XXVIII წერილი ქუცნას – გული საგულეში

მუხლები მტკივა. სიარული მიჭირს ან არ მინდა, არ ვიცი. წერილი ვერც მე წამოვიღე და სხვას კიდევ არ ვენდობი, ხომ იცი.

ბევრი რამ მოხდა, შენ კიდევ გართული ხარ შენი ქაოსური ყოველდღიურობით და ჩემი წუწუნით აღარ მინდოდა თავი მომებეზრებინა. არც გახსენდები, წერილის მოსაწერად არასოდეს იცლი, ან იქნებ არც გინდა. რა დრამა ხარ, გაიფიქრებ როცა ამ წერილს წაიკითხავ, თავს გადააქნევ, როგორც იცი ხოლმე. მეც ვიცი რომ დრამა ვარ და ყველაფერს ვართულებ, და ისიც ვიცი, რომ ერთადერთი ხარ, ვინც ამ დრამების განეიტრალების ტრაკი აქვს და სურვილიც არასოდეს უქრება. მერე რა რომ არასოდეს არ მწერ. მე ხომ ვიცი რა შეგიძლია. თუმცა რა დაგიმალო და მწყინს. შენგან მწყინს.

ჩემი გული მიწაშია. შენიც. წუხელ ბევრს ვფიქრობდი ამაზე, რაღაც შინაგანი ხმა მეუბნებოდა რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. ხელის გაწვდენის მანძილზე დავმარხეთ, ვიფიქრეთ რომ ასე უფრო დავიცავდით, გატეხვისგან, ბევრი ტკივილისგან, გაჩერებისგან და ძალიან ღრმად დავმარხეთ. ერთმანეთს გავუცვალეთ და შევპირდით რომ ერთმანეთს არასოდეს ვეტყოდით, სად წავიღეთ ჩვენი გულები. ახლა მინდა რომ მითხრა, მინდა რომ მიწიდან ამოვიღო და დავაბრუნო საგულეში, თუკი ჯერ კიდევ ვარგა რამედ. შენც იგივეს გირჩევ. იქნებ დასრულდეს ქაოსი შენში და შენს გარშემო, იქნებ შეცვალო შენი მოსაბეზრებელი ყოველდღიურობა, ერთი და იგივე ადამიანები და ერთი და იგივე ადგილები, არ მოგბეზრდა? ვიცი რომ მოგბეზრდა, შენ თვითონ მითხარი. ხოდა აწიე ტრაკი, გაინძერი. დროა.

ბოლო დროს ხშირად მესიზმრება, რაღაც ქვა-ღორღიან დაღმართზე ჩავრბივარ გამალებით, მუხლი მეჭედება, ფსკერამდე მივდივარ და სახით ღორღში ვეცემი, აღმართზე ვეღარ ავდივარ. და ასე სულ, ვცდილობ და ვცდილობ, ფსკერის მერე აღმართია და იქ მინდა ასვლა რამდენი ხანია. რაღაც მაკლია. ერთხელაც მინდა მოსხლეტით გავიქცე, მუხლი არ გამიჩერდეს, სახით ქვა-ღორღში არ დავეცე და აღმართზე ავვარდე. იქიდან ყველაფერი ჩანს, იქიდან ყველაფერს ნათელი მოეფინება, ყველაფერი დალაგდება და უკან აღარ დავბრუნდები. შვებით ამოვისუნთქებ. ამოისუნთქებ შენც.

ალბათ ამიტომ მტკივა მუხლები. ალბათ ამიტომ ვერ მივიტანე წერილი საფოსტო ყუთამდე. ახლაც ჩვენს კატას გამოვატან, ისიც ფეხით წამოვა შენამდე, არც მანქანა ჰყავს და არც თვითმფრინავი ჯერ.

შემდეგ წერილამდე ქუც.

 

XXVII წერილი ქუცნას – ჩვენი პეპლები

დილაა. მინდა გითხრა რომ ფანჯარაში მზემ შემოიჭყიტა, მაგრამ მოგატყუებ. მზე ისე ჩახჩახებს, მგონი ღამეც არსად მიდის, მთელი ღამე გვერდით მიწევს მხურვალე და ვნებიანი საყვარელივით.

დილით დაღლილი ვიღვიძებ, მზისგან, ფიქრისგან და ოცნებებისგან. მუცელში გაჩენილ პეპლებს ტრანკვილიზატორით ვაძინებ. ვხვდები რომ მინდა მოგწერო, ბევრი მაქვს მოსაყოლი, ვდგები, პირზე ცივ წყალს ვისხამ  და გწერ. მომენატრე. პეპლებზე მინდა გესაუბრო. მუცელში მკვდარი პეპლების სასაფლაო მაქვს, ყოველ ჯერზე, როცა კი ჩნდებიან ან ვკლავ ან ვაძინებ. პეპლების მეშინია, უფრო სწორად იმის მეშინია, ვინმემ არ დამასწროს და ჩემამდე არ მოკლას, ასე უფრო გული დამწყდება, მეტკინება, ხოდა ამ ტკივილის მეშინია. ვინ თუ არა, შენზე კარგად ვინ იცის რამდენჯერ მოკლეს ჩემი პეპლები, მოულოდნელად, დაუგეგმავად, გაუფრთხილებლად, სპონტანურად . . .  პეპლების დატირებაც გეხსომება.

მონადირეები შებოჭილი, ჩამოუყალიბებელი და თავდაუჯერებელი ადამიანები არიან, თავისუფალი, მონავარდე და საკუთარ ძალებში დარწმუნებული სული, ისეთი იშვიათი მოვლენაა, მისი არსებობა უკვე მითი მგონია. სადღაც გულის სიღრმეში დარწმუნებული ვარ რომ მე და შენ ვართ ასეთები, მე ზედმეტად რეალური ვარ, შენ ზედმეტად არარეალური, იმდენად, რომ მგონია წერილებიც არ მოდის შენამდე და ჩემს მონავარდე რეალობაში რჩება.

როცა მგონია რომ დაბრუნდი, როცა მგონია რომ რეალური ხდები და როცა მგონია როგორც იქნა ჩემს გვერდით ხარ, კიდევ უფრო მეშინია. ისევ რომ გაქრე? საკმარისია ჩვენი რეალური და უარყოფითი ენერგიით დამუხტული სივრცე შენი თავისუფალი სულისთვის? ხომ ხედავ რა უარყოფითია, დილაობით პეპლებს ვკლავ მუცელში.

თუმცა, სადაც მზე ეტევა ჩემს ოთახში, ერთად ვიძინებთ, ერთმანეთს ვესიზმრებით და ერთად ვიღვიძებთ, იქნებ შენც მოარჯულო ეს რეალური სამყარო, სადაც მე ვცხოვრობ, მე ხომ ამდენი ხანია შენს ირეალობას ვეგუები. არ გაყვედრი. მენატრები. უკვდავი პეპლები გამომიგზავნე ქუც. :*

XXVI წერილი ქუცნას – ბოდვები ვარდნამდე

ქუც, ეს წერილი, შეგიძლია თქვა, რომ საღი და დაბინდული გონების გამონაბოლქვია, გასხმული მუხრუჭების კვალში არეული.

სტამბოლში მივდივარ. თვითმფრინავში ვზივარ და ვფიქრობ პილოტის გერლფრენდს პოსტმენსტრუალური სინდრომი ხომ არ აქვს. ძალიან მძიმედ გადასატანია, როდესაც შენს გერლფრენდს პოსტმენსტრუალური სინდრომი აქვს, თან ამას წინათ აღმოვაჩინე რომ გადამდებია, შესაძლებელია შენს ბოიფრენდს გადასდო და იმათ კიდევ უჭირთ გადატანა, შეიძლება უბრალოდ, ერთი ხელის მოსმით, გააჩეროს თვითმფრინავი და ჩავიდეს. ვერ გაუძლოს ამხელა სტრესს.

მეტიც, ხომ გადასდებთ და თან დაგირეგულირდებათ ორივეს, ერთნაირად იწყებთ და ერთნაირად ამთავრებთ ანჩხლობას, სულის ხუთვებს, ერთმანეთის დაკაწვრას და დაკბენას.

მე მაინც ისევ პილოტისკენ გამირბის ფიქრები, ვხედავ როგორ იბერება, სივდება ბრაზისგან და ავიწყდება რომ ეს თვითმფრინავი გასართობი, სავარჯიშო სიმულატორი კი არ არის, ნამდვილი თვითმფრინავია, მთელი თავისი დიდებულებით, სერიოზულად ცაში ხარ და შენ მართავ. აქ ხალხი ზის, ცოცხალი ადამიანები არიან, თავისი შიშებით, ტკივილებით, მიტოვებებით, შეცდომებით, სიკეთეებით, პოსტმენსტრუალურ სინდრომიანი გერლფრენდებით და ბოიფრენდებით.

პილოტი გრძნობს ამ ყველაფერს? შეიძლება. უფრო სწორად ძალიან გრძნობს, ისე რომ წუხდება, პოსტმენსტრუალური სინდრომი შუბლში ურტყამს, ყურები უგუბდება, ჰაერი არ ყოფნის, მომენტალურად, ყოველგვარი ზედმეტი ფიქრის გარეშე, აჩერებს ათასობით კილომეტრზე გაშეშებულ თვითმფრინავს და ჩადის. უკანმოუხედავად ჩადის, პილოტს  სათითაოდ მოყვება ჩემოდნები, ზურგჩანთები, გულისრევის პაკეტები, სათამაშოები, ადამიანებიანი სკამები, პასპორტები, აიფონები, პლედში გახვეული პენსიონერი, რომელიც მთელი ცხოვრება ჯოჯოხეთურად მუშაობდა იმისათვის, რომ ცხოვრების ბოლო ორი ძღინკიანი წელიწადი მოგზაურობაში გაეტარებინა. ყველა მოფრინავდა, თავისუფალი ვარდნით ყველა პილოტს მოყვებოდა, რომელმაც უბრალოდ გააჩერა თვითმფრინავი და ჩ ა ვ ი დ ა.

იქნებ სიგარეტის მოსაწევად გავიდა? როგორც იქნა მიაღწიეს დანიშნულების ადგილს – მიწას, ნაწილ-ნაწილ, მთელი მხოლოდ პლედიანი მოხუცი გადარჩა, ძირს ეგდო, ხელში პასპორტი და ტურისტის ქამარ-საფულე ჩაებღაუჭებინა. თავში შავი ყუთი ჰქონდა მორტყმული, რომელიც სინამდვილეში ჭყეტელა ფორთოხლისფერი იყო.

მოგვიანებით, პრესა, ამ მოხუცზე დაწერს რომ, არც კი გაუგია რა მოხდა. თვითმფრინავში ეძინა. ძილში გაიპარა.

XXV წერილი ქუცნას – ნაღმზე რომ აფეთქდეს?

ქუც, შენთან გამოგზავნილი ძველი წერილები, დღეს ლამის სათითაოდ ამიხდეს, ხოდა ამიტომ, წინა წერილის არ იყოს, გადავწყვიტე წარსულის ამბები მოგიყვე ხოლმე, ალბათ ასე უფრო გამიადვილდება წარსულის წარსულში დატოვება, ვხვდები რომ იქიდან გადმოყოლილი რაღაცეები ხელს მიშლის აწმყოშიც და მომავალშიც, რამე კონკრეტულს ვერ დავასახელებ, თუმცა ფაქტია რომ ძველ ტრავმებს, გავლენა აქვთ ჩემზე, ჩემგან დამოუკიდებლად.

მე და ჩემს მეგობარს ერთი ასეთი ხუმრობა გვაქვს, ზოი, ვეკითხები, სამხედრო რომ შემიყვარდეს და ნაღმზე აფეთქდეს? ვიცინით გულიანად. და საერთოდ, როცა რაღაცაზე მოვიწყენთ ხოლმე, მაშინვე ეს მახსენდება და ისევ ვეკითხები, ისევ გულიანად ვიცინით.

ის სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ალენ დელონი იყო, აი ასე, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, ერთადერთი უნაკლოდ ლამაზი ადამიანი, ვისაც ჩემს თვალწინ ჩაუვლია. ვერანაირ შესწორებას ვერ შეიტანდით მის გარეგნობაში, მომხიბვლელობის და მიმზიდველობის უკანასკნელი შტრიხი მისთვის ბავშვურ ცელქობას დაემატებინა – ნაიარევი წარბთან.

ჩვენი შეხვედრა არ იყო მოულოდნელი და არც ერთი ნახვით შეგვყვარებია ერთმანეთი. მეგობრები ვიყავით. სტუდენტობის ბოლო წლებში, ძალიან ახალგაზრდები, ძალიან პატრიოტები და ძალიან პოლიტიკურები, საათობით ვკამათობდით და ვარჩევდით იდეოლოგიებს, ძალაუფლებებს, რეჟიმებს, სისტემებს, პოლიტიკურ მკვლელობებს, ეს ყველაფერი ხომ ასე ძალიან ახლობელი იყო იმ წლებში. დიდი გეგმები გვქონდა. მალე უნივერსიტეტს ვამთავრებდი, ის სამხედრო აკადემიას. კი, ალბათ მეოცნებეებიც ვიყავით. პოლიტიკურ მკვლელობებს გამოვიძიებდით, დამნაშავეებს დავსჯიდით.  ქვეყანას გადავარჩენდით, რომელსაც ახალი ძალა და ახალი სისხლი, ჰაერივით სჭირდებოდა.

კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო, ეგრეა ხომ? მე ვფიქრობ, რომ ამ დროს ღმერთი ბოხი ხმით იცინის ხოლმე. ყველაფერი იმდენად სწრაფად და ბანალურად დასრულდა, ჟანრის რომელი კლასიკისთვის მიმეკუთვნებინა, არც კი ვიცოდი.

ბედნიერად საბანკეტო კაბას ვიკერავდი, უნივერსიტეტს ვამთავრებდი, ფრთები ალბათ ნიკოფსიიდან დარუბანდამდე მქონდა გადაჭიმული. რეკავს ტელეფონი.

– ცოლი მომყავს.

– რა? (ეს არ იყო პირველი აპრილი)

– ცოლი მომყავს, ხმა უწყდება, თუმცა შეძლებს და გამოცრის ამ ორ სიტყვას.

– რას ნიშნავს ცოლი მოგყავს? დაბნეულობისგან, ბრაზისგან რა და როგორ მეთქვა აღარ ვიცოდი.

– ხუთი თვის ორსულია. ასე გადავწყვიტე. სხვა გზა არ მაქვს.

სხვა დანარჩენი, რაც მელაპარაკა, ვითომ ამიხსნა, განმიმარტა, უკვე ლირიკაა, არაფერი მესმოდა, არაფერი მახსოვს. მართლა არ მახსოვს.

აი ასე, უბრალოდ, დამირეკა და მითხრა რომ ცოლი მოყავს, ხაზის ტელეფონზე დამირეკა, დისკიანზე, რომელიც შემოსასვლელში იყო მისვარკული და შუაში, სამარილესავით გამოჭიმული ხომ არ დავიწყებდი ჯღნავილს? ვიდექი, ვუსმენდი და ყელი მისივდებოდა ცრემლების შეკავებისგან. მერე დავაგდე ყურმილი, გავვარდი საძინებელში და დიდხანს ვზლუქუნებდი პირქვე დამხობილი.

მე მიმატოვეს. ნაწილი პირველი. დუბლი ერთი.

შეიძლება ეს არ იყო დიდი სიყვარული, შეიძლება ეს უბრალოდ კარგი და ერთგული მეგობრობა იყო, შეიძლება ჩვენ დიდ პოლიტიკაში არ მოვსულიყავით, არც მკვლელობები გაგვეხსნა და ვერც ქვეყანა გადაგვერჩინა, მაგრამ ჩვენ გვჯეროდა ერთმანეთის და გვჯეროდა იმის, რაზეც ვოცნებობდით და რასაც ვგეგმავდით.

აი ასე ბანალურად გაყვა წყალს, ნდობა და რწმენა, რომლის პოვნაც მას შემდეგ ძალიან მიჭირს ადამიანებში და ასევე გაცემაც.

ამ ამბავს, ახლა ისე გიყვები ქუც, თითქოს მხრებზე პლედმოსხმული ვიჯდე ბუხრის წინ, შვილიშვილებით გარშემორტყმული, რომლებიც დარწმუნებული არიან რომ ბებია ძილისწინა ზღაპარს უყვება, მაგრამ ეს ის ზღაპარი არ არის ნამდვილად, რომელსაც შვილიშვილებს მოვუყვები, ზღაპრები ხომ კარგად უნდა მთავრდებოდეს? ხომ ყოველთვის კარგად მთავრდება ზღაპარი? ხოდა მეც ის ზღაპარი მინდა, პაპა რომ მიყვებოდა ხოლმე ბავშვობაში, რომელიც კარგად მთავრდებოდა, სადაც პრინცი არ მიდიოდა, არც ნაღმზე ფეთქდებოდა, არც ქრებოდა და შვილიშვილებისთვის ნამდვილი ზღაპარი მექნება, კარგი დასასრულით.

XXIV წერილი ქუცნას: იალა, იალა! მოუსვი ნიჩაბს!

ერთი ამბავი უნდა მოგიყვე ქუც, ამ ზაფხულს გადამხდა თავს. ამჯერად ჯომარდობა ავიტეხე. მტკვარზე წავედით, ბორჯომისკენ. ყველაფერი იდეალურად იყო, ვიდრე გუნდმა არ აურია და ნავის მოძრაობა მხოლოდ რამდენიმე ადამიანის ნიჩბის მოსმაზე არ დაეკიდა.  არაბი ტურისტების ჯგუფთან ერთად მოვხვდით ნავზე, ეზარებოდათ ნიჩბის მოსმა, ალბათ ფიქრობდნენ რომ მარტო ინსტრუქტორი მართავდა ნავს ან საერთოდაც დინებას ვემორჩილებოდით. არ გაჭრა არც ყვირილმა, არც ჯაჯგურმა, რამდენჯერმე პატარა ტალღებზე გადავრჩით ამოყირავებას. იალა, იალა! მოუსვი ნიჩაბს! არ ესმით. მორიგი აჩქარებული ადგილი, ძალიან რთული აღმოჩნდა, ნავმა ცხვირი აწია, წინ მსხდომებმა ნიჩაბი არ მოუსვეს დროულად და სწრაფად და ნავიანად ამოვტრიალდით. ჯერ გვერდით მჯდომი არაბი დამეცა თავზე, შემდეგ ნიჩაბი, ბოლოს ნავი წამომეფარა. ამ ყველაფერთან ერთად, არ დაგავიწყდეს რომ დიდი სისწრაფით წინ მივექანებით. მყისიერად ჩავიძირე, თავზე უზარმაზარი ნავია, ჟილეტმა ამომაგდო, ძლივს ვიპოვე ნავიდან გარეთ გამოსასვლელი, ვყლაპე წყალი, გამოვცურე და გარედან მოვეჭიდე ნავს. გადავრჩი. ახლა ნავმა მომიქცია წინიდან და დინებასთან ერთად უზარმაზარი ნავი მაწვება. არც კი ვიცი, იმ სწრაფი მონაკვეთიდან ნაპირამდე როგორ გავცურე. შესაძლებლობები მართლაც უსაზღვროა, თუ რასაკვირველია პანიკას გადაურჩით.

დიდხანს ძალიან მხიარულად ვყვებოდი ისტორიას, შენთვისაც ვაპირებდი მხიარულად მომეყოლა, მაგრამ პოსტფაქტუმ შიშებმა არ მომცა ამის საშუალება. ამ შემთხვევის შემდეგ, ხშირად ვფიქრობ, ფეხი რომ გაჭედილიყო ფეხსამაგრში და ნავიდან საერთოდ ვერ გამოვსულიყავი? გვერდზე მჯდომი არაბი, რომელმაც ცურვა არ იცოდა, წყალქვეშ რომ ჩამჭიდებოდა გადარჩენის მიზნით? პანიკაში რომ ჩავვარდნილიყავი და ნავიდან გამოსასვლელი ვერ მომეძებნა? ათასნაირად დავატრიალე ეს ამბავი, თუმცა ფაქტი იყო გადავრჩით. ჩემს გვერდით მჯდომი არაბი კი ვერანაირად ვერ ჩამეჭიდებოდა, ასთმა ჰქონდა და შიშის შეტევისგან გონება დაკარგა წყალში. ისიც გადარჩა.

მოგვიანებით, შეგრძნებები რომ გავითავისე, მივხვდი რომ ნავის ქვეშ მოქცევისას წამიერად მეც გამოვეთიშე სამყაროს, ყურები დამიგუბდა, თვალები მაგრად დავხუჭე და არაფერი აღარ მესმოდა, უაზროდ ვიქნევდი ხელებს, საკუთარ სხეულს ვერ ვგრძნობდი.

აი ზუსტად ეს არის ქუც, ხანდახან არის მომენტები, როდესაც ცხოვრებას ეთიშები, შეიძლება რამდენიმე წამით, წუთით, მაგრამ ისეთი შეგრძნებაა თითქოს უზარმაზარი, დღედაღამ მოგუგუნე მაცივარი შტეფსელიდან გამორთეს. გაგახსენდა ხომ ეგ შვების შეგრძნება ყურებში და სხეულში ქუც? აი მაგას ვგულისხმობ, ამ დროს გარესამყარო ითიშება შენგან ან პირიქით, შენ ეთიშები სამყაროს.

ახლა, ცხელ აბაზანაში თავწარგულს მხოლოდ გამდინარე წყლის შხუილი მესმის, სადღაც შორს, ყრუდ, ისე თითქოს ჩანჩქერთან ჩამძინებოდეს ბუნებაში.

ამ დროს ხვდები, რა ჰაეროვანი ყოფილხარ, გრძნობ შენს უწონადობას და ამავდროულად შენს სიძლიერეს, რა შეგიძლია გადალახო, რამდენს შეგიძლია გაუმკლავდე და მეტიც, ისეთი ძლიერი აღმოჩნდე რომ საკუთარ თავს გადაახტე და დარჩე იქ, მოთმინებით, საიდანაც დიდი ხნის წინ უნდა წასულიყავი. კვლავ ძლიერად ამოვყვინთე აბაზანიდან, ისე როგორც მაშინ, გულაჩქარებული მტკვრიდან ამოვედი, სრულიად დარწმუნებული იმაში, რომ უნდა დავრჩე იქ, სადაც ვარ.

ზოგჯერ ვიბნევი, ვინ უფრო ძლიერია, ის ვინც იბრძოლა და ამოყვინთა, ის ვინც უბრძოლველად გაყვა დინებას, თუ ის ვინც გაყვა დინებას და დიდი ძალისხმევით უკან დაბრუნდა? გარკვეულწილად ყველა ძლიერია, თუმცა ეს უკანასკნელი განსაკუთრებით ძლიერი მგონია, რაც უფრო შორს ხარ გასული, ხომ მით უფრო რთულია დაბრუნება? ხომ მით უფრო დიდია გამოწვევა?

შენ როგორ ფიქრობ ქუც?

 

XXIII წერილი ქუცნას – ჩემი ესპრესო

ქუც,  ახლა ვიგრძენი დღეში რამდენჯერ გამოდიხარ შენი სახლიდან და ამოწმებ ხან საფოსტო ყუთს, ხანაც სახლის პარმაღს. ახლა ვიგრძენი შენი ლოდინი და შენი ტკივილი, რომელიც ვინ იცის რამდენჯერ მოგაყენე. არ გთხოვ პატიებას, ძალიან მრცხვენია და ძალიან მტანჯავს ეს გრძნობა. არ შეიძლება ჩემი საქციელი, ჩემი ასეთი უყურადღებობა, ჩემგან შენი ასეთი დავიწყება ოდესმე მაპატიო.  არ ვიმსახურებ. ვიცი. რას არ დავთმობდი ახლა, ჩემს გვერდით რომ აღმოჩნდე და აქაურობას გამარიდო, აქედან გამაქრო, სულ ცოტა ხნით მაინც, შენი მხარდაჭერა მჭირდება ისე, როგორც არასდროს. მუცელში პეპლები მომიკლეს.

გაგეცინება და, გუშინ პირველად მოვხარშე ესპრესო. ხომ იცი ჩემი მოთმინების ამბავი, უფრო სწორად ხომ იცი რომ სიტყვა მოთმინება, რას ნიშნავს, საერთოდ არ ვიცი.

დავასხი წყალი, დავახურე ერთი ნაწილი, ჩავყარე ყავა, დავახურე მეორე ნაწილი და შემოვდგი. ქვედა ეტაპზე ჩასხმული წყალი, ნელ-ნელა, წვეთ-წვეთად ზედა ეტაპზე უნდა ამოთუხთუხდეს, და დაგროვდეს ყავა, რომელიც გახეთქილ გულს, კიდევ უფრო გახეთქავს.

თუ წყლის და ყავის დოზები აგერია, და მეტი მოგივიდა, მაშინ ზედა ეტაპზე, ზედმეტად ბევრი ყავა გროვდება და ამდენ ესპრესოს ვეღარ ერევი, გული გიჩქარდება ან გერევა, თუ წყალი დააკელი, ზემოთ, ორიოდე ჩაის კოვზის ოდენა თუ ამოვა და არ გყოფნის, საშინელი დანაკლისის და უკმაყოფილების შეგრძნება გაქვს.

თითქოს რა მარტივია, ყავა ვერ მოგიდუღებია გოგოო? მეტყვი.

თურმე არ მცოდნია, ვხვდები რომ ბევრ შეცდომას ვუშვებ ქუც და ძალიან ბევრი რამ უნდა ვისწავლო, ისეთი რამეებიც კი, რაც მეგონა, თურმე ვიცოდი, მაგრამ არ მცოდნია.

არც პირველ ჯერზე გამომივიდა ესპრესო და არც მეორე ჯერზე, პირველად რამდენიმე წვეთი მივიღე და სასტიკად იმედგაცრუებული დავრჩი, მეორედ სამი კაცის სამყოფი მომივიდა.  ვერ გავუმკლავდი. გულის გახეთქვის შემეშინდა და გადავასხი, ეს წვეთ-წვეთად ნაგროვები ესპრესო.

შემდეგ თავიდან მოვადუღე, გავაუმჯობესე, მოთმინებაც და დოზებიც. C’est la vie.

როცა შენ დაბრუნდები, გპირდები მე და შენ მსოფლიოში ყველაზე დახვეწილ ესპრესოს დავლევთ და ბევრს ვისაუბრებთ, რამდენი რამ დაგვიგროვდა ქუც.

XXI წერილი ქუცნას -ამბორი მეოცნებეს ანუ სფეროს გზააბნეული ნახევრები

გიომი ხელზე მეამბორა და ამ ხანგრძლივმა ერთმა წუთმა ჩემი ცხოვრების წინა ოცდასამი წელი დაჩრდილა.” 

.. შმიტიოსტენდელი მეოცნებე 

* * *

რომ არა ერთი ფილმის და ერთი წიგნის გავლენა, კიდევ კარგა ხანს წერილს არ მოგწერდი ქუც.  ფილმმაც და წიგნმაც კედელთან მიმაყენა და მაიძულა მეფიქრა იმ განვლილ დღეებზე, რაზე ფიქრს აგრერიგად თავს ვარიდებ ხოლმე. მეგონა “ბრაიდსჰედში დაბრუნება” ცოტა მოვინელე, მაგრამ წიგნმა ისე შემაჯანჯღარა რომ გადავწყვიტე ეს წერილი მომეწერა შენთვის.

როგორ ფიქრობ იქნებ მეც მეოცნებე ვარ და ჩემი გამოგონილი სამყაროს იქით არც მე გავდივარ და არც სხვას ვუშვებ ღობის გადმოღმა? ეჭვი შემეპარა ჩემს თავში და შენი აზრიც მაინტერესებს.

არ მინდა ოსტენდელი მეოცნებესავით, მხრებზე პლედმოსხმული ვიჯდე ბუხართან და განუწყვეტელ ოცნებაში აღმომხდეს სული, იმ ოცნებებში რომელსაც თავად ვქმნი, ვშლი და ისევ თავიდან ვაშენებ.

თუმცა ოპტიმისტიც ვარ, ამით ისევ ჩემი რეალობა მკვებავს, ზღაპრები ცხოვრებაში არ გადამიტანია და არც ცხოვრება გადამიტანია ზღაპარში. ხან ვეგუები და ხანაც ვებრძვი რეალობას როგორც შემიძლია.

ხანდახან ვსუსტდები, სრულიად ადამიანურად და სრულიად პრინცესულად, ნაზად. როდის? ალბათ როდესაც რაღაც მომენტში ჩემს წინ ვიღაც უფრო ძლიერი დგას, რომელიც ძლიერ გავლენას ახდენს, ისეთი როგორც გიიომის ამბორია, წამიერი, რომელიც ყველაფერს ცელავს, უკვე წასულ წლებსაც და თქვენ წარმოიდგინეთ მომავალსაც კი. ამბორი, რომლის გახსენებაც ყოველთვის იმეორებს იმ ემოციებს, რაც იმ წამს განიცადე და შეიგრძენი. აი ასეთ დროს ვსუსტდები და ვერ ვიკავებ ემოციებს, ან უფრო უარესი, იმ სიძლიერეს ვკარგავ რომელიც მოჩვენებითია ან ხელოვნურად ვმართავ სადავეებით, შეიძლება ჩემი საკუთარი თვითშეფასების ასაწევად, შეიძლება სხვების დასანახად.

ბევრი რამ გვაერთიანებს მე და მოხუც ემას, ოსტენდელ მეოცნებეს ქუც, თუმცა განსხვავებაც გვაქვს, მას მხოლოდ მეორე ხელთათმანი და მოგონებები აქვს, მე კი მოგონებები და რეალური შანსი სფეროს გზააბნეული მეორე ნახევარი ვიპოვო.

P.S. ნეტავ რა ზღაპრული წარსული აქვს ახლა იმ მოხუც ყავარჯნიან კაცს, რომელიც ჩემს მაგიდასთან ზის ლიტერატურულ კაფეში და ახლა ოსპის თუ სოკოს სუპს შეექცევა; ჩემდა უნებურად, ფანჯარასთან, მზიან მხარეს, მისი საყვარელი და ამოჩემებული ადგილი ამირჩევია წიგნის წასაკითხად, მთელი დღეა ის ვაჟა ფშაველას კითხულობს, მე კი ერიკ ემანუელ შმიტს.

gustav_Klimt_kiss

20 წერილი ქუცნას – სიჩუმის ფილოსოფია

თვითმფრინავმა თეთრი ღრუბლებიდან მცირე ბიძგებით ჩამოაჭრა და ვაცლავ ჰაველის სახელობის დათოვლილ აეროპორტში მსუბუქად შესრიალდა. დილის შვიდი საათია. ყველაზე ჩუმი სიჩუმეც კი ჩუმად არის. ყველაზე ხმაურიანი არსებები – ადამიანები თვალგახელილ ძილისპირულში ტოვებენ თვითმფრინავს და მოჩვენებებივით ქრებიან სხვადასხვა მიმართულებით.

ხმაურობს ჩემი ჩემოდანი, მაგრამ მაინც არ ცვლის ეს მდუმარების საერთო დინამიკას. ვსხდებით თითქმის ცარიელ, ვაგზლისკენ მიმავალ ავტობუსში და რაც უფრო ვიჭრებით პრაღის სიღრმეში, მით უფრო ვცილდებით ტყეებს, უკაცრიელ სივრცეებს და შევდივართ სიჩუმის ფილოსოფიაში, რომელიც ისეთი ორგანულია რომ ვერ აღვიქვამ.

მდუმარედ დგას გიდი, რომელიც დაუსრულებლად ელის გზააბნეულ ტურისტებს, რომლებიც ისე აცეცებენ თვალებს, როგორც ის სმენადაქვეითებული ბავშვი, რომელსაც პირველად სასმენი აპარატის მეშვეობით მოასმენინეს გარესამყაროს ხმაური.

ჩუმია ხალხიც სავსე მეტროც.

ისევ სინათლეზე გამოვდივართ და ვეძებთ სასტუმროს რუკაზე, უხმოდ გვჭირდება დახმარება, რასაც იქვე გამვლელი ჩეხი კარგად ხვდება, რომელმაც მიგვრეკა სასტუმრომდე, რომელსაც კარგა გვარიანად დავშორდით.

სასტუმროს სიჩუმემ ყველა მოლოდინს გადააჭარბა, კიბეზე ფეხიც არ მინდოდა დამებიჯებინა, რომ რამე სიწყნარე არ დაერღვია. ძველი, პატარა ხავერდის სასტუმრო იყო.

ჰაერზე გასვლა გადავწყვიტეთ, ის-ის იყო კარის სახელურს ხელი ჩავჭიდე, რომ ეს გამეფებული სიჩუმე ისე ჩამომემსხვრა თავზე, თითქოს მდუღარე ქვა ესროლეს გაპრიალებულ შუშას.

„შე ნაძირალააა, მითხარი რა დაგაკელიი რაა . . .“ – მომესმა ქალის კივილი. მივიხედე და პატარა სცენა გათამაშდა თვალწინ, თეატრალიზებული, იქვე პატარა რესტორანში.

მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ გავაცნობიერე რომ მე ჩეხური არ მესმის და ეს მდუღარე ქვა ჩემი მშობლიური ენა იყო.

მე პრაღაში ვარ ქუც, გუშინ ჩამოვედი.

19 წერილი ქუცნას – მატარებელი

მგონი ჩანაფიქრმა გაამართლა და საწადელს მივაღწიე – ჩემმა ბოლო, ცარიელმა წერილმა თავისი საქმე გააკეთა. საფოსტო ყუთში ერთი მუდმივად წაუკითხავი წერილი მაქვს, რომელსაც ვერ ვპოულობ, თუმცა ვიცი რომ შენ ხარ, ხელი წაგიცდა და გამოაგზავნე. არა უშავს, ვნახავ ოდესმე, მთავარია რომ ნავსი გატყდა და მე დაუსრულებლად აღარ ველოდები შენგან წერილებს.

ვიცი ძალიან არ გიყვარს როცა ქალებზე გელაპარაკები ხოლმე, მაგრამ ვის თუ არა შენ უნდა გავუზიარო ჩემი აზრები, რომელიც ჩემდა უნებურად ამყვებიან ხოლმე ხან წიგნის, ხან ფილმის და ხან რეალობის გადამკიდე.

ქალი – მსხვერპლი, გაგიგია ასეთი რამ ქუც? რაც არ უნდა ნაწარმოები გაგვევლო სკოლაში, მთავარი თემა ყველგან გმირ ქალთა სახეები იყო, აი მსხვერპლ ქალთა სახეებზე კი არასოდეს დამიწერია რამე.

ქუც, დეიდა ტულას იცნობ? უნამუნოს დეიდა ტულას? აი ზუსტად ახლა დავასრულე კითხვა და უამრავი ასეთი ქალი დამიდგა თვალწინ, რომელსაც რეალურად ვიცნობ. საზოგადოების თვალში ასეთი ქალი მსხვერპლად გამოიყურება, საწყალი, გაუთხოვარი თუ შინაბერა, უბედური რომელიც თავის წილ ბედნიერებას ვერ ეღირსა და სხვის შვილებს შეამსხვრია მთელი ახალგაზრდობა; უბედური რომელსაც მოხუცი დედ-მამის მოვლაში ამოხდა სული; და არასოდეს, არავინ ფიქრობს და უშვებს იმას, რომ ეს შეიძლება ამ ადამიანის არჩევანი იყოს, მისი მკაცრი გადაწყვეტილება, ცხოვრების მიზანი მხარში ამოუდგეს და დაეხმაროს მისთვის ძვირფას ადამიანებს და სულაც არ თვლიდეს თავს მსხვერპლად, უბედურად და განწირულად, არამედ პირიქით – აი ზუსტად ისეთი, როგორიც არის უნამუნოს დეიდა ტულა, ძლიერი, მოსიყვარულე, ერთგული, თუმცა ზოგჯერ ცოტა ეგოისტიც.

ანა კი ახალმა ფილმმა გამახსენა; მასზე ჯერ კიდევ მაშინ გესაუბრე, როდესაც გუდამაყარში ვისვენებდი ერთ მშვენიერ ზაფხულს, გახსოვს ქუც, რა კარგი დრო იყო? მაშინ პირველად წავიკითხე,  პირველი შთაბეჭდილება ვერ იყო ისეთი მყარი, ან კი როგორ იქნებოდა იმ ბავშვისთვის, რომელსაც მატარებელი ჯერ კიდევ, უბრალოდ მატარებელი ეგონა, რომელსაც პატარა გოგონა ზაფხულობით ბებიასთან მიყავდა სოფელში.

მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა, მატარებლის კონტურები უფრო გამოიკვეთა და ჩვენც მივხვდით, რომ ანას თავი არ მოუკლავს, ის მოკლეს. ანა მოკლეს ადამიანებმა, ხალხმა, საზოგადოებამ. სხვას რას უნდა შეადარო საზოგადოება, თუ არა ჩაშავებულ, ჩაკირულ, გაყინულ მატარებელს, რომელიც შეუჩერებლად მოძრაობს, არ ელევა მამოძრავებელი ძალა; მატარებელს, რომელიც გადაგივლის ნებისმიერ დროს, ჩაგბურჯღნის და აგქნის ასო-ასო, ისე რომ ვეღარასოდეს გაიგებ რას ან ვის გადაუარა, როგორი იყო მის პირვანდელი სახე . . .

ესეც ჩაივლის, ჩაივლის და ისევ მატარებელი გვეტყვის რომ ვიღაც ბორბლებს ჩაუვარდა, ვიღაცამ თავი მოიკლა . . .

ოჰ, ეს მსხვერპლი

ეს საწყალი

ეს თავისი თავის მტერი . . .

და ასეა მუდამ

ვერ იგებ სად არის პირველი და სად ბოლო გაჩერება ქუც, დავდივართ წრეზე, მე, შენ და მატარებელი.

17 წერილი ქუცნას – გზა რწმენით

ჩემი გული გაიბერა ქუც, რომ არ მოგწერო გამისკდება მგონია, საიდან დავიწყო არ ვიცი, ბევრი რამ მოხდა . . . შენ ხომ იცი ჩემი დამოკიდებულება რწმენასთან . . სხვებმა არ იციან, ფიქრობენ რომ ათეისტი ვარ, ისე რომ ბევრმა არ იცის ამ სიტყვის მნიშვნელობა, არც ამ სიტყვის და არც მორწმუნის, არც ქრისტიანის და კიდევ ბევრი რამ არ ესმით ან ესმით ძალიან თავისებურად და ჯიუტად. ვერ დავიკვეხნი რომ მე ყველაფერი მესმის ან ბევრი რამ მესმის, დაცინვა ადვილია, განსჯაც ადვილია, პრობლემის მოგვარება, მაშინ როდესაც ამ პრობლემას თავად ვერ ხედავენ გაცილებით ძნელი და ხანგრძლივი პროცესია . . .

ცოტა სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს ამ ყველაფერთან, ასევე თავისებური და ჯიუტი:

მე მხარს ვერ დავუჭერ აგრესიას ქრისტიანობის დაცვის სახელით

მე მხარს ვერ დავუჭერ ცეცხლითა და მახვილით ბრძოლას ქრისტიანობის დაცვის სახელით,

მე მხარს ვერ დავუჭერ ფარისევლობას, ტყუილს რწმენის სახელით

მე მხარს ვერ დავუჭერ რელიგიურ ექსიბიციონზმს

მე მხარს ვერ დავუჭერ სიბრმავეს, სიყრუეს დროში და სივრცეში

მე მხარს ვერ დავუჭერ სირაქლემას პოზიციაში დგომას

მე მხარს ვერ დავუჭერ წყევლა-კრულვის სერიას სასულიერო პირებისგან

მე მხარს ვერ დავუჭერ სასულიერო პირებისგან თვალებში ნაცარის შეყრას ჩიპების, კუდიანების და სხვა არარსებული მტრების სახით

მე მხარს ვერ დავუჭერ ცოცხალი ადამიანების იკონიზაციას

მე მხარს ვერ დავუჭერ ბოროტებას, სიძულვილს, გინებას, წყევლას ადამიანებისგან, რომლებიც თავს სდებენ ქრისტიანობაზე და იცავენ მას უხილავი მტრებისგან.

მხოლოდ იმიტომ რომ ქრისტიანობა, მე როგორც მესმის, ამ ყველაფერს არ ითვალისწინებს.

რატომ მოხდა ასე არ ვიცი, მაშინ როდესაც განათლების პირველი კერები სწორედ ეკლესია-მონასტრებში ჩნდებოდა, (იყალთოს აკადემია , სადაც ისწავლებოდა ღვთისმეტყველება, რიტორიკა, ასტრონომია, ფილოსოფია, გეოგრაფია, გეომეტრია, გალობა წერა-კითხვას სწორედ იქ სწავლობდნენ, უფრთხილდებოდნენ ხელნაწერებს, გადაწერდნენ და ამრავლებდნენ მათ, თარგმნიდნენ ბერძნულიდან, ლათინურიდან თუ სხვა ენებიდან უამრავ ნაწარმოებებს, გამოსცემდნენ და ყველანაირად ხელს უწყობდნენ სწავლა-განათლების მიღებას, (თუნდაც ის რად ღირს რომ ჩვენი მწერლების, პოეტების და სხვა მრავალი საზოგადო მოღვაწის ბიოგრაფიაში ერთი პატარა მონაკვეთით მაინც ეძღვნება ხოლმე ამ თემას, ის სწავლობდა სასულიერო აკადემიაში, სემინარიაში და ა.შ.), საქართველოს, რომლის საუკეთესო ტრადიციები განათლების სფეროში საყოველთაოდ იყო ცნობილი (ფაზისის ფილოსოფიისა და რიტორიკის სკოლა კოლხეთში (IV საუკუნე), გელათისა და იყალთოს აკადემიები (XII საუკუნე), სამონასტრო – საგანმანათლებლო ცენტრები  პალესტინაში  (V საუკუნე),  სირიაში (VI საუკუნე),  საბერძნეთში (X-XI საუკუნეები),  ბულგარეთში (XI საუკუნე))   და და სხვა ბევრი მაგალითი .

დღეს კი რა ხდება? ლათინური და ბერძნული კი არა ზოგი ქართულადაც ვერ მეტყველებს გამართულად (რა თქმა უნდა ყველა არ მყავს მხედველობაში), თარგმანებზე და წიგნების გამოცემაზე ზედმეტია ლაპარაკი, თუ ასეთი რამ ხდება საერთოდ, ალბათ უმნიშვნელო და შეუმჩნეველი დოზით. უფრო მეტიც შარშან (თუ არ მეშლება დრო) ვინც ეროვნული გამოცდები ვერ ჩააბარა, პატრიარქის ნებით მათთვის სასულიერო აკადემიის კარი ფართოდ გაიღო, რატომ? რატომ მიენიჭათ მათ ეს უპირატესობა? და რატომ არ მიეცათ მათ დამატებითი დრო ცოდნის შესაძენად, რომელიც არასაკმარისი აღმოჩნდა თვით მინიმალური ზღვარის გადასალახადაც კი?! მაგრამ სწავლისთვის სად სცალიათ . . .

რა გვჭირს ეს? იმის ნაცვლად ტაძრიდან სინათლე გამოდიოდეს, ადამიანები ხელის ცეცებით დადიან, არ შეიძლება როდესაც ასობით ადამიანი უსიტყვოდ გენდობა, მცირე განათლება შენც მოგეთხოვება, როდესაც ასობით ადამიანი უსიტყვოდ გენდობა, სებისკვერის ნაცვლად ნეხვს არ უნდა აჭმევდე, და ნეხვიანი ჯოხის მოქნევით არ უნდა დაგყავდეს აქეთ-იქეთ, ადამიანებს ადამიანურად უნდა მოექცე, გაოგნებულები არ უნდა დატოვო ქუჩაში გამოსული ასობით ადამიანი, ყოველგვარი ახსნა – განმარტების გარეშე, რომელიც გაკვირვებული კითხულობს რა მოხდა? რა გადაწყვიტა ასე უცებ სინოდმა? რაზეც ასეთი ამბავი ატეხეს, ასე მარტივად როგორ გადაწყდა? ერთმანეთს ეკითხებიან გაოცებულები. სინამდვილეში არც არაფერი გადაწყვეტილა, დააფიქსირეს ის რაც ისედაც იცოდნენ, სხვა რელიგიებთან არათანასწორობა და უპირატესობა. მარტივი მათემატიკაა მეგობრებო, სკოლის დონის, თუ კი ქვეყნის 85% მართლმადიდებელი ქრისტიანია, როგორ შეიძლება დარჩენილ 15%-ს რაიმე განსხვავებული უპირატესობა ჰქონდეს და ეს 15% რამეს გართმევდეს?

სხვისთვის თუ გერიდებათ კითხვის დასმა, საკუთარ თავს მაინც ჰკითხეთ ხოლმე, საკუთარ თავთან იმსჯელეთ, წაგადგებათ ისევ თქვენ და შუა მინდორზე უმწყემსოდ დარჩენილი ფარასავით მაინც არ დარჩებით.

სამად სამი ძლიერი შთაბეჭდილება მქონდა  

პირველად ნორიოში, ბერი, ნატკენი ფეხებით, გრძელი, ჟღალი თმით და წვერით, უხმოდ და უსიტყვოდ ხატი მისახსოვრა, მშვიდმა და ბედნიერმა დავტოვე იმ დღეს ნორიო. მეორედ გუდამაყარში, მარიამობას, ხატობას – დღემდე შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. მეტი იმედი არ მქონდა როდესაც მესამედ – გიორგიმ წამიყვანა მაშავერაში, წმ. გიორგის სახელობის პატარა ეკლესიაში, გახსოვს ალბათ, ქუც მე მოგიყევი, ნახე ძველი წერილები .

ყველაზე მეტად კი ჩემ სოფელში მიყვარს, პატარა ტაძარი, სადაც მღვდელი საერთოდ არ არის, არასოდეს შემხვედრია, ხალხი უვლის, მიხვალ შენთვის სანთელს დაანთებ და მშვიდად მოდიხარ.

შეიძლება არ გვიყვარდეს ერთმანეთი, არ ვგიჟდებოდეთ, მაგრამ განურჩევლად რწმენისა, ეროვნებისა და ა.შ. უნდა შევძლოთ ერთმანეთის გვერდით ცხოვრება (როგორც ეს იყო მრავალი საუკუნის მანძილზე) თუ სიყვარულით არა, როგორც მინიმუმ ერთმანეთის პატივისცემით და მხარდაჭერით, ყოველგვარი აგრესიის და ცინიზმის გარეშე.

პ.ს. ამ წერილის წაკითხვის შემდეგ ალბათ საერთოდ აღარ ჩამოხვალ ქუც.  

 

სხვა საკითხავი თემაზე

 

 

 

16 წერილი ქუცნას – დაკარგული დრო

ხელის მარტივი მოძრაობით, New, Document და შენთან წერილის წერას ვიწყებ ქუც. როგორც ყოველთვის დიდი ხნის მერე და მხოლოდ მაშინ როდესაც ვიბნევი, როდესაც ძალიან მიჭირს და მჭირდები.
ხომ იცი როგორ მიყვარს ყველაფრის შენახვა, წერილების, დღიურების, გაზეთის ნაგლეჯების, დრო და დრო მიყვარს გადმოლაგება ამ ყველაფრის, თვალიერება, კითხვა, ვინახავ ვირტუალურ წერილებსაც, მერე მსიამოვნებს კითხვა, ზოგჯერ მწყინს, ზოგჯერ ვბრაზდები, მაგრამ მაინც მიყვარს განვლილი ემოციების თავიდან გახსნება და კიდევ ერთხელ დაფიქრება.
ახლაც ასე ჩავაშტერდი შენ წერილებს, ვკითხულობდი, ხან მეცინებოდა, ხან მებრაზებოდა, რა უცნაურია, მერე იმ გაბრაზებაზეც ისევ მეცინებოდა.
ბევრი მაშინვე შლის, ხევს, ანადგურებს ყველაფერს, არ მესმის მათი, გასულ წამებს ხომ ისედაც თან მიაქვს ყველაფერი, შენ კი შანსი გაქვს რაღაც მაინც დაიტოვო და არ გაუშვა.
შენ ინახავ ჩემ წერილებს ქუც? იმედი მაქვს, რომ კი, რა სჯობს როდესაც შევხვდებით და ერთმანეთის წერილების წავიკითხავთ ხოლმე, ბედნიერი ვიქნები . . .
მეგობარი წერდა, ცოტა ხნის წინ, მიკვირს იმ ადამიანების, რომელთაც შეუძლიათ როდესაც უნდა მაშინ მიწერონ ან დაურეკონ, ჰო, ეგრეა, ვეთანხმები და მეც მიკვირს, ვერ გეტყვი რა შეიძლება იყოს ხელის შემშლელი, მერიდება? მრცხვენია? იქნებ ძინავს? იქნებ მშიერია და თან გაბრაზებული, იქნებ მეშინია რომ რამე მნიშვნელოვანს არ მოვაცდინო? მაგრამ ჩემზე მნიშვნელოვანი არის რამე მისთვის? ამდენ ფიქრსა და კითხვებში გადის დრო, ბევრი დრო, ამ დროს შენახული ქაღალდის ნაგლეჯებით და ვირტუალური წერილებით ვეღარ ვაჩერებ, ფიქრსა და ჭოჭმანში გასული დრო ყველაზე ფუჭად დაკარგულია, ხომ შეიძლება ავდგე და მივწერო, ავდგე და დავრეკო, არა, არ გამოდის, ვერ გამოდის . . .
ვკარგავთ ერთმანეთს და ისევ ვეძებთ, თითქოს ბევრი დრო გვქონდეს, თითქოს არ შეგვეძლოს ერთმანეთის მოფრთხილება, დროის გამოყენება ერთმანეთისთვის ქუც, ხო ორივეს გვესმის რომ ბევრი წელი გავიდა, ბევრი წელი დაიკარგა, მაგრამ მაინც ვკარგავთ, და ისევ ვეძებთ ერთმანეთს, სად ვფორთხიალობთ, მაღლა და მაღლა ვეპოტინებით, თითქოს მთა-მთა, ტყე-ღრე სიარულით ერთმანეთის სიახლოვეს მივდიოდეთ, ასეა ყველაფერში ქუც, სულ შორი-შორ ვეპოტინებით ყველას და ყველაფერს. ცხვირწინ რომ გვქონდეს მაინც სადღაც გავრბივართ, ვეძებთ, ზოგჯერ ჩვენ თავადაც არ ვიცით რას ვეძებთ, სად მივდივართ, რატომ გავრბივართ, ერთი ადგილიდან მეორეზე, რა არ გვასვენებს. მერე, როდის როდის, დიდი ხნის მერე ვხვდებით, რომ რასაც ამდენი ხანი თავდაუზოგავად ვეძებდით, სულ რაღაც ორ ნაბიჯში ყოფილა, სულ რაღაც ხელის გაწვდენის მანძილზე, ან სულაც დილით ახალგაღვიძებული გაიხედავ და თურმე გვერდზე გიწევს, შენს გვერდით სძინავს, შენს გვერდით იღვიძებს, შენს გვერდით სეირნობს და შენ კი სად დარბოდი, სად ეძებდი და სად კარგავდი . . .
და ახლა ქუც, ახლა როდესაც ისევ ახლოს ვართ, ისევ ვეძებთ ერთმანეთს, ისევ გვერიდება, ისევ თავს ვიკავებთ, და რა გვრჩება? მხოლოდ ბევრი, ბევრი წერილი და ბევრი გადაუდგმელი ნაბიჯი . . .

ცოტა გამბედაობა გამომიგზავნე ქუც,
დროებით

15 წერილი ქუცნას – უჩემოდ ყველა გზა ხსნილია

უგულისყურო და ცივი ადამიანი ვარ. დღეები ისე გავა, ადამიანს არ მოვიკითხავ, შენც მათ რიგებში ხარ ქუც. გგონია არ მიყვარხარ? გგონია შენზე მეტად ან ნაკლებად მიყვარს ვინმე? არა, პირიქით ყველა ძალიან მიყვარს, უბრალოდ ხანდახან ვფიქრობ, რომ სიყვარულის გამანაწილებელი დავკარგე დიდი ხნის წინ, ხან ერთ მხარეს მივმართავ ჩემ სიყვარულს, ხან მეორე მხარეს, ერთს რწყევა ემართება ჩემი სიყვარულით, ათს კი სიკვდილამდე ვენატრები, აბა აბა როგორ შეიძლება ასე? ახლაც, აი როდესაც გვერდით ექიმის დანიშნული წითელი ღვინით სავსე ჭიქა მიდგას, ვფიქრობ ვინ უფრო მიყვარს ყველაზე მეტად ან თუ მიყვარს ვინმე, ისე რომ დავწერო წერილი, დავრეკო, დავუძახო, ქვა ვესროლო და ჩემსკენ შემოვახედო, ან მიყვარს კი ვინმე საერთოდ? თუ კი, ეს ჩემი თავი ნამდვილად არ არის, ვიღაც სხვაა, რომელიც სადღაც დგას, ალბათ კუთხეში, უღიმღამოდ და იქნებ არა ერთი ჭიქა აქვს უკვე დაცლილი . . .  არა სიყვარულით . . .

ბოლო დროს საშინელებები მესიზმრება ქუუც, ვდგები დამძიმებული, ფინჯან ყავას ფერზე მოვყავარ და მივიზლაზნები სამსახურისკენ. საშინელი მოძრაობა, მეჩვენება რომ ყველა ვინც საჭეს მართავს, ერთმანეთი სძულთ, ერთმანეთის კონკურენტები არიან მართვაში, ყველას სურს პირველობა, ყველას სურს პერსონალური გზა, სულ ხსნილი და მწვანე შუქნიშნებით განათებული. შენ გინდა ეგრე? არ ფიქრობ რომ მოსაწყენია? არ ფიქრობ, რომ ხანდახან უნდა შეისვენო და გზა სხვას დაუთმო? მე ვუთმობ, თითქმის სულ ვუთმობ, თავს ვისულელებ, მაგრამ მერე რა, ზოგჯერ დათმობაც ხომ სხვისი დამცირების ტოლფასია, სხვისი სისუსტის აღიარებაა . . .

თითქმის უკვე ორი დღეზე მეტია სოციალურ ქსელს გამოვეთიშე, იმ სოციალურ ქსელს, რომელსაც შენ ვერ იტან და ფიქრობ რომ ადამიანებს აშორებს და აუცხოებს, ისიც მახსოვს მეჩხუბებოდი ამიტომ ვერ იცლი ჩემთვის და ბევრ დროს გაკარგვინებსო. არ გამართლდა შენი ფიქრები და ვარაუდები, არავითარი დამოკიდებულება, არავითარი დროის დაკარგვა, ისევ ისე ვმუშაობდი როგორც მანამდე; ქსელში ჩართვამდე მხოლოდ პაროლის აკრეფა მჭირდებოდა, ერთხელაც არ წამცდენია ხელი. არც ის გამოდგა მართალი ადამიანებს აშორებსო, პირიქით, არასოდეს ისე ახლოს არ ვყოფილვარ ადამიანებთან ქუუც როგორც ახლა, უფრო ხშირად ვხვდებით ერთმანეთს რეალურ რიტმში, ვსაუბრობთ, ვსეირნობთ, კინოში, თეატრში დავდივართ. ამას წინათ, ერთმა აწ უკვე ვირტუალურმა და ახლა რეალურმა მეგობარმა პატარა, საყვარელ კაფეში დაგვპატიჟა, აი მითხარი ბოლოს როდის მიირთვი ნაკვერჩხალზე მოდუღებული ყავა ან მიირთვი ნაკვერჩხალზე გამომცხვარი პური? მე დიდი ხანია არ გამისინჯავს, თითქმის ოთხი-ხუთი საათი დავყავი იქ, არადა მეგონა ნახევარი საათის მისული ვიყავი, ისე მალე გავიდა დრო სასიამოვნო ჭუკჭუკში, გიტარაზე დაკვრაში და სიმღერაში.

შენ კი სულ მსაყვედურობ მაინც . . .

ვაპირებ ისევ დავუბრუნდე ვირტუალურ ცხოვრებას, ექსპერიმენტმა წარმატებით ჩაიარა, მე უკვე აღარ მესმის ადამიანების, რომლებიც დროებით ეთიშებიან ხან რეალურ და ხანაც ვირტუალურ ცხოვრებას . . . მთავარი არც ერთია და არც მეორე, მთავარი ის არის, რომ იქ ხარ, სადაც მოგწონს, სადაც ცხოვრობ და არა ცოცხლობ, სადაც ემოციების, გრძნობების უწყვეტი ურთიერთგაცვლაა, ხან შენ გწყინს, ხან მას, ხან შენ გიხარია, ხან მას, ხან შენ ბრაზდები და ხან ის, აბა როგორ . . . შენ რა არ მოგწყინდა მანდ უემოციოდ და ასე უღიმღამოდ ყოფნა, გაბრაზებული და დეპრესიული კი მერე ჩემზე იყრი ხოლმე ჯავრს, მწერ რაღაც გაუგებარ წერილებს ან გაბუტული საერთოდ ხმას არ იღებ. ჩემი არ იყოს მგონი შენც სიყვარულის გამანაწილებელი დაკარგე და მხოლოდ ჩემსკენ მომართულ გრძნობებს ვეღარ აკონტროლებ . . .

მაინც მიყვარხარ, თუნდაც იმიტომ, რომ ჩემი ყველაზე, ყველაზე ერთგული ადრესატი ხარ.

დროებით ქუც.

პ.ს. სხვა ყავა , არა ისეთი როგორიც აქამდე გაგისინჯავს

14 წერილი ქუცნას – ზარმაცებს

შენ ბეჯითი ხარ, მე ზარმაცი. ბოლო წერილებში, განუწყვეტლად იმეორებდი, წადი სადმე დაისვენე, რამდენს შრომობო. არც ეგრეა საქმე ქუუც. ვხედავ, რომ სიზარმაცე მჯაბნის და ხან რას ვაბრალებ ამას და ხან რას. ბევრ საქმეს ვჭირდები, ბევრი მე მჭირდება. უამრავი გასაკეთებელი დამიგროვდა თუ დავაგროვე. ვერ ვიცლი იმისთვის რასაც ან ვისაც ყველაზე მეტად ვჭირდები. დრო კი გადის. მშურს იმ ადამიანების ვინც მუხლჩაუხრელად შრომობენ, მოძრაობენ, მიდიან, მოდიან, შეიძლება ღირებულს არც არაფერს ქმნიან, მაგრამ ხომ მოძრაობენ, რაღაც მაინც ხომ აკეთებენ.

და არ იკითხავ სად მიდის ჩემი შრომა? მხოლოდ და მხოლოდ უნიტაზში, სხვადასხვა უნიტაზში, სხვადასხვა ადგილას. ხანდახან დეპრესიაში ვვარდები, ხანდახან ცუდ ხასიათზე ვარ, ვჩხუბობ, სხვას ვაბრალებ, სხვებს ვეჩხუბები, ხშირად უმიზეზოდ . . . ვერ გადამიტანია, რომ ასე სწრაფად მიდის დრო და მე ვერაფერს ვასწრებ.

ვწუწუნებ ახლა მე.

სიზარმაცეს წუწუნი არ შველის . ..

ეს უფრო მადარდიანებს.

შენც ვერ მოგიკითხე.

უკვე ვფიქრობ, ხომ არ სჯობს შენთან წამოვიდე, გესაუბრო . . .

იქნებ ნელ-ნელა მოვემზადო ამისთვის, არ ვიცი . . .

თან აქაურობაც მენანება, მომენატრებიან . . .

ის კიდევ გამებუტა, არ მელაპარაკება 😦 😦 😦

დროებით ქუც . . .

 

13 წერილი ქუცნას – მე ქუდბედიანი დავიბადე (ამაყად)

შეიძლება დიკენსის დავიდ კოპერფილდიც გაგახსენდეთ მაგრამ სხვა რა გზაა 🙂 🙂 მე დავიბადე, ხუთშაბათ დღეს, დილის 7 საათზე, სამშობიაროს გარეთ სამეგრელოდან საგანგებოდ ბაბუასგან წარგზავნილი დელეგაცია მელოდა, რომელსაც აწ გარდაცვლილნი სოციალისტური შრომის გმირი ვინარი სხულუხია და მისი მეუღლე გენო ხვიჩია ედგნენ სათავეში. ვაჰ აბა! დავიბადე და ბიცოლას გადმოუჩხავლია ზემოდან გოგოა გოგოაო (მამაჩემის ციტატა) ბებიაქალმა კი მოწიწებით ამიტაცა (ახლაც ვგრძნობ მაგას მე), თან მოყოლილი ქუდი ნაზად ამხსნა თავიდან და იყვირა სამეგრელოს დედოფალი დაიბადაო, ვაჰ აბა რა შუაგულ კახეთში დაიბადა სამეგრელოს დედოფალი!!! თან ქუდბედიანი!! ხო აქვე შენიშვნა დავიდ კოპერფილდი პერანგიანი დაიბადა. მაგრამ ქუდბედი უფრო მისტიკურია და სჯობს პერანგს. მაგ. იესო ქრისტე, ალექსანდრე დიდი, ლორდ ბაირონი და ხალილ ჯიბრანი ქუდბედიანები დაიბადნენ თურმე. მრავალი ლეგენდა არსებობს ქუდბედიანებზე, ზოგ ქვეყანაში მათ ცეცხლზე წვავდნენ როგორც ჯადოქრებს, ვამპირებს ან მაქციებს (ჰმ ”ბინდი” გამახსენდა), თუმცა ბერძენი და რომაელი მოღვაწეები ყიდულობდნენ ქუდბედს რადგან ითვლებოდა, რომ მას სიბრძნე, პატივისცემა და სამართლიანობა მოჰქონდა. ქუდბედიანები ადვილად აღსაზრდელები არიან თუმცა დროთა განმავლობაში ხალხი გრძნობს მათ განსაკუთრებულ თვისებებს და ვერ უგებენ და ერიდებიან კიდეც მათ. წინასწარმეტყველების და ქვეყნებში ვირტუალური მოგზაურობის რა მოგახსენოთ მაგრამ ძალიან კარგი ინტუიცია მაქვს რომელსაც ასევე კარგად ვნიღბავ. და რა შემიძლია და რა არა ყველაფერს აქ ხომ არ დავწერ 🙂 🙂

ზღაპრები

ჩემი ცხოვრება ზღაპრებით დაიწყო ქუუც, შენც ხომ ჩემი ზღაპრის ნაწილი ხარ, ახლაც ზღაპარში ვცხოვრობ, ოღონდ ჯერ მხოლოდ ნაცარქექიები დარბიან ჩემს გარშემო (NO PRINCE); ჩემი კეთილი მეზღაპრე პაპაჩემი იყო, მის ხელში ზღაპრების წიგნი არ დამინახავს ყოველთვის ზეპირად მიყვებოდა, ემოციებით, მიმიკებით, ხელებით ხან იატაკზე გაგორდებოდა, ხან ჰაერში ამახტუნებდა, მერე მოყოლილი ზღაპრის წიგნს დამიდებდა და მეც ინტერესით ვათვალიერებდი, ერთი სული მქონდა როდის წავიკითხავდი ჩემით, ცოტა რომ გავიზარდე ენციკლოპედიის თვალიერება დავიწყე, იმიტომ, რომ იქ ბევრი სურათები აღმოვაჩინე ადამიანების, მცენარეების, ცხოველების, ფრინველების, სულ ფერად-ფერადები, და დავდევდი ბაბოს და ვეხვეწებოდი კითხვა ესწავლებინა; არა ბაბო გენაცვალოს ჯერ პატარა ხარ, ცოტაც მოიცადე, ხელი გაგიფუჭდებაო. ერთი სიტყვით ამ ხელოვნებას 2 წლის ასაკში ვეზიარე, თავიდან ეს არ იყო წერა რა თქმა უნდა, ეს იყო ტვიფრა ქაღალდზე, მოგვიანებით დაიხვეწა მხოლოდ სისწრაფე, რაც ძალიან ძალიან შემიქეს როდესაც გამომძიებლის თანაშემწე ვიყავი, ჩვენებებს სწრაფად ვიწერდი და უხაროდათ. კითხვით კიდევ უფრო სწრაფად ვკითხულობდი, კლასელებს მოსწონდათ მე რომ ზღაპრებს ვუკითხავდი, ეს იმ ასაკში, როდესაც ბავშვები ჯერ სიტყვებს და ასოებს შორის ნერწყვის ხანგრძლივი ყლაპვით კითხულობენ. ერთი დღე იყო გაცდა ფიზკულტურის გაკვეთილი, გარეთ ხომ არ გაგვიშვებდნენ, დაგვტოვეს საკლასო ოთახში და გადაწყვიტეს ზღაპრების წაკითხვა. აბა ვინ წაიკითხავს, ვინ წაიკითხავს არის გნიასი, თამუნა თამუნა სკანდირებს კლასი ჰუჰუჰუ სკანდირებს 🙂 🙂 🙂 მოკლედ გამოვედი დაფასთან და დავიწყე კითხვა;  წავიკითხე ერთი ზღაპარი, მეორე, მესამე, მეოთხე და ჰოი საოცრებავ, მეხუთზე ზღაპარზე ასოებმა ხტუნვა დაიწყეს, აირივნენ ერთმანეთში, იქვე ვაი დედა დამიძახია თურმე, და თამუნა თავის ზღაპრების წიგნიანად იატაკზე აღმოჩნდა გულწასული, იმის მერე ზღაპრების წასაკითხად აღარ გამოვყავდი მასწავლებელს 🙂 🙂 :)ეჰ არადა როგორ მიყვარს.

ერთი მეზობელი მყავს სოფელში ქუუც, ასე 55 წლამდე ქალბატონი, ძალიან ძალიან განათლებული და უთბილესი ადამიანი, წიგნით ხელში დავლანდე ერთ დღეს ვერანდაზე და ვკითხე: ”რას კითხულობთ?” და მან მიპასუხა: ”ზღაპრებს თამუნა ზღაპრებს, მე ისევ ზღაპრებს დავუბრუნდი, ისინი ხომ ყოველთვის კარგად მთავრდება”, მესიამოვნა იცით, ასე, რომ მიპასუხა, ცოტა დავსევდიანდი, და ახლა დღევანდელი გადასახადედიდან უფრო ვრწმუნდები, რომ მართლაც მხოლოდ ზღაპრები მთავრდება კარგად.

ქუც ჩემი ზღაპარიც ხომ დამთავრდება კარგად?

Little Litterator

აქ ალბათ პრინცი ვივარაუდე 🙂 🙂

და სად არის აქ თუთა?

რატომ მომინდა ტანკის აწყობა ბაღში? (გაკვირვებული)

ეს იცანით ხომ?  🙂

ხატვის ნიჭი აშკარად არ მაქვს 🙂 ამიტომ სკოლაში  ხატვის დავალებებს   დედაჩემი ასრულებდა ფრიად წარმატებით