დამოუკიდებელი კინო და “ცოფიანი ძაღლები”


მეოცე საუკუნის 20-40-იან წლებში, აშშ-ს კინოინდუსტრიას სრულად აკონტროლებდა ე.წ. “დიდი ხუთეული” – MGM, RKO, Fox, Paramount Pictures, Warner Bros. 1941 წელს, მერი პიკფორდმა, ჩარლი ჩაპლინმა, ორსონ უელსმა და სხვებმა დამოუკიდებელი კინო პროდიუსერების საზოგადოება ჩამოაყალიბეს, რომელიც ხმალამოღებული იბრძოდა დიდი ხუთეულის მონოპოლიის წინააღმდეგ, რაც მათ მიერ ფილმების შექმნის, დისტრიბუციის და ჩვენების სრულ კონტროლს გულისხმობდა. მალე, 1948 წელს ე.წ. პარამაუნტის გადაწყვეტილება მიიღეს, რომელიც “დიდი ხუთეულის” უფლებების შემცირებას ითვალისწინებდა; გადაწყვეტილების მიხედვით, დიდი ხუთეულის წევრებს ეკრძალებოდათ თავის კინოთეატრებში საკუთარი ფილმების ჩვენება. თუმცა ამ ღონისძიებამ მაინც ვერ შეასუსტა აღნიშნული კინოკომპანიების ძალა.

საზოგადოების ძალისხმევით და II მსოფლიო ომის დროს გამოშვებული პორტატული, იაფფასიანი ვიდეოკამერების წყალობით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება მიეცა აშშ-ში დაეწერათ სცენარი და გადაეღოთ ფილმი, მსხვილი კინოსტუდიების გვერდის ავლით.

ამ გარემოებებმა შობა კრიტიკოსების მიერ აღიარებული ისეთი მძლავრი ნამუშევრები, როგორიცაა მაია დერენის “შუადღის ბადეები” (1943), კენეთ ანგერის “ფეირვერკი” (1947) და მორის ენგელის, რუთ ორკინის და რეი აბრაშკინის “პატარა დევნილი” (1953). ფილმმეიქერებმა გადაღების ახალი გზების და მეთოდების ძიებას მიჰყვეს ხელი.

უფრო მეტიც, “პატარა დევნილი” გახდა პირველი დამოუკიდებელი ფილმი, რომელიც საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის, ოსკარზე – ამერიკის უმაღლესი კინოაკადემიის ჯილდოზე წარადგინეს, ხოლო ვენეციის კინოფესტივალზე ფილმს ვერცხლის ლომი ერგო.

სტუდიების წარმავალი სისტემის ფილმებისგან განსხვავებით, ეს ახალი, დაბალბიუჯეტიანი ან საერთოდ ბიუჯეტის არ მქონე ფილმები, თავს უფლებას აძლევდნენ გაერისკათ და ახალ მხატვრულ სივრცეებში გაჭრილიყვნენ, კლასიკური ჰოლივიდური ნარატივის ფარგლებს მიღმა.

როგორც ვხედავთ, დამოუკიდებელი კინოს ფესვები ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში ჩნდება და ნელ-ნელა დროსთან ფეხშეწყობით ვითარდება.

ახალი და მძლავრი სუნთქვა დამოუკიდებელ კინოს 80-90-იან წლებში ჩაუდგა. ნიუ იორკ თაიმსს გარეკანზე გამოაქვს ინდი ფილმები, და მის საკვირაო გამოცემას სპეციალურად ინდი ფილმების მწარმოებლებს უძღვნის. ჟურნალი TIME, ჰარვი ვეინშტეინს 1997 წლის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ამერიკელად ასახელებს და ვრცელ სტატიას უძღვნის ძმებ ვეინშტეინებს. არც სხვა ჟურნალ გაზეთები ჩამორჩებიან ტენდენციას და ალტერნატიული კინოს განვითარებას, თავისი ინსტიტუციონალური სტრუქტურით, ამერიკულ კულტურაში ყველაზე საოცარ მოვლენად მიიჩნევენ ბოლო ოცი წლის მანძილზე.

ამგვარად, კინოწარმოება ყველაზე სასურველ პროფესიად იქცა ამერიკაში, მწერლების ნაცვლად ახლა უკვე კინომწარმოებლები იყვნენ კულტურის გმირები.

და მაინც რამ განაპირობა დამოუკიდებელი კინოს ასეთი პოპულარობა? იკვეთება რამდენიმე გარემოება, რამაც დააყენა ახალი ამერიკული დამოუკიდებელი კინოს, როგორც ჰოლივუდის ალტერნატივის საჭიროება. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი გამწევი ძალა არის ის რომ ახალგაზრდა ფილმეიქერებს, რომლებიც მეტწილად აუტსაიდერები არიან, სჭირდებათ საკუთარი თავის მხატვრულად გამოხატვა. ეს ახალგაზრდა ხელოვანები  ალტერნატიულ ფილმებს ქმნიან, რომლებიც როგორც წესი ძალიან განსხვავდება მეინსტრიმული პროდუქტისგან და ხშირად უგულებელყოფილიც არის იგივე მეინსტრიმისგან.

თუმცა მთლიანად ისე არ უნდა გავიგოთ, რომ სტუდიები ყოველთვის მდარე ხარისხის ფილმებს ქმნიდნენ. ფილმების “ბონი და კლაიდი” (1967) და “უდარდელი მხედარი” (1969) წარმატების შემდეგ, სტუდიები რისკავენ და ხელს უწყობენ ისეთ გასაოცარ რეჟისორებს, როგორებიც არიან მარტინ სკორსეზე, რობერტ ოლტმანი, ვუდი ალენი, ფრენსის ფორდ კოპოლა, სტივენ სპილბერგი და ჯორჯ ლუკასი; ამ შესანიშნავმა პლეადამ ახალი სული შთაბერა მეინსტრიმს. ამ კინორეჟისორებმა თავიანთი რეპუტაცია დაიმკვიდრეს სწორედ სტუდიის ფარგლებში შექმნილი ინოვაციური ფილმებით. ალბათ ნაადრევია ვიმსჯელოთ 90-იანი წლების ტალღა ჯობია თუ 70-იანი წლების, თუმცა ერთი რამ უდაოა, 90-იანების პროდუქტის პოპულარობა და გავლენა მკვეთრად სცილდება ინდი სამყაროს საზღვრებს.

ითვლება რომ, ინდი ფილმების საუკეთესო ციკლი 1990-იან წლებს ეკუთვნის, თუმცა ამ დეკადის რეჟისორებს, თავის მხრივ გზა 1980-იანი წლების, ახლა უკვე კარგად დამკვიდრებულმა ინდი რეჟისორებმა გაუკვალეს, რომელთა ნამუშევრებიც ნამდვილად დამოუკიდებელი იყო, მათ შორის იყვნენ ჯონ სეილსი, სიუზან სიდელმენი, ჯიმ ჯარმუში და სპაიკ ლი.

90-იან წლებში, როგორც შინ, ისე საზღვარგარეთ ინვესტორებისგან ფინანსების მოპოვება უფრო გამარტივდა; გაჩნდა ფილმის ჩვენების მრავალფეროვანი პერსპექტივები, კინოთეატრების მზარდი რაოდენობა, საკაბელო ტელეარხები, ტელევიზიები, კინოფესტივალები ანუ მოთხოვნა კინორპოდუქტის შექმნაზე იზრდებოდა.

თუმცა დამოუკიდებელ რეჟისორებს მაინც დიდი ძალისხმევა სჭირდებოდათ პროდიუსერების/ინვესტორების დასარწმუნებლად. ასე მაგალითად, ჯოელ და ეთან კოენებს სამ წუთიანი ტრეილერის გაკეთება მოუწიათ ფილმისთვის “უბრალო სისხლი”, რათა პოტენციური ინვესტორები დაერწმუნებინათ, რომ მათ ნამდვილად ჰქონდათ სრულმეტრაჟიანი ფილმის შექმნის უნარები. ამბიციურ ძმებს მთელი წელი დასჭირდათ იმისთვის, რომ 750 000 $ მოეგროვებინათ, კერძო ინვესტორების, ოჯახის წევრების და მეგობრების წყალობით. ფილმი კომერციულად წარმატებული აღმოჩნდა, რამაც ხელი შეუწყო 4 მილიონიანი ბიუჯეტის მოზიდვას, ძმების მომდევნო, ასევე წარმატებული ფილმისთვის  – “აღზარდო არიზონა”.

reservoir dogs

1992 წელს, ყველაზე ცხელი მოვლენა სანდენსის კინოფესტივალზე, იმ დროისთვის უცნობი კინორეჟისორის ქუენთინ ტარანტინოს სადებიუტო ფილმი “ცოფიანი ძაღლები” გახლდათ. ტარანტინოს ბიძგი 80-იან წლებში ჯიმ ჯარმუშის და ძმები კოენების წარმატებებმა მისცა. ჯარმუშისგან, 80-იანი წლების ინდი ლიდერისგან განსხვავებით, რომელიც არად აგდებდა მასების კვებას, ტარანტინო ბუნებრივად ითრევდა მაყურებელს, მისი ნამუშევარი უფრო შთამბეჭდავი და ეფექტური იყო, ვიდრე თანმიმდევრული.

“ვფიქრობ ხალხი ამისთვის მზად არ იყო” – მოგვიანებით აღნიშნა ნიუ იორკ დეილი ნიუსის კინოკრიტკოსმა ჯემი ბერნარდმა,  რომელიც სანდენსის კინოფესტივალს ესწრებოდა და საკუთარი თვალით იხილა კინოწარმოების ახალი ფორმა, ახალი ჯიშის კინომწარმოებლისგან. არ იცოდნენ როგორ მოპყრობოდნენ მას. დაახლოებით ისე იყო, როგორც პირველი უხმო ფილმის ჩვენების დროს, როდესაც აუდიტორიამ იხილია კამერისკენ მომავალი მატარებელი, რომელმაც იქვე ჩაიარა”.

ფილმის ჩვენებისას პროექტორი გამოირთო, რაზეც მოგვიანებით, ლეგენდების მოყვარულები იტყვიან რომ პროექტორმა ვერ გაუძლო ფილმის ტემპერატურას. ჩვენება მალე გაგრძელდა, თუმცა ჯიუტი და მოძველებული პროექტორი გახდა სიმბოლო იმისა, თუ რას წარმოადგენდა ამერიკული კინოწარმოება უკანასკნელი ათეული წლების განმავლობაში და რა გავლენას ახდენდა “ცოფიანი ძაღლები” მასზე, უკვე ფილმის ჩვენების წამებიდან მოყოლებული.

შთამბეჭდავია ტარანტინოს გზა სანდენსის კინოფესტივალამდე. როგორც აღვნიშნეთ, დამოუკიდებელი ფილმი გაცილებით ნაკლებ ფინანსებს საჭიროებს, ვიდრე მეინსტრიმული კინოპროდუქტი. ამასთან, დამოუკიდებელი ფილმი არ გამოირჩევა ფილმზე მომუშავე ადამიანების სიმრავლით, გადასაღები მოედნების მრავალფეროვნებით და მასიური სცენებით.

“ცოფიანი ძაღლების” სცენარზე მუშაობისას, ერთ-ერთ წვეულებაზე რეჟისორმა მოცეკვავე და მსახიობი ლოურენს ბენდერი გაიცნო, რომელსაც ძალების მოსინჯვა პროდიუსინგში სურდა. ტარანტინომ ბენდერს სცენარის ნაწყვეტები გააცნო, ამ უკანასკნელს სცენარი ძალიან მოეწონა და დაპირდა რომ ერთ წელიწადში გადაღებებისთვის საჭირო თანხებს მოიძიებდა. მომავალმა რეჟისორმა მხოლოდ ორ თვიანი ვადა მისცა, ხოლო ამის შემდეგ თავად დაიწყებდა გადაღებას, ნებისმიერი სამსახიობო შემადგენლობით და არსებული სახსრებით, დაახლოებით 30000$-ით.

ტარანტინო – ბენდერი – ბენდერის სამსახიობო ოსტატობის პედაგოგი – ჰარვი კეიტელი – ეს იყო უმოკლესი ჯაჭვი წარმატებისკენ, ანუ ამ გზით მივიდა სცენარი ჰარვი კეიტელამდე, რომელმაც წაიკითხა, მოეწონა და არათუ როლზე დათანხმდა, მთლიანად ფილმის შექმნაში დახმარებაც აღუთქვა. ახლა უკვე ფილმისთვის იყო სცენარი, ჰყავდა რეჟისორი, ერთი მსახიობი და ორი პროდიუსერი ბენდერის და კეიტელის სახით. გარდა იმისა რომ კეიტელმა თავადაც მოახდინა ინვესტირება, მისმა სახელმა დამატებითი სახსრები მოიზიდა და ახლა უკვე შეეძლოთ ქასთინგის ჩატარება სხვა მსახიობების შესარჩევად. საბოლოო ჯამში ფილმისთვის 1.5 მილიონი აშშ დოლარი შეგროვდა, რაც ურიგო არ იყო რეჟისორისთვის, რომლის კინო გამოცდილება მხოლოდ ვიდეოკასეტების მაღაზიაში მუშაობით გამოიხატებოდა და კინო არსენალში ერთი ფილმიც არ ეწერა.

მოლაპარაკებების დროს მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმ ფაქტმა, რომ ტარანტინომ შესანიშნავად უწყოდა მომავალი ფილმის გადაღების თითოეული დეტალი, რაკურსი, სცენა, რა და როგორ უნდა გადაეღო.

მოგვიანებით, მისტერ ბლონდის (მისტერ ქერა)-ს როლის შემსრულებელი მაიქლ მედსენი იტყვის, ქუენთინმა იცის ყველა ფილმი, რომელიც ოდესმე გადაუღიათ, ვინ მონაწილეობდა, როდის გამოვიდა, ვინ იყო რეჟისორი, ვინ პროდიუსერი და სად მოღვაწეობს ეს ხალხი ამჟამად. გასაოცარია, მან იმდენი რამ იცის კინოს შესახებ”.

ფილმ “ცოფიანი ძაღლები” მოგვითხრობს ადამიანებზე, რომლებიც საიუველირო მაღაზიის გაძარცვას გეგმავენ; ფილმის პირველმა სცენამ ერთგვარი საძირკველი ჩაუყარა გმირების დახასიათების ახალ ფორმას.  იწყება მშვიდად, მრგვალი მაგიდის გარშემო მსხდომი ადამიანები განიხილავენ მადონას სიმღერას “Like a virgin”, ერთი შეხედვით ამ ყველაფერს საერთო არაფერი აქვს ძარცვასთან.  ჩვენ არ ვიცით, ვერ ვხედავთ როგორ შევარდებიან მაღაზიაში, ან იქ რა ხდება, ფილმი არ არის თანმიმდევრული, განუწყვეტლად, მაყურებლებიც და მძარცველებიც ვმოძრაობთ წარსულსა და მომავალში და მთელი ფილმის განმავლობაში ვარკვევთ რა მოხდა, ვინ გაგვყიდა, რატომ ატყდა სროლა, სად არიან სხვები, ვინ მოკვდა, ვინ გადარჩა, სად არის ძვირფასი ქვები, ვინ არის მანქანის საბარგულში, წავიყვანოთ მომაკვდავი ექიმთან თუ არა.

ამგვარად, ფილმის უდიდესი ნაწილი მიმდინარეობს მიტოვებულ საწყობში, მშვიდი საუბრების ან ყვირილის კვალდაკვალ. უდაოა რომ ასეთი ტიპის ფილმის შემთხვევაში სცენარის სიმძლავრე სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, ანუ სიმძლავრე რომელსაც გვთავაზობს დიდი რეჟისორი.

მან შექმნა ფორმულა, სადაც მძარცველები პოლიციელებზე წინ დააყენა, ხოლო პროცესმა კინო შეცვალა სამუდამოდ, დაწყებული ფილმების შექმნის მოცემულობიდან, დამთავრებული მაყურებლების ფილმისადმი დამოკიდებულებით.

რეჟისორს უამრავი მიმდევარი გამოუჩნდა, ბაძავდნენ მის სტილს. რომ არა “ცოფიანი ძაღლები”, არ შეიქმნებოდა ისეთი ფილმები, როგორიცაა ინიარიტუს “საშინელი სიყვარული”, ნოლანის “გახსოვდეს”, სინგერის “ეჭვმიტანილები” და ბევრი სხვა.

მიუხედავად იმისა, რომ “ცოფიან ძაღლებს” არცერთი ჯილდო არ მიუღია სანდენსის კინოფესტივალზე, ეს იყო ფილმი რომელიც კინოკრიტიკოსებმა ხელგაშლით მიიღეს და თხემით ტერფამდე განიხილეს. ამის შემდეგ, ფილმმა ელვის სისწრაფით მოიარა სხვა კინოფესტივალები, მათ შორის კანის და ტორონტოს კინოფესტივალები.

“ცოფიანმა ძაღლები” ეს იყო ჯაჭვის მომდევნო რგოლი “მაკულატურისკენ”, ფილმი 8 მილიონიანი ბიუჯეტით, 100 მილიონიანი მოგებით, ოსკარის 8 ნომინაციით . . .  და აი მაშინ უკვე ცოფიან ძაღლებს უყურეს, როგორც “აი იმ ცნობილი ტარანტინოს” პირველ ფილმს, თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს რომ “აი ის ტარანტინო” უკვე კარგად და გარკვევით ჩანდა “ცოფიან ძაღლებშიც”.

ტარანტინომ ყველაფერი ისე გააკეთა როგორც თვითონ წარმოედგინა და ოცნებობდა, მიუხედავად იმისა რომ იყო მცდელობა სხვა რეჟისორის შემოთავაზებისა და დიალოგების შეკვეცისა.

საქმე სხვადასხვა კინოფესტივალებზე მიღებულ ჯილდოებში, მრავალ ნომინაციაში, კინოკრიტიკოსების შეფასებებში ან იმაში არ არის რომ, ეს ფილმი IMDB-ს ყველა დროის საუკეთესო ფილმების ასეულშია შესული, არამედ იმაში, რომ ამ ადამიანმა ზუსტად იცოდა რა და როგორ უნდა გადაეღო, ხოლო მაყურებლებს ფილმის გმირების გაუთავებელი და დაუსრულებელი დიალოგები სიამოვნებით მოესმინათ.

Advertisements

2 comments on “დამოუკიდებელი კინო და “ცოფიანი ძაღლები”

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s