19 წერილი ქუცნას – მატარებელი


მგონი ჩანაფიქრმა გაამართლა და საწადელს მივაღწიე – ჩემმა ბოლო, ცარიელმა წერილმა თავისი საქმე გააკეთა. საფოსტო ყუთში ერთი მუდმივად წაუკითხავი წერილი მაქვს, რომელსაც ვერ ვპოულობ, თუმცა ვიცი რომ შენ ხარ, ხელი წაგიცდა და გამოაგზავნე. არა უშავს, ვნახავ ოდესმე, მთავარია რომ ნავსი გატყდა და მე დაუსრულებლად აღარ ველოდები შენგან წერილებს.

ვიცი ძალიან არ გიყვარს როცა ქალებზე გელაპარაკები ხოლმე, მაგრამ ვის თუ არა შენ უნდა გავუზიარო ჩემი აზრები, რომელიც ჩემდა უნებურად ამყვებიან ხოლმე ხან წიგნის, ხან ფილმის და ხან რეალობის გადამკიდე.

ქალი – მსხვერპლი, გაგიგია ასეთი რამ ქუც? რაც არ უნდა ნაწარმოები გაგვევლო სკოლაში, მთავარი თემა ყველგან გმირ ქალთა სახეები იყო, აი მსხვერპლ ქალთა სახეებზე კი არასოდეს დამიწერია რამე.

ქუც, დეიდა ტულას იცნობ? უნამუნოს დეიდა ტულას? აი ზუსტად ახლა დავასრულე კითხვა და უამრავი ასეთი ქალი დამიდგა თვალწინ, რომელსაც რეალურად ვიცნობ. საზოგადოების თვალში ასეთი ქალი მსხვერპლად გამოიყურება, საწყალი, გაუთხოვარი თუ შინაბერა, უბედური რომელიც თავის წილ ბედნიერებას ვერ ეღირსა და სხვის შვილებს შეამსხვრია მთელი ახალგაზრდობა; უბედური რომელსაც მოხუცი დედ-მამის მოვლაში ამოხდა სული; და არასოდეს, არავინ ფიქრობს და უშვებს იმას, რომ ეს შეიძლება ამ ადამიანის არჩევანი იყოს, მისი მკაცრი გადაწყვეტილება, ცხოვრების მიზანი მხარში ამოუდგეს და დაეხმაროს მისთვის ძვირფას ადამიანებს და სულაც არ თვლიდეს თავს მსხვერპლად, უბედურად და განწირულად, არამედ პირიქით – აი ზუსტად ისეთი, როგორიც არის უნამუნოს დეიდა ტულა, ძლიერი, მოსიყვარულე, ერთგული, თუმცა ზოგჯერ ცოტა ეგოისტიც.

ანა კი ახალმა ფილმმა გამახსენა; მასზე ჯერ კიდევ მაშინ გესაუბრე, როდესაც გუდამაყარში ვისვენებდი ერთ მშვენიერ ზაფხულს, გახსოვს ქუც, რა კარგი დრო იყო? მაშინ პირველად წავიკითხე,  პირველი შთაბეჭდილება ვერ იყო ისეთი მყარი, ან კი როგორ იქნებოდა იმ ბავშვისთვის, რომელსაც მატარებელი ჯერ კიდევ, უბრალოდ მატარებელი ეგონა, რომელსაც პატარა გოგონა ზაფხულობით ბებიასთან მიყავდა სოფელში.

მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა, მატარებლის კონტურები უფრო გამოიკვეთა და ჩვენც მივხვდით, რომ ანას თავი არ მოუკლავს, ის მოკლეს. ანა მოკლეს ადამიანებმა, ხალხმა, საზოგადოებამ. სხვას რას უნდა შეადარო საზოგადოება, თუ არა ჩაშავებულ, ჩაკირულ, გაყინულ მატარებელს, რომელიც შეუჩერებლად მოძრაობს, არ ელევა მამოძრავებელი ძალა; მატარებელს, რომელიც გადაგივლის ნებისმიერ დროს, ჩაგბურჯღნის და აგქნის ასო-ასო, ისე რომ ვეღარასოდეს გაიგებ რას ან ვის გადაუარა, როგორი იყო მის პირვანდელი სახე . . .

ესეც ჩაივლის, ჩაივლის და ისევ მატარებელი გვეტყვის რომ ვიღაც ბორბლებს ჩაუვარდა, ვიღაცამ თავი მოიკლა . . .

ოჰ, ეს მსხვერპლი

ეს საწყალი

ეს თავისი თავის მტერი . . .

და ასეა მუდამ

ვერ იგებ სად არის პირველი და სად ბოლო გაჩერება ქუც, დავდივართ წრეზე, მე, შენ და მატარებელი.

Advertisements

3 comments on “19 წერილი ქუცნას – მატარებელი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s