როდის გაიღიმეს ფოტოზე პირველად?


ჰუ ვეის “ზეთის ლამფა” საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი გახდა ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე . ფილმმა შემახსენა ერთი კითხვა, რომელიც ჯერ კიდევ ძველი საოჯახო ალბომების თვალიერებისას გამიჩნდა –  როდის გაიღიმეს ფოტოზე პირველად? 

Butterlamp

Butter Lamp –  Directed by Hu Wei

რატომ უყურებდა ობიექტივს ყველა კუშტი სახით? მყარი, აკადემიური პოზით და წელში გამართული ჯდომისას, მხრებში გამართული დგომისას, არავითარი მოდუნებული ან მოშვებული მდგომარეობა. ამ ამბავს არაერთი ახსნა აქვს, მათ შორის საკმაოდ დამაჯერებელი და არგუმენტირებულიც.

დავიწყოთ იქიდან რომ, ვიქტორიანულ ეპოქაში (1837-1901) ქცევის და სილამაზის განსხვავებული ეტიკეტი და სტანდარტები არსებობდა; იმ პერიოდში მოკუმული ტუჩები, პატარა პირი უფრო იყო მოდაში, ასე ვთქვათ და ლამაზადაც ასე მიიჩნეოდა. მაგალითად, ჩემი ჭიხვინისგან შეწუხებული ბაბოც ასე მეუბნებოდა ხოლმე, რომ როდესაც ქალი იცინის, ორ კბილზე მეტი არ უნდა გამოაჩინოს სიცილის დროსო.  მაშინ ფოტოგრაფის რეპლიკაც განსხვავებული ყოფილა, ნაცვლად ცნობილი გამოთქმისა “Say cheese”, ამბობდნენ “Say prune”  (ქართულად “თქვი კუშტი” უხდება მგონი 😀 ). და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ პერიოდში, ღიმილს, სიცილს მხოლოდ ბავშვებზე, გლეხებზე და ლოთებზე შენიშნავდით.

გარდა ამისა, დღევანდელი ჩხაკაჩხუკისგან განსხვავებით, მაშინდელი ფოტოგრაფიაც ცხადია საკმაოდ მოუქნელი იყო, ექსპოზიციის დრო რამდენიმე წუთი, საათი შეიძლება ყოფილიყო. ასე მაგალითად, ნეპსის ცნობილი ფოტოს “ხედი ფანჯრიდან” გადაღებას რვა საათი დასჭირდა, ხოლო ნეპსის ჩანაწერების მოკვლევის შემდეგ გაირკვა რომ გადაღებას/ექსპოზიციას ზოგჯერ რამდენიმე დღე სჭირდებოდა.

პირველი ფოტო – გადაღებულია 1826 წელს.

მართალია, რაც დრო გადიოდა ექსპოზიციის დრო მცირდებოდა, თუმცა ფოტოგადაღება მაინც ხანგრძლივი პროცესი იყო, ამიტომ დიდხანს ღიმილიანი სახით დგომა ან ჯდომა, ასევე სხვადასხვა მოშვებულ/მოდუნებულ/სალაღობო პოზიციაში ყოფნა საკმაოდ რთული იყო. შესაბამისად, ადამიანები ფოტოებში ან სკამს ეყრდნობიან, ან მყარად სხედან, ან მაგიდაზე აქვთ ხელი ჩამოდებული, სხვადასხვა სახასიათო/პროფესიულ ნივთებთან ერთად, რაც შემდგომში მოგვიყვებოდა ამ ადამიანის შესახებ.

ყურადსაღები ამბავია კბილების საკითხიც. ისევ იმავე პერიოდში, რთული იყო კბილების ჰიგიენის დაცვა, ამასთან კბილების მკურნალობის ერთადერთი გზა, კბილის ამოღება იყო. შესაბამისად, უკბილოდ გაღიმება, ძალიან არასასურველი იყო ადამიანისთვის, რომელმაც ძლივს გამონახა ფული ფოტოს გადასაღებად. ჰო, დამავიწყდა მეთქვა რომ, ფოტოს გადაღება ფუფუნება იყო. დაგეროტიპების პერიოდში უკვე 15 დოლარი ღირდა ერთი ფოტოს გადაღება, ცოტა დიდ ფორმატზე 50 დოლარი. ადამიანები ფოტოს იღებდნენ განსაკუთრებულ შემთხვევებში, ხშირად ცხოვრებაში ერთხელ. აქედან გამომდინარე, ხომ ხვდებით როგორ ემზადებოდნენ ამ ამბავისთვის –  ფოტო მაქსიმალურად უზადო და სრულყოფილი უნდა ყოფილიყო. არავითარი ზედმეტი, არაკადემიური მიხვრ-მოხვრა, არავითარი ღიმილი – მითუმეტეს თუ კბილი არ გქონდა. “თქვი კუშტი”

Southworth and Hawes Studio XIX C.

Southworth and Hawes Studio XIX C.   დაგეროტიპი. საუსუორსის და ჰოვსის სტუდია

დადგა 1888 წელიც. ჯორჯ ისთმანმა ჩამოაყალიბა Kodak-ი, კომპანია, რომელმაც ფოტოგრაფია ფართო მასებში გაიტანა . ეს უკვე აღარ იყო ფუფუნება და მხოლოდ მდიდრების პრიორიტეტი.  უკვე, 1895 წელს კოდაკმა პირველი ჯიბის კამერა გამოუშვა, რომელიც მაშინ 5 აშშ დოლარი ღირდა (დღევანდელი 135 აშშ დოლარი), ხოლო 1900 წელს Brownie – 1 დოლარიანი კამერა გამოუშვა, რომელმაც სამუდამოდ გადაატრიალა ფოტოგრაფიული სამყარო. ადამიანებს უკვე ყოველდღიური მომენტების, რაც მთავარია თავისუფალი მიხვრა-მოხვრის და ღიმილის, სიცილის დაფიქსირებაც უფრო თამამად შეეძლოთ, ეს უკვე აღარ იყო ის ფოტოკამერა, რომლითაც სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ იღებდნენ ფოტოს.

კარგად ვიცით, მედია და კინო როგორ მოქმედებს ადამიანებზე, განსაკუთრებით ჰოლივუდი და განსაკუთრებით ის ჰოლივუდი, რომელიც იმავე პერიოდის პარალელურად ძლიერდებოდა. ეკრანზე უფრო და უფრო მეტი კინოვარსკლავი იღიმოდა, მითუმეტეს უხმო კინოში კიდევ უფრო ხაზგასმით ჩანდა სახის გამომემტყველებები, სხვადასხვა ემოციები. ღიმილი სოციალურად უფრო მიღებული გახდა საზოგადოებაში და შესაბამისად მიიღეს ფოტოგრაფიაშიც.

ამგვარად, ლოგიკური ჯაჭვის ბოლოს, შეგვიძლია ვთქვათ რომ ღიმილი დაახლოებით 1900-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა, მაშინ როდესაც ფოტოგადაღება უფრო ხელმისაწვდომი გახდა მასებისთვის და საყვარელმა კინომსახიობებმაც გარკვეული ზეგავლენა მოახდინეს ეკრანებიდან.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s