რატომ ვმოგზაურობთ?


“რას დადიხარ გოგო ამდენს?”, “რასაც შენ დადიხარ…”, “სად დადიხარ ამდენს?” “აი, შენ რომ არ გეზარება რა..”, ეს იმ შეკითხვების და კომენტარების არასრული ჩამონათვალია, რომელიც თავისუფლად შეიძლება უტაქტო კომენტარების რიგს მივაკუთვნოთ.

ამ ფორმულაზე პასუხი ძალიან მარტივია, როდის ვითვლით სხვის ნაბიჯებს? ალბათ მაშინ, როდესაც საკუთარი ნაკლებად გაგვაჩნია, ვერც წინ მიდიან და არც უკან დარჩენილა რამე საინტერესო.

არჩევანი რასაკვირველია გვაქვს, შეგვიძლია დავრჩეთ სახლში, არსად წავიდეთ, არ ვიმოგზაუროთ.

მოგზაურობა ხომ დამღლელია, აეროპორტში ლოდინი, სკამზე ძილი, ავტობუსში მოკუნტული ძილი, ღამისთევა ღია ცისქვეშ, გზების არევა და უფრო ბევრი ბოდიალი, ვიდრე ფიქრობდი, უფულობა, უძილობისგან დასიებული თვალები, სასოწარკვეთა, ისტერიკა . . .  ამ ყველაფრის გადამკიდე, შეგიძლიათ თავისუფლად დარჩეთ სახლში, დილით გაიღვიძოთ თავის დროზე, დალიოთ ყავა, მოწიოთ სიგარეტი და წახვიდეთ სამსახურში, სადაც მშვიდად მოკალათდებით და მიაშტერდებით ერთ წერტილს, როგორც აქამდე ან რამეს ითამაშებთ.  მარტივია.

ახლა ვფიქრობ, რა მოხდებოდა, მეც ასე რომ მოვქცეულიყავი და ყოველთვის, როდესაც სადმე მივდიოდი, მინიმუმ სოფელში, არ წავსულიყავი და სახლში დავრჩენილიყავი.

ვერ გავიხსენებდი, როგორ მეძებდა ბებია, როდესაც მარიამობას ჭიაკოკონობაზე გავიპარეთ, სახლიდან რამდენიმე ქუჩის მოშორებით.

ვერ გავიხსენებდი, როგორ გავიპარეთ მე და ჩემი დეიდაშვილები ვენახში, სანამ ბიძა არ წამოგვეწია მოტოციკლეტით და უკან არ წამოგვიყვანა, მერე როგორ გადაგვეფარა და დედისგან და დეიდისგან გვიცავდა, არ ეჩხუბოთო ❤  ბიძა ახალგაზრდა გარდაიცვალა და ეს ერთ-ერთი ნათელი მოგონებაა, რომელიც კარგად და ტკბილად მახსოვს მასთან დაკავშირებით ❤

ვერ გავიხსენებდი, ჩემს ერთ ზაფხულს გუდამაყარში, 97 ან 98 წელს, როგორ ვიმოგზაურე შესაწირ ცხვრებთან ერთად სატვირთო მანქანით ხატობას, როგორ მომდევდა ბოთლში გამომწყვდეული თაგვით მეზობელი ბიჭი და გემო, ულევი ფხლოვანების გემო, რომელიც არასოდეს დამავიწყდება. ❤

ვერ გავიხსენებდი, როგორ აპირებდა 95 წლის ზაფხულს ჩემს მოტაცებას, ერთი კარგი მეგრელი ბიჭი და როგორ გაუფუჭდა მანქანა. თეთრი 06 ❤

ვერ გავიხსენებდი, როგორ გამომყვა საშემოდგომო ბოტანიკაში და სოფელში ჩასულს, როგორ გამატარა თითქმის მთელი წიგნი პაპამ, პრაქტიკაში, ჩემთვის გასაგებად, როგორ დავყავდი ვენახში ცხენით და მიზიარებდა თავის მოგონებებს, სტუდენტობიდან ჯარიდან, მწყემსობიდან, აზერბაიჯანელ, რუს, სომეხ მეგობრებზე. პაპას ყველა მონათხრობი ჩემთვის კინო იყო და სტიმული, მეც მქონოდა ისეთივე საინტერესო ცხოვრება და მოგონებები, როგორც მას.

თქვენი არ ვიცი და ეს ყველაფერი ის არის, რაც ქმნის, რაც ზრდის ჩემში ადამიანს.

ყოველი ახალი მოგზაურობა, ახალი წიგნია ან ფილმი, სავსე ახალი პერსონაჟებით, ადგილებით, რასაც სახლიდან გაუსვლელად ვერასოდეს ნახავდით. გახსოვთ ალბათ, სკოლის არდადაგებიდან დაბრუნებულებს, ისტერიკულად გვთხოვდნენ დაგვეწერა თემა “როგორ გავატარეთ ზაფხული?” ბევრს ეზარებოდა წერა, ღრმად მწამს, მათ ახლაც ეზარებათ წერა და ზოგადად არდადაგების გატარება ეზარებათ სადმე. წერაც და მოგონებებიც, პირველ რიგში ხომ შეგრძნებებზე, ემოციებზე, ქიმიაზე დგას, ღრმა შეგრძნებები და ემოციები სჭირდება ფეხის მოსაკიდებლად, ხანგრძლივობისთვის, საარსებოდ.

დაფიქრდით როგორ ატარებთ დროს, ტელევიზორი, ინტერნეტი, ერთი და იგივე კაფე-ბარები, ხანდახან შეიძლება კინო ან თეატრი ან საერთოდ არაფერი. დრო გადის, ისე გადის, რომ არც გახსოვთ, როდის გავიდა და სად გავიდა. ფული? არც ისე ბევრია საჭირო, მოგზაურობა საქართველოს ფარგლებშიც შეიძლება, კარვებით, საძილე ტომრებით, მონასტერში ღამისთევით, ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც მინიმალური დანახარჯებით ახერხებენ შინ და გარეთ მოგზაურობასაც.  მთავარია სურვილი და მონდომება, რაც შეიძლება მეტი ძვირფასი მომენტი გამოგლიჯოთ ხელიდან ერთფეროვნებას.

და როდესაც, რამდენიმე წლის შემდეგ შემეკითხებიან, როგორ გავატარე 2015 წლის ზაფხული, მე არ და ვერ გავიხსენებ ყოველდღიურ რუტინას, არც მტკივან ფეხს ან ზურგჩანთის სიმძიმისგან მოხრილ წელს. თვალწინ მხოლოდ ღამის ფლორენცია დამიდგება, ცარიელი, რომელსაც სამი მოკუნტული ადამიანის სიცილ-ხარხარი ავსებდა, შემდეგ ამ კადრებს ჩაანაცვლებს მზის ამოსვლა პონტე ვეკიოზე და ყველა ჩვენს ხელთ არსებული ფოტოკამერის ჩხაკუნის ხმები, იმ იმედით, რომ არცერთი კადრი არ გაგვეშვა ხელიდან, თუმცა ეს, ის კადრებია, რომელიც არასოდეს დაგავიწყდება, რომელსაც გონება არ გაუშვებს ხელიდან, თუ კამერის დაჩხაკუნება ვერ მოასწარი.

და ეს იქნება ზაფხული, როდესაც ერთ წითურ ბიჭთან და ერთ შავგვრემან გოგოსთან ერთად დრო გავაჩერე, გამოვტაცეთ ყოველდღიურობას, ავავსეთ ადამიანებით, ადგილებით და ისტორიებით, დრო, რომელიც ჩვენს მეხსიერებაში ისეთივე ახალგაზრდა და მხიარული იქნება, როგორც ჩვენ იმ მომენტში, ახლაც ასეთია და ასეთად დარჩება ყოველთვის.

იმ მოგონებების ყულაბაში, რომელიც ჩემზე დიდხანს იცოცხლებს, კიდევ ერთი მოგონება ჩავაგდე. Tick! ^^

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s