Posted in კინემატოგრაფია

მორჩა კინო, წაით სახლებში!

წლიდან წლამდე მატულობს ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების რაოდენობა. წელს BIAFF-ზე, მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსში 25 ფილმიდან 7 ქართული ფილმი მონაწილეობდა.

ასევე, ბაკურიანში გამართულ კინოფორუმზე კიდევ რამდენიმე ახალი ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი გვიჩვენეს.

როგორც რეჟისორები, პროდიუსერები, სხვადასხვა ინტერვიუებში, ფილმამდე ან ფილმის შემდგომი კითხვა-პასუხის დროს აღნიშავენ, რომ ფილმების უმრავლესობა გადაღებულია იმისთვის, რომ

1) დაფინანსება მოიპოვონ სრულმეტრაჟიანი პროექტისთვის და დამფინანსებელს აჩვენონ, რომ აი, რაღაც ნამუშევარი უკვე აქვთ;

2) ფილმი გადაღებულია მხოლოდ საფესტივალო მიზნებისთვის, ე.წ. “საფესტივალო ფილმი”;

3) სადიპლომო ან საკურსო ნამუშევარია;

4) ნაირნაირი პროფესიის ხალხი ვართ და მოდი რამე გადავიღოთ შეჩემა

5) ნიძლავი წააგეს

როგორც წესი, ამ მიმართულების ფილმებს პირველადი დაფინანსება არ აქვთ, თუმცა შეიძლება მოხდეს სასწაული და დაფინანსებაც მიიღონ. ნებისმიერ შემთხვევაში, მსგავსი ფილმები კეთდება ძალიან სწრაფად და ძირითადად სამეგობრო წრის დახმარებით.  რაც ერთის მხრივ ცუდი არ უნდა იყოს, მაგრამ ქართულ რეალობაში, სამეგობროს კოპროდუქციას ძირითადად მიფუჩეჩების სუნი ასდის ხოლმე.

ათიდან ცხრა ასეთი ფილმი ე.წ. ნელი კინოს ტენდენციებს ეთამაშება, თან ძალიან ცუდად და მოსაბეზრებლად ეთამაშება. თითოეული გაწელილი კადრი, სიტყვებს შორის სამსაათიანი ინტერვალი, იმდენად მოსაბეზრებელია, რომ მოკლემეტრაჟიანი ფილმი უსასრულო გეჩვენება.  სად დაიწყო, რა უნდოდა, სად მივდივართ, მაყურებლები დროსა და სივრცეში ვიკარგებით. 15 წუთიან ფილმში, 12 წუთი ნინო კასრაძის პორტრეტს რატომ ვუცქერით, მსხვილი ხედით?

ნელ კინოსთან შეთამაშება იქით იყოს და ამ ფილმების დასასრული რას მივაწერო მართლა არ ვიცი, დავიბენი.

ფილმის ე.წ. დასრულების შემდეგ, ისეთი შეგრძნება გეუფლება თითქოს შუქი ჩაქრა, ან ვიღაცამ ტელევიზორი გამორთო ან კინოთეატრში რაღაც ტექნიკური შეფერხებაა.

ვერც იმას იფიქრებ, რომ კლიფჰენგერია, ვერც იმას რომ ისე მწვავედ და სილის გაწვნის ფასად დაასრულა რეჟისორმა, რომ ფილმს დააკვდა ასეთი უეცარი გაწყვეტა. მაშინ რა ხდება? მეგობარმა სცენარისტმა იზარმაცა და კარგად ვერ განავითარა სცენარი? მეგობარ პროდიუსერს მოეხათრა და შენიშვნა არ მისცა? და ზოგადად, მეგობრებისგან შემდგარ ფოკუს ჯგუფს მოერიდა და არ კითხა, ასე მთავრდება ფილმიო?

სამაგიეროდ, ბაკურიანში კინოფორუმზე ერთ-ერთი ფილმის “დასრულების” შემდეგ, მაყურებლების უკმაყოფილო გნიასის ფონზე, არ მოგვერიდა და რამდენიმე ადამიანი ერთდროულად შევტრიალდით რეჟისორისკენ და ვკითხეთ, მორჩა კინოო? და კიო, მორჩაო, გვიპასუხა რეჟისორმა.

ამიტომ, სანამ სცენარი დაიხვეწება, სანამ მეგობარს მეგობრულად მისცემთ შენიშვნებს და ზოგადად, სანამ მოკლემეტრაჟიან ფილმს გადაიღებთ იმ მიზნით, რომ მოკლემეტრაჟიანი ფილმი გინდათ, მანამდე კინოთეატრში გამოვაცხადოთ შემომძახებლის ვაკანსია, რომელიც ფილმის დასრულების შემდეგ გამოვა და შემოგვძახებს: “მორჩა კინო, წაით სახლებში!”

 

Posted in კინემატოგრაფია

8 წუთი Manhattan Short-ის გამარჯვებულია

ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი “8 წუთი” მანჰეტენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის გამარჯვებული გახდა. თავდაპირველად, ჟიურიმ ფილმი ათ ფინალისტს შორის დაასახელა და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ფესტივალის ოცწლიანი ისტორიის მანძილზე, ფინალისტებს შორის ქართული ფილმი მოხვდა. ამის შემდეგ, 10 საუკეთესო ფილმი, მსოფლიოს მასშტაბით 300 კინოთეატრში უჩვენეს. გამარჯვებულები მაყურებლებს ხმის მიცემის სისტემით უნდა გამოევლინათ, ორგანიზატორებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ხმათა რეკორდული რაოდენობა მიიღეს და მანჰეტენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის გამარჯვებული, ოქროს მედალის მფლობელი ქართული ფილმი “8 წუთი” გახდა.

ამას გარდა, ფესტივალის ფინალისტი ფილმები, მათ შორის “8 წუთი” ავტომატურად იღებს ოსკარზე ფილმის წარდგენის კვალიფიკაციას და ერთი კვირის განმავლობაში ლოს ანჟელესის კინოთეატრებში უჩვენებენ.

ასევე, ფილმი საუკეთესო საი-ფაი ფილმად აღიარეს სიდნეის ინდი ფილმების კინოფესტივალზე და შესულია კოტბუსის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში (გერმანია).

აღსანიშნავია, რომ “8 წუთი”, სრულიად განსხვავებული, დინამიური და უკვე ძალიან წარმატებული ფილმი არის Sibler Films-ის (რეჟისორები: გიორგი გოგიჩაიშვილი, დათო აბრამიშვილი. სცენარისტები: ზაზა კოშკაძე, მარი ბექაური. პროდიუსერები: გეგა ხმალაძე, მაგდა დათუაშვილი) სადებიუტო პროექტი.

რაც შეეხება ეროვნულ კინოფესტივალებს, “8 წუთი” მონაწილეობდა ბათუმის საერთაშორის კინოფესტივალი მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში, თუმცა ფილმი პრიზის გარეშე დარჩა. პროგრამის ჟიურის წევრები: საფარ ჰაქდადოვ   (ტაჯიკეთი), ჰანა მახმალბაფი  (დიდი ბრიტანეთი), ნინელი ჭანკვეტაძე (საქართველო).

ქართველ კინოკრიტიკოსებს, კინობლოგერებს, ვლოგერებს, ჟურნალისტებს “8 წუთის” ნახვის საშუალება მიეცათ ბაკურიანში, კინოცენტრის მიერ ორგანიზებულ კინოფორუმზე, სადაც ფილმმა ძირითადად კინოკრიტიკოსთა ახალგაზრდა თაობის მოწონება დაიმსახურა.