ჩვენ ოთხნი

ბავშვობაში წაკითხული წიგნი, ისე ძლიერად იდგამს ფესვებს შენში, რაც არ უნდა წაიკითხო მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე, ასეთ ძლიერ შთაბეჭდილებას ვერაფერი მოახდენს და ვერ გახდება შენი იდენტობის ნაწილი.

დავფიქრდი, რომელი იყო ჩემთვის ასეთი წიგნი; ბევრი წამიკითხავს, ერთი ამოსუნთქვით, წიგნის სამყაროში ცხოვრებით, შეგრძნებებით, დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით, სხვადასხვა ღირებულების მატარებელი, ეპოქის, ავტორის, მაგრამ როდესაც ახსენებენ წიგნიდან მიღებულ შთაბეჭდილებას, ყოველთვის ერთი წიგნი მიდგას თვალწინ, ეს არის – ჯეკ ლონდონის “დიდი სახლის პატარა დიასახლისი”.

სცენაც მახსოვს. ზაფხულის არდადეგებს ერთი ჩვეულებრივი დღე იყო სოფელში. კიბის ქვეშ დამაგრებულ ჰამაკში ჩავწექი და დავიწყე. არც ისე დიდი წიგნია, თუმცა ვერც პატარას იტყვი. დილით რომ დავიწყე, საღამომდე თავი ვერ ავწიე.

ოთხივემ ერთად ვიცხოვრეთ, ერთ დღეში და ერთ ჰამაკში, ფეხებთან მზე დაგვნათოდა, გვცხელოდა, მაგრამ არ ვიმჩნევდით. ერთმანეთი გვიყვარდა, მაგრამ არ ვუმხელდით, ვიყავით ჯიუტები და თავზეხელაღებულები, გვიყვარდა საცურაო კოსტიუმებით ჯირითი, სურვილებით და ვნებით ყველაფერს ვწვავდით, მაგრამ არასდროს არ გვქონდა სექსი. ვგრძნობდით ერთმანეთის ღალატს და სიცივეს, გვესმოდა წასვლის ნაბიჯების ხმა, მაგრამ მაინც გვიყვარდა ერთმანეთი. უპირობოდ. ჩვენ ხომ დაშლილი მთლიანობის ნაწილები ვიყავით, რომლებიც ერთმანეთს ნებისმიერი მანძილის მიუხედავად იზიდავენ, მთავარია ოდნავ მაინც ფეთქავდეს რომელიმე ნაწილი და ერთი მეორესთან აუცილებლად მივა, მესამესთანაც, მეოთხესთანაც და მიიკრავს.

ჩვენი ფეხებიდან მზის სხივები გაქრა. პაოლა ყველაზე ადრე ადგა. ჰამაკში მე, დიკი და ევანი დავრჩით. ევანიც მალე წავიდა. დიკ ფორესტი კი სამუდამოდ ყველაზე მიმზიდველ, მამაკაცურ იდეალად დარჩა, ჩემს ყველაზე არაბავშვურ, მაგრამ მიამიტურ წარმოსახვებში.

სხეულზე, მთელი ღამე, ჰამაკის ნაჭდევებს, ტკივლს და წვას ვგრძნობდი.

Advertisements

ტურისტული ნაღმები

მეგობარმა ავღანეთში წასვლა შემომთავაზა. თარჯიმნად. თვითონ არ ეცალა. ბერლინში მიდიოდა. დავთანხმდი მორიდებული სიხარულით. შინაგანად კი ვდუღდი, ისე და იმდენი ხანი მინდოდა ავღანეთში წასვლა.

ისეთ ეიფორიაში ვიყავი, აფრენა, ფრენა და დაფრენა საერთოდ არ მახსოვს. ამბავის გაგების მომენტიდან, უკვე ავღანეთის მიწაზე მედგა ფეხი. მყარად. ისე მყარად, როგორც არასოდეს. ხშირად კი მეუბნებიან დაფრინავ, მიწაზე ჩამოდიო. ხოდა ვიდექი. ოღონდ ავღანეთის მიწაზე.

მიწაში კი ნაღმი იყო. უფრო მყარად დავდექი. თორემ კი იცით, ნაღმზე მსუბუქად დგომა, ისევ ჰაერში ამაფრენდა. არადა, მე ხომ ხშირად მეუბნებიან, დაფრინავ, მიწაზე ჩამოდიო. ხოდა ვიდექი. მყარად. ავღანეთის მიწის ნაღმზე.

გარშემო არავინ ჩანს. როგორც ჩანს, ნაღმზე მარტო მე ვდგავარ. იღბლიანი დღე მაქვს.

გამახსენდა ყველა ფილმი, სატელევიზიო სიუჟეტი, სადაც ნაღმზე იდგნენ ტიპები და ჰაერში დაფრინავდნენ. ცალკე ფეხი, ცალკე ნაწლავები, ცალკე თავი, ცალკე სისხლი.

გაფრენილი ფეხი ვერც მიწაზე დგება მყარად და ვერც პატრონს უბრუნდება.

უფეხოდ ბრუნდები შინ. შენს მიწაზე. უფეხო გმირი ხარ.

კაი ტიპი. მონდომებული ტიპი. ბევრი შეგიძლია უფრო. მთაზე ადიხარ, დარბიხარ, რეკორდებს ხსნი. აქვე ისიც გამახსენდა, როგორ ჟიმაობს უფეხებო მარიონ კოტიარის გმირი ფილმში, სულ მაინტერესებდა ეს საკითხი. ძალიან ვნებიანად სხვათაშორის. ამიდგა. უფეხებო ჟიმაობა უფრო უკეთესად გამოუვიდა, ვიდრე ფეხებიან მარიონს. ოღონდ ეგ ავღანეთში არ იდგა მყარად. დელფინების მწვრთნელი იყო. საფრანგეთში.  #ჟესუიმაღიონ

– გაები ჩიტო მახეში? – მესმის ვიღაც ტიპის ხმა. პოლა აბდულს ჰგავდა. არა, მართლა ასე კი არ მითხრა, მე მომეჩვენა.

წამში მომხსნა ნაღმიდან. გამოვშტერდი. ფეხებიც მაქვს, ხელებიც, თავიც და ნაწლავებიც კი ადგილზეა.

– ფული უნდა გადამიხადოთ – მეუბნება.

– რამდენი? – ავხედე, ფილმებში ბოლო წამს გადარჩენილის სახით.

– 7 დოლარი ერთი ნაღმი, მიპასუხა ისე თითქოს ზამშის საწმენდი შემომაჩეჩა.

ჰეჰეჰე, რამ გამახსენა, ზამშის საწმენდი, რა მაგარია, ისევ მჭირდება. მე ხომ ფეხები მაქვს.

ავდექი, დავიფერთხე ტანსაცმელი და 50 დოლარიანი გავუწოდე.

– 4 ნაღმი, ესე იგი 28 დოლარი უნდა ავიღო, და ჩანთა მოიქექა.

ხურდა და სავიზიტო ბარათი გამომიწოდა.

დავხედე ბარათს, ნაღმოსანი და ტელეფონის ნომერი ეწერა. მართლა პოლა აბდული ყოფილა. ოღონდ ტიპი რა. როჟა. ჩალმიანი.

– თუ სადმე ნაღმს გადაეყარეთ, არ მოგერიდოთ, დამირეკეთ – მითხრა ჰოლივუდის ღიმილით.

შემდეგ, ჩემი არეული ნაღმები გაასწორა და მორიგი მახე გაამზადა, ჩემსავით დაბდურა ტურისტებისთვის.

კარგი ბიზნესია ავღანეთისთვის. აბა აქ სხვა რა უნდა აკეთო.

ჩემი მასპინძელი ესფანდიარი იყო, ჩუმად ეცინებოდა განაღმვის დროს, მაგრამ მე შეჩვევას მივაწერე და ყურადღება აღარ მიმიქცევია.  როგორც იქნა, სახლსაც მივადექით, თუმცა ეს იყო ავღანური და არა არქიტექტურული გაგებით სახლი. სახლი, სადაც ჩემთვის, ფარდებით გატიხრული კუთხე უკვე მოემზადებინათ. ცალკე ოთახის საშუალება არ ჰქონდათ.

წამოვწექი იატაკზე და ხვალინდელ ნაღმებზე დავიწყე ფიქრი.

მე და პოლაც შევთანხმდით.

ის იქნება ჩემი გიდი ავღანეთში.

ჩემი ფეხით მინდა დავბრუნდე შინ.

XXI წერილი ქუცნას -ამბორი მეოცნებეს ანუ სფეროს გზააბნეული ნახევრები

გიომი ხელზე მეამბორა და ამ ხანგრძლივმა ერთმა წუთმა ჩემი ცხოვრების წინა ოცდასამი წელი დაჩრდილა.” 

.. შმიტიოსტენდელი მეოცნებე 

* * *

რომ არა ერთი ფილმის და ერთი წიგნის გავლენა, კიდევ კარგა ხანს წერილს არ მოგწერდი ქუც.  ფილმმაც და წიგნმაც კედელთან მიმაყენა და მაიძულა მეფიქრა იმ განვლილ დღეებზე, რაზე ფიქრს აგრერიგად თავს ვარიდებ ხოლმე. მეგონა “ბრაიდსჰედში დაბრუნება” ცოტა მოვინელე, მაგრამ წიგნმა ისე შემაჯანჯღარა რომ გადავწყვიტე ეს წერილი მომეწერა შენთვის.

როგორ ფიქრობ იქნებ მეც მეოცნებე ვარ და ჩემი გამოგონილი სამყაროს იქით არც მე გავდივარ და არც სხვას ვუშვებ ღობის გადმოღმა? ეჭვი შემეპარა ჩემს თავში და შენი აზრიც მაინტერესებს.

არ მინდა ოსტენდელი მეოცნებესავით, მხრებზე პლედმოსხმული ვიჯდე ბუხართან და განუწყვეტელ ოცნებაში აღმომხდეს სული, იმ ოცნებებში რომელსაც თავად ვქმნი, ვშლი და ისევ თავიდან ვაშენებ.

თუმცა ოპტიმისტიც ვარ, ამით ისევ ჩემი რეალობა მკვებავს, ზღაპრები ცხოვრებაში არ გადამიტანია და არც ცხოვრება გადამიტანია ზღაპარში. ხან ვეგუები და ხანაც ვებრძვი რეალობას როგორც შემიძლია.

ხანდახან ვსუსტდები, სრულიად ადამიანურად და სრულიად პრინცესულად, ნაზად. როდის? ალბათ როდესაც რაღაც მომენტში ჩემს წინ ვიღაც უფრო ძლიერი დგას, რომელიც ძლიერ გავლენას ახდენს, ისეთი როგორც გიიომის ამბორია, წამიერი, რომელიც ყველაფერს ცელავს, უკვე წასულ წლებსაც და თქვენ წარმოიდგინეთ მომავალსაც კი. ამბორი, რომლის გახსენებაც ყოველთვის იმეორებს იმ ემოციებს, რაც იმ წამს განიცადე და შეიგრძენი. აი ასეთ დროს ვსუსტდები და ვერ ვიკავებ ემოციებს, ან უფრო უარესი, იმ სიძლიერეს ვკარგავ რომელიც მოჩვენებითია ან ხელოვნურად ვმართავ სადავეებით, შეიძლება ჩემი საკუთარი თვითშეფასების ასაწევად, შეიძლება სხვების დასანახად.

ბევრი რამ გვაერთიანებს მე და მოხუც ემას, ოსტენდელ მეოცნებეს ქუც, თუმცა განსხვავებაც გვაქვს, მას მხოლოდ მეორე ხელთათმანი და მოგონებები აქვს, მე კი მოგონებები და რეალური შანსი სფეროს გზააბნეული მეორე ნახევარი ვიპოვო.

P.S. ნეტავ რა ზღაპრული წარსული აქვს ახლა იმ მოხუც ყავარჯნიან კაცს, რომელიც ჩემს მაგიდასთან ზის ლიტერატურულ კაფეში და ახლა ოსპის თუ სოკოს სუპს შეექცევა; ჩემდა უნებურად, ფანჯარასთან, მზიან მხარეს, მისი საყვარელი და ამოჩემებული ადგილი ამირჩევია წიგნის წასაკითხად, მთელი დღეა ის ვაჟა ფშაველას კითხულობს, მე კი ერიკ ემანუელ შმიტს.

gustav_Klimt_kiss

ნაწყვეტები არსაიდან (by Hugo Boss)

ავტორი: HUGO BOSS 

—–

ახლად გამოღვიძებული, ზანგ ტიპს ვეკითხები:

– ჰეი ბროუ..

– ჰაი

– ხომ ვერ მეტყვი როგორ უნდა მოვხვდე ეუროპის ცენტრალურ ბანკთან?

– ანუ ფრანკფურტში? – მპასუხობს გერმანულად.

– და აბა ახლა სად ვარ? – მე ისევ ინგლისურად ვეკითხები.

ის რაღაც უცნაურ გერმანული ქალაქის სახელს მეუბნება და თან მარტინ ლოურენსის მიმიკით აღფრთოვანებას გამოხატავს იმის აღსანიშნავად რომ ფრანკფურტი აქედან ძალიან შორს არის.

– და აქ როგორ მოხვედი? – მეკითხება ახლა უკვე დამტვრეული ინგლისურით

– მგონი ავტობუსით, მაგრამ ზუსტად არ მახსოვს.

-შit! (ვამბობ მე)

-შit! (მხარს მიბამს ზანგი), შემდეგ მიხსნის როგორ წავიდე სახლში (სავარაუდო გზას მასწავლის) და მეც მივდივარ.

მივდივარ ნელა, ბარბაცით და ვცდილობ გავიხსენო რა მოხდა.

ჯერ ერთი გოგო მახსენდება, რომლის სახესაც ვერ ვიხსენებ.

ერთმანეთში ვიზილებით დიდ ჩაბნელებულ გარაჟში, სადაც რამდენიმე წითელი, გაცვეთილი სავარძელი დგას.

ეს გოგო აქ როგორ მოხვდა წარმოდგენა არ მაქვს.

მერე სხვა გოგოებიც მახსენდებიან, ვკოცნი და მკოცნიან.

გზადაგზა ვცდილობ უფრო ადრეულ დროში დავაბრუნო ჩემი ნაბახუსევი გონება.

ვითვლი სასმელს: ექვსი ლუდი, ოთხი არაყი, კიდევ სამი ლუდი, და აი გოგოც.

კლუბის ტუალეტთან კიბეებზე ვსხედვართ და ჩემს მოსაწევს ვეწევით მე და კიდევ რამდენიმე გოგო. ცოტა  უფრო ადრე კლუბში ბართან ვზივარ და ლუდს ვსვამ. ამ დროს მოდის ვახო რომელიც ერთადერთი ქართველია კლუბში და მოსაწევს მაწვდის. ჩავდივარ დაბლა, გარაჟს ბარბაცით ვკვეთ და ტუალეტთან მსხდარ გოგოებს მოსაწევს ვთავაზობ.

მერე ისევ ის გოგო ჩანს, რომლის სახეს ისევ ვერ ვიხსენებ.

სავარძელში ვსხედვართ და ერთმანეთს დისტანციურად ვანაღვლიანებთ. ინტიმურ გარემოს ჩემი გულისრევა არღვევს და ის გოგოც სადღაც ქრება (მიუხედავად იმისა რომ შემპირდა მარტო არ მიგატოვებ და სულ ერთად ვიქნებითო).

შემდეგ ტუალეტში ვარ და ისევ გულს ვირევ, ტუალეტიდან ვიღაც ტიპს გამოვყავარ, რომლის სახესაც ვერ ვიხსენებ და სავარძლამდე მაცილებს.

შემდეგ ისევ ტუალეტში ვარ და ისევ გულს ვირევ.

უნდა გითხრათ რომ კლუბში რაც კი საინტერესო ხდება ყველაფერი ტუალეტში ხდება, ჩემს გულის რევას თუ არ ჩავთვლით.

შემდეგ ვიძინებ. პერიოდულად ვიღაც ტიპები და გოგოები მოდიან და მეკითხებიან როგორ ვარ. მე ვპასუხობ “რა თქმა უნდა მაღლა”, წყალიც კი მომიტანეს. თავიდან მეგონა რომ ჩემზე ზრუნავდნენ და უბრალოდ კეთილი ხალხის გარემოცვაში მოვხვდი, მაგრამ გამოღვიძებულმა ნაწილ-ნაწილ რომ ვიკრეფდი გონების ნათებებს გავაანალიზე რომ ამ ხალხს უბრალოდ არ უნდოდა კლუბში, სადაც ყოველ უიქენდეს ატარებენ, ვიღაც რიგითი უცხოელი “ნარკომანი” ჩაძაღლებულიყო.

ვის ჰქონდა პოლიციაში ახსნა-განმარტების მიცემის სურვილი?!

ჩემი გამოთვლით 2-3 საათი მეძინა.

სიცივემ გამაღვიძა, კიდევ ერთხელ ვესტუმრე ტუალეტს და რაც დარჩენილი იყო ჩემს გამომშრალ სხეულში ისიც ამოვიღე და კლუბში ავედი.

სიცივისგან ვკანკალებ, “პახმელიაც” თავისას შვება.

ვზივარ სავარძელში და ვუყურებ როგორ უმარილოდ კოცნის ვახო ვიღაც გოგოს კისერში და მარჯვენა ხელი ამ გოგოს მუტელზე ისე უდევს, როგორც მექანიკიდან ავტომატიკაზე გადასულ მძღოლს.

გვერდით ერთი წითელთმიანი გოგო მიახლოვდება და ქაღალდს მაწვდის, მეორე მხრიდან მეორე გოგო მოდის და ჟელიბონს მაწვდის,

– ჭამე ტკბილია,

ჩემდა საუბედუროდ ჟელიბონი არ გამოდგა.

მარჯვნივ ვტრიალდები და წითელთმიანი გოგო ისევ ქაღალდს მაწვდის.

გამოვართვი.

პირველად ვნახე კოკაინი.

შევისუნთქე და წითელ გოგოს კოცნა დავუწყე.

შემდეგ ისევ გარაჟში წითელ, გახუნებულ სავარძელზე ვწევარ და ვეძებ რაღაც წითელს რომელიც აქ იყო.

წამოწოლილი დაბლა ვიხედები და სიბნელეში გოგოს გაბრწყინებულ თვალებს ვხედავ რომელიც მაღლა-დაბლა მოძრაობს. ჩემდა გასაკვირად, მოულოდნელი ორგაზმიც მეწვია საიდანღაც. შარვალს მიკრავს გოგო და მიდის. ისევ კლუბში ვარ და ლუდს ვსვამ, აღარც წითელი გოგო ჩანს, აღარც ვახო და აღარც ჩემთვის ნაცნობი მაგრამ ვერგახსენებული სახეები.

ცოტახანში ქურთუკს ვიცმევ და გამოვდივარ კლუბიდან.

ისევ ბნელა.

თვალს რომ ვახელ ცა უკვე განათებულია და ვგრძნობ რომ რაღაც მაგარზე ვწევარ (აშკარად არ არის ჩემი ლოგინი). მითუმეტეს ჩემი ოთახი. ვდგები ამ მაგარი რაღაციდან, თურმე ავტობუსის გაჩერების სკამია, ოთახი კი გაჩერების კაბინა. თავბრუ მეხვევა და გულის არევა მინდა.

და ის ზანგი ტიპიც გამოჩნდა. ავტობუსში გოგოები და ბიჭები ამოვიდნენ. ყველა მეცნობოდა, მაგრამ ვერ მიხვდი საიდან. ყველა იღიმის, ერთი წითელთმიანი გოგო განსაკუთრებულად მიყურებს და განსაკუთრებულად იღიმის. მე კაპიშონს ვიფარებ თავზე და ჩავდივარ ავტობუსიდან.

შემდეგ, აქა-იქ მატარებლის გაჩერებები ტრიალებს გონებაში. და აი ჩემი ლოგინიც.

p.s: ეს ის მომენტია როცა არაფერზე არ ფიქრობ და არც უნდა იფიქრო. პირიქით ყველაფერი უნდა დაივიწყო რაც კი მანამდე იცოდი, შენს თავსაც ივიწყებ, ყველა შეზღუდვას და იმ წითელთმიანი გოგოს თავის ტვინის სიგრძე სიგანესაც, რომლის სახე არც კი გახსოვს.

ვერასოდეს ვიტანდი კლუბებს. ყოველთვის ჯაზ-როკ ბარები მერჩივნა ცოცხალი მუსიკით. მაგრამ ასეთ ბარებში კოკაინი, წითელთმიანი გოგოები (რომლებიც არ მიგატოვებენ მთელი სიცოცხლის განმავლობაში) და წითელი, გახუნებული სავარძლები არ იშოვება.

ირანის ლომი: სიმინ ბეჰბაჰანი

ინტერვიუ გამოჩენილ ირანელ მწერალთან შივა რაჰბარანმა 2011 წლის ოქტომბერში ჩაწერა.
სიმინ ბეჰბაჰანი 1927 წელს, თეირანში დაიბადა. მწერალი ქალი, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ როგორც “ირანის ლომს”, ორჯერ დაასახელეს ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში. მწერალს 1998 წელს Human Rights Watch-ის გრანტი, ხოლო 1999 წელს კარლ ფონ ოსიეცკის მედალი გადაეცა ირანში სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის. 

———————–

შივა რაჰბარან: როგორი წარმოდგენა აქვს ირანელ ხალხს დემოკრატიაზე? ბევრი ფიქრობს რომ დემოკრატია არ უხდებათ ირანელებს.

სიმინ ბეჰბაჰანი: ირანელებსაც მეტ-ნაკლებად ისეთივე წარმოდგენა აქვთ დემოკრატიაზე, როგორც მსოფლიოს სხვა ერებს. დემოკრატია ხალხის მმართველობას ნიშნავს და სასურველია იქამდე ვიდრე დიქტატორულ კონდიციას მიაღწევს. და მართლაც, რატომ შეიძლება დემოკრატია ვინმეს უფრო უხდებოდეს, ვიდრე ირანელს? დასავლეთის ერებმაც არც თუ ისე შორეულ წარსულში გაიარეს დიქტატორული პერიოდები და არ არსებობს დასავლური სახელმწიფო, რომელიც ჩანასახშივე დემოკრატიული იყო.

დემოკრატია ადამიანის ფიქრისა და განსჯის პროდუქტია. ფილოსოფოსები და მოაზროვნეები ყოველთვის ხატავდნენ უტოპიურ ქვეყანას, სადაც ყველაფერი ისე არის, როგორც უნდა იყოს და სადაც ხალხი თავისუფლად და ბედნიერად ცხოვრობს, თუმცა პრაქტიკულად ეს ყველაფერი ბოლო საუკუნეებისკენ შესრულდა. უფრო მეტიც, ყველაზე თავისუფალ და განვითარებულ ქვეყნებში, დრო და დრო, დემოკრატიის საზღვრებს სცდებიან კიდეც ან ქვეყანას რომელსაც თავისთვის სურს დემოკრატია, უგულებელყოფს სხვა ქვეყნის თავისუფლებებს.

ამგვარად, ირანელებსაც სურთ დემოკრატია, თუმცა მგონია რომ არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, ჯერ არ მისულან იმ დასკვნამდე რომ ასეთი ტიპის სახელმწიფო სჭირდებათ.

კონსტიტუციური და ისლამური რევოლუცია, დროის მცირე მონაკვეთში მოხდა თავისუფლების მოპოვების იმედით. თუმცა, დასაწყისშივე, ხალხის ოცნება თავისუფლებაზე ტირანიის საშინელებად იქცა. მჯერა რომ ასეთი გამოცდილება და რეგრესი აუცილებელია ხალხისთვის რომ ესწრაფოდნენ თავისუფლებისკენ და ხალხის ჭეშმარიტი მმართველობისკენ.

დღეს, კიდევ ერთი ჰიტლერი ვერ გაჩნდება და გერმანიას ჯოჯოხეთური დიქტატურის საბადოდ ვერ გადააქცევს. ამ მძიმე გამოცდილების შემდეგ, გერმანიას მარადიული იმუნიტეტი აქვს ასეთი ტიპის სახელმწიფო მმართველობის მიმართ.

ჩვენი მოაზროვნეებიც იცვლებიან იმ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რაც ისლამურ სახელმწიფოში მიიღეს. ისინი აღარასოდეს დაუჭერენ მხარს იმ ტირანიას, რასაც დაუშვათ ოცი წლის წინ. ვხედავთ რომ ადამიანების სიკვდილით დასჯა და დაპატიმრება აღარ იძლევა სასურველ შედეგს! მიუხედავად იმისა რომ თავისუფლების მხარდამჭერებს იჭერენ, მომავალი მაინც ნათლად გვესახება და ნაბიჯ-ნაბიჯ ვიძენთ იმ ცოდნას, რაც დემოკრატიის მოპოვებას სჭირდება.

შივა რაჰბარან: დასავლეთში, ზოგიერთი ანალიტიკოსი ირანულ რევოლუციას “ირანულ ექსპერიმენტს უწოდებს”. რასაც ამ ფრაზაში გულისხმობენ, თანამედროვეობისა და რელიგიის სინთეზია. როგორ ფიქრობთ ეს სინთეზი რეალურია?

სიმინ ბეჰბაჰანი: 1400 წლიან ჩავარდნას ვერასოდეს აუვლი გვერდს. ისლამურ სახელმწიფოში ისეთი სადამსჯელო ღონისძიებები ტარდება, რაც სრულიად შეუსაბამოა დღევანდელობისთვის და ამ ეპოქისთვის, მაგალითად ქურდისთვის ხელის მოჭრა, მოღალატე ცოლებისა და ქმრების ჩაქოლვა ან დამნაშავეების გაშოლტვა.

ცხადია, თანამედროვე მსოფლიო ხელის ან ფეხის მოჭრას, ჩაქოლვას ან გაშოლტვას ადამიანის უფლებების დარღვევად მიიჩნევს და თუ ეს კანონები არ შეესაბამება თანამედროვე მსოფლიოს მოთხოვნებს, ამ ტიპის ერების წარმატება სრულიად ეჭვქვეშ დგება და მხოლოდ სასწაულს შეიძლება მივანდოთ.

შივა რაჰბარან: როგორც მწერალი, სად და როგორ ხედავთ თქვენს როლს ირანულ საზოგადოებაში? თუ გავითვალისწინებთ წინა მთავრობის პოლიტიკასაც, სახელოვნებო ასპარეზზე მოღვაწეობა საკმაოდ რთულია ირანში, რამდენად ნაყოფიერია ლიტერატურული პროცესები და როგორ ვითარდება?

სიმინ ბეჰბაჰანი: მიუხედავად ჩემი ასაკისა, თამამად შემიძლია ვთქვა რომ ცენზურაზე ნერვიულობის გარეშე კალამი ფურცელს არ შეხებია. ცენზურა ყოველთვის მაჯლაჯუნასავით აწევს ჩემს ფიქრებსა და აზრებს. წინა მმართველობის დროსაც და ახლაც, ისლამურ სახელმწიფოში, ყოველთვის ვამბობდი და ვამბობ რომ, ცენზურის მანქანა რომელიც ფილტრავს თითოეულ ნაწერს, ყოველი მწერლის თავში იბუდებს და ჩასისინებს: “ეს არ დაწერო, ამას არ გამოაქვეყნებენ.” მაგრამ ნამდვილმა მწერალმა ამ სისინს ყური არ უნდა უგდოს, ნამდვილმა მწერალმა უნდა დაწეროს. ბოლოს და ბოლოს, ერთ დღესაც ხომ იხილავს დღის შუქს მისი ნაწერი, ოღონდ იმ პირობით რომ მწერალი სიმართლეს იტყვის და არ ითვალთმაქცებს.

რასაკვირველია, ცენზურის წნეხი გაიძულებს მიმართო მეტაფორას, სიმბოლოებს, რაც თავის მხრივ ავარჯიშებს შენს ფანტაზიას, თუმცა ეს არ ასუსტებს მწერლის ოცნებას თავისუფლებაზე.

simin_behbahani

შივა რაჰბარან: ანუ ხელოვნებას სჭირდება პოლიტიკა?

სიმინ ბეჰბაჰანი: პოლიტიკა დიდ გავლენას ახდენს ადამიანებზე, ბუნებრივია ხელოვანზეც და მითუმეტეს მწერალზე. რაც არ უნდა შორს იდგეს მწერალი პოლიტიკისგან, მაინც შეუძლებელია თავი აარიდო ასეთ დომინანტ ატმოსფეროს. პოლიტიკა მწერლის შემოქმედებითი ცხოვრების ნაწილია. მწერლის პროტაგონისტები იმ გრძნობების კონტექსტში იბადებიან, რასაც ეს გავლენიანი ატმოსფერო წარმოშობს. როგორ შეიძლება მწერალი გაემიჯნოს ამ გრძნობებს და მარსიდან ჩამოსული პროტაგონისტები შექმნას?

შივა რაჰბარან: ეხმაურება ლიტერატურა იმ ანომალიებს, რომელიც სხვადასხვა ერებმა წარმოშვეს, წარსულში და ახლაც? შეასრულა თუ არა კონსტრუქციული როლი ხასიათის ცვლილებაში და ნორმალური მდგომარეობის შექმნაში?

სიმინ ბეჰბაჰანი: რასაკვირველია. ჩვენი ლიტერატურა ყოველთვის პასუხობდა თანამედროვე მოვლენებს.  შაჰნამე უდიდესი ეპოსია, იდეების, სიბრძნის, რჩევების, მეგზურობის და წეს-ჩვეულებების საგანძური. ამ თვალუწვდენელი შრომით, ფირდოუსმა ირანელ ერში გააღვივა სულგრძელობის, სიმშვიდის და სიამაყის გრძნობა, რომელიც არაბული უღელის ქვეშ დაკარგა ირანმა და გახლეჩილ ერს გაერთიანებისკენ უბიძგა.

ჩვენი პოეტების უმრავლესობა, რომლებიც თვით ყველაზე ტირანი მეფეების კარზე მეხოტბეებად მოღვაწეობდნენ, თავიანთ შემოქმედებას მმართველების გამოსაფხიზლებლად, სამართლიანობის აღსადგენად და ხალხის კეთილდღეობისთვის იყენებდნენ. ნებისმიერ ეპოქაში, მწერალი ქმნიდა იმ ნაწარმოებს, რომელიც მისი ერის, საზოგადოების ინტერესებს პასუხობდა, რაც თავისთავად ეხმარებოდა და მეგზურობას უწევდა ქვეყანას რთულ პერიოდში.

შივა რაჰბარან: დასავლეთში, ზოგიერთ მწერალს შურს კიდეც მესამე მსოფლიოს ქვეყნების და იმ ქვეყნების, სადაც ნაკლები თავისუფლებაა.  ისინი ფიქრობენ რომ თავისუფლების შეზღუდვა მწერლებს აიძულებთ უფრო შემოქმედებითად მიუდგნენ სამუშაოს, რათა გადმოსცენ ის, რის თქმასაც უკრძალავენ. ამ შეხედულების თანახმად რაც უფრო დიდია ტირანიის კედელი, მით უფრო დიდია ამ კედელში სარკმელების დატანების შესაძლებლობა.  ეთანხმებით ამ აზრს?

სიმინ ბეჰბაჰანი: რაც უფრო მკაცრია წესი და რაც უფრო იზღუდები, მით უფრო მეტად მონდომებულია მწერალი იპოვოს ის განსაკუთრებული ტექნიკა თუ ხლართები, რომლის საშუალებითაც თავს დააღწევს ამ წნეხიდან. შემდგომში, სწორედ ეს ტექნიკა და ხლართები ალამაზებს მწერლის შემოქმედებას. მაგრამ, თანამედროვე სამყაროში, ლინგვისტური ხლართები არც ისე მიმზიდველია და რაც უფრო გულწრფელი და ინტიმურია მკითხველსა და მწერალს შორის ურთიერთობა, მით უკეთესია.

ამგვარად, ქვეყნებს, რომელთაც არ აქვს კედლები, არც სარკმელი სჭირდება, რადგან მთელი სამყარო მათი ხედვის არეშია და მყისიერი კონტაქტის დამყარება შეუძლიათ მკითხველებთან. მეც ჩემის მხრივ მშურს მათი, მათი თავისუფალი სამყაროსი.

შივა რაჰბარან: მიგაჩნიათ რომ იკონოკლასტური პოეტი ბრძანდებით და არც ისე ფართოდ აღიარებული?

სიმინ ბეჰბაჰანი: იკონოკლასტურობა მხოლოდ მაშინ არის მისაღები და სასურველი თუ საზოგადოება ან საზოგადოების გარკვეული ნაწილი გახსნილია ამისთვის. ლიტერატურა, რომელსაც საზოგადოება თავის თავს ვერ დაუკავშირებს რაიმე ფორმით, დიდხანს ვერ გაძლებს. ვიყავი იკონოკლასტური, მაგრამ არასოდეს გამიწყვეტია ირანის ძირძველ ლიტერატურასთან დამაკავშირებელი ძაფები. ვერავინ შექმნის რაიმე ღირებულს, თუ არ იცის საკუთარი ენის და ლიტერატურის წარსული. ენა ვითარდება, მაგრამ არასოდეს იცვლისს არსს, ათასობით წელი სჭირდება ვიდრე სიტყვა, სხვა ათასობით სიტყვას შორის, გაქრება ან მნიშვნელობას შეიცვლის.

ლიტერატურა ენაზე დგას. ეს ლინგვისტური ხელოვნებაა, ამგვარად, შემოქმედმა არ უნდა გაწყვიტოს წარსულთან კავშირი, თუმცა შეუძლია შექმნას ახალი მეთოდი, სტილი, რომელიც სტრუქტურით, ფორმით და შინაარსით განსხვავდება წარსულისგან.

შივა რაჰბარან: მნიშვნელოვანია თუ არა თქვენი შემოქმედებისთვის ის ფაქტი, რომ თქვენ ხართ ქალი და თუ ასეა გეხმარებათ თუ არა ეს თქვენს შემოქმედებით საქმიანობაში?

სიმინ ბეჰბაჰანი: ის ფაქტი რომ მე ვარ ქალი, ისეთივე მნიშვნელოვანია ჩემი პოეტური შემოქმედებისთვის, როგორც აჰმედ შამლუსთვის კაცად ყოფნა, მისი პოეტური შემოქმედებისთვის. როგორც წესი, გენდერი უპირატესობად არ უნდა განიხილებოდეს ხელოვნებაში. თუ პოემა ან მოთხრობა კარგია, რა მნიშვნელობა აქვს ქალი ქმნის თუ კაცი? და თუ ცუდია მწერლის სქესმა რატომ უნდა გააკეთილშობილოს? რასაკვირველია, ძველად არ იყო ბევრი ქალი პოეტი და მწერალი, ვინაიდან გარემო არ იძლეოდა ქალის განათლების და წერა-კითხვის სწავლის საშუალებას. წერა-კითხვის უცოდინარი ქალი ვერაფერს დაწერს. და თუ შემთხვევით, ვინმე აღმოჩნდებოდა ან მწერალი ან პოეტი, დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ამას, ვინაიდან ეს ის უნარ-ჩვევა იყო, რასაც ქალებში იშვიათად შეხვდებოდი. დღეს კი, როდესაც ქალებსაც და კაცებსაც ერთნაირად მიუწვდებათ ხელი განათლების მიღებაზე, ქალად ყოფნა უპირატესობად რატომ უნდა ითვლებოდეს? ამ შეხედულებას დისკრიმინაციად ვთვლი და ყოველთვის მსურს მამაკაცებს მადარებდნენ.

შივა რაჰბარან: თქვენს ახალ პოემებში, რომელიც ლონდონში, გაზეთ Kayhan-ში დაიბეჭდა, ჩანს რაღაც ახალი, რაც გამოარჩევს სხვა თქვენი პოემებისგან, სადაც უფრო მეტი სისხლი, ომი და უსამართლობაა. ეს ახალი მიმართულების დასაწყისია?

სიმინ ბეჰბაჰანი: ყოველთვის ვამბობდი და ვიტყვი რომ ჩემი პოეზია, ჩემი ცხოვრების ეტაპებისგან შედგება. იყო პერიოდი ჩემს თავზე ჭურვებისგან შებოლილი შავი ღრუბლები ტრიალებდა, ხოლო ფეხქვეშ დაბომბილი მიწა მეცლებოდა. მინახავს სასაფლაოსკენ მიმავალი ომის მსხვერპლთა ქარავნები. მინახავს ბეჰეშტე ზაჰრასკენ მიმავალი სიკვდილით დასჯილთა სხეულებით დატვირთული მანქანები, საიდანაც სისხლი წვეთ-წვეთად მოდიოდა. მინახავს დედები, რომლებიც დასტრიალებდნენ დაღუპულ შვილებს, ხან თავსაბურავს, ხან წინდას და ხან ფეხსაცმელს რომ უსწორებდნენ. ამის შემდეგ, სიყვარულზე როგორ უნდა მელაპარაკა, როგორც ჩემს ახალ პოემაშია ან როგორ შეიძლება ჩემი პოეზია უფრო მხიარული ყოფილიყო? თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც ნახავთ მხიარულ პასაჟებს და ეს სწორედ იმ პერიოდის ნაყოფია, როდესაც თავს ბედნიერად ვგრძნობდი. შეიძლება ითქვას ჩემი პოეზია მრავალხმიანია, მისაუბრია ყველაფერზე, დამიწერია ლექსები, რომელიც შეიცავს რაღაც ამბავს თუ ისტორიას მინიმალისტური ფორმებით. საერთო ჯამში, ნამდვილად ვერ გეტყვით როგორი იქნება ჩემი შემოქმედება მომავალში, თუმცა ერთი რამ ნათელია, ეს დამოკიდებულია გარემოს და ჩემი გრძნობების მდგომარეობაზე.

———–

წყარო: The Lioness of Iran  , ინტერვიუ წიგნიდან “Iranian Writers Uncensored: Freedom, Democracy and the Word in Contemporary Iran ”

თარგმანი (c) Litterator’s Blog

ტერორისტის 7 მცნება

“1. იქონიე მხოლოდ ერთი აზრი, რამეთუ ორის ქონა უკვე აზროვნების დაწყებას ნიშნავს. ფანატიკოსმა იცის, ის არ ფიქრობს.

2. გაანადგურე ყველაფერი, რაც ამ აზრს ეწინააღმდეგება. არ აღიარო განსხვავებული მოსაზრებები, მით უმეტეს საწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავი.

3. იდეის ყოველ მოწინააღმდეგეს გაუსწორდი. მოწინააღმდეგეები არსებობის უფლებას არ იმსახურებენ, ისინი აზრისათვის, აზრის უსაფრთხოებისთვის დიდ საშიშროებას წარმოადგენენ.

4. აღიარე, რომ აზრი უმჯობესია, ვიდრე ადამიანის სიცოცხლე, საკუთარის ჩათვლით. იყო ფანატიკოსი, ნიშნავს ეზიარო ღირებულებას, რომელიც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ცალკეული ინდივიდები.

5. ნუ ითაკილებ ძალადობას, ვინაიდან სწორედ ის შეადგენს მამოძრავებელ ძალას. ძალადობას მარად სუფთა ხელები აქვს, მაშინაც კი, როცა სისხლით მხრებამდეა მოსვრილი.

6. მიიჩნე, რომ შენი სამართლიანი აგრესიის ყოველი მსხვერპლი დამნაშავეა. დაღუპულთაგან შესაძლოა რომელიმე გეთანხმებოდა, შენს მოსაზრებებს იზიარებდა. ტერორისტი უდანაშაულო მსხვერპლი კი არაა, არამედ მეორე მარტვილია.

7. ნუ მისცემ საკუთარ თავს ორჭოფობის უფლებას, განდევნე ის შენგან. როგორც კი იგრძნობ რომ სინდისის ქენჯნა მოგეძალა, ისროლე: ერთდროულად მოკლავ ეჭვსაც და შეკითხვასაც. ძირს კრიტიკული აზროვნება!”

ნაწყვეტი ერიკ-ემანუელ შმიტის  ნაწარმოებიდან “ულისე ბაღდადიდან”.

იაპონური ზღაპრები (ელ.ვერსია)

1) ურასიმა ტარო;

კატი-კატის მთა;

მომოტარო;

ენამოჭრილი ბეღურა;

თაგვის მაჭანკლობა;

ხატიკაცუგი;

მელას მადლობა;

მეფლეიტე ტოხეი;

გამარჯვებული კენძო;

სამი განძი;

რძალი და დედამთილი;

ყველაზე მოხერხებული მატყუარა;

და სხვა

ჩამოტვირთეთ 🙂  iaponuri zgaprebi (koreqtirebuli)

19 წერილი ქუცნას – მატარებელი

მგონი ჩანაფიქრმა გაამართლა და საწადელს მივაღწიე – ჩემმა ბოლო, ცარიელმა წერილმა თავისი საქმე გააკეთა. საფოსტო ყუთში ერთი მუდმივად წაუკითხავი წერილი მაქვს, რომელსაც ვერ ვპოულობ, თუმცა ვიცი რომ შენ ხარ, ხელი წაგიცდა და გამოაგზავნე. არა უშავს, ვნახავ ოდესმე, მთავარია რომ ნავსი გატყდა და მე დაუსრულებლად აღარ ველოდები შენგან წერილებს.

ვიცი ძალიან არ გიყვარს როცა ქალებზე გელაპარაკები ხოლმე, მაგრამ ვის თუ არა შენ უნდა გავუზიარო ჩემი აზრები, რომელიც ჩემდა უნებურად ამყვებიან ხოლმე ხან წიგნის, ხან ფილმის და ხან რეალობის გადამკიდე.

ქალი – მსხვერპლი, გაგიგია ასეთი რამ ქუც? რაც არ უნდა ნაწარმოები გაგვევლო სკოლაში, მთავარი თემა ყველგან გმირ ქალთა სახეები იყო, აი მსხვერპლ ქალთა სახეებზე კი არასოდეს დამიწერია რამე.

ქუც, დეიდა ტულას იცნობ? უნამუნოს დეიდა ტულას? აი ზუსტად ახლა დავასრულე კითხვა და უამრავი ასეთი ქალი დამიდგა თვალწინ, რომელსაც რეალურად ვიცნობ. საზოგადოების თვალში ასეთი ქალი მსხვერპლად გამოიყურება, საწყალი, გაუთხოვარი თუ შინაბერა, უბედური რომელიც თავის წილ ბედნიერებას ვერ ეღირსა და სხვის შვილებს შეამსხვრია მთელი ახალგაზრდობა; უბედური რომელსაც მოხუცი დედ-მამის მოვლაში ამოხდა სული; და არასოდეს, არავინ ფიქრობს და უშვებს იმას, რომ ეს შეიძლება ამ ადამიანის არჩევანი იყოს, მისი მკაცრი გადაწყვეტილება, ცხოვრების მიზანი მხარში ამოუდგეს და დაეხმაროს მისთვის ძვირფას ადამიანებს და სულაც არ თვლიდეს თავს მსხვერპლად, უბედურად და განწირულად, არამედ პირიქით – აი ზუსტად ისეთი, როგორიც არის უნამუნოს დეიდა ტულა, ძლიერი, მოსიყვარულე, ერთგული, თუმცა ზოგჯერ ცოტა ეგოისტიც.

ანა კი ახალმა ფილმმა გამახსენა; მასზე ჯერ კიდევ მაშინ გესაუბრე, როდესაც გუდამაყარში ვისვენებდი ერთ მშვენიერ ზაფხულს, გახსოვს ქუც, რა კარგი დრო იყო? მაშინ პირველად წავიკითხე,  პირველი შთაბეჭდილება ვერ იყო ისეთი მყარი, ან კი როგორ იქნებოდა იმ ბავშვისთვის, რომელსაც მატარებელი ჯერ კიდევ, უბრალოდ მატარებელი ეგონა, რომელსაც პატარა გოგონა ზაფხულობით ბებიასთან მიყავდა სოფელში.

მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა, მატარებლის კონტურები უფრო გამოიკვეთა და ჩვენც მივხვდით, რომ ანას თავი არ მოუკლავს, ის მოკლეს. ანა მოკლეს ადამიანებმა, ხალხმა, საზოგადოებამ. სხვას რას უნდა შეადარო საზოგადოება, თუ არა ჩაშავებულ, ჩაკირულ, გაყინულ მატარებელს, რომელიც შეუჩერებლად მოძრაობს, არ ელევა მამოძრავებელი ძალა; მატარებელს, რომელიც გადაგივლის ნებისმიერ დროს, ჩაგბურჯღნის და აგქნის ასო-ასო, ისე რომ ვეღარასოდეს გაიგებ რას ან ვის გადაუარა, როგორი იყო მის პირვანდელი სახე . . .

ესეც ჩაივლის, ჩაივლის და ისევ მატარებელი გვეტყვის რომ ვიღაც ბორბლებს ჩაუვარდა, ვიღაცამ თავი მოიკლა . . .

ოჰ, ეს მსხვერპლი

ეს საწყალი

ეს თავისი თავის მტერი . . .

და ასეა მუდამ

ვერ იგებ სად არის პირველი და სად ბოლო გაჩერება ქუც, დავდივართ წრეზე, მე, შენ და მატარებელი.

ზნიანი ქალი

 ძველ წიგნებში მიმართლებს ხოლმე,  დღეს   1948 წელს გამოცემული ქართლური ზღაპრები და თქმულებები შევიძინე სრულიად ჩალის ფასად. წიგნი ქართლის სხვადასხვა სოფელში  ჩაწერილ 65 ზღაპარის მოიცავს.  გთავაზობთ ერთ–ერთს (უცვლელად), რომელიც თემატურად ცემა-ტყეპაზე გამახსენდა. 

* * *

“ერთ ხემწიფეს ერთი ქალი ჰყამდა. ვინც მათხოვარი მოვიდოდა, ქალი ეუბნებოდა: – ერთი ზნე მაქსო. ზნიანი აბა ვის რათ უნდოდა და ყველა უკან მიდიოდა.

ამ ქალი ამბავი ერთმა ჯიელმა გაიგო და სათხოვრათ მივიდა. ქალმა უთხრა:

– მოგთხოვდები, მაგრა ერთი ზნე მაქსო.

– რა ზნეო? – ჰკითხა ჯიელმა.

– ქალბატონობა მამივლის ხოლმეო. ბიჭმა უთხრა:

– მეც მაქვს ერთი ზნე, ვაჟბატონობა მამივლისო.

– მაშ კარქა ყოფილა ჩვენი საქმე, შენც ზნე გაქ და მეც, მოგთხოვდებიო.

ითხოვა ამ ჯიელმა ეს ქალი და წაიყვანა სახში.

ერთხელ პური მკა არი. ჯიელმა მამითადი წაასხა სამკაულშია, გოჭი დაკლა და ცოლ უთხრა: – სადილი წამოგვიღეო. ქმარი გაისტუმრა ამ ქალმა თუ არა, რაც კარქი ტანისამოსი აქ, ჩაიცვა, დაიხურა, გამეეწყო, დაჯდა და ფერ-უმარილ ისვამს. ძაღლმა შამოვიდა და სტოლიდან გოჭი მოიტაცა.

სადილობაჲ უკვე გადავიდა, მუშებ მოშივდა. ჯიელ უთხრეს:

– არ გვინდა გოჭი, ცარელა პური მაინც გვაჭამეო. წამოიდა ეს ჯიელი სახში. ნახა რო ქალი ფერ-უმარილ ისვამს.

– რა დროს ეგ არი, დედაკაცო, – უთხრა.

– შენი მუშები რაში მეკითხება, დღეს ქალბატონობამ მამიარაო, – ქალმა უთხრა.

– ჰო, რახან ქალბატონობა მოგსვლიაო, გოჭი რაღა იქნაო.

– შამოიდა ცუგაი და გაიტაცა ქუცუაიო.

–  აბა ნუ გეწყინება, მეც ვაჟბატონობა თუ მამიაროსო, – უთხრა ქმარმა. წამოავლო სახრეს ხელი და ერთი მაგრა ურტყა, სუ ატრიალა,

– შენი ჭირიმე, ოღონ დამეხსენ, მიდღეში აღარ მამივლის ქალბატონობაიო, – უთხრა ქალმა.

ამი შემდეგ აღარც ქალ მოჲვლია ქალბატონობაი და არც ქმარ ვაჟბატონობაი.”

ლიტერატურა, ციხე და რუსული მენტალიტეტი

ციხის თემა ძალიან გავრცელებულია რუსულ ლიტერატურაში.

ამის სათავე შეიძლება რუსულინ ოქროს ხანის პოეტების – პუშკინის, ლერმონტოვის ნაწარმოებებში ვეძიოთ, რომლებიც ხშირად აკრიტიკებდნენ მეფის რუსეთს და ავტოკრატიულ სახელმწიფოს, სადაც მოსახლეობის ღარიბი ნაწილი

მოკლებული იყო საკუთარი უფლებების რეალიზებას. ხოლო ამ პოეტებს, ლიბერალური შემოქმედების გამო, ხშირად შორეულ გადასახლებაში აგზავნიდნენ.
ანტონ ჩეხოვი ესტუმრა კუნძულ სახალინს (ციხე–კუნძული 1917 წლამდე), მწერალმა სამი თვე დაჰყო კუნძულზე და დაწერა „Остров Сахалин“, სადაც მოგვითხრო, თუ როგორ საშინლად და დამამცირებელად ეპყრობოდნენ იქ მცხოვრებ ადამიანებს.
კიდევ ერთი მწერალი და ჟურნალისტი, რომელიც ეწვია სახალინს იყო – ვლას დოროშევიჩი; მან დოკუმენტალურად აღწერა მსჯავრდებულების ცხოვრება, მათ შორის ლეგენდარული მძარცველი ქალი – სონია ბლიუვშტეინი (Сонька Золотая Ручка).

მიუხედავად რუსეთში მონარქიის დამხობისა, ამით ადამიანების რეპრესიები არ დასრულებულა.
სტალინმა, ლენინის გარდაცვალების შემდეგ, რეპრესიების ახალი ერა დაიწყო, შექმნა რა ე.წ. გულაგები. მილიონობით უდანაშაულო ადამიანები, მათ შორის ცნობილი მეცნიერები, ექიმები და ხელოვანები „საბჭოთა ხალხის მტრებად“ შერაცხეს და ამ ბანაკებში გააგზავნეს სხვა ჩვეულებრივ დამნაშავეებთან ერთად.
გულაგებში გამეფებული სისასტიკის მასშტაბები შესანიშნავად აღწერა ალექსანდრე სოლჟენიცინმა, თავის ეპიკურ რომანში „Архипелаг ГУЛаг“.

კიდევ ერთი მწერალი, სერგეი დოვლათოვი შეეცადა ციხის თემის გაშლას, თავის ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში „ზონა: ციხის ზედამხედველის ჩანაწერები“, სადაც საბჭოთა ციხე, სწორედ ციხის ზედამხედველის რაკურსიდან არის წარმოდგენილი.
საუკუნეების მანძილზე, ხალხი ცენტრალურ მთავრობას (მაგ. მეფეებს ან კომუნისტურ პარტიას) ხედავდა როგორც რეპრესიულ მანქანას, სადაც ხალხის კუთხეში მისაყანებლად ერთადერთი ეფექტური საშუალება დაპატიმრებების სერია იყო.
ხოლო ოქროს ხანის მეამბოხეებს დღესაც დიდ პატივს სცემს რუსი ხალხი.

კომუნიზმიდან კაპიტალიზმისკენ უხეშმა გადართვამ, მძიმე გარდამავალი პერიოდი გამოიწვია; წამოვიდა უმუშევრობის დიდი ტალღა, რაც თავის მხრივ, 90-იან წლებში კრიმინალურ ცუნამად გარდაიქმნა. ქუჩები სავსე იყო ციხიდან ახალგამოსული ხალხით და პირიქით, კიდევ ბევრსაც აპატიმრებდნენ.

თინეიჯერები გაერივნენ ყოფილ პატიმრებში, რომლებმაც თავის მხრივ, სწრაფად აითვისეს ციხის სლენგი და მენტალიტეტი. უფრო უფროსები ქმნიდნენ ბანდფორმირებებს, ციხის იერარქიის გათვალისწინებით, ცუდად ეპყრობოდნენ თავისზე უმცროსებს ან იმ ადამიანებს, რომლებიც არ ეწერებოდნენ მათ ჯგუფში. მათი მსხვერპლი ბავშვებიდან ზოგი მხოლოდ 4 ან 5 წლის იყო, რომელთა პიროვნულ განვითარებაზე, თვითშეფასებაზე და პირად წარმატებაზე ძალიან ცუდი გავლენა მოახდინა სწორედ ასეთმა გარემომ.
ყველაზე დიდი საზღაური, რასაც ახლა ვიხდით ამ ყველაფრისთვის არის ის, რომ ციხის ცხოვრება შეერწყა მეინსტრიმის კულტურას.
ასე მაგალითად, ყველაზე პოპულარული რუსული ტელესერიალები ასევე ციხეებს, ციხის ცხოვრებას ეხება. ყველაზე პოპულარული მუსიკალური ჟანრი – დანაშაულის და ციხის მოტივებზე აგებული რუსული შანსონია.

რუსული კრიმინალური დრამა “Бригада” (2002) მიუხედავად იმისა, რომ კვლავ ხელიხელ აგოგმანებს კრიმინალურ ავტორიტეტებს, ძალიან კარგად ასახავს სწორედ ამ, 1989-1999 პერიოდს.

მიუხედავად იმისა რომ, 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთი ერთი შეხედვით ღია ქვეყანა იყო, ქვეყნის მოქალაქის შეგრძნება ჯერ კიდევ შორს იყო თავისუფლების შეგრძნებისგან.
თუ თვალს ადევნებთ მიმდინარე მოვლენებს, ქვეყანას მართავს KGB-ს ყოფილი თანამშრომლების ჯგუფი, კრიმინალური კორპორაცია. თუ ვინმემ წინააღმდეგობა გაუწია პუტინს და მის მომხრეებს, ან მკვდარია ან ციხეშია (მაგალითად, ხოდორკოვსკი).
თუმცა შარშან სიტუაცია შეიცვალა, ფეხს იდგამს ახალი საზოგადოება, რომელიც უფრო დარწმუნებულია თავის ქმედებებში, უფლებებში. გასულ ზამთარს, ათასობით ადამიანი გამოვიდა რუსეთის ქალაქებში, რომლებიც დუმის გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებდნენ.
მაგრამ, მიუხედავად ამ ახალი ტალღისა, რუსი ხალხის უმრავლესობამ პუტინს მისცა ხმა ახალ საპრეზიდენტო არჩევნებში (ოფიციალური თუ დამოუკიდებელი ეგზითპოლების შესაბამისად).
მაშ რატომ აძლევს ხალხი ხმას იმ მთავრობას, რომლისაც არ სჯერა? ვფიქრობ პასუხი ისევ ციხის ფსიქოლოგიაშია, რომელიც გავლენას ახდენს რუსეთის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილზე.

ჩემი აზრით, ამ ფსიქოლოგიის სახასიათო შტრიხებია:
– ავტორიტეტისადმი შიში და უნდობლობა
– ფულისა და ძალაუფლების პატივისცემა (მაშინ როდესაც ინდივიდის ძირითადი უფლებები უგულებელყოფილია)
– თავისუფლების, როგორც რაღაც მიუწვდომლად ან ზღაპრად წარმოდგენა
– სამოქალაქო საზოგადოების წარმატებაში ეჭვის შეტანა/ურწმუნობა
– ციხის იერარქიის, როგორც საზოგადოების ნორმალური, შესაფერისი მდგომარეობის მიღება.

სანამ რუსეთში ეს ფსიქოლოგია დომინირებს, ლიტერატურა კვლავ შეეცდება დაინახოს კავშირი ციხესა და ადამიანის სულს შორის, ციხესა და სახელმწიფოს შორის, ციხესა და საზოგადოებას შორის, და ა.შ.

პოსტის ეკუთვნის გრიგორი რიჟაკოვს

 

შემდეგ პოსტში განვიხილავთ გ. მანველიძის მგლებს, ტელესერიალებს “მგლების ხორუმი” და “ცხელი ძაღლი”, ბიძინა კვერნაძის

“ასეთია ქურდი კაცის ბედი
ფათერაკი უკან დასდევს მუდამ
და სიცოცხლის ნახევარზე მეტი
ციხე-ციხე გაატაროს უნდა” – ს

მელოდიის თანხლებით 😉

ამერიკა აბოყინებს (პიესა ერთ მოქმედებად)

შეიძლება არც პიესაა და არც ერთ მოქმედებიანი,

მაგრამ ასე მინდა რომ ერქვას, ჟღერს . . .“

 

მოქმედი პირები: ქალი და მამაკაცი, საუბრობენ მაგიდასთან (ჯერ წყნარად)

 

კაცი – რა ხდებოდა მანდ?

ქალი – რა ვიცი, ისეთი არაფერი ამერიკელ მწერლებს შევხვდით

კაცი: ყლეები ეგენი

ქალი : რას ერჩი ?  (უკმაყოფილო ტონით)

კაცი: რა რას ვერჩი, უნდა მოკვდნენ ეგენი, რა უქნეს მუსულმანებს, გაწყვიტეს, მაგ ყლეებმა

(წამოხტებიან, გადადიან ყვირილზე)

ქალი: ვერ გეტყვი, რომ მათ პოლიტიკაზე ვგიჟდები, მაგრამ ხალხი რა შუაშია, ბევრი ამერიკელი ვიცი, ვინც წინააღმდეგია მსგავსი პოლიტიკის, ძალადობის, ომების

კაცი: ყველა უნდა გაჟუჟო, მეზიზღებიან

ქალი: მე არ მეზიზღებიან, მე მიყვარს ხალხი, მათი ისტორია, ლიტერატურა, მუსიკა, ზოგადად კულტურა

კაცი: რა კულტურა აქვთ მაგათ? ნუ მაგიჟებ (უფრო უწევს ხმას)

ქალი: ის რაც აქვს ყველა ერს და ის რაზეც ვერ მოახდენს გავლენას პოლიტიკა და პოლიტიკოსები

კაცი: რა კულტურა, სუფრაზე რომ აბოყინებენ ეგ არის კულტურა?

ქალი: შენც დააბოყინე რა პრობლემაა

კაცი: რომ მოვჯვა სუფრაზე?

ქალი: უბრალოდ თქვი რომ გეჯვია და გადი

კაცი: ან აბოყინებენ ან აკუებენ, მაგათი კარგი მოვტყან, მაგათზეა მთელი ერაყის, ირანის, ავღანეთის სისხლი

ქალი: და გინება კულტურაა?

კაცი: დიახ, კულტურაა

ქალი: ჰოდა, მოგიტყან ეგეთი კულტურა, ნახვამდის!

(ქალი გადის და ისმის მძლავრი აფეთქების, შუშების მსხვრევის ხმა)

კაცი: რა ხმა იყო?

ქალი: ამერიკამ დააბოყინა მგონი

(ახლა უკვე მართლა გადის და ისმის კარის ჯახუნის ხმა)

კულინარიული წიგნების წარღვნა

უახლეს რაკურსში, ყველაზე ნაყოფიერი 2003–2004 წლები ყოფილა სამზარეულოს შესახებ შედგენილი და გამოცემული წიგნების მხრივ, იმერული სამზარეულო, კახური სამზარეულო, სხვადასხვა კუთხის წეს–ჩვეულებებით, ტრადიციებით, ისტორიული მიმოხილვით და ა.შ.

რაც შეეხება, ბოლო ორი წლის განმავლობაში გამოცემულ წიგნებს, მე პირადად ძალიან იმედგაცრუებული ვარ.

რამდენიმე დღის წინ შევიარე წიგნის მაღაზიების ერთ–ერთი ქსელის, ერთ–ერთ დიდ მაღაზიაში, მივადექი ჭერამდე აზიდულ განყოფილებას წარწერით – სამზარეულო.

თითქმის 30–40 წუთი დავყავი, სათითაო წიგნი ვფურცლე და ვათვალიერე, მათი უმრავლესობა გამოცემულია უცხოური პროექტის შესყიდვის და თარგმნის ხარჯზე (სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს რაც შეეხება), მათ შორის ყველაზე პრაქტიკული ღირებულების მატარებელი პალიტრა L–ის გამოცემული მსოფლიო სამზარეულოს სერია აღმოჩნდა, ნაბიჯ–ნაბიჯ აღწერილი რეცეპტებით და შესაბამისი სურათებით, მსუბუქი, მარტივი და გასაგები, მეტ–ნაკლებად ხელმისაწვდომი ინგრედიენტებით, რჩევებით და მცირე ისტორიული რაკურსით, ამ უზარმაზარი სერიიდან იტალიური სამზარეულო გამოვაძრე და სახლში წამოვაცუნცულე.

ასევე მომეწონა, ერთი აგრონომის მიერ (დამავიწყდა სახელი) სქელტანიანი წიგნი საოჯახო მეურნეობაზე, დეტალურად ხილ–ბოსტნეულის მოვლა–მოყვანის და გამოყენების შესახებ.

სხვა დანარჩენზე შემიძლია ვთქვა, რომ ეს წიგნები არ არის განკუთვნილი საშუალო სტატისტიკური შესაძლებლობების მქონე მოყვარული თუ არამოყვარული კულინარისთვის, ცხადია ფინანსურ შესაძლებლობებს ვგულისხმობ.

ერთი საკმაოდ მძიმე და სქელტანიანი წიგნი ავიღე, თითქოს რეცეპტების სიმარტივით  და პრაქტიკულობით იწონებდა თავს, თვალი ერთ რეცეპტს ვკიდე და ვკითხულობ:

“ავიღოთ 5 ცალი ავოკადო . . . ”

[UPDATED] ამან გამახსენა ცნობილი, მოარული რჩევა–გამოთქმა, საბჭოთა პერიოდში გამოცემული ერთ–ერთი წიგნიდან (ტყუილად მიაწერდნენ ამ გამოთქმას ნინო ხოფერიას, ბარბარე ჯორჯაძეს ეკუთვნის):

“თუ სახლში საჭმელი არაფერი გაქვთ, აიღეთ წუხანდელი ვახშმიდან მორჩენილი ინდოური . . . ”  😀

და აღნიშნული წიგნი ღირდა, საკმაოდ ძვირი – 35 ლარი.

ამ წიგნების, განსაკუთრებით ქართული სამზარეულოს შესახებ წიგნების დათვალიერების შემდეგ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ნინო ხოფერიას “საოჯახო სამზარეულოს” შემდეგ ერთიანი, ყოვლისმომცველი, ძირისძირ დამუშავებული წიგნი კულინარიის შესახებ არ გამოცემულა და მინიმუმ ვერც ისეთ წიგნს მივაგენი, რომელიც გამოცემულია კულინარის მიერ, მოქმედი, პრაქტიკოსი კულინარის მიერ, რომელსაც აქვს საკუთარი თეორიები გამომდინარე თავისი გამოცდილებიდან.

აი ისიც, პრაქტიკული, მოხერხებული და საინტერესო ❤ სულ რაღაც 15 ლარად.  ამავე სერიიდან დიდი სიამოვნებით შევიძენდი იაპონურ და ტაილანდურ სამზარეულოს 🙂

სანელებლების შესახებ საინტერესო ინფორმაცია ❤

ამაოების ბაზარი

XIX საუკუნის შუა პერიოდის ინგლისის ილტერატურული ცხოვრება მდიდარია ჟანრებით და პრობლემატიკით, მაგრამ თუ რომანტიზმის ხანაში წამყვანი პოეზია იყო, 30–იანი წლებიდან უპირატესობა პროზას მიენიჭა, ლიტერატურული ნაწარმოების ყველაზე გავრცელებული ფორმა გახდა რომანი.

რომანის ფართო გამომხატველობითი შესაძლებლობები საშუალებას აძლევდა მწერალს ნათლად გადმოეცა კერძო პირებისა თუ ფართო მასების ყოფა.

რეალისტურმა ლიტერატურამ უარი თქვა რომანტიკული გმირის შექმნაზე. მწერალი რეალისტების ფოკუსში ბურჟუაზიული საზოგადოების რიგითი ადამიანი მოექცა, რომელიც, როგორც თეკერეის მიაჩნდა სულაც არ არის გმირი, სიტყვის პირდაპირი გაგებით.

ინგლისელი რეალისტებს ახასიათებთ სატირული განზოგადების ოსტატობა. სატირა მთელი თავისი სიმდიდრითა და მრავალფეროვნებით დიკენსისა და თეკერეის ყველაზე ბასრი იარაღია.

დიკენსის მსგავსად, უილიამ თეკერეის მთავარი თემა თანამედროვეობაა, თუმცა ასევე დიკენსისგან განსხვავებით, თეკერეი შორს იყო მშრომელი ხალხის ცხოვრებისგან, მისი მოქმედებისა და განხილვის სფერო ინგლისური საზოგადოების უმდიდრესი ფენებია.

 „ამაოების ბაზარი“ თეკერეის ყველაზე სახელგანთქმული ნაწარმოებია, მიუხედავად იმისა, რომ ისტორიული რომანია, მისი ისტორიულობა ძალიან თავისებურია. თვით ვატერლოოს ბრძოლა, რომელმაც ისტორიის მნიშვნელოვანი თავფურცელი დახურა და რომელშიც ნაწარმოების საკმაოდ ბევრი მოქმედი პირი მონაწილეობდა, მხოლოდ შორიდან, გმირების განცდათა ფონზე არის აღწერილი.  წიგნში, უშუალოდ თითქმის არც ერთი ისტორიული პირი არ არის გამოყვანილი. ნაპოლეონი და უელინგტონიც კი, მაშინდელი ისტორიის ორი მთავარი მოქმედი გმირი, მხლოდ მუნჯ პერსონაჟებს წარმოადგენენ და იქნებ სულაც არ ეხსენებინა ავტორს წიგნში, ნაპოლეონის ომებსა და მის დამხობასთან რომ არ იყოს დაკავშირებული სედლის გაკონტრება, ჯორჯ ოსბორნის დაღუპვა და საბრალო ემილიას ოჯახის გაუბედურება.

ქვესათაურად, რომ „უგმირო რომანი“ შერჩა ამ წიგნს, სულაც არ არის უბრალო დამთხვევა ან სიტყვათა თამაში, მთავარი გმირი მართლაც არ მოიპოვებოდა იმ მანკიერ საზოგადოებაში, რომლის მთავარი გმირი და კერპი მხოლოდ ფული, სიმდიდრე და პატივმოყვარეობა იყო.

ბურჟუაზიული საზოგადოების მომხვეჭელური კანონების ტიპიური წარმომადგენელია ჯონ ოსბორნი. იგი წარჩინებულობას ეპოტინება და დაუნდობლად ექცევა, უკვე გაკოტრებულ, ერთ დროს მის საუკეთესო მეგობარს სედლის, რომელმაც ფეხზე დააყენა იგი და არა ერთი სამსახური გაუწევია მისთვის.  ჯონ ოსბორნი უამრავ ფულს აძლევს ქარაფშუტა ვაჟიშვილს ჯორჯს, ოღონდ იცოდეს, რომ ინგლისის ცნობილი წარჩინებული დარდიმანდებში ტრიალებს, რომელიც როგორც მწერალი გვიჩვენებს, მხოლოდ უბადრუკ თაღლითების, გარყვნილების და მფლანგველების ბრბოს წარმოადგენს.  შვილს უკრძალავს გაღატაკებული ჯონ სედლის ქალიშვილის ემილიას შერთვას.

ოსბორნებისა და სედლების გარემოცვაში, ასე თუ ისე დადებითი პერსონა ერთის მხრივ ემილიაა, მეორეს მხრივ – უილიამ დობინი, თუმცა მწერალს არცერთი გამოჰყავს გმირად, არც ერთს არ ინდობს და არც აიდეალებს.

„ამაოების ბაზრის“ გმირები თითქმის მთლიანად უარყოფითი ტიპების სახით არიან წარმოდგენილნი, მაგრამ მწერლის დიდი დამსახურებაა, რომ მისი გმირები ამა თუ იმ ნაკლის უბრალო სქემატური განსახიერებანი კი არ არიან, არამედ კარგი და ცუდი მხარეების შეზავებულ ერთიანობას წარმოადგენს – ადამიანებს ადამიანური სიკეთეებით და სისუსტეებით.

უილიამ თეკერეის ნაწარმოების მიხედვით მრავალი ფილმი თუ სერიალი გადაიღეს, მათ შორის პირველი უხმო ფილმი გადაიღო ჩარლზ კენტმა 1911 წელს, ამის შემდეგ კიდევ სამი უხმო ფილმი გადაიღეს, 1915, 1922 და 1923 წელს.

ნაწყვეტები ფილმიდან „ამაოების ბაზარი“ – 1911წ.   

ხმოვან ვერსია სულ სამი ეკრანიზაცია არსებობს, 1932, 1935 და უახლესი, 2004 წლის ეკრანიზაცია, დიდებული კოსტიუმებით, ფილმმა მიიღო Golden Satellite Award, ხოლო ფილმი ნომინირებული იყო ოქროს ლომზე, ვენეციის კინო ფესტივალზე.  აქ ბექი შარფის როლს რიზ უიზერსპუნის ასრულებს – ამ მსახიობისთვის ზედგამოჭრილი როლს, ჩემი აზრით.

რაც შეეხება სერიალებს, BBC-იმ, ამაოების ბაზარი, პირველად 1967 წელს წარმოგვიდგინა, ამ სერიალს ერთი ემი ხვდა წილად, კერძოდ სიუზან ჰემფშირს, ბექი შარფის როლისთვის.

შემდეგ, არც ისე წარმატებული სატელევიზო ვერსია შემოგვთავაზა 1987 წელს და ბოლოს, მეტ–ნაკლებად საინტერესო 1998 წლის 6 ეპიზოდიანი ტელესერიალი.

 ნაწყვეტი  BBC-ის ტელესერიალიდან „ამაოების ბაზარი“ – 1998წ.  

ტონი მორისონი

არ მახსენდება თუ არსებობს ტონი მორისონის თარგმანები ქართულ ენაზე, უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ნამდვილად არ შემხვედრია, სამწუხაროდ მაშინ (1999–2003) პროგრამაშიც არ იყო აფრო–ამერიკული ლიტერატურა, მიმოხილვის დონეზე მაინც, რომ გაევლოთ სტუდენტებს.

შესაბამისად ვუბრუნდები მაშინდელ თუ ახლანდელ მოგროვილ მასალას და პერიოდულად ბლოგზეც დავწერ, თუმცა არ მაქვს იმის ილუზია, რომ ამით ის ცარიელი ადგილები შეივსება, რაც ქართულ ენაზე ნათარგმნ ამერიკულ ლიტერატურის ისტორიაში და ზოგადად საზღვარგარეთის ლიტერატურის ისტორიაშია.

აფრო–ამერიკული ლიტერატურა  ჩემთვის ყველაზე მიმზიდველია. განსაკუთრებით კი 70–იანი  ანუ დაახლოებით იმ პერიოდიდან, როდესაც კონსოლიდაციის ეპოქა დაიწყო, დასრულდა ვიეტნამის კონფლიქტი, რასაც მალე აშშ–ს მიერ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის აღიარება და ამერიკის დამოუკიდებლობის ორასი წლისთავი მოჰყვა.

შედეგად, 1980–იანი წლების “Me Decade” დადგა, სადაც ადამიანები, უფრო მეტ აქცენტს აკეთებდნენ პირად საკითხებზე, ვიდრე ზოგადსაკაცობრიო, სოციალურ თემებზე.

რაც შეეხება ლიტერატურას, აქ ძველი ტენდენციები შემორჩა, თუმცა აქა–იქ სუსტი ექსპერიმენტული ნაპერწკლებიც გაიელვებდა.

60–იანი წლების ექსპერიმენტული მწერლების მიერ მიტოვებული რეალიზმიც უკან იხევდა, რომელიც ხშირად მკვეთრად გამოხატულ ელემენტებთან შეზავდებოდა ხოლმე – თამამი სტრუქტურა, რომანი რომანში, როგორიცაა ჯონ გარდნერის “ოქტომბრის სინათლე” ან შავკანიან ამერიკელთა დიალექტი, ალისა უოლქერის ნაწარმოებში “იასამნისფერი”. უმცირესობის ლიტერატურაც უფრო და უფრო ვითარდებოდა. დრამა რეალიზმიდან უფრო კინემატიკურ, კინეტიკურ ფორმებს იღებდა.

ამ პერიოდში გამოჩნდა ასპარეზზე, ცნობილი აფრო–ამერიკელი ნოველისტი ტონი მორისონი. იგი ოჰაიოში დაიბადა, დაამთავრა ვაშინგტონის ჰოვარდის უნივერსიტეტი ინგლისური ენის განხრით (დიახ, ჩემი კოლეგა გახლავთ 😉 ), შემდეგ მაგისტრატურა, აქ ძალიან საინტერესოდ გამოიყურება მისი სამაგისტრო ნაშრომი “სუიციდის თემა უილიამ ფოლკნერის და ვირჯინია ვულფის შემოქმედებაში”.  შემდეგ ვაშინგტონის მთავარ საგამომცემლო სახლში მთავარ რედაქტორად მუშაობდა, და ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებში კითხულობდა ლექციებს.

მორისონს, მდიდარი ფერებით და ხასიათებით შექმნილმა ნაწარმოებებმა საერთაშორისო აღიარება მოუტანა. თავის მასშტაბურ, ყოვლისმომცველ რომანებში, შავკანიანთა კომპლექსურ ბუნებას, მრავალმხრივ ჭრილში გვიჩვენებს. მის ერთ–ერთ ადრეულ ნაწარმოებში “ლურჯი თვალი” (1970), პრინციპული ახალგაზრდა გოგონა, გვიყვება პეკოლა ბრიდლოვის ამბავს, რომელიც გადაურჩება მოძალადე მამის კლანჭებს. პეკოლა დარწმუნებულია, რომ მისი მუქი ფერის თვალები, რაღაც სასწაულით ლურჯად გადაიქცევა და ამის შემდეგ მას უფრო შეიყვარებენ. მორისონმა აღნიშნა, რომ მან, როგორც მწერალმა, ამ რომანის მეშვეობით შექმნა იდენტობის მისეული გაგება: “მე ვიყავი პეკოლაც, კლაუდიაც და ყველა.”

“სულა” (1973) მოგვითხრობს ორი ქალის ახლო მეგობრობის შესახებ. მორისონი აფრო–ამერიკელ ქალებს გვაცნობს, როგორც უნიკალურ, სრულად ინდივიდუალურ ხასიათებს, ვიდრე გავრცელებული სტერეოტიპებია.

მორისონის ნაწარმოებმა “სოლომონის სიმღერა” (1977) რამდენიმე ჯილდო მოიპოვა. ნაწარმოები მოგვითხრობს შავკანიანი მამაკაცის ოჯახთან და საზოგადოებასთან დაძაბული ურთიერთობების შესახებ.

ყველაზე დიდი წარმატება მოუტანა რომანმა “შეყვარებული”  (1987) მოგვითხრობს მძიმე, ტრაგიკულ ისტორიას ქალზე, რომელიც მოკლავს თავის ორი წლის შვილს, მონურად ცხოვრების სანაცვლოდ. ნაწარმოებში გამოყენებულია მაგიური რეალიზმის არარეალური, მითიური თხრობის ტექნიკა, აღწერს რა იდუმალ პერსონაჟს, სულს,  რომელიც თავის თავს უწოდებს შეყვარებულს; სული საცხოვრებლად ისევ თავის სახლს უბრუნდება და აქ იწყება საინტერესო ისტორიები, დედისა და შვილის ურთიერთობები, მონების მძიმე მდგომარეობა, საზოგადოებასთან ურთიერთობა, ეს ის თემებია, რაც ამ წიგნში კარგად არის გაშლილი და დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც მკითხველების, ასევე კრიტიკოსების მხრიდან.

მ ნაწარმოებისთვის, 1988 წელს, მწერალს პულიცერის პრემია გადაეცა. 

მორისონი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისი რომანები ხელოვნების სრულყოფილი ნიმუშებია, ისინი შეიცავენ პოლიტიკურ მესიჯებსაც:

“ჩემი მიზანი არ არის მხოლოდ ჩემი ფანტაზიის რეალიზაციით სიამოვნების მიღება. . . დიახ, ნაწარმოები პოლიტიკური უნდა იყოს”.

1993 წელს, ტონი მორისონი გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში.

დღემდე, 81 წლის ასაკშიც, იგი აქტიურად აგრძელებს თავის საქმიანობას და გახლავთ ჟურნალის “The Nation” სარედაქციო კოლეგიის წევრი.

პ.ს. ამ პოსტის წერისას, აღმოვაჩინე, რომ პროექტის “50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ”, არის შესაძლებლობა ითარგმნოს მწერლის ყველაზე პოპულარული ნაწარმოები “შეყვარებული”.

–––––––––––

მიუხედავად თეთრი კანისა, იგი ჩვენი პირველი შავკანიანი პრეზიდენტია. უფრო მეტად შავკანიანი, ვიდრე ნამდვილი შავკანიანი, რომელსაც ოდესმე ჩვენი შვილების თაობა აირჩევს. ესეც, რომ არ იყოს, მას აქვს ყველა ის შტრიხი, რაც ახასიათებთ შავკანიანებს: მარტოხელა მშობლის მიერ სიღარიბეში გაზრდილი, საქსოფონისტი, მაკდონალდსის მოყვარული ბიჭი არკანზასიდან.

– წერს ტონი მორისონი, წერილში 1998 წლის იმპიჩმენტის შესახებ.  🙂

შენ ქალი ხარ, მე დედოფალი

როგორ მოხდა აღარ მახსოვს, მაგრამ არც ასლის გადაღების საშუალება იყო და არც წიგნის შოვნის, უნივერსიტეტში დიდი ბრიტანეთის მთელი ისტორიის ხელით დაკონსპექტება მომიწია, ხან ქართულიდან და უფრო მეტად ინგლისური წყაროებიდან. ხელით წერისას თითქოს უფრო გამახსოვრდება ყველაფერი, შეიძლება თითებსაც აქვთ მეხსიერება . . .

მეც, მეტ–ნაკლებად მახსოვს ამ ქვეყნის ისტორია, შეიძლება წლები ტყვიის სიზუსტით ვერ მიგითითოთ, მაგრამ ისეთი მნიშვნელოვანი პერიოდები, როგორიცაა დედოფალ ელისაბედ I–ს ხანა, კარგად მახსოვს;

მით უმეტეს, ამ პერიოდს უკავშირდება ლიტერატურაში (და არა მხოლოდ), აღორძინების ხანაც, მარლო, შექსპირი . . .

ორი დედოფალი ერთ ქვეყანაში  . . . ან ერთი უნდა დარჩეს, ან მეორე, დიდი ხანი ვერ აიტანდა ქვეყანა ორ დედოფალს, ქვეყანა დუღდა, გაეხვა შეთქმულებების ხან რეალურ და ხან არალეალურ ღრუბლებში . . .

შილერის ნაწარმოების ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო სცენაა ამ ორი მოქიშპე ქალბატონის შეხვედრა ფოთრინგეის ციხეში, სადაც მარიამი ქცევით თუ სიტყვებით ცდილობს დასცინოს და დაამციროს, მკაცრი და თავდაჯერებული დედოფალი ელისაბედი.

სწორედ აქ ჩანს ყველაზე კარგად, თუ რა დიდი განსხვავებაა ამ ორ ქალს შორის, მარიამი ვნებებს აყოლილი, თამამი ქალი, ხოლო ჟღალთმიანი მედიდური, ზვიადი, ნამდვილი მონარქის თვისებებით.

მაგრამ ეს შეხვედრა შედგა მხოლოდ შილერის პიესაში.

სინამდვილეში . . .

სინამდვილეში კი, მარიამ სტიუარტი თითქმის 20 წელი იყო ჟღალთმიანის ტყვეობაში და ამ დროის განმავლობაში, ისინი ერთხელაც არ შეხვედრიან ერთმანეთს.

მისი სილამაზეც თაყვანისმცემლების შექმნილია . . .

ფილმებში, სპექტაკლებში, წიგნებში ყველგან ულამაზესი და მომხიბვლელია, არც სინამდვილეში იყო მახინჯი, თუმცა არა ისეთი, როგორსაც წარმოვიდგენთ, დაახლოებით 40 წლამდე, ფუმფულა, ჭაღარა შეპარული ქალბატონი გახლდათ.

ელისაბედის გარშემოც უამრავი საყვარელი ირეოდა, მაგრამ მათ ანგარება ამოძრავებდათ ქალწული დედოფლისადმი და მხოლოდ გამორჩენის მიზნით ეტრფოდნენ მას.

რატომ ასეთი კონტრასტი? იქნებ იმიტომ, რომ მსხვერპლი ყოველთვის ლამაზია, მომხიბვლელია, რაც არ უნდა ცუდი იყოს და შეიძლება სინამდვილეში ცუდიც იყოს და ბოროტიც, მსხვერპლი ყველას გვეცოდება, ყველა მხარს ვუჭერთ და ვცდილობთ სადღაც ღობე–ღობე მისი გამამართლებელი საშუალებები ვეძებოთ.

ელისაბედისთვის არ იყო ადვილი სამეფო სისხლის დაღვრა, დედოფლის დასჯა, არც პიესაში და არც სინამდვილეში. იგი დიდ ხანს ფიქრობდა დაესაჯა თუ არა შოტლანდიის დედოფალი, მართალია ჩვენ, მაყურებლები ამას მხოლოდ სამი საათი ველოდით, მაგრამ ისტორიულად ეს ლოდინი თითქმის 20 წელი გაგრძელდა.

სიტუაცია დაიძაბა, რელიგიურ–პოლიტიკურ ნიადაგზე, პროტესტანტების და კათოლიკეების შუღლი პიკს უახლოვდებოდა, კათოლიკურ სამყაროს მარიამ სტიუარტის ხილვა სურდა სამეფო ტახტზე, საშიშროება იყო, რომ პაპი საფრანგეთს და ესპანეთს მოუქსევდა, ამ ამბავს ისიც ამძაფრებდა, რომ მარიამი დედით ფრანგი იყო, საფრანგეთში გაიზარდა, როგორც ნამდვილი კათოლიკე და მხარდაჭერის დიდი იმედი ჰქონდა.

აკი რამდენჯერმე ჩაიშალა კიდეც, მათ მიერ დაგეგმილი შეთქმულება ელისაბედის წინააღმდეგ.

ქვეყანაში არსებულმა მდგომარეობამ პიკს მიაღწია, ელისაბედი იძულებული შეიქნა მძიმე გადაწყვეტილება მიეღო.

კათოლიკურმა შეთქმულებებმა და კათოლიკური ქვეყნებიდან წამოსულმა საშიშროებამ, ხალხის შეხედულებებიც შეცვალა; მათთვის ყველაფერი კათოლიკური ინგლისის მტერი იყო. სწორედ ეს სიძულვილი ყოველივე კათოლიკურისადმი მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალად იქცა სამომავლოდ.

განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილი . . .

პ.ს.

პიესა ელისაბედის ტრაგედიით მთავრდება. შოტლანდიის დედოფალი ამაყად, თავაწეული მიემართება ეშაფოტისკენ, გარშემოტყმული თვალცრემლიანი. ერთგული და მოსიყვარულე მეგობრებით . . . და იმედით, რომ მისი შვილი, ელისაბედის გარდაცვალების შემდეგ დაიდგამს ორივე გვირგვინს . . .

ელისაბედი კი რჩება მარტო, მას ის ადამიანებიც მიატოვებენ, რომლებიც მართლაც ერთგულად ემსახურებოდნენ ბოლომდე.