Posted in აქეთური იქეთური, საზოგადოება

ბილეთები

ჯერ კიდევ 2012 წლის ივლისში გავიგეთ, რომ 2015 წლის აგვისტოში უეფას სუპერ თასის შეხვედრას, ჩვენი ქვეყნის დედაქალაქი, თბილისი უმასპინძლებდა.

ამგვარად, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფეხბურთო მოვლენისთვის, ჩვენს ქვეყანას თითქმის 3 წელი ჰქონდა მოსამზადებლად.

თეორიულად, 3 წელი საკმარისი დროა გულშემატკივრების, ფეხბურთის ფედერაციის, სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხების და რაც მთავარია ბილეთების გაყიდვის სხვადასხვა ფორმის დასამუშავებლად და მოსამზადებლად.

პრაქტიკაში, რასაკვირველია ეს ასე არ მოხდა.

რასაკვირველია ყველაფერი ბოლო წუთამდე მივიდა.

უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე , დღეის მდგომარეობით (12.07.2015/ 21:43)  ვკითხულობთ რომ, ყველა ბილეთი გაყიდულია, ბილეთების გაყიდვა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სახელით იკისრა პორტალმა biletebi.ge და რომ გულშემატკივრებს შეუძლიათ სახლში ამობეჭდონ უკვე ნაყიდი ელექტრონული ბილეთები ან დამატებითი საფასურის გადახდის სანაცვლოდ, ბილეთი მიიღონ სახლში.

დღეს, ჩვენ ვიცით რომ, უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ნიუსი, სინამდვილეს არ შეესაბამება, მხოლოდ მცირე ნაწილის გაყიდვა მოესწრო და ბილეთები იყიდება ცოცხალი რიგის საშუალებით.

მას შემდეგ, რაც biletebi.ge-მ, როგორც ერთადერთმა ონლაინ გაყიდვების პორტალმა, მთელი რიგი ტექნიკური თუ არატექნიკური პრობლემების/მიზეზების გამო და ასევე მიუხედავად გადაცემული ფინანსური რესურსისა, დაკისრებულ მოვალეობას თავი ვერ გაართვა და კვლავ კინოს ბილეთების გაყიდვას მიჰყო ხელი,  გამოაცხადეს, რომ უეფას თასზე დასასწრები ბილეთები 12 ივლისიდან მიხეილ მესხის სტადიონის სალაროებში გაიყიდებოდა.

ბილეთის მსურველები, ვაკის პარკს, დაგეგმილზე უფრო ადრე მიაწყდნენ. დასცეს კარვები. რიგის ორგანიზების ერთადერთი ფორმა, 50-50 კაციანი ჯგუფების შექმნა რიგითობის დაცვით, ისევ გულშემატკივრებმა მოიფიქრეს. შესაბამისი სტრუქტურების მუშაობა აქაც ქაოსური, სპონტანური და არაკოორდინაციული აღმოჩნდა. ბილეთების გადაყიდვის, ფინანსური მაქინაციების რისკები კიდევ უფრო გაიზარდა.

საპატრულო პოლიციის, ჟურნალისტებთან/მედიასთან ურთიერთობის ინსტრუქციის არ ქონის, უკვე მუდმივ რეჟიმში გადაზრდილი მოცემულობის გადალახვის შემდეგ, როგორც იქნა ორმა ფოტოჟურნალისტმა სალაროებამდე მივაღწიეთ. გარდა იმისა, რომ ფოტოჟურნალისტის შეშვებაზე უფროსობასთან გადარეკვაა საჭირო, იმიტომ რომ თურმე მხოლოდ ტელევიზიებს უშვებენ, უფროსისგან თანხმობის მიღების შემდეგ, ადგილზე კომუნიკაციაც პრობლემაა, რომ რაციაში მაინც გადასცენ მეორე შესასვლელთან მდგომ პოლიციელებს (როცა სულ ორი შესასვლელია) და ფოტოგრაფებს ყველგან ცალ-ცალკე ჯაჯგური არ მოგვიწიოს შეშვება/არ შეშვებაზე. და ასევე, იქნებ როგორმე გაიცეს ინსტრუქტაჟი, რომ ტელე/ვიდეოპერატორის გარდა, ფოტოჟურნალისტიც ვიზუალური (ფოტო/ვიდეო) მასალის ასაღებად შედის ტერიტორიაზე.

ვაკის პარკში მძიმე სურათი დამხვდა, სიცხეში, მტვერში, უჰაერობაში ერთმანეთზე შეზრდილი ბევრი ნატანჯი სახე. უფრო ბევრი მამრი და უფრო ცოტა მდედრი. წყლის ცარიელი ბოთლებით დაფარული ვარდისფერი ქვიშა. დონატების ყუთებზე მიწერილი ჯგუფის ნომრები და ტელეფონის ნომრები. შლოპანცებიანი, კისერზე და მაჯებზე ოქროს ჯაჭვიანი გადამყიდველები, რომლებსაც დაქირავებული ჰყავდათ ადამიანები, განაწილებული სხვადასხვა ჯგუფებში, ბილეთების შესაძენად. ვიღაცას ეპილეფსიის შეტევა ეწყება, ხალხი ესევა, მორბის სასწრაფო. მიყავთ.

იქ სადაც ნომერი 60, და ზემოთ ჯგუფები იყვნენ განლაგებული, უიმედოების ველი შევარქვი, ადამიანები, რომლებიც ალბათ ბოლომდე დარჩებიან, კიდევ ერთ ღამეს გაათევენ და ბილეთები მაინც არ შეხვდებათ. ისინი ამ ამბავს ათვითცნობიერებენ და ჯერ კიდევ შუადღისას, ფეხბურთის ფედერაციასთან აპროტესტებენ სიებს, ჯგუფებს, დაპირებული ცოცხალი რიგის არ არსებობას და ითხოვენ რომ სალარომ არ შეისვენოს.

ვაკის პარკიდან ძალიან დაღლილი მოვდივარ, ოღონდ ვერ ვხვდები უფრო ფიზიკურად დავიღალე, თუ მორალურად დავითრგუნე. ვერ ვხვდები, სამი წლის განმავლობაში რატომ ვერ მოხერხდა ამ ამბავის რიგიანად დარეგულირება. რატომ ვერ მოხერხდა ტექნოლოგიურად ყველაზე წინწასულ და განვითარებულ საუკუნეში, ბილეთების გაყიდვა ინტერნეტის საშუალებით.

იყო ფული, იყო დრო, რა არ იყო საკმარისი?

ქორთიარდ მერიოტში ორმხრივი და სამმხრივი ხელშეკრულებების ხელმოწერა კი, გაცილებით მარტივია, ეს შეგვიძლია.

superatasi

20150712-DSC_5069

20150712-DSC_5064

კორდონში ურიგოდ შეღწევის მცდელობა
კორდონში ურიგოდ შეღწევის მცდელობა

20150712-DSC_5008

20150712-DSC_5049