მეტი ტუჩი, ცოტა ანდერგრაუნდი და თანასწორობა თვლით 


აკრედიტაცია, კაი თბილისური გაგებით, მეტად უცნაური რამეა. მე დამოუკიდებელი ფოტოგრაფი ვარ, ეს კიდევ უფრო დიდი თავსატეხია კაი თბილისური გაგებით, თუმცა როგორც კი ვახსენებ, რომ GETTY IMAGES კონტრიბუტორ-ფოტოგრაფი ვარ და შესაბამის პორტფოლიოსაც დავურთავ, თითქმის ყველა კარი იღება, ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, აკრედიტაციისთვის მიმემართოს და უარი ეთქვათ.

დამოუკიდებელი ფოტოგრაფის სტატუსით რამდენჯერმე ვიყავი Tbilisi Fashion Week-ზეც და Mercedes Benz Fashion Week Tbilisi-ზეც.

პირველი პრობლემა შეიქმნა მაშინ, როდესაც გაგზავნილ აკრედიტაციაზე პასუხი არ მოვიდა, თუმცა ფეისბუქზე დაწერილ სტატუსს, მალევე გამოეხმაურნენ, ტექ. ხარვეზის გამო რამდენიმე აპლიკაცია არ შემოვიდა, ბაზაში არ ხართ და ხვალ მობრძანდით, გადმოგცემთ აკრედიტაციასო. ასე მშვიდობიანად გადაიჭრა ეს საკითხი, კაი თბილისური გაგებით, ჩემმა მზემ.

შევედი გვერდზე, საიტზე დევს ჩვენებების განრიგი, დღეების და საათების მიხედვით, მაგრამ არ წერია ლოკაციები. მე, გულის სიღრმეში დარწმუნებული ვარ, რომ სადღაც სიღრმეში, კონცეპტუალურ დროსა და სივრცეში, აუცილებლად მითითებულია ლოკაციები, მაგრამ მე, რიგით ფოტოგრაფს ძალა არ შემწევს აღმოვაჩინო ეს ლოკაციები.

ჩემმა ნაცნობმა ფოტოგრაფმა გამაგებინა, გუშინ საღამოს, სადღაც სხვაგან იყო ჩვენებაო, არა რუსთაველის თეატრშიო, დღესაც ვიფიქრე, რომ საღამოს სხვაგან იქნებოდაო და დავრეკეო, დავრეკეო და მითხრეს რომ ბასიანზე იქნებაო. ჰოი, ჰოი.

გამიკვირდა რაღაცნაირად. ერთი გაფიქრება, კი ვიფიქრე, რა ჯანდაბა უნდა ფეშენს თბილისის ანდეგრაუნდის ჭიპში მეთქი, მაგრამ სიცივემ, წითელმა ტყავის შარვალმა, შუბებმა და ანდერგრაუნდისკენ გამავალი გისოსების იქით ცხელი გლინტვეინით მოსიარულე მეტმა ტუჩმა, თავისი ქნა, ჩემს კამერას აუდგა, კინაღამ სკოჩი შემოიხია.

მივაჭერი დაცვას, დახედა ბეჯს, ფოტოგრაფიო, ვერ შეგიშვებთო, რატომ მეთქი, ის არ გაწერიათ ბეჯზე, ვისაც ვუშვებთო. მიმოვიხედე ნაცნობი ფოტოგრაფები და ჟურნალისტებიც შევნიშნე, რომლებსაც ასევე არ უშვებდნენ, ზოგს PRESS ეწერა, ზოგს PHOTOGRAPHER და ჩემგან განსხვავებით, ისინი ცნობილ მედია საშუალებებს წარმოადგენდნენ.

დახურულია ივენთიო, ივენთი დახურულიაო, ზედ კართან გვითხრეს, აი, ასე მშრალად, არც ის რომ ივენთი დახურულია მედია საშუალებებისთვის, არც ის, რომ წინასწარ ამაზე ვინმემ სადმე დაწერა ან დარეკა ან დაგიმესიჯა ან მტრედი გამოაგზავნა, არავინ არაფერი იცოდა, დაახლოებით 15-20 კაცი ველოდებით გარეთ, ზოგი ვიდექით, ზოგი უკან გაბრუნდა მალევე. ყველა ერთმანეთისკენ იშვერდა ხელს, მე ასე გადმომცეს რომ არ შეუშვათო, მერე ვიღაც გოგო გამოვიდა და ოფიციალურად გვითხრა ტყუილად ელოდებით, ასე გვითხრეს რომ არ უნდა შემოგიშვათო. რატომ არ გაგვაფრთხილეზე, პასუხი არ ჰქონდა, ხელებს ასავსავებდა. ამასობაში ირკვევა, რომ შიგნით რამდენიმე ფოტოგრაფი უკვე არის, ზოგი შერჩევით, ზოგიც თვლით, მათ შორის ისეთებიც, ვისაც ის ეწერა ბეჯზე, რაც ჩვენ, გარეთ დარჩენილებს.

ჰო, მერე იგივე ხალხი გამოვა და უფლებებზე და თანასწორობაზე წაიკითხავს პოემებს, შაირებს, ჰაიკუებს.

არადა, ამ საკითხის მოგვარება შეიძლებოდა მარტივად, მედია კოორდინატორი, მორიგეობით, შესაბამისი ქრონომეტრაჟით შეიყვანდა 4-5 ფოტოგრაფს/ჟურნალისტს ან წინასწარ გააფრთხილებდა, კულტურულად მიწერდა მეილზე ყველას და შეატყობინებდა, რომ დღევანდელი ჩვენება მედიის წარმომადგენლებისთვის დახურულია და ის არის მხოლოდ ქერუბიმებისთვის. ჩვენც არ მოვიდოდით, ხომ ვიცით რომ ქერუბიმები არ ვართ, არც უფრო ფეშენები ვართ, არც უფრო თანასწორები ვართ, თანაც ზუსტად იმ ანდერგრაუნდ სივრცეში, სადაც ყველა თანასწორია, ჩემმა მზემ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

One comment on “მეტი ტუჩი, ცოტა ანდერგრაუნდი და თანასწორობა თვლით 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s