ხიბულა – მოკლეს თუ თავი მოიკლა?    

ეპიზოდი 2

1990 ან 91 წელი. საერთო ეზო. ბებიას შვილიშვილი, ასე მეექვსე-მეშვიდე კლასის გოგო უზის კალთაზე და ჭუკჭუკებენ.
– ბებო, პრეზიდენტი რატომ დარბოდა წარამარა აქეთ-იქეთ?
– რა ვიცი შვილო, ტვალეტში გადიოდა ალბათ
გოგომ ჯერ გაკვირვებული სახე მიიღო, მერე დაინახა ბებომ გადაიხარხარა და თვითონაც აყვა.
– ასე ხშირად რა უნდოდა ტვალეტში?
– შეიძლება კუჭი აეშალა
– პრეზიდენტს კუჭი არ აეშლებოდა
– ჰო, შვილო ვხუმრობ, არ აეშლებოდა.

ეპიზოდი 1

სამზარეულოში ვსხედვართ რამდენიმე მეგობარი. შუქი არ არის. 90-იანელების ძალიან უცნაურ გასართობებს შორის, ერთ-ერთი თეფშის დატრიალება და სულების გამოძახება იყო. სანთლის შუქზე დავატრიალეთ თეფში და ყველამ რიგ-რიგობით სული გამოვიძახეთ, ერთმა ბებიის, მეორემ ჯორჯ ვაშინგტონის, მესამემ კლასელის, მე ზვიად გამსახურდიას სული გამოვიძახე. მინდოდა მეკითხა, მოკლეს თუ თავი მოიკლა. ავადმყოფურად პოლიტიკურები ვიყავით, დიდიან-პატარიანად.

***

ზოგადად, ერს მეხსიერებაში გვიჭირს, 90-იანი წლების ბატალიები კი არა, შეიძლება გუშინ რა თემა იყო ყველაზე აქტუალური, ის ვერ გავიხსენოთ. ლიტერატურა, კინო ერთ-ერთი ისეთი საშუალებაა, რომელიც გაგვახსენებს ამბავს, ხელახლა დავსვამთ კითხვებს, ვიკამათებთ და უბრალოდ, კიდევ ერთხელ ამოწევს თემას, თუნდაც ყველაზე უხერხულ თემას, ისეთ უხერხულსაც, ზოგი კინოს გადაღებასაც რომ ვერ გაბედავს.

გიორგი ოვაშვილის ახალი ფილმი “ხიბულა”, ძველთან  დაბრუნების კიდევ ერთი შანსია, ფილმი ასახავს საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას უკანასკნელი დღეებს დევნილობაში.
ვის ვხედავთ ეკრანზე? ულამაზესი, ფართო კადრებად გაშლილი თოვლიანი ლანდშაფტების ფონზე, ერთ დროს სალოცავ ხატად და გმირად შექმნილ, ახლა კი, პოლიტიკური ჩათლახობის, მომხრის თუ მოწინააღმდეგის გადაჭარბებული წარმოდგენის, შურის და ღალატის შედეგად, საკუთარ ქვეყანაში დევნილ და ყველასგან მიტოვებულ პრეზიდენტს.

საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე რეალური პერსონაჟი, ფილმში გაღმა ნაპირზეა გასული, ცალკე და განყენებულად, თითქოს ყოველთვის ერთგული ხალხით გარშემორტყმული, მაგრამ მაინც სრულიად მარტო. არც ჩვენთვის ნაცნობი ქარიზმა და ცეცხლი ჩანს, პირიქით, სრულიად საპირისპიროდ, ფილმის მთავარი გმირი, შებოჭილი და კრიჭაშეკრულია. ქართველ მაყურებელს კი, რომელსაც ზვიადი კარგად ახსოვს, ეს ეხამუშება, და აქვე თვალში ეჩხირება, ფილმში დიდი დოზით გამოყენებული “ბატონო პრეზიდენტო”, სადაც ერთის მხრივ ჩაქსოვილია რიგითი მოკვდავების მხრიდან პრეზიდენტის გაღმერთება და გახატკაცება, მეორეს მხრივ ცოტა არ იყოს დამთრგუნველი, სევდანარევი ირონიაც ჩანს.

რაც შეეხება ფილმიდან მიღებულ განწყობას, თითქოს წარმოუდგენელია ადამიანებს ასეთი მოკრძალებული დამოკიდებულება ჰქონოდათ პრეზიდენტის პერსონისადმი, მართალია, მე ცოცხლად არასოდეს მინახავს, მაგრამ ცოცხლად მინახავს მისი არსებობით უკიდურესად აღფრთოვანებული ადამიანები, ამ ადამიანების ნაპერწკლებით სავსე თვალები პრეზიდენტის სახელის გაგონებაზე, დაუსწრებლად რომ ივსებოდნენ მოწიწებით და რიდით; არ ვიცი, მაშინაც და ახლაც მგონია, რომ რომელიმე მათგანს ოდესმე ცოცხლად რომ ენახა პრეზიდენტი, ალბათ ენითაუწერელი ბედნიერებისგან ჩაისვრიდნენ.

რატომ არის ასე აკადემიურად ჩაცმული მთელი ფილმის განმავლობაში? წარმოგიდგენიათ გახატკაცებული პრეზიდენტი ბუშლატით, სპორტული რეიტუზით და რეზინის ჩექმებით, როგორც ეს ერთ-ერთ ჩვენებაშია აღწერილი? მიუხედავად იმისა, რომ თოვლში და ტყე-ღრეში მუდმივი გადაადგილების დროს, ეს ყველაზე შესაფერისი სამოსი იქნებოდა? ვისაც პრეზიდენტი ახსოვს და ვისაც უნდა რომ პრეზიდენტი ისეთი ახსოვდეს, როგორიც მის წარმოდგენაშია, ის ასეთ ჩაცმულობას არც კი დაუშვებს თავის წარმოდგენაში. შესაბამისად, ფილმში ვხედავთ კიდევ ერთი ჩვენების მიხედვით აღწერილ ჩაცმულობას – უფრო აკადემიურს, კოსტუმი, შავი ტუფლები და ა.შ.

რა დახია ბატონმა პრეზიდენტმა? – სადღაც წერილში იყო ასეთი კითხვაც, ალბათ ის, რაც მთელი ამ ხნის განმავლობაში რუდუნებით დაჰქონდა, ჩანთით, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც მუდმივი და მოულოდნელი გადაადგილების პირობებშიც კი ხელიდან არ იშორებდა – დახია და ცეცხლი წაუკიდა.  ჩემთვის როგორც მაყურებლისთვის და ამასთან, იმ ქვეყნის მოქალაქისთვის, რომლის დევნილ პრეზიდენტზე გადაღებულ ფილმსაც ეკრანზე ვუცქერდი, საერთოდ არ იყო მნიშვნელოვანი კონკრეტულად, რა ქაღალდები დახია პრეზიდენტმა, მით უფრო არ იყო საჭირო ფილმის დოკუმენტურ თუ საგამოძიებო რელსებზე გადაყვანა. იმის გათვალისწინებით, რომ უკვე ორ დეკადაზე მეტია ვიკვლევთ, ვკითხულობთ და ვიზეპირებთ დოკუმენტურ მასალას და პასუხში დარწმუნებული მაინც არავინ არ არის, მხატვრული ფილმისგან რა მოლოდინები უნდა მქონოდა? გარდა იმისა, რომ ეს თემა კიდევ ერთხელ გაეცოცხლებინა მინიმუმ ეკრანზე და მაქსიმუმ ვიწრო წრის დისკუსიებში.

რატომ იყო ამდენი ტაშ-ფანდური? დავწერე კიდეც, მოკლე მეხსიერების პატრონები ვართ მეთქი, შედით Youtube-ზე, მოძებნეთ 90-იანი წლების მიტინგები, მაშინდელი მოვლენები და მიხვდებით, რომ ტაშ-ფანდური და ომახიანი სიმღერები ფილმში, სულაც არ არის გადაჭარბებული, ვინაიდან მიუხედავად გაცეცხლებული საომარი სიტუაციისა, დოკუმენტური მასალის ლამის ყოველი მეორე წუთი ცეკვა და სიმღერაა. შორს რომ არ წავიდეთ, აგვისტოს დღეები არ გახსოვთ?

BIAFF-ზე ფილმის ჩვენების შემდეგ, რეჟისორს შევხვდით, ფილმის ნახვის შემდეგაც და რეჟისორთან შეხვედრის დროსაც, ბევრი კითხვა გაჩნდა, მაყურებლებს ძირითადად მაინც უკმარისობის განცდა ჰქონდათ, ფილმი არ იყო ისეთი რეალური და დოკუმენტურ ფაქტებზე აგებული, რა მოლოდინიც ჰქონდათ და ისევ, ფილმი ყველაზე მთავარ შეკითხვაზე, კვლავ ბუნდოვან პასუხს იძლეოდა.

პასუხის მიღების ან უფრო ვალის მოხდის მიზნით, შეიქმნა საპარლამენტო კომისია, მოხდა გვამის ექსჰუმაცია, პერიოდულად გამოძიების ამბავი ხან მიჩუმათდებოდა, ხან ისევ ამოტივტივდებოდა. უფრო იყო მოკლეს, ვიდრე თავი მოიკლა.

რაც შეეხება პრემიერ მინისტრს, მას არ სჯერა მკვლელობის ვერსიის და ფინეთის გამოძიების ბიუროს დაკითხვის ოქმში, გარკვევით მიუთითებს:

მეტიც და განსაკუთრებით — მე, როგორც ზ.გამსახურდიას თვითმკვლელობის თვითმხილველი მოწმე არ მივიღებ მონაწილეობას რაიმე გამოძიებაში რომელიც კლასიფიცირებულია როგორც მკვლელობა!

ისიც არ დაგვავიწყდეს, რამდენად საკრალიზებულია უშუალოდ თვითმკვლელობის ფაქტი. თვითმკვლელობა ცოდვაა და ჰო, თან უნდა გვახსოვდეს “რომ თავს არ მოიკლავს ქართველი არა, ის შეიძლება ბრძოლაში მოკვდეს”. მიუღებელია თვითმკვლელობა, თუ გვაქვს საშუალება ვეძებთ მკვლელობას და თუ ამის საშუალებაც არ არის, მაშინ ვეჭიდებით მენტალურ პრობლემებს ან ვიღაცას ვაბრალებთ, აი, ამან და ამან მიიყვანა თვითმკვლელობამდე.

როგორც არ უნდა განვითარებულიყო მოვლენები რეალობაში, რამდენად სიურეალისტურიც არ უნდა ყოფილიყო ფილმი, ჩემთვის, როგორც რიგითი მაყურებლისთვის ამ ფილმის მთავარ ირონიად დარჩება ის ფაქტი, რომ დღესაც აქტუალური ლოზუნგის “საქართველო ქართველებისთვის” ერთ-ერთი მოტივატორის როლს, ეროვნებით ირანელი მსახიობი ასრულებს.

Advertisements

მორჩა კინო, წაით სახლებში!

წლიდან წლამდე მატულობს ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების რაოდენობა. წელს BIAFF-ზე, მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსში 25 ფილმიდან 7 ქართული ფილმი მონაწილეობდა.

ასევე, ბაკურიანში გამართულ კინოფორუმზე კიდევ რამდენიმე ახალი ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი გვიჩვენეს.

როგორც რეჟისორები, პროდიუსერები, სხვადასხვა ინტერვიუებში, ფილმამდე ან ფილმის შემდგომი კითხვა-პასუხის დროს აღნიშავენ, რომ ფილმების უმრავლესობა გადაღებულია იმისთვის, რომ

1) დაფინანსება მოიპოვონ სრულმეტრაჟიანი პროექტისთვის და დამფინანსებელს აჩვენონ, რომ აი, რაღაც ნამუშევარი უკვე აქვთ;

2) ფილმი გადაღებულია მხოლოდ საფესტივალო მიზნებისთვის, ე.წ. “საფესტივალო ფილმი”;

3) სადიპლომო ან საკურსო ნამუშევარია;

4) ნაირნაირი პროფესიის ხალხი ვართ და მოდი რამე გადავიღოთ შეჩემა

5) ნიძლავი წააგეს

როგორც წესი, ამ მიმართულების ფილმებს პირველადი დაფინანსება არ აქვთ, თუმცა შეიძლება მოხდეს სასწაული და დაფინანსებაც მიიღონ. ნებისმიერ შემთხვევაში, მსგავსი ფილმები კეთდება ძალიან სწრაფად და ძირითადად სამეგობრო წრის დახმარებით.  რაც ერთის მხრივ ცუდი არ უნდა იყოს, მაგრამ ქართულ რეალობაში, სამეგობროს კოპროდუქციას ძირითადად მიფუჩეჩების სუნი ასდის ხოლმე.

ათიდან ცხრა ასეთი ფილმი ე.წ. ნელი კინოს ტენდენციებს ეთამაშება, თან ძალიან ცუდად და მოსაბეზრებლად ეთამაშება. თითოეული გაწელილი კადრი, სიტყვებს შორის სამსაათიანი ინტერვალი, იმდენად მოსაბეზრებელია, რომ მოკლემეტრაჟიანი ფილმი უსასრულო გეჩვენება.  სად დაიწყო, რა უნდოდა, სად მივდივართ, მაყურებლები დროსა და სივრცეში ვიკარგებით. 15 წუთიან ფილმში, 12 წუთი ნინო კასრაძის პორტრეტს რატომ ვუცქერით, მსხვილი ხედით?

ნელ კინოსთან შეთამაშება იქით იყოს და ამ ფილმების დასასრული რას მივაწერო მართლა არ ვიცი, დავიბენი.

ფილმის ე.წ. დასრულების შემდეგ, ისეთი შეგრძნება გეუფლება თითქოს შუქი ჩაქრა, ან ვიღაცამ ტელევიზორი გამორთო ან კინოთეატრში რაღაც ტექნიკური შეფერხებაა.

ვერც იმას იფიქრებ, რომ კლიფჰენგერია, ვერც იმას რომ ისე მწვავედ და სილის გაწვნის ფასად დაასრულა რეჟისორმა, რომ ფილმს დააკვდა ასეთი უეცარი გაწყვეტა. მაშინ რა ხდება? მეგობარმა სცენარისტმა იზარმაცა და კარგად ვერ განავითარა სცენარი? მეგობარ პროდიუსერს მოეხათრა და შენიშვნა არ მისცა? და ზოგადად, მეგობრებისგან შემდგარ ფოკუს ჯგუფს მოერიდა და არ კითხა, ასე მთავრდება ფილმიო?

სამაგიეროდ, ბაკურიანში კინოფორუმზე ერთ-ერთი ფილმის “დასრულების” შემდეგ, მაყურებლების უკმაყოფილო გნიასის ფონზე, არ მოგვერიდა და რამდენიმე ადამიანი ერთდროულად შევტრიალდით რეჟისორისკენ და ვკითხეთ, მორჩა კინოო? და კიო, მორჩაო, გვიპასუხა რეჟისორმა.

ამიტომ, სანამ სცენარი დაიხვეწება, სანამ მეგობარს მეგობრულად მისცემთ შენიშვნებს და ზოგადად, სანამ მოკლემეტრაჟიან ფილმს გადაიღებთ იმ მიზნით, რომ მოკლემეტრაჟიანი ფილმი გინდათ, მანამდე კინოთეატრში გამოვაცხადოთ შემომძახებლის ვაკანსია, რომელიც ფილმის დასრულების შემდეგ გამოვა და შემოგვძახებს: “მორჩა კინო, წაით სახლებში!”

 

დოკუმენტური კინო?

ჭიათურა, თითქმის ცარიელი სამთო ქალაქი, დანგრეული და ნაცრისფერი შენობებით, ნასახლარებით, სადაც ჟანგი ჭამს უსულოსაც და სულიერსაც – უკვე ტრაგედიაა. ტრაგედია თავისმხრივ გულისხმობს ზეაწეულ, ამაღლებულ ტონს, თხრობის სიმძიმეს, სიტყვით თუ უსიტყვოდ, ვიზუალური თხრობით. ტრაგედიის უკვე ტრაგიკომედიად ქცეული შაბლონია თხრობის ზედმეტად მდორე დინება. თხრობის ასეთი ფორმა, ძალიან საფრთხილოა, მაღალი რისკის შემცველი, თუ ოდნავ არასწორ დროს და ადგილას გამოიყენებთ, ფეხს ვერ აუწყობთ შინაარსის ტემპს, თავზე დაგემხობათ ყველანაირი ცდა, რამე სიღრმისეული მიიტანოთ მაყურებლის თვალ-ყურამდე. ხელთ შეგრჩებათ, ეკრანზე ხანგრძლივი ინტერვალით გარდამავალი ლამაზი ფოტოები, უძრავი კადრები, სინეგრაფებიც კი არა. მდორეც არის და მდორეც, ისეთიც არ უნდა გამოვიდეს, საკუთარი თავი ერთ ადგილას ჩააბეტონოთ და მაყურებელს აგრძნობინოთ, რომ ვეღარ ინძრევით, ნაბიჯს ვეღარ დგამთ წინ და კამერას ხან აქეთ, ხან იქეთ დიდხანს, ერთ წერტილს მიარჭობთ.

ჭიათურა დანგრეული, ნაცრისფერი და უბედური ქალაქია, ხალხი სასოწარკვეთილია, ეს ის ქალაქია, სადაც ალბათ ტარკოვსკი გაიხარებდა, ეს ყველაფერი ვიცით, მაგრამ ვიცით სხვა ფილმებიდან.

და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი და უცნაური მომენტი ის იყო, რომ რაც უფრო სიღრმეში შედიოდა ფილმი, ვიზუალური თხრობის სტილს, რეჟისორის ხედვას და საერთო პოეტურ განწყობას უფრო მხატვრული, საავტორო კინოსკენ მივყავდი, ვიდრე დოკუმენტური ფილმისკენ.

რატი ონელის ფილმმა ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოს ფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა.

თუ გავიხსენებთ სხვადასხვა წლებში ნაჩვენებ დოკუმენტურ ფილმებს, ჯერჯერობით, ქართულ დოკუმენტურ კინოწარმოებაში ქალები ლიდერობენ, თინა გურჩიანი “მანქანა რომელიც ყველაფერს გააქრობს”, სალომე ჯაში ფილმებით “ბახმარო” და “დაისის მიზიდულობა”, ნინო ორჯონიკიძე “ინგლისურის მასწავლებელი”, ანუნა ბუკია “მე გადავცურე ენგური”, თეონა ჯორბენაძე “სევდის ანგელოზები”.

თითოეული ფილმის ნახვის შემდეგ, ხვდებით რომ ფილმი მიწაზე მყარად მოსიარულე ადამიანმა გადაიღო, ადამიანმა, რომელიც გრძნობს ადამიანებს, გარემოს, ხედავს და გვერდს არ უვლის საზოგადოებაში არსებულ რეალობას და რაც მთავარია, არ ეშინიათ კამერის მოძრაობის.

ასევე, ლელა ბერიძე, რომელიც მგონი ერთადერთია საქართველოდან, ვინც DFFB ბერლინის ტელე-კინო აკადეემიის კინორეჟისურის ფაკულტეტი დაამთავრა. 2003 წელს გადაიღო დოკუ-ფიქცია “კავკასიური ცარცის წრე მეგობრებისთვის”

DFFB საკურსო მოკლემეტრაჟიანი ფილმი

ამჟამად, ლელა ბერიძე ხელმძღვანელობს საკუთარ სკოლას “ცელულოიდის ენები“, სადაც ენის სწავლების მთავარი იარაღი კინოფილმებია.

სალომე ჯაში “ბახმარო” (2011)

თინა გურჩიანი “მანქანა რომელიც ყველაფერს გააქრობს” (2012)  

ნინო ორჯონიკიძე “ინგლისურის მასწავლებელი” (2012) 

სალომე ჯაშის ფილმი “დაისის მიზიდულობა” (2016)

ანუნა ბუკია “მე გადავცურე ენგური” (2016)   

თეონა ჯორბენაძე “სევდის ანგელოზები” (2017) 

 

როგორ მოვხვდეთ კინოფესტივალებზე

დაქალის მოწოდებული ბოლო ბომბონერი გადავსანსლე თუ არა, გადავწყვიტე ის ევროპული კინოფესტივალები შემეთვალიერებინა, რომელზეც მედიის წარმომადგენლები, კინოპროფესიონალები, კინოფაკულტეტის სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები შევძლებდით დასწრებას. წლების წინ, ეს ამბავი წარმოუდგენელი ან ურთულესი იყო, ცალკე კინოფესტივალზე აკრედიტაციის მიღება (ნებისმიერი ფორმის), ცალკე დაფინანსების მოპოვება ან საკუთარი ფინანსების მოძიება და ცალკე მრავალსაფეხურიანი სავიზო რეჟიმის გავლა. შესაბამისად, კინოფესტივალებზე დასწრება ერთეულების ხვედრი იყო. დრონი მეფობენ და არა ოლიმპოს ღმერთები, ინფორმაცია კინოფესტივალების შესახებ უფრო ხელმისაწვდომი გახდა, აღმოვაჩინეთ რომ არც ისე რთულია საჭირო საბუთების შეგროვება და გაგზავნა, და ვიზების გაცემაც იმ ადამიანებზე, ვინც ფესტივალებზე, ვორქშოფებზე თუ სასწავლო მიზნებით მიემგზავრებოდა, უფრო გამარტივდა. ამასობაში, კარს ვიზალიბერალიზაცია მოგვადგა და პასპორტით და ორი კინკილა საბუთით ხელში შეგიძლიათ ევროპის ნებისმიერ ქვეყანას ესტუმროთ.  მეტიც, ქუთაისის აეროპორტის იაფ ფრენებს, კიდევ ოთხი ახალი მიმართულება დაემატა, ჰოდა, მიდი, მოვდივართ ფესტივალებზე, ლიტერატორო!

გარდა ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალისა, პირველად, 2015 წელს, როგორც კინობლოგერმა აკრედიტაცია სტამბოლის საერთაშორისო კინოფესტივალზე გავიარე, გადავწყვიტე სტამბოლში ჩემი მორიგი მოგზაურობა კინოფესტივალისთვის დამემთხვია, რომელიც ყოველწლიურად, გაზაფხულზე იმართება. კინოფესტივალზე აკრედიტაცია უფასოა და განაცხადის შევსებისას ითხოვს თქვენი ბლოგის მისამართს, პირად მონაცემებს და ა.შ.

2016 წელს, უკვე როგორც BIAFF-ზე გამარჯვებულმა კინობლოგერმა, საჩუქრად სტამბოლში წასვლა და კინოფესტივალის აკრედიტაცია მივიღე.

2016 წელს, კინობლოგერის სტატუსით, ბერლინალეს მედია აკრედიტაცია მიიღო ქეთი ნარიმანიძემ. პირად მონაცემებთან, ბლოგის ლინკთან ერთად წარადგენთ თქვენი ბლოგის სტატისტიკურ მონაცემებს, ვიზიტორების რაოდენობას და ა.შ., უფრო ვრცლად აკრედიტაციის შესახებ შეგიძლიათ ქეთის ბლოგზე წაიკითხოთ. 2017 წელს, ანალოგიურად, კინობლოგერის სტატუსით ბერლინალეს ესწრებოდა ლაშა ცერცვაძე.

ვენეციის კინოფესტივალი, ევროპის ყველაზე მხცოვანი კინოფესტივალია, რომელიც პირველად 1932 წელს გაიმართა. კინოფესტივალი დაინტერესებულ ადამიანებს სხვადასხვა ტიპის აკრედიტაციას სთავაზობს, პრესა, წარდგენილი ფილმის წარმომადგენელები (მაქსიმუმ ოც კაცამდე), კინოფაკულტეტის სტუდენტები, ასევე, თუ ადრე შეიძენთ საფესტივალო ბილეთებს სხვადასხვა კატეგორიაში, თითქმის ნახევარ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ, მაქსიმუმ 80 ევრომდე.

რიგით 70-ე საიუბილეო კანის კინოფესტივალს ესწრებოდა და ყოველდღიურ რეპორტაჟს აკეთებდა ON.GE – ონლაინ მედიაპორტალის წარმომადგენელი, კულტურის სფეროს ჟურნალისტი ბექა მაისურაძე. აქაც, როგორც ვენეციის კინოფესტივალის შემთხვევაში აკრედიტაცია შეგიძლიათ სხვადასხვა მიმართულებით მიიღოთ. აკრედიტაცია უფასოა, უფრო ვრცლად იხილეთ რეგისტრაციის გვერდზე.. დამატებით რჩევები კი ამ ბლოგზე.

ლოკარნოს კინოფესტივალზე – წელს აქ გაიმართა ანა ურუშაძის ფილმის “საშიში დედა” მსოფლიო პრემიერა და ოქროს ლეოპარდიც საქართველოში წამოაბრძანეს. ფესტივალზე მედიის წარმომადგენლების მოხვედრა შედარებით ადვილია,  ამისთვის, საკმარისია გააგზავნოთ ლოკარნოს კინოფესტივალის, სხვა კინოფესტივალის ან ზოგადად კინოსთან დაკავშირებით დაწერილი სტატია, სვეტი და ა.შ., ასევე თქვენი ორგანიზაციის (გაზეთი, ჟურნალი, მაუწყებელი, ონლაინ მედია) განცხადება  და აკრედიტაციის გადასახადი 30 შვეიცარიული ფრანკის ოდენობით, რაც დაახლოებით 30 დოლარია.

კოტბუსის ყოველწლიური კინოფესტივალი, წელს 7-13 ნოემბერს გაიმართება და ფესტივალზე რამდენიმე ქართულ ფილმს უჩვენებენ. სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების კონკურსში წარმოდგენილია ნინო ბასილიას “ანას ცხოვრება”, რუსუდან გლურჯიძის “სხვისი სახლი”, ხოლო მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში გიორგი გოგიჩაიშვილის & დათო აბრამიშვილის “8 წუთი” და  თორნიკე გოგრიჭიანის “ანდრო”.

კინოფესტივალზე აკრედიტაციის ღირებულებაა 45 ევრო.

კრაკოვის კინოფესტივალი – ევროპის ერთ-ერთი უძველესი კინოფესტივალი, რომელიც სათავეს 1960 წლიდან იღებს. ფესტივალი მოიცავს დოკუმენტურ, ანიმაციურ და სხვა სახის მოკლემეტრაჟიან ფილმებს. ფესტივალის აკრედიტაცია დაახლოებით 40 დოლარია.

კარლოვი ვარის კინოფესტივალი – ადგილი, სადაც  ქართულ ფილმებს დიდი ინტერესით ხვდებიან, 2014 წლის ფესტივალის გამარჯვებული გახდა გიორგი ოვაშვილის ფილმი “სიმინდის კუნძული”, წელს კი, ჟიურის პრიზის მფლობელი გახდა მარიამ ხაჭვანის ფილმი “დედე“,  სექციაში East of the West. პრაღიდან კარლოვი ვარი, სულ რაღაც 130 კმ-შია, მართალია, ქუთაისიდან პრაღამდე ცოტა მეტია გასავლელი, მაგრამ რაც მთავარია სულ პირდაპირ იფრენთ.  ფესტივალის აკრედიტაცია კი 1500 კრონი ღირს, რაც დაახლოებით 70 დოლარია.

ამგვარად, თუ მოგზაურობთ, თან კინოც გიყვართ ან კინოსფეროში მუშაობთ, თამამად შეგიძლიათ იმ ქვეყნის თუ ქალაქის კინოფესტივალსაც დაემთხვიოთ, სადაც მოგზაურობთ.

საერთაშორისო სრულმასშტაბიანი ფესტივალების გარდა, თქვენთვის საინტერესო უამრავი ვიწრო მიმართულების ფესტივალები არსებობს. აკრედიტაციის მისაღებად კი, აუცილებელი არ არის ფილმი ჩაგქონდეთ ამ ფესტივალზე, უნივერსიტეტის პროფესორი ან ტელეჟურნალისტი იყოთ.  ბლოგების, ვიდეობლოგების, ინტერნეტ ფორუმების, ინტერნეტ ტელევიზიების რაოდენობის ზრდის  და  მკვდარი თუ მომაკვდავი ბეჭდვითი/ტელე-რადიო მედიის გათვალისწინებით, კინოფესტივალებისთვის, ფილმებისთვის, კინოსფეროს წარმომადგენლებისთვის ძალიან საჭირო და მიმზიდველია ონლაინ სამყაროს წარმომადგენლების დასწრება.

კინოფესტივალები ევროპაში   

 

 

 

 

8 წუთი Manhattan Short-ის გამარჯვებულია

ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი “8 წუთი” მანჰეტენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის გამარჯვებული გახდა. თავდაპირველად, ჟიურიმ ფილმი ათ ფინალისტს შორის დაასახელა და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ფესტივალის ოცწლიანი ისტორიის მანძილზე, ფინალისტებს შორის ქართული ფილმი მოხვდა. ამის შემდეგ, 10 საუკეთესო ფილმი, მსოფლიოს მასშტაბით 300 კინოთეატრში უჩვენეს. გამარჯვებულები მაყურებლებს ხმის მიცემის სისტემით უნდა გამოევლინათ, ორგანიზატორებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ხმათა რეკორდული რაოდენობა მიიღეს და მანჰეტენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის გამარჯვებული, ოქროს მედალის მფლობელი ქართული ფილმი “8 წუთი” გახდა.

ამას გარდა, ფესტივალის ფინალისტი ფილმები, მათ შორის “8 წუთი” ავტომატურად იღებს ოსკარზე ფილმის წარდგენის კვალიფიკაციას და ერთი კვირის განმავლობაში ლოს ანჟელესის კინოთეატრებში უჩვენებენ.

ასევე, ფილმი საუკეთესო საი-ფაი ფილმად აღიარეს სიდნეის ინდი ფილმების კინოფესტივალზე და შესულია კოტბუსის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში (გერმანია).

აღსანიშნავია, რომ “8 წუთი”, სრულიად განსხვავებული, დინამიური და უკვე ძალიან წარმატებული ფილმი არის Sibler Films-ის (რეჟისორები: გიორგი გოგიჩაიშვილი, დათო აბრამიშვილი. სცენარისტები: ზაზა კოშკაძე, მარი ბექაური. პროდიუსერები: გეგა ხმალაძე, მაგდა დათუაშვილი) სადებიუტო პროექტი.

რაც შეეხება ეროვნულ კინოფესტივალებს, “8 წუთი” მონაწილეობდა ბათუმის საერთაშორის კინოფესტივალი მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში, თუმცა ფილმი პრიზის გარეშე დარჩა. პროგრამის ჟიურის წევრები: საფარ ჰაქდადოვ   (ტაჯიკეთი), ჰანა მახმალბაფი  (დიდი ბრიტანეთი), ნინელი ჭანკვეტაძე (საქართველო).

ქართველ კინოკრიტიკოსებს, კინობლოგერებს, ვლოგერებს, ჟურნალისტებს “8 წუთის” ნახვის საშუალება მიეცათ ბაკურიანში, კინოცენტრის მიერ ორგანიზებულ კინოფორუმზე, სადაც ფილმმა ძირითადად კინოკრიტიკოსთა ახალგაზრდა თაობის მოწონება დაიმსახურა.

ჩემი ბედნიერი ოჯახი

კიბიდან დაგორების ყოველი კადრი, ოდესის კიბე ვერ იქნება, ვერც გაყინული კადრების სწრაფი ცვალებადობა იქნება პიფენომენის იდეალური შესრულება, ვერც გრძელი, უწყვეტი კადრები შექმნის თქვენგან ტარკოვსკისეულ ხასიათს. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ იგივეს იმეორებთ და გამეორების ბევრი მცდელობა ვიხილეთ უკვე, ან იდეალურად უნდა გაიმეოროთ ან უბრალოდ სასაცილოდ გამოჩნდებით ან ნუ გაამეორებთ, ნურც გავლენას დაარქმევთ და თქვენი სიტყვა თქვით, შეიძლება არეულდარეულად, მაგრამ ეს მაინც თქვენი საავტორო სიტყვა იქნება. რეცეპტივით არის, თუ რამეს დააკლებთ ან მიამატებთ ან სხვა რამე გამოგივათ ან არაფერი, და რა გამოგივათ – უფრო უკეთესი თუ უფრო უარესი, ეგ კიდევ ცალკე საკითხია.

ყოველი ახალი ქართული ფილმის ეკრანზე გამოსვლისას, თან შიშის ზარი მცემს, თან იმედი მაქვს რომ მორიგ სლაიდშოუს ან მულტიმედია პროექტს არ ვიხილავ ეკრანზე, სადაც ზუსტად ისე ენაცვლება ერთმანეთს კადრები, როგორც ერთ-ერთ რიგით მულტიმედია პროექტში, ხან ფოტოები, ხან ვიდეო, ხანაც ტექსტი.

“ჩემი ბედნიერი ოჯახი” ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის ახალი ფილმია, რომლის თბილისური პრემიერა რამდენიმე დღის წინ შედგა.
ესთეტიკურად რწყევამდე რაფინირებული და ხარვეზებით სავსე “გრძელი და ნათელი დღეების” შემდეგ, მინიმუმ ძველ გამოცდილებაზე დაშენებულ ახალ გამოცდილებას ველოდი, უფრო განვითარებული, წახნაგოვანი, მრავალშრიანი შინაარსით და ხასიათით.

ჩემი მოლოდინი პირველივე წამებიდან გამართლდა და პრინციპში, მცირე შენიშვნების გარდა, ეს მოლოდინი არც გამნელებია.

ძალიან მომეწონა გაჭედილი კადრები, მოძრავი, მოფართხალე ადამიანებით გაჭედილი კადრები, რეალური, უწყვეტი შეძახილებით, ერთმანეთის მონაცვლეობით, უხარვეზოდ განვითარებული, ასეთი იყო დაბადების დღის, კლასელების შეხვედრის და ნათესავების თავყრილობის ეპიზოდები. ჭრა და გადასვლები არ არის გამაღიზიანებელი და დამღლელი, კამერის მოძრაობა ყველაზე აქტიურ და გადატვირთულ მომენტებში უბრალოდ გენიალურია. ტუდორ ვლადიმირ პანდურუ, ეს სახელი რამეს გეუბნებათ თუ არა არ ვიცი, მაგრამ გახსოვდეთ რომ ამ ფილმის ოპერატორია.

ვუყურებდი მერაბ ნინიძის სამსახიობო ოსტატობას და როგორ მინდა სხვებმაც დაინახონ ასე ნათლად, რა განსხვავებაა კინომსახიობსა და კინოში თეატრის მსახიობს შორს. დრამატული განსხვავებაა. და როგორ არ მინდა რეჟისორები ახლო სამეგობრო-სასტავიდან ირჩევდნენ მსახიობებს, მაშინ როდესაც შეიძლება ეძებო, ეძებო და იპოვო ის ხასიათები და პერსონაჟები, რომელიც საუკეთესოდ მოახდენს შენი იდეების პროექციას ეკრანზე.
მსახიობებს თუ მივყვებით, არ შემიძლია არ აღვნიშნო ეპიზოდური როლები, გაზის ქალი -რუსიკო ბოლქვაძე, ბინის გამქირავებელი – ასმათ ტყაბლაძე, ბაბუა.
რაც შეეხება მთავარ გმირს, ცოტა არ იყოს მძაბავდა, ძალიან მოგუდულად და კრიჭაშეკრულად საუბრობდა, არ ვიცი, ზოგადად ასე საუბრობს თუ როლის დრამატულობისთვის იყო ჩაფიქრებული, ნებისმიერ შემთხვევაში, პირველი ვერსია მირჩევნია, როლი ხომ ისედაც დრამატული, მოქუფრული, წარბებშეკრული და მოღუშულსახიანია.

ცოტა უცნაური და სამოციანი წლების ესთეტიკის მომეჩვენა გიტარაზე შესრულებული სიმღერები, ასევე ფანდურზე შესრულებული ახალგაზრდა ბიჭების სიმღერა, ერთ-ერთი მთავარი გმირის და მისი მეგობრების შესრულებით, რომლებიც საერთოდ არ ასოცირდებოდნენ ე.წ. ფანდურა-ბიჭების კლასიკურ გაგებასთან და სახესთან.

პატარა სახლი, დიდი ოჯახი – პაპა, ბებია, დედა, მამა, ორი შვილი, სიძე – ყველა თავისი ახირებით, საყვედურებით, პრეტენზიებით, სამსახურით, სწავლით და არცერთი მათგანი პირადი სივრცით. სწორედ აქ იწყება მთავარი დრამა.

შეიძლება “ჩემი დიდი ბერძნული ქორწილი” გაგახსენდეთ, ტრაგედია იგივეა, თუმცა სრულიად კომედიურ ჟანრშია შესრულებული.

ამ ფილმშიც შემოდის სახალისო ელემენტები, თუმცა სიმართლე გითხრათ, მოხუცი დედის და გოგო-შვილის სცენებიდან და ზოგადად მოხუცის სცენებიდან უფრო მეტ დრამატულობას, უფრო ძარღვიან, რეალურ დიალოგებს მოველოდი, ვიდრე ვნახე და მოვისმინე.  რეალურ ცხოვრებაში, ასეთი დედები ძალიან მძიმე ფორმებით ცდილობენ ჩაერიონ შვილების, შვილიშვილების, სიძეების თუ რძლების ცხოვრებაში და მართოს მათი ყოველი ნაბიჯი, დაწყებული კამპოტის დალევიდან დამთავრებული დაოჯახების თემით.

მთავარ გმირზე არანაკლებ თუ უფრო მეტადაც არა, დრამატულია მერაბ ნინიძის გმირი, ჩაზედსიძებული კაცი, ცოლით, შვილებით, საყვარლით და საყვარლის შვილით – ამ თაობის კლასიკური მახასიათებელი, დაკარგული თაობის მთავარი სევდა, საკუთარი თავის ვერ პოვნა, ვერც სიყვარულის პოვნა და ქაოსურად ხან შინ და ხან გარეთ ძებნა. თუ კითხავთ, რას ეძებენ, ვერ გიპასუხებენ, მათ არასოდეს ჰქონიათ ამის დრო და საშუალება, ჩამომსხდარიყვნენ, დაფიქრებულიყვნენ, ან საკუთარი თავისთვის ეკითხათ ან სხვისთვის, რა გვინდა, ვის ვეძებთ, რატომ ვეძებთ, საით მივდივართ და ამ ყველაფრისგან უფრო ღრმად გასაქცევად იშველიებენ სასმელს ან რამე უფრო მძიმე საშუალებას.

დღეს, რამდენად ხშირია ასეთი დიდი ოჯახის ერთად ცხოვრება, არ ვიცი, თუ ვინმეს რამე საშუალება ჰქონდა, ყველა ცალკე გადავიდა, იყიდა, დაიქირავა, დაიგირავა, რაიონებში თუ შემხვდება ასეთი დიდი ოჯახი, სადაც ყველა ერთ სახლში ცხოვრობს, თუმცა დრამატული განსხვავება ის არის, რომ იქ უზარმაზარი სახლებია.

რასაკვირველია მთავარი სახლის ზომა არ არის, მთავარია რამდენად აძლევენ ოჯახის წევრები ერთმანეთს სუნთქვის, ამოსუნთქვის და თავისთვის, დამოუკიდებლად ცხოვრების საშუალებას, ასეთ შემთხვევაში, იმ ცნობილი გამოთქმისა არ იყოს, მართლაც ცულის ტარზეც შეძლებთ ცხოვრებას, რაც მთავარია ბედნიერად; სხვა შემთხვევაში, ერთხელაც ყველა დავყრით ყველაფერს და გავიქცევით, შეიძლება არც ისე შორს, მაგრამ მყუდროდ ხომ ვიქნებით?

 

 

 

 

 

შეშინებული ქართველი რეჟისორები

ფესტივალის დასაწყისში, პოსტში აღვნიშნე კიდეც, წლიდან წლამდე როგორ მატულობს ახალი ქართული ფილმები, შეძლებისდაგვარად უმჯობესდება ხარისხიც, ზოგი ფილმი ფესტივალებზეც მოგზაურობს. თუმცა მთელი რიგი პრობლემების გარდა, ძირითად სისუსტედ კვლავ სცენარი და მსახიობების შერჩევა რჩება. ეს წელიც არ არის გამონაკლისი, მეტიც, რაღაც მომენტში, უფრო უარესობისკენ წავსულვართ, ვიდრე უკეთესობისკენ.

ვუყურებდი მოკლემენტრაჟიან საკონკურსო ფილმებს და ვფიქრობდი, უფრო სწორად, ვცდილობდი წარმომედგინა ფილმის ფურცელზე დაწერილი ვერსია, კადრების, ფერების, ყველაფრის გარეშე და გამეგო, როგორ, რანაირად მოხდა ისე რომ ასეთი დაუმუშავებელი, დრამატურგიულად გაუმართავი, ზოგან თავის, ზოგან ბოლოს, ზოგან შუა ნაწილის არმქონე სცენარი იქცა ფილმად, მიიღო დაფინანსება, ადამიანები დაითანხმეს სამუშაოდ და საბოლოოდ, ფილმი მაყურებლამდეც მივიდა.

უზარმაზარი გადამღები ჯგუფიდან, როგორ ერთი არ აღმოჩნდა ისეთი, რომელიც იტყოდა, ჰეი, რაღაც ვერ გამოდის, ამბავი არ იკვრება, პრობლემა არ დგას, კვანძი ვერ შევკარით, ვერც გავხსენით, რაღაც ხომ შევცვალოთ? ხომ არ ჯობია კამერა ვამოძრაოთ? და მაყურებელს ლამაზი ფოტოალბომი არ დავათვალიერებინოთ, არ გვინდა ამდენი უძრავი კადრი, ფოტოების დათვალიერება რომ უნდოდეს, კინოში კი არა, ფოტოგამოფენაზე წავა ადამიანი, ან ეს ფერები? თინეიჯერი გოგოს რეტრიკა ალბომია?

სამწუხაროდ, რეჟისორებს ფილმების დაწყებამდე შევხვდით, თორემ აუცილებლად შევეკითხებოდი, გეშინიათ კამერის მოძრაობის?

პაუზები, პაუზები, პაუზები, გაყინული კადრები, თითქოს ამით გინდა მეტი დრამა შემოიტანო და იღებ იმას, რომ მაყურებელი უხერხულად იშმუშნება, ადგომა და გასვლაც ერიდება, აქა-იქ სიცილსაც აყრის, თუმცა ჯობია ტირილი.

იდეები მშვენიერი იყო, კარგი დამუშავების შემთხვევაში, ნორმალურ მოკლემეტრაჟიან ფილმებს მივიღებდით, საზოგადოებისთვის პრობლემურ და საინტერესო თემებზე.

აღარ მახსოვს ვინ თქვა, რეჟისორი პირველ რიგში მაყურებელიც უნდა იყოსო, მაყურებლის თვალით შეხედოს ფილმს და შეაფასოსო, ჰოდა, კიდევ მეორე კითხვაც მექნებოდა რეჟისორებთან, თქვენს ფილმებს არ უყურებთ? ან პროდიუსერი ან ვინმე ფილმს არ უყურებს? თუ შენიშვნას ვერ გიბედავთ? თუ გაძლევენ შენიშვნებს, მაგრამ არ ითვალისწინებთ, იმიტომ რომ დარწმუნებული ხართ თქვენს ღრმა ჩანაფიქრში და მთელი დანარჩენი სამყარო ვერ გიგებთ და თქვენ წინააღმდეგ არიან?

გთხოვთ, ან უფრო დიდხანს იმუშავეთ იდეაზე, სცენარზე, გადაღების ფორმებზე ან გაითვალისწინეთ უფრო გამოცდილი ადამიანების რჩევებიც ან ყველაფერი ერთად ან კიდევ, ნურც ჩვენ გვაწვალებთ და ნურც თქვენს ჭუჭუს.

რა მინდა ფილმისგან პირველ რიგში? მოძრაობა, დინამიურობა მინდა, ამბავი მომიყევით მოძრაობით და დინამიურობით, რასაკვირველია, თუ საჭიროა პაუზაც უნდა გამოიყენოთ და გაყინული კადრიც, მაგრამ პაუზა და გაყინული კადრი ისეთ დროს და იმ დოზით უნდა იყოს, რომ ამბავი მოძრაობას არ წყვეტდეს და გაყინული კადრი, კინოდარბაზის ტექნიკურ ხარვეზზე არ მიუთითებდეს.

მიყოლებით რამდენიმე ფილმს ვუყურე, აი, სადღაც მეორე თუ მესამე ფილმის შემდეგ, ვიღაცამ ძლიერად ხელი მკრა და ფილმში შემაგდო, გიჟივით დავრბივარ, ვერ ვხვდები რა ხდება, რაღაც ძველი სახლის აივანზე ვარ, ფეხებში მედება ყველა, ადამიანები, გარეთ გამოტანილი ნივთები, ყველა დარბის, კივის, წივის, რვა წუთში მზე ქრება. ღმერთო, კამერა მოძრაობს და მეც ფილმში ვარ, აი, მინდა ვიყვირო, რომ კამერა მოძრაობს, აქეთ-იქეთ დავყავართ თავის ნებაზე, მერე ვფიქრობ, რა დროს ეგ არის, მზე ქრება 8 წუთში. იმდენად ვერ ამოვისუნთქე რომ ამ პოსტისთვის ერთი კადრის გადაღება მინდოდა და დამავიწყდა. სრული მოულოდნელობა და საუკეთესო მაგალითი იმის, თუ როგორ შეიძლება ყველაზე მარტივი, უბრალო ამბავი მოვყვეთ თანმიმდევრულად, სავსედ, მაყურებელი გადმოვათრიოთ სკამიდან, ფილმში შევითრიოთ და საათს არ უყუროს, როდის გავა 8 წუთის 13 წუთი.

 

 

 

 

ახალი ქართული ფილმები BIAFF-ზე

მოვიდა სექტემბერი და მოვიდა  ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალის დროც. წელს ფესტივალს 17 სექტემბერს გაიხსნება და 24 სექტემბერს დასრულდება. კინოფესტივალის გახსნის ცერემონია გაიმართება ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, გახსნის ფილმი კი იქნება გიორგი ოვაშვილის “ხიბულა“, რომელიც ასახავს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ცხოვრების ბოლო დღეებს.

ავად თუ კარგად, დამოკიდებულებით თუ დამოუკიდებლად, ნაცნობობით თუ უნაცნობოდ და ძირითადად მაინც სხვა ქვეყნების დახმარებით, წლიდან წლამდე ახალი ქართული ფილმები მატულობს, ადგილ-ადგილ ხარისხის ამაღლებაც შეინიშნება. მთელი რიგი პრობლემების გარდა, ძირითად სისუსტედ კვლავ სცენარი და მსახიობების შერჩევა რჩება. გულით ვისურვებდი, რომ იქნებ, წელს მაინც ახალმა ფილმებმა ცოტა წინ წაიწიონ ამ კუთხითაც და ერთი ოვაშვილის იმედად არ ვიყოთ ხოლმე.  Continue reading

როცა ჰოლივუდი მღერის

რეალურ ცხოვრებაში საცობში დედისტრაკს ვიგინებით, თუ არ ვიგინებით, ბრაზისგან ვიბერებით მაინც, მაგრამ როდესაც ვიღაც გაბედავს და საცობში თავსხმა წვიმაში მანქანიდან გადმოდის და ცეკვავს, ჩვენ მას დავცინით, როგორც მინიმუმ უმრავლესობა მას დასცინის, აკრიტიკებს. ეს არ არის ლა ლა ლენდის სცენა, აქვე ხდებოდა გაგარინის მოედანთან.

მართალია ცოტა გვიჭირს ერთმანეთის აზრის, ქცევების, კრიტიკის მიმღებლობა, მაგრამ მაინც იქნებ ნელ-ნელა ესეც ვისწავლოთ, ფილმით ვისიამოვნოთ, მითუმეტეს თუ ამ რამდენიმე დღის განმავლობაში ატეხილი ხოცვა-ჟლეტის გასაღები ისევ ფილმშია, ერთ პატარა სცენაში, ერთ პატარა დიალოგში.

ძალიან რომ არ გაწვალოთ, უცებ გეტყვით რომ ფილმზე არ მიტირია, მონტაჟის მუსიკამ არ მომცა საშუალება, არა მგონია გადავაჭარბო თუ ვიტყვი, რომ მონტაჟი იყო ფილმის მთავარი საუნდთრექი, ფილმის დიქტატორი.

ეს იყო ფილმი, სადაც იგრძნობოდა ყველა და თითოთეული კომპონენტის ჰარმონია, გმირები, გმირების თემები, დეკორაციები, ხმა, მონტაჟი და არ იყო მხოლოდ ერთი ადამიანის, ამ შემთხვევაში რეჟისორის ხუშტურებით შექმნილი ფილმი. თუმცა ჟაკ დემის ფილმებთან შედარებისას ცოტა უფრო ფრთხილი ვიქნებოდი.

იყო დრო ერთ ოთახიან ნაქირავებ ბინაში, ილუზიონს და ფსიქოს ხის ყუთში ჩასმულ ტელევიზორში ვუყურებდი, ტელევიზორს ორი კარი ჰქონდა, ღამით კარს ოდნავ გამოვწევდი ხოლმე რომ ოთახში მყოფი მძინარე ადამიანები სინათლეს არ შეეწუხებინა. ფილმის შემდეგ ან მანამდე დისკუსია იყო ხოლმე, აღარ მახსოვს. იქ ვერც ვაკომენტარებდი, ვერც ვალაიქებდი. აზრებს ძირითადად ჩემთვის ვინახავდი და ვფიქრობდი იმაზე, რომ ოდესმე მეც შევძლებდი კამერის ხელში აღებას და ჩემი აზრის დაფიქსირებას. ამის შემდეგ გავა რამდენიმე წელი და მამაჩემი ვიდეოკამერას მიყიდის.

მეოცნებეები მეამბოხეები, ჯიუტები არიან, ხშირად იმდენად მეამბოხეები და ჯიუტები, რომ სათანადოდ ვერ აფასებენ საკუთარ შესაძლებლობებს და იქ მიერეკებიან, სადაც მათი ადგილი არ არის, არ აქვთ ამის შესაძლებლობა და ამ სიჯიუტით გვერდს უვლიან იმას, რაც რეალურად მათთვის არის შექმნილი.

მეორენაირი მეოცნებეებიც არიან, ის მეამბოხეები უმიზეზოდ გრიფიტის ობსერვატორიაში რომ გარბიან, დავარდნილი თვითშეფასებით, რომლებიც არ არიან საკუთარ თავში დარწმუნებული და ამიტომ ხშირად იმეორებენ, არა, მე ეს არ შემიძლია, მე ამით დავიღალე. ამ დროს რა ხდება? ან პარკეტი გხვდება კოჭებში და მთელი შენი სხეულით აკეთებ იმას, რისთვისაც ხარ შექმნილი ან ვიღაც მოდის შენს სახლთან და გაბმულად ასიგნალებს, არ ეპუება მეზობლების რისხვას, არ ჩერდება, მარტო იმიტომ რომ დაგარწმუნოს თუ როგორ ცდები, იმიტომ რომ ეს ის ადამიანია, რომელსაც შენი სჯერა, რომელსაც სჯერა რომ შენ გამოგივა, შენ იქნები წარმატებული.

დააფასეთ ის ადამიანები, რომლებიც თქვენს სახლთან განუწყვეტლად ასიგნალებენ და უფრო მეტად სჯერათ თქვენი, ვიდრე თქვენ საკუთარი თავის.

ფილმის მთავარი მელოდიის შესასრულებლად, გოსლინგი სამი თვის განმავლობაში, დღეში ოთხი საათი პიანინოზე უკრავდა.

მე ოთხი წელი და მასწავლებელი მთელი ცხოვრება მარწმუნებდა რომ სმენა არ მქონდა. შემდეგ გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც რამდენიმე საათში გადამარწმუნა იმაში, რასაც მთელი ბავშვობა თავში მიტენიდნენ. მერე იყო დევიდ ბოუის სფეის ოდითი რომ ჩავწერე, კუსტარულად.

ხოდა თუ გოსლინგი ფრედ ასტერს ცეკვავს და მე ბოუის ვმღერი, არა მგონია, რომ თქვენც ვინც ამ წუთას ოცნებობთ, რამე ისეთი იყოს არ გამოგივიდეთ.

 

 

ვისაც არ გინახავთ, გიტოვებთ ამ ფილმს

 

 

კიმ კი-დუკის აბორტი

რა მოხდება ქუჩებშიც შტეფსელები რომ იყოს, მეუბნება მეგობარი და მეც ვეთანხმები. გვჭირდება. ტელეფონები უნდა დავტენოთ, სმარტფონები გვაქვს, ხუმრობა ხომ არ არის. ყოველდღე ახალი ტელეფონი, ყოველდღე უფრო განვითარებული და უფრო და უფრო მეტ ენერგიას მოითხოვს. ფაუერ ბანკიც გვინდა, შემდეგ ფაუერ ბანკიც ჯდება, ისიც დასატენია. პლანეტის მოთხოვნა მიწოდებას უსწრებს, არსებული რესურსები საკმარისი არ არის, ატომური ელექტრო სადგურები მუშაობით სახეს იხევენ, ადამიანები კი მის გარშემო ბეწვის ხიდზე დავდივართ.

ხანდახან გვაქვს ხოლმე პეროშრიალა აქციები “არ მოჭრა ხე”, “შევამციროთ გამონაბოლქვი” ან “ერთი საათით გამოვრთოთ შუქი”, მერე ვბრუნდებით სახლებში და ყველაფერს ვაბრდღვიალებთ, გვჭირდება, არ გვჭირდება, არ აქვს მნიშვნელობა. არ ვფიქრობთ, იმიტომ რომ ეს არ არის ჩვენი პირადი პრობლემა, ვერ ვხედავთ ამას როგორც პირად პრობლემას, წარმოდგენა არ გვაქვს, ვერ ვათვითცნობიერებთ ერთ დღესაც რა შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს.

2012 წელი, ფუკუშიმა ყირაზე დგება, ადამიანები გაურბიან იმას, რითაც იტენებოდნენ, რაზეც მიერთებულები იყვნენ მთელი ამ ხნის განმავლობაში.

ამ დროს, კიმ კი-დუკის ფილმის “STOP” მთავარი გმირი მიკი ორსულად არის, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ისტერიულ შოკში ვარდებიან, არ იციან რა ქნან, გაიკეთოს მიკიმ აბორტი თუ არა, ალბათობა იმისა, რომ ბავშვი პათოლოგიებით დაიბადება, ძალიან მაღალია. მიკის არ უნდა ბავშვის მოშორება, გამორიცხულია მათი სიყვარულის ნაყოფი პათოლოგიებით დაიბადოს. ასე სჯერა.

ფოტოგრაფი ქმარი, გადაწყვეტს რომ გადაიპაროს რადიაციულ ზონაში და ფოტოები გადაიღოს, ნახოს რეალურად რა ხდება იქ და ცოლი დაამშვიდოს.

რადიაციულ ზონაში კიდევ უფრო შოკურ მდგომარეობაში ვარდება, ორსული ქალი მკვდრადშობს ნაყოფს და იმავე წამში ნამგალით ყელს იჭრის.

BIAFF-ზე ფილმის მსვლელობისას, ჩემს უკან, კინოთეატრ აპოლოში მამა და სამი პატარა შვილი ისხდნენ, არასრულწოვანები. მთელი ფილმის განმავლობაში მამა ბავშვებს კინოს უკითხავდა, ეს მძიმე ფილმი სულ სიცილ-კისკისით აყურებინა და მოასმენინა. შევწუხდით, ვუთხარით, მაგრამ სხვა გზა არ იყო, დავნებდით ბოლოს.

მიკის და საბუს ბავშვი შეეძინათ, ცოტა განსხვავებული, ყველაფერი უფრო ხმამაღლა ესმოდა, ვიდრე ყველა სხვა დანარჩენ ბავშვს, მათ შორის ფუკუშიმას საუბარიც.  ზოგჯერ ყურების დახშობაც იყო საჭირო.

ის სამი ბავშვი თავიდან ძალიან პატარები მეგონნენ ამ ფილმისთვის და მერე მივხვდი რომ არა, რაც უფრო ნაკლებად დავუხშობთ ყურებს და რაც უფრო ადრე დაიწყებენ ყველაფრის მოსმენას, მით უკეთესი პლანეტისთვის.

იქნებ შემდეგ აღარ დაგვჭირდეს გადარჩენისთვის აბსურდული მეთოდების გამოყენება, გადავრჩეთ მანამდე, სანამ ჩვენივე ხელით ნამგალით ყელს გამოვიჭრით და გამოვრთოთ შუქი, არა ერთი საათით.

პ.ს. მშვენივრად ვიცით რომ ღორი რადიაციულ ზონაშია მონადირებული, ვჯერდებით ჩვენთვის სასურველ პასუხს და ხორცს გემრიელად მივირთმევთ.

სე ლა ვი, სე ლა ვი მოდერნ.

მე, ჩემი მეგობრები და სხვა ცხოველები

დახუჭეთ თვალები და გაიხსენეთ, რამდენი მეგობარი გყოლიათ საბავშვო ბაღიდან დაწყებული დღემდე. დარწმუნებული ვარ ბევრს ვერ გაიხსენებთ, იმდენად უკვალოდ გაქრნენ თქვენი ცხოვრებიდან, ბევრს უბრალოდ არ გაიხსენებთ, იმიტომ რომ ყოველთვის ცდილობთ მისი ნაკვალევის გადატკეპნას. ადამიანები მიდიან და მოდიან ჩვენს ცხოვრებაში, შემთხვევით, ძალდაუტანებლად, ვიღაცისთვის შეიძლება გეგმიურად და ძალდატანებით, გრძნობების გარეშე, მხოლოდ იმიტომ რომ სიტუაციურად ვიღაცამ გადაწყვიტა რომ რაღაცაში სჭირდებით და თქვენი მეგობარი ხდება. ამ ადამიანებს ყოველთვის ვაძლევ სიტუაციით სარგებლობის საშუალებას, მეცოდებიან.

თქვენს ცხოვრებაში შემოდიან ის ადამიანებიც ან ადამიანის მსგავსი ცხოველებიც, რომლებიც ნაწილ-ნაწილ იწყებენ თქვენს გამოხრას, ჭამას, ძღებიან და მიდიან, სრულიად უპასუხისმგებლოდ, ან არ მიდიან, სანამ არ მოკვდები.

ემი უაინჰაუზის დიდი თაყვანისმცემელი არ ვარ, თუმცა ბიაფზე ვნახე დოკუმენტური ფილმი მის შესახებ, ფილმი ძალიან მტკივნეული მომენტებით იყო გაჯერებული, ვფიქრობდი, აი ეს რომ ასე არ ყოფილიყო, ეს გოგო გადარჩებოდა, კიდევ იმღერებდა . ..  ვერ გეტყვით რამდენად დაბალანსებული იყო ფილმი, ფაქტების გადმოცემის თვალსაზრისით, რადგან ძალიან კარგად არ ვიცნობ მომღერლის ცხოვრებას, თუმცა ის ფაქტი, რომ მომღერალი მიატოვეს მეგობრებმა, და თვით მშობლებმა და საყვარელმა ადამიანმა საჯიჯგნ ობიექტად აქციეს, ფაქტად რჩება.

ემი მეგობრებს, მშობლებს და საყვარელ ადამიანს შემოაკვდათ.

ხშირად ალბათ ასე ხდება, როდესაც არ ვირჩევთ იმას ვინ გვიყვარდეს, არ ვირჩევთ მშობლებს და გვიყვარს ის, ვისთვისაც სიცოცხლეც არ დაგვენანებოდა. ხშირად იმიტომ რომ უაპელაციოდ, უპირობოდ და გულუბრყვილოდ გჯერა ადამიანები არ გაგწირავენ, არ გიღალატებენ, ბოლომდე დარჩებიან ადამიანებად და არ იქცევიან სხვა ცხოველებად.

მე ბევრი მეგობარი მყავს, მაგრამ ძალიან ცოტა ადამიანი ვინც მეიმედება, ყოველთვის, ყველგან, მიუხედავად მანძილისა, გეოგრაფიისა, დროისა, მდგომარეობისა. ადამიანები, რომლებიც ხედავენ და გრძნობენ როდის ხარ კარგად, როდის ცუდად, აი ასე, უთქმელად. არსებობენ ადამიანები, რომლებიც არასოდეს მინახავს, რომლებსაც ღმერთმა უწყის როდის ვნახავ კიდევ და ასევე ადამიანები, რომელთა ნახვა არასოდეს მომინდება, მაგრამ მიუხედავად მოყენებული ტკივილებისა ჩემები არიან და მეიმედებიან. ბევრჯერ გადამარჩინეს, თმებით გამომათრიეს აქაფებული ტალღებიდან თუ ჯოჯოხეთიდან და ყველა იმ ადგილიდან, სადაც არ უნდა შევსულიყავი და მაინც შევედი.

ხშირად მსმენია, მუზა არ მომდის, ვერ ვწერ, მე მოვრჩი მეტს ვერაფერს ვიტყვი და აბა დაუსვით თქვენს თავს კითხვა, როდის ვწერთ ხოლმე? მხოლოდ მაშინ როცა სათქმელი გვიგროვდება, როცა ვგრძნობთ, ვგრძნობთ, როგორ გვტკივა, როგორ გვიყვარს, როგორ გვწყინს, ყველაფერი ასე იწერება ამ ბლოგზე და ასე დაიწერება ყოველთვის ყველგან. . . ასე დაიწერა სიმღერა “Back to Black”, ერთი ამოსუნთქვით.

მეგობრებს ებარებოდეთ . ..

სიყვარული აკრძალულია?

არსებობს ცენზურა, ასევე არსებობს თვითცენზურა, სხვადასხვანაირი შიშები, გაკიცხვის, დატუქსვის, დაცინვის . .. ასევე არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფილმში ზრდილობას და კულტურას ითხოვენ, რა არის ზრდილობა ან კულტურა სხვადასხვა ადამიანის გადმოსახედიდან, ეს კიდევ ცალკე განხილვის თემად შეიძლება ვაქციოთ.

1990 წელი, მოსკოვი, “გრძნობათა იმპერიას” აჩვენებენ. “ახლადგახსნილი კინოს მუზეუმის დიდ დარბაზში, სეანსი ჩაიშალა. ნაგისა ოსიმას ფილმის, “გრძნობათა იმპერიის” ჩვენების დროს რამდენიმე ადამიანმა ერთდროულად დაიწყო ყვირილი “ჟიდომასონები რუსულ კულტურას უტევენ!”. ამ წამოძახილს ვიღაცამ უპასუხა და კინოს მუზეუმში ხელჩართული ბრძოლა დაიწყო. დარბაზის ადმინისტრაცია იძულებული იყო ფილმის ჩვენება შეეწყვიტა”, ვკითხულობთ გოგი გვახარიას წერილში გრძნობათა იმპერია – 30” 

ისევ 1990 წელი, ახლა უკვე თბილისი და ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი, ორიათასამდე მაყურებელი “გრძნობათა იმპერიის” სანახავად შეიკრიბა. მოსკოვისგან განსხვავებით, სეანსი შედგა.  ქართველმა მაყურებელმა ფილმი ნახა.

ზუსტად არ მახსოვს 90-იანების რომელი წელი იყო, ის კი მახსოვს, რომ ნაქირავებ, ერთ ოთახიან ბინაში ვცხოვრობდით, შუქი ღამე მოდიოდა და ფილმების ნახვასაც მხოლოდ ღამით ვახერხებდი. “გრძნობათა იმპერია” აჩვენეს “ფსიქოში”, მახსოვს ტელევიზორი რაღაც უცნაურ ყუთში იდო, ორივე მხარეს კარი ჰქონდა კარადასავით, აქეთ-იქეთ ფრთებივით გავუშლიდი ხოლმე და მშობლებს რომც გაღვიძებოდათ, ტელევიზორისთვის თვალის შევლებას ვერ მოასწრებდნენ.

ასე ვნახე “გრძნობათა იმპერია”, გადახვევის და ხმის ჩაწევის გარეშე. მაშინ პულტიანი ტელევიზორი არ გვქონდა.

დაახლოებით 1994 წელია, კახეთში, გურჯაანის ტელევიზია უჩვენებს ეროტიკულ ფილმს “ღამის ქალი”.  ეს ფილმი შედევრებთან რა მოსატანია, თუმცა ფილმის შემდგომ განვითარებული მოვლენები იყო საინტერესო. მეორე დილას, იმავე გურჯაანის ტელევიზიამ, საინფორმაციო გამოშვებაში გადმოსცა, რომ დაახლოებით 200-მდე ადამიანი შეიკრიბა ტელევიზიასთან, რომლებიც კატეგორიულად ითხოვდნენ არ გაეშვათ ფილმის დაანონსებული მეორე ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ტელევიზიის აღებით იმუქრებოდნენ.

2015 წელი, ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალი, აპოლოს ეკრანზე გასპარ ნოეს “სიყვარული” ჩნდება, არასიმულირებული სექსის სცენებით გაჯერებული ფოტოგრაფიული ესთეტიკის პორნოგრაფიული ეროტიკა ან ეროტიკული პორნოგრაფია. გააჩნია როგორ შეხედავთ. თუ ფილმში ზრდილობას, კულტურას, მორალს და ათას მსგავს ოხრობას ითხოვთ, დროს ტყუილად დაკარგავთ, ეს სათქვენო ფილმი არ არის.

სკანდალი არა, მაგრამ ცოტა პარადოქსული იყო ის, რომ ჯერ დარბაზში შესვლაზე იყო წყვეტა და ბევრი გარეთ დარჩა, შემდეგ დარბაზიდან გამოსვლაზე იყო მარათონი. ჰო, ბევრმა დატოვა დარბაზი, ზოგი ბუზღუნ-ბუზღუნით ზრდილობას ითხოვდა ფილმში, ზოგმა 3D-ში სპერმის შხეფებზე თავი გვერდით გასწია.

სიყვარულის” ამბავი სასამართლომდეც მივიდა, დაობდნენ ეჩვენებინათ თუ არა ფილმი 16-17 წლის მოზარდებისთვის, საბოლოოდ 18 წელი გადაწყვიტა სასამართლომ. მალე, სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, “სიყვარულის” პროდიუსერი ვინსენტ მარავალი ტვიტერზე დაწერს “საფრანგეთში, 18 წლის ქვემოთ სიყვარული აკრძალულია”. გასპარ ნოე კი შიშობს, რომ მომავალში, რეჟისორებს და პროდიუსერებს ეს ფაქტი დააფრთხობს უფრო თამამად გადაიღონ ფილმები.

ამ წლების მანძილზე, მრავალმხრივი განვითარების პარალელურად, თითქოს აღარ უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, კინოთეატრები უჩვენებენ თუ არა ფილმს, აკრძალულია თუ არა სიყვარული, დღის წესრიგში აღარ უნდა იდგეს ეს საკითხები, თითქოს მაყურებელიც უფრო განვითარებული უნდა იყოს და ეკრანზე არაფერი უნდა უკვირდეს, თუ ნახვა არ სურს, უბრალოდ არ წავიდეს კინოთეატრში. ისე ჩანს, რომ ბევრი წლის წინ უფრო მზად იყო მაყურებელი, უფრო არ ეშინოდა, არც საკუთარი თავის და არც სხვების.

“რატომ არ არის ქართულ ფილმებში მეტი შიშველი სხეული?” დაახლოებით ეს კითხვა დასვა ერთ-ერთმა მსმენელმა, გოგი გვახარიას ლექციაზე “შეხების ეროტიკა და კინომონტაჟის კრიტიკა”, – “სხეულის შიში”, იყო მოკლე და მარტივი პასუხი.

მე ვიტყოდი, ეს არის შიში, რომელსაც ქმნის პუბლიკა, პუბლიკა რომელიც ფხუკუნებს, გადის დარბაზიდან, ფეისბუქზე არეპორტებს სიშიშვლის შემცველ ფოტოებს, დასცინის ფილმებში თუ ჟურნალებში გამოჩენილ სიშიშვლეს და ა.შ თუმცა ამას არავითარ შემთხვევაში არ ვწერ იმისთვის, რომ ქართველი რეჟისორების უნიათობა გავამართლო. ორივე, შიშიც და აკრძალვაც მთავარი მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს იმისთვის, რომ შექმნა ის, რაზეც ზოგი შემოვარდება კინოდარბაზში და ზოგი მოწყვეტით გავარდება გარეთ.

ცენზურის დაუსრულებელი ამბავი კი აუცილებლად უნდა დავასრულო ჯუზეპე ტორნატორეს ფილმით “სინემა პარადისო”, გვახსოვს მთავარი გმირი, როგორ ჭრის არასასურველ სცენებს კინოთეატრში გასაშვები კინოფირიდან, ჭრის და ამოჭრილ ნაწილებს, რომელმაც ცენზურა ვერ გაიარა, სადღაც ერთ ყუთში ყრის. პატარა თანაშემწეს არ ავიწყდება ამოჭრილი სცენები და როდესაც უკვე ჭაღარაშერეული, ცნობილი რეჟისორი სახლში ბრუნდება, ყველა აკრძალვას, ყველა კოცნას, რომელიც ბავშვობაში გამოტოვა, ერთად კინძავს და გრძნობათა იმპერიას ქმნის, იმპერიას, სადაც ცრემლი, სიხარული, ტკივილი და ბედნიერება ერთმანეთშია არეული.

არასოდეს გამოტოვოთ კოცნა.

გათხოვდი, ჩაბარდი პატრონს!

ერთ დღესაც, თურქეთის ერთ-ერთ სოფელში, გოგონების უწყინარი, ბავშვური თამაში თანაკლასელ ბიჭებთან ერთად, ძალიან მარტივად, გამზრდელი ბებიისთვის და ბიძისთვის კლინიკაში ქალიშვილობის შემოწმების მიზეზად შეიძლება იქცეს. ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, დებს სახლში გამოკეტავენ, ჩამოართმევენ ტელეფონებს, კომპიუტერს, გისოსებით შემოსაზღვრავენ სახლს და კულინარიულ გაკვეთილებს უტარებენ, ბებია და ბიძა იწყებენ გოგონების გათხოვებას. და როგორც უმცროსი და იტყვის, სახლი “ცოლების მწარმოებელ ქარხანას” ემსგავსება.

თურქი რეჟისორის დენიზ გამზეს ფილმი “მუსტანგი”

სამწუხარო ის იყო, რომ ეკრანზე რამე ახალს და განსაკუთრებულს არ ვუყურებდი, ისეთს, რაც საქართველოში არ მენახა ან არ გამეგონა. ვფიქრობ ხოლმე, მოდი მეც გადავიღებ ამ თემაზე ფილმს, მაგრამ მგონია რომ ველოსიპედის თავიდან გამოგონებასავით საქმე გამომივა და ეგეც არ იყოს, ყველას კარგად გვახსოვს, სულ ახლახან სამეგრელოში მომხდარი ამბავი, იმედზე გასული სიუჟეტი, სადაც ცოლი “ქალიშვილი არ აღმოჩნდა”, სიუჟეტის განვითარება, შინაარსი, მონაწილე ადამიანები, თავად ამბავი, ეს ყველაფერი უკვე არის კინო, ვუყურებდი და ვფიქრობდი, აი რომ მოვკიდო კამერას ხელი და რამე გადავიღო, ამაზე მეტი და ამაზე რეალური რაღა უნდა გადავიღო?

სად ცდებიან მშობლები და სად ცდებიან მშობლების მშობლები? წადი გოგო, გამოეწყე, გამოიპრანჭე და დატრიალდი ქელეხში, მეზობელი მოკვდა, იქნებ ვინმემ თვალი გკიდოს. რამდენი ჩემი ნათესავი ან ახლობელი გოგო წასულა ასე გამოპრანჭული და სინებით ხელში ქელეხებში უტრიალიათ სასურველი სასიძოს ძიებაში. შანსები ძალიან მაღალი იყო, კერძების მომზადება, ოჯახში ცეცხლივით ტრიალი, მოწესრიგებულობა მნიშვნელოვნად მაღლა სწევდა გათხოვების შანსებს.

არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა განათლებას, საკუთარი ზურგის ქონას, საკუთარი პასუხისმგებლობების, აზრების ქონას. გოგო უკვე იმთავითვე იზრდებოდა, რომ ქელეხში ორგანულად მიდიოდა, ეს ყველაფერი მისთვის ბუნებრივი იყო, ასე უნდა ყოფილიყო, არ გამოხატავდა სწავლის გაგრძელების სურვილს, სკოლის პერიოდში გათხოვებაც რასაკვირველია პრობლემას არ წარმოადგენდა. თუ სკოლის ასაკს გადააცილებდა, მაშინ დღის წესრიგში დგებოდა უნივერსიტეტში მოწყობის საკითხი, პედაგოგიურზე, სტომატოლოგიურზე ან რამე მსგავს პროფესიაზე, რათა გაფართოებულიყო სამეგობრო-სანაცნობო წრე და პატრონს ჩაბარების შანსები უფრო გაზრდილიყო.

ასეთი სურათი იყო 90-იან წლებში, რაც ნათლად მახსოვს, თბილისშიც და იმ სოფლებშიც, სადაც ზაფხულობით სტუმრად ჩავდიოდი ხოლმე.

მე გადავრჩი, როგორ და რანაირად გადავრჩი ზუსტ სქემას ვერ გადმოგცემთ, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად, თანაბრად მთავარი როლი შეასრულა ყველამ, ბებია-ბაბუებმა და მშობლებმა, შემდეგ სკოლამ და გარემოცვამ. გამზარდეს ისეთივე დამოუკიდებელი, თანასწორი და ჩამოყალიბებული, როგორებიც თვითონ იყვნენ, შინ თუ გარეთ, მაშინაც, როცა ვერ ვათვითცნობირებდი და ახლაც, როცა კარგად ვათვითცნობიერებ, ეს ადამიანები, ჩემთვის იყვნენ და არიან დამოუკიდებლობის და თანასწორობის საუკეთესო მაგალითები.

2015 წელს გადაღებული თურქული ფილმის შემდეგ, ძალიან დიდი ნახტომი იყო ლანა ღოღობერიძის ფილმი “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე”, რომელიც დღეს ხელახლა და სხვა თვალით ვნახე BIAFF-ზე.

ლანა ღოღობერიძის ფილმი “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე” 

1977 წელს გადაღებული ფილმი და მასში შესული, იმ დროისთვის და მგონი ამ დროისთვისაც თამამი ნარატივები, ერთის მხრივ დიდი კონტრასტია და მეორეს მხრივ მიკვირს, რომ 70-იანი წლებიდან არსებობს ეს ფილმი და ჩემი მშობლების თაობას მაიინც გამოყვა თემები “ქალი სახლში უნდა იჯდეს, ბავშვებს უნდა მიხედოს, ქმარს ცხელი კერძი დაახვედროს, სახლი დაალაგოს და იოცნებოს იმაზე დილით რა დაახვედროს ქმარ-შვილს, ღალატი აპატიოს, ოჯახი ერთი გავლა-გამოვლის გამო არ დაანგრიოს და ა.შ. . . .”

ფილმის შემდეგ სახლში ვბრუნდები და კიდევ ახალი სიურპრიზი მხვდება, პროფილის და მაია ასათიანის ახალი ვიდეორგოლი.

და ვხვდები, რომ არ მჯერა მაია ასათიანის, რომელმაც ახლა გამოიღვიძა, ახლა აღმოაჩინა რომ ჩვენთან ქალებს კლავენ, ნაცრისფრად და რუტინულად ზრდიან, განსხვავებული სექსუალური ორიენტაციისთვის ადამიანებს ქოლავენ, ხალხს შია და ვიღაც ასიათასიანი ჯიპით დადის, მრევლი სადამსჯელო რაზმს დაემსგავსა და ა.შ. მაშინ როდესაც, ბევრი წლის მანძილზე, ეს გადაცემა აღვივებდა ყველაფერ ზემოთ ჩამოთვლილს, ამყარებდა სტერეოტიპებს, ძირს უმაგრებდა ძირგამომპალ ტრადიციებს, იყენებდა ადამიანთა სევდას, ტკივილს, ცრემლს და ეს ყველაფერი მხოლოდ დედააფეთქებული რეიტინგისთვის.

ცოლების მწარმოებელი ქარხანა უნდა დაინგრეს, ისევე როგორც დაინგრა ყველა ქარხანა 90-იან წლებში და ჯართად ჩაბარდეს, დილაობით მომკივან კაცებს, “ვიბარებთ ჯართს”.

 

წყლის მომწოდებელი

მე და ჩემი მეგობრები ხშირად ვხუმრობთ კიბოზე. მე და ჩემი კიბოიანი მეგობრებიც. ცრემლებამდე ვიცინით ხოლმე, ისტერიკულად, გაუჩერებლად, იუმორის და სისხარტის პიკში და ალბათ ეს ზუსტად ის არის, რაც გაგვიყვანს ნებისმიერი ტკივილიდან, ერთგვარი ანესთეზიაა, რომელიც გულს და ტვინს გვიყუჩებს და გვაიძულებს არ ვიფიქროთ ან ისე ღრმად არ ვიფიქროთ სიკვდილზე აქ და ახლა მაინც.

ჩვენ ყველანი შვილები ვართ, ზოგს ისეთი ლაღი და დალხენილი ცხოვრება აქვს, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობაც არ აუღია, ონკანიდან წყალსაც ვერ დალევს დამოუკიდებლად. ერთობა, ტკბება იმ ცხოვრებით, რომელიც მას სპეციალურად მისთვის შექმნეს მშობლებმა და გარშემომყოფებმა.

“ჩემი ნაბოლარა, სიბერეში წყლის მომწოდებელი, ავად რომ გავხდები ხომ მომივლი”, რამდენჯერ მსმენია ეს სიტყვები, ბავშვობიდან რომ გაკერებენ მშობლები, გკიდებენ ვალდებულებას და მიზანმიმართულად, ეგოისტურად ბლოკავენ შენს თავისუფლებას.

ჯოშ მონდის ფილმის მთავარი გმირი, ახალგაზრდა ბიჭია, ერთობა როგორც შეუძლია, კლუბები, სასმელი, მეგობრები, არ მუშაობს, თუმცა ეძებს სამსახურს. ერთ დღესაც აღმოჩნდება რომ დედა, რომელიც სიგიჟემდე უყვარს, მძიმე ავადმყოფია, დიაგნოზი – მეოთხე სტადიის კიბო. დედა ხელით სატარებელია, საპირფარეშოში, აბაზანაში, წყალს კი მიაწოდებ, მაგრამ დალევა უჭირს, ნერვული შეტევები აქვს. მომაკვდავია. საავადმყოფოშიც არ ტოვებენ. ლოგინი არ აქვთ მომაკვდავისთვის. ჯეიმსის ახალგაზრდული ენერგია, შემართება და ოპტიმიზმი ეჯახება დედის უძლურებას და ფარხმალის დაყრას. შვილი მოუმზადებელია ასეთი მასშტაბების შეჯახებისთვის, ტკივილისთვის, დაკარგვისთვის, საკუთარ ახალგაზრდობაზე, გართობაზე, მეგობრებზე უარის თქმისთვის და საყვარელ ადამიანზე პასუხისმგებლობის აღებისთვის.

ამ დროს კვდება იუმორიც, ოცნებაც პარიზში ცხოვრებაზე და ერთადერთი, რაც გატკბობს და სულს გიამებს, მოგონებებია, რომელიც ერთად შექმენით განვლილი ცხოვრების მანძილზე.

რაც გვკლავს, ის გვაძლიერებს.  

კადრი ბიაფის საკონკურსო მხატვრული ფილმიდან "ჯეიმს უაითი"

კადრი ბიაფის საკონკურსო მხატვრული ფილმიდან “ჯეიმს უაითი”

უზრდელობა საზღვრებს გარეშე

ამ რამდენიმე ხნის წინ, ვიდეო ვნახე, ხანშიშესული ომარ შარიფი, ყატარის კინოფესტივალზე, ჟურნალისტების და ფოტოგრაფების წინ, პასუხობს კითხვებს. თითქოს არაფერი უჩვეულო ამ ვიდეოში არ უნდა ყოფილიყო, პირიქით, ჩვეულებრივი, კინოვარსკვლავისთვის რუტინული მდგომარეობა იყო, ინტერვიუები, ჟურნალისტები, თაყვანისმცემლები, ფოტოგრაფები. ვიდეო ნაწყვეტში, ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა კითხვა დაუსვა და მოულოდნელად, ომარ შარიფი შემოტრიალდა, ეჩხუბა, უყვირა, არც აცია, არც აცხელა და ქალბატონს სილა გააწნა.

მოგვიანებით, ეს შემთხვევა ომარ შარიფის ალცჰაიმერის საწყისი სტადიით “გაამართლეს”. შეიძლება ისიც თქვეს, ხომ იცით ომარი რანაირია, როგორი უხეშია და ა.შ. მაგრამ ეს არ ვიცი და მგონი არც უნდა იყოს საინტერესო.

ქალი ჯერ გაოგნდა, შეცბა, ხუმრობა ხომ არ არის, წითელ ხალიჩაზე, კინოფესტივალზე ომარ შარიფი რომ სილას გაწნავს, შემდეგ მოლბა, მინაზდა, ღიმილით შეხვდა, არა უშავს, ბოდიში, და ბოლოს ერთად გადაიღეს ფოტო.

გუშინდელ პრესკონფერენციაზე, ოთარ იოსელიანს ფიზიკურად სილა არ გაუწნავს შეკითხვის ავტორისთვის, თუმცა რამდენჯერმე საკმაოდ უხეშად უპასუხა და მოიხსენია დარბაზში მყოფი ჟურნალისტი. პრესკონფერენცია, რომელიც წესით კითხვა-პასუხის რეჟიმში უნდა წარმართულიყო, უფრო მონოლოგი იყო, შიგადაშიგ მაქებარი კითხვების თუ რეპლიკების გამოკლებით.

რაც შეეხება ახალ ფილმს, წინა დღეს, ფილმის დაწყებიდან თხუთმეტ წუთში დავტოვე დარბაზი. რასაკვირველია, ეს ცალსახად არ ნიშნავს იმას, რომ ფილმი ცუდი იყო, როგორც იოსელიანმა აღნიშნა პრესკონფერენციაზე, მას ფილმი ჩემთვის არ გაუკეთებია და საერთოდ ბევრი ადამიანისთვის არ აკეთებს ფილმს, რადგან ფილმს, რომელსაც ბევრი ადამიანი ნახავს, არ ნიშნავს რომ კარგი და წარმატებული ფილმია.

იოსელიანის ფილმის და BIAFF-ზე პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ მივხვდი, რომ ყლეობას ასაკი არ აქვს და უზრდელობას საზღვრები. მომენტი, როდესაც ამ კონკრეტულ ადამიანს და მის შექმნილ ფილმებს ერთმანეთს ვერ უკავშირებ, ძალიან უხერხულია.

შარშანაც და წელსაც ბევრმა ცნობილმა და ანგარიშგასაწევმა რეჟისორმა გამიცრუა იმედები, იოსელიანიც მათ რიგებს შეუერთდა. რასაკვირველია, ამით მათ არაფერი აკლდებათ, ისინი ინერციით, ძველი დიდების ხარჯზე, მაინც მიიღებენ დაფინანსებას, კინოთეატრებში ჩვენების უფლებას, შემორჩენილ და ნელ-ნელა კლებად მაყურებელს, თუმცა მე მის ადგილას კამერას გვერდზე გადავდებდი და სტენდაფ შოუებს ჩავწერდი, ძალიან წარმატებული ნაბიჯი იქნებოდა.

კერპებს ადამიანები ვქმნით, უზრდელობას და მაგიდაზე მოჯმასაც ჩვენც ვპატიობთ, და მერე იმ გოგოსავით, ომარ შარიფს რომ უღიმოდა სილის გაწვნის შემდეგ, ჩვენც ვიღიმით, თავზე ხელს ვუსვამთ და სელფებს ვიღებთ.

 

გათენებამდე ოთარ იოსელიანის თემა ვერ ამოვწურეთ, ბათუმი უკვე იღვიძებდა, მესმოდა ძველი ცოცხებით წვიმის წყლის შხვეპის ხმა; მეეზოვებს გაუღვიძიათ, არ ვიცი უნახავთ თუ არა მათ იოსელიანის ფილმები, არც ის ვიცი, იოსელიანმა თუ იცის ამის შესახებ, ის ხომ ფილმებს მასებისთვის არ ქმნის და მხოლოდ ვიწრო წრისთვის ზრუნავს, რომლისთვისაც ფილმის მთავარი სათქმელი ისედაც ცხადზე ცხადია.

 

ჩვენ მიერ შექმნილი კერპები, ჩვენვე უნდა მოვკლათ.