ჭამა-სმა დიდად შესარგი


წინასაახაწლო ციებ-ცხელებამ, სუპერმარკეტების ირგვლივ მანქანების გაუთავებელმა რიგებმა, ურიკების საცობმა და ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიის ბატალიებმა, კიდევ ერთხელ გამახსენა მტკივნეული ნაწილი საახალწლო სუფრა, ან ზოგადად სუფრა, ჭამა-სმა.  დაიკლა საკლავი მაგრამ რა დაიკლა, მგონი ზოგმა შინაური კატა, თაგვი და სიდედრიც კი მიაყოლა. ხორცის სექციასთან მიახლოება რისი ტოლფასია, რას შევადარო არ ვიცი, შეიძლება თავზე გადაგიარონ, არადა რომ დაფიქრდე გაგანია მარხვაა და ერის 80% მარხულობს.
ერთი სიტყვით ადამიანს აქვს საშუალება თუ არ აქვს, წელიწადში ერთხელ ყველა თავს ვიქაჩლებთ და საახალწლო სუფრის გაწყობას ვცდილობთ, ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად.

და მაინც რაში მდგომარეობს სუფრის ტრადიცია, ბევრს ხომ ღრმად სწამს რომ სწორედ ტრადიციულ სუფრას შლის სახლში, შვიდ სართულიანს და ას ოთახიანს მიშენების პერსპექტივით.
აბა ვინ უფრო მაგარ სუფრას გაშლის, ვისი უფრო მრავალფეროვანი იქნება, არადა რეალურად ამ საახალწლო დღეებში ისე მობეზრებული აქვს ყველას საჭმელები, გინდ თავისი და გინდ სხვისი, რომ ხშირ შემთხვევაში უფრო მოვალეობის მოხდის მიზნით სტუმრობენ, ვიდრე კერძების დასაგემოვნებლად.

ბოლო რამდენიმე წელია, უშუალოდ ახალი წლის ღამეს ტკბილი სუფრით ვხვდებით, რასაკვირველია სხვა კერძებიც მზად არის, მაგრამ 31 დეკემბრის ღამეს კახური ღვინო-არაყით, ბაბოს გაკეთებული ჩურჩხელებით, ჩირებით, ხილით, ნამცხვრებით და რაც მთავარია გოზინაყით ვხვდებით.

თუ ჩურჩხელაზე კარგად დავფიქრდებით, საახალწლო სუფრის ძირითად არსსაც ჩავწვდებით, ასე მგონია.
ჩურჩხელა ხომ მთელი წლის შრომის ერთგვარი დაგვირგვინებაა, ტკბილი ნაყოფი მუხლჩაუხრელი შრომისა, ჯერ ვაზის მოვლა, რთველი – მოსავლის აღება, ღვინის დაწურვა, ბადაგის შენახვა, შემოდგომის მიწურულს თათარაობა და აი, ზუსტად ახალი წლისთვის, კარგად შენახულ-გამოყვანილი ჩურჩხელაც ამშვენებს საახალწლო სუფრას. იგივე შეიძლება ითქვას სუფრის დანარჩენ გემრიელობებზეც, თითოეული მათგანი დაწყებული თაფლით, დამთავრებული ღვინით და არყით, მთელი წლის მუშაობის სიმბოლო და მისი ნაყოფის ერთგვარი პრეზენტაციაა – შემოდგომის კოლექციის დეფილე.

აბა ვის უხვი მოსავალი ჰქონდა, ვისი წელი იყო უფრო ნაყოფიერი? თუ სხვადასხვა ეთნოგრაფიულ ჩანაწერებსაც გადავხედავთ, კიდევ უფრო კარგად ჩავწვდებით ტრადიციის არსს, ნებისმიერ ოჯახს, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში საახალწლო სუფრაზე აქვს მხოლოდ ის, რაც იშრომა, რა მოსავალი ჰქონდა, საკლავიც ამის შესაბამისი იყო, ზოგს ჰყავდა ღორი, ზოგს არა, ზოგს ფრინველი ჰყავდა და იმას შეაწევდა, აცხობდნენ კვერებს, ბასილებს და ყველა ცდილობდა რაც შეიძლება ტკბილი და ბარაქიანი ყოფილიყო საახალწლო სუფრა.

ჭამა რომ სიამოვნებაა ამაზე დიდი ხანია შევთანხმდით, მაგრამ აქ დაკონკრეტებაა აუცილებელი რომ მხოლოდ ზომიერი ჭამაა სასიამოვნო და შესარგი, რისთვისაც სულ არ არის აუცილებელი ერთი თვის ხელფასის ერთი საახალწლო ღამისთვის დახარჯვა.
მაგრამ თუ ძველ წყაროებს, ჩანაწერებს გადავხედავთ, ვნახავთ რომ ჭამა-სმაში ზომიერება საქართველოში ძველთაძველი ჩვეულება ყოფილა, ცნობილია ასეთი ანდერძი, რომელიც მოგვიწოდებს – «სმა-ჭამა დიდად შესარგი»…. და გვახსენებს ქართული სუფრის შესახებ, მაგრამ განა მხოლოდ სმა-ჭამისთვის იკრიბებიან თანამეინახენი? სუფრა ის ადგილი როდია, სადაც მხოლოდ დანაყრდები, ადგები და წახვალ. არა, იგი მაგიდის თითოეული წევრისაგან მოითხოვს ყურადღებას, პატივისცემას, მონაწილეობის მიღებას სუფრის რიტუალურ წესებში. გააჩნია რა ხასიათის, რა შინაარსისსუფრასთან გვაქვს საქმე. ზოგჯერ სიმღერა და ლხინია საჭირო, ზოგჯერ ოჯახის თუ სოფლის საჭირბოროტო საკითხია გადასაწყვეტი და აუცილებელი სჯაბაასი.
ე. ი. ქართული სუფრა მოითხოვს სიფხიზლეს და აქტიური შემოქმედებითი განწყობილების შენარჩუნებას, სუფრის ხელმძღვანელის საბოლოო სიტყვამდე და ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ ზომიერი, გადაუჭარბებელი ჭამა-სმის პირობებში თუ მოხდება… ცნობილი ქართული ანდაზაც -»მუცელს აღორებ, ღორია,აქორებ ქორიაო», ზომიერი ჭამა-სმისადმი პატივისცემის გამომხატველია.

რაც შეეხება საჭმელის ან/და სასმელის დაძალებას, ესეც უცხო რამე ყოფილა ჩვენში, ასე, მაგალითად, აკაკი წერეთელი ზემო იმერეთში არსებულ წეს-ჩვეულების შესახებ ასე გადმოსცემს: “სუფრაზე ღვინოს არავის არაძალებდნენ, მხოლოდ მერიქიფეებს(მწდეებს) ეჭირათ ხელში ღვინით სავსე დოქები დადაიცლებოდა თუ არა ვისიმე ჭიქა,მაშინვე აავსებდნენ.რამდენიცუნდოდათ იმდენს სვამდნენ, სამიზეზო სადღეგრძელოები კი ფიქრადაც არ მოსდიოდათ.

ძველ ქართულ წერილობით ძეგლებში არაერთ შეგონებას ვხვდებით ზედმეტი სასმელის მიღების მავნებლობის შესახებ. მაგ. წმ. იოანე ოქროპირი ასე გვეუბნება: «ღვინო მისთვის მოგვეცა, რომ ვიხაროთ და არა იმისათვის, რომ უმსგავსოდ მოვიქცეთ; ვიცინოთ და არა იმისათვის, რომ – დაგვცინონ; ჯანმრთელობის განსამტკიცებლად და არა სნეულების შესაძენად; სხეულის გასამაგრებლად და არა სულის მოსაუძლურებლად».
სულხან-საბა კი ღვინის შესახებ ასე ამბობს: “ღმერთმა დაბადა ღვინო კაცთათვის სასმელად, საკურნებლად და ხორცთა სასიმრთელოდ და არა თუ სამთვრალოდ და გასაშმაგებლად.” მეფე ვახტანგ VI ასე გადმოსცემს: “ცოტა ღვინო ზომიერი, ჭკუას კარგა გაასწორებს; ნამეტანი სახეს შეცვლის, მასცა შორად გააშორებს.”

საუკუნეების მანძილზე ქართულ ყოფაში სასმელთან დაკავშირებით სუფრის მკაცრი რეგლამენტირებული წესი ყალიბდებოდა. ამა თუ იმ სადღეგრძელოს შემთხვევაში არა სასმელის მთლიან დაცლაში გამოიხატებოდა, არამედ მის რიტუალურ მიღებაში (ოდნავ მოსმა, ტუჩის შეხება). ღვინის სმას სუფრასთან იწყებდნენ პატარ-პატარა ჭიქებით, ამ პატარა ჭიქებს დღესაც ღვინის ჭიქებს ეძახიან. ორგანიზმი უნდა შეგუებოდა ალკოჰოლს.

განსხვავებული სასმისით (ხარის რქისა თუ ჯიხვის რქის ყანწი _ საქართველოს მთიანეთსა და ბარში, “მარანი” და “კულა” _ სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოს ბარისა და ზეგანის რაიონები) მხოლოდ ცალკეულ განსხვავებულ სადღეგრძელოებს სვამდნენ. ღვინის სასმისის პირამდე შევსება ულამაზოა (ღვინის და საკუთარი თავის შეურაცხყოფაა). ოქროს წესად მიჩნეულია – დიდ სასმისში ჩაისხას მოცულობის მეოთხედი, უფრო პატარა სასმისში – მესამედი რაოდენობა. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ წარსულში სპირტიან სასმელს სვამდა ის, ვისაც შეეძლო და იტანდა. სასმელის მიღება ნებაყოფლობითი იყო და არა ძალდატანებითი. ზემოაღნიშნულმა კარგმა ტრადიციამ ზოგიერთ შემთხვევაში დღეს ყოვლად გაუმართლებელი და მახინჯი სახე მიიღო. ასე, მაგალითად, ერთი სადღეგრძელოს რამდენიმე ჭიქით, სხვადასხვა ზომის ჭურჭლით (ბოთლი, გრაფინი, თასი და სხვა) შესმა, რაც შემდგომ ზოგიერთი პიროვნების სმის შესაძლებლობის და საკუთარი თავის უკონტროლობის გამო სუფრა გაუმართლებელ შეჯიბრში იზრდება, კარგავს მისთვის დამახასიათებელ სახეს და გადადის ღრეობაში, ზოგჯერ უსიამოვნო შეხლა-შემოხლაშიც კი. ყველანაირად მიღებულია ეგრეთ წოდებული კახური (კარდენახული (ნახევრად)) წესით სასმისის შევსება-შესმა, რაც ბახუსის მოყვარულებს არ მისცემს ზედმეტი სასმელის მიღების საშუალებას.

ისევ წყაროებს თუ მივყვებით, საქართველოს მაცხოვრებლები მუდმივად ძიებაში იყვნენ და ცვლიდნენ არსებულ წეს-ჩვეულებებს, შექონდა ახალი, პროგრესული, საინტერესო და მისაღები შტრიხები. ასე, მაგალითად, სერგი მაკალათიას მიერ აღწერილ მოხევეთა წეს-ჩვეულებების შესახებ ნათქვამია: ჯერ კიდევ 1901 წელს მოხევეებმა იგრძნეს გადაჭარბებული, გრძელი მამაპაპური ქორწილებისა და ქელეხების მავნებლობა, შეიყარნენ თემები და გამოიტანეს თავიანთი განაჩენი, მკვეთრად შეამცირეს რა საქორწილო დანახარჯები, სტუმრების რაოდენობა და ა.შ. მაგრამ ამაზე სხვა დროს, სხვა პოსტში.

აი მერე რა მოხდა, რატომ ინთქმება ამდენი სასმელ – საჭმელი, საიდან მოვიდა ბოლოკიანი გოჭი, ტოლმა, ვინეგრეტი, შუბა  და სხვა მსგავსი “ტრადიციები” – ამაზე ფიქრი და მსჯელობა უკვე თქვენთვის მომინდვია 😉

Advertisements

9 comments on “ჭამა-სმა დიდად შესარგი

  1. ქმრის ნათესავი გათხოვდა რაიონში,”გადაპატიჟებაზე” წავედით ნუ მეც წამიყვანეს,ხოდასანამ ოჯახის უფროსს სუფრაზე არ ჩაეძინა და თამადამ თავზე არ გადაგვარწყია(ბოდიშით ამ სიტყვაზე,მაგრამ ზუსტად ეგრე იყო)მანამდე არ წამოვიდნენ:| ცუდია რომ ძველად უფრო ქონდათ სუფრაზე მოქცევის თუნდაც სმის კულტურა,დღეს ერთმანეთს ეჯიბრებიან ვინ უფრო მაგრად გაილეშება

    • მეც ამიტომ გადავწყვიტე ამაზე დამეწერა, ხშირად შევსწრებივარ მსგავს სცენებს, ქორწილებში, ნათლობებზე და ყველაზე საშინელი მაინც ქელეხზეა, მიცვალებულიც რომ ავიწყდებათ.

  2. გამოხმაურება: გოგრის და ბროკოლის კრემ-სუპი | Ratatouille

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s