ფილმების ქართულად ახმოვანება


“უნდა ვთქვათ და ვწეროთ “ახმოვანება” და  არა “გახმოვანება“. როცა კაცი ქართულად  მეტყველებს, ამბობს – მუნჯი ალაპარაკდა და არა მუნჯი გალაპარაკდა, ანდა მუნჯი ამეტყველდა და არა გამეტყველდა.

ასევეა ახმოვანებაც. “ა” და “გა” თავსართი სხვადასხვა დანიშნულების გახლავთ და მათი არევა არ შეიძლება. ამის შესახებ თავის დროზე დაწერა აკაკი შანიძემ, მაგრამ ყურად არავინ იღო.” –

აკაკი ბაქრაძე, “კინო და თეატრი”, 1989წ.   

—————-

რატომ არ გადის ქართულ ენაზე ახმოვანებული ფილმები საქართველოს კინოთეატრებში? ეს კითხვა ბევრს უჩნდება უკვე, თუმცა ტექნიკური დეტალების შესახებ ინფორმაცია ცოტას თუ აქვს. რადგან ორივე მიმართულებით (თარგმნა და კინო) მაქვს გარკვეული ცოდნა, ვიფიქრე რომ ამ თემაზე ოჯახში ერთი პოსტი მაინც უნდა ეგდოს.  😉

მივყვეთ თანმიმდევრულად,

1) თარგმნა 

ამ ეტაპამდე თუკი მოვედით, იგულისხმება რომ ფილმი ორიგინალ ენაზე უკვე ვიყიდეთ, ახმოვანების და გაშვების უფლების ჩათვლით. ამიტომ “ავიღოთ ქვაბით” აღარ დავიწყებ ამ რეცეპტს.  😀

ფილმის თარგმანი პრობლემაა, კარგი თარგმანი მითუმეტეს. ზოგადად თარგმნის გამოცდილება ერთია, ხოლო გამოცდილება კინო თარგმანში მეორე. ფილმის ჟანრიდან, ეპოქიდან დაწყებული სლენგებით დამთავრებული, ყველაფერი უნდა გაითვალისწინოს მთარგმნელმა. ლექსი ლექსად უნდა დარჩეს, იუმორი არ უნდა დაიკარგოს, სლენგი გემრიელად უნდა გადმოვიდეს და ა.შ. მთარგმნელის პოზიციიდან შემიძლია ვთქვა რომ პროცესი ურთულესია და ასეთ თარგმანს სჭირდება დრო, რაც ქართულ რეალობაში დამკვეთ კომპანიებს არასოდეს აქვთ. მათ ასევე არ აქვთ ფული, ენთუზიაზმზე ან დაბალ ანაზღაურებაზე ამ ტიპის თარგმანების შესრულება კი არავის უნდა. ჰონორარი ერთ საათიანი ფილმის თარგმანისთვის, დაახლოებით 30 ლარიდან 150 ლარამდე მერყეობს.

2) ნათარგმნი ტექსტის მორგება    

მეორე ეტაპი, ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპია. ეს არის ნათარგმნი ტექსტის მორგება ანუ ე.წ. ტექსტის მომრგები ორიგინალი ენის წინადადებების სიგრძეს უხამებს ნათარგმნი წინადადებების სიგრძეს, ამხმოვანებელსა და ფილმის გმირის საუბარს შორის ცდომილების თავიდან ასაცილებლად.  გარდა ამისა, იგი მაქსიმალურად ცდილობს ნათარგმნი სიტყვები ისე შეარჩიოს რომ ფილმის მსახიობის პირის მოძრაობას, არტიკულაციას მოარგოს. არტიკულაციაზე მორგება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლო ან საშუალო კადრების დროს, შორ კადრებზე ცდომილება ნაკლებად შესამჩნევია. თუ თარგმანთან ერთად ორიგინალ ტექსტსაც ვტოვებთ ფონად, მაშინ ტექსტის ამგვარად მორგება საჭირო არ არის.

3) სრული ახმოვანება/ დუბლირება 

ამ ეტაპზე ხელთ გვიპყრია კარგად ნათარგმნი და მორგებული ტექსტი. გვყავს კარგი მსახიობები, იმ ქვეყნებში სადაც დუბლირების კულტურა მაღალ დონეზეა, ახმოვანების მსახიობებს საბოლოოდ, დამკვეთი კომპანია ამტკიცებს. პირველ რიგში, ასეთი მსახიობები უნდა აკმაყოფილებდნენ ერთ მთავარ მოთხოვნას – მათი ხმის ტემბრი/ტექსტურა უნდა შეესაბამებოდეს ფილმში მონაწილე მსახიობის ტემბრს და გარეგნობას. თუ ეს ორი რამ აცდენილია, ტრაგედიაზე ვიცინით და კომედიაზე ვტირით. ამოოხვრით დაწყებული, ყვირილ-კივილით დამთავრებული ამხმოვანებელმა მსახიობმა ყველაფერი უნდა გაიმეოროს, ისეთივე ემოციურად როგორც ფილმშია.

ამხმოვანებელი არ არის ის ადამიანი, რომელიც კადრს მიღმა ზის და უბრალოდ ტექსტს კითხულობს. ეს არის ან უნდა იყოს მსახიობი, რომლისთვისაც გასახმოვანებელი როლი არის ისეთივე როლი, როგორსაც ის განასახიერებდა კინოსა თუ თეატრში. უფრო მეტიც, კინო როლის ახმოვანება კიდევ უფრო დიდ ძალისხმევას მოითხოვს ბუნებრივი, ორგანული შედეგისთვის ანუ შენი ხმა უნდა მოერგოს სრულიად უცხო სხეულს ისე ჰარმონიულად, რომ სამიზნემ, ამ შემთხვევაში მაყურებელმა ეს დაიჯეროს.

ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად, ბოლოდროინდელი ქართულად ახმოვანებული ფილმებიდან, მახსენდება ექიმი ჰაუსის ამხმოვანებელი დიმიტრი ტატიშვილი. ვფიქრობ, ტატიშვილის ხმა – ფაქტურა, ტემბრი, შინაარსი საკმაოდ ორგანულად მოერგო ექიმი ჰაუსის როლს, ისე რომ ორიგინალის ყურება, თავიდან ცოტა არ იყოს გამიჭირდა.

არ უნდა იყოს ცდომილება ხმის ტექსტურაში/ხასიათში, ასე მაგალითად, თუ მსახიობი სააბაზანოში მღერის, ეკრანზე სტუდიური, წმინდა ხარისხით ჩაწერილ სიმღერა არ უნდა გვესმოდეს, არამედ სააბაზანოს შესაბამისი ტონებით.  საჭიროების შემთხვევაში უნდა ახმოვანდეს ფონური საუბრებიც და სხვა ხმაურები.

საბოლოოდ, ეს ყველაფერი სისრულეში და შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს ხმის რეჟისორმა, რომელიც თავის მხრივ მეთვალყურეობდა ჩაწერის პროცესებსაც.

გარდა მსახიობების, ხმის რეჟისორების და სხვა ტექნიკური სპეციალისტების განვითარებისა, თანამედროვე ფილმების, სატელევიზიო სერიალების, მულტფილმების თუ ვიდეოთამაშების ქართულად ახმოვანება ხელს შეუწყობს ენის გამოცოცხლებას და განვითარებას. რამდენიმე სეანსის ორიგინალ ენაზე დატოვება კი უცხო ენის ცოდნის გაუმჯობესებას ან შენარჩუნებას. ვისაც კი რომელიმე უცხო ენა გვისწავლია, კარგად ვიცით თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს მხატვრულ, დოკუმენტურ თუ ანიმაციურ ფილმებს უცხო ენის შესწავლის ან/და შენარჩუნების პროცესში.

რა ხდება სხვა ქვეყნებში: 

ახმოვანების მასშტაბები ევროპის ქვეყნებში  

ლურჯი – ქვეყნები სადაც ახმოვანებენ მხოლოდ საბავშვო ვიდეოპროდუქტებს, დანარჩენი სუბტიტრებით

ნარინჯისფერი – ახმოვანებენ და ასევე უჩვენებენ სუბტრიტრებითაც

ყვითელი – ქვეყნები სადაც კადრსმიღმა თარგმნიან ან ახმოვანებენ (დუბლირება)

წითელი – ქვეყნები სადაც ნებისმიერი სახის ვიდეოპროდუქტის სრული დუბლირება ხდება

ახმოვანების რუკა

როგორც რუკა გვიჩვენებს, გერმანია, ავსტრია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი ლიდერობს ფილმების სახელმწიფო ენაზე ახმოვანება/დუბლირების კულტურით.  მასშტაბებით გამოირჩევა გერმანია, და სხვა გერმანულენოვანი ქვეყნები (ავსტრია, შვეიცარიის გერმანულენოვანი ნაწილი) სადაც ტრადიციულად დამკვიდრებულია ფილმების და სხვა ვიდეოპროდუქციის გერმანულ ენაზე ახმოვანება.

რაც შეეხება მსახიობებს, მაგალითად ესპანეთში ზოგიერთმა მსახიობმა სწორედ ახმოვანებით მოიპოვა პოპულარობა; ისევე როგორც იმ ქვეყნებში სადაც ახმოვანება/დუბლირებას ხანგრძლივი და მდიდარი ისტორია აქვს, არსებობენ ახმოვანების მსახიობები, რომლებიც ამა თუ იმ ცნობილ მსახიობზე ოფიციალურად მიამაგრებენ, ასე მაგალითად ესპანელი ოსკარ მუენოსი გახლავთ ელაიჯა ვუდის და ჰეიდენ ქრისთენსენის ოფიციალური ამხმოვანებელი. მაგალითად, რუსულ დუბლირებაში, ტომ კრუზს ახმოვანებს ვსევოლოდ კუზნეცოვი, ჯეკ ნიკოლსონს, ტომ ჰენქსს და შრეკს ახმოვანებს ალექსეი კოლგანი და ა.შ.

როგორც ვხედავთ, ახმოვანება/დუბლირება მონდომების და სურვილის გარდა, გამოცდილ ადამიანურ რესურსს, დროს, ცოდნას და ფინანსებს მოითხოვს, რაც საერთო პოლიტიკის არ ქონის, კინოთეატრების ნაკლებობის პირობებში, კერძო ბიზნესის და სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომლობის გარეშე კიდევ დიდ ხანს არ გვექნება.

გამოსავალი: 

1) კინოთეატრების რაოდენობის გაზრდა

2) კონკურენციის აწევა კინოჩვენებების/კინოთეატრების მიმართულებით

3) კულტურის სამინისტროს, კინოცენტრის თანამშრომლობა კერძო კომპანიებთან

4) ახმოვანება/დუბლირების სკოლის სისტემაში მოყვანა (ცალკეული ტელევიზიების მონდომება ზღვაში წვეთია)

5) შესაბამისი სპეციალობის სტუდენტების დაინტერესება და კვალიფიკაციის ამაღლება

6) არარასებული მაგრამ უკვე საჭირო ტექნიკური სპეციალობების დამატება თეატრალურ უნივერსიტეტში.

————————————

სხვა საკითხავი

1) დაწვრილებით იხილეთ სტატია ვიკიპედიაში – DUBBING (filmmaking) 

2) ვის ეშინია ქართული გახმოვანების

3) ფილმები და თარგმანი

Advertisements

11 comments on “ფილმების ქართულად ახმოვანება

  1. ალმოდოვარის “ქალები ნერვული აშლილობის ზღვარზე” გამახსენდა. მანდაა მთავარი როლის შემსრულებელი დუბლიორი 🙂

    • გეთანხმები. ასე რომ ტატიშვილი შეგვიძლია ჩავთვალოთ ჰაუსის ოფიციალურ ამხმოვანებლად საქართველოში 😀 😀

  2. არ ვიცი ვინ ხარ, მაგრამ ასეთი ინფორმაციული და ანალიტიკური სტატია ამ თემაზე კი არა, პოლიტიკაზეც იშვიათად შემხვედრია. ყოჩაღ, ასე გააგრძელე!

  3. inpormaciuli ststia ase sasiamovno interesit wamekitxos ar maxsendeba………. wyaroc mititebulia da daculia teqsti. saqartveloshi martlac didi problemaa propesionaluri axmovaneba. mivesalmebi axmovanebis pakultetis gaxsnas kulturis saswavleblebshi.

  4. პირადად მე ტიტრები ხელს მიშლის. ძალაუნებურად ვკითხულობ და ვერც მოსმენას ვასწრებ და ვერც წაკითხვას :))
    ზოგჯერ ინტერნეტში არის ფილმები, დუბლირებულია და თან ადევს ფინური, უნგრული, მონღოლური და რავი კიდევ რა ენაზე ტიტრი… აი მაგასაც ვკითხულობ ჩემდაუნებურად :))
    ეგკიარა კორეული ტიტრები თუა, იმის წაკითხვასაც ვცდილობ ხოლმე 😦

    ასერომ ან დუბლირება ან თუ ინგლისურადაა – ორიგინალში. მე ასე მირჩევნია 🙂

    • 😀
      მეც არ მიყვარს წაკითხვა, ვიტანჯები კინოფესტივალებზე, თუ ენა ცოტათი მაინც მესმის (ფრანგული, იტალიური, ესპანური) აღარ ვკითხულობ ხოლმე ან შიგადაშიგ. ან ორჯერ უნდა უყურო ერთ ფილმს 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s