შემოდგომა ბერლინში ანუ აბა, მე რა გირჩიოთ?


მოდი, ხვალ ბერლინში წავიდეთ, ერთ საღამოს, რომელიმე მეგობარს გადაულაპარაკებ და კოპიტნარის აეროპორტიდან, სულ რაღაც ოთხ საათში ბერლინში ამოყოფ თავს. ამისთვის აღარ გჭირდებათ უთვალავი დოკუმენტის მომზადება, თარგმნა და ნოტარიულად დამოწმება, შემდეგ საელჩოში ჩაწერა და გასაუბრება ვიზის მისაღებად.

ლარნაკა (კვიპროსი), პრაღა (ჩეხეთი), პარიზი (საფრანგეთი), ბერლინი, დორტმუნდი, მემიმნგენი (გერმანია), ათენი, თესალონიკი (საბერძნეთი), ბუდაპეშტი (უნგრეთი), მილანი, რომი (იტალია), ვილნიუსი (ლიტვა), ვარშავა, ვროცლავი, კატოვიცე (პოლონეთი), ბარსელონა (ესპანეთი), ლონდონი (დიდი ბრიტანეთი) – ეს ის ქალაქებია, სადაც ქუთაისიდან პირდაპირი რეისით გაფრინდებით. ჩაუსაფრდით დაბალფასიან ბილეთებს და თუ კონკრეტულ თარიღებზე არ გინდათ რომელიმე ქვეყანაში მოხვედრა, ძალიან იაფად შეიძენთ ბილეთებს.

ვიზალიბერალიზაციის და ვიზეარის პარამეტრებზე ჩემი ბუებიანი ჩემოდანის მორგების შემდეგ, ეს იყო ჩემი პირველი გასვლა შენგენის ზონაში, თან მქონდა პასპორტი, ბილეთი ნიქ ქეივის კონცერტზე, სასტუმროს ჯავშანი (booking.com), ონლაინ გაკეთებული სამოგზაურო დაზღვევა (არაორიგინალი) და ანგარიშზე თანხა. პასპორტ კონტროლზე მესაზღვრემ მხოლოდ პასპორტს და ფაილში ჩადებულ საბუთებში პირველივე ფურცელს – ნიქ ქეივის კონცერტზე დასასწრებ ბილეთს დახედა. ამ მესაზღვრესთან ყველაზე ნაკლებად მინდოდა მოხვედრა, ბევრ კითხვებს სვამდა, დიდხანს უკირკიტებდა საბუთებს და რიგი თითქმის 1 საათი გაიჭიმა.

“შენც ნიქ ქეივზე? ჰეჰ”, – ჩაიცინა ფრაუ ფროილაინმა და შტამპი უხეთქნა ჩემს პასპორტს.

ასე და ამგვარად, ლამის ერთი თვითმფრინავი ხალხი, ნიქ ქეივის კონცერტზე ჩამოვედით ბერლინში კოპიტნარის აეროპორტიდან.

ბერლინისთვის მთელი შვიდი დღე მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალაქს პირველად ვსტუმრობდი, დღეში ოცდაათი ისტორიული ადგილის ჩამორბენით ნახვა და ღამით მისიკვდილება მიზნად არ დამისახავს, არც რამე კონკრეტული სანახაობების სია მქონდა ხელთ. ერთი სიტყვით, ისე მივდიოდი როგორც აქამდე ყველა სხვა ქალაქში.

ახალს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ მაინც აღვნიშნავ, რომ თბილისთან შედარებით თითქმის ყველა ქალაქი დიდია, შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა გამოიზოგოთ დრო, ენერგია, თვალები, ტვინი, მაგდანას ლურჯასავით მოსაბრუნებელი რომ არ შეიქნეთ. ვინ თქვა აღარ მახსოვს “სამყარო წიგნია და ის ვინც არ მოგზაურობს, უყურებს წიგნის მხოლოდ ერთ გვერდს”, არცერთ მუზეუმში რომ არ შეხვიდეთ, არცერთი ისტორიული ადგილი რომ არ ნახოთ, მხოლოდ ქუჩებში სიარულით უკვე უდიდესი მოცულობის ვიზუალური და ხმოვანი ინფორმაცია შემოდის, რომლისგანაც მალე იღლებით, დრო და დრო, სათანადოდ ვეღარ აღიქვამთ, ამიტომ ჩემი რჩევაა ამ ყველაფრის რაოდენობა შეამციროთ და თან, სანახაობა (მუზეუმები, ღია და დახაურული ისტორიული ადგილები), გართობა (კონცერტი, ღამის კლუბი, კინო, თეატრი), ჭამა/დალევა (ლუდის ბარები, რესტორნები, კაფეები) ერთმანეთს შეუნაცვლოთ.

დაივიწყეთ ყველა მზრუნველი ადამიანი, რომელიც თითქმის კივილით გეუბნებათ “ეს თუ არ გინახავს, ესე იგი შენ ბერლინი არ გინახავს”, “იქ წადი აუცილებლად!”, “ეს რომ არ ნახო, თვალებში როგორ ჩამხედავ პროსტაააა”, “აი, ეს 50 ადგილი უნდა ნახო ყველა ვარიანტში, ჩემს ძუძუებს გაფიცებ” და ა.შ. ყველა, ვინც კი ოდესმე რამე ვერ მოასწრო და გულში ხინჯად ჩარჩა, შენ გტენის ან თუ ვინმეს რამე კონკრეტული ემოცია და მოგონება აკავშირებს, მაგალითად ანა ფრანკის პირველი ნაბიჯების ქუჩის, მარცხენა ტროტუარის მეშვიდე ქვასთან – აუცილებლად გირჩევთ რომ ეს ქვა ნახოთ. თუ თქვენ ამ სიებს, თქვენი ჩექინების და ფოტოების ქვეშ დატოვებულ რჩევებს გაედევნებით, სანუგეშოს ვერაფერს გეტყვით, თავით ხტებით რაღაც გაუაზრებელ მარათონში და გიჟივით იწყებთ მოცემული დავალებების შესრულებას, რათა შეკითხვაზე “ნახე გოგოოოო?”, არ დაიბნეთ და სხარტად უპასუხოთ, – “კიიი გოგოოო, რა სიგიჟე იყოოოოოოო”.
ამას აუცილებლად მოყვება რა უნდა ჭამო, სად უნდა ჭამო, რა დალიო, სად დალიო, სად იცეკვო და ასე უსასრულოდ.

რამდენი ადამიანიც არსებობს, იმდენი გემოვნება და ინტერესია, ყველა ადამიანის რჩევა რომ გაითვალისწინოთ, შვიდი დღე კი არა ერთი წელი გადაბმულად არ გეყოფათ. ეს რჩევები კარგ შემთხვევაში მათი ინდივიდუალური გემოვნებიდან ან ინტერესებიდან გამომდინარეობს და უარეს შემთხვევაში, ისინიც სხვის ფეხის ხმას არიან აყოლილები. თუმცა არსებობენ გამონაკლისებიც.

რას ვაკეთებ მე:

1) ვყიდულობ ადგილობრივ სიმ-ბარათს და ვრთავ ინტერნეტს ანუ ვზოგავ დროს და ნერვებს. რუკაზე ვხედავ როგორ მივიდე ამა თუ იმ ადგილამდე, ვხედავ რა ტრანსპორტი მოძრაობს, რა დროს მოდის ეს ტრანსპორტი და ცხოვრება მიხარია.  სანამ საზ. ტრანსპორტით ვმოძრაობთ ვუყურებთ რუკას და ვაკვირდებით სადაც ახლა ვიმყოფებით იმ ადგილთან ახლოს, კიდევ რამე საინტერესო ხომ არ არის, რაც შეიძლება ათასშვიდასი მეგობრის მოცემულ სიაში არ შედიოდეს, რადგან სანამ ამ “50 ადგილი, რომელიც უნდა ნახო სანამ ცოცხალი ხარ” სიის ერთი ადგილიდან მეორე ადგილამდე მიხვალთ, შუაში შეიძლება საინტერესო რამეები გამოტოვოთ.

პ.ს. ამჯერად LYCAMOBILE-ის სტენდი პირდაპირ ბანჰოფზე დაგხვდა, შეიყვანეს საპასპორტო მონაცემები და გერმანული მისამართი (ანუ იმ ადგილის მისამართი სადაც ჩერდებით) და ადგილზე გააქტიურეს 5 გბ ინტერნეტი და ადგილობრივ ქსელებზე უფასო სალაპარაკო დრო.

2) დავინახე რამე საინტერესო მეტროს ან ტრამვაის ფანჯრიდან? ჩავდივარ! თქვენ წარმოიდგინეთ და კარი მარტო იმ სადგურში არ იღება, სადაც პოპულარული ღირსშესანიშნაობები მდებარეობს.

3) ვერიდები ხალხმრავალ ტურისტულ ადგილებს, ერთი-ორთან შეიძლება გზად მოვხვდე.

4) დღეში მაქსიმუმ 1-2 მუზეუმს ვსტუმრობ, რასაკვირველია, ეს დამოკიდებულია მუზეუმის მასშტაბებზე.

5) დავდივარ ფეხით, ვკტბები ქუჩის საჭმელ-სასმელით და ვიღებ ფოტოებს.

6) როდესაც ვიღლები მივდივარ სასაფლაოზე, ყველა ქალაქში ყველაზე მშვიდი და ლამაზი ადგილი სასაფლაოა.

7) მოგზაურობის დროს, რაც უფრო ნაკლები ადამიანი იქნებით, მით უკეთესი თქვენთვისაც და მათთვისაც. ორზე მეტი ადამიანი უკვე ნიშნავს იმას, რომ ერთს შია, მეორეს სწყურია, მესამეს ფეხსაცმელმა ფეხი ატკინა და ვეღარ დადის, მეოთხეს წუხელ ცუდი სიზმარი ჰქონდა და სურვილი აქვს საათობით იჯდეს ენდი უორჰოლის მაო ძედუნის წინ, მეხუთეს შესცივდა და დედა უნდა, მეექვსეს გარეთ უნდა და ასე უსასრულოდ.

8) თუ ვინმე რამეს გაბარებთ, ეს წაიყოლე და პეტრეს გადაეცი, ან პავლეს შეხვდი, ეს გამოართვი და ჩამომიტანე, ან ისე უბრალოდ ხვდებით ვინმეს, ჩათვალეთ რომ მინიმუმ ნახევარი დღე ამას ეძღვნება და მთელი იმ დღის გეგმა ამ საკითხის ირგვლივ უნდა გადააწყოთ.

სულ ეს იყო მოკლედ, მე რა ვნახე და რის ნახვას ვისურვებდი, ეს უკვე შემდეგ პოსტში 😉

Advertisements

3 comments on “შემოდგომა ბერლინში ანუ აბა, მე რა გირჩიოთ?

  1. გამოხმაურება: ბერგჰაინიდან გესტაპომდე | Litterator's Blog

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s