კიმ კი-დუკის აბორტი

რა მოხდება ქუჩებშიც შტეფსელები რომ იყოს, მეუბნება მეგობარი და მეც ვეთანხმები. გვჭირდება. ტელეფონები უნდა დავტენოთ, სმარტფონები გვაქვს, ხუმრობა ხომ არ არის. ყოველდღე ახალი ტელეფონი, ყოველდღე უფრო განვითარებული და უფრო და უფრო მეტ ენერგიას მოითხოვს. ფაუერ ბანკიც გვინდა, შემდეგ ფაუერ ბანკიც ჯდება, ისიც დასატენია. პლანეტის მოთხოვნა მიწოდებას უსწრებს, არსებული რესურსები საკმარისი არ არის, ატომური ელექტრო სადგურები მუშაობით სახეს იხევენ, ადამიანები კი მის გარშემო ბეწვის ხიდზე დავდივართ.

ხანდახან გვაქვს ხოლმე პეროშრიალა აქციები “არ მოჭრა ხე”, “შევამციროთ გამონაბოლქვი” ან “ერთი საათით გამოვრთოთ შუქი”, მერე ვბრუნდებით სახლებში და ყველაფერს ვაბრდღვიალებთ, გვჭირდება, არ გვჭირდება, არ აქვს მნიშვნელობა. არ ვფიქრობთ, იმიტომ რომ ეს არ არის ჩვენი პირადი პრობლემა, ვერ ვხედავთ ამას როგორც პირად პრობლემას, წარმოდგენა არ გვაქვს, ვერ ვათვითცნობიერებთ ერთ დღესაც რა შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს.

2012 წელი, ფუკუშიმა ყირაზე დგება, ადამიანები გაურბიან იმას, რითაც იტენებოდნენ, რაზეც მიერთებულები იყვნენ მთელი ამ ხნის განმავლობაში.

ამ დროს, კიმ კი-დუკის ფილმის “STOP” მთავარი გმირი მიკი ორსულად არის, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ისტერიულ შოკში ვარდებიან, არ იციან რა ქნან, გაიკეთოს მიკიმ აბორტი თუ არა, ალბათობა იმისა, რომ ბავშვი პათოლოგიებით დაიბადება, ძალიან მაღალია. მიკის არ უნდა ბავშვის მოშორება, გამორიცხულია მათი სიყვარულის ნაყოფი პათოლოგიებით დაიბადოს. ასე სჯერა.

ფოტოგრაფი ქმარი, გადაწყვეტს რომ გადაიპაროს რადიაციულ ზონაში და ფოტოები გადაიღოს, ნახოს რეალურად რა ხდება იქ და ცოლი დაამშვიდოს.

რადიაციულ ზონაში კიდევ უფრო შოკურ მდგომარეობაში ვარდება, ორსული ქალი მკვდრადშობს ნაყოფს და იმავე წამში ნამგალით ყელს იჭრის.

BIAFF-ზე ფილმის მსვლელობისას, ჩემს უკან, კინოთეატრ აპოლოში მამა და სამი პატარა შვილი ისხდნენ, არასრულწოვანები. მთელი ფილმის განმავლობაში მამა ბავშვებს კინოს უკითხავდა, ეს მძიმე ფილმი სულ სიცილ-კისკისით აყურებინა და მოასმენინა. შევწუხდით, ვუთხარით, მაგრამ სხვა გზა არ იყო, დავნებდით ბოლოს.

მიკის და საბუს ბავშვი შეეძინათ, ცოტა განსხვავებული, ყველაფერი უფრო ხმამაღლა ესმოდა, ვიდრე ყველა სხვა დანარჩენ ბავშვს, მათ შორის ფუკუშიმას საუბარიც.  ზოგჯერ ყურების დახშობაც იყო საჭირო.

ის სამი ბავშვი თავიდან ძალიან პატარები მეგონნენ ამ ფილმისთვის და მერე მივხვდი რომ არა, რაც უფრო ნაკლებად დავუხშობთ ყურებს და რაც უფრო ადრე დაიწყებენ ყველაფრის მოსმენას, მით უკეთესი პლანეტისთვის.

იქნებ შემდეგ აღარ დაგვჭირდეს გადარჩენისთვის აბსურდული მეთოდების გამოყენება, გადავრჩეთ მანამდე, სანამ ჩვენივე ხელით ნამგალით ყელს გამოვიჭრით და გამოვრთოთ შუქი, არა ერთი საათით.

პ.ს. მშვენივრად ვიცით რომ ღორი რადიაციულ ზონაშია მონადირებული, ვჯერდებით ჩვენთვის სასურველ პასუხს და ხორცს გემრიელად მივირთმევთ.

სე ლა ვი, სე ლა ვი მოდერნ.

Advertisements

ცხელი ჩაიდანი

ეძღვნება ყველა სიცოცხლეს

არეულ ოთახში მაღვიძარას გამყინავი ხმა გაისმა, ისევ წიგნზე დასძინებოდა, ისეთი დაფეთებული წამოხტა, იატაკზე დაგდებულ ლეპტოპს ფეხებით შესდგა, ჯერ სამზარეულოში შევარდა ჩაიდანი ჩართო, შემდეგ აბაზანისკენ გაემართა სწრაფად და თან ბავშვის ოთახის კარიც შეაღო.

– ლიზი, ადექი დედი, გვაგვიანდება მასწავლებელთან.

– აუ, ცოტაც რა დე – საწოლში გვერდი იცვალა ლიზიმ და უფრო ჩაითბუნა.

– ადექი, ხელ-პირი დაიბანე, – განაგრძო დედამ.

გასკდა ჩაიდანი კივილით, ვერავინ მოიცალა, ლიზი საწოლშია, დედა აქეთ-იქეთ დარბოდა, თან ბუტერბროდებს ამზადებდა, თან იცვამდა, თვითონაც სამსახურში აგვიანდებოდა.

– ლიზიი, – ეძახის ისევ, მაგრამ ახლა უკვე თავზე წამოადგა და საბანი გადახადა.

– აბა, ახლავე ადექი, მოწესრიგდი და ისაუზმე.

– არ მშია დე, – თვალებს იფშვნეტს და აბაზანისკენ მიბარბაცებს ბუზღუნით.

–  უნდა ჭამო, ჩაი და ბუტერბროდები გაგიმზადე უკვე.

ხელის ერთი-ორი მოსმით ლოგინი მიალაგა, ტანსაცმელები კარადაში შეყარა და სამზარეულოში გავიდა, თავისთვის ყავა დაისხა, ლიზის კი ჩაი.

ამასობაში ლიზიც შემოფრატუნდა, ისევ საღამურში, სკამზე აჩოჩდა და ბუტერბროდი ზლაზვნით ჩაკბიჩა.

– ლიზი სწრაფად, დრო ნუ გაგყავს.

– დე, ჩაიდანი ისევ უსტვენს, – თქვა და ჩაი მოხრუპა ლიზიმ.

– უი, ხო დამავიწყდა გამორთვა.

– დე, ჩაიდანს რატომ ჰქვია ჩაიდანი? – თქვა და ბუტერბროდს ძეხვი გამოაცალა, ზიზღით.

– არ ვიცი დე, ასე ერქვა ყოველთვის, ჩაისთვის გამოიყენება და ამიტომაც დაარქვეს ალბათ.

– ააა, – პასუხით უკმაყოფილო ლიზი შეიშმუშნა და საძინებელში დაბრუნდა ჩასაცმელად.

როგორც იქნა მოწესრიგდა დედა-შვილი, ჩაირბინეს კიბეზე და გაჩერებისკენ გაემართნენ.

გარეთ ციოდა, დეკემბრის სუსხმა ლიზის ცრემლები წამოაყრევინა და ცხვირი ოდნავ შეუწითლა, ოდნავ ნიავზეც და სიცივეზე სულ ასე ემართებოდა.

ტრანსპორტი ჯერ არ ჩანდა, ლიზი ფეხებს აბაკუნებდა სიცივისგან, აი ძლივს, რაღაც მოჩანჩალდა, ავიდნენ, ფეხზე დასადგომი ადგილი ძლივს მონახეს, მაგრამ ვინ ჩიოდა, ისეთი გაყინულები იყვნენ.

ცოტა დააგვიანდათ, ინგლისურის გაკვეთილი უკვე დაწყებული იყო, ლიზი ოთახში უხმოდ შევიდა და არც გაუხდია ისე მიუჯდა მაგიდას, ჯერ ისევ ძალიან კანკალებდა.

დედაც სამსახურში მივიდა, დააგვიანდა, პალტო და ქუდი ნაჩქარევად მიყარა მისაღებში და კაბინეტში აქოშინებული შევარდა.

ექთანი უკვე ადგილზე იყო, ყველაფერი დალაგებული ჰქონდა, გარეთ ოთხი ქალბატონი ელოდებოდა, წინასაახალწლო დღეები იყო და არც ამ ოთხ ადამიანს ელოდნენ, წინასწარ ჩაწერილები რომ არ ყოფილიყვნენ, არც მოვიდოდა დღეს სამსახურში.

– ქეთი, ვინ გვყავს დღეს ჩაწერილი, რა აწუხებთ? – ექთანს ჰკითხა ლიკამ და ხელების დასაბანად შევიდა.

– ორი აბორტზე და ორი გეგმიურ გასინჯვაზე გვყავს,  – უპასუხა ქეთიმ და თაროდან ანბანურად ჩამწკრივებული ისტორიებიდან, ორი სასურველი გადმოიღო.

– ოჰ, ესე იგი მძიმე დღე გვაქვს დღეს, ორი აბორტი, ამ წინასაახალწლოდ, – შეწუხებულმა ლიკამ ხალათი მოისხა და ნერვიულად შეიკრა თეთრი, ფითქინა ხალათის ღილები.

ლიზი გინეკოლოგი იყო ქალაქის ერთ-ერთ საავადმყოფოში, დიდი ხანი არ იყო რაც ოფიციალურ სამედიცინო პრაქტიკას ეწეოდა, მაგრამ უკვე კარგად აეღო ალღო, ბევრი მომადლიერებული პაციენტი ჰყავდა, რომლებიც რეგულარულად დადიოდნენ მასთან კონსულტაციებზე, უყვარდა პროფესია მიუხედავად მისი მძიმე მხარეებისა. მეუღლეს დიდი ხნის გაშორებული იყო, ლიზი 2 თვისაც არ იყო, როდესაც მამამ საზღვარგარეთ წასვლა გადაწყვიტა სასწავლებლად და მას მერე აღარ უნახავს და არც არაფერი გაუგია მისგან, საერთო ნაცნობებისგან კი იცის, რომ ლონდონში სწავლობს, მუშაობს და მეგობარი გოგოც ჰყავს. დღეს ლიზი უკვე მესამე კლასშია, მამა არასოდეს უნახავს, იცის რომ სხვა ქვეყანაშია წასული, მეტი არაფერი.

ყოველ ჯერზე, როდესაც ლიკა აბორტს იღებდა, ლიზი ახსენდებოდა და ფიქრობდა რა იქნებოდა ცხოვრება მის გარეშე, სახლში ხომ მხოლოდ ის და ლიზი იყვნენ, ლიზი იყო მისი ერთადერთი სიხარული და სითბო, მისი ცხოვრების სამკაული. ახლაც ამ ახალი წლის წინა დღეებში, ორი აბორტი უნდა მიეღო და ფიქრობდა ორ ლიზიზე, ვაკუუმში შესრუტულ თითოეული ცოცხალი ნაწილაკის წარმოდგენაზე გული ჩხვლეტდა, ხელებს და თითებს გამწარებული იბანდა, რას ერჩოდა თითებს, კინაღამ გადაიფცქვნა, აწითლებული ხელებით გამოვიდა აბაზანიდან.

– როგორ არის ლიზი, – ქეთის ხმამ გამოაფხიზლა მწველი ფიქრებიდან.

– არა უშავს, სკოლაში არდადეგები დაეწყო, დღეს კერძო მასწავლებელთან არის, მეცადინეობს, ძალიან მიეჩვია ახალ მასწავლებელს.

– მე მზად მაქვს ყველაფერი, – თქვა ქეთიმ და პაციენტისთვის ხალათი და ახალი ბახილები გამოიტანა.

– სთხოვე შემოვიდეს.

პაციენტი შემოვიდა ოთახში, ლიკამ სკამზე მიუთითა, თვითონაც ჩამოჯდა და ანამნეზის შესაკრებად მოემზადა.

– ასაკი?

– 23 წლის

– პირველი აბორტია?

– დიახ, – ოდნავ გაკვირვებით შეხედა გოგონამ ლიკას.

– რამეზე ალერგიული ხომ არ ხართ, ვთქვათ საკვებზე, პრეპარატზე . . .

– არა, ასეთი არაფერი მახსოვს.

– შვილი გყავთ?

– არა

– როგორც ექოსკოპმა გადმომცა, ნაყოფი ნორმალურ მდგომარეობაშია, თქვენც არ უჩივით ჯანმრთელობას, გადაწყვეტილება საბოლოოა?

– დიახ, მამას არ უნდა ბავშვი, მე მარტო ვერ გავზრდი, მშობლები ვერ გამიგებენ – თავს იმართლებდა და ნერვიულად ჭმუჭნიდა ხელჩანთას გოგო.

ნაცნობი სიტყვები იყო, ნაცნობი მდგომარეობა, თითქოს შეჩვეულიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ მაინც უჭირდა.

– კარგით, – ამოიხვნეშა ლიკამ, ექთანი მოგამზადებთ და შეეცადეთ არ ინერვიულოთ, ყველაფერი კარგად იქნება.

როგორც იქნა დასრულდა ექიმისთვის და პაციენტისთვისაც მტანჯველი პროცესი, ისე დამძიმდნენ, თითქოს ბავშვთან ერთად ვაკუუმმა მათი გულებიც შეისრუტა.

გოგონა ცოტა ხნით იწვა სავარძელზე, პირი გაუშრა, შესცივდა, წამოდგომა სცადა, ექთანი დაეხმარა, ლოგინისკენ გაუძღვა, სახეზე ფერი არ ჰქონდა, ოდნავ ჩაიკეცა, მაგრამ ექიმმა ხელი შეაშველა და ერთად წამოაწვინეს საწოლზე, თითქმის გულწასული გოგონა.

ნელ-ნელა მოდიოდა აზრზე, სახეზე ფერი მოუვიდა, ოდნავ წამოდგა, წყალი მოსვა, ჯერ კარგად ვერ გაეგო რა მოხდა.

– როგორ ხარ? – შეეკითხა ლიკა და სკამზე გადაკიდებული ტანსაცმელი მიაწოდა.

– ცოტა თავბრუ მეხვევა და რაღაც მჩხვლეტავს მუცელში, ცივად.

– გაივლის მალე, არ ინერვიულო.

გოგონამ ჩაიცვა და წასასვლელად გაემზადა.

– გელოდება ვინმე?

– კი, გარეთ მელოდება, მანქანით წამიყვანს.

– გასასვლელამდე გაგაცილებ, ჯერ ისევ სუსტად ხარ.

ლიზიმ წამლები გამოუწერა, დანიშნულება მისცა, შემდეგ პალტო მოისხა და გოგონას გაჰყვა.

უხმოდ ჩავიდნენ კიბეებზე, უხმოდ იყვნენ ლიფტშიც, უხმოდ გაიარეს გრძელი, თითქოს დაუსრულებელი დერეფანი.

აი უკვე გარეთ გავიდნენ, დეკემბრის სუსხი შემოეფეთა ორივეს, გარეთ თურმე თოვდა, მსხვილი ფანტელები ცვიოდა.

– კარგად იყავით, – აწყლიანებული თვალებით დაემშვიდობა გოგონა ექიმს.

– კარგად, თავს გაუფრთხილდით, – ხელი გაუწოდა ლიკამ, თითქოს მისი გამხნევება უნდოდა.

– მადლობა.

ცოტა ხანი იდგა ლიკა და გაჰყურებდა, როგორ მიუყვებოდა საავადმყოფოს ეზოს გოგონა, თავჩაღუნული, ნელი ნაბიჯებით. დაინახა როგორ გააღო მანქანის კარი და ჩაჯდა, სადღაც სავარაუდო მამის სილუეტმა გაიელვა.

ლიკა ისევ შებრუნდა საავადმყოფოში, კიდევ სამი პაციენტი ელოდა იქ, კიდევ ერთხელ უნდა შეესრუტა მისი გული ვაკუუმს. ამის გაფიქრებაზე, ისევ ცუდად გახდა, შეჩერდა და იქვე ცოტა ხნით ფანჯრის ცივ შუშას მიადო შუბლი. ესიამოვნა.

* * *

დაძაბული დღის შემდეგ, რაც შეიძლება მალე უნდოდა ლიზის ნახვა და სახლში მისვლა, ნაძვის ხე უნდა მოერთოთ, რაღაცეები მოემზადებინათ ახალი წლისთვის.

ლიზის გაუარა მასწავლებელთან, სახლამდე მაღაზიაში შეიარეს.

– დე, ახალ სათამაშოებს ხომ ვიყიდით ნაძვის ხისთვის?

– კი, დე აბა რა, კიდევ ბევრ შოკოლადებს ვიყიდით – მუხლზე ჩაიჩოქა ლიკა, გაყინულ ცხვირზე აკოცა – გოზინაყსაც გაგიკეთებ, დე.

სახლშიც მივიდნენ, გათოშილები, ლიკა გათბობას ეცა, ჩართო, რომ გაყინული სახლი გონზე მოეყვანა.

საჭმელი არც უჭამიათ ისე, ნაძვის ხე გამოათრიეს საწოლის ქვემოდან და აწყობა დაიწყეს.

– დე, რა ხდებოდა დღეს მასწავლებელთან, აბა მომიყევი, – შეეკითხა ლიზის და თავზე ბრჭყვიალა ქუდი წამოაცვა.

– ჩემთან ერთად მეცადინეობენ ბექა და თათია, თათიამ ახლა დაიწყო სიარული, მე და ბექა ვჯობნით.

– ძალიან კარგი, კიდევ დე

– დე, ჩემს კლასელ ბექას ორი მამა ჰყავს, – თქვა ლიზიმ და თეთრი წვიმები ნაძვის ხის ძირში განალაგა.

– არა, დე, ორი მამა როგორ ეყოლება, ყველას ერთი დედა და ერთი მამა ჰყავს.

– ორივეს მამას ეძახის . . .

– დედაც ეყოლება, – დაიჟინა ლიკამ.

– და არ შეიძლება მარტო ორი მამა ჰყავდეს?

– არა, ერთი აუცილებლად დედა უნდა იყოს, ასეა, ასე იყო ყოველთვის, – განაგრძო ჯიუტად, ახლა არ იყო ახსნის დრო.

– დილას, რომ მეუბნებოდი ჩაიდანზე, ისე, დე? – გაახსენდა ლიზის დილანდელი საუბარი.

– ხო შვილო, ისე, ჩაიდანივით.

აბორტი – მამის უფლებები

ქალს კანონიერად შეუძლია წაართვას მამაკაცს უფლება გახდეს მშობელი ან აიძულოს მას გახდეს მშობელი მისი სურვილის საწინააღმდეგოდ. (არმინ ა. ბროტი)

როგორც წესი აბორტზე საუბრისას, ძირითადად განიხილავენ დედის და ნაყოფის უფლებებს; იშვიათად თუ შეეხებიან მამის უფლებებს და ინტერესებს.  თქვენ წარმოიდგინეთ და ზოგიერთ შემთხვევაში მამას სურს ბავშვი, ხოლო დედას მისი მოცილება სწადია.

მამებთან და აბორტთან დაკავშირებული საკითხი ყველაზე ხშირად მოიცავს სიტუაციას, როდესაც მამას სურს, რომ დედამ მოიცილოს ნაყოფი, ხოლო დედა უარს აცხადებს ამაზე.

რა ხდება მაშინ, როდესაც მამას ბავშვი სურს? მიიჩნევა თუ არა აბორტი მორალურად გაუმართლებლად თუკი ეს არღვევს მამის უფლებებს?

მამა და სასამართლო

2002 წელს, ჩინეთის ახალი კანონის თანახმად, ბავშვის გაჩენასთან (შენარჩუნებასთან) დაკავშირებით მამის უფლებები გათანაბრდა მისი მეუღლის უფლებებთან, მამამ სასამართლოში უჩივლა დედას იმიტომ, რომ დედამ დაარღვია მისი – მამის უფლებები, მოიცილა რა ნაყოფი.

ამერიკის სასამართლოებმა შესაბამისად გადაწყვიტეს, რომ ქალის უფლება აბორტზე (ნაყოფის მოცილებაზე) არ შეიძლება დაიბლოკოს მეუღლის, პარტნიორის ან ყოფილი მეგობარი მამაკაცის მიერ და ასევე ქალი არ არის ვალდებული აცნობოს მამას, რომ აპირებს ამ ნაბიჯის გადადგმას.

1987 და 2001 წლებში მამაკაცები შეეცადნენ გაერთიანებული სამეფოს სასამართლოებისთვის მიემართათ, რათა მათ პარტნიორებს არ გაეკეთებინათ აბორტი;

მათ წააგეს საქმე.

ფილოსოფოსი ჯორჯ ჰარისი ამბობს, რომ არსებობს გარემოებები, როდესაც ქალის გადაწყვეტილება აბორტზე მორალურად არასწორია, ვინაიდან იგი ზიანს აყენებს მამას.

არგუმენტები:

თუ მამას გააჩნია მორალურად გამართლებული ინტერესი ჰყავდეს ბავშვი და დედას შეცდომაში შეჰყავს მამა, იმით, რომ იგი გააჩენს ბავშვს თუ მამა გააკეთებს ამას და ამას და მამაც ასრულებს ამ მოთხოვნებს, ვინაიდან მას ოჯახი სურს, მაშინ არასწორი იქნება თუ დედა მიზანმიმართულად წაართმევს მამას უფლებას იყოლიოს ბავშვი.

ქალის მხრიდან თვალთმაქცობა შეიმჩნევა , როდესაც:

მამაკაცს სურს ბავშვი, მაგრამ ქალს არა

ქალი ატყუებს და არ უმხელს მამაკაცს, რომ მას არ სურს ოჯახი

მამაკაცი ქალის და ოდენ სასურველი ოჯახის ერთგულია

ქალი შემთხვევით ფეხმძიმდება

ან

დედას ურთიერთობა აქვს როგორც სტრატეგიის ნაწილი, რათა გული ატკინოს კაცს

ქალი თამაშობს თითქოს უყვარს ეს კაცი და ბავშვიც სურს

ქალი ფეხმძიმდება (მანიპულირების მიზნით ალბათ)

ქალი შეგნებულად იკეთებს აბორტს, რათა გული ატკინოს კაცს.

როდესაც მამას არ სურს ბავშვი

ზოგიერთ ქვეყანაში საერთოდ არ აქვს მამაკაცს უფლება აიძულოს ქალი გაიკეთოს აბორტი.

საკანონმდებლო სისტემების უმრავლესობა მამას აკისრებს პასუხისმგებლობას ბავშვზე და ბავშვის რჩენაზე; ეს წესი მაშინაც ვრცელდება, როდესაც მამას აღნიშნული ბავშვის მოცილება სურდა.

ეგვიპტე, ირანი, ერაყი, კორეის რესპუბლიკა, მალავი, ქუვეითი, მოროკო, ნიკარაგუა, საუდის არაბეთი, სირია, თურქეთი და არაბეთის გაერთიანებული ემირატები – ეს ის ქვეყნებია, სადაც კანონმდებლობის თანახმად აბორტის შემთხვევაში ქმრის თანხმობა არის სავალდებულო.

მე მაინც ვფიქრობ, რომ შედეგი თავისუფალი არჩევანიდან უნდა გამომდინარეობდეს, თავისუფალი არჩევანი, როგორც ქალის, ასევე მამაკაცის, თუმცა ასეთ სიტუაციებში ურთიერთშეთანხმებას ოჯახი ჰქვია, შეუთანხმებლობას კი უფლებების დარღვევა; მოკლედ არჩევანი თქვენზეა!