Posted in კინემატოგრაფია

Keep smiling ანუ გაიღიმეთ


ახლა ბათუმში წვიმს, ნუ გაგიკვირდებათ ის რომ ამას აღვნიშნავ, ერთ კვირაზე მეტია რაც აქ ვარ და ჯერ არ უწვიმია. მოჟამული და დეპრესიული ამინდია, ისეთივე როგორიც მე და როგორიც ბევრს არ სჯერა რომ ვარ.

* * *

საცეკვაო სტუდია

დარბაზის მარჯვნივ დოლ–გარმონზე დამკვრელები სხედან

შუაში თმებაწეწილი, თვალებრიალა და ხელში იატაკის პლანკიანი ცეკვის მასწავლებელი

დარბაზის სიღრმეში შავსამოსიანი მოცეკვავეები, ანგელოზები

– ხევსურულიი, იი, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8 წავიდაა – ყვირის და თან ყოველ თვლაზე იატაკის პლანკას პარკეტზე ურახუნებს მასწავლებელი.

მოცეკვავეები იწყებენ ცეკვას

– მუსიკა სტოპ, – ყვირის ცეკვის მასწავლებელი, – რას აკეთებთ? თავიდან! და ღიმილით, ხევსურულს მხოლოდ ღიმილით ცეკვავენ

მოცეკვავეები იზაფრებიან

– დოლი! წავიდაა, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8 – ბრახ ბრახ ბრახ იატაკზე პლანკა.

– მუსიკა სტოპ, – ცეკვის მასწავლებელი მიემართება მოცეკვავეებისკენ, ხან ერთს გაკრავს მუჯლუგუნს, ხან მეორეს პლანკას, ხან მესამეს თმებს უჩეჩავს.

– კი მაგრამ, რატომ არ იღიმით, ასე ძნელია ღიმილი ცეკვის დროს?

ისევ მუჯლუგუნი, ისევ პლანკა, ისევ თმების ჩეჩვა, აქა – იქ უკვე სლუკუნიც გაისმა, აჩეჩილი თმები ცრემლებში აიბლანდა, მითუმეტეს ღიმილი საერთოდ გავიდა სტუდიიდან. ან რა გააღიმებდა იატაკის პლანკა მოხვდა ტაკოზე.

– თავიდან! – ყვირის მასწავლებელი და უბრუნდება თავის ადგილს.

– დოლი! წავიდაა, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8 – ბრახ ბრახ ბრახ იატაკზე პლანკა.

ხევსურული, ცრემლები, ცრემლებში აჩეჩილი თმები, ამწვარი ტაკო, no smiling

– მუსიკა სტოპ, – გამგელებული ცეკვის მასწავლებელი კვლავ მოცეკვავეებისკენ მიემართება, ისინი უკან დახევას ცდილობენ, ერთმანეთს ეფარებიან, მაგრამ სად და როდემდე.

წინასწარ ტირიან, თმებიც წინასწარ ეჩეჩებათ, ტაკოც წინასწარ ეწვით

– მე თქვენ გიჩვენებთ სეირს, – მასწავლებელი იღებს პლანკას და სათითაოდ აძრობს ნეკა თითის ოდენა ხიჭვებს.

– აიღეთ და კბილებს შორის ვერტიკალურად დაიჭირეთ ეს ხიჭვი, იქნებ ახლა მაინც გაიღიმოთ. – აი ასე და პირველი თვითონ იჭერს ხიჭვს კბილებს შორის

შავსამოსიანი მოცეკვავეები ღიმილს ვეღარ იკავებენ, ფხუკუნებენ აქა–იქ, თმებს ყურებს უკან იწევენ.

სათითაოდ იღებენ ხიჭვს და წინა კბილებით იჭერენ ვერტიკალურად, ბჟირდებიან, ერთმანეთს აწყდებიან, ძირს ხოხავენ, ცრემლები მოსდით სიცილისგან.

–  დოლი! ხევსურული! წავიდაა, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8 – ბრახ ბრახ ბრახ იატაკზე პლანკა.

გაიღიმეთ, აი ასე, ამას არ ვამბობდი, ძნელი იყო? მაინც და მაინც ერთმანეთს უნდა დაემანჭოთ რომ გაიღიმოთ?!

– იიიი 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, Keep smiling my black angels, keep smiling!

P.S. გავიხსენე ჩემი ერთ–ერთი რეპეტიცია, როცა ვცეკვავდი 🙂 

P.P.S. ინსპირაცია რუსუდან ჭყონიას ფილმი “Keep Smiling” 

ავტორი:

Photographer, Filmmaker, Blogger

1 thoughts on “Keep smiling ანუ გაიღიმეთ

Leave a reply to გოჩა გაბოძე კომენტარის გაუქმება