ეს დაღლილი, დაღლილი, დაღლილი მსოფლიო


თანამედროვე ადამიანი რობოტია, საწყის სტადიაზე. მუდმივად დაკავებული, მუდმივად გადარბენაზე და დაღლილი; გარკვეულ დონეზე, შეგრძნებები და გრძნობები ჯერ კიდევ შემოგრჩენია, თუმცა ან ვერ ათვითცნობიერებ ან ვერ უღრმავდები, არ გცალია, გარბიხარ, ძროხა უნდა გადააბა ჩრდილში.

დრო კი მიდის.

კმაყოფილების განცდის დროის არ ქონის გამო, კიდევ და კიდევ უფრო მეტს გეგმავ, იმაზე მეტს, ვიდრე ადამიანმა დღის ან თვის განმავლობაში შეიძლება მოასწროს, შესაბამისად დილით თუ იღვიძებთ იმ განწყობით, რომ მთებს გადადგამ, საღამოს აღმოაჩენ, რომ ერთ მთამდეც ვერ მიხვედი, არათუ რამდენიმე გადადგი.

საქმე იქამდე მიდის, რომ უამრავ რამეს ვეღარ ასწრებ, არ არის გამორიცხული დაეცეს ხარისხი, რომლის შემჩნევის უნარი დაკარგული გაქვთ და მხოლოდ გარშემომყოფები თუ ამჩნევენ, ისინიც ან ხათრის გამო არ გეტყვიან ან თუ გეტყვიან მხოლოდ ირიბად და თქვენი გადატვირთული გონების გამო, ქარაგმებს ვერც კი მიხვდებით.

პარალელურად, ის, რაც ამოვარდნილია ყოველდღიური რუტინიდან, ყველაფერი გამაღიზიანებელია, გსტრესავს და ზედმეტ ტვირთად გაწვება, დაახლოებით ისეთი რამეა, როცა ლოგინში, სადაც უნდა ჩაწვეთ, ერთზე მეტი ბალიში გვხდებათ და არ იცით, რა უყოთ სხვებს, საკითხს მარტივად გადაჭრით, ბალიშებს ლოგინიდან ძირს გადაყრით, მოიშორებთ. ანალოგიურად კრავთ ხელს მეგობრებს, ნათესავებს, ოჯახის წევრებს, შეყვარებულს, სხვა საქმეებს, რომელიც შეიძლება საინტერესო და სასარგებლო იყოს, მაგრამ ამ ეტაპზე მიგაჩნიათ რომ დროს კარგავთ და არაფერში გჭირდებათ , მაგალითად, წიგნის კითხვა, კინო, თეატრი, მოგზაურობა…

მაგრამ, აი დგება მომენტი, როდესაც წამიერად ათვითცნობიერებ რომ, უპს, ცხოვრება მიედინება, ოღონდ შენს გარეშე, სადღაც შენს გვერდით ხდება ყველაფერი და უკვე რასაც აკეთებ, რასაც შრომობ და სადაც თავით გადახტი, იმდენად მკაცრ რუტინად იქცა, რომ შენი კმაყოფილების და სიამოვნების გრძნობაც უკვე რუტინული ხდება, თითქმის ვეღარ გრძნობ. უბრალოდ, იცი, რომ როდესაც მორიგ საქმეს დაასრულებ და ბლოკნოტში ამაყად შემოხაზავ, სავარძელში უნდა გადაწვე და კმაყოფილებით გაიღიმო. იღიმი, სიამოვნებისგან ფშვინავ, მაგრამ ეს, ის არ არის, რაც გინდოდა, კვლავ დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება გაქვს და იგონებ და იგონებ ახალ გეგმებს, პროექტებს, ოცნებებს და უფრო და უფრო ართულებ შენს ყოველდღიურ რუტინას.

ეს ვიყავი მე დაახლოებით ხუთი წლის წინ. დაახლოებით ხუთი წლის წინ, ის საკვანძო წამი დადგა, რომელმაც მთლიანად შემცვალა და გადამატრიალა. რეცეპტი არ მაქვს.

ფილმი, რომელიც სტამბოლის საერთაშორისო კინოფესტივალზე ვნახე, ადრე რომ მენახა, ალბათ უფრო ადრეც მივიღებდი ამ გადაწყვეტილებას.

ფილმის მთავარი ხაზი რისკია, გამბედაობა, კარდინალურად შეცვალო შენი მდგომარეობა, შენი არსებობა, შენი არსებობის აზრი, სრულიად მოულოდნელად, როცა მთელი სიმძაფრით გრძნობ ფიალის ბოლო წვეთს, უფსკრულის პირზე შენს თითის წვერებს და ღამით წამოხტები, იგუდები ოფლში ჩაკარგული და სუნთქვაშეკრული, გადიხარ ოთახიდან, გარბიხარ ჰოლში, ჩარბიხარ კიბეებზე და გადიხარ სასტუმროდან. შენ იწყებ სუნთქვას. ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ მთელი მსოფლიო შენთან ერთად იწყებს სუნთქვას.

რასაკვირველია, ცოლ-ქმარს შორის სიყვარული უკვე დიდი ხნის წინ გაქრა, და მხოლოდ რუტინულად არიან ერთად, რეჟიმში ჩართულები, რომლის შეცვლის სურვილი, უაღრესად დაკავებულებს და საქმეში გადავარდნილებს არც აქვთ. პასუხისმგებლობაც სადღაც გაქრა, რომელიც სიყვარულივით ერთი ნახვით არ მოდის, მაგრამ ერთი ხელის დაკვრით მიდის.

ამიტომ, ბიზნესმენი მამაკაცისთვის, სრულიად მოხერხებულია ერთი სკაიპ ვიდეოქოლი და ცოლისთვის იმის შეტყობინება, რომ ის სახლში აღარ დაბრუნდება, არც სამსახურში და არც შტატებში. ის რჩება პარიზში. ამ ეტაპზე აეროპორტის სასტუმროს ნომერში. შემდეგ მოიფიქრებს რას იზამს.

ადრე თუ გვიან, ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც უბრალოდ უნდა გაშალო ფრთები და გაფრინდე, ზემოდან თუ გვერდიდან შეხედო სხვა ყველაფერს, ჩიტის თვალთახედვიდან შემოუქროლო გარშემო, პირველ რიგში შენ საკუთარ თავს, შენს მეს. რუტინული სამსახური, მეგობრები, ოჯახის წევრები, თანამშრომლები, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც მუდმივად გაკავებენ ერთ წერტილზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, არასოდეს წყვეტ ფიქრს იმაზე, რომ ერთ დღესაც, შეკრავ ირაოს თუ ბარგს და თავისუფლად გაფრინდები, სადაც გინდა და როცა გინდა. შეიძლება ზოგჯერ შეგრცხვეს კიდეც ამ ფიქრების, მაგრამ ეს გაივლის.

წამი გადაწყვეტს ყველაფერს.

მე კი, რომელმაც ეს მომენტი უკვე გავიარე, სრული სიმშვიდით, სიამოვნებით შევიგრძენი ფილმის ყველაზე ლამაზი მომენტი, მომენტი, რომელსაც სრულიად მოულოდნელად ჩემი საყვარელი სიმღერა გასდევდა ფონად. ზუსტად მიზანში მოხვდა. ეს იყო დროული წამი.

გაბედეთ!

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s