16 წერილი ქუცნას – დაკარგული დრო


ხელის მარტივი მოძრაობით, New, Document და შენთან წერილის წერას ვიწყებ ქუც. როგორც ყოველთვის დიდი ხნის მერე და მხოლოდ მაშინ როდესაც ვიბნევი, როდესაც ძალიან მიჭირს და მჭირდები.
ხომ იცი როგორ მიყვარს ყველაფრის შენახვა, წერილების, დღიურების, გაზეთის ნაგლეჯების, დრო და დრო მიყვარს გადმოლაგება ამ ყველაფრის, თვალიერება, კითხვა, ვინახავ ვირტუალურ წერილებსაც, მერე მსიამოვნებს კითხვა, ზოგჯერ მწყინს, ზოგჯერ ვბრაზდები, მაგრამ მაინც მიყვარს განვლილი ემოციების თავიდან გახსნება და კიდევ ერთხელ დაფიქრება.
ახლაც ასე ჩავაშტერდი შენ წერილებს, ვკითხულობდი, ხან მეცინებოდა, ხან მებრაზებოდა, რა უცნაურია, მერე იმ გაბრაზებაზეც ისევ მეცინებოდა.
ბევრი მაშინვე შლის, ხევს, ანადგურებს ყველაფერს, არ მესმის მათი, გასულ წამებს ხომ ისედაც თან მიაქვს ყველაფერი, შენ კი შანსი გაქვს რაღაც მაინც დაიტოვო და არ გაუშვა.
შენ ინახავ ჩემ წერილებს ქუც? იმედი მაქვს, რომ კი, რა სჯობს როდესაც შევხვდებით და ერთმანეთის წერილების წავიკითხავთ ხოლმე, ბედნიერი ვიქნები . . .
მეგობარი წერდა, ცოტა ხნის წინ, მიკვირს იმ ადამიანების, რომელთაც შეუძლიათ როდესაც უნდა მაშინ მიწერონ ან დაურეკონ, ჰო, ეგრეა, ვეთანხმები და მეც მიკვირს, ვერ გეტყვი რა შეიძლება იყოს ხელის შემშლელი, მერიდება? მრცხვენია? იქნებ ძინავს? იქნებ მშიერია და თან გაბრაზებული, იქნებ მეშინია რომ რამე მნიშვნელოვანს არ მოვაცდინო? მაგრამ ჩემზე მნიშვნელოვანი არის რამე მისთვის? ამდენ ფიქრსა და კითხვებში გადის დრო, ბევრი დრო, ამ დროს შენახული ქაღალდის ნაგლეჯებით და ვირტუალური წერილებით ვეღარ ვაჩერებ, ფიქრსა და ჭოჭმანში გასული დრო ყველაზე ფუჭად დაკარგულია, ხომ შეიძლება ავდგე და მივწერო, ავდგე და დავრეკო, არა, არ გამოდის, ვერ გამოდის . . .
ვკარგავთ ერთმანეთს და ისევ ვეძებთ, თითქოს ბევრი დრო გვქონდეს, თითქოს არ შეგვეძლოს ერთმანეთის მოფრთხილება, დროის გამოყენება ერთმანეთისთვის ქუც, ხო ორივეს გვესმის რომ ბევრი წელი გავიდა, ბევრი წელი დაიკარგა, მაგრამ მაინც ვკარგავთ, და ისევ ვეძებთ ერთმანეთს, სად ვფორთხიალობთ, მაღლა და მაღლა ვეპოტინებით, თითქოს მთა-მთა, ტყე-ღრე სიარულით ერთმანეთის სიახლოვეს მივდიოდეთ, ასეა ყველაფერში ქუც, სულ შორი-შორ ვეპოტინებით ყველას და ყველაფერს. ცხვირწინ რომ გვქონდეს მაინც სადღაც გავრბივართ, ვეძებთ, ზოგჯერ ჩვენ თავადაც არ ვიცით რას ვეძებთ, სად მივდივართ, რატომ გავრბივართ, ერთი ადგილიდან მეორეზე, რა არ გვასვენებს. მერე, როდის როდის, დიდი ხნის მერე ვხვდებით, რომ რასაც ამდენი ხანი თავდაუზოგავად ვეძებდით, სულ რაღაც ორ ნაბიჯში ყოფილა, სულ რაღაც ხელის გაწვდენის მანძილზე, ან სულაც დილით ახალგაღვიძებული გაიხედავ და თურმე გვერდზე გიწევს, შენს გვერდით სძინავს, შენს გვერდით იღვიძებს, შენს გვერდით სეირნობს და შენ კი სად დარბოდი, სად ეძებდი და სად კარგავდი . . .
და ახლა ქუც, ახლა როდესაც ისევ ახლოს ვართ, ისევ ვეძებთ ერთმანეთს, ისევ გვერიდება, ისევ თავს ვიკავებთ, და რა გვრჩება? მხოლოდ ბევრი, ბევრი წერილი და ბევრი გადაუდგმელი ნაბიჯი . . .

ცოტა გამბედაობა გამომიგზავნე ქუც,
დროებით

Advertisements

5 comments on “16 წერილი ქუცნას – დაკარგული დრო

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s