Posted in აქეთური იქეთური, კულინარიული ამბები

სოფია მელნიკოვას ფა(ნ)ჩრიანი დუქანი

ჩვენს ქვეყანაში კარგი საკვების და კარგი მომსახურების ერთად ნახვა ისეთი რამეა ქუდბედიანებსაც რომ არ უმართლებთ.

ხდება ხოლმე რომ რაღაც ადგილს ამოიჩემებ ხან მეგობრის ხათრით, ხან “მოდი აქვე ვართ და შევირბინოთ”, ხან “ნორმალური საკვების” ხათრით, ერთი სიტყვით, ასე და ამგვარად ასეთი ამოჩემებული ადგილი სოფია მელნიკოვას დუქანი აღმოჩნდა.

დუქანში უფრო ზაფხულობით დავდიოდით, ხან ტალავერის ქვეშ ვისხედით, ხანაც ვარდებიანი ბაღში ლიტერატურის მუზეუმის ეზოში და მშვიდად ველოდებოდით მიმტანების მოწყალებას საათობით. თუმცა, ამ სასიამოვნო გარემოს მიუხედავად, მაშინაც რამდენჯერმე მივეცით შენიშვნა (პოსტიც კი დავწერე) მიმტანების გაბრაზებულ სახეებთან, სიზანტესთან და გულმავიწყობასთან დაკავშირებით. მიმტანები ხან ჩვენთვის უხილავ სივრცეში იკარგებოდნენ, ხან შეკვეთის გატარება ავიწყდებოდათ და 1 საათის შემდეგ აღმოჩნდებოდა რომ სულ არ შეუკვეთავთ შენი კერძი, ხან კიდევ ერთის ნაცვლად მეორე კერძი მოჰქონდათ, ჩაწერას ხომ ვერასოდეს დააყენეს საშველი.

დუქანში საუკეთესოს თუ არა ერთ-ერთ საუკეთესო ხინკალს ამზადებდნენ, ერთხელაც მოხდა ისე რომ იმ გემრიელი ხინკლის შემქმნელი დროებით შეცვალეს და ერთი-ორჯერ სტუმრობის შემდეგ რომ ხინკლის ფაზლი მოგვართვეს, მელნიკოვა დროებით დავივიწყეთ.

ამასობაში, დუქანის გასტრონომიული კრეატივი უფრო განვითარდა და ხინკლის ფაზლის შემდეგ, მომგებიანი ხინკალი შესთავაზეს მომხმარებელს, მოგება არც მეტი და არც ნაკლები, ჩახვეულ-ჩაღვლარჭნილი დალალი აღმოჩნდა.

ჩემი მეგობარი აღმოჩნდა ასეთი იღბლიანი, სულ ახლომახლო სამეგობრო წრეში, სამი მოგება დაფიქსირდა.

ვინც ვერ მოვიგეთ, გადავწყვიტეთ კიდევ გვეცადა, ის კი გვითხრეს მზარეული ძველი დააბრუნეს და მოგების შანსი არ გაქვთო, მაგრამ არ შევეპუეთ და კიდევ ვესტუმრეთ მელნიკოვას. ❤

არც ამჯერად გამიმართლა, ისევ ჩემმა მეგობარმა მოიგო, ასე 15-20 სანტიმეტრის სიგრძის თმა , ხოლო ჩემმა დამ ატმის წვენი მთელი ხუთი ჭიანჭველით. ბედი არ გინდა კაცო?!

თმის შესახებ მიმტანს ვაცნობეთ, მიმტანმა გაიღიმა, ნწ, ნწ, თავი გადააიქნია და ჩეკი სრულად მოგვიტანა.

ჰო, აქვე დამავიწყდა მეთქვა რომ ხინკალს ერთი საათი და ორმოცი წუთი ველოდეთ.

ჩვენს ქვეყანაში არსებობს თუ არა ვინმე ან რამე, რომელიც სარესტორნო სტანდარტებს ან/და ხარისხს ამოწმებს სიმართლე გითხრათ არ ვიცი. მელნიკოვას დუქანი არც თუ ისე პატარა ადგილია, მაგიდები დგას დარბაზში, ტალავერში და მუზეუმის ეზოშიც, მიუხედავად სიდიდისა ისეთი პატარა სამზარეულო აქვთ, თაგვი კუდს ვერ მოიქნევს, თუმცა ამაყად დადიან კატები. სამზარეულოს კარი, რომელიც პირდაპირ ეზოში გადის მუდმივად ღიაა, შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ არ აქვთ გამწოვი და ეზოს მტვერის და კატების შესვლის ხარჯზე ანიავებენ სამზარეულოს.

აქვე არსებობს ასეთი სარესტორნო სტანდარტიც, რომ სამზარეულოდან, სამზარეულოს უნიფორმით მზარეული გარეთ არ უნდა გამოვიდეს, თუმცა ეს წესიც ირღვევა: მოსაწევად, შესვენებისთვის თუ მზესუმზირის საკნატუნოდ უნიფორმაში გამოწყობილი მელნიკოვას მზარეულები ხშირად დაგვხდებიან ლიტერატურის მუზეუმის ეზოში, სკამზე ფეხმორთხმულები.

და სხვა თუ არაფერი, გუშინ იმ მაგიდასთან ვისხედით ექვსი ადამიანი, რომელთაც ლომის თუ არა წინწკლებიანი ლეოპარდის წილი მაინც შევიტანეთ ამ “ზაბიგალოვკის” პიარში და მინიმუმ ყურად უნდა ეღოთ ის რჩევები თუ პრეტენზიები რომლებსაც იგებდნენ ჩვენგან თუ სხვა მომხმარებლებისგან.

ძალიან გული დაგვწყდა და გვეწყინა.

Posted in კულინარიული ამბები

მელნიკოვას დუქანი

დღეს ვიყავი კინოჩვენებაზე, რომელიც არ აჩვენეს.

სამაგიეროდ ჩემს უკან ორი გოგონა საუბრობდა, არ მოვისმენდი, უბრალოდ საინტერესო ტეგები წამოვიდა, დუქანი, სოფია და დავცქვიტე ყურები.

“- გოგო იქ წავიდეთ ამის მერე, სოფიას დუქანში

– და რაღაც გვარიც რომ არის?

– გვარი ვერ გავიხსენე, გრძელი გვარი აქვს რაღაც, რუსული

– და ეგ მართლა დუქანია?

– არა გოგო, აი როგორი პონტია იციი, ვითომ განსხვავებულები ვაართ, დევს ძველი რაღაცეები, ვითომ განსაკუთრებული, ინტერიერი დიდი არაფერი, ერთმანეთს არ უხდება არაფერი, დგას რაღაც წითელი ტახტი . .. .  მოკლედ არის რა

– და ხინკლის ჭამა მოსულა მანდ?

– ჰო აბა რა, მერე გოგო ხალხიც რაღაცნაირად ვითომ განსხვავებული დადის, სხვანაირად ჩაცმულები, ფერად-ფერადი . . .

და წავიდნენ

 

იმ გოგოების არ ვიცი მაგრამ მე ინტერიერი ძალიან მომწონს, კერძებიც და ფასებიც, მხოლოდ გაბრაზებულ ოფიციანტებს ვიწუნებ 🙂 🙂

გ ა ი ღ  ი მ ე თ   

 

ჰექსეს ფოტო

 

Posted in კულინარიული ამბები

დივანის კრეაწივი

დივანში რამდენჯერმე დავჩექინდი, რომელიც გუშინდელ დღემდე ხმაურით, მაღალი ფასებით, შეკვეთილი კერძის დაგვიანებით და საკვებთან არაპროპორციული ფასით მაოცებდა. გუშინ კი ახალმა მენიუმ გამაოცა 🙂

“თუ მძიმე შრომამ გაგასავათა,

მიირთვი ქათმის ღვიძლის სალათა.”

Continue reading “დივანის კრეაწივი”

Posted in კულინარიული ამბები, საზოგადოება

დაბადების დღე და

“ბლოგერი ლომის ხახაში მტერი ჩავარდაო” – ანდაზასავით

დაბადების დღის, ისევე როგორც სხვა მოვლენების აღსანიშნავი სუფრის უცნაური ტრადიციები გვაქვს, რომელთა შემორღვევასაც მეტ–ნაკლებად ვცდილობ ხოლმე.  ბევრი ხალხი, ბევრი ხმაური, თვალუწვდენელი და მრავალსართულიან–პენტჰაუზიანი სუფრა და ა.შ.

დაიწყებ უახლოესი ადამიანების ჩამოთვლას და მინიმუმ 50–60 ადამიანამდე უკაკუნებს შენს დაბადების დღეზე მოსაწვევ ადამიანთა ნუსხა. მაგრამ ნუ ფიქრობთ რომ ეს ის ადამიანები არიან რომელთანაც ყოველდღიური ურთიერთობა მიწევს, ჰა ჰა მაქსიმუმ დაბადების დღეებზე ვნახო, ქორწილებში და პანაშვიდებზე და მსგავს საზოგადოებრივ ივენთებზე, თუმცა მაინც არსებობს იმის ვალდებულბა, რომ თუ აღნიშნავ დაბადების დღეს ეს ადამიანებიც აუცილებლად უნდა ესწრებოდნენ ამ ამბავს.  მეჯვარე, ნათლული, იმის ქმარი, ამის ცოლი, იმის და ამის ის, იმის ეს და ა.შ. ულევად.

მოუცლელობის და უდროობის გამო (ამ სიტყვას აქ ხშირად ვახსენებ), კერძების სახლში მომზადება აბსოლუტურად მოუხერხებელია (მე შენ გეტყვი და ტორტზე და ჩაიზე გადაატარებ თუ რა), ხოლო რაც შეეხება რესტორნის და კაფე–ბარის სიამტკბილობას, აქ მნიშვნელოვნად იწეწება ადამიანი. ასე და ამგვარად, ყველაზე მინიმუმ 30 ლარი რომ ვიანგარიშოთ ერთ ადამიანზე, 50 ადამიანი უკვე 1500 ლარი გამოდის, თან გაითვალისწინეთ რომ აქ არ შედის ალკოჰოლური სასმელი და სადღესასწაულო ტორტი.  ესე იგი ხარჯები, დაახლოებით 2000 ლარს მიუკაკუნებს.

მე კიდევ 2000 ლარის უნიტაზში ჩარეცხვა ძალიან ძალიან მენანება 

წარმოიდგინეთ რამდენი რამის გაკეთება შეიძლება ამ ფულით, იმოგზაურებ, შენთვის სასურველ ნივთს იყიდი, ისწავლი და ა.შ.

პ.ს. ასეთი დანაზოგით სულ ახლახანს ფოტოაპარატი ვიყიდე, 3000 ლარი ჩავახუტე. მშვენიერი საჩუქარია დაბადების დღისთვის, ვერაფერს იტყვი.

23.07.2012 

ასევე ბოლო რამდენიმე წელია, სამსახურის, უდროობის და მოუცლელობის გამო ჩემი დაბადების დღის აღნიშვნა, როგორც წესი აბსოლუტურად დაუგეგმავია, არ ვიცი საერთოდ მეცლება თუ არა იმ დღეს, არ ვიცი როდის მეცლება, სად, რატომ და რისთვის.

დღე ან წინა დღეებიც იწყება ტრადიციული კითხვებით, რას აპირებ? სად ვქეიფობთ საღამოს? არ აღნიშნავ? და ა.შ. შეიძლება ითქვას”არ თხოვდების” კატეგორიაში გადის ეს კითხვებიც, რაც ერთმნიშვნელოვნად გამაღიზიანებელია, ასევე გამაღიზიანებელია როდესაც, როგორც იქნა სადღაც ახერხებ შესვლას, ვიღაც გირეკავს, გილოცავს და ააა აღნიშნავ, ააა ქეიფობ? და ა.შ.

გუშინდელი დღეც არაფრით იყო გამორჩეული, მთელი დღე ვთარგმნიდი, საღამოს ორი შეხვედრა იყო დაგეგმილი, თითქმის თანადროულად, როგორც არ იყო, ორივეზე მოვახერხეთ დასწრება და სადღაც ცხრისკენ გავთავისუფლდით.

ბევრი არ მიფიქრია, პერო გავირჭეთ და მივედით ფიდელში, კუბური ბარია ასეთი, ქიაჩელზე . . .

შევუკვეთეთ . . .

არაფერი განსაკუთრებული, მთელი დღის მოშიებულ და დაღლილ ხალხს ჩვეულებრივი საჭმელი გვინდოდა, პიცა, ხაჭაპური, სალათები, კარტოფილი . . .

გადის ერთი საათი, რა თქმა უნდა ჭუკჭუკში და ჰორიზონტზეც არ ჩანს ჩვენი შეკვეთის არცერთი კომპონენტი.

როგორც იქნა რაღაც მოვიდა . . .

ამის შემდეგ 25–20–30 წუთიანი ინტერვალებით შემდგომი საათნახევრის განმავლობაში მოდიოდა სხვა კომპონენტებიც.

ამასობაში ირკვევა რომ ის მიმტანი რომელიც მიმტანია, სინამდვილეში მიმტანი არ არის.

ისიც ირკვევა რომ მზარეული რომელიც მზარეულობს მზარეული არ არის.

და ისიც რომ ბარი სულ არ უნდა იყოს ახლა ღია, უბრალოდ ახლობლების ხათრით გააღეს და ჩვენც უარი ვერ გვითხრეს იმიტომ რომ ნაცნობ–ახლობლები ვიყავით.

შეკვეთის კომპონენტების ავკარგიანობას შეგნებულად არ ვახასიათებ, თითქმის ყველაფერი ექსპერიმენტულ ხასიათს ატარებდა, მართალია ძალიან მოინდომეს (აღსანიშნავია), მაგრამ სამწუხაროდ სრული FAIL იყო.

მაგრამ ყველაზე დიდი FAIL იყო ის რომ ამ FAIL–ში გადავიხადეთ ზუსტად ის თანხა, რაც გადასახდელი იქნებოდა იმ შემთხვევაში თუ კი შეკვეთას გონივრულ დროში მოიტანდნენ და შეკვეთის კომპონენტებიც შესაბამისი ხარისხის, გემოს და ზომა–წონის იქნებოდა.

კოქტეილების შეკვეთა აღარც მიფიქრია, დავხედე რა მეგრულ ხაჭაპურს,  გამანადგურებელი ქიმიური რეაქციების შემეშინდა 😀

ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ბიზნეს მეიქერები არ არიან ლოიალურები მომხმარებლის მიმართ, არ ზრუნავენ მათზე. ასეთი ფეილის შემდეგ მინიმუმ სასმელით უნდა გაგვმასპინძლებოდნენ და მაქსიმუმ ფასდაკლება გაეკეთებინათ.

ANYWAY მადლობა ორიგინალური დაბადების დღისთვის 🙂 რაც მთავარია ხომ მოინდომეს 🙂

ისიც მართალია ადგილზე ბღავილი არ ვიცი, თუმცა სამაგიეროდ კლავიატურის ლომი ვარ და ვწერ 😀 ეს კი ადგილზე ბღავილზე უარესია 😀

p.s. შეიძლებოდა ეს პოსტი არ დამეწერა, მაგრამ ტეხავს, მე ხომ ობიექტური ვარ და ყველაფერი უნდა აღვნიშნო, ნაცნობი იქნება ეს თუ უცნობი 😀

Posted in კულინარიული ამბები, Photography, Travelling

ჩინთის პური

გზად ხევსურეთისკენ, სოფელ ჩინთში გავჩერდით, ცოტა შევისვენეთ, სანამ ქალბატონი მაყვალა ჩვენთვის ცხელ–ცხელ, უგემრიელეს ჩინთის ლავაშებს გამოაცხობდა . 🙂

სოფელი ჩინთი

სამოგზაუროდ წამოსული ტურისტების უმრავლესობა სწორედ აქ ჩერდება და ყიდულობს პურს, ამიტომ თონე ყოველთვის ცხელია და ცომი ყოველთვის მზად, რათა დიდხანს ლოდინი არავის მოუწიოს.

ცომის გუნდები

როგორც ქალბატონმა მაყვალამ მითხრა, ტურისტები ფოტოებს ხშირად უღებენ, ამიტომ ჩემი მითითებების გარეშე, სწრაფ რეჟიმში გაიმეორა ყველა მოქმედება, რასაც პურის ცხობის დროს აკეთებს 😀

ამიტომ ახლად გამომცხვარი პური სასწრაფოდ ისევ ღუმელში შეაბრუნა ფოტოს გადასაღებად 🙂 🙂
დიახ, დიახ სპეციალურად ჩვენთვის 🙂

და ჩვენი პურიც გამოცხვა ამასობაში 🙂
Posted in კულინარიული ამბები, საზოგადოება

ტროლინგი შარდენზე

Lobby Bar–ში საღამოს შევდივართ ორნი, საფერფლეზე ოდნავ დიდი მაგიდის გარშემო ვსხდებით და ვუკვეთავთ ერთ ამერიკანოს და ერთ რედბულს, მიმტანმა ჩაინიშნა და ციმციმ მოარბენინა შეკვეთილი. ცოტა ხნის შემდეგ, მეგობარმა ანგარიში მოითხოვა; მიმტანმა კვლავ ციმციმ ორი ჩეკი მოგვიტანა პატარა თეფშით და მაგიდაზე დაგვიდო, მეგობარმა დახედა თანხას, ხსნის საფულეს და იხდის, მეც შევხედე ჩეკს და გაოგნებისგან თვალები გამიფართოვდა, საბოლოო თანხა 29,30 ეწერა. ავიღე ჩეკი, დავხედე – 2 კაპუჩინო გქვონდა მოწერილი. მიმტანს კვლავ ვუხმე, მაგიდისკენ მივუთითე და ვუთხარი რომ კაპუჩინო არ შეგვიკვეთავს. მან ბოდიში მოგვიხადა, წავიდა და ისევ, ორი ახალი ჩეკით დაბრუნდა; მაინც კიდევ დავხედე ჩეკს და ახლა 22 ლარი ეწერა, 1 რედბული (7ლ), 1 ამერიკანო (6 ლ) და 1 კაპუჩინო (7ლ) პლუს 20% მომსახურება (!). ახლა უკვე ვიკადრე ადგომა 😀 და მივედი ბართან, მოლარესთან, სადაც კიდევ ერთხელ ვუხსნი რომ, ჩვენ კაპუჩინო არ შეგვიკეთავს.

მიმტანი ისევ დაბრუნდა ორი ჩეკით, სადაც ეწერა 1 რედბული (7ლ), 1 ამერიკანო (6 ლ) და მომსახურება ახლა უკვე 10% 😀

საბოლოოდ 29,30 ნაცვლად გადავიხადეთ 14,30 , ანუ 15 ლარით ნაკლები 😀

მიმტანმა მოგვიბოდიშა “უკაცრავად, მოლარე გადაღლილია”

გადაღლილი მოლარე, 1 იანვრის საღამოს, სადაც ბარში შესვლისას მხოლოდ ერთ მაგიდასთან ისხდნენ სტუმრები, არგუმენტი ვერ იქნება. უნებლიე შეცდომასაც გამოვრიცხავ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩეკი სამჯერ ამოარტყა ახალ, GPRS სალარო აპარატზე, პლუს აწარმოა შიდა აღრიცხვის ჩეკი, აქედან ორი შეცდომით, რომელიც სათითაოდ უნდა გააუქმოს, თითოეულისთვის შეადგინოს სპეციალური გაუქმების აქტი და შეინახოს.

ახლა წარმოიდგინეთ, როდესაც ბევრი ადამიანი შედის და უფრო ბევრს უკვეთავს იქ რა ხდება 🙂  მოტყუებაც არის და მოტყუებაც, მეორე იმდენს ვიხდიდით ფაქტობრივად.

ან შეიძლება ასეთი ჩეკიც მოგართვან: 1 ყავა, 1 ლუდი და ამ თვის ქირა 😀

ასე რომ სანამ გადაიხდით მაინც დახედეთ ჩეკს, რა იცით რა ხდება.  

პ.ს. ჩეკი დახურულად რომ მოეტანათ, ამას ალბათ ვერ გავიგებდით 🙂

––––––

22 ლარის GPRS ჩეკი 

14,30 ბოლო ჩეკი 

Posted in კულინარიული ამბები, History

ფრანგული ვინეგრეტი და საბჭოთა ოლივიე

ვინეგრეტი ოლივიეა თუ ოლივიე არის ვინეგრეტი?

არც ერთი და არც მეორე, ვინეგრეტიც სალათაა და ოლივიეც, როგორც წესი, ორივე დღესასწაულებს უკავშირდება, განსაკუთრებით კი, საბჭოთა კავშირის პერიოდშიც და ახლაც 7 ნოემბერთან და ახალ წელთან ასოცირდება.

თუმცა სალათა, რომელსაც აქტიურად ვამზადებთ ყოველ ახალ წელს ვინეგრეტი ნამდვილად არ არის, ის ოლივიეა.

მივყვეთ ისტორიას . . .

ვინეგრეტი (Vinaigrette) vinaigre (ძმარი), ეს არის ფრანგული საკმაზი, რომელიც მზადდება ზეთისხლის ზეთის და ძმრისგან, ზოგჯერ სხვადასხვა სანელებლების დამატებით. გამოიყენება სხვადასხვა კერძის შესაკმაზად, მათ შორის (!) სალათებისთვის.

ჩვენთვის ცნობილი სალათა “ვინეგრეტი”–ს საკმაზიც ეს იყო (არის) თავდაპირველად, თუმცა ამბავი, რომ სალათა რუსული წარმოშობისაა, მცდარია, სხვადასხვა წყარო მიუთითებს, რომ სალათა გერმანულ ან სკანდინავიურ სამზარეულოს მიეკუთვნება.

სამი მთავარი რამ განასხვავებს სალათა”ვინეგრეტ”–ს “ოლივიე”–სგან, ეს არის ჭარხალი, კიტრის პიკული და ფრანგული საკმაზი ვინეგრეტი (არა მაიონეზი!), სხვა დანარჩენი ინგრედიენტი, გემოვნების და დროის ცვალებადობას მოხერხებულად უწყობს ფეხს.

ერთი მინიშნება ვინეგრეტის მომზადებისას: სალათა მთლიანად რომ არ გაწითლდეს ჭარხლით, ზეთით და ძმრით ჯერ ჭარხალი შეაზავეთ და შემდეგ შეურიეთ დანარჩენ ინგრედიენტებს, ამგვარად თქვენს სუფრას დაამშვენებს ფერად–ფერადი სალათა.

რაც შეეხება “ოლივიე”–ს (Potato salad, Russian Salad, Olivier) ამ უცვლელ და ტრადიციულ სალათას, ფრანგ მზარეულს ლუსიენ ოლივიეს უნდა ვუმადლოდეთ, რომელიც რუსეთში მოღვაწეობდა 1860–იან წლებში, კერძოდ კი იგიგახლდათ რესტორან “ერმიტაჟი”–ს შეფ–მზარეული.

დღეისთვის, ოლივიეს დროინდელმა ოლივიემ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა, თუმცა ძირითადი ინგრედიენტები, მათ შორის სახასიათო – მაიონეზი უცვლელად დარჩა.

ამბობენ, რომ პირველად, სალათა “ოლივიე”–ს რეცეპტი გამოქვეყნდა ალექსანდროვას კულინარიულ წიგნში, მაგრამ როგორც ლაივჟურნალის ერთ–ერთ ბლოგზე არის მითითებული, პრეტენზია პუბლიკაციის პირველობაზე ამ წიგნს ვერ ექნება, რადგან კულინარიული წიგნის ავტორი 11 წლის იყო, როდესაც დიდი შეფ–მზარეული გარდაიცვალა.

 ჟურნალი “Наша Пища”, № 5, 1894წ.

(ამ დროიდან ჟურნალის თანაავტორი არის ალექსანდროვა)

შეკითხვა #279 როგორ მოვამზადოთ ოლივიე?

 

 პასუხი მომდევნო, № 6 ჟურნალში

და ასევე დამატებით პასუხი გასცეს № 10 ჟურნალში

 მაშ ასე, ძველი და თავდაპირველი რეცეპტის ინგრედიენტები ასე გამოიყურება:

– კაკაბის ხორცი

– კვერცხი

– კარტოფილი

– კიტრი (ახალი!)

– სალათის ფურცელი

– პროვანსალი (მაიონეზი)

– კიბოს ჩხირები

– კაპერსი

– ზეთისხილი

მნიშვნელოვანია, რომ ოლივიე მოამზადოთ ახალი კიტრით და არა პიკულით, სხვა გემოა და სხვა სიცოცხლეა, სალათის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი სახასიათო ნაწილი კი ხორცია, ეს იქნება ფრინველის თუ საქონლის, სურვილსამებრ.

საბჭოთა პერიოდის “ოლივიე” უკვე მნიშვნელოვნად სახეშეცვლილია, მისი მთავარი ინგრედიენტებია ქათმის ხორცი ან ძეხვი,  კარტოფილი, კვერცხი, კიტრის პიკული, ბარდა (რომელიც აქამდე არ გვიხსენებია).

«რევოლუციამდელი რეცეპტი

«საბჭოთა»
რეცეპტი

კაკაბი ძეხვი
კიბოს ჩხირები მოხარშული სტაფილო
ახალი კიტრი კიტრის პიკული
ზეთისხილი და კაპერსი ბარდა

როგორც ჩანს ოლივიეს ოლივიე ზედმეტი ფუფუნება იყო საბჭოთა ოჯახში, კაკაბი ძეხვმა ჩაანაცვლა, კიბოს ჩხირები მოხარშულმა სტაფილომ, ზეთისხილი და კაპერსი ბარდამ, ანუ ის ინგრედიენტები რაც გაცილებით იაფი და ადვილი საშოვნელია.

თუმცა ცვლილებებმა სტარტი ჯერ კიდევ ლუსიე ოლივიეს სიცოცხლეში აიღო, როდესაც  დამხმარე მზარეული ივან ივანოვი, როგორც კი შეფ–მზარეული გარეთ დაიგულა, შეიპარა მის განმარტოებულ სამზარეულოში, დააკვირდა მიზანპლასს, შემდეგ დატოვა რესტორანი “ერმიტაჟი” და სამუშაოდ გადავიდა რესტორან “მასკვა”–ში, სადაც ამზადებდა მსგავს სალათს, სახელწოდებით “დედაქალაქური” (Capital Salad – Stolichny);

რა თქმა უნდა ეს არ იყო ის, რასაც დიდი შეფ–მზარეული ამზადებდა, ეს არ იყო ის საფირმო კერძი, რომელსაც უამრავი ადამიანი სიამოვნებით მიირთმევდა, ამზადებდა და დღემდე ამზადებს ახლა უკვე სადღესასწაულო სუფრებისთვის, არადა არაფერი განსაკუთრებული, სალათს უბრალოდ მწიკვი ფრანგული შარმი აკლდა.

კაკაბი და ფრანგული შარმის რა მოგახსენოთ, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდები ძველი რეცეპტით შევხვდე ახალ წელს. 🙂

პ.ს. სალათა “ოლივიე”–ს მომზადების ორიგინალურ წესებს რატატუის ბლოგზე შემოგთავაზებთ, რომელმაც არც თუ უსაფუძვლოდ წლის ყველაზე გემრიელი ბლოგის სტატუსი შეახრამუნა.  😉

UPDATE: 1894 წლის ოლივიე სულგუნის ფირფიტებში

Posted in კულინარიული ამბები

ოპერაცია ”ჩიხირთმა”

რამდენიმე ხნის წინ დავწერე პოსტი, რესტორანზე ”შემოიხედე გენაცვალე”, ამის შემდეგ წესით მე ამ რესტორანში ფეხი აღარ უნდა შემედგა, მაგრამ მეგობრებს ხათრი ვერ გავუტეხე, და შევედით, ოღონდ ამჯერად ჭავჭავაძის ფილიალში. წინა გამოცდილებიდან, ანუ მეორადი ხინკლის და მწვადის თავიდან ასაცილებლად, მივმართე ოპერაცია ”ჩიხირთმას”, Continue reading “ოპერაცია ”ჩიხირთმა””

Posted in კულინარიული ამბები, საზოგადოება

ღვინის ფესტივალი – 2011

დღეს თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღვინის ფესტივალი გაიმართა უკვე მეორედ. ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ გლეხები (ოჯახური ღვინოები) და ადგილობრივი მწარმოებლები. ღვინის კლუბის ინფორმაციით, ვიდრე ფესტივალზე მოხვდებოდა მათ მიერ წარმოდგენილი ღვინოები ღვინის კლუბის წევრების შიდა დეგუსტაცია გაიარეს და ფესტივალზე მხოლოდ ის ღვინოები დაიშვა, რომელიც აკმაყოფილებდა ხარისხის ზოგად კრიტერიუმებს.

შიდა დეგუსტაციაზე ღვინის კლუბელების მიერ სულ შეირჩა 31 მეღვინის მიერ დაყენებული ღვინის 40 ნიმუში. აქედან, კახეთის რეგიონიდან წარმოდგენილია 24 ნიმუში, ქართლიდან – 6, გურია და იმერეთიდან 4-4, ლეჩხუმიდან კი ორი ეგზემპლარი.  ( იხ. მეტი)

ზოგადად მაქვს რაღაც შენიშვნები ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ კი შეიძლებოდა ხალხური რეწვის ნიმუშების პარალელური გამოფენა-გაყიდვა (მხოლოდ ერთ ადგილას შევნიშნე თიხის დოქები და ქოთნები), სამზარეულოს ნაწილს რაც შეეხება ჯობდა ან საერთოდ არ წარმოედგინათ ან უფრო ორგანიზებული ყოფილიყო, და არა ერთი პატარა ყუთით სახლში გამომცხვარი ხაჭაპურები ამოეტანა, რომელის პლასტმასის თეფშის ოდენა 5 ლარი ღირდა. მწვადი ორ-სამ მაყალზე იყო, ერთი შამფური 8 ლარი ღირდა, თავად უნდა შეგეწვა და N რაოდენობის ხალხი ეხვეოდა, იყიდებოდა ასევე ყველი და პური, ბოლოს ყველი დამთავრდა და დარჩა მარტო პური 😀

ვერც ფეხიანი ჭიქები ვიყიდეთ, ასე გვითხრეს მხოლოდ მოწვეულ სტუმრებს აქვთ ამ ჭიქების ყიდვის უფლებაო 😀 That was Epic! 😀

სტუმრები მრავლად ეწვივნენ ღვინის ფესტივალს, მათ შორის უცხოელი სტუმრებიც. კარგი იქნება თუ ხშირად გაიმართება მსგავსი ფესტივალები, იქნებ კომბინაციურიც, მაგალითად ყველის ფესტივალთან ერთად და თანდათან უფრო დახვეწავთ ასეთ ორგანიზაციულ ნიუანსებს.

ფოტოები ფესტივალიდან

ჩემი ფავორიტი ღვინო 🙂 Made by Jakeli  

Posted in კულინარიული ამბები

მეორადი ხინკალი, მწვადი, ცეცხლი და ნავთი

როგორც მოგეხსენებათ ჭამა ჩვენს ქვეყანაში, სექსის შემდეგ მეტად პრიორიტეტულია საკითხია, პირველი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, მეორე კი კერძო, ჩვენც გვიყვარს ჭამა, უცხოსაც ვთავაზობთ, თუ ვაყვარებთ, თუ ვტენით, არ უნდათ მაგრამ მასპინძელი სახეებით მაინც ვტენით. ჭამას, როგორც წესი წინ შიმშილი უსწრებს, ”ისე რა” შიმშილის დროს აიტან და დაელოდები პარკინგის ადგილს, ან განაგრძობ ძებნას ან მიხვალ შენთვის საყვარელ და სანდო ადგილას. მაგრამ ძლიერი, წერტილოვანი და შეტევითი ხასიათის შიმშილის დროს ასე არ ხდება. პარკინგის ადგილის არარსებობისას შეიძლება შენზე პატარა მანქანას ზემოდან გადაუარო, სულაც არ გაჩერდე, არ დაელოდო და რომელიმე ახლოს მდებარე ასე თუ ისე ცნობილ თუ სანდო რესტორანს მიადგე. ისე გშია, რომ სულაც არ გიკვირს რომ საღამოს რესტორნების პიკის საათებში, უზარმაზარ პარკინგზე სულ ორიოდე მანქანა დგას, მუდამ გადატვირთულ და უადგილო რესტორანში შესულს არც ის არ გიკვირს რომ მხოლოდ რამოდენიმე ადგილია დაკავებული და დანარჩენი ჰა ხინკალი და ჰა მოედანი, თითქოს რესტორანი გვეუბნებოდა, მოდით, შემოიხედეთ ხალხოო, სულ თქვენი არ ვარო! შევიხედეთ! წინასწარ გონებრივად შემზადებული ვარ რომ აქ, როგორც ყოველთვის, დიდი ხანი მომიწევს ლოდინი, მინიმუმ 20-30 წუთი მაინც. მთელი დღის მომუშავეთა და მოშიმშილეთა შეკვეთა ასე გამოიყურებოდა: 20 ხინკალი, 1 მწვადი, 1 ყველიანი ჩებურეკი, ცეცხლი და ნავთი. დავსხედით, დავდეთ ჩანთები, გავიდა ჩემი დაქალი ხელის დასაბანად, შემოვიდა და ეს ყველაფერი მყისიერად მოიტანეს და დააწყეს მაგიდაზე. ”ვააჰ, ასე მალე” – აღმომხდა ძალიან გაკვირვებულს. 5 წუთში შეკვეთა მოეტანოთ, მსგავს რამეს არ მოვსწრებივარ არცერთ რესტორანში, კარგად გვესმის ალბათ როგორი საკვები შეიძლება მოიტანონ 5 წუთში, სალათები, ყველეული, მწნილი და ა.შ. ცივი კატეგორიის საჭმელები. დადებიდან 2 წუთში ხინკალს ოხშივარი გაუქრა, გაცივდა, არ ჰგავდა ის ახალგაკეთებულ, ახალმოხარშულ, ლაპლაპა ხინკალს . . . . მწვადი! გახიკინებული, გამომშრალი, თითქმის დამწვარი, შეცხელებულ-შემოცხელებული . . . და თითქმის ცივი . . . . ამას გარდა, ახლოს ვისხედით ღია მაყალთან, სადაც მწვადი არ შემწვარა ჩვენი იქ ყოფნის განმავლობაში, არც მწვადის ჩვეული სურნელი ტრიალებდა . . . რამდენიმე ხნის წინ კიდევ ერთ დაწესებულებაში ვიყავი, სადაც სხვადასხვანაირი ხაჭაპურის ზეთზე შეცხელებული, უკვე დაჭრილი, ერთმანეთზე დალაგებული ნაჭრები მოგვიტანეს. სანამ პირადად არ ვნახე და არ შევესწარი, არ მჯეროდა, რომ საკვების შებრუნება, ჩაბრუნების პრაქტიკა აპრობირებული იყო რესტორნებში. ვის, ვის და ეს მე არ შემეშლებოდა. საქართველოს მაცხოვრებლებიც ხელს უწყობენ ამ ტენდენციას, უკვეთავენ 100 ხინკალს, მიირთმევენ 40-ს და 60 ხინკალი გამოდის რომ ხელმეორედ იყიდება! იგივე ვრცელდება სხვა საკვებზეც, მაშინ როდესაც სულ არ არის სასურველი ჯანმრთელობისთვის რომ რამდენჯერმე შემწვარი მწვადი, ხაჭაპური და ა.შ. კერძი მიირთვათ. ყოველშემთხვევაში ის მაინც გაითვალისწინეთ, რომ მწვადი შამფურით მოატანინოთ და ხაჭაპური თქვენს თვალწინ დაჭრან.

ერთი რამ კი ყველას შეგვიძლია გავაკეთოთ, პატარა უწყინარი კულინარიული აქცია: 1) ყოველთვის შევუკვეთოთ იმდენი, რამდენის ჭამაც შესაძლებელია!

2) თუ მაინც დარჩა, ვთხოვოთ რესტორანის პერსონალს, შეგვიფუთოს და თან გაგვატანოს!

პირველი აქციის შესრულება ძნელია ბევრისთვის, მაგრამ მონდომების შემთხვევაში შეიძლება ამ საკითხის გამოსწორება, მოდით ერთმანეთის ჯანმრთელობას გავუფრთხილდეთ, როგორც მინიმუმ! მეორე აქციის შესრულება უფრო ძნელია, თუმცა უკვე ვხედავ რომ ბევრი ამას აკეთებს და ტენდენციაც ვითარდება, რესტორნებსაც მოთხოვნისას აქვთ ქაღალდის პაკეტები ასეთი შემთხვევისთვის. ეს არ არის სირცხვილი! ეს მსოფლიოში აღიარებული პრაქტიკაა! სირცხვილი არის 100 ხინკლის შეკვეთა და 60-ის ადგილზე დატოვება! ზედმეტი ფულის გადაყრა, ან თქვენი შრომა არ გენანებათ? ან იმისი ვინც დაგპატიჟათ? დატოვებული ხელმეორედ იყიდება და ამ დროს კი გარეთ ვიღაც მშიერი რჩება! ან თუ ესეც გეზარებათ, ის მაინც წარმოიდგინეთ დილით შემწვარი ხინკალი როგორ გესიამოვნებათ.

პ.ს. ასე ხდება, როდესაც საყვარელ ადგილს   უღალატებ.

პ.პ.ს. მე კი გპირდებით კრიტიკულ პოსტებს, ორი ბწკარიც რომ იყოს დავწერ/აღვწერ და თქვენც მოგიწოდებთ იგივეს.

Posted in კულინარიული ამბები

როგორ ვაჭამე ჩიტებს გუფთა

მეგობარს ვიდეო გავუზიარე, თუ როგორ აკეთებს მოყვარული მზარეული მაროკოულ ცხარე ხორცის ბურთულებს (a.k.a. გუფთა/ქუფთა (სპარსულიდან)) ერთი კია ძალიან მადისამღძვრელი მომზადების პროცესია ასახული და რა გამიხდა ერთი თიხის ქვაბი არ ვიცი 😦

ჰოდა გამახსენდა, რომ ბავშვობაში ვერ ვიტანდი გუფთას.

გუფთის დღე ჩემთვის იყო ერთი დღე ჯოჯოხეთში (ისე როგორც წარმომედგინა – გუფთით სავსე ქვაბებით)

გუფთის დღე იყო ჩემ მიერ მოწყობილი სოლო კონცერტი მთელი ეზოსთვის (ბექებში დედაჩემი)
Continue reading “როგორ ვაჭამე ჩიტებს გუფთა”

Posted in კულინარიული ამბები

მე და ყავა

ვიღაცას ჭურჭლის რეცხვის დროს მოსდის აზრები, მე ჭამის დროსაც, ხოდა მოგიყვებით ისტორიებს ყავაზე.

დავიწყოთ იმით, რომ ჩემი დილა ყავით არ იწყება (რა ცუდია) და არც ფორთოხლის წვენით, დიდი ჭიქით ჩაი ან ყაყაო, თაფლი და კარაქიანი პური. ეს თუ არ მოიპოვება იმ დღეს ხაში გვაქვს ოჯახში (ამის კითხვისას ვინმეს პერომ თუ მოგიჭირათ, დაიგრგვინეთ).

თუმცა სანამ ყავას მოვწრუპავ ჩემი მემართება, შენელებული კადრივით ვარ, ნელი, ხან რა მრჩება და ხან რა მავიწყდება. როგორც კი ყავას მივირთმევ უმალ თვალი ბუდეს უბრუნდება, გული  საგულეს.

თუ ვერ მოვახერხე დალევა, მინიმუმ ორი სამი წრე უნდა დავარტყა იმ ადგილს, სადაც ჯერ კიდევ ერთი საათის ან უფრო მეტი ხნის წინ უნდა მივსულიყავი. ვაგვიანებ და ვალოდინებ სხვებს. თუ ვინმე სადმე მიმყავს ჯერ ის ცალკე მაბნევს გზის უაზრო ახსნებით, ამას ზედ დამატებული ჩემი უყავობა. ერთი სადარბაზოს ნაცვლად, მეორეში შევდივარ, ან ერთ სადარბაზოიან კორპუსში ვეძებ სადარბაზოს.

როცა მინდა რომ რომპეტროლის ბნზგსში ჩავასხა საწვავი გავცდები და ჯუჯღუნ-ჯუჯღუნით ან ძალიან მატყუარა ვისოლთან ან მატყუარა ლუკოილთან ვასხამ ხოლმე. ყველაზე მეტად ეს მიშლის ნერვებს 😦

ამას წინათ გოგოს გავაყოლე თვალი მანქანიდან და კინაღამ ბიჭი ავაკაპოტე, რა ვიცი ახლა გოგოს დავაბრალო თუ ყავას (ხო ძალიან გამომწვევად და გამორჩეულად ეცვა) ის ბიჭიც იმას უყურებდა, ჰო.

მახსოვს სკოლის მოსწავლე ვიყავი, სახლში იყვნენ დედა, მამიდა და მეზობელი ქალი მოვიდა სტუმრად. მე ყავის მოდუღება დამავალეს.

ყავა დავფქვი წიწაკის საფქვავში, სხვა ვერ ვიპოვე. არა კი გავასუფთავე. ხოდა მოვადუღე. ისინიც სხედან და მიირთმევენ, მიირთმევენ და მუსაიფობენ. ხმას არ იღებენ, არადა ტუჩებს გაუგებრად პრუწავენ :S როგორც იქნა ჩემმა ქიზიყელმა მამიდამ, ქიზიყური მოკრძალებით აღნიშნა, თამუნ რაღაც უცნაური მწარე გემო აქვს შენს ყავასო, ჰაჰაჰ ჰოდა აყვნენ სხვებიც, კი, კი აქვს, აქვსო. მეც გამოვტყდი, რომ წიწაკის საფქვავში დავფქვი. მოკლედ ახლიდან მოვადუღე რა. 🙂

თურქეთში, რომ ვიყავი დასასვენებლად იქედან ისე წამოვედი თურქული ყავა ვერ დავლიე, ნუ აი რაღაც ისე მოხდა, რომ ვერ მოვახერხეთ. არადა მაინტერესებდა როგორს ადუღებდნენ.

რაც შეეხება ფინჯან ყავაზე მუსაიფს, არყის და ღვინის არ იყოს, გააჩნია ვისთან მიირთმევ, სასიამოვნო მოსაუბრესთან ერთ ჭიქა წყალზეც კი ჩამოჯდები.

პატარა რომ ვიყავი არ მასმევდნენ შენ ჯერ პატარა ხარო 😦 არადა როგორ მინდოდა ფეხიფეხზე გადადება დიდი გოგოებივით და ყავის წრუპვა. ახლა წრუპვაზეც და ყავაზეც ნოდარ დუმბაძის მოთხრობა ზუსტად 8 საათზე მახსენდება და ვხალისობ.

მოკლედ ჩემი რჩევაა უზმოზე, ერთი ჩაის კოვზი თაფლის შემდეგ დილა ყავით დაიწყოთ. გარდა უამრავი დაავადების პრევენციული თვისებებისა (კიბო, პარკინსონის დაავადება, დეპრესია, კუნთების ტკივილი და ა.შ.) იგი აცოცხლებს, აფხიზლებს და თამამად გატარებს. ნუ როგორც მინიმუმ უაზრო ბოდიალს მაინც აცდებით.

P.S. სანამ მანქანაში ჩამიჯდებით, არ დაიზაროთ და მკითხეთ: ”ყავა დალიე უკვე?” 😉

Is the planet shaking or is it just me? 🙂

Posted in კულინარიული ამბები

სამზარეულოს წმინდა სამება

”ზოგს უყვარს ხატვა ან ბაღის მოვლა ან სარდაფში ნავების გაკეთება, ხოლო ზოგი ზღაპრულ სიამოვნებას იღებს სამზარეულოში ტრიალით, რადგან საჭმლის მომზადება ისეთივე კრეატიული და ხატოვანია, როგორც თავად ხატვის პროცესი, ხეზე მუშაობა ან მუსიკის შექმნა” – ჯულია ჩაილდი.

”ვფიქრობ რეცეპტი არის მუსიკა, რომელსაც ჭკვიანი მზარეული ყოველთვის სხვადასხვანაირად ააჟღერებს” – მადამ ბენუა

”საუკეთესო დრო წიგნზე ფიქრისთვის არის ჭურჭლის რეცხვის დრო” – აგატა კრისტი

აგატა კრისტს ვეთანხმები, უამრავი საინტერესო იდეა მომსვლია ჭურჭლის რეცხვის ან საჭმლის მომზადების დროს. თუ ამზადებ საჭმელს, ეს მონდომებით და სიყვარულით უნდა გააკეთო, მხოლოდ მაშინ გამოდის გემრიელი, თუ შენთვის ამზადებ შენს თავს უნდა სცე პატივი და თუ სხვებისთვის, ისინი იგრძნობენ, რომ შენ მათზე იზრუნე და ყველაფერი გააკეთე მათი სიამოვნებისთვის. თუ უხასიათოდ ხართ ნუ ჩამოყრით ყურებს შედით სამზარეულოში და რამე გააკეთეთ, მაგ. ხახვი დაჭერით, ცოტა ცრემლი წამოგივათ ცოტა, გულზე მოგეშვებათ და ჰოი საოცრებავ, ხახვიც დაჭრილია. გაბრაზდით ვინმეზე, გინდათ რომ ვინმეზე ჯავრი იყაროთ, წიწაკას უკიჭეთ და დამერწმუნეთ მთელს თქვენ გაბრაზებას მხოლოდ ენის წვერზე დაიკიდებთ. მთელი დღე არ გიჭამიათ, დაიღალეთ და თან მადაც არ გაქვთ, დაჭრილი, ქორფა ქინძი დაიყარეთ ხელის გულებზე და თქვენს დიდ თუ პატარა ცხვირთან მიიტანეთ, მადაც მოვა, ოღონდ თითებსაც ზედ ნუ მიაყოლებთ. სწორედ ეს გახდა მხატვარ ლინდა პოლის შთაგონების წყარო, სამხრეთულ სამზარეულოში წიწაკას, ხახვს და მწვანილეულს წმინდა სამებად მოიხსენიებენ და აი ისიც:

წმინდა სამება

LINDA PAUL WORKS

ვერ ვგუობ ადამიანს, რომელიც ამბობს: ”მე კვერცხის შეწვაც არ ვიცი”, ქათამიც ვერ წვავს კვერცხს, მხოლოდ დებს.

ჩემი რამოდენიმე პროფესიის მიუხედავად, მე მაინც მგონია რომ მოწოდებით შეფ-მზარეული ვარ (შეფობის გარეშე არ შემიძლია), ამ წმინდა ადგილისადმი სიყვარული პირველ რიგში ბებიას დამსახურებაა, მან მომამზადებინა პირველი კერძი – ლობიო ქოთანში, მეგრულად, მაშინ მე-5 კლასში ვიყავი, მახსოვს ბოსტანში გამიშვა შენ რაც მოგეწონება ის მწვანილი მოკრიფეო, მე ზოგი სუნით ზოგი ფერით შევარჩიე, შეიძლება ბალახიც გამოვაყოლე არ მახსოვს J , მაგრამ ბალახი არ იქნებოდა იქ ბებოს ძალიან მოვლილი ბოსტანი ჰქონდა (და აქვს) და შემდგომი სიყვარული გაამძაფრეს უკვე პაპამ და მამამ.

იმპროვიზაცია – ჩემი კოზირი სამზარეულოში

თუ თქვენ  არასოდეს  მოგიმზადებიათ კერძი მაშინ ცხოვრების მთავარი სიამოვნება ჯერ კიდევ წინ გაქვთ, და თუ მოამზადეთ მაგრამ ვერ ისიამოვნეთ, მაშინ ფრიგიდული ხართ ©

კადრი ფილმიდან “ცხოვრების გემო”

Posted in კულინარიული ამბები

Das ist Bier !!!!!

აუუჰ, რა მწკლარტე გემო აქვს, ფუ რა საშინელებაა, ამას როგორ დავლევ, ეს ის ფრაზები იყო რაც ლუდის შეყვარების მორიგი ცდისას აღმომხდებოდა ხოლმე; ყველა ცდა-გასინჯვა წარუმატებელი იყო, სიყვარული ვერ შედგა; უყურა, უყურა ამ საცოდაობას ჩემმა მეგობარმა (გოგო) და ერთ დღესაც მითხრა: ”ლუდი არ უნდა გასინჯო, ლუდი უნდა დალიო!!!” და დავლიე, დავლიე და შემიყვარდა და თან როგორ, ყოველი დალევისას გერმანული მახსენდება (არ ვიცი) და ვამბობ: ”Das ist phantastisch”. ასე, რომ ვისაც ლუდთან სასიყვარულო ურთიერთობები ჯერ კიდევ წინ გაქვთ დაიმახსოვრეთ ზემო აღნიშნული ოქროს წესი:

ლუდი არ უნდა გასინჯო, ლუდი უნდა დალიო!!!

ეს სიტყვა საიდან მოდის, ლუდის ღმერთი ვინ არის, ვინ მფარველობს, პირველად სად გამოიგონეს და ვინ გამოიგონა და ა.შ. ყველაფერს შემდეგ პოსტში დავწერ გპირდებით (ალბათ ვინმეს ეს აინტერესებს).

ამჯერად უბრალოდ შევეცდები ვუპასუხო კითხვას: ”რა სარგებლობა მოაქვს ლუდს?”

 

 

1. წონა – ლუდი არ შეიცავს ცხიმებს, მაგრამ ლუდში შემავალ ალკოჰოლს და დანალექ შაქარს აქვს კალორიები. კათხა ლუდი დაახლოებით 150-450 კალორიას შეიცავს, გააჩნია კათხის ზომას და ლუდის ტიპს. მაგრამ მისი მოცულობა ერთ ჭიქა ვაშლის წვენზე და ღვინოზე დაბალია.

2. დაბერების საწინაამღდეგო თვისებები – ლუდი აძლიერებს E ვიტამინის მოქმედებას, რომელიც სხეულის მთავარი ანტიოქსიდანტია, და ასევე სასიცოცხლო მნიშვნელობის როლს თამაშობს ჯანსაღი კანის შენარჩუნებაში და ანელებს დაბერების პროცესს.

3. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები – ლუდი შეიცავს B6 ვიტამინს, რომელიც ხელს უშლის ჰომოცისტინის წარმოშობას, რაც თავის მხრივ გულის დაავადებების რისკს ზრდის. ლუდი ხელს უშლის სისხლში კოლტების წარმოქმნას და ასევე ამცირებს ათეროსკლეროზის რისკს.

4.  ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს.

5. ჰიპერტენზია – ლუდის მოყვარულებს (რეგულარული) მაღალი წნევა არ ახასიათებთ.

6.  ანემია (სისხლნაკლებობა)- ლუდი B12 ვიტამინის და ფოლიუმის მჟავის წყაროა, რომლის ნაკლებობამაც შესაძლოა ანემია გამოიწვიოს.

B12 ვიტამინი ასევე მნიშვნელოვანია ნორმალური ზრდის, კარგი მეხსიერების და კონცენტრაციის შესანარჩუნებლად.

ეკრძალებათ ფეხმძიმე და მეძუძურ დედებს!

 

ნუ დაჯდებით საჭესთან ნასვამი!!!

შეუთავსეთ სასიამოვნო სასარგებლოს, მიირთვით ლუდი ზომიერად!

Posted in კულინარიული ამბები

APPLE WORLD ანუ მიირთვით ვაშლი

10 ჯანსაღი ფაქტი ვაშლის შესახებ

1. ძვლოვანი სისტემის დაცვა

ფრანგმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ფლავონოიდი, რომელიც მხოლოდ ვაშლში გვხვდება, იცავს ქალებს ოსტეოპოროზისგან პოსტკლიმაქტერულ პერიოდში და ასევე ზრდის ძვლების სიმკვრივეს, ვაშლის კიდევ ერთი ინგრედიენტი – ბორონიც აძლიერებს ძვლებს.

2. ასთმა

ასთმით დაავადებული ბავშვები, რომელიც ვაშლის წვენს მიირთმევდნენ ყოველდღიურად, უკვე ისე აღარ სუნთქავდნენ მძიმედ და ხიხინით, ვიდრე ის ბავშვები, რომლებიც წვენს თვეში ერთხელ იღებდნენ. ასევე კვლები ადასტურებენ, რომ იმ ბავშვებში, რომელთა დედები ორსულობის პერიოდში ბევრ ვაშლს მიირთმევენ, ნაკლებად დგანან ასთმის რისკის წინაშე.

3. ალცჰაიმერის პრევენცია

კორნელის უნივერსიტეტში თაგვებზე ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ ვაშლში შემცველი ქერცეტინი იცავს ტვინის უჯრედებს თავისუფალი რადიკალების დაზიანებისგან, რაც იწვევს ალცჰაიმერის დაავადებას.

4. ქოლესტერინის დაბალი დონე

ვაშლის შემადგენელი პექტინი აქვეითებს  LDL-ს (დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინი) ე.წ. ცუდ ქოლესტერინს. ადამიანი, რომელიც დღეში ორ ვაშლს მიირთმევს 16% –ით შეამცირებს სისხლში ქოლესტერინს.

5. ფილტვის კიბოს პრევენცია

10,000 ადამიანის შესწავლით გაირკვა, რომ ის ვინც უფრო მეტ ვაშლს მიირთმევდა, 50%–ით ნაკლები შანსი ჰქონდა ფილტვის კიბოს განვითარების. მეცნიერების აზრით პრევენციას ხელს უწყობს ვაშლში დიდი რაოდენობით არსებული ფლავონოიდები, ქერცეტინი და ნარინჯინი (ეს უკანასკნელი ციტრუსებშიც გვხვდება);

6. მკერდის კიბოს პრევენცია

კორნელის უნივერსიტეტში ვირთხებზე ჩატარებული კვლევებით, ის ვირთხა, რომელიც დღეში 1 ვაშლს ჭამდა მკერდის კიბოს რისკი 17%–ით შემცირდა; 3 ვაშლს რომელიც ჭამდა – 39%–ით, ხოლო 6 ვაშლის ჭამის შემთხვევაში 44%–ით.

(P.S. ვირთხას ვაშლი თუ უყვარდა არც ვიცოდი);

7. ღვიძლის კიბოს პრევენცია

ვაშლის კანის ექსტრაქტის მიღების შემდეგ, ღვიძლის კიბოს რისკი 57%-ით შემცირდა.

8. დიაბეტი

ვაშლში არსებული პექტინი ორგანიზმში ინსულინის საჭიროებას აქვეითებს და მონაწილეობს დიაბეტის მართვაში. ხელს უწყობს სისხლში შაქრის სტაბილური დონის შენარჩუნებას.

9. საჭმლის მონელება

ვაშლი ხელს უწყობს საჭმლის მონელების ნორმალიზაციას. მასში შემავალი ბოჭკოები ხელს უშლის ყაბზობას. პექტინი კურნავს დიარეას. ტრადიციულად ვაშლი უებარ საშუალებად ითვლება კუჭის გაღიზიანების წინააღმდეგ, რადგან ვაშლი შეიცავს ვაშლის და ძმარ მჟავას, რაც ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს.

10. წონის დაკლება

ბრაზილიური კვლევის თანახმად, ქალები რომლებიც მიირთმევენ სამ ვაშლს ან მსხალს დღეში უფრო მეტად იკლებენ წონაში, ვიდრე ისინი ვინც საერთოდ არ მიირთმევს ხილს დიეტის დროს.

შეგიძლიათ ვაშლით განტვირთვის დღეც მოიწყოთ;

(P.S. განტვირთვის დღე რეკომენდებულია მხოლოდ კვირაში ერთხელ, სახლის პირობებში);

და ასევე უნდა იცოდეთ, რომ:

* ვაშლის კურკაში ძალიან დიდი რაოდენობით არის იოდი, თუ 5-6 ცალ ვაშლის კურკას მიირთმევთ დღეში, სრულად შეივსება იოდის დღე–ღამური მოთხოვნილება.

* ნუ გაფცქვნით ვაშლს, კანში არის პექტინი და დიდი რაოდენობით ბოჭკო.

* ახლად გამოწურული ვაშლის წვენი სასარგებლოა ჰეპატოქოლეცისტიტის, ნაღველ-კენჭოვანი, კუჭ–ნაწლავის დაავადებების, ათეროსკლეროზის, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის (გაცხიმოვნება, ართრიტი, პოდაგრა) დროს.

* ვაშლის წვენი აძლიერებს გულ–სისხლძარღვთა სისტემას და სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გონებრივად შრომობენ.

* გაცხიმოვნებისას (ჭარბი წონა) მიირთვით წვენის მიქსი:  ვაშლის წვენი – 100მლ, ნესვის წვენი – 50მლ, პომიდორის წვენი – 5 მლ, ლიმონის წვენი – 25 მლ. ეს მიქსი სასარგებლოა ასევე ავიტამინოზის და სისხლანკლებობის დროს.

* ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიის (მაღალი წნევა), გაცხიმოვნების, ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს  მიიღეთ ვაშლის წვენი ½ ჭიქა ჭამამდე 15-30 წუთით ადრე.

10 ვაშლური ფაქტი

1. საშუალოდ, ადამიანი 65 ვაშლს მიირთმევს წელიწადში.

2. ვაშლი ტივტივებს იმიტომ რომ მისი მოცულობის 25% ჰაერია.

3. ყველაზე დიდი ვაშლი იწონიდა 1.41747616 კილოგრამს.

4. 1 საშუალო ზომის ვაშლი შეიცავს დაახლოებით 80 კალორიას.

5. ქერცეტინი (Quercetin) მხოლოდ ვაშლის კანშია, კანი ასევე უფრო მეტ ანტიოქსიდანტებს და ბოჭკოს შეიცავს ვიდრე რბილობი.

6. ჩინეთში ყველაზე მეტი ვაშლი მოდის.

7. ვაშინგტონი, ნიუ იორკი, მიჩიგანი, პენსილვანია და კალიფორნია – 5 ტოპ–შტატი ვაშლის მოსავალით.

8.  ჯონი „ვაშლისთესლა“ მეტსახელი იყო ჯონ ჩეპმენის, რომელმაც ვაშლი დარგო ოჰაიოში, ინდიანაში და ილინოისში 1774 წელს.

9. Adam’s apple – адамово яблоко – ხორხი, ასე უწოდება იმიტომ, რომ თითქოს ადამმა როდესაც გადაყლაპა აკრძალული ნაყოფი მას ყელში გაეჩხირა.

10. to be continued . . .

მოკლედ: „Кто яблоко в день съедает, у того доктор не бывает“

სასმელი & საჭმელი

სიდრი  (ფრანგ. cidre)

ვაშლის ღვინო, რომელსაც ღებულობენ ვაშლის წვნის დადუღებით – არსებობს როგორც უალკოჰოლო, ასევე ალკოჰოლიანი. სიდრის გაკეთება სხვადასხვა ვაშლის ჯიშისგან შეიძლება, თუმცა, ზოგიერთ რეგიონში არსებობს სპეციალური სიდრის ვაშლები.

ვაშლის სიდრი შეიცავს ფენოლიქსის და ანტიოქსიდანტების მაღალ კონცენტრაციას, რაც ხელს უშლის გულის დაავადებების, კინოს და სხვა პათოლოგიების განვითარებას.

საყვარელი ვაშლის ნამცხვარი

ლინგვისტების ვაშლური საცმაცუნო:

გამოთქმები ვაშლებზე:

“Millions saw the apple fall, but Newton was the one who asked why.” — Bernard M. Baruch

“We are born believing. A man bears beliefs as a tree bears apples.” — Ralph Waldo Emerson

“The revolution is not an apple that falls when it is ripe. You have to make it fall.” — Che Guevara

“Anyone can count the seeds in an apple, but only God can count the number of apples in a seed.” — Robert H. Schuller

“Even if I knew that tomorrow the world would go to pieces, I would still plant my apple tree.” — Martin Luther

“Did perpetual happiness in the Garden of Eden maybe get so boring that eating the apple was justified?” — Chuck Palahniuk

“The sweeter the apple, the blacker the core. Scratch a lover and find a foe!” — Dorothy Parker

“When the apple is ripe it will fall.” — Irish proverb

“Ever since Eve started it all by offering Adam the apple, woman’s punishment has been to supply a man with food then suffer the consequences when it disagrees with him.” — Helen Rowland

“Good apple pies are a considerable part of our domestic happiness.” — Jane Austen

“In Hollywood, the women are all peaches. It makes one long for an apple occasionally.” — William Somerset Maugham

“I tell you, all politics is apple sauce.” — Will Rogers

“Surely the apple is the noblest of fruits.” — Henry David Thoreau, Wild Apples

“It is remarkable how closely the history of the Apple-tree is connected with that of man.” — Henry David Thoreau, Wild Apples

“The flowers of the apple are perhaps the most beautiful of any tree’s, so copious and so delicious to both sight and scent.” — Henry David Thoreau, Wild Apples

“What a healthy out-of-door appetite it takes to relish the apple of life, the apple of the world, then!” — Henry David Thoreau, Wild Apples

“Thy breath is like the steame of apple-pyes.” Robert Greene (1590), Arcadia

“Pessimism is as American as apple pie – frozen apple pie with a slice of processed cheese.” — George Will

ვაშლის სიტყვა, ენა და მითოლოგია . . .

სახელწოდება „ვაშლი“ ინდოევროპული დიალექტებისათვის საწყისი საფუძვლის სახით ივარაუდება ფორმით ablu-, ab (a)lo da aplu-, ap(a)la (გერმანულისთვის).

ჰოლანდიური avallo ვაშლი, ასევე ტოპონიმები aballo (fuZe–nN-ze), ფრანგული avallon, ძველ ირლანდიური ubull (ablu) ვაშლი, ვალიური ფუძე afal, ბრეტული aval ვაშლი,, შუაირლანდიური uball (abalna – sagan) ვაშლი;

ვაშლის ხე ფართოდ არის გავრცელებული მთელ ევროპაში, უკიდურესად ჩრდილოეთი და ტროპიკული მხარეების გამოკლებით.

ევროპის ნეოლითურ ხანაში ვაშლის ხე უკვე ცნობილია. მოგვიანებით ვაშლი ხდება ძველევროპაში მცხოვრები ტომების საკვების მნიშვნელოვანი ნაწილი. ტაციდის გადმოცემით გერმანელები იკვებებოდნენ უმთავრესად ტყიურა ვაშლით (pama agresta), ირმის ხორცით და მჟავე რძით.

ოქროს ვაშლების მოტივი, როგორც უკვდავების და მუდმივი ახალგაზრდობის სიმბოლო, ხშირად მოტაცებული, რომელსაც იცავს ქალური ღვთაება, ზოგადად ინდოევროპულად შეიძლება ჩაითვალოს.

ბერძნულ მითოლოგიაში ოქროს ვაშლების მითი, რომელიც იზრდება სამყაროს დასავლეთ კიდეზე, ჰესპერის ქალიშვილების და დრაკონის დაცვის ქვეშ.

ძველ ისლანდიურ მითოლოგიაში მუდმივი ახალგაზრდობის და უკვდავების ოქროს ვაშლები ეკუთვნის პოეზიის ღმერთის მეუღლეს იდუნნს, იდუნთან ერთად ვაშლებს ჯერ ძველ გოლიათ ღმერთებს ასებს პარავენ, შემდეგ კი ღმერთები მოსტაცებენ გოლიათებს, რომლებიც უკვდავების ვაშლის დაკარგვით იწყებენ დაბერებას.

ბალტიურ და სლავურ ტრადიციებში ოქროს ვაშლების მოტივი ასევე უკავშირდება მითოლოგიურ პერსონაჟებს – ღმერთის შვილებს, რომლებიც მოვალენი არიან აგორაონ ვაშლები და ელვას, რომელიც ჭექაქუხილთან თამაშობს ვაშლებით.

სლავურ ფოლკლორში – ვაშლის ხე არის როგორც მსოფლიო ხე, რომლის წვერზე იზრდება 4 ვაშლი, მასზე ზის ფრინველი, ხოლო ფესვებში ბუდობს გველი.