წუნწუხი და ამბოხი


“ჩემი სიმღერები არ არის პოლიტიკური, მე რეალობაზე ვმღერი” -მირიამ მაკება

როდესაც სცენაზე სულ სამიოდე წელია რაც ხარ (თუ მაგას ყოფნა ჰქვია), ტურნეების უმეტესობა აკრძალულია, მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი სინგლები და კიდევ უფრო ცოტა ალბომი გაქვს, მაგრამ მაინც ახერხებ და ახალ სუნთქვას სძენ სრულიად ახლად ფეხადგმულ მუსიკალურ მიმართულებას და გავლენას ახდენ თაობებზე, მაშინ გაქვს უფლება (ალბათ), რომ 21 წლის ასაკში ჰეროინს შემოაკვდე და ისიც თქვა, რომ ისე იცხოვრე, როგორც გინდოდა და ის აკეთე, რაც გინდოდა.

დიახ, ეს იყო ყველაზე ანარქიული და ავარდნილი ეპოქა, 70 წლების დასაწყისი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად გამოიხატა. მათ შორის დიდ ბრიტანეთშიც, თავისებურად, სახასიათოდ. კერძოდ კი, ჯგუფის SEX PISTOLS-ის ხანმოკლე ისტორია ჩემი ქალის , იგივე პანკ მოდის დედის (ან ბებიის) ვივიენ ვესტვუდის და მისი ბოიფრენდის ექსტრაორდინალურ ბუტიკში დაიწყო, რომელიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სახელით იყო ცნობილი “Let it Rock” “SEX”, “Too Fast To Live Too Young To Die”; დიზაინერის სამოსმაც სწორედ ამ ჯგუფის წყალობით გაითქვა სახელი; რასაკვირველია პანკი არ არის მხოლოდ ჩაცმულობა (როგორც ეს ეგონათ პარალელურად და შემდგომში არსებულ სისტემის მსახურ ბუტაფორიულ პანკროკ ბენდებს), პირველ რიგში ეს არის სულიერი მდგომარეობა, თავისუფლების და აღვირახსნილობის (ვის როგორ ესმის) მთელი ფილოსოფიაა, მაგრამ მაინც გვინდა თუ არ გვინდა, პირველ რიგში ეს ვიზუალში – ჩაცმულობაში, გარეგნობაში გამოიხატება – ტყავი, ჯაჭვი, ბაიკერის ფეხსაცმელები (მთელი ან დახეული), აკი დაიბარა კიდეც, რომ მოვკვდები ჩემი ტყავის ქურთუკით დამასაფლავეთო . . .

“WE HAD A DEATH PACT I HAVE TO KEEP MY HALF OF THE BARGAIN. PLEASE BURY ME NEXT TO MY BABY. BURY ME IN MY LEATHER JACKET, JEANS AND MOTOR CYCLE BOOTS”  – სიდ ვიშესი, 2 თებერვალი, 1979 წელი. 

(ჩანაწერი რომელიც დედამ აღმოაჩინა სიდის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღის შემდეგ)

ვესტვუდის ბოიფრენდი, მალქომ მაქლარენი გახდა ჯგუფის მენეჯერი. როგორც უკვე აღვნიშნე, ჯგუფის და ასევე მისი ქარიზმატული ბასგიტარისტის, სიდ ვიშესის მოღვაწეობა ძალიან ხანმოკლე იყო, გამომდინარე ანარქიული და სრულიად მეამბოხე რეპერტუარიდან, დამოკიდებულებიდან და ქცევებიდან – ძირითადად აკრძალული, დაუფასებელი და უგულებელყოფილი. ამ მუსიკალური მიმართულების წარმომადგენლები, როგორც წესი, არ ცნობდნენ დიდ საკონცერტო დარბაზებს, დაფინანსებას, პროდიუსერებს, შოუებს, უკრავდნენ დამტვრეულ, მოპარულ ინსტრუმენტებზე, ვიწრო წრეში, თითქმის სახლის პირობებში, რათა თავიდან აეცილებანათ მათ თავისუფლებაზე და სიმღერებზე დამფინანსებლების და სხვა “კეთილისმსურველების” გავლენა. ისინი არ წერდნენ სიმღერებს ალბომის შესავსებად, თითოეული სიმღერა საპროტესტო ამოძახილი იყო, ყველას თავისი ისტორია ჰქონდა, უმეტეს შემთხვევაში პოლიტიკური, მართალია ჯგუფის წევრები უარყოფდნენ ხოლმე ამას, მაგრამ მაინც.

ეს იყო ჯგუფი, რომელმაც შექმნა სიმღერა “God Save the Queen”, დედოფალზე, რომელზეც მთელ სამეფო ანძრევს. სრულიად კონსერვატიული და კდემამოსილი საზოგადოებისთვის სიმღერა ძალიან შეურაცხმყოფელი იყო, აი დაახლოებით ისე, პატრიარქზე, რომ იმღერონ რამე მსგავსი ჩვენთან. BBC-მ და სხვა დამოუკიდებელმა სადგურებმა უარი თქვეს სიმღერის გაშვებაზე. ჯგუფის წევრებს ქუჩაში ხვდებოდნენ, თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. დედოფალი გაიგივებული იყო ფაშისტურ რეჟიმთან, არ მოიაზრებოდა ადამიანად და მომავალს ვერ ხედავდნენ ინგლისის ოცნებებში. გასაოცრად, სიმღერამ NME ჩარტებში პირველი, ხოლოდ BBC ჩარტებში მეორე ადგილი დაიკავა, რის გამოც BBC, ჩარტების “შესწორებაშიც” კი დაადანაშაულეს.

God save the queen The fascist regime They made you a moron Potential H-bomb

God save the queen She ain’t no human being There is no future In England’s dreaming

1977 წლის თებერვალში, ხმა დაირხა რომ მეთლოქი სექს პისტოლს ტოვებდა. მიზეზი მარტივი იყო, დოკუმენტური ფილმის “The Filth and the Fury”-ს მიხედვით, “ბითლზი მოსწონდა და ფეხებს იბანდა ხშირად”. “ის არ იყო ნამდვილი პანკი, ნამდვილი სექს პისტოლი, გადააჭარბა პოლ მაკარტნისთან დაკავშირებით … აი ბითლზი კი უკვე ნამეტანი იყო.” ესეც ერთ-ერთი სახასიათო შტრიხი გახლდათ პანკროკ მიმართულებისთვის. ისინი უარყოფდნენ თავის თანამედროვე, მეინსტრიმულ როკ თუ პოპ კულტურის წარმომადგენლებს.

“No Elvis, Beatles or the Rolling Stones

in 1977″

ამბობს ერთ-ერთი პირველი პანკ ბენდი “The Clash” თავის სიმღერაში “1977”

მეთლოქის ნაცვლად ჯგუფს შეუერთდა მისი ერთგული ფანი – სიდ ვიშესი. ამის შემდეგ, ძალიან მალე, 1978 წელს, აშშ-ს ტურნეს შემდეგ, ჯგუფის წევრებსა და მაქლარენს შორის უთანხმოების გამო, ჯგუფი დაიშალა.

უდაოდ, სექს პისტოლი იყო მოვლენა, რომელმაც უამრავ პანკ თუ პოსტ პანკ ბენდების შექმნის ინსპირატორი გახდა. მათი პროტესტი იყო ნამდვილი პროტესტი პერიოდის მიმართ და არა უბრალოდ საპროტესტო სტილი. “პისტოლების გარეშე არაფერი მოხდებოდა. ისინი ამბობდნენ: “აქაურობა სავსეა ძღნერით. რასაც მინდა იმას გავაკეთებ და ფეხებზე მკიდია რას ფიქრობს ხალხი .” ეს იყო გადამწყვეტი.  ხალხს დაავიწყდა, მაგრამ ჩემთვის ეს ძირითადი იდეოლოგია იყო: არ გვაინტერესებს რას იფიქრებ შენ  – ნებისმიერ შემთხვევაში ძღნერი ხარ. ეს იყო დამოკიდებულება, რომელიც ხალხს ამოძრავებდა, ისევე როგორც მუსიკა.” – თქვა პოლინ მიურეიმ პისტოლების პირველი მოსმენის შემდეგ. სწორედ ამ ჯგუფს უნდა უმადლოდნენ თავის არსებობას  და შემოქმედებას ისეთი შემსრულებლები და ჯგუფები, როგორებიც არიან პიტ შელი, მორისეი, მოტორჰედი, განსენროუზი, თუფაქი, ნირვანა, სთოუნ როუზი და ოაზისი. უფრო მეტიც, პოპულარული მუსიკის ბევრი მიმართულება, როგორიცაა გრანჯი, ინდი, თრეშ მეტალი და თვით რეპიც კი სწორედ თავდაპირველი პანკ ბენდების მემკვიდრეობაზეა დაშენებული, რომლის ყველაზე თავისუფალი და გამოჩენილი შვილი ჯგუფი სექს პისტოლსი იყო.

ბონუსად, ჩემი საყვარელი სიმღერის პანკ-როკ ვერსია სიდ ვიშესის შესრულებით.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s