Posted in აქეთური იქეთური, კულინარიული ამბები

სოფია მელნიკოვას ფა(ნ)ჩრიანი დუქანი


ჩვენს ქვეყანაში კარგი საკვების და კარგი მომსახურების ერთად ნახვა ისეთი რამეა ქუდბედიანებსაც რომ არ უმართლებთ.

ხდება ხოლმე რომ რაღაც ადგილს ამოიჩემებ ხან მეგობრის ხათრით, ხან “მოდი აქვე ვართ და შევირბინოთ”, ხან “ნორმალური საკვების” ხათრით, ერთი სიტყვით, ასე და ამგვარად ასეთი ამოჩემებული ადგილი სოფია მელნიკოვას დუქანი აღმოჩნდა.

დუქანში უფრო ზაფხულობით დავდიოდით, ხან ტალავერის ქვეშ ვისხედით, ხანაც ვარდებიანი ბაღში ლიტერატურის მუზეუმის ეზოში და მშვიდად ველოდებოდით მიმტანების მოწყალებას საათობით. თუმცა, ამ სასიამოვნო გარემოს მიუხედავად, მაშინაც რამდენჯერმე მივეცით შენიშვნა (პოსტიც კი დავწერე) მიმტანების გაბრაზებულ სახეებთან, სიზანტესთან და გულმავიწყობასთან დაკავშირებით. მიმტანები ხან ჩვენთვის უხილავ სივრცეში იკარგებოდნენ, ხან შეკვეთის გატარება ავიწყდებოდათ და 1 საათის შემდეგ აღმოჩნდებოდა რომ სულ არ შეუკვეთავთ შენი კერძი, ხან კიდევ ერთის ნაცვლად მეორე კერძი მოჰქონდათ, ჩაწერას ხომ ვერასოდეს დააყენეს საშველი.

დუქანში საუკეთესოს თუ არა ერთ-ერთ საუკეთესო ხინკალს ამზადებდნენ, ერთხელაც მოხდა ისე რომ იმ გემრიელი ხინკლის შემქმნელი დროებით შეცვალეს და ერთი-ორჯერ სტუმრობის შემდეგ რომ ხინკლის ფაზლი მოგვართვეს, მელნიკოვა დროებით დავივიწყეთ.

ამასობაში, დუქანის გასტრონომიული კრეატივი უფრო განვითარდა და ხინკლის ფაზლის შემდეგ, მომგებიანი ხინკალი შესთავაზეს მომხმარებელს, მოგება არც მეტი და არც ნაკლები, ჩახვეულ-ჩაღვლარჭნილი დალალი აღმოჩნდა.

ჩემი მეგობარი აღმოჩნდა ასეთი იღბლიანი, სულ ახლომახლო სამეგობრო წრეში, სამი მოგება დაფიქსირდა.

ვინც ვერ მოვიგეთ, გადავწყვიტეთ კიდევ გვეცადა, ის კი გვითხრეს მზარეული ძველი დააბრუნეს და მოგების შანსი არ გაქვთო, მაგრამ არ შევეპუეთ და კიდევ ვესტუმრეთ მელნიკოვას. ❤

არც ამჯერად გამიმართლა, ისევ ჩემმა მეგობარმა მოიგო, ასე 15-20 სანტიმეტრის სიგრძის თმა , ხოლო ჩემმა დამ ატმის წვენი მთელი ხუთი ჭიანჭველით. ბედი არ გინდა კაცო?!

თმის შესახებ მიმტანს ვაცნობეთ, მიმტანმა გაიღიმა, ნწ, ნწ, თავი გადააიქნია და ჩეკი სრულად მოგვიტანა.

ჰო, აქვე დამავიწყდა მეთქვა რომ ხინკალს ერთი საათი და ორმოცი წუთი ველოდეთ.

ჩვენს ქვეყანაში არსებობს თუ არა ვინმე ან რამე, რომელიც სარესტორნო სტანდარტებს ან/და ხარისხს ამოწმებს სიმართლე გითხრათ არ ვიცი. მელნიკოვას დუქანი არც თუ ისე პატარა ადგილია, მაგიდები დგას დარბაზში, ტალავერში და მუზეუმის ეზოშიც, მიუხედავად სიდიდისა ისეთი პატარა სამზარეულო აქვთ, თაგვი კუდს ვერ მოიქნევს, თუმცა ამაყად დადიან კატები. სამზარეულოს კარი, რომელიც პირდაპირ ეზოში გადის მუდმივად ღიაა, შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ არ აქვთ გამწოვი და ეზოს მტვერის და კატების შესვლის ხარჯზე ანიავებენ სამზარეულოს.

აქვე არსებობს ასეთი სარესტორნო სტანდარტიც, რომ სამზარეულოდან, სამზარეულოს უნიფორმით მზარეული გარეთ არ უნდა გამოვიდეს, თუმცა ეს წესიც ირღვევა: მოსაწევად, შესვენებისთვის თუ მზესუმზირის საკნატუნოდ უნიფორმაში გამოწყობილი მელნიკოვას მზარეულები ხშირად დაგვხდებიან ლიტერატურის მუზეუმის ეზოში, სკამზე ფეხმორთხმულები.

და სხვა თუ არაფერი, გუშინ იმ მაგიდასთან ვისხედით ექვსი ადამიანი, რომელთაც ლომის თუ არა წინწკლებიანი ლეოპარდის წილი მაინც შევიტანეთ ამ “ზაბიგალოვკის” პიარში და მინიმუმ ყურად უნდა ეღოთ ის რჩევები თუ პრეტენზიები რომლებსაც იგებდნენ ჩვენგან თუ სხვა მომხმარებლებისგან.

ძალიან გული დაგვწყდა და გვეწყინა.

ავტორი:

Photographer, Filmmaker, Blogger

30 thoughts on “სოფია მელნიკოვას ფა(ნ)ჩრიანი დუქანი

    1. მაგ მოგებების მერე პრინციპში გუშინდელი მისვლა პირველი იყო, მანამდე ზაფხული იყო და ის ვარდებიანი ბაღი ასწორებდა რა, ხან კინოდან შევივლიდით, ხან თეატრიდან და მოკლედ ტერიტორულადაც გვაწყობდა ხოლმე. :/ მაგრამ აი როდემდე და სადამდე, თან უფრო და უფრო უარესდებოდა ყველაფერი

  1. გული მერევა, რომ მახსენდება. სულ რომ პიერ ერმე ჩამოიყვანონ ან გორდონ რამზი მოიყვანონ მზარეულად, ჩემი ფეხი აღარ იქნება აქ. სადაც შევძლებ, ყველგან ვიტყვი მაგათი სიბინძურის ამბავს.

    და რაც მთავარია ‘პოლიტიკის’, არასდროს იგრძნონ თავი უხერხულად და არ მოიხადონ ბოდიში. ფულის გამოქვითვაზე აღარაა ლაპარაკი, ვის რა ჯანდაბად უნდა, მაგრამ მაინც, რამდენიმე ლარის ხამები.

  2. არადა დილის საუზმეს დავაყოლე ეს პოსტი, თამუ, და კინაღამ ყველაფერი უკანვე ამოვაბრუნე “მოკლე გზით”!!! 🙂 🙂 🙂
    კი ვიცინი და დავცინი ინგლისურ ზომა-საზღვარ-ზღვარ-ფარგლებს და რა ვიცი რას არ გადაცილებულ სტანდარტებს ყველგან და ყველაფერში, მაგრამ ეტყობა სხვანაირად მათაც ვერ მოახერხეს მსგავსი უმსგავსობების ალაგმვა და იძულებულნი გახდნენ დაეწსებინათ!
    ასე რომ, დროა ჩვენთანაც რაიმე ზომები იქნას მიღებული, თანაც სასწრაფოდ!! მაგრამ ჩვენი პარლამენტი სხვა იდიოტობებითაა დაკავებული, როგორც ვატყობ! 😦

    1. ამ რამდენიმე ხნის წინ რაღაცას განიხილავდნენ ტვ-ში, ერთ-ერთ გადაცემაში რომ საჭიროა ხარისხის კონტროლი რესტორნების, სასტუმროების, იმიტომ რომ 100-დან 99 შემთხვევაში ფასი სერვისს არ შეესაბამება, ამის გარდა არსებობს უამრავი უკმაყოფილი ადამიანი, მათ შორის სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან. ტეხავს

  3. სამწუხაროა, მაგრამ რეალურად მსგავსი პრობლემები თბილისის კიდევ ბევრ კაფე-ბარ, რესტორანში გვხვდება. უმდაბლესი ხარისხი მომხმარებლის მასპინძლობის ყველა სფეროში – ჩვენი ”სტუმართმოყვარეობის” ინდუსტრიის საშინელი სენია! უკვე ორი ათეული წელიწადია ამ ინდუსტრიაში მეც ვმუშაობ და არაერთგზის შემითავაზებია შიდა ეროვნული სტანდარტების დანერგვის იდეები, ან თუნდაც ამ დარგში კვალიფიკაციის ამაღლების, გადამზადების და შემდგომი მონიტორინგის რაიმე ტიპის ორგანოს შექმნა… მაგრამ არავის არასდროს ეს არ დასჭირვებია… ამიტომაც ჩვენც და ჩვენი სტუმრებიც ვჭამთ (უხეში სიტყვაა) ფანჩრიან ხინკალს, ტარაკნიან წვნიანს და ჟანგიან ლობიოს… სანამ მავან ჩინოვნიკს არ აერევა გული და რწყევით არ დაიხრჩობა რომელიმე დუქანში (რესტორანი, სახინკლე და სხვათა გარჩევა და მათ სტანდარტიზაციაზე საუბარიც კი არაა :))) ) , მანამდე ვითმინოთ და თითზე დავიხვიოთ შემოთავაზებული ფანჩარი!

  4. ანუ დღეს დილით, რადიო თავისუფლების ინტერნეტ-მეზღაპრემ, დავით -გონზო- ჩიხლაძემ რომ გამოაცხადა, მელნიკოვაზე სამი პოსტი გამოჩნდაო, ყველა ერთ მაგიდასთან იჯექით? 🙂 (http://ratatui.me/sofia-melnikovas-bindzuri-duqani/?fb_action_ids=10151962823181779&fb_action_types=og.likes&fb_source=other_multiline&action_object_map=%7B%2210151962823181779%22%3A572825622766863%7D&action_type_map=%7B%2210151962823181779%22%3A%22og.likes%22%7D&action_ref_map=%5B%5D)

    მელნიკოვას დუქანში რაც გადაგხდათ – საზიზღრობაა, მაგრამ თქვენი ბლოგ-პოსტებიც უფრო შავ პიარს და შურისძიებას ჰგავს.

    1. კი, სამივე ერთად ვიჯექით და ისეთი გაბრაზებულები წამოვედით, გადავწყვიტეთ სამივეს ერთად დაგვეწერა. ახლა გინდა შავი პიარი ეძახეთ და გინდ დაკვეთილი (ეგ ვერსიაც იყო, მ-გრუფმა და ზახარ ზახარიჩმა გაუჩალიჩაო:D)

      1. ყოველივე იმის მერე, რაც გვიწერია, პოსტითაც აღარ ვიძიოთ შური? აბა მაგიდას ხომ არ ავაყირავებდით? ან მზარეულს ხომ არ ვითრევდით თმით? 😀
        (ისედაც აღარ აქვს თავზე:D)

    2. მეოთხე და მეხუთე პოსტები გზაშია 🙂 სულ ექვსნი ვისხედით იმ მაგიდასთან. და მერწმუნეთ რომ მაგიდის აყირავება და აყალ-მაყალის ატეხვა მათთვის გაკვეთილი ვერ იქნებოდა, შენიშვნა მილიონჯერ მივეცით, ხან ნაცნობების ხან უცნობების მეშვეობით.

    3. პ.ს. და ისე გამოგივიდათ ქმარი ცოლს რომ სცემს და პატრული არ უნდა გამოიძახოს არც ცოლმა და არც მეზობელმა ❤

  5. გამოხმაურება: 2013 წელი ბლოგზე | Litterator's Blog
  6. რა საზიზღრობაა, აშკარაა რაგაც დაგიშავეს და მაგარი დაბოღმილი ხარ. თუ არ მოგწონს კინოდან და თეატრიდან გამოსულმა ცოტა გაისეირნე და სხვაგან დაჯექი.გასამწარებლად არის მოგონილი ეს ყველაფერი.

    1. რაც დავწერე იმაზე მეტი რაღა უნდა დაეშავებინათ კარგო ადამიანო? ფუნა უნდა მოეტანათ მაგიდაზე? 🙂 მითუმეტეს, ჩვენი შემთხვევა არ იყო ერთადერთი, არამედ ასეთი იყო უამრავი შემთხვევა და გამოსწორებას არც არავინ ცდილობდა. 🙂

  7. არც ისე ხშირად მაგრამ მეც ვხვდები ხოლმე მელნიკოვაში, ხინკალი მართლა ძალიან გემრიელი აქვთ, პრიზები მე არ შემხვედრია, არ მინდა წარმოვიდგინო რომ უბრალოდ პრიზიანად მივირთვი… თუმცა მიმტანებზე შემიძლია დაგეთანხმოთ, ძალიან ზეთი სასტავია, არასოდეს იღიმიან და თავი ისე უჭირავთ როგორც ქირურგებს ოპერაციის მერე, ვალდებულები რომ არიან საქმის კურსში ჩაგაყენოს მაგრამ თავაწეულები რომ ჩაგივლიან და იქით უნდა სდიო 🙂 მათი კეთილგანწყობა ვერაფრით დავიმსახურე… ვერ ვხვდები რა პოლიტიკაა, ელემენტარული ყურადღება და დარიგებაა საჭირო უფროსებისგან, თუ არადა სხვას მოიყვან ბოლო ბოლო, რის გამო კარგავენ კლიენტებს?! ხო და რათქმაუნდა საჭმლის მოტანას როგორც წესი აგვიანდება.

Leave a reply to blokisdanadgari კომენტარის გაუქმება