დაგვიანება იცით კაცებმა – 2

მაშ ასე, დაგვიანება იცით კაცებმა ერთის შემქმნელებისგან თქვენ მოიგეთ მეორე პოსტი და ასევე დამსინავი მამრების შესანახი კონტეინერი. ^^

მთელი რიგი დისკუსიების, აზრთა გაცვლა-გამოცვლის, პირადი ამბების გადმოლაგების, შედარებითი დახასიათებების და ანალიზის შემდეგ, რაღაცნაირად შევჯერდი შემდეგზე:

დრამაქვინები – ანუ ბუზის სპილოდ ქცევის გურუები, მომენტი, როდესაც 37 სიცხე 200-ია, სურდო კი სამუდამოდ ლოგინად ჩავარდნის პერსპექტივა, რასაც თან ერთვის კაბის კალთაზე ჩამოკიდების დაუოკებელი სურვილი, საბურთალოდან თავისუფლებამდე მისვლა კი უბრალოდ არგონავტების ფათერაკებით აღსავსე მოგზაურობაა.

სტატუსი ქრონიკულია და საჭიროებს თვითშეფასების მუდმივ ამაღლებას.

ბარბი ბიჭი – სარკე, ასპრია, ჩვენი წელთაღრიცხვით 2017 წელი. მრავალი ასეული წლის შემდეგ, მეცნიერები ამ წარწერით უამრავ ასეთ ფოტოს აღმოაჩენენ გათხრებში. აქ, დრამაქვინმა იმუშავა საკუთარ თავზე, სხეულზეც, აიმაღლა თვითშეფასებაც, რასაც ცხადია უნდა მივესალმოთ, წამოვდგეთ და ტაში დავუკრათ, მაგრამ როგორც დრამაქვინები ამლაშებდნენ, ისე საკუთარ თავზე მუშაობაც გადაუმლაშდათ და უბრალოდ აიფონიან ბარბებად იქცნენ.

^_^

რვაფეხა – ის არის ყველგან, როგორც ქათმის ხორცი ქორწილში, როგორც ქელეხში ლოქო ქინძმარში,  ყოვლისმომცველი, უკიდეგანო, უსაზღვრო, ყველა სტატუსზე, ყველა კომენტარზე, ყველა ფოტოზე, ყველა ჩატში, სულ მოძრავი, სულ აქტიური. უიმედო, ვერ უშველით.

ამაზე სულ ეს მახსენდება ხოლმე

ფაქ ბოდი = ბოდი, ო, ბოდი ანუ სექსის კაცი ანუ უბრალოდ სექსი.  

კინჭოტა – კინჭოტი არის გრძელი ჯოხი, თონეში ჩავარდნილი პურის ამოსაღებად, სხვა სახელი ამ კატეგორიას ვერ მოვუძებნე, ფაქ ბოდიც არ გამოდის, ამბობს, რომ ურთიერთობა როგორც ასეთი არ უნდა, უნდა სექსი, საუბარი, მიწერ-მოწერა და ხანდახან საერთო მეგობრების წრეში  შეხვედრებიც ასევე გარდაუვალი იქნება, ანუ რა უნდა, იცის ვინმემ? გარდა იმისა რომ დრო და დრო, თონეში ჩავარდნილი პურივით მოგიწოდოს?

ძაფით გამობმულები – ეს არსად მიდის, არც შენ გიშვებს, სულ შენ გარშემო ტრიალებს, თუ ლაიქია, თუ შეარია, დაფაცურდება, დატრიალდება, არ შეგარცხვენს, მაგრამ ინბოქსში ვინ ვარო, ვინოო? ვინაო და ლენინის მავზოლეუმიო ❤

ხო ბიჭებს გვიყვარს ზანაჩკების დატოვება, თან თუ ტვინს არ იმას გიშვება იყოს თავისთვის პურს გთხოვს თუ წყალს. რა იცი ხვალ რა ხასიათზე გაიღვიძებ.”

 “gaurkvevlobashi amkofo jobs vidre mitovebaze utxra”

ცუილივით გაპარულები  – ანუ მიხვდით ხომ როგორ მიდიან? ცუილივით. მეტიც, რაღაც დროის მერე შეიძლება ეჭვიც შეგეპაროთ, რომ ასეთი ვინმე თქვენს ცხოვრებაში  საერთოდ არსებობდა. პერიოდულად, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის გადამოწმების მიზნით, შედიხართ მის ფეისბუქ პროფილზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ნახულობთ, ნამდვილად არსებობდა თუ არა ის. რატომ მოვიდნენ, რატომ წავიდნენ, რა უნდოდათ, კაცმა არ იცის, ცხადია არც თვითონ.

გატეხილი ზურგები

არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ზურგზე სიარული უყვართ, გატეხავენ ერთ ზურგს, გადავლენ უფრო მაღალ ზურგზე, ამასაც გატეხავენ და ასე შემდეგ, ზურგების კიბის უფრო მაღალ და მაღალ მწვერვალებს იპყრობენ. გატეხვამდე ზურგი ბევრს უძლებს, ბევრს ცდილობს, ცდილობს რომ გაუძლოს და დიდხანს ატაროს, კარგად ატაროს. ერთი შეხედვით რაღაც ჰარმონიაც უნდა იყოს, თავისებურად მაგრამ მაინც, ერთიც ხომ მსხვერპლია და მეორეც. ზურგზე მოსიარულე უიმედოა, არაფერი ეშველება, რადგან უკვე ძალიან დაგვიანებულია ადამიანმა საკუთარი ფეხით სიარული ისწავლოს.

აი ასეთი ხარ და მორჩა, დამოკიდებული და ჩამოკიდებული, ხელით სატარებელი და საჯიკავებელი, ყველგან ზურგით დადიხარ, ამ სიმაღლიდან უფრო კარგად ხედავ, უფრო მეტი საყრდენი გაქვს, უფრო მეტად იმკვიდრებ თავს, რაღაც დროის შემდეგ ისე ზულუქდები, რომ ზურგი ამას ვეღარ უძლებს და ტყდება. და შენ, უკვე მოფრთიანებული, ფეხმოკიდებული და უფრო მეტად თავდაჯერებული გადადიხარ სხვა ზურგზე, აგრძელებ დიდ და იოლ გზას.

ჩემ გარშემო ბევრი გატეხილი ზურგია. მეც გატეხილი ზურგი ვარ. ხშირად, ზურგი ძნელად მთელდება. უფრო ხშირად კი საერთოდ არ მთელდება.

 

გილოცავთ ვალენტინობას. ატარეთ მხოლოდ საკუთარი თავი. ❤

ტირიან ჩვენი სხეულები

თითქმის ერთი თვეა სავარჯიშო დარბაზში დავდივარ, ხანმოკლე დიეტის და შენარჩუნების ეტაპების შემდეგ, არჩევანი სავარჯიშო დარბაზზე შევაჩერე, მეზარებოდა მაგრამ მარტო არ ვიყავი და ვიფიქრე რომ არ ვიზარმაცებდი. დავრჩი მარტო. ცოტა შემეშინდა იმის, ყველა სხვა რუტინის მსგავსად ესეც მალე მომბეზრდებოდა და შევწყვეტდი. ღრმად ამოვისუნთქე და ჩავფიქრდი, ჩავფიქრდი იმ მიზეზებზე რატომ უნდა მევლო სპორტდარბაზში, არც მეტი არც ნაკლები ჩემ თავს გულახდილობა მოვთხოვე, ვინმესთვის უნდა გამეკეთებინა ეს? არა, ხაზგასმით არა. მინდოდა ისევ პასიურ რიტმს დავბრუნებოდი? რასაკვირველია არა. ხოდა, ავაფრიალე ტრენერის დაწერილი შაბლონური პროგრამა და დავიწყე ვარჯიში. თავიდან, დღეგამოშვებით დავდიოდი, ვაცდენდი კიდეც, ახლა ყოველდღე დავდივარ. ვარჯიშს დღითიდღე უფრო ვუმატებ, უნებლიედ ჩემი თავი დავიჭირე, რომ უკვე წელში გამართულიც კი დავდივარ და საერთოდ შემძლებია თურმე.

ძალიან მნიშვნელოვანია გარემო და ის ადამიანები, რომლებიც ჩემთან ერთად ვარჯიშობენ ამ სივრცეში, განსაკუთრებით გოგოები რასაკვირველია.

დღესაც, შუადღის მორიგი ვარჯიშის დროს, სარბენ ბილიკზე სირბილისას და მუსიკის ფონზე ვათვალიერებდი მოვარჯიშეების სახეებს და ვფიქრობდი, როგორ მიიღეს აქ მოსვლის გადაწყვეტილება,  სვანეთის მთების და კოშკების ფონზე შიშველი, მოვლილი, ფორმაში მყოფი სხეულის დანახვა ვითომ? მეგობარი გოგოს ან მეგობარი ბიჭის ჩიჩინი? მშობლების ან და-ძმის ჩიჩინი? თუ ჩემსავით დასხდნენ ესენიც და შეკითხვები წააყარეს საკუთარ თავს?

აი, ჩემ წინ დაახლოებით 40 წლამდე მამაკაცი ვარჯიშობს, საშინლად უკმაყოფილო სახით,  ისე თითქოს 10 ან 20 წლით უმცროსმა გერლფრენდმა კინწისკვრით გამოაგდო, წადი ივარჯიშე, ღიპი დაიგდეო, ესეც საწყალი ხან ერთ რკინას მიაწყდება, ხან მეორეს, ყოველ ამოქაჩვაზე ისეთი სახე აქვს, გეგონება ტრენაჟორს ეხვეწებოდეს ცოტათი მაინც დამსუბუქდიო. მის ყოველ მოძრაობაზე ვგრძნობდი რომ გარშემო ყველა დამნაშავე ვიყავით, ყოველშემთხვევაში ასე ჩანდა. ან შეიძლება არ მეჩვენებოდა და მართლაც ასე იყო, ზედმეტად ბევრს ხომ არ ვითხოვთ ხოლმე ერთმანეთისგან? ყველას ხომ არ სიამოვნებს ჯანსაღი წესით ცხოვრება? იქნებ არ უნდა ფორმაში ყოფნა და მხნეობა? იქნებ ფიქრობს რომ ღიპი მისი ბუნებრივი მდგომარეობაა და ეს ასაკი სწორედ ღიპის, მოდუნებული კუნთების და მუდმივი დაღლილობის ასაკია? რატომ უნდა შევუშალოთ ხელი?

ან იქნებ ის 25-27 წლის ბიჭი, რომელიც ასწევს ერთ გირს და ორი საათი მისჩერებია სარკეს ან ტელეფონს და დარწმუნებულია რომ ეს ფორმა და შემართება მთელი ცხოვრება გაყვება, ეს მისი გენეტიკაა და არაფერი შეიცვლება, ამ ეტაპზე კი, დარბაზში ერთ ხელში გირით და მეორე ხელში აიფონით, უბრალოდ მილფებს დაათვალიერებს.

ხოდა რა არის მთავარი? მთავარია თქვენ სად ხართ კომფორტში, პირველ რიგში საკუთარ თავთან თუ ხართ კომფორტულად? თუ წვალობთ, იტანჯებით და ეს ის არ არის, რასაც რეგულარულად და სისტემატურად გააკეთებდით მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, ნუ აატირებთ თქვენს სხეულებს, ჯობია სხვა რამე სცადოთ, აერობიკა, ცეკვა, სირბილი, ცურვა, იოგა, ჭოკით ხტომა და არ იფიქროთ იმაზე ხალხი რას იტყვის, რაღა დროს შენი ფორმაში ჩადგომაა, აწი შენ ვერ დაიბრუნებ ძველ ფორმებს, თუ გათხოვდი უნდა გასუქდე კიდეც აბა როგორ, 35 წლის კაცი ხარ და აბა ღიპი არ გექნება? და ა.შ. პირველ რიგში, რაც უნდა გააკეთოთ არის ის, რომ ეს ხალხი სანაგვეზე გადაყაროთ, დამიჯერეთ ამ დროს ერთ 25 კილოს მყისიერად ჩამოიკლებთ და მშვიდად გადახვალთ შენარჩუნების და სტაბილურობის ეტაპზე.

რა გჭირს? არაფერი

“ქართველი კაცი ვერ მოკლავს ქართველ ქალს,

იმიტომ რომ ისინი ისედაც მკვდრები არიან.”

თქვა ზაალ ჩხეიძემ შეხვედრაზე “როგორ დავხოცოთ ქალები”.

და ამაზე რატომღაც ერთი ისტორია გამახსენდა. ეს ისტორია იმდენად უცნაური და უჩვეულოა, სიმართლეს თუ შეესაბამება უკვე ვეღარც ვიჯერებ, მაგრამ მგონია რომ კარგად ეხმაურება ამ ფრაზას.

ქალი რომელიც შრომობს, დადის ბაზარში მუშაობს, ზრდის შვილებს, უვლის ქმარს, რომელიც გამუდმებით სახლში ზის, იტანს მისგან შეურაცხყოფას, ნეკნების ჩამტვრევას, ეჭვიანობას, უმადურობას და ბოლოს, ერთ მშვენიერ დღეს, მორიგი რუტინული დღის დასასრულს, როდესაც სახლში ტვირთით მოსული შეეცდება ცოტა ხნით სავარძელზე ჩამოჯდეს და დაისვენოს, ქმარი არ აძლევს ამის უფლებას. აი აქ ქალს ეკეტება, მოთმინების ფიალა ევსება, მთელი ამ წლების მკვდრადყოფნის შემდეგ ცოცხლდება, ქმარს წინააღმდეგობას უწევს და თვითმკლველობას ცდილობს.

საბოლოოდ, შეხვედრის დასასრულს ყველაფერი ქართულ მწერლობას დაბრალდა, სადაც არ არის ქალის ნარატივი, არ ჩანს ქალის ხმა, არ ვიცით რა სურს ქალს, როდის სურს, რატომ სურს, ვინ არის, როგორია, რაზე ოცნებობს .. ..

გვყავს მხოლოდ შორენა (დიდოსტატის მარჯვენა), თინათინი, თამარ მეფე, ცხრა ძმა ხერხეულიძის დედა და ა.შ. სტერეოტიპებით გაჯერებული, მწერლის ინდივიდუალური გადმოსახედიდან იდეალური ქალი, იდეალური ქართველი ქალი; ადამიანები კითხულობენ ამ წიგნებს და მოცემულობად იღებენ რომ ასეთი უნდა იყოს კაცი, ასეთი უნდა იყოს ქალი, ქალი შეიძლება იყოს მხოლოდ დედა, რომელიც წამოხტება დილის ოთხ საათზე, ხელებს აიკაპიწებს რომ დილით ცხელ ჩაისთან ხაჭაპურები დაგახვედროს, ასევე შეიძლება იყოს და, დროთა განმავლობაში დამ მუტაცია განიცადა და არაუბრალოდ და, არამედ კაი ბიჭის და გახდა, რამაც ქალი კიდევ უფრო დახუნძლა ვალდებულებებითა და მოთხოვნებით, ასევე შეიძლება იყოს ცოლი, რომელიც უნდა იყოს შორენა, თინათინი, თამარ მეფე და ა.შ.

ეგ იქით იყოს და მე რომ თამარ მეფეობას მთხოვთ,

ერთი დავით სოსლანი რომელი ხართ, გამოდით აბა. o.O

ზღაპრებით, ლეგენდებით, რომანებით თუ ისტორიით არცთუ ისე ბევრი რამის გაგება შეუძლია კაცს ქალის შესახებ, არც ცდილობს რამე გაიგოს, მოისმინოს, თუ რამე რუტინიდან ან სტერეოტიპიდან გადახვეულს გაიგებს, იზაფრება, ცბუნდება, გეწინააღმდეგება, გეჩხუბება და შენც, შესაბამისად აღარ გიჩნდება სურვილი ისევ რამე აუხსნა, დაელაპარაკო და გააგებინო.

იქნებ არ გინდა სახლის დალაგება და მთელი დღე ლოგინზე გდება გინდა?

იქნებ სწავლის გაგრძელება გინდა?

იქნებ ტატუს გაკეთება გინდა?

სიგარეტის გაბოლება გინდა?

იქნებ დანძრევა გინდა?

იქნებ სექსი არ გინდა, გინდა გადაბრუნდე და დაიძინო

იქნებ ჯერ არ გინდა ბავშვი

იქნებ, იქნებ, ბევრი იქნებ არის, უფრო ღრმაც, მტკივნეულიც და ყოვლისმომცველი საკითხები.

ამიტომ, უმეტეს შემთხვევაში, კითხვაზე რა გჭირს? პასუხია – არაფერი.

კაციც ჩაივლის, ქვეტექსტების გაგებაზე ლაპარაკიც ზედმეტია, არც იოცნებოთ. პასუხი არაფერი მისთვის უბრალოდ არაფერს ნიშნავს და მორჩა. ამიტომაც, ამ ტიპის კაცები ყოველთვის რჩებიან ყველაფრის მიღმა, მხოლოდ სირაქლემას პოზის ანაბარად, ყველაფერი ხდება მათ გარეშე და მერე უკვირთ, უკვირთ რატომ ვერ იპოვეს შორენა, თინათინი ან თამარი და ვერ ხვდებიან რომ დროა გამოვიდნენ ლეგენდებიდან, ზღაპრებიდან, სტერეოტიპებიდან და მწერლების, ისტორიკოსების შექმნილი იდეალებისგან. ისინი ხომ უბრალოდ არ არსებობენ და არც არსებობდნენ. აღიარეთ და შეეგუეთ!

დაგვიანება იცით კაცებმა

ეპიზოდი I – მონადირე

– გამარჯობა, მიცანი?

– ვერა, ვერ გიცანი, რომელი ხარ?

– ჯგუფელები ვიყავით ბაღში, როგორ ვერ მიცანი, თმებს გწიწკნიდი, კუბიკებს გესროდი და შენს საჭმელს ვჭამდი, აღარ გახსოვს?

– პირიქით რომ გაგეკეთებინა, უფრო დამამახსოვრდებოდი ალბათ (სიცილი)

– მიყვარდი ბაღში

– ვა

– ახლახანს დავჯექი და დავფიქრდი რომ სულ შენ მიყვარდი, მთელი ეს წლები

– ახლა, ანუ 30 წლის შემდეგ? 

– კი, მიყვარხარ და მინდა რომ ერთად ვიყოთ

– მე არ მინდა, არ გიცნობ, არ ვიცი ვინ ხარ

– თავს იფასებ?

– არა, უბრალოდ არ გიცნობ და არ ვიცი ვინ ხარ, მითუმეტეს არ მიყვარხარ და არც შენთან ყოფნა მინდა . . .

(უკვირს. თან ძალიან.)

– კარგი მაშინ ცოლს მოვიყვან.

– კარგი

(და მოყავს)

ასეთი დიალოგის კიდევ ბევრი ვერსია შემიძლია შემოგთავაზოთ, ბაღიდან, სკოლიდან, უნივერსიტეტიდან თუ ცხოვრების სხვა პერიოდებიდან; დასაწყისი, დასასრული თითქმის ერთნაირია ხოლმე, მხოლოდ ამბავის დრამატულობის დონე იკლებს ან მატულობს ხოლმე, ინდივიდუალურად. ყველაზე სევდიანი თითოეულ ამ ამბავში არის ის რომ, შენს უარს, პირობითად 30 წლის შემდეგ, მეორე მხარე იღებს როგორც თავის დაფასებას, “თავს იფასებ”, “მაწვალებ” და რაც ყველაზე სასაცილოა, იწყებენ ნადირობას, შტერები უფრო მეტად ვარდებიან ინტერესში და ერთი პროცენტითაც კი არ უშვებენ იმას რომ, გადაგინდა, გაცივდი, აღარ გიყვარს, სხვას ხვდები, აღარ გაინტერესებს, ბოლოს და ბოლოს ამდენი დრო გავიდა.

 

ეპიზოდი II – საჩოკი

როგორც ალბათ უკვე მიხვდით, ეს ეპიზოდი პირდაპირ ბმაშია წინა ეპიზოდთან, მაგრამ აქ უნდა გამოვყოთ საჩოკის რამდენიმე ქვეჯგუფი:

საჩოკი ნომერი 1 – ადამიანი, რომელიც 30 წელი (პირობითად) არ ჩანს, არ გაწუხებს, საერთოდ არ იცი მისი არსებობის შესახებ და ბოლოს სცენაზე გამოდის ანშლაგის და ბისზე გამოყვანის მოლოდინით ❤

საჩოკი ნომერი 2 – ადამიანი, რომელიც მუუუუუუუუდმივად შენს გვერდით არის, 24/7-ზე, ყველა დღე, ყველა წელი, არ გტოვებს არც ჭირში, არც ლხინში, მშვიდად ისმენს შენს სასიყვარულო ისტორიებს, გაძლევს რჩევებს, ოღონდ ისე კოხტად და მოქნილად, რომ თვითონაც ვერ ხვდება თავის მესაკუთრეობის, ეჭვიანობის და პოტენციური კონკურენტის თავიდან მოშორების აუტანლად მსუბუქ შტრიხებს ❤ და ვერასოდეს, ვერასოდეს ხვდება რა გითხრას, როდის გითხრას ან როგორ გითხრას.

(უმძიმესი შემთხვევა(ავტ. შენიშვნა)).

საჩოკი ნომერი 3 – ის შენს გვერდით არ არის, ის არის სადღაც, არც იცი სად, მაგრამ მან იცის შენი კონტაქტი, შენ იცი მისი, წლების ინტერვალით შეიძლება ერთმანეთს დაუკავშირდეთ, ან მისი ან შენი ინიციატივით, გაგყვეს ცხოველების ბაზრობაზე და თეთრი ბაჭია გაყიდინოს ან რა ვიცი, სხვა რამე მსგავსი ჰეროიკული ნაბიჯი გადადგას. მოკლედ, ის არის, ის არსებობს, როგორც ჰამლეტის მამის აჩრდილი და როგორც კი მის სახელს ახსენებ, მაშინათვე შენთან გაჩნდება (ზღაპარივით).

(შემთხვევის სიმძიმე დაუდგენელია (ავტ. შენიშვნა))

 

ეპიზოდი III – დაუდეგარი საჩოკი

რასაკვირველია შესაძლებელი იყო ეს საჩოკი, საჩოკი ნომერი ოთხი ყოფილიყო, მაგრამ იმდენად გამოირჩევა რომ ცალკე ეპიზოდი დააკვდება.

ახლა აქ რა ხდება, აქ, თავიდანვე ორივემ იცით რომ იმას მოწონხარ, შენც მოგწონს, კარგად ხართ ერთად, დიდებულად, მაგრამ რაღაც პატარა პრობლემა შეიძლება ჰქონდეს: აი ამ მომენტში იცის რა უნდა, მაგრამ მეორე მომენტში აღარ იცის, ან აღარ ახსოვს. ერთ ადგილზე ვერ ისვენებს, ხან ვის მიასკდება, ხან ვის, თუმცა მუდმივად შენს გარშემო ტრიალებს, შენ ხომ ჯიბეში ჰყავხარ, სად წახვალ, არსად წამსვლელი შენ არ ხარ, ეს კარგად აქვს გათავისებული, და შენი მხრიდან მუდმივად აქვს მოთმინების, გაგებით მოკიდების და ლოიალურობის იმედი.

ეპიზოდი IV – წარსულის აჩრდილებთან მებრძოლები

მებრძოლი, ერთი შეხედვით გაუტეხელი სულის პატრონი, მუხას რომ მოგლეჯს და სად ჯანდაბაში წაიღოს რომ არ იცის, სულს ამოიღებს შენი გულისთვის, გორასაც ძვრას უზამს, პირამიდას დაეტაკება თავით, ევერესტზე ავა და ჩამოვა, უკვდავების წყალზე გაგეგზავნება, რომანტიკულ ვახშამსაც მოგიწყობს, ისეთ ადგილას, რასაც ახლა მარტო ჩემი ფანტაზიით ვერ ვიგონებ, მაგრამ აი, მუხთალი როა წუთისოფელი, წარსულის აჩრდილებს ვერაფერს უხერხებს, მოკალი და ვერ.

– აი საშინელი გამოცდილება მქონდა, ვერ გავრისკავ  

– აი ვერ დავიწყებ სერიოზულ ურთიერთობას, მეშინია პასუხისმგებლობების

(და თავისი მოტანილი სტენკა ისევ სახლში წაიღო)

– აი ბოდიში რო შეგაწუხე მარა სხვა მიყვარს რა

– აი ცოლი მყავდა აკვნიდან და ახლა იგივეს ვერ გავიმეორებ

– მიყვარხარ მაგრამ მეშინია, შენმა წინამორბედმა მიღალატა

(წინამორბედს დაშორდა ასე ხუთი წლის წინ – ავტ. შენიშვნა)

ციტატები შემიძლია კიდევ გავაგრძელო, მეტი დრამა შემოვიტანო, ასევე გაითვალისწინეთ რომ თუ ძალიან “გაგიმართლათ” წარსულთან მებრძოლი აჩრდილი შეიძლება იყოს საჩოკი და არა ისეთი, როგორიც აღვწერე.

და ბოლოს, ისევ დაბრუნდით პოსტის დასაწყისში და გადახედეთ პირველ დიალოგს, ეპიზოდების შესაბამისად. :დ  

 

 

ქუნქური რა ხილია?

სოფელში დიდი სახლი გვაქვს, სოფლის სახლები ერთმანეთთან ახლო-ახლოს დგას. მახსოვს, ჩემს ბავშვობაში გვერდითა სახლის მეზობელმა, ჩვენი სახლის ეზოსკენ კედელზე ფანჯარა გამოჭრა, რომელიც პირდაპირ ჩვენ სახლს და ფანჯარას უყურებდა. არ დამავიწყდება ბაბოჩემის, თამარას აღშფოთება ამ ამბავზე, ახლა ფანჯრებიდან უნდა ვუჭვრიტინოთ ერთმანეთსო? ბაბო 86 წლისაა, ყველა ეპოქას მოსწრებული, თავისუფლებასაც და შებოჭილ, სირაქლემის პოზის მოყვარულ საბჭოთა კავშირსაც. პირად სივრცეზე და თავისუფლებაზე უფრო მეტი ესმის, ვიდრე ჩემი მშობლების თაობის დიდ ნაწილს ან თუნდაც ჩემივე თაობას.

არც ის დამავიწყდება, მეზობლის სახლსა და ჩვენს შორის ეზოში ლეღვის ხე რომ დადგა, რათ უნდა ხედავდნენ, მე ჩემს ეზოში რას ვაკეთებო, გაიფურჩქნა და გადაიშალა ლეღვის ხე, მეზობლის სახლსაც ვეღარ ვხედავთ, არათუ რამე დეტალს. რა სიმბოლურია, ლეღვის ფოთლები ოდითგან ხომ ყველაფერს ფარავს.

ასე ცდილობდა ბაბო თავისი პირადი სივრცის შექმნას და ამ დაუფასებელი და ძნელად მოსაპოვებელი სულიერი კომფორტის ყოველთვის დიდი მხარდამჭერი იყო და არის.

რა არის პირადი სივრცე? ზოგისთვის, გაგიკვირდებათ და მხოლოდ ჟიმაობასთან ასოცირდება, რასაკვირველია ყველა თავისი გარყვნილებიდან გამომდინარე ზომავს და წონის, არადა, პირადი სივრცე, ძალიან მარტივად და უბრალოდ, ჩაკეტილ ოთახში ჯდომას და ყავის სმას შეიძლება ნიშნავდეს, ან საერთოდ იატაკზე გდებას, ფანჯარაში უმისამართოდ ყურებას, როცა სრულიად დარწმუნებული ხარ რომ კარს არავინ შემოგიჯლაგუნებს და არ შეგაწყვეტინებს შენს ფიქრებში, ოცნებებში და გეგმებში უმისამართოდ ბოდიალს.

ამის მერე ვფიქრობ, რა რჯის ქუჩაში მოსეირნე ადამიანს, რომელიც ცდილობს დაინახოს, რა ხდება მეთხუთმეტე სართულზე. ჭვრიტინის და სხვის ცხოვრებაში ხელების ფათურის გამუდმებული სურვილი რატომ აქვთ? გამოძიების, გამორკვევის, გამოკითხვის სურვილი, რა აწუხებთ? თავისი ცხოვრება არ აქვთ? ხომ ჰყავთ ოჯახი, შვილები, სამსახური, შეხედავ და ვერაფერს იტყვი, თითქოს დაკავებული უნდა იყოს ადამიანი ამ ყველაფრით და სხვის ცხოვრებაში გარკვევისთვის დრო აღარ უნდა რჩებოდეს, თავის მოსაფხანადაც არ უნდა რჩებოდეს დრო.

ადამიანებო!

ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი მეთხუთმეტე სართულები, სადაც კრებსითი ნინო ლაბარტყავები ცდილობენ შემოჭვრეტას და დეტალების გარჩევას.

ჩვენ ყველას გვყავს ბოიფრენდი, გერლფრენდი, ზოგს კი ორივე ერთად. ხომ არ ვთქვათ, რომ ყველა ვქუნქურებთ? ზოგი მეთხუთმეტეზე, ზოგი პირველზე, ზოგი ტრიალ მინდორში, ზოგი მანქანის კაპოტზე, ზოგიც სად და ზოგიც სად.

ჩვენ ვიცით, რომ ბავშვები წეროებს არ მოყავთ, არც კომბოსტოში სხედან.

ამასთან, ჩვენც და გარშემომყოფებსაც ძალიან გვიყვარს სირაქლემას პოზა, რასაკვირველია არა ლოგინში, არამედ ყველგან ლოგინის გარდა.

რაზე გაანჩხლდა ნინო ლაბარტყავა? რედისონის მინები ამრეკლია, იქნებ ნინომ საკუთარი თავი დაინახა სარკეში და შეეშინდა ვინმეს არ დაენახა და გადაწყვიტა სასწრაფოდ აღეკვეთა საკუთარი ქცევა სასტუმროს მეთხუთმეტე სართულზე. შევარდა ფოიეში და დედისტრაკი დაახურა პერსონალს იმ ბავშვის თანდასწრებით, რომელსაც მანამდე იმიზეზებდა, გაირყვნებაო, რას აკეთებენ თქვენს სასტუმროში, აქ ბავშვები არიან და უყურებენო.

აბა რა ჰგონია ნინოს და სხვა ნინოებს, მეთხუმეტე სართულზე შეიძლება ნარდის სათამაშოდ აიგორგლო?

საახალწლო საღამოზე წასული ბავშვი მეთხუმეტე სართულისკენ როდის იყურება?

ნინო ლაბარტყავების შიშით ქუნქური ვის გაუწყვეტია, თუმცა თავისუფლად შეიძლება სირაქლემას პოზის საკრალიზაციას შეუწყოს ხელი და თავები ამოყოთ და თქვათ, ქუნქური არ ტეხავს მეგობრებო, არც ლეღვია და არც ვაშლი და საერთოდ ხილიც არ არის!

 

ახალ წელს გილოცავთ!

მე ფემინური გეი ვარ!

მუჰამედ ალის გესტპოსტი ჩემს ბლოგზე 

———–

ფემინურობა პრობლემა არ არის!  “მიტყლარჭულ-მოტყლარჭულობაც” ადამინის პირადულია . თუ ადამიანს რომელსაც არ იცნობ, მასთან არ განგიხილავს ზოგად საკაცობრიო პრობლემები, არ იცი რა მსოფმხედველობა აქვს მას და მხოლოდ იმიტომ გაღიზინებს, რომ არ ჯდება საზოგადოების მიერ დაწესებულ მამაკაცურ ან ქალურ ნორმებში, ეს შენი პრობლემაა, ხოლო თუ ამავდროულად   გეი აქტვისტი ან/და სოციალურად აქტიური ტიპი ხარ, მეტნაკლებად განათლებული, მაშინ ეს პრობლემა კიდევ უფრო მავნებელია.

მთავარი პრობლემა დღევანდელი საზოგადოების და არამარტო ქართულის არის მასკულინობა/მამაკაცურობა და ის თუ როგორ მიაწოდებენ მასკულინობის იდეას მამრობითი სქესის ბავშვებს. “ნუ ტირი, გოგო ხომ არ ხარ?” “კაცი ხარ თუ რა? “ ეს ის ფრაზებია, რაც ყველა მამაკაცს ბავშვობიდანვე გვანგრევს. თითოეულ ჩევნგანს პატარაობიდანვე გვიხშობენ პრაქტიკულად ყველაფერს, რადგან მამაკაცი ვარ მე არ უნდა ვიგრძნო, არ უნდა მქონდეს ემოციები, ცივი გონება მთავარი ინგრედიენტია… ამ ყოველივეს შემდეგ ვიღებთ ადამიანებს, რომლებიც ვერ გამოხატავენ თავიანთ ემოციებს, ყველა ემოციას იხშობენ გულში და ყველანაირად კნინდებიან. მხოლოდ ცოტანი ვახერხებთ თავი დავაღწიოთ ამ გლობალურ პროპაგანდას, ცოტათი მაინც.

დღეს ვნახე “ლგბტ-საქართველოს” საშობაო მილოცვა, რომელიც ალბათ უკვე ბევრმა ნახა. ჯერ ვიტყვი რა არ მომეწონა, არ მომეწონა ის, რომ ფემინური გეი რომელიც იყი ვიდეო რგოლში, იყო სრულიად არაორგანული, არაბუნებრივი! გინდათ გროტესკი უწოდეთ, ან არ ვიცი, რაც გინდათ ის უწოდეთ… მე როგორც ფემინურ მამაკაცს საერთოდ არ გამიჩნდა დადებითი ემოცია ამ გმირის მიმართ და ოღონდაც მიზოგინიას ნუ დამაბრალებთ! ეს “გეი” ხაზგასმით “თამაშობდა” და ძალიან ცუდად. მასკულინურ და ყველაფრის შემძლე “მამაოზე” არც კი დავიწყებ საუბარს…

რა მომეწონა… მოიცა დავფიქრდე… მგონი არც არაფერი მომწონებია. იცით რა მაინტერესებს? არ მაინტერესებს ეს ვიდეორგოლი საგამ აჩუქა თუ არა “ლგბტ- საქართველოს”. მაინტერესებს თუ გაიარა აღნიშნულმა ვიდეორგოლმა ფოკუს ჯგუფები? თუ განიხილეს რისკ ფაქტორები?

და ვინ გადაწყვიტა მთელი თემის სახელით ჰომოფობიური საზოგადოებისთვის მოელოცა შობა, ზუსტად ასეთი ვიდეორგოლით?  

ცისარტყელა ტყუილუბრალოდ არ არის ჩვენი დროშა, ჩვენ ვართ ყველაზე მრავალფეროვანი უმცირესობის წარმომადგენლები, ამიტომაც ფართო საზოგადოებაზე გათვილი ვიდეორგოლი, რომელიც ასე ვთქვათ “ბანძია”, სადაც არც გროტესკი იგრძნობა, არც იუმორი და მით უმეტეს ტოლერანტობა,  მავნებელია თემის თითოეული წევრისთვის და ყველაზე მეტად ფემინური გეებისთვის და არა გეებისთვის (დიახ ასეთებიც არსებობენ).

ამიტომ თითოელი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება მთელს თემს არ უნდა იყოს ერთი ადამინის გადასაწყვეტი. სწორედ ეს არის საქართველოში მოქმედი ლგბტ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების ყველაზე დიდი პრობლემა.

იმედი მაქვს, ამის შემდეგ “ლგბტ-საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ან არ ვიცი ვინმე პასუხისმგებელი პირი ამ იმედის მომცემი ორგანიზაციიდან შემდგომში გაითვალისწინებს და ორგანიზაციის წევრებს მაიინც აჩვენებს სოციალურ რეკლამისთვის გათვლილ ვიდეორგოლს თუ ფოკუს ჯგუფებთან არ მოაწყობს ჩვენებას.   

და ბოლოს, მასკულინური თუ ფსევდომასკულინური ბისექსუალ/გეების გასაგონად კი ერთ ციტატას მოვიყვან ციტატატ “queer as folk”-იდან : “you don’t look really masculine while sucking a dick, FYI”!

 

 

“ჩემს ენჯეოს ვხსნი”

მოდი არასამთავრობო გავაკეთოთ და შეზნექილმუცლიანი, თეთრი რძის მოყვარული მაჩვზღარბების უფლებები დავიცვათ, გრანტები წამოვა. დღე? მოდი იყოს 32 სექტემბერი.
და ადამიანებმა შექმნეს შეზნექილმუცლიანი, თეთრი რძის მოყვარული მაჩვზღარბების უფლებების დაცვის ორგანიზაცია, რომელსაც ყოველი წლის 32 სექტემბერს აღნიშნავდნენ.
გრანტები წამოვიდა.
რასაკვირველია, წლის სხვა დღეებში, შეზნექილმუცლიანი, თეთრი რძის მოყვარული მაჩვზღარბები არავის ახსოვდა და ყოველი წლის 32 სექტემბერს, იმ კონკრეტულ სახსენებელ დღეს, ყოველთვის, უცვლელად ერთი და იგივე რაოდენობის ადამიანები და საერთოდაც ერთი და იგივე ადამიანები დადიოდნენ, ძირითადად შთრმმ-ს უფლებების დაცმველი ორგანიზაციიდან.

ასე და ამგვარად, ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც ღვედის გაკეთებას, ღვედის გაკეთების დღეს აღნიშნავენ, ნაგვის გადაყრას, ნაგვის გადაყრის დღეს, ფობიების წინააღმდეგ ბრძოლას, მხოლოდ ფობიების წინააღმდეგ ბრძოლის დღეს და ა.შ. ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. სხვა დღეებში არ გვახსოვს არავინ და არაფერი, არ გვახსოვს რომ მინიმალური წესები ყოველდღე უნდა დავიცვათ, არც ის გვახსოვს რომ ადამიანის უფლებები 24/7-ზე არსებობს და მხოლოდ მაშინ არ უნდა გაგვახსენდეს, როდესაც ცეცხლი გვეკიდება ან როდესაც გრანტები გვჭირდება ან ორივე ერთად.
ჩემთვის დღემდე საშინლად გამაღიზიანებელია, როდესაც ადამიანებს რაღაც ნიშნით გამოარჩევენ და ამ კონკრეტული ნიშნის გამო იცავენ, ვერ ვიტან იარლიყების მიწებებას, ჩარჩოებში მოქცევას, საზღვრების დაწესებას, ადამიანი თავისუფალი არსებაა, რომლის უფლებებიც უნდა გვახსოვდეს, მიუხედავად მისი ნებისმიერი გამოსარჩევი თუ გამორჩეული ნიშნისა.

შარშან, ზუსტად 10 ნოემბერს, ჩვენს ქალაქში ადამიანი მოკლეს, ის არ იყო ჩემთვის არც კაცი, არც ქალი, არც კაბიანი, არც შარვლიანი, არც გრძელთმიანი, არც საყურიანი, არც უსაყურო, არც უფეხო. როცა ეს ამბავი გავიგე ამაზე არ მიფიქრია, ის, იმ მომენტშიც და ახლაც იყო ადამიანი, უბრალოდ ადამიანი, რომელიც მოკლეს და შემდეგ სახლში ამოწვეს, და მეორე ადამიანი, რომელსაც ამაში ბრალი ედებოდა, მხოლოდ სახლისთვის ცეცხლის წაკიდებისთვის გაასამართლეს.

გრანტები ისევ წამოვიდა.

 

———————

ფოტოები ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის დღიდან, 20 ნოემბერი, 2014 წელი. 

This slideshow requires JavaScript.

ფოტო მთავარზე (c) Lasha Tsertsvadze

2015 წლის 10 ნოემბერს, საბი ბერიანისადმი მიძღვნილი დღიდან – იხ. სრული ფოტორეპორტაჟი 

მე შენ ჩემს ფერფლს განდობ

“დღესასწაულის მიზანია, დაგვავიწყოს, რომ საცოდავი მარტოსულები ვართ და ერთ დღეს ყველანი დავიხოცებით”

მ. უელბეკი 

———–

გიცეკვიათ სამბა მეგობართან ერთად, დილის ხუთ სააათზე ბათუმის ბულვარში?  ან ვალსი ან რამე სხვა, არ აქვს მნიშვნელობა და ქარისთვის გაგიტანებიათ ის კომპლექსები, რომელიც გეძახის, უი, შეხედე ამ შუაღამეს ბულვარში ცეკვავს და გაკავებს. მე მიცეკვია, გარშემო ადამიანების სახეებიც მახსოვს, ზოგის ცოტა გაკვირვებული, ზოგის გაღიმებული ან გახარებული, მაგრამ არა გაოგნებული ან ვაი შენს პატრონს სახეები. ამის შემდეგ ვფიქრობ და მგონია რომ სხვების ვაი შენს პატრონს სახეებსაც ჩვენ ვქმნით, ჩვენი წარმოსახვის პროექციაა მათი სახეები და სინამდვილეში არ არსებობს. თუ ნაბიჯებს თამამად და თავდაჯერებულად დგამ, შეიძლება შეცდომითაც, ასეთ სახეებს ვერ ნახავ გარშემო, ისინი უბრალოდ ვერ გაბედავენ ასეთი სახეების შექმნას თავდაჯერებული და საკუთარ ნაბიჯებში დარწმუნებული ადამიანის წინაშე. შეიძლება დაიბოღმონ, შეშურდეთ შენი თავაწყვეტილი თავისუფლების, მათ ხომ ასეთი თავდაჯერებული ნაბიჯები არასოდეს გადაუდგამთ ცხოვრებაში, მეტიც, ნაბიჯი საერთოდ არ გადაუდგამთ, ერთ ადგილას დგანან.

ზოგადად რას ვაკეთებთ ადამიანები? ზოგადად არ ვიცი და კონკრეტულად კი, დღისით კომპლექსებს ვებრძვით, შიშებს ვთოკავთ, თავს ვაკონტროლებთ, ღამით კი დამარცხებულები ვიძინებთ, ჩვენც და ჩვენი კომპლექსებიც. ბევრი ბრძოლით გათანგული, საკუთარი თავის გაკონტროლებით დაღლილი, რაღაც მომენტში ხვდები, რომ კომპლექსების და შიშების დამარცხების საუკეთესო გზა მოდუნება და მათი იგნორირებაა, რა წამსაც ამას მიხვდებით, იმ წამს გაივლით ტრიუმფალურ თაღში, თავაწეული და ამაყი. გამარჯვებული. უფრო მეტი დრო დაგრჩებათ საკუთარი თავისთვის, ოცნებების ასრულებისთვის, რეალიზებისთვის, უფრო მეტი საქმის გაკეთებისთვის, დრო ხომ ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასია, ის იმდენად ცოტა გვაქვს, რომ აბსურდია საკუთარი თავის კონტროლს და კომპლექსებთან ბრძოლას შევალიოთ.  ეს დრო მხოლოდ ერთმანეთს უნდა შევალიოთ და სხვა ბევრ საინტერესო და სასარგებლო საქმეს.

ჯარმუშის ბოლო ფილმის ერთი სცენა მახსენდება, სადაც მარადიული ცოლი ეუბნება მარადიულ ქმარს, “არ მესმის, ამდენი ხანი ცოცხლობდე და მაინც არ გესმოდეს . . . საკუთარი თავით შეპყრობა დროის ფუჭად კარგვაა. გამოიყენე გადარჩენის მიზნით, ბუნების დაფასებისთვის, სიკეთისთვის და მეგობრობისთვის .. . ცეკვისთვის! შემიძლია ვთქვა, რომ სიყვარულშიც კარგად გაგიმართლა”.

დღეს, დედაჩემმა და მამაჩემმა ქორწინების 35 წლისთავი აღნიშნეს, ყველა ურთიერთობაშია აღმასვლა და დაღმასვლა, რაც ალბათ უფრო საინტერესოს ხდის ყველაფერს და ერთგვარი გამოწვევასავითაა სიძნელეების გადალახვა და ურთიერთობასაც ეს კვებავს. ალბათ.

რომ არა ერთგული ქალი და ნამდვილი მეწყვილე, რომელიც დარწმუნებულია საკუთარ და მეორე ნახევრის ძალებში და შესაძლებლობებში, სებასტიან სალგადოს სახით რიგითი ბიზნესმენი, ეკონომისტი გვეყოლებოდა, რომლის სახელიც ვიწრო წრეს არ გასცდებოდა. ფოტოგრაფიაში გადასვლის გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს, ეს არ იყო ადვილი, ახალი ხილი იყო იმ წლებში და დიდი რისკი იყო ოჯახისთვის, მისი ფოტორედაქტორიც ცოლი გახდა, ის, ვინც ყველაზე კარგად იცნობდა სალგადოს, მის ცხოვრებას და მის ფოტოებს.

ძალიან ბევრი პესიმისტურად უყურებს, ცოლ-ქმრობის კი არა, შეყვარებულობის პერიოდსაც კი ვერ ქაჩავენ დიდხანს და ერთად. მე ჯერ კიდევ გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ, მჯერა რომ არსებობს ურთიერთობა რომელიც დროს გაუძლებს, სადღაც ჯარმუშიც ხომ ამას უშვებს, სიყვარულის და ურთიერთობის მარადიულობას. სიკეთით, მეგობრობით და ცეკვით გაჯერებული მარადიულობას.

“ვერ მოვიგებ. სიყვარული რუსული რულეტკასავით არის, არავის უყვარს ჩემში არსებული ნამდვილი მე, მხოლოდ სახელ და ვარსკვლავს ეტრფიან. ძალიან სწრაფად მიყვარდება და ყოველთვის ტკივილით ვამთავრებ. სხეული ჭრილობებით მაქვს დაფარული. მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია, გარეგნულად ძლიერი, რომელიც მუდმივად მაჩოს პროექციას ახდენს სცენაზე, სინამდვილეში შინაგანად ძალიან რბილი ვარ, ვდნები”. მერკურის რომ არ ეთქვა ეს სიტყვები, ალბათ მე ვიტყოდი და კიდევ ბევრი იტყოდა ჩემთან ერთად. ორი ურთიერთსაწინააღმდეგო რამ ხვდება ერთმანეთს, ის ვისაც შენი სუსტი მე უყვარს, ძლიერ მეს ვერ აიტანს და პირიქით, ვისაც შენი ძლიერი მე უყვარს, ის შენს სისუსტეებს ვერ აიტანს, პატარა წყენას და გაბუტვასაც კი ვერ აიტანს, როგორ გაბედე და ცრემლი გადმოაგდე, შენ ხომ ასეთი ძლიერი ხარ.

როგორია მამაკაცი რომელიც გეტყვის, მე შენ ჩემს ფერფლს განდობ? ალბათ ზუსტად ისეთი, რომელსაც ისე ეყვარები, ყოველგვარი ფიზიკური კონტაქტის გარეშე, მთელ ცხოვრებას ერთად გაატარებთ და ისე გეყვარება, რომ თვალის დაუხამხამებლად გაუყოფ მეორე მამაკაცს და წვეულებებზე ერთად მიუსხდებით მაგიდას, ერთ მხარეს შენ და მეორე მხარეს, მისი იმჟამინდელი ბოიფრენდი. ეს მამაკაცი ფრედი მერკურია. ეს ქალი კი მერი ოსტინი – Love of his life.

“ჩვენი სიყვარული ცრემლებით დასრულდა, რამაც უფრო ღრმა და მჭიდრო კავშირი შექმნა ჩვენს შორის და ეს ზუსტად ის არის, რასაც ვერავინ წაგვართმევს. ეს მიუწვდომელია . .. .  ყველა ჩემი საყვარელი მეკითხება, რატომ ვერ ჩავანაცვლე მერი, ეს უბრალოდ შეუძლებელია . . ..  ჩვენ ერთმანეთზე ვზრუნავთ და ეს სიყვარულის საუკეთესო ფორმაა. მილიონი პრობლემა შეიძლება მქონდეს, მაგრამ გვერდით მერი მყავს და ეს ყველაფერს გადამატანინებს… მერი ჩემი ერთადერთი მეგობარია და სხვა არავინ არ მინდა “.

მხოლოდ შეყვარებულები გადარჩებიან.

ტრაკიდან ნინომდე

მე აღარ მახსოვს ის გოგო, მოქალაქეს შუა თითი რომ უჩვენა, არასწორი პარკირების გამო. თქვენ გახსოვთ? თუმცა კარგად მახსოვს, მაგარი ამბავი ატყდა, გამოჩნდნენ მორალისტები, დამცველები, ყველაფერი გამოიფინა მის შესახებ თმის ღერიდან თითის ფრჩხილამდე, ფოტოები, სტატუსები, სამუშაო ადგილი, მანქანა, არანაირი ბიზნესი, ყველაფერი პირადული. წიხლქვეშ გავიგდეთ.

პრიორიტეტების დალაგება ყოველთვის გვიჭირდა, გრძელვადიან გეგმებზე ფიქრიც ასევე, არა მარტო ქვეყნის, არამედ სახელმწიფოს შემადგენელი ერთი უჯრედის – ოჯახის დონეზე პირველ რიგში. ბოლო წლებია ამ ნაწილში ყველაზე მეტად გვიჭირს, გვიჭირს, ზოგი ვხვდებით რომ გვიჭირს, ზოგი ვერ ვხვდებით, მაგრამ არცერთი და არც მეორე თითს არ ვატოკებთ რაიმეს შესაცვლელად.

ვეღარ ვხვდები უკვე რა შემთხვევაში გამოვა უფრო მეტი ხალხი ქუჩაში, დენის ტარიფის გაზრდის შემთხვევაში თუ სტალინის ძეგლის წამოსაჭიმად, ძეგლი რომელიც ხავსია იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც ის კაცი, მილიონობით ადამიანის სულიერად თუ ფიზიკურად გამანადგურებელი, კვლავ ტკბილ დროსთან ასოცირდება, ტკბილ და დალხენილ ქვეყანასთან, რომელიც პირდაპირი გაგებით სისხლზე იყო აგებული. სანატორიუმები, ათიდან ხუთამდე სამსახური, მივლინებები, უფასოდ მიღებული ბინა, მანქანა, ძნელია ვერ გაამტყუნებ, ათეული წლების განმავლობაში, რამდენიმე თაობა სრულიად სასათბურე პირობებში დაიბადა, გაიზარდა და ცხოვრობდა. მგონი გენეტიკურად ზარმაცებად ჩამოვყალიბდით, ადამიანებად, რომლებიც დენის ტარიფის, ტრანსპორტის ტარიფის გაზრდის შემთხვევაში ქუჩაში არ გამოვლენ და რომელიმე სახელმწიფო უწყების ფანჯრებს არ დალეწავენ, არ გააკეთებენ მოლოტოვის კოქტეილებს, არც მონათმფლობელურ სამსახურს გააპროტესტებენ, არც კვაზი საგანმანათლებლო სისტემას, მოუწესრიგებელ სამედიცინო სფეროს, არასოდეს და არაფერს.

არც ლარის კურსმა შეგვაწუხა დიდად, თუმცა დიდი ამბავი მოყვა ალის და ნინოს ძეგლის გადაადგილებას, ალბათ იმაზე დიდი ამბავი, ვიდრე ამ ძეგლის დადგმას მოჰყვა, საოცრად აპროტესტებდნენ მახსოვს. სამომავლოდ, ალბათ ჯობია, ყველა ის ძეგლი, რომელსაც დავდგამთ, ბორბლები წინასწარ გავითვალისწინოთ, ყველა ხელისფულებას თავისებური შეხედულებები აქვს ძეგლების ლოკაციასთან დაკავშირებით.

დადუნებულები და ზარმაცები ვართ. აუცილებლად ლიდერი უნდა გვყავდეს, თმებგაწეწილი და ქოშებიდან ამომხტარი, რომელიც წინ გაგვიძღვება და ყველა ტელევიზიის საინფორმაციო საშუალების ტრენდი ეს ამბავი იქნება. ისე გარეთ არ გამოვდივართ.

მანქანაში ჩაცხრილული ადამიანი და შვილის საფლავზე აფეთქებული მამა, ვერ გახდა საზოგადოების ამძრავი თემა, შეიძლება იმიტომ, რომ თემა მთავარ მედია ბადეში ვერ მოხვდა და ეს არ იყო იმ მომენტის მედია ტრენდი.

რას გვიჩვენებენ და რისი დანახვა გვინდა ჩვენ და რა უნდათ მათ რომ დავინახოთ ჩვენ და როგორ უნდა დავინახოთ ის, რასაც ისინი გვიჩვენებენ? ზუსტად ისე, როგორც მოგვაწოდებენ. ჩვენ ხომ ტვინის განძრევაც გვეზარება, ჩაანალიზება არ გვიყვარს.

გვიჩვენებენ ტრაკს და დუბინკას და ჩვენ გვინდა რომ ეს დუბინკა ტრაკში იყოს და არა ტრაკთან, არამედ პირდაპირ ტრაკში. ასეც ვხედავთ. ასე დავინახეთ მაშინაც, თუმცა ვინმეს მაშინ რომ ეთქვა, ეჰეი, ხალხო, დუბიკა ტრაკში კი არა, ტრაკთან არისო, ეს დუბინკა უმალ არამკითხე მოამბის ტრაკში აღმოჩნდებოდა, ანუ იმ ადამიანის ტრაკში, რომელმაც საერთო ეროვნულ დუღილში, ცივი წყლის ჩასხმა გაბედა.

ეს იყო არტი. არტი, რომელიც #დავინახეთ, არ დავცინეთ, გვერდი არ ავუარეთ და მაშინვე ვაღიარეთ.

ეს არტი, ამ დრომდე ვერ ჩავაანალიზეთ, ასეთია მთის წვერზე წამოჭიმული მაღალი ხელოვნება, #ყველავერგაიგებს.

რატომ ვმოგზაურობთ?

“რას დადიხარ გოგო ამდენს?”, “რასაც შენ დადიხარ…”, “სად დადიხარ ამდენს?” “აი, შენ რომ არ გეზარება რა..”, ეს იმ შეკითხვების და კომენტარების არასრული ჩამონათვალია, რომელიც თავისუფლად შეიძლება უტაქტო კომენტარების რიგს მივაკუთვნოთ.

ამ ფორმულაზე პასუხი ძალიან მარტივია, როდის ვითვლით სხვის ნაბიჯებს? ალბათ მაშინ, როდესაც საკუთარი ნაკლებად გაგვაჩნია, ვერც წინ მიდიან და არც უკან დარჩენილა რამე საინტერესო.

არჩევანი რასაკვირველია გვაქვს, შეგვიძლია დავრჩეთ სახლში, არსად წავიდეთ, არ ვიმოგზაუროთ.

მოგზაურობა ხომ დამღლელია, აეროპორტში ლოდინი, სკამზე ძილი, ავტობუსში მოკუნტული ძილი, ღამისთევა ღია ცისქვეშ, გზების არევა და უფრო ბევრი ბოდიალი, ვიდრე ფიქრობდი, უფულობა, უძილობისგან დასიებული თვალები, სასოწარკვეთა, ისტერიკა . . .  ამ ყველაფრის გადამკიდე, შეგიძლიათ თავისუფლად დარჩეთ სახლში, დილით გაიღვიძოთ თავის დროზე, დალიოთ ყავა, მოწიოთ სიგარეტი და წახვიდეთ სამსახურში, სადაც მშვიდად მოკალათდებით და მიაშტერდებით ერთ წერტილს, როგორც აქამდე ან რამეს ითამაშებთ.  მარტივია.

ახლა ვფიქრობ, რა მოხდებოდა, მეც ასე რომ მოვქცეულიყავი და ყოველთვის, როდესაც სადმე მივდიოდი, მინიმუმ სოფელში, არ წავსულიყავი და სახლში დავრჩენილიყავი.

ვერ გავიხსენებდი, როგორ მეძებდა ბებია, როდესაც მარიამობას ჭიაკოკონობაზე გავიპარეთ, სახლიდან რამდენიმე ქუჩის მოშორებით.

ვერ გავიხსენებდი, როგორ გავიპარეთ მე და ჩემი დეიდაშვილები ვენახში, სანამ ბიძა არ წამოგვეწია მოტოციკლეტით და უკან არ წამოგვიყვანა, მერე როგორ გადაგვეფარა და დედისგან და დეიდისგან გვიცავდა, არ ეჩხუბოთო ❤  ბიძა ახალგაზრდა გარდაიცვალა და ეს ერთ-ერთი ნათელი მოგონებაა, რომელიც კარგად და ტკბილად მახსოვს მასთან დაკავშირებით ❤

ვერ გავიხსენებდი, ჩემს ერთ ზაფხულს გუდამაყარში, 97 ან 98 წელს, როგორ ვიმოგზაურე შესაწირ ცხვრებთან ერთად სატვირთო მანქანით ხატობას, როგორ მომდევდა ბოთლში გამომწყვდეული თაგვით მეზობელი ბიჭი და გემო, ულევი ფხლოვანების გემო, რომელიც არასოდეს დამავიწყდება. ❤

ვერ გავიხსენებდი, როგორ აპირებდა 95 წლის ზაფხულს ჩემს მოტაცებას, ერთი კარგი მეგრელი ბიჭი და როგორ გაუფუჭდა მანქანა. თეთრი 06 ❤

ვერ გავიხსენებდი, როგორ გამომყვა საშემოდგომო ბოტანიკაში და სოფელში ჩასულს, როგორ გამატარა თითქმის მთელი წიგნი პაპამ, პრაქტიკაში, ჩემთვის გასაგებად, როგორ დავყავდი ვენახში ცხენით და მიზიარებდა თავის მოგონებებს, სტუდენტობიდან ჯარიდან, მწყემსობიდან, აზერბაიჯანელ, რუს, სომეხ მეგობრებზე. პაპას ყველა მონათხრობი ჩემთვის კინო იყო და სტიმული, მეც მქონოდა ისეთივე საინტერესო ცხოვრება და მოგონებები, როგორც მას.

თქვენი არ ვიცი და ეს ყველაფერი ის არის, რაც ქმნის, რაც ზრდის ჩემში ადამიანს.

ყოველი ახალი მოგზაურობა, ახალი წიგნია ან ფილმი, სავსე ახალი პერსონაჟებით, ადგილებით, რასაც სახლიდან გაუსვლელად ვერასოდეს ნახავდით. გახსოვთ ალბათ, სკოლის არდადაგებიდან დაბრუნებულებს, ისტერიკულად გვთხოვდნენ დაგვეწერა თემა “როგორ გავატარეთ ზაფხული?” ბევრს ეზარებოდა წერა, ღრმად მწამს, მათ ახლაც ეზარებათ წერა და ზოგადად არდადაგების გატარება ეზარებათ სადმე. წერაც და მოგონებებიც, პირველ რიგში ხომ შეგრძნებებზე, ემოციებზე, ქიმიაზე დგას, ღრმა შეგრძნებები და ემოციები სჭირდება ფეხის მოსაკიდებლად, ხანგრძლივობისთვის, საარსებოდ.

დაფიქრდით როგორ ატარებთ დროს, ტელევიზორი, ინტერნეტი, ერთი და იგივე კაფე-ბარები, ხანდახან შეიძლება კინო ან თეატრი ან საერთოდ არაფერი. დრო გადის, ისე გადის, რომ არც გახსოვთ, როდის გავიდა და სად გავიდა. ფული? არც ისე ბევრია საჭირო, მოგზაურობა საქართველოს ფარგლებშიც შეიძლება, კარვებით, საძილე ტომრებით, მონასტერში ღამისთევით, ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც მინიმალური დანახარჯებით ახერხებენ შინ და გარეთ მოგზაურობასაც.  მთავარია სურვილი და მონდომება, რაც შეიძლება მეტი ძვირფასი მომენტი გამოგლიჯოთ ხელიდან ერთფეროვნებას.

და როდესაც, რამდენიმე წლის შემდეგ შემეკითხებიან, როგორ გავატარე 2015 წლის ზაფხული, მე არ და ვერ გავიხსენებ ყოველდღიურ რუტინას, არც მტკივან ფეხს ან ზურგჩანთის სიმძიმისგან მოხრილ წელს. თვალწინ მხოლოდ ღამის ფლორენცია დამიდგება, ცარიელი, რომელსაც სამი მოკუნტული ადამიანის სიცილ-ხარხარი ავსებდა, შემდეგ ამ კადრებს ჩაანაცვლებს მზის ამოსვლა პონტე ვეკიოზე და ყველა ჩვენს ხელთ არსებული ფოტოკამერის ჩხაკუნის ხმები, იმ იმედით, რომ არცერთი კადრი არ გაგვეშვა ხელიდან, თუმცა ეს, ის კადრებია, რომელიც არასოდეს დაგავიწყდება, რომელსაც გონება არ გაუშვებს ხელიდან, თუ კამერის დაჩხაკუნება ვერ მოასწარი.

და ეს იქნება ზაფხული, როდესაც ერთ წითურ ბიჭთან და ერთ შავგვრემან გოგოსთან ერთად დრო გავაჩერე, გამოვტაცეთ ყოველდღიურობას, ავავსეთ ადამიანებით, ადგილებით და ისტორიებით, დრო, რომელიც ჩვენს მეხსიერებაში ისეთივე ახალგაზრდა და მხიარული იქნება, როგორც ჩვენ იმ მომენტში, ახლაც ასეთია და ასეთად დარჩება ყოველთვის.

იმ მოგონებების ყულაბაში, რომელიც ჩემზე დიდხანს იცოცხლებს, კიდევ ერთი მოგონება ჩავაგდე. Tick! ^^

 

ბილეთები

ჯერ კიდევ 2012 წლის ივლისში გავიგეთ, რომ 2015 წლის აგვისტოში უეფას სუპერ თასის შეხვედრას, ჩვენი ქვეყნის დედაქალაქი, თბილისი უმასპინძლებდა.

ამგვარად, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფეხბურთო მოვლენისთვის, ჩვენს ქვეყანას თითქმის 3 წელი ჰქონდა მოსამზადებლად.

თეორიულად, 3 წელი საკმარისი დროა გულშემატკივრების, ფეხბურთის ფედერაციის, სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხების და რაც მთავარია ბილეთების გაყიდვის სხვადასხვა ფორმის დასამუშავებლად და მოსამზადებლად.

პრაქტიკაში, რასაკვირველია ეს ასე არ მოხდა.

რასაკვირველია ყველაფერი ბოლო წუთამდე მივიდა.

უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე , დღეის მდგომარეობით (12.07.2015/ 21:43)  ვკითხულობთ რომ, ყველა ბილეთი გაყიდულია, ბილეთების გაყიდვა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სახელით იკისრა პორტალმა biletebi.ge და რომ გულშემატკივრებს შეუძლიათ სახლში ამობეჭდონ უკვე ნაყიდი ელექტრონული ბილეთები ან დამატებითი საფასურის გადახდის სანაცვლოდ, ბილეთი მიიღონ სახლში.

დღეს, ჩვენ ვიცით რომ, უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ნიუსი, სინამდვილეს არ შეესაბამება, მხოლოდ მცირე ნაწილის გაყიდვა მოესწრო და ბილეთები იყიდება ცოცხალი რიგის საშუალებით.

მას შემდეგ, რაც biletebi.ge-მ, როგორც ერთადერთმა ონლაინ გაყიდვების პორტალმა, მთელი რიგი ტექნიკური თუ არატექნიკური პრობლემების/მიზეზების გამო და ასევე მიუხედავად გადაცემული ფინანსური რესურსისა, დაკისრებულ მოვალეობას თავი ვერ გაართვა და კვლავ კინოს ბილეთების გაყიდვას მიჰყო ხელი,  გამოაცხადეს, რომ უეფას თასზე დასასწრები ბილეთები 12 ივლისიდან მიხეილ მესხის სტადიონის სალაროებში გაიყიდებოდა.

ბილეთის მსურველები, ვაკის პარკს, დაგეგმილზე უფრო ადრე მიაწყდნენ. დასცეს კარვები. რიგის ორგანიზების ერთადერთი ფორმა, 50-50 კაციანი ჯგუფების შექმნა რიგითობის დაცვით, ისევ გულშემატკივრებმა მოიფიქრეს. შესაბამისი სტრუქტურების მუშაობა აქაც ქაოსური, სპონტანური და არაკოორდინაციული აღმოჩნდა. ბილეთების გადაყიდვის, ფინანსური მაქინაციების რისკები კიდევ უფრო გაიზარდა.

საპატრულო პოლიციის, ჟურნალისტებთან/მედიასთან ურთიერთობის ინსტრუქციის არ ქონის, უკვე მუდმივ რეჟიმში გადაზრდილი მოცემულობის გადალახვის შემდეგ, როგორც იქნა ორმა ფოტოჟურნალისტმა სალაროებამდე მივაღწიეთ. გარდა იმისა, რომ ფოტოჟურნალისტის შეშვებაზე უფროსობასთან გადარეკვაა საჭირო, იმიტომ რომ თურმე მხოლოდ ტელევიზიებს უშვებენ, უფროსისგან თანხმობის მიღების შემდეგ, ადგილზე კომუნიკაციაც პრობლემაა, რომ რაციაში მაინც გადასცენ მეორე შესასვლელთან მდგომ პოლიციელებს (როცა სულ ორი შესასვლელია) და ფოტოგრაფებს ყველგან ცალ-ცალკე ჯაჯგური არ მოგვიწიოს შეშვება/არ შეშვებაზე. და ასევე, იქნებ როგორმე გაიცეს ინსტრუქტაჟი, რომ ტელე/ვიდეოპერატორის გარდა, ფოტოჟურნალისტიც ვიზუალური (ფოტო/ვიდეო) მასალის ასაღებად შედის ტერიტორიაზე.

ვაკის პარკში მძიმე სურათი დამხვდა, სიცხეში, მტვერში, უჰაერობაში ერთმანეთზე შეზრდილი ბევრი ნატანჯი სახე. უფრო ბევრი მამრი და უფრო ცოტა მდედრი. წყლის ცარიელი ბოთლებით დაფარული ვარდისფერი ქვიშა. დონატების ყუთებზე მიწერილი ჯგუფის ნომრები და ტელეფონის ნომრები. შლოპანცებიანი, კისერზე და მაჯებზე ოქროს ჯაჭვიანი გადამყიდველები, რომლებსაც დაქირავებული ჰყავდათ ადამიანები, განაწილებული სხვადასხვა ჯგუფებში, ბილეთების შესაძენად. ვიღაცას ეპილეფსიის შეტევა ეწყება, ხალხი ესევა, მორბის სასწრაფო. მიყავთ.

იქ სადაც ნომერი 60, და ზემოთ ჯგუფები იყვნენ განლაგებული, უიმედოების ველი შევარქვი, ადამიანები, რომლებიც ალბათ ბოლომდე დარჩებიან, კიდევ ერთ ღამეს გაათევენ და ბილეთები მაინც არ შეხვდებათ. ისინი ამ ამბავს ათვითცნობიერებენ და ჯერ კიდევ შუადღისას, ფეხბურთის ფედერაციასთან აპროტესტებენ სიებს, ჯგუფებს, დაპირებული ცოცხალი რიგის არ არსებობას და ითხოვენ რომ სალარომ არ შეისვენოს.

ვაკის პარკიდან ძალიან დაღლილი მოვდივარ, ოღონდ ვერ ვხვდები უფრო ფიზიკურად დავიღალე, თუ მორალურად დავითრგუნე. ვერ ვხვდები, სამი წლის განმავლობაში რატომ ვერ მოხერხდა ამ ამბავის რიგიანად დარეგულირება. რატომ ვერ მოხერხდა ტექნოლოგიურად ყველაზე წინწასულ და განვითარებულ საუკუნეში, ბილეთების გაყიდვა ინტერნეტის საშუალებით.

იყო ფული, იყო დრო, რა არ იყო საკმარისი?

ქორთიარდ მერიოტში ორმხრივი და სამმხრივი ხელშეკრულებების ხელმოწერა კი, გაცილებით მარტივია, ეს შეგვიძლია.

superatasi

20150712-DSC_5069

20150712-DSC_5064

კორდონში ურიგოდ შეღწევის მცდელობა

კორდონში ურიგოდ შეღწევის მცდელობა

20150712-DSC_5008

20150712-DSC_5049

ეს დაღლილი, დაღლილი, დაღლილი მსოფლიო

თანამედროვე ადამიანი რობოტია, საწყის სტადიაზე. მუდმივად დაკავებული, მუდმივად გადარბენაზე და დაღლილი; გარკვეულ დონეზე, შეგრძნებები და გრძნობები ჯერ კიდევ შემოგრჩენია, თუმცა ან ვერ ათვითცნობიერებ ან ვერ უღრმავდები, არ გცალია, გარბიხარ, ძროხა უნდა გადააბა ჩრდილში.

დრო კი მიდის.

კმაყოფილების განცდის დროის არ ქონის გამო, კიდევ და კიდევ უფრო მეტს გეგმავ, იმაზე მეტს, ვიდრე ადამიანმა დღის ან თვის განმავლობაში შეიძლება მოასწროს, შესაბამისად დილით თუ იღვიძებთ იმ განწყობით, რომ მთებს გადადგამ, საღამოს აღმოაჩენ, რომ ერთ მთამდეც ვერ მიხვედი, არათუ რამდენიმე გადადგი.

საქმე იქამდე მიდის, რომ უამრავ რამეს ვეღარ ასწრებ, არ არის გამორიცხული დაეცეს ხარისხი, რომლის შემჩნევის უნარი დაკარგული გაქვთ და მხოლოდ გარშემომყოფები თუ ამჩნევენ, ისინიც ან ხათრის გამო არ გეტყვიან ან თუ გეტყვიან მხოლოდ ირიბად და თქვენი გადატვირთული გონების გამო, ქარაგმებს ვერც კი მიხვდებით.

პარალელურად, ის, რაც ამოვარდნილია ყოველდღიური რუტინიდან, ყველაფერი გამაღიზიანებელია, გსტრესავს და ზედმეტ ტვირთად გაწვება, დაახლოებით ისეთი რამეა, როცა ლოგინში, სადაც უნდა ჩაწვეთ, ერთზე მეტი ბალიში გვხდებათ და არ იცით, რა უყოთ სხვებს, საკითხს მარტივად გადაჭრით, ბალიშებს ლოგინიდან ძირს გადაყრით, მოიშორებთ. ანალოგიურად კრავთ ხელს მეგობრებს, ნათესავებს, ოჯახის წევრებს, შეყვარებულს, სხვა საქმეებს, რომელიც შეიძლება საინტერესო და სასარგებლო იყოს, მაგრამ ამ ეტაპზე მიგაჩნიათ რომ დროს კარგავთ და არაფერში გჭირდებათ , მაგალითად, წიგნის კითხვა, კინო, თეატრი, მოგზაურობა…

მაგრამ, აი დგება მომენტი, როდესაც წამიერად ათვითცნობიერებ რომ, უპს, ცხოვრება მიედინება, ოღონდ შენს გარეშე, სადღაც შენს გვერდით ხდება ყველაფერი და უკვე რასაც აკეთებ, რასაც შრომობ და სადაც თავით გადახტი, იმდენად მკაცრ რუტინად იქცა, რომ შენი კმაყოფილების და სიამოვნების გრძნობაც უკვე რუტინული ხდება, თითქმის ვეღარ გრძნობ. უბრალოდ, იცი, რომ როდესაც მორიგ საქმეს დაასრულებ და ბლოკნოტში ამაყად შემოხაზავ, სავარძელში უნდა გადაწვე და კმაყოფილებით გაიღიმო. იღიმი, სიამოვნებისგან ფშვინავ, მაგრამ ეს, ის არ არის, რაც გინდოდა, კვლავ დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება გაქვს და იგონებ და იგონებ ახალ გეგმებს, პროექტებს, ოცნებებს და უფრო და უფრო ართულებ შენს ყოველდღიურ რუტინას.

ეს ვიყავი მე დაახლოებით ხუთი წლის წინ. დაახლოებით ხუთი წლის წინ, ის საკვანძო წამი დადგა, რომელმაც მთლიანად შემცვალა და გადამატრიალა. რეცეპტი არ მაქვს.

ფილმი, რომელიც სტამბოლის საერთაშორისო კინოფესტივალზე ვნახე, ადრე რომ მენახა, ალბათ უფრო ადრეც მივიღებდი ამ გადაწყვეტილებას.

ფილმის მთავარი ხაზი რისკია, გამბედაობა, კარდინალურად შეცვალო შენი მდგომარეობა, შენი არსებობა, შენი არსებობის აზრი, სრულიად მოულოდნელად, როცა მთელი სიმძაფრით გრძნობ ფიალის ბოლო წვეთს, უფსკრულის პირზე შენს თითის წვერებს და ღამით წამოხტები, იგუდები ოფლში ჩაკარგული და სუნთქვაშეკრული, გადიხარ ოთახიდან, გარბიხარ ჰოლში, ჩარბიხარ კიბეებზე და გადიხარ სასტუმროდან. შენ იწყებ სუნთქვას. ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ მთელი მსოფლიო შენთან ერთად იწყებს სუნთქვას.

რასაკვირველია, ცოლ-ქმარს შორის სიყვარული უკვე დიდი ხნის წინ გაქრა, და მხოლოდ რუტინულად არიან ერთად, რეჟიმში ჩართულები, რომლის შეცვლის სურვილი, უაღრესად დაკავებულებს და საქმეში გადავარდნილებს არც აქვთ. პასუხისმგებლობაც სადღაც გაქრა, რომელიც სიყვარულივით ერთი ნახვით არ მოდის, მაგრამ ერთი ხელის დაკვრით მიდის.

ამიტომ, ბიზნესმენი მამაკაცისთვის, სრულიად მოხერხებულია ერთი სკაიპ ვიდეოქოლი და ცოლისთვის იმის შეტყობინება, რომ ის სახლში აღარ დაბრუნდება, არც სამსახურში და არც შტატებში. ის რჩება პარიზში. ამ ეტაპზე აეროპორტის სასტუმროს ნომერში. შემდეგ მოიფიქრებს რას იზამს.

ადრე თუ გვიან, ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც უბრალოდ უნდა გაშალო ფრთები და გაფრინდე, ზემოდან თუ გვერდიდან შეხედო სხვა ყველაფერს, ჩიტის თვალთახედვიდან შემოუქროლო გარშემო, პირველ რიგში შენ საკუთარ თავს, შენს მეს. რუტინული სამსახური, მეგობრები, ოჯახის წევრები, თანამშრომლები, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც მუდმივად გაკავებენ ერთ წერტილზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, არასოდეს წყვეტ ფიქრს იმაზე, რომ ერთ დღესაც, შეკრავ ირაოს თუ ბარგს და თავისუფლად გაფრინდები, სადაც გინდა და როცა გინდა. შეიძლება ზოგჯერ შეგრცხვეს კიდეც ამ ფიქრების, მაგრამ ეს გაივლის.

წამი გადაწყვეტს ყველაფერს.

მე კი, რომელმაც ეს მომენტი უკვე გავიარე, სრული სიმშვიდით, სიამოვნებით შევიგრძენი ფილმის ყველაზე ლამაზი მომენტი, მომენტი, რომელსაც სრულიად მოულოდნელად ჩემი საყვარელი სიმღერა გასდევდა ფონად. ზუსტად მიზანში მოხვდა. ეს იყო დროული წამი.

გაბედეთ!

2013 წელი ბლოგზე

ტრადიციულად, WordPress.com -ის ტიპები ზარმაცებისთვის და არა მხოლოდ მათთვის, ყოველწლიურად აჯამებენ ბლოგის სტატისტიკას.

ვიზიტორების რაოდენობასაც თავისებურად, ორიგინალურად ითვლის, სიდნეის ოპერაში 2700 ადამიანი ეტევა, ჩემს ბლოგს 2013 წელს 56,000 ადამიანი ესტუმრა, რაც სიდნეის ოპერაში 21 წარმოდგენაზე დამსწრე ხალხის რაოდენობის ტოლფასია. ასე ყოფილა  ეს!  🙂

და მთავარი, ამ წელს 45 პოსტი დამიწერია, მათ შორის წლის ყველაზე პოპულარული პოსტი, რასაკვირველია “სოფია მელნიკოვას ფა(ნ)ჩრიანი დუქანი” აღმოჩნდა, ხოლო ამ წლის ყველაზე პოპულარული ხუთეული ასე გამოიყურება:

ძალიან მესიამოვნა რომ ხუთეულში ორი ლიტერატურული პოსტიც მოხვდა. ყველაზე ხშირად სტუმრები ამ საიტებიდან შემოდიან:

  1. facebook.com
  2. ratatui.me
  3. top.ge
  4. twitter.com
  5. wordpress.com

სტუმრების ქვეყნების მიხედვით ლიდერობს სამი ქვეყანა: საქართველო, ამერიკის შეერთებული შტატები და გერმანია.

 

Click here to see the complete report.

დღის შთაბეჭდილება

ეზოში იშვიათად ჩავდივარ ხოლმე, უმეტეს წილად დრო არ მაქვს, ხოლო თუ მოხდა სასწაული და დრო მაქვს, არც ძაღლი მყავს და არც ნაცნობი, ვისთან ერთადაც შეიძლება გარეთ გავისეირნო. 😉

დღეს გავედი ფოტოების გადასაღებად, ქართული ოცნების წარმომადგენლები მოდიოდნენ წინაასაარჩევნოდ ხალხთან შესახვედრად, თითქმის არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა რომ სკოლასთან ერთი ეკლესია დასრულებულია, თვითონ სკოლის ეზოში უფრო დიდი ეკლესია შენდება ისიც თითქმის დასრულებულია, სკოლის ეზოს შუაში სამი ხატის და ჯვრების რაღაც კონსტრუქციაა, კიდევ ცოტა იქით, კიდევ ერთი ძალიან დიდი ჯვარი (მშენებარე ეკლესიის უკან).

ამის პარალელურად სკოლის ღობე სულ მოშლილია, ეზო მინგრეულ-მონგრეული, კუთხეები ნაგვით სავსე, კედლები მოხატულ-მონგრეული, და სკოლის წინ რომ დევნილების კორპუსი იყო, ის ისევ ისეთ მდგომარეობაშია როგორც მაშინ, მე რომ ამ სკოლაში დავდიოდი ასე 15 წლის წინ.  -_-

რასაკვირველია ეკლესიის აშენების წინააღმდეგი არ ვარ, თუმცა ვერაფრით ვხვდები ასეთ პატარა პერიმეტრზე და ისედაც პატარა ეზოში, რა საჭიროა რელიგიური დანიშნულების ამდენი შენობა? მაშინ როდესაც ქვედა მიკროებში კიდევ ორი ეკლესიაა და ზოგადად, დიდი დიღომი არც თუ ისე დიდია სინამდვილეში.  იქნებ ჯობდა იგივე შემოწირულობებით (შემოწირულობების ყუთი დავლანდე ეკლესიასთან) ასევე მოეწყოთ და მოეწესრიგებინათ სპორტული მოედანი, სკოლის ეზო (ბორდიურები, ასფალტი) და ზოგადად სკოლა. ერთადერთი ცვლილება რაც გარეგნულად შევამჩნიე მეტალო-პლასტმასის ფანჯრებია, შიგნით რა ხდება არ ვიცი.

ალბათ აპირებენ ამ ყველაფრის გაკეთებას, ასე მომდევნო 15 წელში ❤

სკოლის ეზო და სკოლის ნაწილი

სკოლის ეზო და სკოლის ნაწილი

 

vandalism

მშენებარე ეკლესია

მშენებარე ეკლესია