე ჩემი ფანქარი, კი ვერაფერს დაწერს, მაგრამ მაინც.

ზუსტად გვერდით, ბრეხტის სახლ-მუზეუმია, სადაც 5 ევროდ შევედი. მუზეუმის გოგონამ, ბრეხტი, ჰელენი, ნაცისტებისგან დევნა, მარქსის სიყვარული, დევნილობაში ცხოვრება ბრეხტის და ჰელენას it’s complicated ურთიერთობა, ყველაფერი შემოდგომის ფოთლებივით თვალწინ გადამიშალა. ამ სახლში ბრეხტი 1953 წელს გადმოსულა, ძალ-ღონე არ დაიშურა, რომ ჰელენაც აქ გადმოსულიყო, თუნდაც იმ პირობით, რომ სახლის სხვა ნაწილში იცხოვრებდა. ასეც მოხდა, ჰელენა სახლის მეორე ნაწილში დასახლდა, რომელსაც შესასვლელიც ცალკე ჰქონდა. რაც უფრო დიდი და ნათელი იყო სამუშაო და სტუმრების მისაღები ოთახები, იმდენად პატარა და კელიას მსგავსი იყო ბრეხტის საძინებელი ოთახი, სადაც იგი გარდაიცვალა. მისაღები ოთახის ფანჯრები, პირდაპირ სასაფლაოს გადაჰყურებდა, სადაც დაკრძალული იყო ჰეგელი, ბრეხტის საყვარელი ფილოსოფოსი. ჩაიზე ჰელენს წერილობით ეპატიჟებოდა, ასევე ჰელენიც, წერილობით ატყობინებდა, სადილად ჩამოსვლაზე.  ჰელენი კულინარიით და ძველი, ვინტაჟური ჭურჭელის შეგროვებით ყოფილა გატაცებული. მის ოთახში ათას საოცარ, ფერად-ფერად ნივთს ნახავდით, სამზარეულოში კულინარიის შესახებ წიგნები, მათ შორის ცნობილი გერმანული სამზითვო წიგნი, ჰენრიეტა დავიდის “პრაქტიკული კულინარია”, ადრე ასეთი ტრადიცია იყო რომ ახალგათხოვილ გოგოებს ჩუქნიდნენო, კიდევ კარგი დღეს აღარ არისო, შვებით ამოისუნთქა მუზეუმის გოგომ. სამზარეულოში მოფუსფუსე ჰელენი ლომს ემსგავსებოდა, არავის მისთვის ხელი არ უნდა შეეშალა და ოთახში არ უნდა შესულიყოო.

არც სასაფლაო და არც სახლ-მუზეუმი დიდი არ არის, ჯამში ალბათ ერთი საათი დაგჭირდებათ.

3) ბერლინის კედლის მემორიალი და სადოკუმენტაციო ცენტრი – რუკის მიხედვით, ბრეხტის მუზეუმის შემდეგ, ესეც ფეხით სავალ მანძილზე იყო. მემორიალი 1998 წელს  მოეწყო ბერნაუს ქუჩაზე აკერშტრასეს კვეთასთან და მოიცავს შერიგების კაპელას, რომელიც დაკეტილი დამხვდა, ბერლინის კედლის სადოკუმენტაციო ცენტრს, კედლის 60 მეტრის სიგრძის ნარჩენს, ხსოვნის დაფას და დამთვარიელებელთა ცენტრს აუდიო, ვიდეო და ფოტო ინსტალაციებით, ინგლისურ და გერმანულ ენებზე. ბერლინის სადოკუმენტაციო ცენტრის ტერასაზე შეგიძლიათ ახვიდეთ და ზემოდან გადმოხედოთ მთელ ამ კომპლექსს, კედლის ჩათვლით.

4) ბაბილონ კროიცბერგი – კინოთეატრი კროიცბერგის რაიონში 1955 წლიდან, ორი პატარა დარბაზით, ლურჯი კედლებით და ოქროსფერი ფარდით. ბილეთი 7 ევროდან 10 ევრომდე ღირს. აჰა, შენ ბილეთი და სადაც გინდა იქ დაჯექიო, რომ მითხრეს კინაღამ ტირილი დავიწყე.  სადაც გინდა იქ დაჯექიო, აი ზუსტად ასე, და არა ისე, ჩვენთან როგორც არის ცენტრში დასაჯდომად გადაიხადე ამდენი და გვერდებში დასაჯდომად ამდენი.  ფილმის დაწყებისას, ეს ოქროსფერი ფარდა რომ გადაიწია და დასრულებისას ისევ დაიხურა, მანდ მართლა ამიწყლიანდა თვალები. აი, ასეთი პატარა დეტალები გვაღელვებს ხოლმე ადამიანებს.  ჰო, აქ Blade Runner ვნახე, რასაკვირველია ორიგინალი ვერსიით და გერმანული სუბტიტრებით.

დღე III  

5) ჰამბურგის რკინიგზის სადგური – ჰამბურგი-ბერლინის ძველ რკინიგზის სადგურში განთავსებული თანამედროვე ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, ყურის ძირში გვქონდა. გარედან გვარიანად დიდი მუზეუმი ჩანდა, მაგრამ შიდა მასშტაბებმა მოლოდინს გადააჭარბა. აი, რომ გგონიათ მუზეუმის ნახვას მორჩით და უკმაყოფილების შეგრძნება გაქვთ, მაშინ იწყება მთელი კინო. დაახლოებით, საათნახევარი ან ორი საათი დაგჭირდებათ, მუზეუმის მუდმივ კოლექციაშია ანსელმ კიფერის, რობერტ როშენბერგის და ენდი უორჰოლის ნამუშევრები.

6) რაიხსტაგი – ქანთარიასგან განსხვავებით, რაიხსტაგზე მოსახვედრად წინასწარი რეგისტრაცია გჭირდებათ. მე ვერ მოვასწარი, ამიტომ უბრალოდ ჩავურბინე და რასიზმის წინააღმდეგ აქციას შევუერთდი, რომელიც მიემართებოდა ბრანდებურგის კარიბჭისკენ. გზად გავიარეთ ტანკებიანი საბჭოთა მემორიალი, კარიბჭესთან აქცია-კონცერტი იყო და წავედი ჰოლოკოსტის მემორიალისკენ. That’s it.

7) კოლჰოფ თაუერი ე.წ. პანორამაპუნქტი –  101 მეტრი სიმაღლის შენობა პოტსდამის მოედანზე. 2000 წლიდან, თაუერის ბოლო სართულზე მოეწყო გადმოსახედი ტერასა, სადაც ნებისმიერ მსურველს, სულ რაღაც 7 ევროდ შეუძლია ავიდეს და დატკბეს ბერლინის პანორამული ხედებით. შენობა აღჭურვილია ევროპაში ყველაზე სწრაფი ლიფტით – წამში 8,6 მეტრი სიჩქარით. მთელ სიმაღლეს კი სულ რაღაც 20 წამში ფარავს. დიდი ხანი არც აქ დაგჭირდებათ, ჯამში ალბათ 10 წუთი გეყოფათ.

8) ჯაშუშების მუზეუმი – კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯაშუშების მექაში, გვატყობინებს მუზეუმის მწვანე პოსტერი. მუზეუმი აღჭურვილია ვიდეო, აუდიო, ფოტო, კრიპტოგრაფიული ინსტალაციებით და დანადგარებით. ათასგვარი საინტერესო ნივთით, რომელსაც ჯაშუშები იყენებდნენ სხვადასხვა ეპოქაში, საწამლავების კუთხე, ფოტოკამერების, იარაღების და ა.შ.

დღე IV

9) Merhingdamm Station – აქ რამდენიმე ე.წ. vintage store შემოგხვდა, ვისაც ვინტაჟური ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩანთები გაინტერესებთ, ამ სადგურის მიმდებარე ქუჩები მოგეწონებათ.
10) ვესტუმრეთ აზიზა სადიკოვას – გერმანიაში მოღვაწე წარმოშობით უზბეკ კომპოზიტორს.
11) ბერლინის მოლი – ესეც პოტსდამის მოედანზე მდებარეობს, შეგიძლიათ იშოფინგოთ, გვიან საათზე იკვებოთ და შეისვენოთ.

დღე V

12) მაგდებურგი –  პატარა და ათას უბედურებაზე გადამხტარი ქალაქია. ჯერ ომიანობის დროს თითქმის 30000 კაცამდე გაწყვიტეს, მერე ჭირი დაერიათ, მერე ხანძარმა უწიათ და მოკლედ, რაც გადარჩა, ის ვნახეთ ამ მშვიდ და პოზიტიურ ქალაქში.  ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობა, მაგდებურგის საკათედრო ტაძარია, 100 მეტრი სიმაღლით, ყველაზე მაღალი ტაძარი აღმოსავლეთ ევროპაში და გოთიკური არქიტექტურის უძველესი ძეგლი გერმანიაში; ასევე XI საუკუნის სამონასტრო კომპლექსი, სადაც დღეს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმია მოწყობილი. აქვე ნახავთ. Hundertwasser House – ე.წ. ვარდისფერი ციტადელი, რომელიც ქალაქში 2005 წელს აშენდა. და მდინარე ელბა, თუმცა სანაოსნო წყლის ხიდის ნახვა ვეღარ მოვასწარით.

  დღე VI –  Neukölln

ეს არის ქალაქი ქალაქში, ცალკე მდგომი, დამოუკიდებელი პიროვნება.  ამ რაიონს თითქმის მთელი დღე მივუძღვენი და ნახევარიც ვერ მოვილიე. ყველაზე მეტი ემიგრანტით დასახლებული,  ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო რაიონი საშაურმეებით, სიმიტებით, თურქული ჩაით და ნუგბარით, ჩადრების და გრძელი კაბების მაღაზიებით – ერთი სიტყვით, კულტურული, რელიგიური თანაცხოვრების და თან დაპირისპირების საუკეთესო ნიმუშია.

13) KINDL Center for Contemporary Art –  კონტემპორარული ხელოვნების ცენტრი – ნოეკიოლნის ერთ-ერთი შთამბეჭდავი ადგილია, გარშემო სახასიათო, სტენსილიანი ურბანული ლანდშაფტით – აწ უკვე ყოფილ ლუდსახარშ ქარხანაში განთავსებული კონტემპორარობები და სიღრმეები.

14) NEUES OFF – ამ ძველ ზურმუხტისფერ სკამებიან და ფარდებიან კინოდარბაზში ნახავთ  როგორც გერმანიის, ასევე სხვა ქვეყნების ფილმებს ორიგინალში, ინგლისური სუბტიტრებით. აქ ვნახე რუბენ ოსტლუნდის THE SQUARE, 2017 წლის კანის ოქროს პალმის რტოს ლაურეატი ფილმი, მაგრამ ამაზე სხვა დროს.

15)  Kino Arsenal – აქ ქართული კინოს კვირეული იყო და ზუსტად ამ დღეს აჩვენებდნენ სალომე ჯაშის ფილმს “დაისის მიზიდულობა”. ჩვენებას სალომე ჯაში და ზაზა რუსაძეც ესწრებოდნენ.

დღე VII

16) ტერორის ტოპოგრაფიის მუზეუმი – გზად,  Die Espressionisten-ში უგემრიელესი კაპუჩინო ავიღე და იქვე, მუზეუმისკენ გავემართე. გესტაპო, SS-ის სამეთაურო შტაბი, უშიშროების სამსახური (SD), რაიხის უშიშროების მთავარი სამმართველო (RSHA) სწორედ ამ ადგილზე იყო განთავსებული, დღეს კი ტერორის ტოპოგრაფიის მუზეუმია. პირველი, რასაც ხედავთ გესტაპოს ოთახების ნარჩენი კედლებია, და გესტაპოს საპატიმროში შესასვლელი კარის ნანგრევები. 2015 წელს, მილიონზე მეტი მნახველით მუზეუმი ბერლინის ისტორიული ადგილების სათავეში მოექცა. ამ თემაზე ბევრი ფილმი მინახავს, მხატვრული, დოკუმენტური, წამიკითხავს, მუზეუმებიც დამითვალიერებია, მაგრამ ასეთი საინტერესო, ჩემთვის აქამდე უცნობი ისტორიებით, კარგი აქცენტებით და თავად ლოკაციის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საკმაოდ დამძიმებული და შთაბეჭდილებებით სავსე გამოვედი მუზეუმიდან. აღსანიშნავია რომ მუზეუმში შესვლა უფასოა, არადა ტერორი ყველაზე კარგად იყიდება და გაიყიდებოდა კიდეც. ამ მუზეუმში დრო როგორ გავიდა ვერ გავიგე, თითქმის სამი საათი გავატარე.

17) ფოტოგრაფიის მუზეუმი – მუზეუმის მუდმივ კოლექციაშია ჰელმუტ ნიუტონის პირადი ქონება, ფოტოკამერები, ლინზები, სპეციალურად მისთვის შექმნილი ნიუტონმობილი, ფოტოები, ტანისამოსი, სამუშაო მასალა, სტუდიაში მუშაობის ვიდეოკადრები. 19 ნოემბრამდე შეგიძლიათ ნახოთ ჰელმუტ ნიუტონის “UNSEEN” და მარიო ტესტინოს “UNDRESSED” კოლექციები.

 

ფოტოები სმარტფონიდან ^_^

This slideshow requires JavaScript.

 

ბერლინი – ნაწილი I

Posted in Travelling

შემოდგომა ბერლინში ანუ აბა, მე რა გირჩიოთ?

მოდი, ხვალ ბერლინში წავიდეთ, ერთ საღამოს, რომელიმე მეგობარს გადაულაპარაკებ და კოპიტნარის აეროპორტიდან, სულ რაღაც ოთხ საათში ბერლინში ამოყოფ თავს. ამისთვის აღარ გჭირდებათ უთვალავი დოკუმენტის მომზადება, თარგმნა და ნოტარიულად დამოწმება, შემდეგ საელჩოში ჩაწერა და გასაუბრება ვიზის მისაღებად.

ლარნაკა (კვიპროსი), პრაღა (ჩეხეთი), პარიზი (საფრანგეთი), ბერლინი, დორტმუნდი, მემიმნგენი (გერმანია), ათენი, თესალონიკი (საბერძნეთი), ბუდაპეშტი (უნგრეთი), მილანი, რომი (იტალია), ვილნიუსი (ლიტვა), ვარშავა, ვროცლავი, კატოვიცე (პოლონეთი), ბარსელონა (ესპანეთი), ლონდონი (დიდი ბრიტანეთი) – ეს ის ქალაქებია, სადაც ქუთაისიდან პირდაპირი რეისით გაფრინდებით. ჩაუსაფრდით დაბალფასიან ბილეთებს და თუ კონკრეტულ თარიღებზე არ გინდათ რომელიმე ქვეყანაში მოხვედრა, ძალიან იაფად შეიძენთ ბილეთებს.

ვიზალიბერალიზაციის და ვიზეარის პარამეტრებზე ჩემი ბუებიანი ჩემოდნის მორგების შემდეგ, ეს იყო ჩემი პირველი გასვლა შენგენის ზონაში, თან მქონდა პასპორტი, ბილეთი ნიქ ქეივის კონცერტზე, სასტუმროს ჯავშანი (booking.com), ონლაინ გაკეთებული სამოგზაურო დაზღვევა (არაორიგინალი) და ანგარიშზე თანხა. პასპორტ კონტროლზე მესაზღვრემ მხოლოდ პასპორტს და ფაილში ჩადებულ საბუთებში პირველივე ფურცელს – ნიქ ქეივის კონცერტზე დასასწრებ ბილეთს დახედა. ამ მესაზღვრესთან ყველაზე ნაკლებად მინდოდა მოხვედრა, ბევრ კითხვებს სვამდა, დიდხანს უკირკიტებდა საბუთებს და რიგი თითქმის 1 საათი გაიჭიმა.

“შენც ნიქ ქეივზე? ჰეჰ”, – ჩაიცინა ფრაუ ფროილაინმა და შტამპი უხეთქნა ჩემს პასპორტს.

ასე და ამგვარად, ლამის ერთი თვითმფრინავი ხალხი, ნიქ ქეივის კონცერტზე ჩამოვედით ბერლინში კოპიტნარის აეროპორტიდან.

ბერლინისთვის მთელი შვიდი დღე მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალაქს პირველად ვსტუმრობდი, დღეში ოცდაათი ისტორიული ადგილის ჩამორბენით ნახვა და ღამით მისიკვდილება მიზნად არ დამისახავს, არც რამე კონკრეტული სანახაობების სია მქონდა ხელთ. ერთი სიტყვით, ისე მივდიოდი როგორც აქამდე ყველა სხვა ქალაქში.

ახალს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ მაინც აღვნიშნავ, რომ თბილისთან შედარებით თითქმის ყველა ქალაქი დიდია, შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა გამოიზოგოთ დრო, ენერგია, თვალები, ტვინი, მაგდანას ლურჯასავით მოსაბრუნებელი რომ არ შეიქნეთ. ვინ თქვა აღარ მახსოვს “სამყარო წიგნია და ის ვინც არ მოგზაურობს, უყურებს წიგნის მხოლოდ ერთ გვერდს”, არცერთ მუზეუმში რომ არ შეხვიდეთ, არცერთი ისტორიული ადგილი რომ არ ნახოთ, მხოლოდ ქუჩებში სიარულით უკვე უდიდესი მოცულობის ვიზუალური და ხმოვანი ინფორმაცია შემოდის, რომლისგანაც მალე იღლებით, დრო და დრო, სათანადოდ ვეღარ აღიქვამთ, ამიტომ ჩემი რჩევაა ამ ყველაფრის რაოდენობა შეამციროთ და თან, სანახაობა (მუზეუმები, ღია და დახაურული ისტორიული ადგილები), გართობა (კონცერტი, ღამის კლუბი, კინო, თეატრი), ჭამა/დალევა (ლუდის ბარები, რესტორნები, კაფეები) ერთმანეთს შეუნაცვლოთ.

დაივიწყეთ ყველა მზრუნველი ადამიანი, რომელიც თითქმის კივილით გეუბნებათ “ეს თუ არ გინახავს, ესე იგი შენ ბერლინი არ გინახავს”, “იქ წადი აუცილებლად!”, “ეს რომ არ ნახო, თვალებში როგორ ჩამხედავ პროსტაააა”, “აი, ეს 50 ადგილი უნდა ნახო ყველა ვარიანტში, ჩემს ძუძუებს გაფიცებ” და ა.შ. ყველა, ვინც კი ოდესმე რამე ვერ მოასწრო და გულში ხინჯად ჩარჩა, შენ გტენის ან თუ ვინმეს რამე კონკრეტული ემოცია და მოგონება აკავშირებს, მაგალითად ანა ფრანკის პირველი ნაბიჯების ქუჩის, მარცხენა ტროტუარის მეშვიდე ქვასთან – აუცილებლად გირჩევთ რომ ეს ქვა ნახოთ. თუ თქვენ ამ სიებს, თქვენი ჩექინების და ფოტოების ქვეშ დატოვებულ რჩევებს გაედევნებით, სანუგეშოს ვერაფერს გეტყვით, თავით ხტებით რაღაც გაუაზრებელ მარათონში და გიჟივით იწყებთ მოცემული დავალებების შესრულებას, რათა შეკითხვაზე “ნახე გოგოოოო?”, არ დაიბნეთ და სხარტად უპასუხოთ, – “კიიი გოგოოო, რა სიგიჟე იყოოოოოოო”.
ამას აუცილებლად მოყვება რა უნდა ჭამო, სად უნდა ჭამო, რა დალიო, სად დალიო, სად იცეკვო და ასე უსასრულოდ.

რამდენი ადამიანიც არსებობს, იმდენი გემოვნება და ინტერესია, ყველა ადამიანის რჩევა რომ გაითვალისწინოთ, შვიდი დღე კი არა ერთი წელი გადაბმულად არ გეყოფათ. ეს რჩევები კარგ შემთხვევაში მათი ინდივიდუალური გემოვნებიდან ან ინტერესებიდან გამომდინარეობს და უარეს შემთხვევაში, ისინიც სხვის ფეხის ხმას არიან აყოლილები. თუმცა არსებობენ გამონაკლისებიც.

რას ვაკეთებ მე:

1) ვყიდულობ ადგილობრივ სიმ-ბარათს და ვრთავ ინტერნეტს ანუ ვზოგავ დროს და ნერვებს. რუკაზე ვხედავ როგორ მივიდე ამა თუ იმ ადგილამდე, ვხედავ რა ტრანსპორტი მოძრაობს, რა დროს მოდის ეს ტრანსპორტი და ცხოვრება მიხარია.  სანამ საზ. ტრანსპორტით ვმოძრაობთ ვუყურებთ რუკას და ვაკვირდებით სადაც ახლა ვიმყოფებით იმ ადგილთან ახლოს, კიდევ რამე საინტერესო ხომ არ არის, რაც შეიძლება ათასშვიდასი მეგობრის მოცემულ სიაში არ შედიოდეს, რადგან სანამ ამ “50 ადგილი, რომელიც უნდა ნახო სანამ ცოცხალი ხარ” სიის ერთი ადგილიდან მეორე ადგილამდე მიხვალთ, შუაში შეიძლება საინტერესო რამეები გამოტოვოთ.

პ.ს. ამჯერად LYCAMOBILE-ის სტენდი პირდაპირ ბანჰოფზე დაგხვდა, შეიყვანეს საპასპორტო მონაცემები და გერმანული მისამართი (ანუ იმ ადგილის მისამართი სადაც ჩერდებით) და ადგილზე გააქტიურეს 5 გბ ინტერნეტი და ადგილობრივ ქსელებზე უფასო სალაპარაკო დრო.

2) დავინახე რამე საინტერესო მეტროს ან ტრამვაის ფანჯრიდან? ჩავდივარ! თქვენ წარმოიდგინეთ და კარი მარტო იმ სადგურში არ იღება, სადაც პოპულარული ღირსშესანიშნაობები მდებარეობს.

3) ვერიდები ხალხმრავალ ტურისტულ ადგილებს, ერთი-ორთან შეიძლება გზად მოვხვდე.

4) დღეში მაქსიმუმ 1-2 მუზეუმს ვსტუმრობ, რასაკვირველია, ეს დამოკიდებულია მუზეუმის მასშტაბებზე.

5) დავდივარ ფეხით, ვკტბები ქუჩის საჭმელ-სასმელით და ვიღებ ფოტოებს.

6) როდესაც ვიღლები მივდივარ სასაფლაოზე, ყველა ქალაქში ყველაზე მშვიდი და ლამაზი ადგილი სასაფლაოა.

7) მოგზაურობის დროს, რაც უფრო ნაკლები ადამიანი იქნებით, მით უკეთესი თქვენთვისაც და მათთვისაც. ორზე მეტი ადამიანი უკვე ნიშნავს იმას, რომ ერთს შია, მეორეს სწყურია, მესამეს ფეხსაცმელმა ფეხი ატკინა და ვეღარ დადის, მეოთხეს წუხელ ცუდი სიზმარი ჰქონდა და სურვილი აქვს საათობით იჯდეს ენდი უორჰოლის მაო ძედუნის წინ, მეხუთეს შესცივდა და დედა უნდა, მეექვსეს გარეთ უნდა და ასე უსასრულოდ.

8) თუ ვინმე რამეს გაბარებთ, ეს წაიყოლე და პეტრეს გადაეცი, ან პავლეს შეხვდი, ეს გამოართვი და ჩამომიტანე, ან ისე უბრალოდ ხვდებით ვინმეს, ჩათვალეთ რომ მინიმუმ ნახევარი დღე ამას ეძღვნება და მთელი იმ დღის გეგმა ამ საკითხის ირგვლივ უნდა გადააწყოთ.

სულ ეს იყო მოკლედ, მე რა ვნახე და რის ნახვას ვისურვებდი, ეს უკვე შემდეგ პოსტში 😉