Posted in აქეთური იქეთური, ჩემი თარგმანები

მეგრელი სარეკლამო აგენტი კერავს კლიენტს

სად დადიხარ ცეკვაზე? ათინათში

სად დადიხარ ინგლისურზე? ათინათში

სად დადიხარ ხატვაზე? ათინათში

et ceteraaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa

რომელ რადიოს უსმენ? ათინათს

და სად ხართ თქვენ? ზუგდიდში

კარგად მიხვდით, ზუგდიდი ამაყობს ათინათით! ათინათი ყველაფერია ზუგდიდში, თითქმის ყველა ბავშვი ნაათინათარია ზუგდიდში და ა.შ.

ეს აქამდეც ვიცოდი 🙂

თქვენთვის უკვე ცნობილი  აუდიო-ხუმრობაც ტიპიური, სახასიათო დიალოგია სარეკლამო აგენტსა და მის პოტენციურ კლიენტს შორის , რომელიც შეძლებისდაგვარად ვთარგმნე თქვენთვის მეგრულიდან 😀

რომ არა ლაშარელა ამის თარგმანს მე ვერ მოვიფიქრებდი 😀 😀

აგენტი – რადიოდან  ვარ, სარეკლამო განყოფილების წარმომადგენელი

კლიენტი – მიყვარს სარეკლამო აგენტები  . . . ცოტა ჩახლართული პროფესიაა, მარა . . .

აგენტი – ჩვენ საქმეს ვაკეთებთ კარგად, რაც შეგვიძლია . . . და ასეთი შემოთავაზება გვაქვს თქვენთან . . .. მე შემიძლია ტარიფები გითხრათ

კლიენტი – აბა მიდი

აგენტი – მაგალьითად, გვაქვს სამი ვარიანტი

ერთი არის 7-ჯერ გაშვება, დღეში, ყოველდღე, თვის განმავლობაში ეს დაგიჯდებათ 160 ლარი.

მეორე გვაქვს, 8-ჯერ გაშვება და 200 ლარი

და 15-ჯერ გაშვება 340 ლარი

კლიენტი – აი ეს 340 ლარი ცოტა ძვირი ხომ არ არის?

აგენტი – 15-ჯერ გაშვება არის ბატონო, ორ საათში ერთხელ მაინც გავა

კლიენტი – კი, ბატონო, 15-ჯერ გაშვება არის მარა . .  ცოტა ძვირი ხომ არ არის ზუგდიდის პირობებში?
Continue reading “მეგრელი სარეკლამო აგენტი კერავს კლიენტს”

Posted in ლიტერატურა, ჩემი თარგმანები

ლანჩი – უილიამ სომერსეტ მოემი

სპექტაკლის დროს შევნიშნე იგი, ოდნავ თავის დაკვრით მომესალმა, ანტრაქტის დროს კი მის გვერდით გადავინაცვლე. დიდი ხანი არ მენახა და ვინმეს შემთხვევით რომ არ ეხსენებინა მისი სახელი ალბათ ვერც ვიცნობდი. „ეჰ, რამდენი წელი გავიდა რაც ერთმანეთი არ გვინახავს. როგორ მიფრინავს დრო!“ – შემომეგება გულღიად. ”წლები გვემატება, ვეღარ დავიბრუნებთ ახალგაზრდულ სინორჩეს. გახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა? ლანჩზე დამპატიჟე მაშინ”. არ ვიცი მახსოვდა კი?

ეს იყო ოცი წლის წინ, მაშინ პარიზში ვცხოვრობდი. მოკრძალებული ბინა მქონდა ლათინურ კვარტალში, ხედით სასაფლაოსკენ და ფულს იმდენს ვშოულობდი, რომ თვიდან თვემდე თავი ძლივს გამქონდა. მან ჩემი წიგნი წაიკითხა და მომწერა ამის შესახებ. მეც საპასუხო – მადლობის წერილი გავუგზავნე, შემდეგ კვლავ მომწერა, სადაც მატყობინებდა, რომ პარიზში გავლით იყო და ჩემთან შეხვედრა სურდა; თან აღნიშნავდა, რომ ძალიან ცოტა დრო ჰქოდა  და მხოლოდ მომდევნო ხუთშაბათს ეცლებოდა, დილით ლუქსემბურგის ბაღში გაისეირნებდა და თან შემეკითხა ამის შემდეგ ლანჩზე დავპატიჟებდი თუ არა ფოიოტში. ფოიოტი ეს იყო რესტორანი, სადაც ფრანგი სენატორები დადიოდნენ სასადილოდ თუ სავახშმოდ და იმდენად აღემატებოდა ჩემს შესაძლებლობებს, რომ არც კი ვოცნებებდი იქ შესვლაზე. თუმცა, უკან არ დავიხიე, თავის წარმოჩენა მინდოდა, თან ძალიან ახალგაზრდა ვიყავი საიმისოდ, რომ ქალისთვის უარი მეთქვა. (ძალიან ცოტამ თუ ისწავლა და ისიც უკვე ასაკში, რომ არ მიაქციოს ყურადღება ქალის ნათქვამს); მოკლედ მე ოთხმოცი ფრანკი (ოქროს ფრანკი) მქონდა, რომელიც მთელი დარჩენილ თვეზე მქონდა განაწილებული, ხოლო მოკრძალებული ლანჩი თხუთმეტ ფრანკზე მეტი არ ეღირებოდა. ხოლო თუ ყავაზეც უარს ვიტყოდი მომდევნო ორი კვირის მანძილზე, უფრო იოლად გავიდოდი, მოკლედ, წერილობით ვუპასუხე, რომ ხუთშაბათს, თორმეტის ნახევარზე ფოიოტში შევხვდებოდი.

არც ისეთი ახალგაზრდა აღმოჩნდა, როგორც ველოდი, ვერც მიმზიდველს უწოდებდი; სინამდვილეში, ის გახლდათ ორმოცი წლის ქალბატონი (მომხიბლავი ასაკი, მაგრამ არა ისეთი ერთი შეხედვით და უეცრად რომ აგაღელვებს) და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ თითქოს უფრო ბევრი თეთრი და  ჩამწკრივებული კბილები ჰქონდა ვიდრე სინამდვილეში ესაჭიროებოდა.  მოლაპარაკე იყო, შევატყვე, საუბარი უყვარდა, მაგრამ რადგან ჩემს შესახებ აპირებდა საუბარს, მოვემზადე მოსასმენად. როდესაც მენიუ მოგვიტანეს ავღელდი, რადგან ფასები უფრო მაღალი იყო ვიდრე მეგონა. თუმცა მისმა სიტყვებმა დამამშვიდეს.

”ლანჩზე არაფერს მივირთმევ” – თქვა მან.

”რას ამბობთ?” – შევიცხადე გულუხვობის ნიშნად.

”ლანჩზე არაფერს მივირთმევ, გარდა ერთი თავი კერძისა. ვფიქრობ დღეს ადამიანები ძალიან ბევრს ჭამენ. ცოტაოდენი თევზი, ალბათ. ნეტავ ორაგული თუ აქვთ”.

ორაგულის სეზონი ჯერ არ იყო და არც მენიუში ეწერა, მაგრამ ოფიციანტს მაინც ვკითხე ჰქონდათ თუ არა. დიახ, დიდებული ორაგული შემოვიდა დღეს, პირველად. და მეც ცხადია ჩემი სტუმრისთვის შევუკვეთე. ოფიციანტმა ჰკითხა მას, კიდევ რას ინებებდა ვიდრე ორაგული მზადდებოდა. ”არაფერს” უპასუხა მან. ”მე ერთი თავის მეტს არ მივირთმევ, თუ რა თქმა უნდა ხიზილალა არ გაქვთ, ხიზილალაზე თანახმა ვარ”.

გული შემეკუმშა. ვიცოდი, რომ ხიზილალის ფასს ვერ გავწვდებოდი, მაგრამ ამას ხომ არ ვეტყოდი.  ოფიციანტს ვთხოვე, რომ ხიზილალა მოეტანა. ჩემთვის კი მენიუში ყველაზე დაბალ ფასიანი კერძი შევარჩიე – ცხვრის ნეკნი.

”ვფიქრობ არასწორად იქცევი ხორცს რომ  ჭამ” – თქვა მან. ”არ ვიცი როგორ უნდა იმუშაო იმის შემდეგ რაც ასე ძნელად მოსანელებელ ნეკნებს მიირთმევ”. ”რაღაც არ მგონია ამით გადავიტვირთო კუჭი”.

დადგა სასმელის საკითხი.

”მე არაფერს არ ვსვამ ლანჩზე” – თქვა მან.

”არც მე” – ვუპასუხე სწრაფად.

”გარდა თეთრი ღვინისა” – განაგრძო მან, ისე თითქოს არც გაუგია ჩემი ნათქვამი. ”ფრანგული თეთრი ღვინო ისეთი მსუბუქია და შესანიშნავი საჭმლის მონელებისთვის”. ”რას ინებებთ?” – შევეკითხე თბილად, მაგრამ არადამაჯერებლად. თბილმა და მეგობრულმა ღიმილმა გაიელვა მის თეთრ კბილებზე.

ექიმმა მხოლოდ შამპანურის დალევის ნება დამრთო.

ვიგრძენი, რომ ფერი დამეკარგა.  ნახევარი ბოთლი შევუკვეთე. და აღვნიშნე, რომ მე ექიმმა საერთოდ ამიკრძალა შამპანურის დალევა.

”და რის დალევას აპირებ? წყლის?”

მან მიირთვა ხიზილალა, შემდეგ ორაგული. მხიარულად საუბრობდა ხელოვნების, ლიტერატურის და მუსიკის შესახებ. მე კი ანგარიშზე ვფიქრობდი. ხოლო როდესაც ჩემი შეკვეთა – ცხვრის ნეკნები მოიტანეს, მან სერიოზულად დაიწყო ამ საკითხის გარჩევა.

”ვხედავ, რომ მძიმე ლანჩი შენი ჩვევაა. ეს შეცდომაა. რატომ არ მომბაძავ და მხოლოდ ერთ თავ კერძს არ მიირთმევ? დარწმუნებული ვარ უფრო უკეთ იგრძნობ თავს”.

”სწორედ რომ ერთ თავს გეახლებით” – ვთქვი მე, როდესაც ოფიციანტი კვლავ მენიუთი მოვიდა.

მან ჰაეროვანი ჟესტით ანიშნა ოფიციანტს, წასულიყო.

”მე არაფერს მივირთმევ ლანჩზე გარდა ერთი თავისა. მეტი არასოდეს მდომებია და მივირთმევ მხოლოდ იმისათვის, რომ დიდ ხანს ვისაუბროთ. მე მეტს ვეღარ შევჭამ თუ რა თქმა უნდა არ გაქვთ ის ცნობილი და დიდებული სატაცური. ძალიან მეწყინება პარიზი ისე დავტოვო, ეგ რომ არ გავსინჯო”

გული შემიწუხდა. მაღაზიებში მქონდა ნანახი და ვიცოდი, რომ საშინლად ძვირი ღირდა. პირი მიწყლიანდებოდა ხოლმე მათი დანახვისას.

”ქალბატონს, აინტერესებს ხომ არ გაქვთ სატაცური” – შევეკითხე ოფიციანტს.

ყველანაირად შევეცადე მეგრძნობინებინა ოფიციანტისთვის, რომ უარი ეთქვა. მაგრამ ნა მის ფართო, მშვიდ სახეს ბედნიერების ღიმილი მოეფინა და მითხრა, რომ აქვთ ძალიან დიდი, გემრიელი და ქორფა სატაცური.

”ოდნავაც არ მშია” – ამოიხრა ჩემმა სტუმარმა, ”მაგრამ რადგან მთხოვ, ცოტას გავსინჯავ” – და  მეც შევუკვეთე.

”არ გასინჯავ ცოტას?”

”არა, მე არ ვჭამ სატაცურს”

”ბევრს არ უყვარს სატაცური. საქმე იმაშია, რომ გემოს იფუჭებ ამდენი  ხორცის ჭამით”.

ჩვენ ველოდით სატაცურს. პანიკამ შემიპყრო.  უკვე აღარ იყო მნიშვნელოვანი მთელი დარჩენილი თვისთვის რა თანხა დამრჩებოდა, მე მხოლოდ ვფიქრობდი მეყოფოდა თუ არა ფული ანგარიშის გადასახდელად. ძალიან დამამცირებელი იქნებოდა თუ ათი ფრანკი მაინც დამაკლდებოდა და ჩემი სტუმრისთვის მომიწევდა ფულის თხოვნა. ამას ვერ დავუშვებდი.

ზუსტად ვიცოდი ჯიბეში რამდენი მქონდა და თუ ანგარიში უფრო მეტი მოვიდოდა, ჯიბეში ხელს ჩავიყოფდი და ყვირილს დავიწყებდი, რომ ფული ამომაცალეს. თუმცა უფრო უხერხული იქნებოდა მასაც რომ არ ჰქონოდა საკმარისი თანხა. მაშინ მომიწევდა საათის დატოვება და დაპირება, რომ დავბრუნდებოდი მის წასაღებად.

როგორც იქნა სატაცურიც მოიტანეს, უზარმაზარი, წვნიანი და მადისაღმძვრელი; მდნარი კარაქის სურნელი ნესტოებში ისე მიღიტინებდა, როგორც იაჰვეს კეთილმსახური სემიტის მიერ აალებული მსხვერპლის სურნელი.

ვუყურებდი თუ როგორ ნთქავდა ეს ქალი დიდ, მადიან ლუკმებად ახალ კერძს,  მე კი თან მორიდებით ბალკანეთში მიმდინარე მოვლენებზე ვმსჯელობდი. როგორც იქნა მორჩა.

”ყავა?” შევეკითხე.

”დიახ, მხოლოდ ნაყინი და ყავა” – მიპასუხა მან.

მე უკვე არაფერი მადარდებდა, ასე, რომ ჩემთვის ყავა და მისთვის ნაყინი და ყავა შევუკვეთე.

”იცი, ერთადერთი რაშიც დარწმუნებული ვარ” – თქვა მან, თან ნაყინს მიირთმევდა. ”ადამიანი მაგიდიდან ისე უნდა ადგეს, რომ შიმშილის გრძნობა მიჰყვებოდეს”.

”კიდევ გშიათ?” – შევეკითხე შეძრზუნებულმა.

”ოჰ, არა, არ მშია; იცი მე არ მივირთმევ ლანჩზე. დილით ყავას მივირთმევ, მოგვიანებით ვსადილობ, მაგრამ ლანჩზე მხოლოდ ერთ კერძს მივირთმევ. მე შენზე ვამბობდი”.

”ხოო, გასაგებია”.

შემდეგ საშინელება მოხდა.  სანამ ყავას ველოდებოდით, მთავარი ოფიციანტი მოგვიახლოვდა პირზე მლიქვნელი ღიმილით და უზარმაზარი, უგემრიელესი ატმებით სავსე კალათით; ატმები უმწიკვლო გოგონას შეფაკლული ღაწვების ფერით და იტალიური ლანდშაფტის მდიდარი ტონებით.

ატმების სეზონი ჯერ არ იყო, მხოლოდ ღმერთმა უწყოდა  მისი ფასი,  მაგრამ ოდნავ მოგვიანებით მეც გავიგე, რადგან ჩემი სტუმარი შეჰყვა საუბარს და გაუაზრებლად ერთ ცალს ხელი წამოავლო.

”აი ხომ ხედავ, კუჭი ხორცით ამოივსე” – ჩემი ერთი საცოდავი ნეკნი – ”და სხვას ვერაფერს ჭამ. მე მხოლოდ წავიხემსე და ახლა შემიძლია ატამიც მივირთვა”.

ანგარიში მოიტანეს, გადავიხადე, მაგრამ ოფიციანტისთვის დასატოვებლად მეტად სასაცილო თანხა დამრჩა. ჩემმა სტუმარმა შეხედა იმ სამ ფრანკს, რომელიც ოფიციანტს დავუტოვე და დარწმუნებული ვარ იფიქრა, რომ მე ძალიან ძუნწი ვიყავი.

როდესაც რესტორნიდან გამოვედით ჯიბეში ერთი ცენტიც აღარ მიჩხაოდა, წინ კი მთელი თვე მქონდა დარჩენილი.

”მომბაძე” -მითხრა მან, როდესაც მემშვიდობებოდა ”ლანჩზე ერთ კერძზე მეტი არასოდეს ჭამო”.

”მე უფრო უკეთესად მოვიქცევი” – შევეპასუხე, ”დღეს სადილად არაფერს შევჭამ!”

”ხუმარა” –  წამოიძახა მხიარულად და კებში ჩაჯდა. ”დიდი ხუმარა ვინმე ხარ!”

ბოლოს და ბოლოს შური ვიძიე მასზე. არ ვარ ის ადამიანი, ვინც წყენას გულში იბრუნებს, მაგრამ როდესაც საქმეში უკვდავი ღმერთები ერევიან, თვითკმაყოფილების განცდა მეპატიება.  დღეს ის 134 კილოს იწონის.

პ.ს. დრო გამოვნახე და კიდევ ერთი მოთხრობის თარგმანი დავასრულე.  ცოტა შევყოვნდი ერთი წინადადების გამო, მაგრამ 🙂 მადლობა მნათეს 🙂

Posted in ჩემი თარგმანები

რიჩარდ ქორი – ედვინ არლინგტონ რობინსონი

როდესაც რიჩარდ ქორი ქალაქს მიდიოდა
უბრალო მოკვდავები მას თვალს ვაყოლებდით
თხემით ტერფამდე ზრდილი ჯენტლმენი,
ზედიდებით და ფაქიზად მოსილი.

იყო ყოველთვის მოწესრიგებული,
იყო ყოველთვის ტკბილმოუბარი,
მისალმებისას გვიცემდა გული,
სხივებს აფრქვევდა, როს მოდიოდა.

ის იყო მდიდარი – მეფეზე მდიდარი,
დიდად გამჭრიახი, განათლებული,
ჩვენთვის ის იყო ყველაფერი, და უფრო მეტიც,
ჩვენ მის ადგილზე ყოფნას ვნატრობდით.

და ასე ვცხოვრობდით, გაგვქონდა დღეები,
ხშირად მშივრებსაც, ცარიელ პურზედ,
აი რიჩარდ ქორი ზაფხულის ერთ საღამოს,
სახლში წავიდა და ტყვია იცა შუბლში.

lib.ge

Posted in ჩემი თარგმანები

ღვთისმსახური – უ. სომერსეტ მოემი

იმ ნაშუადღევს,  ნევილის სკვერში მდებარე წმ. პეტრეს ტაძარში ნათლობა იყო, ხოლო ალბერტ ედვარდ ფორემენს კი კვლავ ღვთისმსახურის სამოსი ემოსა. ახალ სამოსს კი, რომელიც არც ალპაკას მატყლისგან იყო დამზადებული და ნაკეცებიც ფართო და მოუქნელი ჰქონდა, დაკრძალვებისა და ჯვრისწერებისთვის ინახავდა (ასეთი ცერემონიებისთვის წმ. პეტრეს ტაძარი, ნევილის სკვერში, ძალიან პრესტიჟული იყო მოდას აყოლილთა წრეში), შესაბამისად  ისევ ძველ სამოსს დასჯერდა. ამაყობდა ამ სამოსით, რადგან იგი მისი სამსახურის ღირსეული გამოხატულება იყო და მის გარეშე ერთგვარი დაბნეულობის შეგრძნება ეუფლებოდა (დაუშვათ, როდესაც იგი სახლში წასვლის დროს იხდიდა მას) – შეგრძნება იმისა თითქოს არ იყო საკმარისად შემოსილი. ღვთისმსახური ძალ-ღონეს არ იშურებდა სამოსის მოსავლელად, თავად რეცხავდა და აუთოებდა. ამ ეკლესიაში თექვსმეტი წლის მანძილზე მუშაობდა, ამ ხნის მანძილზე უამრავი სამოსი ჰქონია, მაგრამ არასოდეს იმის ძალა, რომ რომელიმე სიძველისგან გაცვეთილი გადაეგდო,  ამიტომ თითოეული მათგანი, კოხტად ჩალაგებული და გახვეული ყავისფერ ქაღალდში, მის საძინებელში განისვენებდა გარდერობის ბოლო უჯრაში.

ღვთისმსახური წყნარად ასრულებდა თავის საქმეს, მარმარილოს ემბაზს ფრთხილად ააცალა მოხატული ხის საფარი, გაიტანა სკამი, რომელიც შეუძლოდ მყოფ მოხუც ქალბატონს მოუტანეს და უცდიდა მღდველს როდის გამოვიდოდა სამლოცველოდან, რათა იქაურობა მიელაგებინა და სახლში წასულიყო. და აი, თვალი მოკრა, როგორ ჩაუარა მან გვერდით საკურთხეველს, მუხლი მოიყარა მის წინაშე და გამოვიდა რიგებს შორიდან; მღდველს ჯერ კიდევ ანაფორა ემოსა. ”რას დაყუდებულა ნეტავ” ეკითხებოდა თავის თავს ღვთისმსახური, ”არ იცის რომ ჩაი მინდა?’ მღდველი წითური სახის, ენერგიული, ასე ორმოც წლამდე მამაკაცი, ახალი დანიშნული იყო, ალბერტ ედვარდი კი ისევ მის წინამორბედს მისტიროდა, ძველი თაობის წარმომადგენელს, რომელიც აუღელვებლად, ნელა ქადაგებდა თავისი წმინდა ხმით და ხშირად სადილობდა გარეთ, თავის მეტად არისტოკრატიულ მრევლთან ერთად; მას მოსწონდა ყველაფერი ისე, როგორც იყო, არასოდეს აპროტესტებდა; არ იყო ის ადამიანი, რომელიც ყველას საქმეში ცხვირს ჰყოფდა. ალბერტ ედვარდი ტოლერანტული იყო.

წმ. პეტრეს ტაძარი კარგ უბანში მდებარეობდა და მრევლიც სასიამოვნო კლასის წარმომადგენლებისგან შედგებოდა. ახალი მღვდელი კი ისტ ენდიდან იყო და ასე უცებ ჯერ ვერ დაუახლოვდა მისი მოდური მრევლის ყველა წარმომადგენელს. ”რა საჩქაროა” ამბობდა ალბერტ ედვარდი; ”ადროვეთ, ისწავლის”. როდესაც მღვდელი ისე მიუახლოვდა ღვთისმსახურს, რომ მის ხმას ხმის აწევის გარეშეც გაიგონებდა, შეჩერდა და უთხრა: ”ფორემენ, შეგიძლია სამლოცველოში ამოხვიდე ერთი წუთით, რაღაც უნდა გითხრა”. ”კარგი, ბატონო”. მღვდელი დაელოდა მას და  გზა სამლოცველომდე ერთად გაიარეს. ”მგონი, კარგი ნათლობა იყო. საოცარია, როდესაც ბავშვი ხელში აიყვანეთ, მაშინვე შეწყვიტა ტირილი”. ”მეც შევამჩნიე, ყოველთვის ასე ხდება” ღიმილით უპასუხა მღვდელმა. ”ბოლოს და ბოლოს, მე კარგი გამოცდილება მაქვს ბავშვებთან ურთიერთობის”. ეს მისთვის რაღაც ფარული სიამაყის გრძნობა იყო, რადგან თითქმის ყოველთვის შეეძლო ატირებული ჩვილის გაჩუმება, ხელში აყვანით, თავში არ უვარდებოდა მშობლების და ძიძების აღტაცებული მზერა, როდესაც იგი მათ შვილს მკლავზე იწვენდა და ამშვიდებდა. ალბერტმა იცოდა, რომ მას სიამოვნებდა შექება. მღვდელი ღვთისმსახურს სამლოცველოში შეუძღვა. აქ ალბერტ ედვარდი მცირედ გაოცდა, როდესაც ორი ეკონომუსი დახვდა; არ გაუგია მათი მოსვლა. ეკონომუსები თავის დაკვრით მიესალმნენ. „შუადღე მშვიდობისა თქვენო უწმინდესობავ, შუადღე მშვიდობისა, ბატონო“ მიესალმა მათ ერთიმეორის მიყოლებით. ისინი ხანშიშესული მამაკაცები იყვნენ, და ეკონომუსებად მსახურობდნენ იმ დროიდან მოყოლებული, რაც ალბერტ ედვარდი ღვთისმსახური იყო. ახლა ისინი ლამაზი, სატრაპეზო მაგიდის გარშემო ისხდნენ, რომელიც ძველმა მღვდელმა დიდი ხნის წინ იტალიიდან ჩამოიტანა, მღვდელიც ჩამოჯდა, მათ შორის მდებარე ცარიელ სკამზე. ალბერტ ედვარდი უხერხულად და გაოცებით ხან მათ შეჰყურებდა და ხან მაგიდას და აინტერესებდა რაში იყო საქმე. მას ისევ ახსოვდა შემთხვევა, რომელშიც ორღანისტი გაება და ის ხლაფორთი, რაც  მაშინ იმ საქმის ჩასაფარცხად გადაიტანეს. ისეთი ეკლესია, როგორიც იყო წმ. პეტრეს ეკლესია, ნევილის სკვერში, ასეთ სკანდალს ვერ დაუშვებდა. მღვდელის წითურ სახეზე, მკვეთრად კეთილი გამომეტყველება მოჩანდა, ხოლო დანარჩენები მცირედ შეშფოთებული სახეებით ისხნდნენ. „ტვინი შეუჭამა ალბათ ამათ“ გაიფიქრა ღვთისმსახურმა. „დააბოლა ალბათ ისინი, რომ რაღაც ისეთი გაეკეთებინათ, რაც არ უნდოდათ რა“. „აი, ზუსტად ეგრეა, დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები“. თუმცა მისი ფიქრები არ ასახულა ალბერტ ედვარდის წმინდა და გამორჩეულ ნაკვთებზე. ის იდგა პატივისცემით, მაგრამ არა მორჩილებით. საეკლესიო თანამდებობაზე დანიშვნამდე მოსამსახურედ მუშაობდა, მაგრამ მხოლოდ ძალიან კარგ სახლებში და უნაკლო მანერებით და ქცევით გამოირჩეოდა. დაიწყო როგორც პაჟმა, ვაჭარი–პრინცის კარზე, შემდეგ იერარქიულად მეოთხე ხარისხის ლაქიის პოზიციიდან დაწინაურდა პირველ ხარისხამდე, ერთი წლის განმავლობაში იყო მსახურთუფროსი ქვრივი ქალბატონის ოჯახში და ვიდრე წმ. პეტრეს ეკლესიაში ვაკანსია გამოჩნდებოდა, გადამდგარი ელჩის ოჯახში მსახურობდა მსახურთუფროსად, სადაც ორი ქვეშევრდომი ჰყავდა. გარეგნულად იყო მაღალი, გამხდარი, დინჯი და ამაყი. შეიძლება როგორც ჰერცოგი ისე არ გამოიყურებოდა, მაგრამ ჰგავდა იმ მსახიობს, რომელიც მუდამ ჰერცოგის როლებს ასრულებს. გამოირჩეოდა ტაქტით, სიმტკიცით და თვიდაჯერებულობით. მოკლედ, შეუდარებელი ხასიათი ჰქონდა.

მღვდელმა ცოცხლად წამოიწყო საუბარი.

„ფორემენ, რაღაც არასასიამოვნო უნდა გითხრათ. შენ აქ მრავალი წლის განმავლობაში მსახურობდი, ბატონებიც მეთანხმებიან, რომ შენ კარგად ასრულებ დაკისრებულ მოვალეობებს, რითაც ყველა კმაყოფილია“. ორივე ეკონომუსმა თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად. „ამას წინათ მეტად საოცარი რამ გავიგე და ჩემს მოვალეობად ჩავთვალე მათთვისაც გამეზიარებინა ამბავი. ჩემდა გასაკვირად აღმოვაჩინე, რომ თქვენ არც წერა იცით და არც კითხვა“.

ღვთისმსახურის სახეზე უხერხულობის ნიშანწყალიც კი არ შეიმჩნეოდა. „ბოლო მღვდელმა იცოდა ამის შესახებ, ბატონო“ – უპასუხა მან. „მეუბნებოდა, ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა და ყოველთვის აღნიშნავდა, რომ მსოფლიოში საკმარისზე მეტი განათლება იყო, რაც მის გემოვნებას აკმაყოფილებდა“.

„ეს უდიდესი საოცრებაა, რაც კი ოდესმე მსმენია“ – წამოიძახა ერთ–ერთმა ეკონომუსმა. „შენ ამბობ, რომ თექვსმეტი წელია მსახურობ ამ ეკლესიაში და წერა–კითხვა არასოდეს გისწავლია?“

მუშაობა თორმეტი წლისამ დავიწყე ბატონო. ერთხელ მზარეული ცდილობდა ესწავლებინა ჩემთვის, მაგრამ ეტყობა ამის ფხა არა მქონდა, შემდეგ ხან რას ვაწყდებოდი და ხან რას, ამის დრო არასოდეს მქონია და სიმართლე გითხრათ, არც სურვილი. ჩემი აზრით, ეს ახალგაზრდები დროს უქმად კარგავენ კითხვაში, როდესაც გარშემო ამდენი სასარგებლო საქმის გაკეთება შეიძლება“.

„და არასოდეს გინდოდა ახალი ამბების გაგება?“ – შეეკითხა ეკონომუსი. „ან წერილის მიწერა?“

„არა, თქვენო უწმინდესობავ, მის გარეშეც იოლად გავდივარ. ამ ბოლო წლებში გაზეთების დასურათებაც დაიწყეს და ისედაც კარგად ვიგებ, რა ხდება ქვეყანაზე. ჩემი ცოლი კარგი განათლების ქალია და როცა მჭირდება წერილს ის მიწერს.“ ეკონომუსებმა შეშფოთებით გადახედეს ერთიმეორეს და მაგიდას ჩააშტერდნენ.

„მაშ, ფორემენ, ჩვენ ვიმსჯელეთ ამ საკითხის შესახებ და სავსებით მეთანხმებიან, რომ სიტუაცია გამოუვალია. ისეთი ადგილი, როგორიც არის წმ. პეტრეს ეკლესია ნევილის სკვერში, ვერ შეინახავს წერა–კითხვის უცოდინარ ღვთისმსახურს“. ალბერტ ედვარდს გამხდარი, მიწისფერი სახე წამოუწითლდა და უხერხულად ამოძრავდა, თუმცა სიტყვა არ დაუძრავს. გამიგე ფორემენ, მე შენი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. შენ კარგად ასრულებ შენს საქმეს, მე ძალიან კარგი შეხედულება მაქვს როგორც შენს ხასიათზე, ასევე შენს შესაძლებლობებზე; მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უფლება გავრისკოთ, რადგან სრულიად შემთხვევით შეიძლება გამოვლინდეს შენი უცოდინრობა. ეს არა მხოლოდ წინდახედულობის, არამედ პრინციპის საკითხიც არის“. „და, არ შეგიძლიათ ისწავლოთ, ფორემენ?“ – შეეკითხა ეკონომუსი.

„არა ბატონო, ვშიშობ რომ არ შემიძლია, უკვე აღარ. იცით, აღარ ვარ ისეთი ახალგაზრდა როგორც უწინ და თუ ჩემ თავში ბავშვობისას ვერაფერი შევიდა, არა მგონია ახლა ამის უფრო მეტი შანსი მქონდეს“. „ჩვენ არ გვსურს მკაცრად მოგექცეთ, ფორემენ“ – თქვა მღვდელმა. „მაგრამ მე და ეკონომუსებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, გაძლევთ სამ თვეს და თუ ამ პერიოდის შემდეგ თქვენ ვერ ისწავლით წერა–კითხვას, ვშიშობ, რომ უნდა დატოვოთ აქაურობა“.

ალბერტ ედვარდს არასოდეს მოსწონდა ახალი მღვდელი. დასაწყისში აღნიშნა კიდეც, რომ შეცდომა დაუშვეს, როდესაც იგი წმინდა პეტრეს ეკლესიაში მიიღეს. ის არ იყო იმ ტიპის ადამიანი, რომელიც მისაღები იქნებოდა ისეთი მაღალი კლასის მრევლისთვის, როგორიც ამ ეკლესიას ჰყავდა. და აი, ცოტა წელში წამოიმართა. მან იცოდა თავის ფასი და არ აპირებდა ასე იოლად მიეღო დატუქსვა. „ძალიან ვწუხვარ, ვიცი რომ ეს არ არის კარგი, მაგრამ უკვე ძალიან გვიანია. დიდი ხანი ვიცხოვრე წერა–კითხვის ცოდნის გარეშე, ამით აღტაცებული არც ვყოფილვარ, საკუთარი თავით აღტაცება არც არის სასურველი, მაგრამ ვფიქრობ რომ  ჩემს მოვალეობას ვასრულებდი  ამ ცხოვრებაში, ვაკეთებდი იმას, რაც ბედისწერამ ჩემთვის გამოიმეტა და ახლა, რომ შემეძლოს სწავლა, რაღაც არ მაქვს იმის შეგრძნება, რომ მე ეს მინდა.“ „მაშინ, ფორემენ, ვწუხვარ, მაგრამ უნდა წახვიდეთ“. „კი ბატონო, მესმის თქვენი. იმედია მალე იპოვით ჩემს შემცვლელს“. მაგრამ როდესაც ალბერტ ედვარდმა მისი ჩვეული ზრდილობით გაიხურა ეკლესიის კარი და დატოვა მღვდელი და ეკონომუსები, ვეღარ აიტანა ეს ღირსეული სიმშვიდე და აკანკალდა. ნელი ნაბიჯით გაემართა სამლოცველოსკენ, ჩამოკიდა ღვთისმსახურის სამოსი იმავე საკიდარზე, თვალწინ წარმოუდგა ყველა ის დიდებული დასაფლავება და ლამაზი ქორწილი, რომელიც აქ ენახა და სინანულით ამოიოხრა. გაიხურა ეკლესიის კარი და დაეშვა სკვერისკენ, ღრმად ჩაძირული თავის სევდიან ფიქრებში; შინისკენ არ მიდიოდა, სადაც ფინჯანი ცხელი ჩაი ელოდა; სხვაგან გადაუხვია; დამძიმებული გულით ნელა მიუყვებოდა ქუჩებს; არ იცოდა რა ექნა, საგონებელში იყო ჩავარდნილი; ამდენი წლის განმავლობაში საკუთარი თავის ბატონ–პატრონი იყო, რაც უნდათ ის თქვან მღვდელმა და ეკონომუსებმა, იგი დიდებულად უძღვებოდა საქმეებს წმ. პეტრეს ტაძარში, ნევილის სკვერში, თავს ვერ დაიმცირებდა ამ სიტუაციასთან შეგუებით. მცირეოდენი დანაზოგი კი ჰქონდა გადანახული, მაგრამ ამის იმედზე ვერ იცხოვრებდა, ცხოვრება უფრო და უფრო ძვირდებოდა. ასეთი საკითხების წინაშე არასოდეს დამდგარა იგი. წმ. პეტრეს ტაძრის ღვთისმსახურები იყვნენ მთელი ცხოვრების მანძილზე, რომის პაპებივით. ხშირად გაიფიქრებდა ხოლმე, რა სასიამოვნო იქნებოდა, როდესაც მღვდელი, მისი, ღვთისმსახურ ალბერტ ედვარდ ფორემენის გარდაცვალებიდან პირველ კვირა დღეს ქადაგებაში მოიხსენიებდა მას ხანგრძლივი და ერთგული სამსახურისთვის და სანიმუშო ყოფაქცევისთვის. ღრმად ამოიოხრა. ალბერტ ედვარდი არც მსმელი იყო და არც მწეველი, თუმცა რაღაც თავისუფალი მიდგომა ჰქონდა ამის მიმართ; უყვარდა სადილობისას კათხა ლუდი და დაღლილობისას ერთი ღერი სიგარეტი.

ახლაც, იგრძნო, რომ ერთი ღერი სიგარეტი მისწრება იქნებოდა მისთვის და ვინაიდან თან არ დაჰქონდა, დაიწყო მაღაზიის ძებნა, სადაც ერთ კოლოფ „გოლდ ფლეიკს“ შეიძენდა. მიმოიხედა და ერთი მაღაზიაც ვერ ნახა ისეთი, სადაც სიგარეტს შეიძენდა, გრძელი ქუჩა იყო უამრავი სხვადასხვა მაღაზიით, თუმცა არა თამბაქოსი. „რა უცნაურია“ თქვა ალბერტ ედვარდმა, ცოტაც კიდევ გაიარა რათა დარწმუნებულიყო; არა ნამდვილად ასე იყო; გაჩერდა და ჩაფიქრებით მიმოავლო ქუჩას თვალი. „მე ხომ ერთადერთი არ ვარ ვინც ამ ქუჩაზე ამოიარა და გაბოლება მოუნდა“ – თქვა მან. „ წარმომიდგენია რა კარგად ააწყობს საქმეს ადამიანი, პატარა მაღაზია რომ გახსნას. თამბაქო და ტკბილეული, მაგალითისთვის. „მშვენიერი იდეაა“ წამოიძახა მან. „უცნაურია, როგორ მოგდის იდეები, როდესაც სულ არ ელი მათ“. შემდეგ შემოტრიალდა და წავიდა სახლისკენ, სადაც მშვიდად შეექცა ჩაის.

„დღეს რაღაც ჩუმად ხარ, ალბერტ’ – აღნიშნა ცოლმა.

„ვფიქრობ“ – უპასუხა ალბერტმა.

ყველა შესაძლო კუთხით განიხილა საკითხი და მომდევნო დღეს კვლავ გაიარა იმავე ქუჩაზე და იპოვა პატარა, მისთვის შესაფერისი მაღაზია. ზუსტად ოცდაოთხ საათში შეიძინა იგი და  წმ. პეტრეს ტაძრის დატოვებიდან ერთი თვის თავზე, ალბერტ ედვარდ ფორემენმა შესანიშნავი ბიზნესი ააწყო თამბაქოს და ჟურნალ–გაზეთების საქმეში. მისი მეუღლე, ამ საქმიანობას წმ. პეტრეს ტაძარში მსახურებასთან შედარებით საშინელ დამცირებად თვლიდა, რაზეც ფორემენი პასუხობდა, რომ დროს არ უნდა ჩამორჩენოდნენ, ეკლესია ის აღარ იყო, რაც ადრე და ამის შემდეგ დაე მიიიღოს კეისარმა კეისრისა, აღნიშნავდა ის. ალბერტ ედვარდს კარგად მისდიოდა საქმეები. ის ისეთი წარმატებული აღმოჩნდა, რომ დაახლოებით ერთ წელიწადში მეორე მაღაზია გახსნა და მენეჯერიც დაიქირავა. შემდეგ მეორე გრძელი ქუჩის ძებნა დაიწყო, სადაც არ იყო თამბაქოს მაღაზია და როდესაც იპოვა, იქაც მაღაზია იყიდა და გახსნა. ეს კიდევ ერთი წარმატება იყო. ფორემენმა იფიქრა თუ ორ მაღაზიას უძღვება, რატომ არა უფრო მეტი, ამგვარად მან დაიწყო ლონდონის ქუჩებში სიარული და დათვალიერება, როგორც კი გრძელ ქუჩას ნახავდა თამბაქოს მაღაზიის გარეშე, მაშინვე ხსნიდა მას. ათი წლის მანძილზე, უკვე მინიმუმ ათი მაღაზია ჰქონდა და ფული მდინარესავით შემოსდიოდა. ყოველ ორშაბათს ჩამოუვლიდა თავის მაღაზიებს, კვირის შემოსავალს შეკრებდა და შეჰქონდა ბანკში.

ერთ დილასასაც, როდესაც მოლარესთან მიიტანა ვერცხლით სავსე მძიმე ტომარა და ბანკნოტების მთელი დასტა, მოლარემ უთხრა, რომ მენეჯერს  სურდა მისი ნახვა. მოლარე მენეჯერის კაბინეტში შეუძღვა.

„ბატონო ფორემენ, მსურდა თქვენთან მესაუბრა იმ თანხების შესახებ, რომელსაც ჩვენთან ინახავთ. იცით მაინც რამდენი გაქვთ უკვე შენახული?“ – იკითხა მენეჯერმა.

„ერთი და ორი ფუნტი არ იქნება სერ, მაგრამ არც ზუსტად ვიცი რამდენი მაქვს“.

„დღევანდელის გარდა, თითქმის ოცთაათი ათას ფუნტზე მეტია. ეს საკმაოდ მსხვილი თანხაა, მე გთავაზობთ მის ინვესტირებას“. „გარისკვა არ მინდა, სერ. ბანკში უფრო დაცულია“

“თქვენ იოტისოდენადაც არ შეწუხდებით. საუკეთესო პირველი კლასის აქციების ნუსხას შემოგთავაზებთ. უფრო მაღალ პროცენტს მოგიტანთ, ვიდრე ჩვენ გთავაზობთ”.

ბატონ ფორემენის შესანიშნავ სახეზე აღელვებული გამომეტყველება შეინიშნებოდა. „აზრზე არ ვარ ამ აქციებს რა უნდა ვუყო, თქვენთვის მომიბარებია“ – თქვა მან. მენეჯერმა გაიღიმა.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. თქვენ მხოლოდ ხელი უნდა მოაწეროთ გარიგებებს“. „მაგას კი გავაკეთებ, თქვა ალბერტმა ყოყმანით“. „მაგრამ აბა რა ვიცი, რას ვაწერ ხელს?“

„ვგონებ კითხვა შეგიძლიათ“ – თქვა მენეჯერმა თითქმის მკვახედ.

“ფორემენმა ალალად გაუღიმა. აი ეგ არის. არ შემიძლია. ვიცი სასაცილოდ გეჩვენებათ მაგრამ ასეა. მე არც კითხვა შემიძლია და არც წერა, მხოლოდ ჩემი სახელის წერა შემიძლია, ისიც მაშინ ვისწავლე, როდესაც ბიზნესი დავიწყე“.

მენეჯერი სავარძლიდან წამოხტა გაოცებისგან. „მსგავსი არაფერი მსმენია“- წამოიძახა მან.

„ხო ასეა, არასოდეს მქონია ამის შესაძლებლობა, როცა მომეცა, გვიანი აღმოჩნდა და უკვე აღარც მინდოდა. თითქოს პრინციპულად“. მენეჯერი ისე უყურებდა ფორემენს, როგორც პრეისტორიულ მონსტრს. „და შენ გინდა თქვა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ბიზნესი ააწყე და ოცდაათი ათასი ფუნტის ღირებულების ქონება დააგროვე წერა–კითხვის ცოდნის გარეშე?  ოჰ, ღმერთო ჩემო, ნეტავ რა იქნებოდით წერა–კითხვარომ გცოდნოდათ?“

„გეტყვით სერ“ -თქვა ფორემენმა, ღიმილით. „ღვთისმსახური, წმ. პეტრეს ტაძარში, ნევილის სკვერში“.

lib.ge