“ძროხა, ტელევიზორი და ინდაური” ანუ დოკუმენტური კინო საქართველოში


თინათინ გურჩიანის მასტერკლასზე, რომელიც ბათუმში, ბიაფის ფარგლებში ჩატარდა, ზოგადად შევეხეთ ქართულ დოკუმენტურ კინო ტრადიციებს. შეკითხვაზე, აი უცებ, ბევრი ფიქრის გარეშე რომელ ძველ ქართულ დოკუმენტურ ფილმს გაიხსენებდით, თითქმის ყველას პირველი ქართველი დოკუმენტალისტის ვასილ ამაშუკელის “აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში” (1912) და მიხეილ კალატოზიშვილის “ჯიმ შვანთე” (1930) გვახსენდება. თუმცა, ამ უკანასკნელს, წმინდად დოკუმენტურ კატეგორიას ვერ მივაკუთვნებთ, იმდენად მხატვრული ხერხებით არის შესრულებული, ფილმის საბოლოო ვერსია კალატოზიშვილმა ხომ მხატვრული ფილმისგან “ბრმა” და სვანეთზე ზოგადი საიმიჯო ხასიათის ფილმისგან შექმნა. ასევე, ცოტა მეტად დაფიქრების შემდეგ პირველი ქალი რეჟისორის ნუცა ღოღობერიძის 1930 წელს გადაღებული, 40 წუთიანი დოკუმენტური ფილმიც “ბუბა” გაგვახსენდება.


თუმცა რომ არ გვახსენდება, ეს იმას არ ნიშნავს რომ დოკუმენტურ ფილმებს საქართველოში არ იღებდნენ, ერთი ის არის რომ ეს ფილმები არც თუ ისე დასამახსოვრებელი იყო და ძირითადად რუტინულ-სამეცნიერო-პოპულისტურ-პროპაგანდისტულ ხასიათს ატარებდა.

და ასეთი რატომ უნდა გახსოვდეს? თუმცა ნახვით კი ვნახავდი რამდენიმეს, ან უბრალოდ გართობის მიზნით:

1) “ქსენია ბახტაძის ჩაი” (1969)

2) პლასტმასა მოსწავლეთა საკანცელარიო ნივთებისთვის (1970წ)

3) ახალგაზრდა სტალინელი (1938)

ან წმინდა ისტორიული ინტერესის ან “აბა ერთი რა გადაიღეს” გამო:

1) სტუდენტები სწავლობენ თურქულ ენას (1967)

2) მარო თარხნიშვილი (1967)

3) გიგო გაბაშვილი (1962)

4) ალექსანდრე ყაზბეგი (1948)

5) მხატვარი და სივრცე (1967) (გუდიაშვილი, კაკაბაძე, ახვლედიანი)

6) კლდის ვეფხვი (1968) (ხერგიანი)

და კიდევ მრავალ ასეთ ფილმს გადაეყრებით გურამ ჟვანიას, 1990 წელს გამოცემულ წიგნში “ქართული დოკუმენტური კინო”, რომელიც 1910-1970 წლების ქართულ დოკუმენტურ ფილმებს მოიცავს და რომელთა უმრავლესობა, როგორც ზემოთ აღვნიშნე პროპაგანდისტული ხასიათისაა, პარტიების, ქარხნების, ბელადების და ა.შ. შესახებ.

კადრი ფილმიდან "ქსენია ბახტაძის ჩაი"

კადრი ფილმიდან “ქსენია ბახტაძის ჩაი”

წიგნის ავტორი, თავადაც იღებდა ფილმებს, მათ შორის გადაღებული აქვს სამეცნიერო-პოპულარული ფილმი “ძროხა, ტელევიზორი და ინდაური”, რომელსაც საკავშირო ფესტივალებზე თურმე პრემიებიც გადაეცა.

90-იან წლებში ცოტა უცნაური დოკუმენტალისტიკა გვაქვს, ჯერ ისევ საბჭოურ ნისლში გახვეული, თუმცა შეიძლება გამოვარჩიოთ კინოდოკუმენტალისტი მიხეილ მრევლიშვილი, შეიძლება იმიტომ რომ მისი ფილმები არ მინახავს, თუ ტრეილერებს და სინოფსისებს არ ჩავთვლით; ეს არის 1994 წლის “დოკუმენტური ხმაური მონროს სახელოსნოში”, 1998 წელს გადაღებული ფილმი “დისკოთეკა 106-ის ეთერში” და 1999 წლის “თეთრი, შავი და მწვანე”. 

რაც შეეხება ბოლო პერიოდს, ქართულ დოკუმენტურ კინო სამყაროში გამოჩნდნენ ახალი, საინტერესო და ძალიან პერსპექტიული სახეები, ნინო კირთაძე, რომელსაც უკვე საკმაოდ კარგი და ვრცელი დოკუმენტური ფილმოგრაფია აქვს, მათ შორის გამოვარჩევდი ფილმებს “ჩეჩნური იავნანა” (2001) და “დურაკოვო – სულელების სოფელი” (2008);

ფილმი სრულად

ლევან კოღუაშვილი, ფილმებით “ვალი” (2006) და “ქალები საქართველოდან” (2009)

ფილმი სრულად

ნინო ორჯონიკიძე, რომლის ფილმი “ინგლისურის მასწავლებელი” ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე იყო წარმოდგენილი, სალომე ჯაში ფილმებით “ბახმარო”, “ლიდერი ყოველთვის მართალია” და სხვა.

მიხეილ მრევლიშვილის 2011 წლის ფილმი “სიხარულის ოდა”

და ბოლოს, ამ დროისთვის ყველაზე წარმატებული ქართული დოკუმენტური ფილმი, თინათინ გურჩიანის “მანქანა რომელიც ყველაფერს გააქრობს”

ვფიქრობ, ერთი თვალის გადავლებაც საკმარისია რომ მივხვდეთ თუ რამდენად შეიცვალა ამ წლების განმავლობაში დოკუმენტური კინოსადმი რეჟისორის და მაყურებლების დამოკიდებულება, ფილმის შექმნის ხერხები, შერჩეული თემები და ამ თემების გამოხატვის ფორმები, რაც კიდევ უფრო დაიხვეწება, ასე მგონია, მთავარია ჩარჩოები დანგრეულია და უფრო მეტად გვაქვს სუნთქვის საშუალება.

და მაინც, ვკვდები ისე მაინტერესებს, რა არსებაა გურამ ჟვანიას მიერ გადაღებული სამეცნიერო-პოპულარული ფილმი “ძროხა, ტელევიზორი და ინდაური”.  😉

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s