ვადღეგრძელებთ ქალებს


დიდი ხნის წინ, როცა დედამიწაზე ყველაფერი სხვანაირად იყო, ეშმაკი მსოფლიოს ყველა კუთხეში აგროვებდა ლამაზ ქალებს და მშვენიერ მარგალიტებად აქცევდა მათ, ბოლოს იმდენი დაუგროვდა რომ მძივი გააკეთა;

ერთხელაც კაცმა არ იცის რატომ (ალბათ უფლის ბრძანებით) გადაწყვიტა ეს მარგალიტები ისევ გაეფანტა მთელს დედამიწაზე და ისევ მშვენიერ ქალებად ექცია, გაატანა ეს მძივი არწივს და უთხრა ყველა ქვეყანაში თი მარგალიტი ჩააგდეო, ასეც იქცეოდა არწივი, ყველა ქვეყანაში რომელსაც გადაუფრენდა ერთ მარგალიტს აგდებდა.

სულ მალე მოუახლოვდა საქართველოს და ეს მძივი კლდის წვერს გამოედო და გაწყდა, მარგალიტების უმეტესობა, ჩვენს ქვეყანაში ჩამოვარდა და ისინი ულამაზეს ქალებად იქცნენ

ხოდა მოდით ამ სასმისით ჩვენ ქალებს, ლამაზ მანდილოსნებს გაუმარჯოს.  

 

ყოველი მომდევნო მეგობრის დაოჯახებისას, ბავშვობა ისე ილეოდა როგორც სათაგურში გამომწყვდეული ყველი, თუმცა თავს იმით ვიმშვიდებდი რომ ამ წასვლას, მათი გაბედნიერება და ცხოვრების ახალ, სასიამოვნო ეტაპზე გადასვლა ერქვა.

ვერ მოგვიწია კარგი პერიოდი, 90-იანი წლები, უსახსრობა, გაჭირვება, ბევრი მათგანი თავის მდგომარეობას უარესიდან ცუდისკენ  თუ შეცვლიდა და ამით ყველა კმაყოფილდებოდა.

ზოგი გაიპარა, ზოგი უფრო უარესი საბედოს დევნისგან შეწუხებული, მშობლების შერჩეულ მისთვის სასიკეთო ვარიანტს დათანხმდა, ზოგიც მოიტაცეს.

თუ აღმოჩნდებოდა რომ უფრო უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდებოდი როგორც სიდუხჭირის დონით, ისე ოჯახის ახლად შეძენილი წევრების მხრიდან დამოკიდებულებით, წასასვლელი მაინც აღარსად გქონდა. უკან ხომ არ დაბრუნდებოდი ამ უბედურ დროს და ისევ შენს მშობლებს ხომ არ დააწვებოდი ჭირად, რომელთაც სხვა შვილებიც ჰყავდათ და თავი ისედაც ძლივს გაჰქონდათ.

ვალებით გადახდილი ქორწილის, თაფლობის თვის და მხიარულების მარაგის ამოწურვის შემდეგ იწყებდი შეგუებას.

ეგუებოდი უფულობას, მუდმივ უარს შენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საჭიროებებზე

ეგუებოდი დედამთილის თუ მამამთილის უხეშობას (არ გაუხარდათ მათ ახალი ტვირთი)

ეგუებოდი გაღიზიანებულ ქმარს რომელიც ადრე ასეთი არ ჩანდა (მერე შეიცვალა)  

ეგუებოდი შენსკენ ბზრიალ-ბზრიალით წამოსულ ხან ღომის მოსაზელ ჩოგანს, ხან მწვანილის საჭრელ დაფას, ხან რას და ხან რას, რაც ხელში მოხვდებოდა ან შენს ქმარს ან დედამთილს

ეგუებოდი მუდმივად აწითლებულ ზურგს

ეგუებოდი შენს საკუთარ თავს რომელიც ძალიან გტკიოდა, გამუდმებით თმების მოქაჩვისგან ან მანქანის მინაზე მირტყმისგან

გენატრებოდა მშობლების სახლი და ბავშვობა

გინდოდა სწავლის გაგრძელება, მაგრამ ვერ გააგრძელე, დედამთილმა ახლა მაგაში გვახდევინე ფული, ისედაც ქორწილის გამო ასეთი ვალები დავიდეთ ან რაში გჭირდება სწავლა, მაინც სახლში უნდა იყო, ბავშვები გაზარდოო.  ქმარს სხვა მიზეზი ჰქონდა, საშინლად ეჭვიანობდა, ადრე ასეთი არ ჩანდა, სანამ გაყვებოდი კოშკებს გიგებდა, კიდევაც აქ იყო ყველაზე წარმატებული, მითიური კოშკების მშენებლობაში.

თუმცა ისეც არ იყო რომ მხოლოდ გაჭირვებამ და უსახსრობამ შექმნა ნიადაგი ნაჩქარევად შეგექმნა ოჯახი. ამას სხვა ბევრი წინაპირობა ჰქონდა.

შენ ხარ ის ვისაც ბავშვობიდან პატარძლად ამზადებენ, იპრანჭები, სოფელში ჭიშკართან მეგობრების შეკრებაზე არ გახვალ ისე რომ გვარიანად არ გამოიპრანჭო, ქელეხში კერძებით დახუნძლული სინების ტარებასაც ვერავინ გასწრებს, აქაც კოხტად გამოწკეპილ-დავარცხნილი ხარ, და იღიმი, კეკლუცობ ისე თითქოს არავინ მომკვდარა, ისე თითქოს არავის გლოვობენ. ეს აქაური ტრადიციაა.  გასათხოვარი ქალის ტრიალი ქელეხში. ბევრი ფლირტი, ბევრი რომანი და ბევრი ურთიერთობა იწყება ქელეხიდან. ბევრი ოჯახიც იქმნება.

ქორწილშიც იგივენაირად იქცევი როგორც ქელეხში, ოღონდ აქ უკვე სუფრის გაწყობაში უნდა მოიწონო თავი, ფერადი ხელსახოცები ორიგინალურად ჩამოაცვა ჩანგალს, ჩადო ჭიქაში თუ ამოდო თეფშებს ან გააკეთო ქაღალდის ნავები.

და აი დგება მომენტი, ვიღაც თვალს გკრავს, შემდეგ პაემანია, შემდეგ ქორწილი, ბევრი სადღეგრძელო, ბედნიერებას გისურვებენ, ხან ქალურს, ხან ისე, კარგად შეზარხოშებულები და განსხვავებული სასმისით მალე გამრავლებას და ასევე ბედნიერ დედობას გისურვებენ.

ასეთ სადღეგრძელოებს შემდეგშიც მრავალგზის მოისმენ, ძალით, თავის არშერცხვების მიზნით გადახდილ დაბადების დღეებზე, ახალი წლის სუფრაზე და სხვა გამონაკლის შემთხვევებში.

დალოცავენ შენს კარგ დიასახლისობას, დედობას, შვილობას და კიდევ და კიდევ გამრავლებას და ბედნიერებას მოგისურვებენ, ხანდახან ქალურსაც.

და მერე ნელ-ნელა აღმოჩნდება რომ ოჯახი სადაც შედიოდი და რომელსაც ასე აქებდნენ მეზობლები და ახლობლები, ისეთი კარგი ვერ აღმოჩნდა. პირველი მსუბუქი კონფლიქტის შემდეგ, მამამთილმა პირველი მფრინავი ობიექტი გააცნო სახლში საქმის გასარჩევად შეკრებილ მოყვრებს – ხილის მძიმე ვაზა, ბროლის. ადრესატმა მოხერხებულად აიცილა მფრინავი ობიექტი. საბედნიეროდ.

შემდეგ მეორე მფრინავი ობიექტი გაიცანი, რომელსაც ერთი ფეხით გაასწარი ჭიშკარში – დედამთილმა იქვე, ჭიშკართან მიწაში ჩარჭობილ ლომს ასწავლა შენსკენ ფრენა.

შემდეგ იყო ტვინის სამჯერ შერყევა, განქორწინება და თავისუფლება. მართლაც თავისუფლება.

ყველაფერი დასრულდა. ამჯერად კარგად და არა ისე როგორც იმ ქალის შემთხვევაში, ოთხი შვილი რომ ჰყავდა და ქმარმა ნაწლავები გამოაყრევინა. მოკლა.

ამ პოსტში ასევე უნდა ყოფილიყო სტატისტიკა, გამოკითხვები, სხვადასხვა ექსპერტის კომენტარი თუ ინტერვიუ, რესპოდენტი და რესპოდენტის ფოტოები სახის იდენტიფიკაციის გარეშე და უამრავი სხვა რამ რაც UN Women-ის ვორქშოფზე შევიძინე და მასწავლეს და რასაც ალბათ ბევრი თქვენგანი უბრალოდ გვერდს აუვლიდა, არ წაიკითხავდა, არ დააინტერესებდა და ალბათ მართალიც იქნებოდით.

ეს ბლოგია და მე შევეცადე ამ ყველაფრისთვის გვერდი ამევლო და მაქსიმალურად პირადი ისტორიები მომეთხრო, ის რაც გაზეთში არ წამიკითხავს შემთხვევით, ის რაც სოფლის წყაროზე არ გამიგია ჭორის სახით, ის რაც ფეისბუქზე არ წამიკითხავს ვიღაც ფრენდის სტატუსის სახით, არამედ დამეწერა ის რაც ზუსტად მოხდა ჩემს გარშემო, ჩემთან ახლოს და ის რაშიც მე ჩავერიე, რაშიც ვმონაწილეობდი და რაც პირადად ვიხილე.

ამ პოსტში არეულია რამდენიმე ადამიანის სხვადასხვა ისტორია, ცხადია სახელები არ გამოვიყენე, შეიძლება ბევრი რამ გეცნოთ, ხშირ შემთხვევაში ხომ ასეთი ისტორიები ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება.

ფოტოც შემთხვევით შევარჩიე, ჩემი არქივიდან და რასაკვირველია არ ასახავს პოსტში მოყვანილ ადამიანებს და ამბებს.

შიში ეს არის ის რის გამოც ძალადობის მსხვერპლი ადამიანები ხმამაღლა ვერ/არ ყვებიან თავის ისტორიებს, მითუმეტეს იდენტიფიკაციაზე საუბარიც კი არ შეიძლება. მიუხედავად იმისა რომ მსხვერპლი უკვე დიდი ხანია მოძალადეს ჩამოშორდა, ცხოვრობს დამოუკიდებლად, გადარჩა და ფეხზე მყარად დადგა, მაინც თავს იკავებენ მოყვნენ საკუთარი თავის შესახებ და მათი გადარჩენა, საკუთარ თავში ძალის პოვნა და წინსვლა მაგალითი გახდეს სხვა ბევრი ადამიანისთვის.

gisosebi

Advertisements

7 comments on “ვადღეგრძელებთ ქალებს

  1. გამოხმაურება: ვადღეგრძელებთ ქალებს - ქართული ბლოგები

  2. ძალიან მტკივნეული თემაა.
    ეშინიათ, იმიტომ რომ იციან, მათი უახლოესი სოციუმიც კი ვერ აღიქვამს მათ მონაყოლს ადეკვატურად 😦 მამა და დედა ეტყვიან რომ მოითმინე, ოჯახი ჩხუბის და ამათის გარეშე აბა რა არის, დაქალი ეტყვის, რომ გოგო, მე შენზე უარეს დღეში ვარ, აგერ ჩემმა დედამთილმა…., მეზობელი თავს გააქნევს, იმიტომ რომ ისედაცყველაფერი იცის მაგრამ მხრებს აიჩეჩავს ეგ რა ჩემი საქმეაო, იმიტომ რომ მერე მაგის გამგელებული ქმარი მასაც მიადგება და დაჟეჟავს…
    საშინელებაა.
    ზოგადად რომ დავფიქრდეთ რამდენი პრობლემაა ჩვენს საზოგადოებაში, რომელიც ხმამაღალ საუბრებს და გაწმენდას მოითხოვს..
    სირაქლემები ვართ.

    • შიში, ხმის ამოუღებლობა, არაინფორმირებულობა, საკუთარი უფლებების არცოდნა არის მთავარი პრობლემა ამ საკითხშიც და სხვა საკითხებშიც 😦

      ჩაკეტილი წრესავითააა :/

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s