სამოთხეში დაკარგული რევოლუციური სული


სწორედ ესაა ჭეშმარიტი თავისუფლება, როცა ადამიანს, თავისუფალ პიროვნებად შობილს, აქვს უფლება სხვისი კარნახის გარეშე ილაპარაკოს: ვისაც ეს ძალუძს და სჩადის კიდეც, პატივისცემის ღირსია; ვისაც არც ძალუძს და არც სურვილი აქვს, დაე, ჩუმად იყოს.

XVII საუკუნე ინგლისის ისტორიაში კლასობრივი წინააღმდეგობების გამწვავების პერიოდია, მეფე ჩარლზ I-მა, რომელიც ტახტზე 1625 წელს ავიდა, გადაწყვიტა ბოლო მოეღო ბურჟუაზიული ოპოზიციისთვის და პარლამენტი დაითხოვა. 1642 წელს დაიწყო სამოქალაქო ომი, რომელიც სამეფო ჯარის სრული განადგურებით დასრულდა, ჩარლზ I ტყვედ აიყვანეს და თავი მოჰკვეთეს, ამავე, 1949 წელს ინგლისი რესპუბლიკად იქნა გამოცვხადებული, რომელსაც სათავეში ჩაუდგა სამხედრო და პოლიტიკური ფიგურა ოლივერ კრომველი, როგორც ინგლისის, შოტლანდიის და ირლანდიის ლორდ პროტექტორი.

ინგლისის ბურჟუაზიულ რევოლუციაში ჩართული იყო ხალხი, ბურჟუაზიის ავანგარდს წარმოადგენდა პურიტანული პარტია, რომელიც მეფისა და არისტოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლაში რელიგიური დროშა ეპყრა ხელთ და რელიგიური სამოსელი ეცვათ. პატრიოტული ბრძოლები XVII საუკუნის ინგლისში რელიგიური ლოზუნგებით იმართებოდა. ინგლისური ბურჟუაზიის იდეოლოგიაც პურიტანული იყო, რელიგია კალვინიზმი.

პურიტანიზმმა ძლიერი პოლიტიკური გავლენა შეიძინა; ეყრდნობოდნენ რა ჟან კალვინის მოძღვრებას, პურიტანები “ახალი ეკლესიის” შექმნის იდეით გამოდიოდნენ; რელიგიური საფუძველი იმთავითვე იქცა ინგლისის ბურჟუაზიის ანტიფეოდალური ბრძოლის ფორმად.

არც კულტურა და ლიტერატურა დარჩა პურიტანიზმის გავლენის გარეშე, რაც გამოვლინდა ენის განსაკუთრებლობასა და მწერლების მიერ შექმნილი სიუჟეტების და სახეების თავისებურებაში. ყველაფერს ბიბლიური წყალი გადაესხა, სამწერლობო ენაც ძველი აღთქმიდან იყო აღებული, ამიტომაც ამ დროის ლიტერატურა დღევანდელი გადასახედიდან საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით კი სიფრთხილე და დიდი ყურადღება უნდა გამოიჩინონ მთარგმნელებმა, რომელთაც ამა თუ იმ ნაწარმოების თარგმნის დროს, ფაქტობრივად ეპოქის შესწავლა მოუწევთ. ამ დროს მკვიდრდება ასევე სინამდვილის ალეგორიული ასახვა ლიტერატურაში, ბიბლიური პერსონაჟები . . . . ბიბლიურ სამოსელში გახვეული ლიტერატურა უტევდა მონარქიისა და ფეოდალიზმის პოლიტიკურ და მორალურ საფუძვლებს, იცავდა და ამტკიცებდა საკუთარ პოლიტიკურ, რელიგიურ იდეალებს.

ოლივერ კრომველის გარდაცვალების შემდეგ, 1660 წელს რესპუბლიკა გაუქმდა და მოხდა სტიუარტების დინასტიის რესტავრაცია.

საერთოდ, XVII საუკუნის დასავლეთ ევროპა ხასიათდება ეროვნულ სახელმწიფოთა განმტკიცებით და ბურჟუაზიული საზოგადოების წარმოშობით. ამ პერიოდის უმნიშვნელოვანესი მოვლენებია, ინგლისის ბურჟუაზიული რებოლუცია და საფრანგეთში აბსოლუტიზმის განმტკიცებმა, ორივემ უდიდესი გავლენა იქონია პერიოდის კულტურულ, ლიტერატურულ ცხოვრებაზე.

XVII საუკუნეში ლიტერატურულ მიმდინარეობად კლასიციზმი გვევლინება.  კლასიციზმის ესთეტიკა, რენე დეკარტის რაციონალიზმის საფუძველზე, მეფის ყოვლისშემძლეობის და ყოვლისმცოდნეობის იდეის თეორიულ გამართლებას ცდილობდა. შესაბამისად, კლასიციზმის მთავარი პრინციპის მიხედვით, მწერლობას ძირითადად სასახლის კარის და მაღალი არისტოკრატიის ცხოვრება უნდა აესახა.

კლასიციზმში მხატვრული შემოქმედება მკაცრად რეგლამენტირებულია. ამ მხრივ უპირველეს ყოვლისა საყურადღებოა მოთხოვნა იმის შესახებ, რომ მწერალს მხოლოდ გონების კარნახით ეწერა, რაც თავისთავად გამორიცხავდა გრძნობად შემეცნებას.  გმირების წარმოდგენისას, საკმაო სისრულით არ წარმოაჩენს მის ურთიერთობას გარემომცველ სინამდვილესთან და პერსონაჟს მხოლოდ ხასიათის ერთი ძირითადი ნიშნის მიხედვით წარმოადგენს;

ინგლისურ ლიტერატურაში, კლასიციზმის წარმომადგენლად ჯონ მილტონი გვევლინება. მილტონი კრომველის თანამებრძოლი გახლდათ და აქტიურად იბრძოდა რესპუბლიკური წყობის ჩამოყალიბებისთვის; მონარქში განსახიერებული ტირანის დამხობისა და ადამიანის რელიგიური, მოქალაქეობრივი და პიროვნული თავისუფლებისათვის, პურიტანი მილტონი პოლიტიკურად გამოკვეთილი პოეტი გახლდათ, რომელმაც კალვინიზმში ჰპოვა თავისი მებრძოლი თეორია.

თუმცა საქმე სხვაგვარად შეტრიალდა, კრომველის დესპოტიზმმა და დიქტატურამ მილტონს იმედები გაუცრუა; ამის შემდეგ კრომველზე კრინტიც არ დაუძრავს, არც მისი სიკვდილის შემდეგ დაუწერია; მილტონს კრომველის წინააღმდეგ აშკარად გამოსვლა არ შეეძლო მონარქიის რესტავრაციის საშიშროების გამო, და სწორედ ამით ინარჩუნებდა რესპუბლიკური თავისუფლების აღდგენის იმედსაც.

მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, 1660 წელს მოხდა სტიუარტების რესტავრაცია, რამაც შემოქმედს დამცირება და სიღატაკე მოუტანა; მართალია გავლენიანმა მეგობრებმა, უმთავრესად კი უსინათლობამ იხსნეს იგი როიალისტური დევნისგან, მაგრამ მაინც, რესტავრაცია მისთვის მორალური უბედურება იყო.

სწორედ ამ პერიოდში შექმნა მილტონმა თავისი უდიდესი პოეტური ქმნილება “დაკარგული სამოთხე”.

პოემის საფუძველია ბიბლიური მითი, სამყაროს გრანდიოზულ მასშტაბებში ღმერთისა და სატანის ბრძოლაზე.

ნაწარმოები ორ ძირითად პლანშია გაჭრილი, ისტორიულ–პოლიტიკური და ფილოსოფიურ–მორალური; აქ მჟღავნდება მილტონის პურიტანიზმი – ღმერთი მკაცრი, მრისხანე, უზენაესი გონებაა, რომლისგანაც დაშორება და ცოდვის ჩადენა იწვევს სასჯელს; სწორედ ასეთი დაშორებაა სატანის სიამაყე და პატივმოყვარეობა, ადამის და ევას ცნობისმოყვარეობა და ნებისყოფის სისუსტე; ამიტომაც სატანას სასჯელად ჯოჯოხეთი ერგო, ხოლო ადამმა და ევამ სამოთხე დაკარგეს.

მაგრამ, ამავე ჭრილში მჟღავნდება მილტონის ჰუმანიზმიც – აღორძინების ეპოქის მემკვიდრეობა და მისი პურიტანიზმის წინააღმდეგობა:

სატანა გაცილებით ჰუმანურია, ვიდრე ღმერთი;

იგი გაჟღენთილია თავისუფლების სულით;

მას ურჩევნია იტანჯოს, ოღონდ თავისუფალი იყოს და არავის დაემორჩილოს.

მისთვის სიბრალულის გრძნობაც გასაგებია.

ასეთივე ჰუმანისტური გაგება ეძლევა ადამისა და ევას ცნობისმოყვარეობას: მათ მისწრაფებაში – იგემონ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის აკრძალული ნაყოფი  (ვაშლი თუ ყურძენი) ძნელი არ არის დავინახოთ აღორძინების ეპოქის მისწრაფება ცოდნისადმი, ჭეშმარიტების ”ფაუსტური ძიების” იდეისადმი ლტოლვა და ამისთვის შეგნებულად გაღებული მსხვერპლი – მარადიული ნეტარების დაკარგვა, შეცოდება და ამის შესაბამისი სასჯელი, როგორც აუცილებელი პირობა, რომლის გარეშეც არ არსებობს ადამიანის წინსწრაფვა, არ არსებობს კაცობრიობის პროგრესი.

პურიტანი მილტონის მკაცრი ფილოსოფიური ღმერთი, ისტორიულ-პოლიტიკურ ჭრილში ინგლისის მეფის სახეა, ხოლო თავისუფლებისმოყვარე, ამაყი და მომხიბლავი სატანა – ოლივერ კრომველი, მისი აჯანყებული ანგელოზები კრომველის ჯარისკაცებს მოგვაგონებენ, ხოლო კოსმიური ბატალური სცენები – ინგლისის სამოქალაქო ომის სურათებს. ერთი სიტყვით ბიბლიური ამბავით წარმოდგენილია XVII საუკუნის ინგლისის სინამდვილე.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ სწორედ ბიბლიური სამოსელის გამო ვერ გაუგეს მილტონს თავის დროზე, ვიდრე მასავით დიდი, რევოლუციურად განწყობილი პოეტები შელი და ბაირონი არ გაშიფრავდნენ, ”დაკარგული სამოთხე” მკვეთრად რელიგიურ ნაწარმოებად მიაჩნდათ, მაგრამ ბიბლიური სიუჟეტი აქ მართლაც მხოლოდ სამოსელია, სხვა ტანზე გამოჭრილი, რომელიც ნამდვილ პატრონს არ აცვია.

მილტონის სატანა გმირი მეომარია, თავისუფლებისათვის მებრძოლი სული, მეამბოხე, დროებით დამარცხებული, მაგრამ გაუტეხელი, შეუდრეკელი, მემომრებისთვის თავდადებული წარბშეუხრელი ვაჟკაცი; ისეთივე როგორიც ოლივერ კრომველი, როგორიც თავად მილტონი ან სხვა მეამბოხე სულები, რომელთაც დამარცხების მიუხედავად ქედი არ მოუხრიათ, ”ცაში მონობას, ჯოჯოხეთში თავისუფლება ურჩევნიათ”.

მილტონის ღმერთის მსჯელობა ხშირად უსამართლოა, ალოგიკურიც, დაუსაბუთებელი. მის აზროვნებას სიღრმე აკლია. აქ ღმერთი ინგლისის მეფეა, ანგელოზები კი მისი როალისტები.

პოემის თითოეული ბწკარი რევოლუციურად სუნთქავს; ბორგავს მეამბოხე სული, რომელიც დამარცხებას და თავისუფლების ფეხქვეშ გათელვას ვერ ეპუება; ეს არ არის არც ღმერთჳ, არც სატანა, არც ანგელოზები, არც წინაპრები, ეს პოემის უჩინარი პერსონაჟია, ეს თვით ავტორია, მილტონი, უსინათლო თავისუფლების მომღერალი და თავისუფლების დამკვიდრებისათვის მარად მებრძოლი, რევოლუციის გმირი, პოლიტიკურად განადგურებული, ფიზიკურად მოტეხილი, უთვისტომო, გამარჯვებული რეაქციის მიერ დევნილი, მაგრამ სულიერად კვლავ მხნე და გაუტეხელი მილტონი, რომელიც ჩვეული მზგნებარებით უცხადებს მტერს, რომ ორი ათეული წლის წინად დაწყებული ბრძოლა ჯერ კიდევ არ დამთავრებულა, რევოლუციის მარცხი დროებითია, ეს ბრძოლა კიდევ დიდ ხანს გაგრძელდება, რადგან ის სინამდვილეში არა ორი ათეული წლის წინად, არამედ უფრო ადრე დაიწყო . . . . ეს თავისუფლებისთვის ბრძოლაა, რაც ადამიანმა დასაბამიდანვე დაიწყო . . .

პოემის ფინალი ნათელ პერსპექტივას შლის, სამოთხის დაკარგვამ ადამიანს მოუტანა ტანჯვა და უბედურებით აღსავსე ცხოვრება, მაგრამ ჰუმანისტ მილტონს მიაჩნია რომ ადამიანს, შრომით, სწავლით, თავდადებით და კეთილგონიერებით, შეუძლია მოიპოვოს შინაგანი, მორალური სამოთხე, ნაცვლად დაკარგული მარადიული ნეტარებისა . . .

გუსტავ დორეს ილუსტრაცია

Advertisements

4 comments on “სამოთხეში დაკარგული რევოლუციური სული

  1. არ მიყვარს პოემები თუ რაც ქვია მაგრამ დაკარგულ სამოთხეზე რაც ვისიამოვნე ტყუილი იყო 🙂 მგონი პირველად დაფიქსირდა სატანა როგორც მეამბოხე…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s