“ჩემს ენჯეოს ვხსნი”

მოდი არასამთავრობო გავაკეთოთ და შეზნექილმუცლიანი, თეთრი რძის მოყვარული მაჩვზღარბების უფლებები დავიცვათ, გრანტები წამოვა. დღე? მოდი იყოს 32 სექტემბერი.
და ადამიანებმა შექმნეს შეზნექილმუცლიანი, თეთრი რძის მოყვარული მაჩვზღარბების უფლებების დაცვის ორგანიზაცია, რომელსაც ყოველი წლის 32 სექტემბერს აღნიშნავდნენ.
გრანტები წამოვიდა.
რასაკვირველია, წლის სხვა დღეებში, შეზნექილმუცლიანი, თეთრი რძის მოყვარული მაჩვზღარბები არავის ახსოვდა და ყოველი წლის 32 სექტემბერს, იმ კონკრეტულ სახსენებელ დღეს, ყოველთვის, უცვლელად ერთი და იგივე რაოდენობის ადამიანები და საერთოდაც ერთი და იგივე ადამიანები დადიოდნენ, ძირითადად შთრმმ-ს უფლებების დაცმველი ორგანიზაციიდან.

ასე და ამგვარად, ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც ღვედის გაკეთებას, ღვედის გაკეთების დღეს აღნიშნავენ, ნაგვის გადაყრას, ნაგვის გადაყრის დღეს, ფობიების წინააღმდეგ ბრძოლას, მხოლოდ ფობიების წინააღმდეგ ბრძოლის დღეს და ა.შ. ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. სხვა დღეებში არ გვახსოვს არავინ და არაფერი, არ გვახსოვს რომ მინიმალური წესები ყოველდღე უნდა დავიცვათ, არც ის გვახსოვს რომ ადამიანის უფლებები 24/7-ზე არსებობს და მხოლოდ მაშინ არ უნდა გაგვახსენდეს, როდესაც ცეცხლი გვეკიდება ან როდესაც გრანტები გვჭირდება ან ორივე ერთად.
ჩემთვის დღემდე საშინლად გამაღიზიანებელია, როდესაც ადამიანებს რაღაც ნიშნით გამოარჩევენ და ამ კონკრეტული ნიშნის გამო იცავენ, ვერ ვიტან იარლიყების მიწებებას, ჩარჩოებში მოქცევას, საზღვრების დაწესებას, ადამიანი თავისუფალი არსებაა, რომლის უფლებებიც უნდა გვახსოვდეს, მიუხედავად მისი ნებისმიერი გამოსარჩევი თუ გამორჩეული ნიშნისა.

შარშან, ზუსტად 10 ნოემბერს, ჩვენს ქალაქში ადამიანი მოკლეს, ის არ იყო ჩემთვის არც კაცი, არც ქალი, არც კაბიანი, არც შარვლიანი, არც გრძელთმიანი, არც საყურიანი, არც უსაყურო, არც უფეხო. როცა ეს ამბავი გავიგე ამაზე არ მიფიქრია, ის, იმ მომენტშიც და ახლაც იყო ადამიანი, უბრალოდ ადამიანი, რომელიც მოკლეს და შემდეგ სახლში ამოწვეს, და მეორე ადამიანი, რომელსაც ამაში ბრალი ედებოდა, მხოლოდ სახლისთვის ცეცხლის წაკიდებისთვის გაასამართლეს.

გრანტები ისევ წამოვიდა.

 

———————

ფოტოები ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის დღიდან, 20 ნოემბერი, 2014 წელი. 

This slideshow requires JavaScript.

ფოტო მთავარზე (c) Lasha Tsertsvadze

2015 წლის 10 ნოემბერს, საბი ბერიანისადმი მიძღვნილი დღიდან – იხ. სრული ფოტორეპორტაჟი 

Advertisements

ენჯეო სახელწოდებით “სამოქალაქო საზოგადოება”

1 ოქტომბერს რომ შემოგვკრა დემოკრატიის გაურკვეველი წარმოშობის და სიმძლავრის ტალღამ, ამ დრომდე ნოკაუტშია ბევრი ადამიანი.

სხვა მრავალი ნიუანსის გარდა, ერმა სახალხო დამცველის არჩევის/შერჩევის თუ დანიშვნის გადაუდებელი საჭიროება იგრძნო.  კანდიდატურა კანდიდატურაზე წამოვიდა, ყველა მხრიდან კანდიდატურები ცვიოდნენ.

“არა ჩემი, არა ჩემი ჯობიაო” – იყო წიოკი.

მათ შორის თავი წამოყო იმან, ქე რომ მთელი ცხოვრება ხმა არ ამოუღია, სულ უკანა მერხზე რომ ზის და პირს მაშინ რომ აღებს როცა შია – ანუ არასამთავრობო სექტორმა.  თუმცა რამდენიმე მათგანი იღებს ხოლმე პერიოდულად ხმას, მხოლოდ ხმას, ხმალს არა.

იმის გათვალისწინებით რომ საქართველოში რეგისტრირებულია 10 000-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია, რამდენიმე ათეულის მიერ კანდიდატის წარდგენა არ ნიშნავს იმას, რომ ისინი კანდიდატს სამოქალაქო საზოგადოების სახელით უნდა წარადგენდნენ.

ასევე იმის გათვალისწინებით რომ სხვა დროს და სხვა ვითარებაში, როდესაც სამოქალაქო საზოგადოებას მათი ხმა და დახმარება სჭირდება არიან ჩუმად და უმოქმედოდ. შესაბამისად 100-მდე არასამთავრობო ორგანიზაციას რომელმაც თამარ გურჩიანი წარადგინეს და ასევე არასამთავრობოების უმრავლოესობას, რომელთაც ლორთქიფანიძე წარადგინეს არ უნდა ჰქონდეთ პრეტენზია იმოქმედონ სრულიად სამოქალაქო საზოგადოების სახელით.

უფრო მეტიც, თუ კი პროცენტულად ნაკლები მხარდამჭერის მქონე გურჩიანის არ არჩევას ამ თანამდებობაზე დემოკრატიის კრახს ვუწოდებთ, მაშინ იგივეს რატომ არ ვამბობთ ლორთქიფანიძის არ არჩევაზე, როდესაც მას გაცილებით მეტი მხარდამჭერი ჰყავდა და უფრო მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია წარადგენდა? – რა ­­­­ამ ნაწილში დემოკრატიამ იზეიმა?

სიტუაცია შევიდა ჩიხში, ოღონდ მართლა, ძირითადი დავა ორი კანდიდატის ლორთქიფანიძის და გურჩიანის ირგვლივ მიდიოდა.

ვერ ვიტყვი რომ ხატისკაცი ძალიან მომწონს, უფრო მეტიც არც ვიცნობ მის საქმიანობას, თუმცა ამ სიტუაციაში რაღაც შუალედურ გამოსავლად ვხედავ, არც მეტი და არც ნაკლები.