ჩვენ ვფეთქავთ

მე შევიყვარე პოეზია,
შენსავით ურითმო, მძიმე და ჩახლართული,
ვეძებე და დავკარგე სიტყვები,
შენთვის სათქმელის ასაწყობად.

სხვა გზებიც მოვსინჯე,
შენსავით ურითმო, მძიმე და ჩახლართული,
წრეზე ვიარე და ისევ შენთან დავბრუნდი.

ვამბობ რომ წავალ,
უკვე მივდივარ, ხედავ?
ორივემ ვიცით რომ გატყუებ.

შეგეგუე შენც და ჩემს ასეთ მეს.
შევეგუე შენთან არსებობას და შენს არარსებობას,
შევეგუე შენს გულიანობას და შენს უგულობას,
შენს ერთგულებას და ღალატს.

ჩვენ ისევ ვფეთქავთ,
ხან ერთად და ხან ცალცალკე.
როცა მენატრები, ფეთქვას ვწყვეტ, გაგუდვამდე,
ფიქრები მთიშავს, ვიძინებ.

დილით ისევ შენს ძლიერ ხელებს ვგრძნობ,
ჩემს მუცელზე,
შენ აქ ხარ,
ჩვენ ვფეთქავთ.

——

სტამბოლი 15.04.2015

და ვინ იქნებოდი შენ?

მოდი, დილის ყავა ვიქნები შენთვის
ცხელი, სურნელოვანი ენერჯაიზერი
ისეთი, ცივ და გაწუწულ ამინდს რომ მოუხდება.

მოდი, საღამოს ღვინო ვიქნები შენთვის
წითელი, ნახევრიდან ტკბილი, მრავალგზის დაჭრილი სხეულით,
სისხლის მდინარეებად რომ მოსჩქეფს ჭიქის სუსტ კედლებზე.

მოდი, ანთებული სიგარეტი ვიქნები შენთვის,
სექსის მერე რომ მოქაჩავ ძლიერად,
სხვასთან სექსის მერე.

მოდი, საღამოს ჩაი ვიქნები, პიტნის ქორფა ფოთლებით და
დინჯი, დაღვინებული თაფლით,
ისეთი, ცივ და გაწუწულ ამინდს რომ ძირს დაანარცხებს.

და პირველი ყლუპის მერე ვიფიქრებ,
ვინ იქნებოდი შენ?
ვინ ხარ ახლა?
და ვინ გინდა რომ იყო?

სიკვდილის აჩრდილები და დედამოტყნული სირაქლემები

ცოცხალი ადამიანები საშიშები არიან, მკვდრები მით უფრო.

კლავენ იმისათვის, რომ დადუმდნენ

მარხავენ იმისთვის, რომ უფრო ღრმად დადუმდნენ

და მერე საფლავსაც ააფეთქებენ.

 

სირაქლემები საშიშები არიან, დედამოტყნულები მით უფრო

ცხოვრობენ იმისთვის, რომ დაიმალონ

იმალებიან იმისთვის, რომ უფრო ღრმად დაიმალონ

და მერე თავსაც არ იფეთქებენ.

 

სირაქლემები ადამიანები არიან, საშიში ადამიანები,

გარბიან იმისთვის, რომ პრობლემებს დაემალონ

იმალებიან იმისთვის, რომ ოცნებებში იცხოვრონ,

ააგონ საკუთარი მყრალი და დამპალი სამყარო.

 

სირაქლემები დედამოტყნულები არიან, ცოცხლები მით უფრო,

თავით სილაში, ყველაფერს უყრუებენ,

უყრუებენ იმიტომ, რომ უფრო მშვიდად იცხოვრონ

და მერე საკუთარ სიყრუეში ლპებიან.

 

ცოცხალი სირაქლემები არ კვდებიან, დედამოტყნულები მით უფრო,

არც თავს იკლავენ, სილაშია ღრმად ჩარგული,

არც იბრძვიან, თავჩარგულს ომის ხმა არ ესმით,

არც ტირიან, ცრემლებს სილა იწოვს.

 

ცოცხალი სირაქლემები საშიშები არიან, ღრმადჩარგულები მით უფრო,

ისინი ახალ სირაქლემებს ზრდიან,

რომლებიც უფრო ღრმად იმალებიან,

რომლებსაც კიდევ უფრო ულპებათ, ისედაც დამპალი სინდისი.

 

ადამიანები საშიშები არიან, ცოცხლები მით უფრო.

ტყნავენ იმისთვის, რომ დადუმდნენ

კვებავენ იმისთვის, რომ უფრო ღრმად დადუმდნენ

და მერე სადმე ცარიელ ოთახში იგუდებიან უხმოდ, თავჩარგულად.

მკითხველი

პაპას ❤

ფეისბუქის პროფილში ჩახედვა ისე შემიძლია,

როგორც ადრე ყავაში ვიხედებოდი,

უშუქობის დროს,

ოთხმოცდაათიანებში,

დიდი წითელი კერასინკის გარშემო.

მეზობლები, მეგობრები, უსაქმურები,

მუხლებამდე მზესუმზირის ჩენჩოში ჩამსხდრები,

დღისით,

საღამოს კი სანთლის ნაღვენთში,

და სიბნელეში კერასინკაში ჩაქცეული ყავის სუნში,

ნავთიანი ყავის სუნში.

წიგნში ჩახედვა ახლა ისე აღარ შემიძლია,

როგორც ადრე, სანთლის შუქზე,

ოთხმოცდაათიანებში,

დიდი წითელი კერასინკის გარშემო,

მუხლამდე ნაღვენთში,

და მბჟუტავ შუქზე აღმოჩენილ სამყაროში,

სადაც იკარგებოდი თითქმის მილეული სანთლის იმედად.

ადექი, დაწექი, თვალები გეტკინება

დაუსრულებლად,

ბებია, ბაბო, დედა, მამიდა, მზრუნველების მთელი არმია.

თვალები კი ერთადერთია, რაც არასოდეს მტკივა

არც მტკენია

არც უტკენია ვინმეს

არც მე და არც პაპას,

ისიც ლამფის შუქზე კითხულობდა. სულ. სანამ მოკვდა.

უსათვალოდ თან.

თოვლი მოსულა

გებრძოდი ღამით

თვალები გამიშრე

სმენა დამიხშე

გული გამიჩერე

არც მოდიოდი

არც მიდიოდი

არც მიგყავდი

და არც მტოვებდი

რომ წაგეყვანე, ნეტავ რას ვტოვებდი?

დაგარწმუნე

მოსვლა გადაწყვიტე

ამოვიხავლე

შვებით

ქუთუთოც დამიბრუნდა

ნებით

შენც მოხვედი

შენით

თეთრად, ოკრობოკროდ

და ფეხით

თოვლი მოსულა

თეთრი

kvebi

სამარხვო “დედა ენა”

ამ სცენებს ორიოდე დღის წინ, თბილისის ერთ-ერთ კაფეში შევესწარი. დიდი ხანი ვფიქრობდი დამეწერა თუ არა და თუ დავწერდი როგორ დამეწერა, რა ფორმით.  დღეს კი უცებ გამახსენდა პაატა შამუგიას (პუბლიცისტიკა ლექსად) კონიუქტურული “დედაენა” უცხოელი ტურისტებისთვის და ფორმის ინსპირაციაც სწორედ ეს გახდა.  რასაკვირველია პაატას უფრო ნიჭიერად გამოსდის, მაგრამ მეც ჩემი ვეცადე 😀

————-

აი ია

აი მარხვა
აი კაფე, ფასადური კაფე
აი გოგო-ბიჭები
აი შესვენება
სამარხვოა ეს შესვენება? კითხულობენ . . .
აი ადგილი
ეს ადგილი სამარხვოა? კითხულობენ . . .
სამარხვოა დაბრძანდით.
აი ფოუნი, სტივის ფოუნი
მამაოს ხელში
აი ხელგაშლილი
აი მზრუნველი
აი მკვებავი
აი მდიდარი
მ   რ   ე   ვ   ლ   ი
აი კრევეტების სალათი,
რა არის კრევეტი მრევლო?
თევზია მამაო, სამარხვო თევზი
წამოიღე
აი სენდვიჩი, სამარხვო სენდვიჩი
აი სამარხვო ნამცეცები
მამაოს წვერებზე
დედაო, ნამცხვრები აქ ვჭამოთ თუ იქ
იქ შვილო, იქ ვჭამოთ
აი კრუასანები, სამარხვო კრუასანები
აი ტაფა, სამარხვო ტაფა
აი ყავა, სამარხვო ყავა
დიეტური შაქრით
აი ჩაი, ეგეც სამარხვო
აი სიამოვნება მხოლოდ სამარხვო
აი მადა სამარხვო
აი მუცელი სამარხვო
აი გვრემა სამარხვო
აი მარხვა
აი ჩვენ!

———-

“ეცადე ჭამა-სმის უფალი იყო და არა მონა.
ვინც ხორცს არ ჭამს და სხვა საჭმელს გადამეტებულად მიიღებს, ღვინოს უზომოდ სვამს და ხორცს აპოხიერებს, უსარგებლოა მისი მარხვა.”

წმ. მაქსიმე აღმსარებელი

ობობა

რვაფეხა ობობა დამაჯდა გულზე

აბლაბუდები შემომახვია,

შემჭმუხნა და მატირა,

მგუდავდა და მკლავდა

რომ ჰკითხოთ უყვარვარ ობობას

მე ვერ ვკლავ

ცუდი ნიშანია

მხოლოდ ფეხებს თუ მოვაგლეჯ

ეგეც არ გამოდის

მერე ჩემს გულზე დარჩება

უფეხებო, მომაკვდავი

და მატირებს,

გამგუდავს,

მომკლავს

 

ამაზრზენი ტელეფონი

ისმის მესიჯის ხმა,

სხვისი ტელეფონია,

ისმის მესიჯის ხმა,

ჩემი ტელეფონია,

ველი გულით, ვხსნი

და ისევ ფასდაკლება,

არა სიყვარულზე,

არა მეგობრობაზე,

არა ერთგულებაზე,

არამედ გაზქურაზე, ნრომელიც მაქვს,

მზის სათვალეზე, რომელსაც არასოდეს ვიკეთებ . . .

ისევ მესიჯის ხმა,

ისევ ველი და ვხსნი,

1000 მესიჯს მტენიან 1 თეთრად,

და მინდა ახლა მე 1000 უპასუხო მესიჯი?

არა . . .

და ისევ და ისევ

მესიჯის ხმა, ოღონდ სხვისი ტელეფონის . .

ჩარჩენილი

როცა დაღლილი,
აშლილ და არეულ ძვლებს
ლოგინში ალაგებ,
როცა გონებას სასმელით დაბინდულს
ბალიშზე ასვენებ,
როცა გულს დაშლილს
ვერ აწყობ
და ისიც ფეთქავს ბევრ ნაწილად,
აქა იქ,
და მაშინ გესმის სიბნელეში
მხოლოდ ხმა, მხოლოდ ხმა
ჩაკარგული გულის ნაწილების
გინდა მოძებნო,
შეაკოწიწო ისევ,
ბრმა თახვივით ხან ერთ კედელს
ხან მეორეს ეხეთქები,
ვერც პოულობ,
გამოკეტილი ხარ გულთან ერთად,
უფრო სწორედ
შენს დაშლილ გულთან ერთად
და ეძებ . . .
Alone Again – original oil figurative painting by Connie Chadwell

Hats on people, Easter hats on!

Hats on people, Easter hats on!

Have you embroidered them already?

Have you collected flowers already?

For rushing through the streets and

tell the people that Spring has come

tell the people that bitch is drown into colours

into joyful, rich colours of life,

of our everyday life,

after winter’s dreadful sleep.

Hats on People, Easter hats on!

Have you marbled your eggs already?

Have you found your bunny already?

For partying through the whole night and

tell the people that Spring has come

tell the people that bitch is drown into colours

into joyful, rich colours of life,

of our everyday life,

after winter’s dreadful sleep.

Hats on People, Easter hats on!

Throw your mouthful of eggs

Leave it up!

Don’t lust for everyday trash and garbage

Lust for everyday life

Lust for joys, colours of Spring

As it has come! my friends!

After so much dreadful winter’s sleep.

Painting “Honey, You think  anyone will notice my new Easter Hat” – Elizabeth Blaylock

ერთხელ ვენახში

ყუჩების კვლებში
ვაზის ფოთლები მწვანედ დნებოდნენ
ჭიგოს წამოვდე ფეხი
კვალში ჩავყუჩდი

ვაზი იძრა და
მტევნის კერტი ტუჩზე დამეცა
გემო მეამა

 

ადგომა ვცადე
ჩხას ხელი ვავლე
მტევნების სიტკბომ თავბრუ მახვია

მწვანე ფოთლები შემომეთელნენ
მტევნის კერტები შემომტკბნენ
ყუჩები კვალს მიხსნიდნენ მაღალ ბალახებში

მზე შეიმალა
წვიმა წამოვიდა
სიტკბო გარეცხა
ამოვისუნთქე

სკა

სკაში მოზუზუნე

ფუტკარი ვარ

სკა ხიდან ჩამოვარდნილა

მიწას ამოუქოლია

ვეღარ ვსუნთქავ

ვეღარ გავდივარ

ყვავილებიც აღარ მეტრფიან . . .

შორიდან მესმის

ნაბიჯების ხმა,

მიახლოვდება,

სიმძიმე მკლავს, ხმაც წყდება

ვეღარ ვინძრევი

და ვხუჭავ თვალს

მძიმედ . . .

ფეხებიანი მუზა

ჩემმა მუზებმა დამაწინაურეს,
ახლა თავად ვარ მუზა,
განა ერთის ან ორის?
სამი პოეტის მუზა.

სტროფიდან სტროფზე ფეხშიშველი,
თმებგაწეწილი  დავდევ მაქციებს,
როგორც ყვავილებს ისე ვკრავ ფიქრებს,
არ ვერიდები პროკლამაციებს.

ძნელია მუზობა, თან სამი პოეტის
სამი ერთგულება,
სამი სიყვარული
სამი მონატრება,
სად მაქვს ამდენი?

ხტუნვით დავიღალე,
სტროფები ფეხს მტკენს
მაქციებს ვეღარ ვიჭერ,
გულიც აღარ ითმენს . . .
და მეც ერთთან ვრჩები,
მე ერთ პოეტს ვირჩევ.

7 მარტი, 2011

გამდნარი შუშა

სახლის ზღურბლს გათოშილმა გადმოაბიჯე,

სიცივეს შენი კდემა დაემსხვრია

და სადღაც ქუჩაში მიეყარა სხვა ნაგავთან ერთად.

 

თვალები შუშის, ხელები ცვილის

ვერ მხედავდი, ვერც მგრძნობდი

შუშამ ცეცხლი აირეკლა და დამტოვე . . .

 

ისე მივარდი მას, როგორც

კურტიზანი ქალი მორიგ მუშტარს

მე კი გაპატიე, უკვე მერამდენედ . . .

 

სიცივისგან მოწეწკვილ ფეხებს გითბობდი ისევ,

ვითვლიდი შენ თითებს, ვეფერებოდი

შენ კი ურცხვად ისევ მას შესციცინებდი . .

 

და როგორც იქნა შუშაც გადნა და გაცეცხლისფერდა

მეც მოვრჩი შენი ფეხის თითების თვლას

და შენ თვალში ისე მოვჩანდი

როგორც ჭინჭართან ერთად მოხარშული ბებიაჩემის სათვალიდან.

5 მარტი 2011წ.

 

ვარსკვლავიანი ლექსი

შუბლზე დაგადე ხელი,

ისე გიხურდა, კვერცხი შეიწვებოდა

სიმშრალისგან დახეთქილ ტუჩებს ენით ილოკავდი

თვალებით წყალს მთხოვდი,

შენი ხმა ხომ სიცხეს ჩაეხშო,

სიმხურვალის გამო

შიგადაშიგ ბოდავდი

მხოლოდ თეთრი ხელებით

და ფეხებით, რომლებზეც ძმრიანი წინდები გეცვა.

წყლით დაგისველე ტუჩები,

შენ კი ტუჩი მოიჭამე ისე გწყუროდა,

კიდევ დაგისველე

წყალი და სისხლი ერთმანეთს შეერია,

გემჟავა შენივე სისხლი, დაიჭყანე

ისე შემომხედე, თითქოს ძმარი შემოგაპარე

მაგრამ არა, მალე დარწმუნდი

რომ შენივე სისხლი ამჟავებულიყო

ცოტა ფერზეც კი მოხვედი

სუნთქვა გაგიხშირდა და უფრო მომაშტერდი

შენმა სიმხურვალემ ძმრიანი წინდებიც შეიშრო

და სისხლიანი ტუჩებიც

მიმხმარ სისხლს მჟავე გემოც გაუქრა და

მალევე მოიკითხე მეგობრები

რომლებიც შენი სისხლის ამჟავებისას

უმალ სადღაც გაქრნენ . . .

მე კი ისევ ისე მივჯექი კუთხეში და

კარადის ფორმა მივიღე . . . .