Posted in კინემატოგრაფია, კულტურა

სიცოცხლის ბოლომდე

“ვამბობ რომ აღარ მოვიქცევი ასე და მაინც ასე ვიქცევი” – მესმის ეს ფრაზა ფილმიდან, რომელიც რეალობაშიც მრავალჯერ მომისმენია, და მეტიც, მეც ბევრჯერ მითქვამს.

როდის უნდა შევცვალოთ, ის რაც დიდი ხანია გაუფერულდა ან უნდა გავითვალისწინოთ თუ არა გარშემომყოფების აზრი, შეიძლება თუ არა 20-30 წლიანი ურთიერთობა ისევე მარტივად ჩავანაცვლოთ, როგორც სამზარეულოს ფარდის ფერი ან შეიძლება კი იმ პიროვნების შეცვლა ან ჩანაცვლება ასე მარტივად, ზოგადად? ან ღირს კი საკუთარი ჯანმრთელობის ფასად ოჯახის გადარჩენა და მსხვერპლად შეწირვა?

თურქული ფილმი “სიცოცხლის ბოლომდე” BIAFF-ის ფარგლებში ვნახეთ, რომელიც მოგვითხრობს სტამბოლის, მდიდრულ უბანში მცხოვრები საკმაოდ წარმატებული კარიერის მქონე მეუღლეების შესახებ; მართალია გარეგნულად მეტ-ნაკლებად არაფერი ეტყობათ ხოლმე, როგორც ეს ხდება, თუმცა წყვილი სერიოზული ოჯახური კრიზისის და სტრესის წინაშე დგას, მათი ურთიერთობები გამოიფიტა და გამოშრა როგორც ორმოცდაათს გადაცილებული კანი სხეულზე, ისევე როგორც ზოგადად, მთლიანად ფილმის სცენარი და რიტმი.

ერთმა ადამიანმა სამჯერ მიიღო ტვინის შერყევა, ოჯახური ძალადობის ნიადაგზე, ტვინის ყოველ შერყევაზე ამბობდა რომ მასთან აღარ დარჩებოდა, მაგრამ მაინც რჩებოდა.  მას დიდი დრო და ჯანმრთელობა დასჭირდა იმისთვის, რომ ცხოვრების რადიკალურად შეცვლის გადაწყვეტილებამდე მისულიყო.

ნუ იქნებით იმის იმედად, რომ აი დღეს შეიცვლება, აი ხვალ, აი შემდეგ კვირას, თქვენ თვითონ შეცვალეთ, მართვის პულტი თქვენს ხელშია, გამოიყენეთ!

biaff

Posted in საზოგადოება

არა ძალადობას

“ალექს, რა გინდა გამოხვიდე, როცა გაიზრდები?” – ეკითხება ბაღის მასწავლებელი ალექსს

“მოძალადე” – პასუხობს ალექსი

ბავშვი ამ სიტყვას მშობლების ჩხუბის დროს იგებს, თუმცა არ იცის რა არის, მასწავლებელი რჩება ბოლომდე, რათა ბავშვს აუხსნას, თუ რა ცუდ მომავალ “პროფესიაზე” ფიქრობს და ამას აკეთებს თავისი ღრმა ჭრილობების გახსნის და დიდი ხნის წინ მიძინებული,  ტკივილნარევი გრძნობების გამხელის ფასად – ის ხომ ძალადობის მსხვერპლი იყო.

ბიაფზე ნაჩვენები შვედური ფილმი “Little Children, Big Words” 12 წუთიანია, თუმცა თითქმის სრულად გადმოაქვს ის ემოციები, ის ტკივილი, რასაც მასწავლებელი ქალი განიცდის, პირველი მაშინ როდესაც გაიგებს ბავშვის ოცნების შესახებ და მეორე მაშინ, როდესაც ცდილობს გადააფიქრებინოს ძალადობაზე ოცნება.

როდის იწყება ძალადობა, ან უფრო სწორი იქნება როდის იღვიძებს ჩვენში ძალადობა? რადგან კატეგორიულად დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ვფლობთ ჩვენ–ჩვენ ძალადობის წილს.

იქნებ ძალადობა ჯერ კიდევ მაშინ იღებს სათავეს, როდესაც გარეთ გამოსვლის მოტივით, გამალებით დედის მუცელს ვურტყამთ ფეხებს, და არც კი ვფიქრობთ ამით ვაწუხებთ მას თუ არა.

იმისთვის რომ იყო ან არ იყო ან გახდე მოძალადე, რასაკვირველია ყველაფერი გადამწყვეტია, ბავშვობა, ოჯახი, მეგობრები, წრე, უბანი, ბაღი, სკოლა, უნივერსიტეტი (if any) – ჯაჭვური რეაქციით მხოლოდ და გამოკვეთილად არცერთი.  (ვრცლად საბუნიასთან)

ამის შემდეგ მგონია რომ, ნებისმიერი ძალადობა, ნებსით თუ უნებლიეთ ასეთი სახისაა, საკუთარი ინტერესების/სიმართლის გატანის მოტივით სხვაზე გადავლა, იმის მიუხედავად აწუხებს მას ეს თუ არა, უფრო მეტიც, არ ფიქრობთ ამაზე, ან თუ ფიქრობთ, მიიჩნევთ რომ ასე უნდა იყოს, უნდა შეწუხდეს – უნდა იცემოს, უნდა მოიკლას, უნდა მოიტყნას, თქვენი გაგებით, დაიმსახურა და იმიტომ.

რამდენიმე დღის წინ მწერალ ზაზა ბურჭულაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რაც უკავშირდება გაზეთ ასავალ–დასავალში #8 ციხის თანამშრომლების პერსონალური მონაცემების გამოქვეყნებას.

ძალადობას რომ ძალადობით პასუხობენ და ამის მძაფრი მოთხოვნილებაც რომ არსებობს წინა აქციიდანაც დავრწმუნდით, აქ ახალი არაფერია.

ასევე დავრწმუნდით ძალადობის და ადამიანის უფლებების დაცვის შერჩევითობაშიც,  პატიმრების წამების კადრებმა კი კიდევ უფრო მეტი მოძალადის ლუსტრაცია მოახდინა ქვეყანაში, პატიმრებზე მოძალადეებზე საშიში მოძალადეების.

რით განსხვავდება ე.წ. გულშემატკივარი ადამიანი ციხის ჯალათისგან, რომელსაც სურვილი უჩნდება იგივენაირად დასაჯოს ჯალათი, როგორც იგი ექცეოდა პატიმრებს?

ჩემი აზრით არაფრით, და თან უარესია.

მწერლის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, დღეს პოლიციის შენობის წინ აქცია გაიმართა.

ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა, თუმცა ხინჯად გამომყვა ორი ნიუანსი:

1) პოლიციის შენობის ზედა სართულიდან მოხითხითე პოლიციელები, რომლებიც თითით აჩვენებდნენ ერთმანეთს ვიღაცეებს ზემოდან და ხარხარებდნენ, მიმოვიხედე ვერ მივხვდი რომელი ადამიანი იყო მათთვის სასაცილო, კიდევ ავიხედე და ახლა ჩემს წინ მჯდომ ბიჭზე მანიშნეს, გაიცინეს და ხელით მანიშნეს გადაუღეო, დავხედე ბიჭს, სხვებისგან გრძელი და შეკრული თმა განასხვავებდა.

2) პოეტმა პაატა შამუგიამ და დრამატურგმა დათო გაბუნიამ,  ნაწყვეტი წაიკითხეს ზაზა ბურჭულაძის ნაწარმოებიდან, დასრულების შემდგომ, მესმის მეცხრე არხის ოპერატორის რეპლიკა: “ღმერთმა დამიფაროს ეს წავიკითხო” და ხვნეშა–ხვნეშით გაეშურა პოლიციის კიბეებისკენ, და იქვე კიდევ ერთი “ღმერთო შენ გვიშველე” დააყოლა.

ფოტო დღევანდელი აქციიდან
Posted in კინემატოგრაფია

სექსი ვირთხასთან

როგორ ფიქრობ იჟიმავებდი ვირთხების თანდასწრებით? ქალაქქვეშა საკანალიზაციო ჯურღმულებში, მაშინ როდესაც ძალიან გშია და მწარე ხახვს, მწვანე ვაშლივით ახრამუნებ, მაშინ როდესაც წვიმის დროს შემოვარდნილ წყალში შეიძლება ამოიხრჩიო, მაშინ როდესაც ყოველ წუთს სიკვდილს ელოდები, გერმანელის ან ფულის შოვნის ინსტიქტით მოქსეული პოლონელის ხელით, რომელიც როდის დაგიჭერს და გადაგცემს გერმანელებს კაცმა არ იცის.

და რატომ?

იმიტომ რომ შენ უბრალოდ ებრაელი ხარ, იმიტომ რომ მეორე მსოფლიო ომია და ყველანაირ ადამიანურ ღირსებას აქ ავტომატის ჯერით აკვირდებიან.

თუმცა არა ყველანაირს.

არის ერთი კაი კაცი, ქალაქქვეშა სამყაროს კაცი, რომელიც საკუთარი ხელის გულივით იცნობს ამ ჯურღმულებს, მას ჩააქვს საკვები და ტანსაცმელი ებრაელებისთვის, რასაკვირველია გარკვეული შინაგანი თუ ცოლის წინააღმდეგობების ფასად და იმის შიშით, ვინმემ არ გაყიდოს ისიც და მის ოჯახს რამე არ დაემართოს.

აქამდე რაც მინახავს, იმ ფილმებში თითქოს მაინც ყველაფერი შელამაზებულია, ზის თავისთვის ტყვე და ამაღლებული გრძნობების გარდა არაფერს არ ავლენს.

შეუძლებელია ასე იყოს.

თავს ყველა კარგავს, რაღაც დროს თავს ყველა კარგავს, მითუმეტეს როდესაც 14 თვის მანძილზე მზის სხივი არ გინახავს. და რომ დაფიქრდე რატომაც არა, რა ვალდებული ხარ ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იყო, ხანდახან უნდა აკეთო ის რითაც ეს პოსტი დავიწყე, წუმპეში, კანალიზაციის მილების და ვირთხების, მძინარე და მშიერი ქალების, კაცების და ბავშვების გარემოცვაში, გქონდეს კარგი სექსი.

მსგავსს რეალობას გვიჩვენებს რეჟისორიც.

თუმცა მაინც  ისმის კითხვა, რეალობაა ის, რაც გვგონია რომ შეიძლება რეალობა იყოს? ის ხდება, რაც შეიძლება მომხდარიყო ასეთ დროს და ასეთ სიტუაციაში, მოვპარავდით თუ არა სხვას ფულს, საჭმელს, მოვკლავდით თუ არა ამის გამო ვინმეს, ან გავგუდავდით თუ არა საკუთარ შვილს, იმის გამო რომ ერთი ჯურღმული ეკლესიის ქვეშ იყო და იქ არ გაეგოთ ებრაელი ბავშვის ჭყავილი?!

 

არ ვიცი . . .

 

–––––––

იცნობდეთ, ეს აგნეშკა ჰოლანდის ფილმია “სიბნელეში”, რომელიც, გამიმართლა და BIAFF-ის ფარგლებში ვნახე.

Posted in Photography

ბათუმი შავ–თეთრ ფერებში

ფოტოები გადავიღეთ მე და ჩემმა დამ ბათუმში პერიოდული ბოდიალისას 🙂

ფოტოაპარატი VILIA

ფირი: Fuji 400

პიაცა By Lamro

წყვილი პრესკაფეში 

by me

 

 

სხვა ფოტოები

Posted in კინემატოგრაფია

წიგნივით ჩასაკეცი კინო

ფილმი შავ–თეთრია, აბსოლუტურად შავ-თეთრი, უკანასკნელი ნამუშევარი რეჟისორისთვის, ჩემთვის კი პირველი მისი შემოქმედებიდან. ხანგრძლივი და მონოტონური, იმაზე უფრო ხანგრძლივი და მონოტონური ვიდრე თავად ცხოვრება. დრო და დრო შეგიძლიათ წიგნივით ჩაკეცოთ და შეისვენოთ, მერე მოხვალთ და ისევ იმ ადგილიდან შეგიძლიათ გააგრძელოთ სადაც შეჩერდით.

სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ გამჩენია იმის შეგრძნება რომ ფილმს იღებენ, ან ეს  ფილმია რასაც ვუყურებ, ან ამ ფილმს ჰყავს რეჟისორი; თითქოს ჩვენ, მაყურებლები ვისხედით სწორედ იმ სახლის წინ, რომელსაც ფასადი ჩახსნილი აქვს და ვაკვირდებით ამ ადამიანების ცხოვრებას. ცხოვრება რომელიც მდორე და ერთფეროვანია, უფრო სწორად კი შავ–თეთრი, სადაც არ არის საჭირო არცერთი სხვა ფერი, ზედმეტია.

აქ ყველაფერი ნამდვილია, ამინდი, ცხენი, ადამიანები, სახლი, გარემო, სიღატაკე, მოხარშული კარტოფილი, ხმები და მოშიებული ადამიანის პირის წკლაპუნიც კი. ჭამის პროცესი ხომ ფილმის ყველაზე აქტიური და სიცოცხლით სავსე სცენაა.

ყოველდღიური რუტინა და ცხოვრებისეული ერთფეროვნება ფილმში რამდენჯერმე ირღვევა. დისონანსი შემოაქვთ სახლში დაბუდებულ ხის ჭიებს, რომლებიც ჩუმდებიან 58 წლიანი ხმაურის შემდეგ და ფესვებგამდგარი სიჩუმე კიდევ უფრო უხერხული ხდება.

უხერხულობის გრძნობა რაღაც მომენტში მეც დამეუფლა ფილმის ყურებისას, თავი ისე ვიგრძენი თითქოს სხვის ცხოვრებას ვაკვირდებოდი, გახდას, ჩაცმას, ცეცხლის დანთებას, პირის დაბანას, ჭამას, უბრალოდ არაფრის კეთებას, რომელიც ასევე ძალიან პირადულია.

ოჯახის ოთხფეხი არსება, ცხენი უფრო მგრძნობიარეა ადამიანებთან შედარებით, აღარც სვამს, აღარც ჭამს, აღარც პატრონს ემორჩილება.

თენდება კიდევ ერთი დღე და ერთფეროვნება ისევ ირღვევა; დილით, წყლის მოტანის მორიგი რიტუალისას ქალს დამშრალი ჭა ხვდება. წყალი გაქრა, ისე თითქოს არც ყოფილა, თითქოს უკან შეისრუტა რაღაც ძალამ.

მამა–შვილი სახლს ტოვებს, მიდიან, შვილი მიათრევს ბარგით სავსე ურიკას, მამას და მშიერ ცხენს. ისევ ბრუნდებიან. გრიგალი ისევ არ ჩაწყნარებულა, ის ერთადერთია, რომელსაც მუხლი არ ჩაუხრია ამ დღეების განმავლობაში.

ნგრევით დაღლილი მხოლოდ ბოლო დღეს ისვენებს  . . .

ნელ–ნელა ქრება ყველაფერი დიდი ხნის წინათ ბოძებული, ხმაური, ფოთლები, ჭიები,  წყალი, ცეცხლი და ნათელი.

და  იქმნა ბნელი მეექვსე დღეს . . .

––––––––––

P.S.  მსგავსი არაფერი მინახავს აქამდე და წინასწარ გული მიწუხს იმაზე რომ კიდევ დიდხანს ასეთ ფილმს ვერ ვეღირსებით.

როგორც აღვნიშნე ფესტივალზე ნაჩვენები “ტურინის ცხენი” რეჟისორის უკანასკნელი ფილმია, კინოდან მიდის და ალბათ მართალიც არის, ამომშრალი ჭასავით არის ეს ფილმი, უბრალო კი არა, ნამდვილი, დასასრულით, უფლება არ აქვს გააგრძელოს.

Posted in კინემატოგრაფია

ბელა ტარის მასტერკლასი

მე არ მჭირდება ოპერატორი, მე მჭირდება პარტნიორი

მე არ მჭირდება სცენარისტი, მე მჭირდება პარტნიორი

მე არ მჭირდება კომპოზიტორი, მე მჭირდება პარტნიორი

დღეს ბელა ტარის მასტერკლასს დავესწარი, შეხვედრას სხვადასხვა დაინტერესებული პირების გარდა, მოქმედი ქართველი კინორეჟისორები ესწრებოდნენ. საკმაოდ ხანგრძლივი დისკუსია/საუბრიდან ორს, მსოფლიო კინო კრიზისს და სცენარის შესახებ დასმულ კითხვას გამოვყოფ, როგორც მეტად მტკივნეულ ადგილს თანამედროვე ქართულ კინემატოგრაფში.

კითხვა დაახლოებით ასე ჟღერდა: „რას იტყვით მსოფლიო კინო კრიზისზე, აღარ იღებენ ისეთ კარგ ფილმებს, როგორც ადრე, მომრავლდა უგემოვნო ფილმები თანამედროვე კინემატოგრაფში“

„სად არის კრიზისი?“  (აქ რეჟისორის გაკვირვებული სახე წარმოვიდგინოთ) მე არ ვფიქრობ რომ კრიზისია, უამრავი ფილმი კეთდება, ყველა რაღაცის გაკეთებას ცდილობს, ყველა მუშაობს, შენ თუ შეგიძლია მიდი და დაეხმარე; თუ ყველა ფილმი შედევრი არ არის, ვერც ამაში ვხედავ პრობლემას, მე ვერ ვხედავ კრიზისს.

იცით რა არის ნამდვილი კრიზისი, როდესაც არ გაქვს წინააღმდეგობის გაწევის ძალა და ენერგია და როდესაც აღარ გჯერა სხვა სამყაროს არსებობის.

მე მჯერა კინოსი, მე მჯერა ახალი თაობის და ძველი თაობისაც.

დრამატურგიის, სცენარის განვითარების პრობლემა, რას გვეტყვით ამის შესახებ?

სცენარს არასოდეს მივყვები, კინოში მთავარი ცხოვრებაა, გამოცდილება, პირველად 16 წლის ასაკაში გადავიღე, ვერავინ გასწავლის ფილმი როგორ გადაიღო, ამ ყველაფერს ცხოვრება გასწავლის, ხალხთან ურთიერთობა, გაცნობა, მე არ მქონდა დრო ვინმეს ამ მხრივ გავლენა მოეხდინა ჩემზე.

რეალური ადამიანები, საგნები, გარემო, რეალური შენ – აი ეს ქმნის რეალურ კინოს.

არ იფიქრო ქაღალდებზე, სცენარზე, იფიქრე რეალურ ადამიანებზე, რეალურ სიტუაციებზე, გარემოზე, სადაც ფილმი უნდა გადაიღო, სცენარზე თუ იფიქრე, კინორეჟისორი ვერ გახდები.

რასაკვირველია, ფილმს ძლიერი სტრუქტურა უნდა ჰქონდეს, რაც პირველ რიგში შენი თვალთახედვიდან უნდა გამომდინარეობდეს, ანუ როგორც ხედავ  მომავალ ფილმს და არა იჯდე და მუდმივად წერო, წერო, წერო და აფრიალო ქაღალდები.

რას ხედავ, რას ფიქრობ, რას გრძნობ – აი ეს გაგვიზიარე.

P.S. რეჟისორთან შეხვედრამდე თავი მისკდებოდა იმაზე ფიქრით თუ რა პრობლემა გვაქვს დრამატურგიაში, სცენარის, ამბავის განვითარებაში, ამ დისკუსიის შემდეგ მივხვდი რომ ქართველ რეჟისორებს აქვთ ერთი მთავარი პრობლემა – ისინი ძალიან ბევრს ფიქრობენ სცენარზე, ტექსტზე და არ ფიქრობენ იმ რეალობაზე, იმ რეალურ სიტუაციაზე რის შესახებაც ფილმის გადაღებას აპირებენ ანუ ვერ ხედავენ, ვერ ფიქრობენ, ვერ გრძნობენ მომავალ ფილმს.  შესაბამისად, სცენარი მუდმივად მშრალი, სწორხაზოვანი და განუვითარებელი გამოდის.

და ასევე მისი საინტერესო კომენტარი ბათუმში ნანახ მშენებლობებზე:

 “მე ვხედავ მშენებარე კაპიტალიზმის ეკლესიებს და არა ჰუმანიზმის ეკლესიებს, რა არის ეს? გაოგნებული ვარ . . .”

 

 

Posted in კინემატოგრაფია

Keep smiling ანუ გაიღიმეთ

ახლა ბათუმში წვიმს, ნუ გაგიკვირდებათ ის რომ ამას აღვნიშნავ, ერთ კვირაზე მეტია რაც აქ ვარ და ჯერ არ უწვიმია. მოჟამული და დეპრესიული ამინდია, ისეთივე როგორიც მე და როგორიც ბევრს არ სჯერა რომ ვარ.

* * *

საცეკვაო სტუდია

დარბაზის მარჯვნივ დოლ–გარმონზე დამკვრელები სხედან

შუაში თმებაწეწილი, თვალებრიალა და ხელში იატაკის პლანკიანი ცეკვის მასწავლებელი

დარბაზის სიღრმეში შავსამოსიანი მოცეკვავეები, ანგელოზები

– ხევსურულიი, იი, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8 წავიდაა – ყვირის და თან ყოველ თვლაზე იატაკის პლანკას პარკეტზე ურახუნებს მასწავლებელი.

მოცეკვავეები იწყებენ ცეკვას

– მუსიკა სტოპ, – ყვირის ცეკვის მასწავლებელი, – რას აკეთებთ? თავიდან! და ღიმილით, ხევსურულს მხოლოდ ღიმილით ცეკვავენ
Continue reading “Keep smiling ანუ გაიღიმეთ”

Posted in კინემატოგრაფია

ფული ჯოჯოხეთს ანათებს

ფული ჯოჯოხეთს თუ ანათებს, იქნებ ისეთი რამეც არის ერთი წლის შვილი დაუმარხავი დაგატოვებინოს ტყეში და მგლების საჯიჯგნად მიგაგდებინოს . . . სიმბოლურადაც კი მომეჩვენა, როდესაც ფილმის მთავარი გმირი ერთ ხელში ფულით სავსე ტომსიკით, ხოლო მეორე ხელში ცეცხლის დასანთები ფიჩხით მიემართება იმ ადგილისკენ, სადაც მამა წერაქვით გამალებით თხრის შვილის საფლავს ჩაყინულ მიწაში.

არადა საქმე თითქოს ერთობ მარტივად გამოიყურება, მდიდარმა მოხუცმა გადაწყვიტა თავისი ქონება ღარიბებისთვის დაერიგებინა იმ ადგილას, საიდანაც თვითონ იყო წარმოშობით, ამ მისიის შესრულება კი თავის შვილებს დაავალა, თუმცა რიგ შემთხვევაში გაუგებარია ვინ არიან მთავარი გმირები, და-ძმა, ცოლ-ქმარი, შეყვარებულები ან უბრალოდ ადამიანები, რომლებიც საჭირო დროს საჭირო როლს ირგებენ შეუფერხებლად.

მიუხედავად იმისა რომ „და-ძმა“ საკმაოდ ღარიბულ, თითქმის დაუსახელებელ ადგილას ტრიალებდნენ და ცდილობდნენ იქ მცხოვრები ადამიანების დახმარებას, რამდენიმე შემთხვევაში საკმაოდ რთული აღმოჩნდა ფულის დატოვება და მათ გარკვეული სცენის გათამაშება უწევდათ (ჩხუბის და ა.შ.) რის შემდეგაც ფულს ადრესატს ასე ვთქვათ აჩეჩებდნენ.

თუმცა რაც უფრო ეშხში შევიდა ფილმი, „ძმა“ მით უფრო გათამამდა და რომ ხალხის გრძნობებზე დაიწყო თამაში, ის უფრო და უფრო დაუნდობელი ხდებოდა:

„ყურანზე დაიფიცე რომ ამ ფულს შენს ძმას არ მისცემ“ – ეუბნება მთავარი გმირი კიდევ ერთ იღბლიანს, თავისივე ძმის თანდასწრებით.

„არ დამარხო შვილი და მისი სხეულის ერთ კილოგრამში 1 მილიონს მოგცემ, მგლებიც ხომ ცოცხალი არსებები არიან, მათაც ხომ შიათ“ – ეუბნება შვილმკვდარ მამას.

„არ მოკლა შენი ჯორი და გადაგიხდი“,

– არადა ჯორის პატრონს გული შესტკივა მასზე, წლებია ჯორი მისი განუყრელი  და ერთგული თანამგზავრია, ახლა კი გდია ფეხმოტეხილი და პატრონისგან ელის კუთვნილ ტყვიას, რათა დროზე მოეღოს ბოლო მის ტანჯვა-წამებას.  თუმცა ამაოდ, ჯორის პატრონი იღებს ფულს და მიდის, მომაკვდავი ჯორი კი რჩება კვლავ სანატრელი ტყვიის მოლოდინში.

თუ რა შეუძლია ფულს, ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს თუნდაც ფილმში და თუნდაც ფილმის გარეთ, და ბოლო დროს განვითარებული ამბების და თუნდაც ამ ფილმის შემდეგ არც კი მებადება კითხვა თუ სად დგას ზღვარი ანგარებასა და უანგარობას შორის და რა შეიძლება არ გააკეთოს ადამიანმა ფულის სანაცვლოდ.

ირანული ფილმი “მოკრძალებული მიღება” ბიაფის საკონკურსო მხატვრული ფილმებიდან

Modest Reception from trigon-film on Vimeo.

პ.ს. ფილმს კი ერთობ საინტერესო ელფერს სძენს ის ფაქტი რომ რეჟისორიც, სცენარისტიც და მსახიობიც ერთი და იგივე ადამიანი – მანი ჰაღიღია.