ახალი ქართული ფილმები BIAFF-ზე

მოვიდა სექტემბერი და მოვიდა  ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალის დროც. წელს ფესტივალს 17 სექტემბერს გაიხსნება და 24 სექტემბერს დასრულდება. კინოფესტივალის გახსნის ცერემონია გაიმართება ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, გახსნის ფილმი კი იქნება გიორგი ოვაშვილის “ხიბულა“, რომელიც ასახავს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ცხოვრების ბოლო დღეებს.

ავად თუ კარგად, დამოკიდებულებით თუ დამოუკიდებლად, ნაცნობობით თუ უნაცნობოდ და ძირითადად მაინც სხვა ქვეყნების დახმარებით, წლიდან წლამდე ახალი ქართული ფილმები მატულობს, ადგილ-ადგილ ხარისხის ამაღლებაც შეინიშნება. მთელი რიგი პრობლემების გარდა, ძირითად სისუსტედ კვლავ სცენარი და მსახიობების შერჩევა რჩება. გულით ვისურვებდი, რომ იქნებ, წელს მაინც ახალმა ფილმებმა ცოტა წინ წაიწიონ ამ კუთხითაც და ერთი ოვაშვილის იმედად არ ვიყოთ ხოლმე.  Continue reading

Advertisements

უზრდელობა საზღვრებს გარეშე

ამ რამდენიმე ხნის წინ, ვიდეო ვნახე, ხანშიშესული ომარ შარიფი, ყატარის კინოფესტივალზე, ჟურნალისტების და ფოტოგრაფების წინ, პასუხობს კითხვებს. თითქოს არაფერი უჩვეულო ამ ვიდეოში არ უნდა ყოფილიყო, პირიქით, ჩვეულებრივი, კინოვარსკვლავისთვის რუტინული მდგომარეობა იყო, ინტერვიუები, ჟურნალისტები, თაყვანისმცემლები, ფოტოგრაფები. ვიდეო ნაწყვეტში, ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა კითხვა დაუსვა და მოულოდნელად, ომარ შარიფი შემოტრიალდა, ეჩხუბა, უყვირა, არც აცია, არც აცხელა და ქალბატონს სილა გააწნა.

მოგვიანებით, ეს შემთხვევა ომარ შარიფის ალცჰაიმერის საწყისი სტადიით “გაამართლეს”. შეიძლება ისიც თქვეს, ხომ იცით ომარი რანაირია, როგორი უხეშია და ა.შ. მაგრამ ეს არ ვიცი და მგონი არც უნდა იყოს საინტერესო.

ქალი ჯერ გაოგნდა, შეცბა, ხუმრობა ხომ არ არის, წითელ ხალიჩაზე, კინოფესტივალზე ომარ შარიფი რომ სილას გაწნავს, შემდეგ მოლბა, მინაზდა, ღიმილით შეხვდა, არა უშავს, ბოდიში, და ბოლოს ერთად გადაიღეს ფოტო.

გუშინდელ პრესკონფერენციაზე, ოთარ იოსელიანს ფიზიკურად სილა არ გაუწნავს შეკითხვის ავტორისთვის, თუმცა რამდენჯერმე საკმაოდ უხეშად უპასუხა და მოიხსენია დარბაზში მყოფი ჟურნალისტი. პრესკონფერენცია, რომელიც წესით კითხვა-პასუხის რეჟიმში უნდა წარმართულიყო, უფრო მონოლოგი იყო, შიგადაშიგ მაქებარი კითხვების თუ რეპლიკების გამოკლებით.

რაც შეეხება ახალ ფილმს, წინა დღეს, ფილმის დაწყებიდან თხუთმეტ წუთში დავტოვე დარბაზი. რასაკვირველია, ეს ცალსახად არ ნიშნავს იმას, რომ ფილმი ცუდი იყო, როგორც იოსელიანმა აღნიშნა პრესკონფერენციაზე, მას ფილმი ჩემთვის არ გაუკეთებია და საერთოდ ბევრი ადამიანისთვის არ აკეთებს ფილმს, რადგან ფილმს, რომელსაც ბევრი ადამიანი ნახავს, არ ნიშნავს რომ კარგი და წარმატებული ფილმია.

იოსელიანის ფილმის და BIAFF-ზე პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ მივხვდი, რომ ყლეობას ასაკი არ აქვს და უზრდელობას საზღვრები. მომენტი, როდესაც ამ კონკრეტულ ადამიანს და მის შექმნილ ფილმებს ერთმანეთს ვერ უკავშირებ, ძალიან უხერხულია.

შარშანაც და წელსაც ბევრმა ცნობილმა და ანგარიშგასაწევმა რეჟისორმა გამიცრუა იმედები, იოსელიანიც მათ რიგებს შეუერთდა. რასაკვირველია, ამით მათ არაფერი აკლდებათ, ისინი ინერციით, ძველი დიდების ხარჯზე, მაინც მიიღებენ დაფინანსებას, კინოთეატრებში ჩვენების უფლებას, შემორჩენილ და ნელ-ნელა კლებად მაყურებელს, თუმცა მე მის ადგილას კამერას გვერდზე გადავდებდი და სტენდაფ შოუებს ჩავწერდი, ძალიან წარმატებული ნაბიჯი იქნებოდა.

კერპებს ადამიანები ვქმნით, უზრდელობას და მაგიდაზე მოჯმასაც ჩვენც ვპატიობთ, და მერე იმ გოგოსავით, ომარ შარიფს რომ უღიმოდა სილის გაწვნის შემდეგ, ჩვენც ვიღიმით, თავზე ხელს ვუსვამთ და სელფებს ვიღებთ.

 

გათენებამდე ოთარ იოსელიანის თემა ვერ ამოვწურეთ, ბათუმი უკვე იღვიძებდა, მესმოდა ძველი ცოცხებით წვიმის წყლის შხვეპის ხმა; მეეზოვებს გაუღვიძიათ, არ ვიცი უნახავთ თუ არა მათ იოსელიანის ფილმები, არც ის ვიცი, იოსელიანმა თუ იცის ამის შესახებ, ის ხომ ფილმებს მასებისთვის არ ქმნის და მხოლოდ ვიწრო წრისთვის ზრუნავს, რომლისთვისაც ფილმის მთავარი სათქმელი ისედაც ცხადზე ცხადია.

 

ჩვენ მიერ შექმნილი კერპები, ჩვენვე უნდა მოვკლათ.

სად დავბინავდეთ?

რამდენი დრო გაქვთ შვებულებისთვის? ერთი კვირა, ორი, სამი, ნუ მაქსიმუმ ერთი თვე ჯამში. ზაფხული ყველაზე ცხელი პერიოდია დასვენებისთვის, ყველას ერთი სული აქვს, ყოველდღიურ ყოფიერებას გაერიდოს და სადმე გაიქცეს. ზოგი ხმაურიან ადგილებს ეშურება, ზოგიც წყნარ ადგილებას ამჯობინებს, მაგრამ ყველა მათგანს ერთი რამ აერთიანებს: სად დავბინავდეთ? როგორი ადგილია ჩვენთვის კომფორტული? ბინა კორპუსში, გესთჰაუზი, ჰოსტელი, აპარტოტელი თუ კლასიკური გაგებით სასტუმრო . . .  ერთი შეხედვით, არჩევანი დიდია, თუმცა ჩვენს ქვეყანაში არჩევანის გაკეთება ძნელია, ფასების, პირობების, მომსახურების სიმსუბუქის გამო.

უკვე ბევრი წელია, საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს მეგობრები ვირჩევთ აპარტოტელს, იდეალური მიგნებაა ორზე მეტი ადამიანისთვის, პირველ რიგში, უფრო იაფია ვიდრე ჩვეულებრივი სასტუმრო, უფრო მოხერხებული და კომფორტულია ვიდრე ჰოსტელი. თქვენთვის გემრიელად და კომფორტულად ხართ, არ გყავთ მასპინძელი ან მენეჯერი, როგორც გესთჰაუზში. ყველაფერი თქვენს განკარგულებაშია, სამზარეულო, აბაზანა, სარეცხი მანქანა და ა.შ.  ნებისმიერ დროს მოიმზადებთ იმას, რაც გინდათ და არა იმ დროს, რასაც სასტუმრო გიწესებთ, 10-ზე 2-ზე ან შვიდ საათზე (პირობითად).

2013 წელს ვენაში მოგზაურობისას, მეგობრებმა სწორედ აპარტოტელი ავარჩიეთ, საკმაოდ მოხერხებულ ადგილას, 100 წლის წინანდელ შენობაში, ძალიან კოხტა და კომფორტული აპარტამენტი შეგვხვდა.  გემრიელი შთაბეჭდილებებით დახუნძლული წამოვედი ვენიდან.

Belvedere Apartments -ში, რომელიც ბელვედერის სასახლესთან მდებარეობდა, ორ საძინებლიანი აპარტამენტი, ერთი ღამე 60 ევრო ღირდა.

saxlivenashi

ამის შემდეგ, გადავწყვიტეთ სტამბოლიც ანალოგიურად გვეცადა. დიდი ხნის ძებნის შემდეგ, 2013 წელს, არჩევანი Cozy Flats -ზე შევაჩერეთ. ეს აპარტოტელი ახალგახსნილი იყო მაშინ, ორ საძინებლიანი აპარტამენტი, შვიდი ადამიანის ტევადობით, გამოვიდა 400 ლარი – ერთი ღამე (ანუ დაახლოებით 60 ლარი ერთ ადამიანზე).

TAM_7019

საქართველოში აპარტოტელი, არც ისე პოპულარული ხილია დამსვენებლებს ან/და მოგზაურებს შორის. ახლა ბათუმში ვარ და წელს, მეც პირველად მოვსინჯე აპარტოტელი საქართველოში, სრულიად ცინცხალი Premium Residence .

პრემიუმ რეზიდენსი, ისევე როგორც სასტუმრო ვენაში, საკმაოდ ძველ, შენობაშია აგებული, რესტავრირებული და განახლებულია; როგორც ძველ და მყარადნაგებ შენობას, აქვს ხმაგაუმტარი კედლები, მშვიდია და წლის ნებისმიერ სეზონზე, მათ შორის შემოდგომაზეც და ზამთარშიც, საშუალება გაქვთ მშვიდად და წყნარად იმუშაოთ, დაისვენოთ, დაწეროთ წიგნი, ჩემი აზრით ძალიან კარგი გარემოა მწერლებისთვის, მოგზაური ჟურნალისტებისთვის და არა მხოლოდ.

აპარტოტელის აპარტამენტები საფუძვლიანად აღჭურვილია საჭირო ნივთებით, პირსახოცები, თმის საშრობი, სარეცხი მანქანა, ხალათები, საჭირო ავეჯი, ინტერნეტი, სამზარეულოს გარნიტური, გაზქურა, მაცივარი. მინიბარი, საკმაოდ მისაღები ფასებით, ისე რომ გარეთ გასვლა დაგეზარებათ 😀

როგორც წესი, ასეთი აპარტოტელები კვებას არ ითვალისწინებს, თუმცა მოთხოვნის შემთხვევაში, პრემიუმ რეზიდენსი პაკეტში, დილის საუზმეს გაითვალისწინებს, რომელიც საკმაოდ მდიდარი და მრავალფეროვანია.

აპარტოტელის ჰოლში ნახავთ წიგნებს, ქართულ და რუსულ ენებზე, როგორც ბავშვებისთვის, ისე დიდებისთვის.

premium

აქვე, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ აპარტოტელის მთავარი პეწი, დადებითი მხარე, არის ის, რომ აქ ყველაფერს აკეთებთ მაშინ, როდესაც გნებავთ, ამზადებთ იმ საჭმელს, რაც გინდათ, როცა გინდათ და ა.შ. და ეს ყველაფერი განსაკუთრებით დასაფასებელია მაშინ, როდესაც დასასვენებლად და სამოგზაუროდ. რამდენიმე ერთმანეთისგან განსხვავებული გემოვნების და რეჟიმის ადამიანი მიდიხართ.

Premium Residence

Premium Residence

20150720-DSC_5183

Premium Residence

როგორც სხვა აპარტოტელების შემთხვევაში, აქაც, ფასი კლებულობს, რაც უფრო მატულობს ადამიანების რაოდენობა. მაგალითად, ორ საძინებლიანი აპარტამენტის შემთხვევაში (4 ადამიანი), ერთი ღამის ღირებულება 125 დოლარია.

ახლა გესთჰაუზში ვარ, და ვფიქრობ, ეს, ჩემი და გესთჰაუზის ურთიერთობის უკანასკნელი შემთხვევაა. არ მომწონს.

თავისუფალი მონა

ვინ ხარ შენ?

გგონია რომ თავისუფალი არსება ხარ, რომელიც თავისუფლად გადაადგილდება, რასაც უნდა აკეთებს, როცა უნდა აკეთებს, არ გადაიხდის გადასახადებს, ან გადაიხდის, არ იყიდის სახლს თუ ღია ცისქვეშ იცხოვრებს. ავტოსტოპით იმოგზაურებს თუ მანქანას იყიდის, სადაც ყოველდღე ბენზინს ჩაასხამს და სამსახურში ივლის.

სამსახურში ივლის და იმუშავებს ვირივით, იმისთვის რათა ნაყიდ მანქანაში ჩაასხას ბენზინი, დარეკოს ტელეფონზე, იყიდოს ძონძები, ააშენოს სახლი, მოიშენოს კიდევ ერთი სახლი, ააშენოს ტერასა, რომელიც არაფერში სჭირდება, იყიდოს უამრავი ნაგავი, რომელიც ყოველწელს იცვლება და ახალი გამოდის. შენც ყიდულობ, აახლებ, მერე რა რომ სულ არ გჭირდება.  ეს ერთი მხარეა.

მეორე მხარეა, როდესაც კვლავ მუშაობ ვირივით ან უფრო მეტადაც, შენი შემოსავალი არაფერს ჰყოფნის, გიწევს დამატებითი სამუშაოს შოვნა ან არსებული სამუშაოს შენარჩუნება ხან ცეცხლით და ხანაც შუბლის ძარღვის გაწყვეტამდე. არ გაქვს მუდმივი კონტრაქტი, ზიხარ ეკლებზე, გყავს შვილები უამრავი გადაუდებელი საჭიროებით, იხდი სახლის ქირას და მუდმივად გეშინია არ დაკარგო სამსახური.

ორივე შემთხვევაში შენს გარშემო გამეფებული არასწორი მენეჯმენტის, კანონების, დამოკიდებულების, სახელმწიფო პოლიტიკის მონა ხარ და ასევე იმ ნაგავის, რომელიც ყოველწელს იცვლება და ახალი გამოდის.

იწყება დეპრესია. ძნელია დეპრესიასთან ბრძოლა, ისევე როგორც იმ მენეჯმენტთან ბრძოლა, რომელსაც 17 თანამშრომელი ჰყავს და შენი ავადმყოფობის შემდეგ მიხვდა, რომ 16 თანამშრომელიც მშვენივრად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას. შენ არავის სჭირდები. შენ უკვე ეჭვი გეპარება საკუთარ არსებობაში.

ბიაფის ფარგლებში ნაჩვენები ძმები დარდენების ახალ ფილმში, მარიონ კოტიარის გმირს, ორი ღამე და ერთი დღე აქვს, რათა დაარწმუნოს თავისი თანამშრომლები, უარი თქვან მისი გაგდების სანაცვლოდ გაცემულ ერთჯერად, 1000 ევროიან პრემიაზე. ზოგს ახალი ტერასა აქვს დასამთავრებელი, ზოგს მშიერი ბავშვი უჭყავის შინ, 1000 ევროზე უარის თქმა ძალიან ძნელია, ასეთ ძაღლივით ენაგადმოგდებულ ცხოვრების ორომტრიალში.

თუ თავისუფლებას ასე გავიგებთ, თანამედროვე მონები ასეთი თავისუფლები ვართ.

კადრი ფილმიდან “ორი ღამე, ერთი დღე”

შედუღებული კარი

ხიდჩატეხილობის პრობლემას ამ ხანებზე შედუღებული კარის  პრობლემაც დაემატა. კარი რომელიც სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეთა სკოლაში გადის და მშობლებს შედარებით კომფორტულად შეჰყავთ შვილები, ახლოს მდებარე კორპუსის მაცხოვრებლებმა შეადუღეს. მიზეზი სხვადასხვაა. ზოგი ამბობს რომ პარკინგის პრობლემაა და ეზო ივსება, ზოგი ამბობს რომ არ სურთ “ასეთმა ბავშვებმა” მათ ეზოზე გაიარონ.

ორივე შემთხვევა პრობლემაა. თუ პარკინგის პრობლემის გამო შეადუღეს კარი, რატომ ვერ მოაგვარა სკოლამ/მშობლებმა და მეზობლებმა ერთობლივად ალტერნატიული პარკინგის საკითხი, რატომ არ დააყენეს ეს საკითხი აქამდე, უფრო სერიოზულად და ხმაურიანად, მითუმეტეს როდესაც სპეციალური საჭიროების სკოლაზეა საუბარი. ხოლო თუ ამას ემატება დისკრიმინაციული დამოკიდებულებაც “ასეთმა ბავშვებმა” რომ მათ ეზოზე არ გაიარონ – ეს კიდევ უფრო სერიოზული პრობლემაა, ადამიანებში გაბატონებულ სიძულვილთან, სიბრალულთან, ინფორმაციის არ ქონასთან ბრძოლა ძალიან რთულია და დიდ დროს მოითხოვს. ამ პრობლემის მოგვარებას კი როგორც ჩანს, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ფლაერების დარიგება, 2-3 დღიანი ტრენინგების ჩატარება და მოვალეობის მოხდის მიზნით გადაღებული სატელევიზიო რგოლები არ შველის. ეს მხოლოდ წლიურ ან თვიურ ანგარიშში “პწიჩკების” დასასმელად თუ გამოადგებათ.

“თქვენი ეტლის ბორბლები იატაკს სვრის, დავიღალე წმენდით და თქვენი დევნით” – ეუბნება ანჩხლი დამლაგებელი, მოსწავლე გოგონას, ასევე სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა სკოლაში, ფილმში  “გამოსასწორებელი კლასი” .  ამავე სკოლაში არ არის პანდუსები ზედა სართულებზე, ხოლო სკოლის შესასვლელში დამონტაჟებული რკინის ორი რელსის გამოყენება სრულიად შეუძლებელია. ლენას კლასელები ეხმარებიან სკოლაში შესვლისას, ყოველ დილას გადმოჰყავთ ეტლიდან და ცალ-ცალკე შეჰყავთ სკოლაში.

აქ არაფერ შუაშია სიბრალული. არავის არ სჭირდება თქვენი სიბრალული, ამ ადამიანებს სჭირდებათ ხელშეწყობა ელემენტარულ საჭიროებებში: თავისუფალ გადაადგილებაში, განათლების მიღებაში და მიღებული ცოდნით და განათლებით საკუთარი ადგილის დამკვიდრებაში, სწორედ ისე როგორც ამას შეძლებდა ნებისმიერი თქვენგანი, მიუხედავად შესაძლებლობისა თუ შეუძლებლობისა.

კარი უნდა გაიხსნას. არ აქვს მნიშვნელობა კონკრეტულად რის გამო შედუღდა, ნებისმიერი მიზეზი ამაზრზენი და დამთრგუნველია ყველა ადამიანისთვის. იზოლაცია კარგს არაფერს მოიტანს, კარი უნდა გაიხსნას რათა ერთმანეთი უკეთესად დავინახოთ, გავიცნოთ და შევიცნოთ, მხოლოდ ასე თუ დავამარცხებთ სიძულვილს და სიბრალულს.

კადრი ფილმიდან “გამოსასწორებელი კლასი” – ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის დოკუმენტური სექცია

ენდრიუ ვიალის მასტერკლასი

ყოველწლიურად ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში თემატური მასტერკლასები და ვორქშოფებიც ტარდება. მასტერკლასებს და ვორქშოფებს როგორც წესი ატარებენ ის რეჟისორები, მსახიობები და პროდიუსერები, რომლებიც ბიაფს სხვადასხვა სტატუსით ესწრებიან.  ერთ-ერთი ასეთია ფილმმეიქერი და მსახიობი ენდრიუ ვიალი , წლევანდელი ჟიურის წევრი.

უნდა ვაღიარო რომ მისი ე.წ. ფილმებით ვერ მოვიხიბლე, თუმცა ვორქშოფი საინტერესო იყო იმით რომ სრულიად ექსპრომტად, სხვადასხვა პროფესიის და გამოცდილების დამსწრეებმა მინი სცენები გაითამაშეს, სპონტანური დიალოგებით და მიმართულებით, რაც იქვე გადავიღეთ კიდეც.

ვორქშოფის ძირითადი ფოკუსი იყო ვიდეოს/მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღება ნებისმიერი, თქვენს ხელთ არსებული ნებისმიერი საშუალებით, დაწყებული კომპიუტერის ვებკამერით, მობილური კამერით, ე.წ. სასაპნეებით, დამთავრებული პროფესიონალური კინოკამერებით.

 

ფოტოები და სკეტჩის ვიდეო მასტერკლასიდან 

 

 

20140916-20140916-DSC_5001

 

20140916-20140916-DSC_4963

 

20140916-20140916-DSC_4981

 

 

 

როდის ვესტუმროთ ბათუმს

როდის ვესტუმროთ ბათუმს

უკვე მესამე წელია შვებულებას ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალს  ვამთხვევ, რომელიც აგერ უკვე მეცხრე წელია პაუზის გარეშე ტარდება.

გადატვირთულ-გადარბენითი გრაფიკის გამო, სტაბილურად ვერ ვახერხებ ახალი ფილმების ნახვას, მითუმეტეს საავტორო კინოს მიმართულებით. შესაბამისად შვებულების დამთხვევა ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალზე ჩემთვის იდეალური ვარიანტია.

მზე, კამკამა ზღვა, მშვიდი ქალაქი, ხანდახან წვიმა, დიდი დოზით კინო (5-6 სეანსი დღეში), მასტერკლასები, ვორქშოფები და ბევრი საინტერესო სტუმარი სხვადასხვა ქვეყნიდან – ეს არის სექტემბერი ბათუმში, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ, თუ კი კინო გიყვართ.

რა არის საავტორო კინო

 საავტორო კინო  ეს არის დამოუკიდებელი კინოს  უფრო მეტად ღრმა და ინტელექტუალური მიმართულება, რომელიც განკუთვნილია არა ფართო მაყურებლისთვის, არამედ შედარებით ვიწრო წრისთვის. როგორც წესი ასეთი კინო არ არის გათვლილი მოგებაზე, ახასიათებს ხელოვნების ისეთი -თვისებები, რაც შორს დგას ჰოლივუდური თუ სხვა კომერციული კინოსგან. საავტორო კინო ეხმაურება სხვადასხვა სოციალურ თემატიკას, ეთნიკურ, რელიგიურ, გენდერულ და სხვა სახის პრობლემებს.

წლევანდელ ბიაფზე ისეთი რეჟისორების უახლეს საავტორო ნამუშევრებს ვნახავთ, როგორიცაა: კენ ლოუჩი, ლარს ფონ ტრიერი, ივან ტვერდოვსკი, ფარიდ ესლამი, ნური ბილგე ჯეილანი, ჟან-ლუკ გოდარი, ასევე ქართველი რეჟისორების ნანა ჯორჯაძის, ლევან კოღუაშვილის, თინათინ ყაჯრიშვილის, გიორგი ოვაშვილის, გიორგი ვარსიმაშვილის, დეა კულუმბეგაშვილის და სხვათა ახალ ნამუშევრებს.

თუ ეს სახელები ამოიცანით, გილოცავთ! ამ სახის კინოფესტივალები ზედგამოჭრილია თქვენთვის, თუ ვერ ამოიცანით, მაშინ ჯერ კიდევ გაქვთ შანსი გაიგოთ რა არის კარგი კინო, ამისთვის შორს წასვლა კი ნამდვილად არ მოგიწევთ. 🙂

კენ ლოუჩის “ჯიმის დარბაზი’  

ჟან-ლუკ გოდარის “მშვიდობით ენავ” 

გიორგი ოვაშვილის “სიმინდის კუნძული” 

ივან ი. ტვერდოვსკის “გამოსასწორებელი კლასი” 

ფარიდ ესლამის “ერთიანი სტამბოლი” 

თოვლიანი ბათუმის ფოტო

”აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობისთვის უკანასკნელი მოდელის 6 ავტომანქანის შესაძენად საახალწლოდ 325 000 ლარზე მეტი დაიხარჯება”

* * *

ამ პოსტში საილუსტრაციო ფოტოს ვერ ნახავთ, იმიტომ რომ მე არ მაქვს თოვლიანი ბათუმის ფოტო, იმიტომ რომ არასოდეს ვყოფილვარ თოვლიან ბათუმში და  წარმოდგენა არ მაქვს როგორია ყელამდე თოვლში ჩაფლული ქალაქი; ალბათ ლამაზი და რომანტიკული, ეჭვი არ მეპარება ასეც იქნებოდა ზედმეტ რომანტიკულობას და სილამაზეს მაღალი ძაბვის ხაზები რომ არ ჩაეწყვიტა თავისი სიმძიმით; ჩაწყვეტამ სილამაზის აღქმას ბოლო მოუღო და მძიმე ნაკვალევად თითქმის ორ დღიანი უშუქობა, სიცივე, მაღაზიების დაკეტვა და ზოგადად ქალაქის პარალიზება დაგვიტოვა.

არავის, არც სამთავრობო თუ პერიოდულად, სოციალურად დაუცველებზე თუ მინარეთის დემონტაჟზე მჭმუნვარე არასამთავრობო ორგანიზაციას თავში აზრადაც არ მოსვლია ასეთ მდგომარეობაში  მყოფი ბათუმელებისთვის პირველადი საჭიროების ნივთები მაინც ჩაეტანა და მცირე წვლილი შეეტანა პრობლემის გადაჭრის საქმეში; უფრო პირიქით მოხდა, ქალაქი მომზადებული ვერ შეხვდა თოვლის მოსვლას, როგორც ხდება ხოლმე, სათადარიგო ენერგიის მიღება მხოლოდ თურქეთიდან შეძლეს, ისიც გარკვეული პერიოდულობით, ვერავინ მოიფიქრა რა შეიძლებოდა ყოფილიყო მკვდარი სალარო აპარატების ალტერნატივა, რათა ადამიანებს საჭირო პროდუქტები თუ ნივთები შეეძინათ, პრობლემების აღმოფხვრა ვერ მოხერხდა და დღესაც ელექტროენერგია ისევ გაურკვეველი გრაფიკით მიეწოდება მოსახლეობას. 

ამინდის გაუარესების კვალდაკვალ შეფერხდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, გაძვირდა ტაქსი, სანთელი, რაც მალე თავის მხრივ დეფიციტში წავიდა სათანადო მარაგების არ ქონის გამო.  

ვერც ტაქსის მძღოლს, ვერც მაღაზიის მეპატრონეს, ვერც გენერატორის მქონეს დავავალდებულებ არ გააძვიროს ტაქსი, უფასოდ მოემსახუროს, სანთელი თავის ფასში მაინც გაყიდოს ან ტელეფონი დაატენინოს თანამოქალაქეს, უბრალოდ ასე ჩემთვის, ჯერ თურქეთის შემშურდა როდესაც მაღაზიების, კაფე-ბარების და რესტორნების მფლობელები თავიანთ ამბოხებულ თანამოქალაქეებს ეხმარებოდნენ და ახლა უკვე უკრაინის, როდესაც ქუჩაში, კარვებში მცხოვრებ მეამბოხეებს უმასპინძლდებიან ცხელი სასმელ-საჭმელით და უფასო ინტერნეტით.

ერთს სოლიდარობა და გვერდში დგომა ჰქვია, რასაც სადღეგრძელოებში მედგრად და რიხით ვიხსენიებთ ხოლმე, მეორეს ღალატი და უგულებელყოფა, რასაც რეალურად ვაკეთებთ ხოლმე, სუფრის მიღმა.

შეიძლება მეც რაღაც უნდა გამეკეთებინა, ვერ გავაკეთე და მეც მოღალატე ვარ, რომელსაც ბათუმი მხოლოდ სითბოში და მზეში ახსოვს.

ოცნებები გვიან ხდება

დღეს, ერთი მოხუცი ბაბუ ვნახე რუსთაველზე, რომელსაც მიწისქვეშა ამოსასვლელთან, უკვე კარგა ხნის ფერდაკარგული ჟურნალ-გაზეთები, პოსტერები, კედლის ანბანები და რუქები გასაყიდად გამოეტანა. აქა-იქ თვალში მომხვდა რამდენიმე ისეთი ჟურნალი, რომელსაც 90-იან წლებში მეც ვაგროვებდი, ვჭრიდი პლაკატებს და ჩემს ოთახში კედლებზე ვაკრავდი. ბაბუს, მადონას შავ-თეთრი პოსტერიც კი შემოენახა. თუ ორიოდე ტელე ან რადიო გადაცემას არ ჩავთვლით, ჩემთვის, ეს ჟურნალები ერთადერთი წყარო იყო მაშინ, რომ რაღაც დამატებითი გამეგო კინომსახიობების, რეჟისორების და ზოგადად კინოს შესახებ. ჰო, ინტერნეტი მაშინ არ გვქონდა, ხოლო შუქი ზუსტად მაშინ მოდიოდა, როცა მეორე არხზე ტომიჯერი (და არა Tom & Jerry) იწყებოდა.
ჟურნალებიდან ამოჭრილ დიდ პოსტერებს კედელს ვუთმობდი, პატარებს რვეულში ვაკრავდი და აღწერილობას ვურთავდი; ეს რვეულები ახლაც შენახული მაქვს.

90
90-იანი წლები საკმაოდ რთული პერიოდი იყო, მთელი თინეიჯერობა სწორედ ამ გაყინულ, ბნელ პერიოდს დაემთხვა, არა თეატრი, არა კინო, არაფერი მსგავსი არ ხდებოდა, საღამოს ქუჩაში გასვლა საშიში იყო, მხოლოდ ტელევიზორში თუ ვნახავდით რამეს, მაგალითად გადაცემა “ილუზიონში”. ასე მეხუთე კლასში ვიქნებოდი, მამამ პირველად კინოთეატრში რომ წამიყვანა, პირველად ანუ რაც ჩემს მეხსიერებას დაამახსოვრდა როგორც კინოში წასვლა, ეს იყო კინოთეატრი “საქართველო”, დაახლოებით 1990 წელი, და ვნახეთ სერჯო ლეონეს ფილმი “ერთხელ ამერიკაში”, მესამე ნაწილი.

ზუსტად ვერ ვიხსენებ, პირველად როდის გამიჩნდა ფილმის გადაღების სურვილი, მაგრამ მახსოვს რატომ გამიჩნდა, 90-იანებში გარესამყაროსგან სრულიად მოწყვეტას ერთი ბრწყინვალე თვისება ჰქონდა, ადამიანები ერთმანეთს უკეთესად ვხედავდით, ვუსმენდით და ვესაუბრებოდით ერთმანეთს, გარშემო ხდებოდა ბევრი, ხშირად სამწუხარო, მაგრამ საინტერესო ამბავი; თითოეული ასეთი ამბავი, თავისი შემადგენელი სცენებით, დიალოგებით თუ მონოლოგებით უკვე იყო კინო, კინო, რომელსაც მხოლოდ გონებაში თუ ჩაიწერდი და დაიმახსოვრებდი. ასე გროვდებოდა გამოცდილება, ილექებოდა ამბები და იზრდებოდა წარმოსახვა.

ოცნებები გვიან ხდება, თუმცა ესეც კარგია რომ პროფესია რეჟისორი არ გახდა ჩემი პირველი პროფესია, და არის რიგით მესამე, თუმცა ახლაც მგონია, ჯერ ისევ ადრე ხომ არ არის, იმდენად რთული და მნიშვნელოვანი პროფესიაა, პროფესია რომელსაც ფეხდაფეხ გამოცდილების მიღების გარდა, ჯერ კიდევ არჩევამდე მოითხოვს ძალიან დიდ გამოცდილებას.

წესით, ჩემი პირველი ფილმი “დაიცავი გუდიაშვილი” უნდა ყოფილიყო, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო გადაიდო ფილმის პოსტპროდაქშენი. ამგვარად, ჩემი პირველი, დასრულებული ფილმია “The Bridge”, რომელიც ბათუმში გადავიღე, BIAFF-ის და Postcode Fillms-ის  მხარდაჭერით. ამ თემაზე ფილმის გადაღებას ჩემგან ვერავინ წარმოიდგენდა ალბათ, მაგრამ ეს არის ფილმი, ახალგაზრდა გოგონაზე, რომელიც დელფინების მწვრთნელად მუშაობს ბათუმის დელფინარიუმში. 90-იანებისგან განსხვავებით, ახლა ადამიანებს უფრო მეტი სივრცე და საშუალება აქვთ აირჩიონ ზუსტად ის პროფესია, რომელიც ძალიან უყვართ, რომელზეც ბავშვობიდან ოცნებობდნენ და არა მხოლოდ სიტუაციის და გარემოების შესაბამისად, პრაგმატულ მოტივებზე დაყრდნობით, ამ ფილმის გადაღების მთავარი იდეაც სწორედ ეს იყო, აკეთო ის რაც გიყვარს, რითაც არ იღლები, რაც არ გბეზრდება, მიუხედავად იმისა იღებ ანაზღაურებას თუ არა.

კინოფესტივალის გახსნა [ფოტო]

კულტურული ღონისძიებები, საკუთრივ კი ისეთი ღონისძიებები, სადაც უფასოდ შეიძლება დაესწრო ჩვენებებს, წარმოდგენებს, საღამოებს და ა.შ. ხშირად არ გვანებივრებენ საქართველოში. შესაბამისად, ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის დაწყებას დიდი სიამოვნებით ველოდები ხოლმე და შვებულების ერთ კვირას ყოველთვის ვინახავ სექტემბრისთვის.

ნებისმიერ მსურველს საშუალება ეძლევა დაესწროს კინორეჟისორების, პროდიუსერების თუ სხვა პროფესიონალების მასტერკლასებს, სხვადასხვა ქვეყნის მიერ წარმოდგენილი ფილმების ჩვენებებს და თემატურ ვორქშოფებს მთელი ერთი კვირის მანძილზე, რასაკვირველია ეს ყველაფერი უფასოდ.

ვფიქრობ ეს არის შანსი, რომელიც ყველა კინომოყვარულმა უნდა გამოიყენოს და მითუმეტეს იმ ადამიანებმა, რომლებიც ახლა სწავლობენ ამ სფეროში და მომავალში აპირებენ თავის წარდგენას საკუთარი შემოქმედებით. აქვე თუ იმასაც გავითვალისწინებთ რომ სწავლება ამ მხრივ არ დგას მოწოდების სიმაღლეზე, მაქსიმალურად უნდა დაესწრონ მოწვეული სპეციალისტების მასტერკლასებს.

ფოტოები ბიაფის გახსნიდან 

biaff1

biaffcake

სიცოცხლის ბოლომდე

“ვამბობ რომ აღარ მოვიქცევი ასე და მაინც ასე ვიქცევი” – მესმის ეს ფრაზა ფილმიდან, რომელიც რეალობაშიც მრავალჯერ მომისმენია, და მეტიც, მეც ბევრჯერ მითქვამს.

როდის უნდა შევცვალოთ, ის რაც დიდი ხანია გაუფერულდა ან უნდა გავითვალისწინოთ თუ არა გარშემომყოფების აზრი, შეიძლება თუ არა 20-30 წლიანი ურთიერთობა ისევე მარტივად ჩავანაცვლოთ, როგორც სამზარეულოს ფარდის ფერი ან შეიძლება კი იმ პიროვნების შეცვლა ან ჩანაცვლება ასე მარტივად, ზოგადად? ან ღირს კი საკუთარი ჯანმრთელობის ფასად ოჯახის გადარჩენა და მსხვერპლად შეწირვა?

თურქული ფილმი “სიცოცხლის ბოლომდე” BIAFF-ის ფარგლებში ვნახეთ, რომელიც მოგვითხრობს სტამბოლის, მდიდრულ უბანში მცხოვრები საკმაოდ წარმატებული კარიერის მქონე მეუღლეების შესახებ; მართალია გარეგნულად მეტ-ნაკლებად არაფერი ეტყობათ ხოლმე, როგორც ეს ხდება, თუმცა წყვილი სერიოზული ოჯახური კრიზისის და სტრესის წინაშე დგას, მათი ურთიერთობები გამოიფიტა და გამოშრა როგორც ორმოცდაათს გადაცილებული კანი სხეულზე, ისევე როგორც ზოგადად, მთლიანად ფილმის სცენარი და რიტმი.

ერთმა ადამიანმა სამჯერ მიიღო ტვინის შერყევა, ოჯახური ძალადობის ნიადაგზე, ტვინის ყოველ შერყევაზე ამბობდა რომ მასთან აღარ დარჩებოდა, მაგრამ მაინც რჩებოდა.  მას დიდი დრო და ჯანმრთელობა დასჭირდა იმისთვის, რომ ცხოვრების რადიკალურად შეცვლის გადაწყვეტილებამდე მისულიყო.

ნუ იქნებით იმის იმედად, რომ აი დღეს შეიცვლება, აი ხვალ, აი შემდეგ კვირას, თქვენ თვითონ შეცვალეთ, მართვის პულტი თქვენს ხელშია, გამოიყენეთ!

biaff

თურქული უბანი ბათუმში

ცხელი თურქული ჩაი, ცივი აირანი და თურქულ ენაზე საუბარი რომ მოგენატრება და თან ბათუმშიც ხარ ამ დროს, სად უნდა წახვიდე თუ არა ერთ პატარა უბანში, სადაც მეტ-ნაკლებად ყველაფერია იმისთვის რომ თურქული ნოსტალგიები ცოტა ხნით მიაჩუმათო.

უპრობლემოდ ვიპაპარაცე და ძლივს შევეჩვიე იმას რომ ჩუმად, მიპარვით ან გადარბენით არ ვიღებდი ფოტოებს . . .

არც მეჩეთში შესვლისას შემქმნია პრობლემა . . . პირიქით, ისიც კი მითხრეს ფეხსაცმელი ახლოს გაიხადე, ცივზე ფეხი არ დადგაო . ..  :))

მაშ ასე, მცირე რეპორტაჟი ბათუმის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, შრომისმოყვარე და მრავალფეროვანი უბნიდან 🙂

ლოცვა მეჩეთში

ლოცვა მეჩეთში

მეჩეთის ეზოში

მეჩეთის ეზოში

ჩაის დროა :)

ჩაის დროა 🙂

დანარჩენი ფოტოები იხილეთ აქ – ლიტერატორის ბლოგი

Batumi street photography

Photos that are different from luxurious Batumi and depicting places and faces not very far from its heart.  Definitely, I knew about the poverty in the regions of Georgia, but considering the fact that so much money is spent for Batumi and so many investments are attracted to, I was totally astonished by what I’ve seen there.

Drug store from almost soviet times

Check more photos at Litterator’s Blog Page   

ბუკინისტური მაღაზია ბათუმში <3

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის დასრულების შემდეგ, ბოლო დღე თითქმის სრულად დავუთმე ბათუმში ბოდიალს და ზუსტად მაშინ აღმოვაჩინე ეს კუსკუსა და წიგნებით გადავსებული მაღაზია ფარნავაზ მეფის 7 ნომერში. 😉

მაღაზია განსაკუთრებით გაუხარდებათ იმ ადამიანებს, რომლებიც რუსულენოვან ლიტერატურას კითხულობენ; აქვე ნახავთ ლიტერატურას სხვა ენებზეც, როგორც მხატვრულს, ასევე სპეციალურ ლიტერატურას, მაგალითად მედიცინის კუთხით, ბევრ საბავშვო წიგნს და ა.შ.
Continue reading

ბათუმი შავ–თეთრ ფერებში

ფოტოები გადავიღეთ მე და ჩემმა დამ ბათუმში პერიოდული ბოდიალისას 🙂

ფოტოაპარატი VILIA

ფირი: Fuji 400

პიაცა By Lamro

წყვილი პრესკაფეში 

by me

 

 

სხვა ფოტოები